top of page

ალექსანდრე როინაშვილი

  • Writer: Tata Tibilovi
    Tata Tibilovi
  • Feb 1, 2023
  • 3 min read
  1. (ნეკროლოგი) ქართველები ვამბობთ ხოლმე: ვინც მოკვდა - თავსა მოუკვდაო. მართალია, ბევრი იმისთანა კვდება ჩვენში თუ სხვაგან, რომელიც მართლა მარტო თავის-თავს უკვდება. ნათქვამია, იგი არაფერში ვარგაო, ვინც მარტო თავის-თავისათვის ვარგა, და ამისთანა სხვას ვის რას მოუკვდება, თუ არა მარტო თავის-თავსა. ეს არ ითქმის იმაზე, ვის საფლავის წინ 15 მაისს, ჩვენდა სამწუხაროდ, ვიდეგით, რომ უკანასკნელად და საუკუნოდ გამოვთხოვებოდით და საუკუნოდ განსვენება გვეთქვა. ალექსანდრე როინაშვილი თავის-თავს კი არ მოუკვდა, მოუკვდა თავის ერს, მოუკვდა ქართველობას, რომლის ბედი და უბედობა თავის საკუთარ ბედად და უბედობად გაიხადა და ამის გარე სხვა საგანი ცხოვრებისა არა ჰქონია, როგორც ეხლა სჩანს და როგორც განსვენებულმა დაამტკიცა მთელის თავისის ცხოვრებით და თავისის ანდერძით. რა იყო და ვინ იყო ალექსანდრე როინაშვილი, რომ მისმა უჩინარმა სახელმა იმოდენა ხალხი მიიზიდა მისს საფლავზე უკანასკნელის პატივის-საცემლად, მისის გვამის გასაპატიოსნებლად? იქ იყო ყველა წოდების კაცი თუ ქალი, ყველა ხარისხისა, ყველა ხელობისა, ერთნაირად მწუხარე და მგლოვიარე. მას არა ჰქონდა არც დიდი გვარი, არც ხარისხი რამ სახელმწიფო მოხელისა, არც სწავლა, არც არა-რა იმისთანა თვალად გამოსაჩენი და გარედამ მიკერებული ღირსება. იგი იყო უბრალო გლეხკაცის შვილი, შვილი ღარიბის, ღატაკის ოჯახისა, უმწეო, უნუგეშო, უსწავლელი. ვამბობთ, უსწავლელი, თუმცა სკოლაშიაც ყოფილა, მაგრამ იმისთანა სკოლაში (ვოენი კანტანისტების სკოლა), საცა უფრო მოსალოდნელია კაცს გონება დაეხშოს, ვიდრე გაეხსნას და გაუძლიერდეს. ეგრე გარედამ ხელ-შეუწყობელი როგორ გახდა იმისთანა კაცად, რომ დღეს მისი დაკლება ქვეყნის დასაკლისად მიგვაჩნია? სახელი და საქები მისი ის არის, რომ იგი თავისის შინაგანის ღირსებით გახდა ამისთანა კაცად, მაშინ როდესაც ყოველივე გარემოცული გარემოება ამ ულმობელის წუთისსოფლისა მისი შემხუთავი და მომწყვლელი იყო. იგი იყო მოსილი იმ წმინდა მადლითა, რომელსაც ღმერთი აღირსებს ხოლმე თვისთა რჩეულთა და რომლითაც კაცი კაცობს ამ ქვეყანაში, მიუხედავად ამისა, გლეხია თუ თავადი. იგი იყო მხნე, გამრჯელი და უკანდაუხეველი, რაკი საქმეს აიჩენდა და ხელს ჩაჰკიდებდა. მან არარაისაგან შექმნა საქმე, არარაისაგან შეიძინა ქონება და ჩვენ ქართველებს მაგალითი გვიჩვენა იმისი, თუ რის შემძლებელია ცალკე კაცი, თუ იმხნევებს და გაირჯება და არ შეუშინდება ხელშეუწყობელს გარემოებას. მაგალითი ხომ ყველა ქადაგებაზე უფრო ძლიერია და მჭევრმეტყველი და აი მაგალითი ძლევა-მოსილობისა, როცა გარჯა და მხნეობა იბრძვის და გული ჰგულობს ადამიანისა. თვითოეული ამისთანა ადამიანი ძალ-ღონე და ციხე-სიმაგრეა ერისა, ქვეყნისა, და მის მიერ განვლილი, ღვაწლით დაქნილი გზა მთელი სკოლაა და მწურთვნელია ყველასი, ვისაც-კი კაცობისთვის გული ერჩის. საცა ამისთანანი გამრჯელნი და მხნენი არიან, ქვეყანა იგი ძლიერია და ღონიერი სულითაც და ხორცითაც. არავის ენატრება ამისთანა სამაგალითნო კაცნი, როგორც ქართველობას, რომელმაც მარტო წუწუნი იცის და არა საქმის აჩენა, საქმის გატანა, საქმისათვის ბრძოლა, ომი და ჭიდილი. გარჯისა და მხნეობის მაგალითი ხომ თავის-თავადაც კარგია და საქები, მაგრამ განსვენებული ალ. როინაშვილი მარტო ამით არ არის ჩვენ-მიერ სახსენებელი და პატივსაცემი. მას გულში ეჯდა იგი პატიოსანი გრძნობა, რომელსაც მამულიშვილურ სიყვარულს ეძახიან, რომელიც დედაა, მშობელია გარჯისა და მხნეობისა და რომელიც იქა ჰსადგურობს, საცა უბრყვილო, უანგარო და პატიოსანი გულია. ამ სიყვარულის სხივებით გულგამთბარი და გაძლიერებული იგი იღვწოდა, ირჯებოდა, ჰშველოდა ობოლს, ქვრივსა, უმწეოს, უნუგეშოს, თითონ იკლებდა, ზოგს სხვას ჰმატებდა, ზოგს ინახავდა, გროშს გროშზე აწებებდა და ბოლოს თავისი ნაღვაწ-ნაამაგევი, პატიოსანის შრომით მოგებული, თავისს ქვეყანას მიართვა: აჰა, შენთვის ვიღვაწე, ვიამაგე ჩემის შეძლებისამებრ და ჩემი ნაღვაწ-ნაამაგევი შენ მოიხმარე შენს სადღეგრძელოდაო. აქ გამოსაკითხი ის-კი არ არის, ბევრი შესწირა თავისს ქვეყანას, თუ ცოტა. საქმე იმაშია, რომ რაც ჰქონდა, სულ მთლად თავისის ქვეყნის საკურთხეველზე დასდვა შესაწირად. შესაწირავი იქნება დიდი არ იყოს, მაგრამ დიდია გული, საცა ამისთანა სიყვარული ქვეყნისა ჩასახულა და გაზრდილა, და სადიდებელიმით უფროა, რომ იგი გული უმწეო და უნუგეშო გლეხკაცის გული იყო, რომლის უმადური ცხოვრება ისეა მოწყობილი ამ ულმობელ ქვეყანაში, რომ ძნელად თუ მოიცლის თვის საკუთარ ჭირბოროტს გარე გული და ხელი სხვას რასმე მიაწვდინოს, სხვაზე რასმე იზრუნოს და იფიქროს. ამ ჭირ-ბოროტს ქვეყნისას წაუღია და წაუშლია ვინ იცის რაოდენი ხალხი და ალ. როინაშვილმა-კი სძლია ამ ჭირ-ბოროტსა და თვისი უჩინარი სახელი და გვარი ღირს-სახსენებელი გახადა თავისს ქვეყანაში. ვინც თითონ მოიპოვებს სახელს, იგი ბევრით წინ არის იმაზე, ვისაც სახელი მამაპაპათაგან რჩენია და რგებია. ამიტომაც არის თქმული, რომ უფრო სასახელო კაცმა თავისი გვარიშვილობა ასახელოს, ვიდრე-სახელოვანის გვარიშვილობით თავს იწონებდესო. 1898წ.

Recent Posts

See All
სიტყვა, წარმოთქმული ნიკოლოზ ბარათაშვილის ნეშტის გადმოსვენებაზე

25 აპრილი 1893 წელი „თვითვეული ცემა გულის ძარღვისა გვჭრის და გვაწყლულებს ჩვენ, და ჩვენი სიცოცხლე ჭრილობიდამ სისხლის შეუწყვეტელი დენა...

 
 
მაჰმადიანთ გაქრისტიანება

1880 შემოგვიერთდნენ თუ არა ბათომის მაზრის მაჰმადიან ქართველები, ზოგიერთებმა იმთავითვე ქადაგება და დამტკიცება დაიწყეს, რომ ყველაზე...

 
 
პრესა და პირადობა

ტფილისი, 27 იანვარი, 1889 წელი. არიან ზოგიერთი იმისთანა ქვეყნები, საცა ურთიერთობა კაცთა შორის იქამდე უკან ჩამორჩენია თავის დანიშნულებას,...

 
 
bottom of page