პრესა და პირადობა
- nino otiashvili
- Dec 2, 2023
- 4 min read
ტფილისი, 27 იანვარი, 1889 წელი.
არიან ზოგიერთი იმისთანა ქვეყნები, საცა ურთიერთობა კაცთა შორის იქამდე უკან ჩამორჩენია თავის დანიშნულებას, რომ ადამიანის ნამუსს, პატიოსნებას, კუთვნილებას სულიერს, თუ ხორციელს ვერაფერს სარჩლს ვერ უწევს, ვერა ჰპატრონობს, ვერ უვლის და ვერ იფარავს შებღალვისაგან. რასაკვირველია, აქ სარჩლი და მფარველობა უნდა გაუწიოს ზნე-ჩვეულებამ საზოგადოებისამ, ხოლო ჭირი ის არის, რომ ზნე-ჩვეულება ზოგიერთ ქვეყანაში იმოდენად გაწმენდილი და მგრძნობიერი არ არის, რომ შებღალვა ვისისამე ნამუსისა, ადამიანურის ღირსებისა ითაკილოს, იუკადრისოს და ყოველ ცალკე კაცის გაუპატიურებაში თავისის საკუთარის ღირსების წაბილწვა დაინახოს.
ზნე-ჩვეულებას, როგორც ჭკუასა და გონებას, განწმენდა და განათლება უნდა. უამისოდ იგი მკვდარია და უქმი იმ სახელოვან და სანატრელ დანიშნულებისათვის, რომლის გამოც ჩვენ ვლაპარაკობთ და რომელიც ქვაკუთხედია კაცთა ურთიერთობით ცხოვრებისა. ჩვენდა სამწუხაროდ, ზოგიერთი ერი შორს არის მაგ ზნე-ჩვეულების განწმენდასა და განათლებაზედ და მათ შორის ჩვენცა. ვიტყვით უფრო მეტს: ამ მხრით ჩვენისთანა დაქვეითებული ერი ბევრი სხვა არ გვეგულება დედამიწის ზურგზედ. ნამუსი, პატიოსნება და ყოველივე ადამიანური ღირსება ისე ადვილად ხელშესახებელი არსად არის, როგორც ჩვენში, და ეგ ხელშეხება ისე დაუსჯელად, გაუკიცხავად არ ჩაუვლის ხოლმე ადამიანს, როგორც ჩვენს ბედნიერს ქვეყანაში.
დაუსჯელად და გაუკიცხავადო!.. ეგ კიდევ არაფერი. ამას კიდევ როგორც იქნება ავიტანდით, რაკი ეს ღვთის წყრომა მოგვევლინებოდა. სავალალო და სამარცხვინო ის არის, რომ ზოგჯერ ტაშისკვრითა და ქება-დიდებით მივეგებებით ხოლმე სხვის ნამუსის წამბილწველსა, სხვის პატიოსნების შემბღალველსა. ამისთანა ყოფაში დიდხანს ვერ გასძლებს ქვეყანა, ერი, საზოგადოება. ეგ წინდაუხედავად შებღალვა ნამუსისა, კაცურის კაცობისა, ჭიაა, რომელიც ქვეყანას, ერს, საზოგადოებას, შიგ გულში ჩასჯდომია და დღემუდამ ჰფქვავს, ჰღრღნის, მინამ ბოლოს არ მოუღებს. საცა ეგ არის, იქ ქვეყანას, ერს, საზოგადოებას ჭიანი გული აქვს და ჭიანის გულით სიცოცხლე ხანმოკლეა და უნაყოფო.
ამ ზნე-ჩვეულების გაუწმენდელობა და გაუნათლებლობა არის მიზეზი, რომ ქვენა გრძნობანი ზენა გრძნობათა ადგილას გამეუფდებიან ხოლმე, ტყუილი მართალის ნიღაბ ქვეშ დაიარება და ყალბი ხალასად გადის. ყველანი ჰხედავენ ამას, ყველას თვალწინ ათასი ამისთანა მაგალითი უდგა მოურიდებლად და ყველანი იშვნევენ და იწყნარებენ ამისთანა ყოფას, თითქო ამითი არავითარი წესი ურთიერთობისა არ ირღვეოდეს, თითქო ამ გადარევ- გადმორევაში ჰპოულობენ იმ მაგარს ტინს, რომელზედაც უნდა აშენდეს ადამიანის ბედნიერების ციხესიმაგრე. კაცს, ყველა ამის მოწამეს, ისე ჰგონია, თითქო კეთილს, მართალს,
მადლს, უღონობა დასწამესო და ეხლა ბოროტს, ტყუილს და ცოდვასღა მიეყუდნენ, რომ იგი ჰქმნას, რაც კეთილმა, მართალმა და მადლმა ვერ შესძლო კაცთა ბედნიერებისათვისაო.
შორს ნუ წავალთ და მივხედოთ მარტო ერთს სამაგალითო ამბავსა. აი, ვსთქვათ, ჩვენ წინა ჰდგას ერთი საწყალი, მიწასთან გასწორებული, ძონძებში და კონკებში ძლივ-ძლივ გახვეული ღატაკი კაცი, რომელსაც უსმელ-უჭმელობამ, შიშველ-ტიტველობამ ყოველივე ადამიანური ნიშანწყალი ჩამოართვა, გაუბათილა. სდგას საცოდავი და ჰცახცახებს ცალკე შიმშილისა და ცალკე სიცივისაგან და ელის მართლმსაჯულების მსჯავრს წარბშეკრულ და მიუდგომელ მსაჯულთაგან. მისი დანაშაული ის არის, რომ მშიერს ბაზარში ჩაუვლია, ფურნის დაზგაზედ პური დაუნახავს, უძლეველს შიშს შიმშილით სიკვდილისას დაუხშვია გრძნობა სირცხვილისა, დაუვლია საცოდავს ხელი და ერთი ორშაურიანი პური მოუტაცნია. „სასჯელი მაგას, სასჯელი“! - ვიძახით დიდი და პატარა: „როგორ თუ მოიპარა! როგორ თუ იქურდა! პატიობა ქურდობისა და მტაცებლობის წაქეზება და წახალისება იქნება!“
ეხლანდელთა საქებურად ამასაც ვიტყვით, რომ იქნება ერთსა და ორს ამ საცოდავის კაცის დანახვაზედ სიბრალულმაც გაურბინოს გულში, მაგრამ სრულიად პატიობაზედ-კი არა გვგონია ან ეს ერთი ორი დაიყოლიოთ. ეს ხომ ასეა მაშინ, როცა მშიერმა ორშაურიანი პური მოიპარა და იქნება ადამიანის სული სიკვდილისაგან დაიხსნა იმ მცირედის დანაკლისით, რომელიც სხვას მიაყენა. რაში მდგომარეობს აქ დანაშაული, რომლის შენდობაც ცოდვად მიგვაჩნია? იმაში, რომ ხელშეხებულია, შერყეულია, შებღალულია პატივი საკუთრებისა, რომელიც კაცთა ურთიერთობის დედაბოძად მიუჩნევიათ. თუ ესეა, რამდონად უფრო გამოსამეტებელი უნდა იყოს დასასჯელად ის, აინც ადამიანს ჰპარავს იმას, რაც მის უძვირფასესს საუნჯეს, უძვირფასესს კუთვნილებას შეადგენს და ყოველგვარ ნივთიერ საკუთრებაზედ უფრო მეტად უღირს? განა ნამუსი და პატიოსნება ამისთანა დაუფასებელი საუნჯე არ არის! განა ადამიანი ნამუსითა და პატიოსნებით არ ადამიანობს და კაცური კაცობა ამითი არა ჰკაცობს! განა მარტო ერთსა და ორს გაუწირავს თვით სიცოცხლეც-კი, ოღონდ ნამუსი და პატიოსნება შეირჩინოს და არავის არ გააჩირქიანებინოს!
თუ ესეა, მაშ რამოდენად უფრო მძიმე შემცოდველი უნდა იყოს ორშაურიან პურის მპარავზედ ის, ვინც ნამუსს, პატიოსნებას ჰპარავს კაცსა! ლოღიკას რომ ეხლანდელს დროში უკუღმა ტრიალი არ დაეწყო, სწორედ ამ გზით უნდა ევლო და ნამუსის მპარავი სამარცხვინო ბოძზედ უნდა გაეკრა. ეხლანდელი ლოღიკა ამას არ დასდევს. შიმშილისაგან ძალ- დატანებულს ღატაკს-კი სჯის ორ შაურიან პურის ქურდობისათვის და ნამუსის მპარავს-კი ქების ტაშსაც შეაწევს ხოლმე, - დახე, რა ყოჩაღია, ამა და ამ კაცს საქვეყნოდ თავზე ლაფი დაასხაო!
ეს დაუსჯელად თავზე ლაფის დასხმა, ეს წინდაუხედავად ნამუსის ახდა, ეს წაწყმენდა და წაპილწვა ადამიანის ადამიანობისა, არც მთქმელს ეთაკილება, არც მსმენელს ეზიზღება, ნამეტნავად ჩვენში. ინგლისში მთავარმინისტრმა ერთი ინდოელი ქვეშევრდომი ინგლისისა ამ სიტყვით ახსენა - „ვიღაც ზანგიო“ - და მთელი ინგლისი სამართლიანის გულისწყრომით შეიძრა - როგორ თუ ამისთანა ბიაბრუად ხსენება აკადრა ინგლისის ქვეშევრდომსაო და ავად- მხსენებელი მინისტრი კინაღამ სამინისტრო ტახტიდამ არ გადმოაბრძანა, და ჩვენში-კი გაუხარდებათ კიდეც, თუნდა საშინელის ლანძღვითა და ცილისწამებით გააუპატიურო, გააბიაბრუო კაცი. ოღონდ ფლიდობა, ავკაცობა, ერთის სიტყვით, უღირსობა რამ-კი შესწამეთ კაცსა, ისე ადვილად და მალე დაიჯერებენ, თითქო ბედნიერება კარზედ მიადგათ და ხელიდამ გაშვება ენანებათო. ერთხელ და ორჯელ არ შეგვხვედრია, რომ კაცი კაცს უსაბუთოდ ჰლანძღავს და ლაფში სვრის და როცა გამოსარჩლებია ვინმე, უკითხავთ: „შენი რა არისო?“ - ჩემი რა უნდა იყოს, არც-კი ვიცნობო? - „თუ არ იცნობ, შენ სხვისთვის რად იჭაჭებიო?“ - „იმიტომაო, რომ ისიც კაცია და უსაბუთოდ შებღალვა კაცის ნამუსისა უნამუსობაა, და თუ დღეს ის ამოგიღია ნიშანში, ვინ გვითავდებებს, რომ ხვალ სხვას მაგ დღესვე არ დააყენებო“. ჩვენ მოწმად ვყოფილვართ, რომ ამისთანა სინიდისიერი მოსარჩლე გალანძღულისა და ცილშეწამებულისა სასაცილოდ აეგდოთ, როგორც რეტროგრადი.
ძნელად საცხოვრებელია იმისთანა ქვეყანა, საცა ადამიანის ნამუსს და მის გრძნობას კაცურის ღირსებისას პატივი და მფარველობა არა აქვს და საცა ხელშეხება, შებღალვა ყოველ ამისი ეადვილებათ და საცა საზოგადოებაში მოტრიალე კაცი თავის უწმინდაესს მოვალეობად არა სთვლის სდევნოს ცილს და უსაბუთოდ ავად ხსენებას კაცისას, საცა-კი შეხვდება. თავის თავის პატივისმცემელი ლიტერატურა მოვალეა ჰპატრონობდეს ადამიანის ნამუსს და ღირსებას და კაცი არავის გაალახვინოს ცილითა და ტყუილითა, რადგანაც ერთიცა და მეორეც ყურმოჭრილნი ყმანი და მოსამსახურენი არიან მარტო პირადის ანგარიშებისა. ლიტერატურა-კი როგორც მოღვაწეობა უკეთესთა კაცთა, ერთად-ერთი ფარ-ხმალი უნდა იყოს ადამიანისა, როცა მის ღირსებას უღირსად, უკადრისად ხელს შეახებენ ხოლმე და მისს ზნეობურს კუთვნილებას სტაცებენ. ლიტერატურის მრავალგვარ და რთულ მოვალეობათა შორის ეს მოვალეობა ერთი უდიდესთაგანია, იმიტომ, რომ ნამუსის შებღალვა, ნამუსის ახდა, კაცის სახელის გატეხა ისეთი დიდი უბედურებაა, რომ თუ არ ზედმიწევნით გამორკვეულ, უტყუარ საბუთით, ლიტერატურამ სხვა გზით ამაებში არავის არ უნდა დაუთმოს ერთის იოტის ოდენაცა. ამ მხრით ლიტერატურა ყოველის კაცის პატრონი უნდა იყოს და მფარველი, ნამეტნავად იქ, საცა ეგ პატრონობა და მფარველობა სხვა გზით არ არსებობს.

