top of page

НОВОЕ ОБОЗРЕНИЕ-ს წერილის გამო

  • Writer: nino otiashvili
    nino otiashvili
  • Nov 21, 2023
  • 14 min read

1

ძლივს ძლივს მოვესწარით, რომ აქაურმა რუსულმა გაზეთმა „Новое Обозрение“-მ მოიცალა ჩვენთვისაც მრავლად რთულ და მძიმე საქმეებისაგან. ძლივს იკადრა და ხმა ამოიღო „Сев. Вестник“-ში დაბეჭდილ „Письма о Грузии“-ს თაობაზედ. იკადრაო ვამბობთ, იმიტომ რომ ამ ყურმახვილს და გონებაფხიზელს გაზეთს არ უყვარს რაღაც დაობებულ საგნებზე ლაპარაკი. იგი უფრო მწვავს და უფრო დღევანდელ საჭირბოროტო საქმეებზეა თავდადებული, როგორც მაგალითებრ ბაქოს ნავთი და ბაქო-ბათომის რკინის გზაა, და ხავსმოკიდებული წარსული საქართველოსი კი, რომელიც ხსენებულ წერილებს საგნადა აქვს, მიუნებებია საღეჭად და საცოხნელად იმისთანა გაზეთებისათვის, როგორიც ჩვენი უბადრუკი, უფხო და მკვდარი„ივერიაა“, ან იმისთანა წვრილფეხობისათვის, როგორიც ჩვენი ჭკუამოკლე და გონებამიხდილი ინტელიგენციაა.

ვამბობთ — ხმა ამოიღო, მაგრამ ვაი ამ ხმის ამოღებას!.. „Новое Обозрение“ არც აქ ასცდენია თავისებურ თავმოწონებას. როცა თავიდამ ბოლომდე ჩაიკითხავთ გუშინწინდელს მის მეთაურს, სამ-ოთხს სვეტზედ გაპტყელებულს და გაჭიანურებულს, მარტო ეს-ღა გრჩებათ გულსა და გონებაში: ავტორიც „Письма о Грузии“-სა სულელი ყოფილა, მის მიერ გულ-ამღვრეული და გულზედ-მოსული ქართველთა ინტელიგენციაც, და თუ ჭკუა გინდათ, მარტო „Новое Обозрение“-ს რედაქციაში მონახეთო. სხვისა არ ვიცით და ჩვენ კი მარტო ეს შეგვრჩა იმ გრძელ მეთაურისაგან.

რასაკვირველია, პირდაპირ ეს არ არის თქმული. სიტყვა „სულელი“ ხმარებული არ არის არც „Письма о Грузии“-ს ავტორის დასაშვენებლად და არც ქართველთა ინტელიგენციის თავმოსაწონებლად და სანუგეშებლად. აბა ყოველთვის მართებული და ზრდილობიანი „Новое Обозрение“ რათ იკადრებდა ეხმარა წერილში ამისთანა უმართებულო სიტყვა. მაგრამ განა არ შეიძლება თქმაშიაც ოსტატობა იყოს? განა არ შეიძლება ფიცი იყოს და ბოლო-კი გვაკვირვებდეს? ძაღლსა სცემდენ და რძალს ასმენდენ, ხომ გაგონილი გვაქვს, სხვა არა იყოს-რა. საკვირველია!

საქმე იმაზეა აქ შემდგარი, რომ „Письма о Грузии“-ს ავტორი გადაჰკიდებია რუსთაველს, ჰლამის ვირზედ პირუკუღმა შესოს და კუდი ხელში დააჭერინოს ამ აქამდე ქართველთაგან თაყვანცემულს კაცს, და ჩვენი ინტელიგენცია, „Новое Обозрение“-ს სიტყვითვე, ამაზედ გამწარებულა და გამოსარჩლებია საწყალს შოთას და მის უსაბუთოდ გაუპატიურებას უკადრისობს, ჰთაკილობს. ამ წრეში, ამ მიჯნებში ჩაყენებული საქმე მარტო იმას ჰთხოულობს, რომ გადაწყვეტილ იქმნას, ვინ არის აქ მართალი და ვინ მტყუანი, ვინა ჰსულელობს აქ და ვინ არა და „Новое Обозрение“-კი გამოსულა და იძახის: ერთიც ტყუის და მეორეც, ერთიც ჰსულელობს და მეორეც, და ამავე დროს წარბშეუხრელად თითონვე ესარჩლება რუსთაველს და გვიმტკიცებს, რომ შოთა რუსთაველი დიდი და სახელოვანი კაციაო. აი, ამასა ჰქვიან, გარედამ მტერს უყენებს თვალსა და შიგნიდამ მოყვარესაო. აი, ამასა ჰქვიან ოსტატობა და ხერხი ლაპარაკისა. აი ამასა ჰქვიან — ერთსა-და-იმავე დროს კაცმა თვალი უყოს მგმობელსაც და მოსარჩლესაც, მტერსაცა და მოყვარესაც, შორეულსა და მახლობელსაც ერთმანეთზე წასაქეზებლად. მართლა-და განა გასაშტერებელი ოსტატობა არ არის, რომ ერთსა-და-იმავე დროს ერთმა-და-იმავე კაცმა რუსთაველის მგმობელსაც უთხრას, რომ რუსთაველის მოსარჩლე სულელია, მოსარჩლესაც უფიცოს, რომ სულელი მისი მგმობელია, და ამავე დროს თითონვე ესარჩლებოდეს რუსთაველსა და აინუნშიაც არ მოსდიოდეს, რომ აქ სამს საგანს, ერთმანეთთან შეუწონელს და შეუფერებელს, ერთმანეთის გამომკლებს, ბურთსავით ხელში ათამაშებს.


გვეტყვიან, სარჩლიც არის და სარჩლიც, შესაძლოა კაცი კაცს სულელურადაც გამოესარჩლოს და ჭკვიანურადაც. ეგ ჭკუამახვილობასა და ცოდნაზეა დამოკიდებული. ჩვენც სწორედ აქა ვართ. აკი მოგახსენეთ, რომ „Новое Обозрение“ ჭკუის საპოვნელად თავის რედაქციაში ეპატიჟება ხალხს. იგი — თავის მეთაურით, სწკეპლავს რა ინტელიგენციას, ეუბნება, სარჩლი თქვენებურ სულელური კი არ უნდა, აი როგორი და რა გზით უნდაო და მაგალითისათვის ანბანს უკითხავს ქართველთა ინტელიგენციას, მერე იმისთანა ანბანს, რომელიც დღეს ბალღსაც-კი ენაზედ აკერია და თავმოწონებულს „Новое Обозрение“-ს კი ახალი ამბავი ჰგონია საზოგადოდ და ჩვენის ინტელიგენციისათვის ცალკე.

„Новое Обозрение“ ასე იწყებს თავის მეთაურს:

„В грузинском обществе смятение: нашелся „нечестивец“, усомнившийся в самобытности и оригинальности Шота Руставели, творца „Барсовой кожи“. Сомнения свои сей заалазанский Герострат изложил — о, ужас! — на русском языке и предал тиснению в либеральном „Северном Вестнике“ под заглавием „Письма о Грузии“.

საკმარისია კაცმა ყური ათხოვოს მარტო სამს გამონათქვამს ამ ციტატისას, სახელდობრ, „нечестивец“, „сей заалазанский Герострат“ და „о, ужас“ — რომ უეჭველი აზრი გამოინასკვოს მასზე, თუ ასე დაწყებული გრძელი წერილი რითი გათავდება ბოლოს-და-ბოლოს. ჩვენის ფიქრით დანარჩენს გადაკითხვაც არ უნდა. თვითოეული აზრი, აქ მოჭრით გამოთქმული, ხსენებულ მეთაურში მარტო გაპტყელებულ-გაჭიანურებულია და ხელმეორედ გადაზეზილ- გადაზეპილი ასაკრიალებლად.

„Нечестивец“ თავის-თავად საამური სიტყვა არ არის. მაგრამ როცა იგი განსაკუთრებულ ნიშნებით შემკულია, როგორც ხსენებულ მეთაურში, და როცა ამასთანავე ზედ დაატანენ, რომ შენ ამას გეძახიან იმიტომ კი არა, რომ მართლა უწმინდურება რამ ჩაგედინოს, არამედ იმიტომ, რომ გაჰბედე და არა გჯერა ყველასაგან აქამდე უკვე დაჯერებული, ეგ უამური სიტყვა საქებურად მისაღებია, ნამეტნავად ეხლანდელ დროში, როცა ყოვლად უსაბუთო უჯერობაც კი გენიოსობას და თავგაწირულ ვაჟკაცობას მოასწავებს ჩვენი ბულვარის აკადემიის თვალში. თუნდ ეგეც არ იყოს, დასაბუთებულ ეჭვის ლახტით შერყევა იმისი, რაც ყველას ხელზედ დახვეული აქვს, ვითარცა უცილობელი ჭეშმარიტება, მართლა რომ საქებური გაბედულებაა და სასახელო სამსახური. უმეცარნი და ჭკუაბნელნი ამისთანა კაცს, ვითარცა შემარყეველს მათ მიერ ჭეშმარიტებად ნარწმენისას, „нечестивец“-ს ეძახიან და ეს სიტყვა რუსულს ლიტერატურაში ხშირად ხმარებულია სანუგეშოდ გამბედავ მეეჭვისა და დასაცინლად უმეცარ და ჭკუაბნელ

მოსარჩლისა. აბა, მართლა-და ტვინთხელა და ჭკუამოკლე კაცის მეტი ვინ ვის უწოდებს „нечестивец“-ს მარტო იმისთვის, რომ ეჭვის თვალით სჩხრეკს ყოველს საძიებელსა, გამოსაკვლევსა. თითონ ჩხრეკა და კვლევა ეჭვისაგან მოივლინება, თორემ უეჭველს რაღა ჩხრეკა და კვლევა უნდა?

ამ სახით, ეგ სიტყვა „нечестивец“ ამ შემთხვევაში ნუგეშსაცემი, ქებად მისაღები სიტყვაა ჩვენის „Письма о Грузии“-ს ავტორისათვის. ხოლო მეტის-მეტად თავი რომ არ მოიწონოს და არ გაიზვიადოს ერთის მხრით ავტორმა, და მეორეს მხრით არ იწყინოს ქართველმა საზოგადოებამ, რომელიც — რა თქმა უნდა — მარტო უმეცრების და ჭკუაბნელობის გამო „нечестивец“-ს ეძახის გაბედულს მეეჭვეს, — „Новое Обозрение“ აქვე სასაცილოდ იგდებს თავის მიერვე ქებულს და ნუგეშცემულს ავტორს „Письма о Грузии“-სას, სდებს რა ალაზანგაღმელ ჰეროსტრატეს სახელსა. ხომ ჰხედავთ, რა გასაშტერებელი ამბავია. ერთს ანუგეშებს, რომ მეორე უმეცრებით „нечестивец“- ს ეძახის იმისათვის, რაც საქებურია, და მეორეს ეუბნება, რომ მართალი ხარ, ეგ ალაზან-გაღმელი ჰეროსტრატეა, რომელმაც — (ბერძენთა ჰეროსტ-რატემ და არა ალაზან-გაღმელმა) — ერთს დიდსა და სახელოვანს ტაძარს ცეცხლი წაუკიდა მარტო იმისათვის, რომ ქვეყანაზედ ამით მაინც დარჩება, ამით მაინც გაითქმის ჩემი სახელიო. მეტი ოსტატობა-ღა გნებავთ, რომ კაცმა თავის ნებით საგანი აიღოს ჰოსა თუ არას სათქმელად, და არც ჰო სთქვას და არც არა, ან ჰოცა და არაც ერთსა და იმავე დროს იძახოს? მეტი ოსტატობა-ღა გინდათ, კაცმა განგებ ცეცხლი გააჩაღოს, გააღუოს, შიგ მწვადი ჩასდოს და არც მწვადი იწოდეს და არც შამფური? ერთს მეორით ანუგეშებს, აქეზებს, მეორეს — ერთითა, და ორივე ერთად კი სულელებად გამოჰყავს. ოსტატობა არ არის, მა რა ეშმაკია.


ეს კიდევ არაფერი: სიტყვას „о ужас“-ს დაუკვირდით. ამით რა ჰნებავს ეთქვა „Новое Обозрение“- ს? ვინ ужас-ობს, რომ ავტორს „Письма о Грузии“-სას რუსულად დაუწერია თავისი წერილები? ვისთვის რა სა-ужас-ოა ეს ამბავი? ან აქ რა ჭკვად-მისაღები მიზეზია ужас-ობისა ვისგანმე და ვისთვისმე? ან ამ ужас-ობასთან რა მოსატანია რუსული და რუსულად წერა? ვითომ ვის გაჰკრეს და ვის გაჰკინწლეს ამით? არ ვიცით, რისთვის და ვისთვის არის წამოტყვრენილი ეს უადგილო სიტყვა? არ ვიცით — ვის უმიზნებს „Новое Обозрение“ ამ ფრთოსანს ისარს მაშინ, როდესაც შვილდსა ჰმალავს, და ეს-კი ვიცით, რომ ახლო სცემს და თავის ადგილას მივა. საწყალი ქართველები! ნეტა ვის რა გველი შეუწვეს!..

სადღეისოდ ესეც კმარა, დანარჩენი შემდეგისთვის გადავსდოთ.


2

შემდეგ იმისთანა საუცხოვო „წყობილ-სიტყვაობისა“, რომელიც ჩვენ წინა-წერილში რუსულად ამოვწერეთ, „Новое Обозрение“ შეჰნანის ავტორს „Письма о Грузии“-სას და თითქო სწუხს კიდეც, რომ მან თავისი ძვირფასი დრო და არა ნაკლებ ძვირფასი ცოდნა-სიბრძნე შეახარჯა და შეალია იმისთანა მკვდარს საგანს, როგორიც საქართველოს ძველი ისტორიაა, და არა იმ დღევანდელ ჭირბოროტსა, რომ შიმშილით კუჭი გვეწვის და თავზე სახურავი ჭერი არა გვაქვს. მართლა-და იმისთანა ჭკუის პატრონს, როგორიც ჩვენი „ნარ-დონია“[*], ჩვენის დღევანდელ გაჭირვებისათვის რომ ხელი ჩაეკიდნა, აბა ძალიან კი გაუძღებდა საქართველოს დამშეულ კუჭსა და ლამაზადაც წამოადგამდა თავზე ჩარდახსა. „ნეტარ არიან მორწმუნენი“ — ნათქვამია და, როგორც ვხედავთ, „Новое Обозрение“-ესაც ამ ნეტარებაში წილი ჩაუდვია. დეე, ეგ იმედი იქონიოს „Новое Обозрение“-მ და როცა „ნარ-დონის“ ხელით პური რამ გამოცხვეს, ჩვენ წილს ნუღარ დაგვიდებს.


რათ ინება „ნარ-დონმაო“, — ჰკითხავს თავის-თავს „Новое Обозрение“, — რომ საქართველოს ძველს ისტორიას შეახმარა თავისი ძალ-ღონე მაშინ, როდესაც იგი ღონე ისე საჭიროა დღევანდელ ჭირ-ბოროტისათვისაო! მადაო, რომ დაემტკიცებინა, ვითომც ქართველებს იმდენი ათასი წელიწადი უცხოვრიათ და თავისი არა ჰქონიათ-რაო. სხვაც რომ არა იყოს-რაო, განა თვით ეს ათას-წლობითი ცხოვრება არ ითხოვს ჭკუადამჯდარ ისტორიკოსისა თუ კრიტიკოსისაგან მეცნიერულად ახსნასა და გამორკვევასა, იკითხავს პირუთვნელი მკითხველიო, — ამბობს „Новое Обозрение“. ამ პირუთვნელს სჯას მკითხველისას „Новое Обозрение“ აძლიერებს მით, რომ თავისის მხრითაც უმატებს: „თუ ქართველებს თავისი არა ჰქონიათ-რა, უამისოდ როგორ გასძლებდა ეროვნული არსებობა საქართველოსი ამოდენა საუკუნოების განმავლობაშიო. თვით ამ არსებობის მაგალითი ბრძნად მკვლევარისა და ისტორიკოსის თვალში მოასწავებსო, რომ ამ ერს ჰქონია რაღაც ჯერჯერობით გამოუცნობელი, ჯერჯერობით არ-ნახული და გამოურკვეველი, მაგრამ უეჭველად ღირებული-კი ასახსნელად და საძიებლადაო“.

„Новое Обозрение“ გვარწმუნებს, რომ ამას იტყოდა ყოველი პირუთვნელი და ბრძნულად მკვლევარი კაციო. მაშასადამე, ვინც ამას არ იტყვის, იგი პირმოთნე და უგუნურად მკვლევარი კაცი უნდა იყოს თვით „Новое Обозрение“-ს სიტყვითვე. ხომ ესეა, და აბა ეხლა ჰნახეთ, თითონ „Новое Обозрение“ ამავე საგანზე რას ამბობს იმავე მეთაურში:

„გონებიანად რომ დავუკვირდეთ, რა უნდა სთქვას კაცმაო ამ „Северный Вестник“-ში დაბეჭდილ „Письма о Грузии“-საზედ? მარტო ის თუ, რომ მათმა ავტორმა უნაყოფოდ შეახმარა თავისი დრო და ღონე (აფსუს!) იმისთანა საქმეს, რომელიც, სწორედ რომ ვსთქვათ, გამოჭმულ კვერცხის ნაჭუჭის ფასადაც არა ჰღირსო“. — მეორე ადგილას ამის-გამოვე უმატებს: „ამ გზაზედ დადგომა და გარჯა ტყუილ-უბრალო შრომააო“.

როგორ? ერთი და იგივე საგანი მეთაურის მეორე სვეტზედ იმოდენად ღირს-საცნობია, რომ ითხოვს ჭკუადამჯდარ ისტორიკოსისა და კრიტიკოსისაგან მეცნიერულს ახსნასა და გამორკვევას, იმოდენად დიდი რამ არის ბრძნულად მკვლევარისათვის, რომ უეჭველად ღირებულია ასახსნელად და საძიებლად, და იგივ საგანი იმავ მეთაურის მესამე და მეოთხე გვერდზე კვერცხის ცარიელ ნაჭუჭადაც არა ჰღირს და მის ძიებისა და გამოკვლევის გზაზედ დგომა და გარჯა წყალის ნაყვაა?!.

ეს სადაური ლოღიკაა? თუ პირუთვნელი და გონიერი კაცი „Новое Обозрение“-ს სიტყვით, იმ საგანს ღირსად ჰპოებს საცოდნელად და გამოსაკვლევად, მაშ მარტო პირმოთნე და უგუნურს კაცს-ღა ეთქმის, რომ კვერცხის ნაჭუჭადაც არა ჰღირსო, და ამას ხომ თვით „Новое Обозрение“ ამბობს. მაშ ამ შემთხვევაში ვის-ღა ჰრჩება სანატრელი სახელი პირმოთნესი და უგუნურად მკვლევარისა? ეგ თითონვე გამოიცანით და ჩვენ კი ამას ვიტყვით, რომ მართლა თქმულა: რასაც კაცი თავის-თავს უზამს, იმას სხვა არ უზამსო.

კიდევ ვიტყვით: ეს სადაური ლოღიკაა? ეს ის ლოღიკაა, რომლის წყალობითაც ეხლანდელს დროში გაზეთს „живая газета“-ს ეძახიან და „живая“ ხომ ცოცხალს თევზსავით ხელიდამ ადვილად გამოუსხლტება ხოლმე კაცსა, ხელში ადვილად არ დაეჭერინება.

აქაც ესეა. მეორე სვეტიდამ მესამე და მეოთხე სვეტამდე ცოტა თუ ბევრი მანძილია და, რასაკვირველია, ამ მანძილზედ ბევრი რამ არის ნათქვამი თავის დასაძვრენად, თუ ვინიცობაა ვინმე ულოღიკობას შესწამებდა ამ „живая газета“-ს მეთაურსა. და არც ჩვენა გვგონია გადავურჩეთ უიმისოდ, რომ ეს თავის-დასაძვრენი არ მოგვახალონ გასამტყუნებლად. ჩვენ კი, რაკი წინა-წერილში მოყვანილმა რუსულმა ციტატამ ღობე-ყურეს მოუდებელად პირდაპირ გაგვაგებინა დედააზრი მეთაურისა, რომელსაც ჰოს თქმაც მოსწყურებია და არასიც ერთსა-და- იმავე დროს და ერთსა-და-იმავე საგანზე, ჩვენ-კი, ვამბობთ, ამ წაღმა-უკუღმა ლაპარაკში იმასა ვხედავთ, რაც წინათ დავინახეთ, სახელდობრ, წაჯეგ-უკუჯეგობას იმისთანას, რომ ერთსაც ხელთ სამურველი ჰქონდეს გულის მოსაფხანად და მეორესაც და ორნივ ერთად-კი სასაცილოდ ასაგდებნი გამოვიდნენ.

ვინ ერთი და ვინ მეორეო? — იკითხავთ. ერთია ავტორი „ნარ-დონი“, რომელსაც თავს უქონავს, რომ — აფსუს! — ტყუილ-უბრალოდ შეალიე შენი ძვირფასი ღონე და ძვირფასი დრო იმისთანა საქმეს, რომელიც ჩალის ფასადაც არა ჰღირსო, მაშინ, როდესაც შენისთანა ბრძენი კაცი ბევრს რასმე მოიამაგებდა ჩვენთვის დღევანდელ ჭირ-ბოროტობაშიო, — და მეორე — ქართველები და ქართული ინტელიგენცია, რომელთაც თავსა ჰფხანს, რომ საქმე, რომლის გამოც თქვენ უწყრებით „ნარ-დონსა“, უეჭველად ღირსია ჭკუადამჯდარმა ისტორიკოსმა და ბრძნულად მკვლევარმა გამოიძიოს და არა იმისთანა მამლაყინწამ და ჩიტირეკიამ, როგორიც „ნარ-დონია“, ეგ ალაზან- გაღმელი ჰეროსტრატეო. მეტი რა მოეთხოვება ეგრეთ-წოდებულ „живая газета“-ს? შენც გაამებს, იმასაც, და ამასთანავე ორივეს გაგწკეპავს, მაგრამ ისე კი, რომ ერთმა მეორის ტკივილით ინუგეშოს და წყენა გაინელოს.


ამ გაწკეპაში, კაცმა რომ მართალი სთქვას, მოგებული მაინც ალაზან-გაღმელი ჰეროსტრატე ჰრჩება. ამ ვაჟბატონს ცოტა არ იყოს უფრთხილდება ჩვენი „живая газета“, და ან რათ უნდა გვიკვირდეს: „Новое Обозрение“-ს იმედი აქვს, რომ იგი მის რჩევას ყურში ჩაიწვეთებს, არქეოლოგიურ ბარდებიდამ გამოძვრება, დღევანდელს ჭირბოროტს დაუბრუნდება და მაშინ ჰნახეთ, რა ქადებსა და ნაზუქებს გამოუცხობს დამშეულს ქართველებსა და რა დახარატებულ ჩარდახს თავზე წამოადგამს. ჩვენ-კი ღმერთმა გვიხსნას იმის გამომცხვარ ნაზუქ-ქადებისა და მის მიერ აშენებულ ჩარდახებისაგან. კიდევ ვიტყვით, ნეტარ არიან მორწმუნენი, და ჩვენ კი „ნარ- დონისა“ არა გვწამს-რა: საცა და რა წრეშიაც გინდ იფორთხალოს, იგი ფონში გამსვლელი კაცი არ არის. ეგენი არარაობის ნიშანი არავის დასმია შუბლზედ ისე უეჭველად და უცილობელად, როგორც ბ-ნს „ნარ-დონს“, მერე საკუთარის ხელითვე. ამ ვაჟბატონს თითქო ეთავაზება ჩვენი„живая газета“ და ეხლა ჰნახეთ ჩვენი ინტელიგენცია, რომელიც „Новое Обозрение“-ს სიტყვით,აპილპილებულია „ნარ-დონზედ“ რუსთაველის გაუპატიურების გამო, რა სისულელემდეა ძირს დაშვებული, რა ბრიყვად გამოყვანილია. ამას შემდეგ წერილში ვიტყვით და ეხლა-კი ერთს კიდევ დავძენთ პირის ჩასატკბარუნებლად.


ჩვენი „წყაზარი გაზეთი“ გულმტკივნეულობით ამბობს, რომ ჩვენს დღევანდელ ჭირსა და ბოროტს რიგიანი კაცები არა ჰყავს გასაძღოლადაო და ამ კაცების უყოლობაში იმისთანა ძვირფას დროის და ღონის პატრონი, როგორც „ნარ-დონია“, როდი უნდა მოსცდეს რაღაც ძველ-ძულების ძონძებისთვისაო და თუ მაინც-და-მაინც მოსცდება, კიდევ მეთვრამეტე და მეცხამეტე საუკუნის ისტორია საქართველოსი მიეტევება რომ გამოიძიოს და გამოარკვიოსო.

როგორ? სხვა საუკუნოები-ღა რათ უნდა მიგვაფუჩეჩებინონ, რაკი ჩვენის ისტორიის კვლევასა და გამოძიებაზეა საუბარი? ორში ერთი, ან ის სხვა საუკუნოები სულ არ ყოფილან, ან ყოფილან და ყოფნადაც არ ჰღირებულან, თორემ რა სათქმელია, სამი ათასის წლის ისტორიაში მარტო ორის უკანასკნელის საუკუნის ავ-კარგიანობა გეპატიება რომ იკვლიო და იცოდეო? მერე ვის ეუბნება ამ პატიებას? ჯერ „ნარ-დონსა“, რომლის ძვირფასს დროს და ღონეს ეგრე შეჰნატრის „Новое Обозрение“, მერე ქართველთა ინტელიგენციას, რომელსაც ამით მითომ-და ჭკუას ასწავლის: ჰა, გაფრთხილდით, იმაზე შორს ნუღარ გაიწევითო.

მაშ, ხელი უნდა ავიღოთ, რაღა, მთელს ორი-ათას-რვაას წლის ისტორიაზედ? ბატონმა შავროვმა რაღა ბევრი დააშავა, როცა სთქვა, რომ ბევრი ბევრი მეთერთმეტე საუკუნიდამ იწყება თქვენი ისტორიაო, და თუ გინდათ თქვენის ვინაობის ამბავი, აქედამ დაიწყეთო, და ამ სახით ხელი აგვაღებინა მთელს წინა საუკუნოებზე. მაშინ ამ თქმისათვის ძალიან გამოეკიდა ჩვენი „წყაზარი და მალხაზი გაზეთი“ ბ-ნ შავროვს და ეხლა-კი თითონ იმასაც გვარმევს, რაც ბ-ნმა შავროვმა გვიწყალობა, და გვეუბნება: დასჯერდით მარტო ორს უკანასკნელ საუკუნესაო, აქედამ დაიწყეთ თქვენის ვინაობის ამბავიო, თითქოს ჩვენი ისტორია მართლა-და მარტო მეთვრამეტე საუკუნედამ იწყებოდეს. ბ-ნ შავროვის ოდენა შებრალება მაინც ჰქონოდა ჩვენი ამ ჩვენთვის თავდადებულს „живая газета“-ს!

ხოლო „Новое Обозрение“-ს სასახელოდ ესეც უნდა ვსთქვათ, რომ იგი ხელს გვაღებინებს სამუდამოდ კი არა, მარტო იმ დრომდე, ვიდრე ავტორი „Письма о Грузии“-სა ქადა-ნაზუქებს გამოგვიცხობდეს და ჩარდახებს დაგვიდგამდეს. თუ ამას ვუცადეთ, მალე კი მოვესწრობით, აი, ნამეტნავად თუ ღმერთი გაგვიწყრა და „ნარ-დონის“-თანა გაბრძნობილმა კაცებმა თავისი ძვირფასი დრო და არა ნაკლებ ძვირფასი ღონე ამაებს მოახმარეს „Новое Обозрение“-ს რჩევითა და წინამძღოლობით. აბა კუჭი მაშინ გაუძღება საქართველოს, აი! კიდევ ვიტყვით მესამედ: ნეტარ არიან მორწმუნენი და ამ ნეტართა შორის ერთიც „Новое Обозрение“ ყოფილა.


3

ჩვენ ვნახეთ, რომ „Новое Обозрение“-მ მარტო ორი დანაშაული უპოვა ავტორს „Письма о Грузии“- სას. ერთი ისა, რომ შეუდგა საძიებლად საქართველოს ძველს ისტორიას, ესე იგი იმისთანა საქმეს, რომელიც ცარიელ კვერცხის ნაჭუჭადაც არა ჰღირს, და მეორე ის, რომ სცდებაო, ვითომც ქართველებს თავისი არა ჰქონიათ-რა მაშინ, როდესაც ამოდენი საუკუნოები უცხოვრიათო. პირუთვნელობამ „წყაზარის გაზეთისამ“ სხვა ვეღარა შეამჩნია-რა იმ სახელდაუდებელს კადნიერებას უვიცობისას, რომლითაც „ნარ-დონმა“ წასთითხნა თავისი ნაჯღაბები. ის ათასი სხვა უშვერობა, ის ათასი სხვა განგებ მოგონილი ტყუილები, განგებ თავდაყირა და უკუღმა გადაბრუნებული ამბები-კი „Новое Обозрение“-მ აპატია „ნარ-დონსა“ და წაუფუჩეჩა. კაცი იტყვის: რაკი ამას შეეხო „Новое Обозрение“, როგორღა გამოეპარა ყოველივე ესაო? რატომ ამაების გამო კრინტიც არ დასძრაო? ხომ ამისათვის დასტამბული, გამოქვეყნებული საბუთი ხელთ მისცა თითონვე „ნარ-დონმაო“? სხვებრ რით ავხსნათ ეს ამოცანა, თუ არ იმით, რომ ჩვენი „წყაზარი გაზეთი“ არ იმეტებს არა ნაკლებ „წყაზარს“ ავტორს „Письма о Грузии“-სას.

ახლა ჰნახეთ, რა-რიგის გამომეტებით, რა-რიგ დაუზოგველად იგივ „Новое Обозрение“ მიწასთან ასწორებს ქართველთა ინტელიგენციას იმისთვის, რომ გაჰბედა და აუპილპილდა „ნარ-დონსა“ და ეომებაო მაშინ, როდესაც საომარი საგანი დახარჯულის ტყვია-წამლის ფასადაც არა ჰღირსო; აქ რა თქმა უნდა „Новое Обозрение“ შემთხვევას არა ჰკარგავს ახაროს თავის მკითხველებს, რომ ქართველთა ინტელიგენცია ისე გონებამიხდილი და დახშულიაო, რომ „Письма о Грузии“-ს მეტი სალაპარაკო საგანი იმათს გონებას ვეღარ მოუპოვებია და მოუხერხებია სავარჯიშოდაო. ასეთი საბუთ-დადებული სჯა, ასეთი პირუთვნელობა დასაჯერი უნდა იყოს, თუ თქვენც იტყვით. პირუთვნელობას ვამბობთ იმიტომ, რომ უფროს-ერთი თანამშრომელი „Новое Обозрение“-სი ქართველთა ინტელიგენციას ეკუთვნის და, მაშასადამე, რასაც ქართველთა ინტელიგენციას უკიჟინებენ, ისიც თავის-თავს უნდა უკიჟინონ, რადგანაც აქ გამოუკლებლივ ლაპარაკია ყველაზე საერთოდ, მთელს ინტელიგენციაზედ. ან იქნება ჰგონიათ, რომ რაკი რუსულადა სწერენ, ჩვენგან გაიხიზნენ? სწორედ მოგახსენოთ, აქ არც პირუთვნელობაა და არც გახიზვნა. აქ მარტო ის არის, რომ ჩვენს გარდა ყველანი ჩიტირეკიები არიანო. ჩვენ „Письма о Грузии“-ს გარდა სხვა ბევრი საგანი გვაქვსო ჩვენის გონების სალესავად და გასაჩარხავადო. ვინ გაამტყუნებს, მართალნიც არიან. ეს ხომ კარგია და თქვენი მოსაწონებელი, ხოლო არ შეიძლება ერთი ეს ვიკითხოთ: ნუთუ მართლა ქართველთა ინტელიგენციას იმოდენად გამოჰლევია გონება, რომ მარტო „Письма о Грузии“-ს ცრუპენტელობით-ღა იკვებება? სად არის ამისი საბუთი?

ამ უსაბუთოდ გაბიაბრუებას ქართველთა ინტელიგენციისას არა ჰკმარობს „წყაზარი“ გაზეთი. ზედ სხვასაც უმატებს და აქ-კი საბუთიც მოჰყავს. იგი ამბობს, ვითომც ქართველთა ინტელიგენცია აუპილპილდა „ნარ-დონსა“ მარტო იმისათვის, რომ ამ ვაჟბატონმა შესწამა რუსთაველს, ვითომ სხვისაგან გადმოეღოს თავისის „ვეფხის-ტყაოსანის“ ამბავი. ვსთქვათ რომ ასე იყოსო, — ამბობს სხვა საგნებზე გონებაგალესილი „Новое Обозрение“: — აქ წყრომას და რისხვას ინტელიგენციისას რა ადგილი აქვსო? ვის არ გადმოუღია, ვის არ გადმოუკეთებია სხვისაგან გაგონილი ან ამოკითხული ამბავიო? მარტო ამით არ ათავებს „Новое Обозрение“ თავისის სიბრძნის გულზედ მოწოლას და, თითქო ჰსურსო დაგვიმტკიცოს, რომ მართლა უჩარხავს თავისი გონება ბევრ სხვა მაღალ ფარდების საგნებზედაც, მოჰყოლია და გვიქადაგებს: ან — ერთი ბისტია, ბან — ორიო. დიახ, ქართველთა ინტელიგენციის ჭკუის სასწავლებლად ყოვლად-მცოდნე „Новое Обозрение“-ს მაგალითები მოჰყავს მთელს სვეტ ნახევარზე იმისი თუ, — გეტე, შექსპირი და სხვა ბევრი სახელოვანი მწერალი ამასვე სჩადიოდნენო, ესე იგი ხშირად სხვის ამბავს გადმოიღებდნენ და ამის გამო იმათს სახელოვანებას არავითარი ჩრდილი არ მისდგომია და მაინც მსოფლიო გენიოსებად ითვლებიანო.

საწყალი ჭკუა-უბადრუკი, გონება-გაუჩარხავი ქართველთა ინტელიგენცია! ეს ანბანიც არა სცოდნია, რომ არაფერი საძრახისია მწერლისათვის სხვისაგან ნათქვამი, ან გაგონილი ამბავი აიღოს და ამ ამბისაგან ისეთი რამ შეჰქმნას, რომ სახელი იდიდოს, თავი გამოიჩინოს. კიდევ კარგი, რომ ამ ინტელიგენციას გულშემატკივრად ჰყოლია „Новое Обозрение“, რომელსაც გეტეს, შექსპირის მაგალითები სცოდნია, თორემ შენი მტერი, ვიღა აცოდინებდა ამ ძნელად საცოდნელსა. ხოლო ის-კი არ არის კარგი, რომ ქართველთა ინტელიგენცია ყოველ ამის უცოდინარი ჰგონებია და ჰგონია ჩვენს გონებაფხიზელს რუსულს გაზეთს. დღეს ამის უცოდინარი ხომ მეორე კლასის გიმნაზიელიც არ არის და რათ უნებებია „Новое Обозрение“-ს ასე დაქვეითება, ასე ძირს დაწევა, ასე სულელად გამოყვანა ჩვენის ინტელიგენციისა? ყოველთვის სამართლიან „Новое Обозрение“-ს არ შეიძლება არ შევნიშნოთ ეს ერთად-ერთი უსამართლობა, გასაკიცხად კი არა, შესაწყნარებლად, რადგანაც ერთი ალილო მღვდელსაც შესცდებაო. ვინ იტყვის?


ქართველთა ინტელიგენციას ბევრი რამ ეკიჟინება, მაგრამ არც ისეთი მჩვარში გასახვევია, რომ იმისი არ-ცოდნა დაჰბრალდეს, რის ცოდნაც დღეს ბალღსაც კი ენაზე აკერია, და ამ არ-ცოდნას რომ სწამებს „Новое Обозрение“, იმ წმინდა გრძნობას სამართლიანობისას რაღა პასუხს აძლევს? მაგისი თითონ „Новое Обозрение“-მ იცის და ჩვენ კი ამას მოგვკითხვენ: საიდამ გამოიყვანეთ, რომ „Новое Обозрение“ მაგას სწამებს ჩვენს ინტელიგენციასაო? იქიდამ, რომ ჩვენი მართლმოყვარე გაზეთი არწმუნებს თავის მკითხველებს, ვითომც ჩვენი ინტელიგენცია მარტო იმაზე უწყრებოდეს ავტორს „Северный Вестник“-ის წერილებისას, რომ — როგორ გაჰბედა და რუსთაველზე სთქვა, სხვისგან მოიღო თავის პოემის ამბავიო. ვითომ ჩვენი ინტელიგენცია მარტო ამაზედ იმღვრევდეს გულს, რომ:

„Как смел нечестивый автор статей „Северного Вестника“ утверждать, что Шота Руставели „заимствовал“ свое произведение у персидских поэтов“.

ამის თქმა რის მომასწავებელია, თუ არ იმისი, რომ ჩვენს ინტელიგენციას არა სცოდნია არაფერი იმისი თუ, აქ საძრახისი არა არის-რა. არა სციდნია ის ანბანი, რომ შესაძლოა კაცმა სხვის ამბავზე ისეთი თხზულება ააგოს, რომელიც მთელს ქვეყანას შემოირბენს ქებითა და დიდებითა. ამაზე მეტი გაბიაბრუება-ღა იქნება, რომ კაცმა ცოტად თუ ბევრად ნასწავლს კაცს უთხრას, ეს ანბანი შენ არ გაგეგებაო. ჩვენი გულშემატკივარი „Новое Обозрение“-ც ჰგრძნობს, რომ ეს უანბანობა, ამის არ- ცოდნა, მეტის-მეტი ჭკუა-მოკლეობა, მეტის-მეტი სამარცხვინოა ჯერ ინტელიგენციისთვის და მერე თვით ქართველთა საზოგადოებისთვის, ჰგრძნობს და ჩვენის სიბრალულით, ჩვენის მეტის- მეტ სიყვარულით ამას გულ-ამოსკვნით და მწუხარებით იძახის:

„Что нас особенно печалить во всем этом деле, это отношение грузинской интеллигенции и публики к подобным ошибкам и несообразностям“.

კაი ნუგეშია განა კაცმა კაცს უთხრას: უნივერსიტეტებსა და გიმნაზიებში ჰყოფილხარ და ანბანიც არ გისწავლია; ღმერთი — რჯული, გულითა ვწუხვარ, რომ ამისთანა სულელი და ბრიყვი ხარო. ეს „გულით-წუხილი“ როგორი საქებარია მწუხარესათვის და როგორი საამურია ჭირისუფლისათვის — ეგ კი აღარ ვიცით.

თუნდ ეგეც არ იყოს, გაჭირვეულებულმა „ნარ-დონმა“ განა მარტო ისა სთქვა რუსთაველზედ, რომ თავისის პოემის ამბავი მოჰპარა სპარსელებსა, ან იმათგან გადმოიღოო, და თუ სთქვა — განა რითიმე დაასაბუთა, განა რაიმე ხელთ მოგვცა ამისათვის, გარდა იმისა, რომ სპარსელების ამბებსაც საგნად სიყვარული აქვთ და ვეფხის-ტყაოსანსაცაო. ეგ ხომ იმასა ჰგავს, კაცმა სთქვას, ივანე პეტრესა ჰგავს მარტო იმიტომ, რომ ერთსაც ცხვირი აქვს და მეორესაცაო. განა პირუთვნელს მჩხრეკელს „ნარ-დონის“ პირგახეულ ტყუილებისას მარტო ეს უნდა ეთქვა და სხვა არაფერი? „ნარ-დონმა“ რუსთაველი განა მარტო ამით ამოსვარა ლაფში, განა მარტო ამის გამო შესვა ვირზედ?


განა აშკარა არ არის, რომ „ნარ-დონმა“ განგებ თვალებში ნაცარი ჩაიყარა, განგებ ყურებში თითი დაიცო, რომ არა დაინახოს-რა, არა გაიგონოს-რა რუსთაველის სიკეთისა და უებარ ბრწყინვალებისა? განა ვეფხის-ტყაოსანზე კაცმა მარტო ის უნდა სთქვას, რომ რაკი საქართველოს მთელი ექვსი საუკუნე ეს წიგნი სიყვარულით ხელში სჭერია, მისი სიტყვები ანდაზებად გაუხდია, გაუზეპირებია, რაკი მისი სენტენციები საფუძვლად დასდებია ქართველთა ზნეობას, რაკი ყოველივე ეს ასე მიუღია ქართველობას, იგი წიგნი დოკუმენტად უნდა ჩაითვალოს ამ ერის ავ-კარგიანობის გამოსარკვევად და სხვა მისი მხარენი-კი უკან დაყენებულ და გაბათილებულ უნდა იქმნან ჭკუადამჯდარ მკვლევარისა და კრიტიკოსის თვალშიო? განა მარტო ეს უნდა ეთქვა „Новое Обозрение“-ს სარჩლად რუსთაველისა? ნუთუ ვეფხის-ტყაოსანი მარტო დოკუმენტია, მარტო მშრალი პროტოკოლია და სხვა არარა? ამით ხომ „Новое Обозрение“ უფრო „ნარ-დონს“ჰმოწმობს, ვიდრე ამტყუნებს. მართლა-კი ეგრეა? აბა ერთი გულზედ ხელი დაიდოს კაცმა და ესა ჰკითხოს თავის-თავსა.

ან ვსთქვათ, საქართველო ესე მოექცა და ექცევა თავის საყვარელ ვეფხის-ტყაოსანს, განა არ შეიძლება საქართველო მოტყუებული იყოს ამაში და ის მოსწონდეს, რაც მოსაწონი არ არის თავის-თავად? განა ცოტა მაგალითებია მსოფლიო ისტორიაში, რომ „ხელი-ხელ საგოგმანებლად“ გაეხადნოთ უშვერი და ულაზათო რამ? განა თვით „ნარ-დონი“ არა ჰყვირის თავის ჩხავანა ხმითა, რომ ეგ საქართველოს მიერ მოწონება ვეფხის-ტყაოსნისა ბევრს არას ნიშნავსო და არაფრის საბუთიაო? ნუთუ ვეფხის-ტყაოსანს სხვა არავითარი ღირსება არა აქვს-რა, გარდა იმისა, რომ ქართველებს მოსწონს? ეს ხომ სხვის მოწონებით მოწონებული გამოდის და თითონ „Новое Обозрение“-ღა რატომ არას გვეუბნება, არის რამე თავის-თავად საქებ-სადიდებელი ვეფხის- ტყაოსანში, არის რამე თავის-თავად სასახელო რუსთაველისა, თუ მართლა იმისთანა უშვერია, რომ მის მომწონს ეგ მოწონება სირცხვილად უფრო ჩაეთვლება, ვიდრე ქებად? აქ საქმე იმაზეა მიმდგარი, რომ „ნარ-დონი“ სწორედ ამისთანა უშვერობას სწამებს ვეფხის-ტყაოსანსა, — „Новое Обозрение“-ს ამაზე უნდა ეთქვა თავისი „ჰო“ თუ „არა“ და არ ამოჰფარებოდა სხვის კალთასა, სხვის მოწონებას.

ამასაც თავი დავანებოთ. თავი დავანებოთ, რომ ჩვენს „წყაზარს გაზეთს“ მისებურმა ვაჟკაცობამ მთელს ამ ისტორიაში უმტყუნა და დანასავით ყელში მობჯენილ ჰოსა და არაზე თავს გაუფრთხილდა და არა სთქვა-რა. ჩვენ გვიკვირს, რატომ ესე არა ჰფრთხილობს, როცა „ნარ-დონზე“-კი არა, ქართველთა ინტელიგენციასა და საზოგადოებაზე ჰლაპარაკობს და სწამებს იმისთანა სისულელეს, ვითომც ერთიც და მეორეც იმიტომ უწყრებოდეს „ნარ-დონსა“, რომ რუსთაველს შესწამა სპარსელ პოეტებისაგან აიღო ვეფხის-ტყაოსნის ამბავიო. მარტო ამ რუსულ გაზეთის მკითხველს სასაცილოდაც არ ეყოფა ასეთი ტვინთხელობა, ასეთი სულელობა ქართველებისა საერთოდ და მის ინტელიგენციისა საკუთრივ. მართლა-კი ამისთვის აუპილპილდა, ამისთვის გაუწბილდა ავტორს „Письма о Грузии“-სას ქართველობა და ქართველთა ინტელიგენცია! განა სხვა უფრო ჭკვათ-მისაღები, უფრო პატივსადები მიზეზი არ მისცა ერთსაცა და მეორესაც „Новое Обозрение“-საგან ეგრე სათუთად შეწყნარებულმა „ნარ- დონმა“. აქ განა საქმე არ არის იმაში, რომ „Письма о Грузии“-სა თავიდამ ბოლომდე ერთი გაპტყელებული და უშვერი ტყუილია, მარტო ძაგებისთვის შეთითხნილი,ჭირვეულობის და ყოვლად უაზრობისა და უვიცობისაგან და თავგასულ მამლაყინწაობისაგან ურცხვად გატრაბახებული? ტყუილი ხომ, თუნდ საქებარად მოგონილი, მაინც საზიზღია და საწბილო. აი, თუ მართლა გული ემღვრევა ქართველთა ინტელიგენციას „Письма о Грузии“-ს გამო, სად უნდა მოიძებნოს ამისი მიზეზი, და არა ქართველთა ინტელიგენციის ჭკუა-დახშულობასა და გონება- მიხდილობაში.

რათ გასწირა „Новое Обозрение“-მ ასე უწყალოდ ქართველობა და ქართველთა ინტელიგენცია? რათ მოექცა ასე უსამართლოდ, ასე უსაბუთოდ ერთსაცა და მეორესაც? რომელმა ქართველმა და რომელმა მონაწილემ ინტელიგენციისამ წამოროშა იმისთანა სულელობა, რასაც „Новое Обозрение“ სწამებს? სად და როდის წამოროშა, არ შეიძლება გვიჩვენოს! იქნება გვითხრან, ჩვენის ყურით გაგვიგია ბულვარის აკადემიკოსებისაგანო, და განა საკადრისია სალიტერატურო ორგანოსათვის ბულვარის სულელობა აიღოს და თავზე მოახვიოს მთელს ინტელიგენციას, მთელს ქართველთა საზოგადოებას და ამისათვის სამარცხვინო ბოძზე გააკრას ერთიცა და მეორეც! თითონ „Новое Обозрение“ ჰგრძნობს, რომ აქ ინტელიგენცია და ქართველთა საზოგადოებაც სამარცხვინო ბოძზეა მისგან გაკრული და ამიტომ თუ ამბობს გულითადის მწუხარებით:


„Не больно-ли видеть это?“...

ვსთქვათ, რომ „больно“ და თქვე დალოცვილებო, რაზედ გაიჭირეთ საქმე? ხომ თქვენვე სჭრით და თქვენვე ჰკერავთ, ვისი რა ბრალია!


1889 წელი

Recent Posts

See All
სიტყვა ილია ჭავჭავაძისა ტფილისის ქართული საადგილმამულო ბანკის წლიურ კრებაზე

20 მაისს, 1895 წელს. მე, ბატონებო, გუშინ და გუშინწინ ვერ დავესწარი კრებას ბანკისავე საჭირო საქმის გამო. გაზეთებიდან და კრების ოქმიდან...

 
 
ნუთუ?

(პასუხად „მოგზაურის“ კორესპონდენციისა) I „ივერიის“ მკითხველთ უკვე მოეხსენებათ, რომ „მოგზაურში“ (No 13) დაბეჭდილი იყო კორესპონდენცია,...

 
 
პასუხი

(ვუძღვნი თ. ალ. ვახტანგის ძეს ჯ.-ორბელიანს და იმ პირთა, ვინც ყურადღებას აღირსებს ამ სტატიასა). 14 მაისსა, 1861 წ. თბილისი. „Из нашей...

 
 
bottom of page