ხალხის ჩვეულებათა შესწავლის შესახებ
- nino otiashvili
- Jan 10, 2024
- 3 min read
1887 წელი
ამ ბოლო დროს ჩვენს განათლებულ საზოგადოებაში გაჩნდა ერთი საყურადღებო მოვლენა, რომელსაც დიდი გავლენა უნდა ჰქონდეს ხალხის გონებისა და ცნობიერების განვითარებაზედ, ეროვნულ წარმატებაზედ. ეს მოვლენა სახალხო ლექსების შეკრება და ბეჭდვაა ჩვენს ჟურნალ-გაზეთობაში. სამწუხაროდ, როგორც თითქმის ყოველთვის და ყველაფერში, სახალხო სიტყვიერების ნაწარმოების შეკრების შესახებაც ცალკერძი გატაცება ეტყობა ჩვენს საზოგადოებას. აქაო-და სახალხო პოეზიას დიდი მნიშვნელობა აქვსო ჩვენის მწერლობისათვის და მდაბიო ხალხის ესთეტიურის გემოვნებისა და აზროვნობის გასაცნობადაო, ხელი მოვკიდეთ მარტო ამ პოეზიის შეკრებას და სხვა საგნები-კი ხალხის ნაწარმოებისა სრულიად დავიწყებული გვაქვს. მდაბიო ხალხის გონებითი თუ სხვაგვარი საუნჯე მარტო იმის ლექსებში ანუ პოეზიაში როდი გამოიხატება, არა, ეს საუნჯე უხვად დათესილი და დარჩენილია ისეთს ნაწარმოებებში, რომელნიც სრულებით არ ეკუთვნიან პოეზიის სფეროს. ამ გვარია, მაგალითებთ, ხალხის ჩვეულებანი, რომელნიც შეეხებიან ეკონომიურს და იურიდიულ ცხოვრებას.
ყველას, ვისაც კი უცხოვრია მდაბიო ხალხში, ეცოდინება, რომ ხალხს თავისი საკუთარი ეკონომიური წესწყობილება და იურიდიული ჩვეულებანი აქვს, რომლითაც ხელმძღვანელობს, როცა საჭიროება ამას მოითხოვს. მამულის გაყიდვა და დაგირავება, საქონლის გაბარება მოსაშენებლად, ერთურთ შორის აღებ-მიცემობა, სხვადასხვა მცირე დანაშაულობის გასამართლება და ათასი ამგვარი მოვლენა, — სულ ხალხის ჩვეულების ძალით სწარმოებს, ხალხის ადათზეა დაფუძნებული და ამ ადათს ემორჩილება. ჯერ ეხლაც, ხალხმა დაწერილის კანონისა არა იცის-რა და სასოფლო სასამართლოში რომ მიხვიდეთ, შეიტყობთ, რომ სოფლის მსაჯულები ადათითა და ჩვეულებით ხელმძღანელობენ საქმის გადაწყვეტის დროს. მართალიც არის, მდაბიო ხალხის ეკონომიური და იურიდიული ცხოვრება ჯერ-ჯერობით ისე ვიწროთ და მკვიდრად შემოფარგლული წრეა, რომელსაც მაგრე მალე და ადვილად დაწერილი კანონი ვერ დაარღვევს და ვერ შეუვა. ფრიად სასარგებლო უნდა იყოს ყველა შეგნებული ქართველისათვის იცოდეს, — რაგვარ და რომელ ჩვეულებებს მისდევს მდაბიო ხალხი თავის ეკონომიურ და იურიდიულ ურთიერთობის შესახებ. ეს სფერო ცხოვრებისა მთელს სურათს გადაუშლის ჩვენს მოწინავე საზოგადოებას და ცხოვრების სურათი კიდევ დაგვანახებს ხალხის ავსა და კარგს, იმის შეხედულობას სამართალზედ, ერთურთს დამოკიდებულებაზედ და სხვა.
სადაც მდაბიო ხალხის ცხოვრების შესწავლა ნამდვილ გზაზედ არის დაყენებული, სადაც შეგნებული აქვთ, თუ რა საუნჯეა დარჩენილი სხვადასხვა ჩვეულებებში, იქ მდაბიო ხალხის ყოველგვარ ჩვეულებას, ცხოვრების ყოველგვარ საგანს ჯეროვანს ყურადღებას აქცევენ და გამოუკვლეველად არაფერსა სტოვებენ. სწორედ ამგვარ შესწავლას და გამოკვლევას მოაქვს სასარგებლო და კეთილი ნაყოფი, მხოლოდ ამნაირის შესწავლით და გამოკვლევით შეიძლება ყოველმხრივ შევიგნოთ ხალხის წარსული და აწმყო, იმისი ავი და კარგი, იმისი წადილი, საჭიროება. სადაც ასე არ არის, იქ ყოველთვის შესაძლოა შევცდეთ და ვერ შევიტყოთ, — რა სურს ხალხს და რას აქცევს ზურგს იგი.
როგორც ზემოთ ვუჩვენეთ, ჩვენმა ინტელიგენციამ ხელი მოჰკიდა მარტოდ-მარტო სახალხო პოეზიის შეკრებას. ეს საკმაო არ არის. არა თუ საკმაო, იქნება ბევრჯერ მავნებელიც იყოს და ხალხის ცხოვრების შესახებ შეცდომაში შეგვიყვანოს ამ პოეზიამ. რისთვის, როგორ? — გვკითხავს განცვიფრებული მკითხველი. აი რისთვის და როგორ: პოეზია, და მეტადრე სახალხო პოეზია, თქვენც მოგეხსენებათ, უფრო ფანტაზიის ნაყოფია და ფანტაზია კიდევ მაგრე-რიგად არ ეწყობა და არ ემორჩილება ზნეობით კანონის მოთხოვნილებას. ხშირად მდაბიო ხალხი, გატაცებული ფანტაზიის აღმაფრენით, დამღერის და დაჰხარის ისეთს საგანს და მოვლენას, რომელიც ძირეულად ეწინააღმდეგება ცხოვრების სიკეთესა და ცრუმორწმუნოებაზედ არის აშენებული. რასაკვირველია, მარტო პოეზიის მიხედვით დასკვნა და მსჯელობა ხალხის ცხოვრების საჭიროებაზედ და მის მოთხოვნილებაზედ შეცდომა იქნება და ამ შეცდომას საზარალო შედეგი უნდა მოჰყვეს. თუ ამ შემთხვევაში შეცდომის თავიდამ აცილება გვსურს, პოეტურ შეხედულობის გარდა ხალხის სხვა შეხედულობას და მსჯელობასაც ყური უნდა ვათხოვოთ, და ეს შეიძლება მხოლოდ მაშინ, როცა ხალხის ყველა- გვარი ნაწარმოები შესწავლილი გვექნება. ჩვენი დედააზრი ეს არის: ხალხის ცხოვრება ყოველმხრივ და ჰარმონიულად უნდა შევისწავლოთ; იმის ყოველგვარი გონებითი ნაწარმოები უნდა შევკრიბოთ. ჩვენ ამ-ჟამად დავასახელეთ ნაწარმოები ორის სფეროდამ — ეკონომიურის და იურიდიულის ცხოვრებიდამ. ეს იმიტომ, რომ ერთისა და მეორისაც შეკრება და შესწავლა ყველასათვის საადვილო საქმეა და უფრო ბეჯითობას და დაკვირვებას თხოულობს, ვიდრე სპეციალურს ცოდნასა და მომზადებას. ვინც ცოტაოდნად ნასწავლია და ხალხში ტრიალებს, ცხოვრობს, თვალყურს ადევნებს იმის ეკონომიურს და იურიდიულს ჩვეულებებს, ის ადვილად შენიშნავს ამ ჩვეულებებს და იმათი ქაღალდზედ გადმოღება ხომ უფრო ადვილი საქმეა.
ერთის რომელისამე საგნის ამოჩემება, იმისი „მოდად“ დაწესება და სხვა საგნების დავიწყება — კარგი არადროს არ ყოფილა და არც ჩვენთვის იქნება. სახალხო პოეზია კარგია, მაგრამ როცა მარტო იმისი შეკრება იზიდავს მთელის ინტელიგენციის ყურადღებას, როცა ეს შეკრება „მოდად“ ხდება, მაშინ საჭიროა, რომ სხვა საგნებისაკენაც მიიხედოს განათლებულმა საზოგადოებამ.
საჭიროა, რომ ჩვენმა ნასწავლმა საზოგადოებამ ერთად თავი მოიყაროს, მოილაპარაკოს, ასწონ-დასწონოს ყოველიფერი ამ საგნის შესახებ და პროგრამა შეადგინოს ხალხის ზნე- ჩვეულებათა შეკრებისა და შესწავლისათვის. თუ ყველგან ამას მისდევენ, განა ჩვენთვის კი დრო არ არის?