ჭირნახულის მომყვანთა გაერთიანებულ ამხანაგობათა შესახებ
- nino otiashvili
- Jan 10, 2024
- 6 min read
ტფილისი, 6 ნოემბერი, 1886 წ.
ამ სამ-ოთხს წელიწადში სოფლის ჭირნახულის ფასმა ჩვენში დაიწყო კლება და შარშან იქამდე მიაღწია, რომ პური ფუთი ცხრა შაურზედ ჩამოვარდა, ქერი ექვს-შვიდ შაურზედ და ღვინო, საცა საპალნე შვიდ-რვა თუმნად იყიდებოდა, იქ ძლივღა გადიოდა ოთხ და ხუთ-ხუთ თუმნამდე და ამის მუშტარსაც ვერ ჰშოულობდნენ. მიწისმომქმედს კაცს ამ ფასების დაცემამ ძალიან შეუცარა ხელი, ძალიან უკან დასწია ასე, რომ ხელის მოსაცვლელი ღონისძიებაც თითქმის სრულებით გაუწყვიტა. ეს ასეთი გარემოება კიდევ ცოტად თუ ბევრად შესაწყნარებელი იქნებოდა, თუ ამ ფასების ძირს დაწევას ერგო რამ იმათთვის მაინც, ვინც სოფლის ჭირნახულსა ჰყიდულობს საჭმელად, სასმელად, თავისთვის მოსახმარად და არა გასასყიდად. სამწუხარო ის არის, რომ პირდაპირს მომქმედს დააკლდა ფასი ჭირნახულისა და ამით არა შეემატა-რა, თითქმის არა გაუიეფდა-რა თვითონ მხმარებელს-მსყიდველსა. ტფილისის ბაზარში ხალხი, თავის-თავის მკვებავი სოფლის ჭირნახულითა, ბევრს შეღავათს ვერა ჰგრძნობდა, რადგანაც ფასებმა მისთვის იმოდენად ვერ დაიწიეს, რამოდენადაც ეგ იყო დაწეული მიწათმომქმედთათვის. ეს სამწუხარო გარემოება გამოიყენეს მარტო ჩარჩებმა და ვაჭრებმა, რომელნიც ფასდაცემულ ჭირნახულს ჰყიდულობდნენ და თითქმის ფასდაუცემლად ასაღებდნენ მხმარებელზედ.
საკვირველი ეს არის, რომ ეს ამბავი, ესე იგი ფასების ძირს დაწევა, სწორედ მაშინ მოხდა, როცა ჩვენს ჭირნახულს დიდი ბაზარი და გასავალი გაეხსნა, როცა, მაგალითებრ, პურს, ქერს, სიმინდს დიდძალი მუშტარი მოაწყდა საზღვარგარეთიდამ და როცა ჩვენებურმა ღვინომ ფეხი გაიდგა და მოიკიდა რუსეთში. რადგანაც ხორბლეულობას, ევროპის ნავთსადგურებიდამ წაღებულს, ბაჟი დაედო ევროპაში ზოგიერთ სახელმწიფოთაგან და ბაჟისაგან ახსნილი იყო იგი ხორბლეულობა, რომელიც აზიის ქვეყნებიდამ მიდის. ამიტომაც ჩვენებურს პურსა, ქერსა, სიმინდსა, ევროპის ვაჭრები უბაჟოდ ეზიდებოდნენ და დღესაც ეზიდებიან თავიანთ ქვეყანაში და ამ გარემოებამ მოიწვია ჩვენს ქვეყანაში დიდძალი მუშტარი. ამ მიზეზს უნდა დავაბრალოთ ის აშკარა ამბავი, რომ ამ ბოლოს დროს ხორბლეულობის ფასმა იმატა, მაგრამ მაინც იქამდე ვერ მივიდა, რომ მიწათმომქმედს ხარჯი, გარჯა გაუსწოროს და ცოტა რამეც მოაგებინოს. ჩვენებურს ღვინოს კი, რომელმაც, როგორცა ვსთქვით, რუსეთში კაი ფართო გზა გაიხსნა, და რომელსაც ამ მიზეზით ფასი უნდა მოჰმატებოდა, ვერაფერი დახლი მოაქვს დღესაც მიწათმომქმედისათვის.
იქ, სადაც რომელიმე სავაჭრო, სააღებმიცემო საქონელი დიდს, ფართო ბაზარს ჰშოულობს გასასაღებლად და ამავე დროს ფასსა კლებულობს, იქ ეს დაუჯერებელი ამბავი მეტისმეტად საოცარია. საოცარია იმიტომ, რომ იქ ზოგადი კანონი საპოლიტიკო ეკონომიისა, რომელიც აგებულია ამღებთა და მიმცემთა რაოდენობაზედ, გაუქმებულად უნდა აღიარებულ იყოს, და ამის მაგიერ სხვა განგებ მოგონილი გარემოება უნდა მოქმედებდეს, იმ უსათუო პირობით კი, რომ ეს გარემოება გამოსარჩომი იყოს, ხელს უწყობდეს მომგონელთა. თუ ამას დავადგებით და სახეში ვიქონიებთ, რომ ამ გარემოების გამო, ვინც ირჯება და ჭირნახული მოჰყავს, იგი ჰზარალობს აღებ-მიცემობაში, აშკარა იქნება, გამორჩომა ვის უნდა ჰრჩებოდეს. იგი ჰრჩება ჩარჩებსა და ვაჭრებსა, რომელნიც შუა უდგანან ერთის მხრით მომქმედსა, რომელსაც ფასს აკლებენ, მეორეს მხრით მხმარებელს-მსყიდველსა, რომელსაც თითქმის ფასდაუკლებლად აწვდიან იეფად ნაყიდს ჭირნახულსა. რა გზით უნდა ახერხებდნენ ამასა, რა ხერხი უნდა მოეგონოთ, რომ ეს ასე მოახდინონ? ჩვენის ფიქრით, ხერხად მიღებული უნდა ჰქონდეთ ერთს პირზედ დგომა. ადვილად მოსაფიქრებელია და მოსახერხებელი, რამდენმამე დიდმა ვაჭარმა ერთმანეთში პირი შეჰკრან, ჭირნახულის ფასი, სასყიდი და გასასყიდი როგორც უნდათ ისე გადასჭრან და ერთმანეთს პირობა დაუდვან, რომ ამ გადაჭრილს ფასებს არასგზით არ გადუდგნენ. გამორჩომა, მოგება, რომელიც ამ შემთხვევაში თვითეულს პირობის დამდებს თვალწინ ცხადად და ნათლად უდგა, თავმდებია მისი, რომ არც ერთი მათგანი შეკრულს პირს არ გასტეხს. ამაზეა, ამ აშკარა გამორჩომაზე, დაფუძნებული გამარჯვება მათის ხერხისა, სიმაგრე პირშეკრულობისა.
ამისთანა ადვილად შესაძლებელს ხერხზედ აგებული აღებ-მიცემობა, რასაკვირველია, იმ ნაყოფს მოიტანს, რასაც დღეს ჩვენში ვხედავთ, და ჩვენში დღეს იმასა ვხედავთ, რომ ერთის მხრით იწვის სოფლის მოჭირნახულე, რომელსაც ჭირნახულის ფასი აკლდება, მეორეს მხრით ჭირნახულის მხმარებელი-მუშტარი, რომელიც მაინც ძვირად ჰყიდულობს, და ამ წვა- დაგვაში ხელს ითბობს მარტო ვაჭარი და მისი ყურმოჭრილი ყმა ჩარჩი. რა უშველის ამ გაჭირებულს, განგებ წამხდარს საქმეს? იგივე ხერხი, რასაც ვაჭრები ჰხმარობენ მოჭირნახულეთა და მხმარებელთა წინააღმდეგ. ევროპასა და თვით რუსეთშიაც ეს ხერხი ცნობილია და განხორციელებულიც. როგორ და რა გზით არის ეს ხერხი განხორციელებული რუსეთსა და ევროპაში, ამაზედ ამ მოკლე ხანში ცალკე მოვილაპარაკებთ ჩვენს გაზეთში.
II
ტფილისი, 6 ნოემბერი, 1886 წ.
ევროპაშიაც დიდი ხანია შეჰნიშნეს, რომ ვაჭრების ერთს პირზედ დგომამ გაათახსირა, დაიმონავა პირდაპირი მომქმედი რაიმე ჭირნახულისა, და ცალკე კაცის მომჭირნეობამ, მხნეობამ და ჭიდილმა ვერ დაიხსნა გამრჯელი და მომქმედი მათის ხელიდამ და ძალმომრეობიდამ. 1820 წლიდამ საფრანგეთსა და გერმანიაში აღიძრა აზრი დასახსნელად მრეწველობისა ამ უნუგეშო ყოფისაგან. რომ გავიგოთ, ამ აღძრულმა აზრმა როგორ იბარტყა და რაზედ მიჰმართა თავისი ძალ-ღონე, ჯერ ყველაზე უწინარეს უნდა გამოარკვიოთ, რა არის ვაჭარი და რაში მდგომარეობს მისი საქმე. ვაჭარი შუაკაცია ჭირნახულის მომქმედთა, და ჭირნახულის მხმარებელთა შორის; რაც მეტი აქვს ჭირნახულის მომქმედს, იმას ართმევს აღებ-მიცემობით და აწვდის მომხმარებელს, რომელსაც ჭირნახული უჭირს საკვებავად და სახმარად. ამ შუაკაცობაში ვაჭარი იღებს, თავის ხარჯს გარეთად, თავის გასამრჯელოს, თავის სადალალოს; ეს სადალალო იმოდენად ბევრია, რამოდენადაც ჭირნახული ნაკლებ ნაყიდია და მეტად გაყიდული. ადამიანი საზოგადოდ და ვაჭარი განსაკუთრებით ხარბია და ამიტომაც ვაჭარი სულ იმის ცდაშია, რაც შეიძლება ნაკლებ იყიდოს და რაც შეიძლება მეტად გაჰყიდოს. ეს ცდა მოჭირნახულესაც ხელში ლუკმას უტეხს და მხმარებელსაც. ორივე ესენი ჰზარალობენ, და ამათს ზარალზე შენდება მოგება სინდისზედ ხელაღებულ ვაჭრისა. რადგანაც ცხოვრება ადამიანისა გაჭირდა, შოვნა ლუკმაპურისა დამძიმდა და გაძვირდა, ვაჭრობის უსინდისოებამაც იმატა და ეხლა ვაჭარი უფრო ბევრს ითვლის თავისკენ, ვიდრე ოდესმე. რა გზით ახერხებს ამას ვაჭრობა, ჩვენ წინა წერილში მოვიხსენიეთ. ამ გარემოებამ მეტად ჩააფიქრა მოჭირნახულენი და მხმარებელნიცა. იგრძნეს, რომ ერთიც და მეორეც იწველებიან ვაჭართაგან. შეუტყეს მანქანებაც, რომ აქ ერთ პირზედ დგომა აძლევს ვაჭრობას ძალ-ღონეს წველისას და ამიტომაც ამ ერთს პირზედ დგომასვე წაავლეს ხელი, როგორც სახსარს თავისი ხსნისას. იფიქრეს, რატომ ჩვენ კი არ შეგვიძლიან ერთს პირზედ დადგომა, რატომ ჩვენ კი არ შეგვიძლიან ჩვენი საქმე ისე მოვაწყოთ, რომ მხმარებელნი და მოჭირნახულე ერთმანეთს შევყაროთ უშუაკაცოდაო და თუ შუაკაცობა მაინცდამაინც საჭიროა, ჩვენ თვითონ კისრად ვიდოთ ეს შუაკაცობაო... ამ აზრებმა ევროპაში ფესვი გაიდგეს, მოედანი დაიჭირეს და ნაყოფიც მოიტანეს. შესდგა ზედიზედ ეგრეთწოდებული „ამხანაგობა მხმარებელთა“ მრავალგვარი. ამ ამხანაგობის აზრი ის იყო, რომ პირდაპირ მეჭირნახულესთან ჰქონოდა საქმე, მისგან პირდაპირ ეყიდნა ჭირნახული და თავის წევრთათვის მიეყიდნა, და ამ სახით ის სადალალო, რომელიც ვაჭარს მოგებად დაჰრჩებოდა, ან მოჭირნახულეს და მხმარებელს შორის გაეზიარებინა, ან მარტო მხმარებელთათვის დაეკუთვნა. რა თქმა უნდა, რომ პირველს საფუძველზედ აშენებული ამხანაგობა უფრო სამართლიანი იყო, მაგრამ სიხარბეს ზოგჯერ თავი ვერ შეემაგრა და ზოგიერთი ამხანაგობა თავისაკენ თლას უფრო ჰრჩეობდა. მაინცდამაინც ამხანაგობას, როგორც კრებულს, ისე ცალკე კაცის სიხარბე არ ექნებოდა, რომ განწირულებამდე მოჭირნახულე მიეყვანა, როგორც ცალკე ვაჭარს მიჰყავს, და მოჭირნახულე ამაში ცოტასა თუ ბევრს შეღავათსა ჰპოულობდა. ჩვენ ეს „მხმარებელთა ამხანაგობა“ დღეს ისე არ გვიზიდავს, როგორც მოჭირნახულეთა ამხანაგობა, და ამიტომაც ჩვენ ამ უკანასკნელზე ვილაპარაკებთ მით უფრო, რომ ჩვენის ტკივილის წამალს ამხანაგობაში უფრო ვხედავთ. ჩვენს ქვეყანას, რომელსაც მოჰყავს კარგა ბლომად პური, ქერი, სიმინდი, ღვინო და რომელიც, მაშასადამე, ამათ რიგიანად გასაღებაში უნდა ეძებდეს სათავეს თავის კეთილდღეობისას, უფრო მოჭირნახულეთა ამხანაგობა ეჭირება. ჩვენ ამჟამად ჩვენის მკითხველების ყურადღებას მივაქცევთ „ღვინის დამყენებელთა“ ამხანაგობაზე, რომელიც დღეს გერმანიაში მოქმედებს დიდის სახელით და გამარჯვებით. ეს ერთი მაგალითი საკმაო იქნება, რომ კაცმა იმის მიხედვით მოისაზროს, როგორ უნდა შედგეს ამხანაგობანიც, ვსთქვათ თუნდაც ხორბლეულობის თაობაზედაც.
„ღვინის დამყენებელი ამხანაგობა“ დღეს გერმანიაში გამართულია ბადენსა, ვიტენბერგში და რეინზედა. რეინის ამხანაგობა საკუთარის თვალით უნახავს ერთს ჩვენს ქართველს, რომელიც ამ ზაფხულს წავიდა საზღვარგარეთ და რომელსაც, სხვათა შორის, ჰქონდა აზრად ამისთანა ამხანაგობის ვითარება შეეტყო. მას გაუსინჯავს ყოველივე დაწყობილება ამ ამხანაგობისა, ყოველისფერი გამოუკითხავს, გაუგია, და ისე მოსწონებია, რომ სანატრელად
გახდომია ჩვენის ქვეყნისათვის. ეს ამხანაგობა იმ აზრზე არის აგებული, რომ ღვინის მუშტარს-მხმარებელს პირდაპირ თვითონ უშუაკაცოდ მიაწვდინოს ღვინო, და რაც მოგებაა, ღვინის პატრონს ხელში დაუნარჩუნოს. ყველა ვენახის პატრონი ერთისა და იმავე სოფლის საზოგადოებისა ამხანაგად შესულია, დიდთა მემამულეთა გარდა, რადგანაც ამ უკანასკნელთ თავისი საკუთარი ღონე აქვთ ღვინოც კარგად დააყენონ და კაი ფასადაც გაასაღონ. ჯერ ვიდრე ამხანაგობა ფულის ღონისძიებას მოიპოვებდა, თვითეულს ამხანაგს თავისი კერძი ფული უნდა შეეტანა თვედათვე და ამით მიეცა ღონისძიება ამხანაგობისათვის გაემართა ყველაფერი, რაც საჭიროა საერთო მარნისა და ჭურჭლისათვის. მთავრობამაც, რაკი შეჰნიშნა, რომ საქმე რიგიანად დაეწყო, მიაშველა სესხით ფული, და დღეს იმ დონეზე დამდგარა ეგ ამხანაგობა, რომ მთავრობისგანაც ნასესხი ფულიც გადაუხდია და ამხანაგთაგან კერძო ფულის შემოტანაც მოუსპია, და პირიქით, დიდ მოგებასაც იძლევა. ყოველი ამხანაგი მოვალეა თავისი ყურძენი მიიტანოს საამხანაგო მარანში დასაწურავად და ღვინის დასაყენებლად. სამის ხარისხის ყურძენია თურმე მხოლოდ მისაღები საერთო მარანში. ხარისხი ყურძნისა მისის წვენის სიტკბოზე არის დამოკიდებული. რაკი ყურძენს მიიტანენ,მაშინვე ცოტა წვენს გამოსწურავენ, შაქრის საზომით შეიტყობენ, რაოდენი სიტკბო აქვს, ამ რაოდენობაზე აღნიშნავენ ხარისხს, და მომტანს აძლევენ ბარათს ამდენი და ამდენი ფუთი ყურძენი ამა და ამ ხარისხისა მოუტანიაო. წინათვე დანიშნულია თურმე, რის ნაკლებ არ უნდა ჰქონდეს ყურძენს სიტკბო, და თუ დანიშნულზე ნაკლები აქვს, არ მიიღებენ. როცა ამგვარად მოგროვდება ყურძენი, მაშინ ყოველ ხარისხს ყურძნისას ცალკე სწურავენ, ცალკე ადუღებენ და ცალკე აყენებენ. როცა ღვინო საკმაოდ მზად არის გასასყიდად, ჰყიდიან წვრილ-წვრილადაც და ნარდადაც, მოთხოვნილებისამებრ. ხარჯგარეით დახლს მერე უყოფენ ამხანაგთა, მათგან მოტანილ ყურძნის რაოდენობის კვალობაზე, და დახლიდანვე იღებენ ნაწილს საამხანაგოდ ძირის-ფულის შესადგენად. ისე კარგად მიდის თურმე ამხანაგობის საქმე, რომ დღეს-აქამომდე მომდურავი არავინ არა ჰყავს; პირიქით, ბევრგან მოჰკიდეს ხელი ამგვარ ამხანაგობასა და დიდს სარგებლობას ჰხედავენ. 1865 წელს დაიწყო ამგვარი მოძრაობა მევენახეთა შორის და პირველი ამხანაგობანი მაიშოსსა და ავრეილეში გაჩნდა 1869 წ., 1874 წ. კობლენცის ახლო, არას მდინარის დაცემულ ვაკეზე შვიდი ამისთანა ამხანაგობა შესდგა ვენახის პატრონთაგან. ამ ამხანაგობათა წყალობით ღვინის მსმელნი კარგ ღვინოსაც ჰშოულობდნენ სასმელად და რაც შეიძლება იეფადაც და ეს იეფობა არც მოჭირნახულეს აკლებს ფასსა, რადგანაც იგი იეფობა მოჭირნახულის ფასის დაკლებისაგან კი არ არის წარმომდგარი, არამედ ჯერ იქიდამ, რომ შუაკაცობისათვის სადალალოს არავინ ჰღებულობს, და მეორე იქიდამ, რომ წურვა, ღვინის დაყენება, მოვლა-პატრონობა, ღვინის შესანახი ჭურჭელი, თვითეულს ამხანაგს ცალკე ნაკლებ უჯდება, რადგანაც ყოველივე ეს საერთოდ კეთდება. ერთს მარანში, და ეს საერთო ხარჯი თვითეულისათვის ბევრით ნაკლებია იმაზედ, რაც თვითეულს ცალკე დაეხარჯებოდა. რაკი მოჭირნახულეს ნაკლებ უჯდება ღვინო, ამოდენადვე ნაკლებ ფასად გაყიდვასაც მისთვის არაფერი ზარალი არ მოაქვს.
ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ამ საგანზედ უფრო ვრცელ ცნობებს წარვუდგენთ ჩვენს მკითხველებს, როცა წესდებას ამგვარ ამხანაგობისას მივიღებთ. იგი ქართველი, რომელსაც ამ ამხანაგობის საქმე თავის თვალით უნახავს, გვპირდება გადმოგვცეს ყოველივე, რაც კი ამ საგანს ასე თუ ისე შეეხება.