top of page

ჩვენი ლიტერატურის დღევანდელი ყოფა

  • Writer: nino otiashvili
    nino otiashvili
  • Jan 9, 2024
  • 2 min read

1886 წელი


გუშინდელ და დღევანდელს „ივერიის“ ფელეტონში ორმა სულ სხვადასხვა ავტორმა ერთი და იგივე საგანი დაგვიყენა თვალ-წინ განსაჩხრეკად და განსაკითხად. უნდა ვსთქვათ, რომ ეგ საგანი მწვავი ტკივლია დღევანდელის დღისა, დღევანდელის დღის ვარამია. ორივე ავტორნი ერთნაირის გულწრფელობით, ერთნაირის გონება-დამჯდარობით, საგნის ღირსებისამებრ მართებულობით გველაპარაკებიან ჩვენის ლიტერატურის დღევანდელს ყოფაზედ; რიგიანის დაკვირვებით და დინჯად ჰსინჯავენ ამ ყოფას საზოგადოების მიმართ და თვით საზოგადოებას ამ ყოფის მიმართ. ორივე თითქმის იმ აზრზედ სდგანან, რომ ჩვენის ლიტერატურის დღევანდელი უღონობა იმაზეა დამოკიდებული, რომ ლიტერატურა ჩვენში ლუკმა-პურს არ იძლევინებაო და ამიტომ მწერლობა ჩვენში შემთხვევითია და არა დაჩემებული, გამოსაკუთრებული მოღვაწეობაო. ამ დადგინებას სიტყვა არ შეებრუნება. ვინ არ იცის, რომ ვინც ჩვენში ლუკმა-პურის შოვნის ზრუნვას დროს გადაარჩენს და მოიცლის, მარტო იგი იღებს ხელში კალამსა და სწერს და ისიც მარტო მაშინ, როცა მოცლილია. ლიტერატურული მოღვაწეობა ბუნებითად იმისთანა რამ არის, რომ დღე-მუდამ უკან დევნა უნდა, დღე-მუდამ მის სფერაში ტრიალი, დღე-მუდამ ფიქრსა და ტვინის მოძრაობაში უნდა იყოს მისი მიმდევარი კაცი. ამისთანა გარემოება აიძულებს კაცს მთლად ამ მოღვაწეობაზედ იყოს გადაგებული, გადადებული და მაშინ იგი მოიმოქმედებს მას, რის შემძლეც არის თავისის ნიჭითა და მომზადებულობითა. დღევანდელი ჩვენი ყოფა-ცხოვრება ამის ნებას არ იძლევა. ამისთანა გარემოებას კიდევ სხვა ზარალიც მოაქვს. რადგანაც არავის არ ეგულება, რომ ლიტერატურული შრომა და ჯაფა ცხოვრების საღსარს მომცემსო, არც არავინ ჰბედავს ამ-გვარის მოღვაწეობისათვის რიგიანად და საფუძვლიანად მოემზადოს. ქვეყნიერობაზედ არ არის, ჩვენის ფიქრით, სხვა იმისთანა საგანი და მოღვაწეობა, რომ ასეთი ხანგრძლივი და საფუძვლიანი მომზადება უნდოდეს წინათვე, როგორც ლიტერატურა და ლიტერატორობაა. ცარიელი, მოუმზადებელი, უწურთვნელი ნიჭი არ- გადახალისებული მადანია და ამიტომაც ბევრს ვერას შესძლებს ლიტერატურის სარბიელზედ.


ჩვენ ყოველივე ეს სამართლიანს საბუთს გვაძლევს, რომ პატივცემულთ ავტორებს განვუზიაროთ აზრი შესახებ იმა უმთავრესის მიზეზისა, რომლის მეოხებითაც ჩვენ არც თავგადადებული მუშაკი გვყავს ლიტერატურისათვის და არც საკმაოდ ამისათვის მომზადებული. აქ გასამტყუნარი არავინ არ არის, გარდა გარემოებისა.

ყველამ ვიცით, რომ ლიტერატურას ასაზრდოებს საზოგადოება. ჩვენდა სამწუხაროდ, უნდა აღვიაროთ, რომ ჩვენს ლიტერატურას დღე-და-დღე საზოგადოება აკლდება. დღეს თუ ჩვენს ლიტერატურას მკითხველი და გულშემატკივარი ჰყავს, ერთი ეგრეთ-წოდებული ინტელიგენციაა, რომელსაც თითონაც არა აქვს საზრდო ცხოვრებისა, და მეორე — ძველნი ქართველნი, კაცნი თუ ქალნი. ყოველი კი ახლად მომავალი, ნამეტნავად ქალები, ჰთაკილობენ ქართულს ლიტერატურას და იკვებებიან იმ წვრილად ფშხვნილ ნამცეცებითა, რომელიც აქაურს წვრილმან გაზეთებს ყოველდღე ტომრებით მოაქვთ. თუმცა ეს ასეა დღეს, მაგრამ იმედია, რომ ქართული ლიტერატურა გავრცელდება ჩვენში და მაშინ ჩვენი ეგრეთ-წოდებული მაღალის წოდების ხალხი, თუნდა სრულიად დაეთხოვოს კიდეც ჩვენს ლიტერატურას, დიდი არაფრისაა. საქმე ის არის, ჩვენი ერი მომზადდეს, გონების გახსნის გზაზედ იმოდენად წარიმართოს, რომ როგორც პურის საჭიროებას ჰგრძნობს ხორცისათვის, ისეც ლიტერატურა მიიჩნიოს სულისა და გულისათვის. თუ, ღვთის მადლით, ჩვენი სასოფლო სკოლები და ერთობ ის სასწავლებელნი, რომელთაც კარი მუდამ და დაუბრკოლებლივ ღია აქვთ ყველასათვის, რიგიანად მოიმართნენ და თავის უწმინდაესს დანიშნულებას გვერდი არ აუქციეს, უეჭველია გამრავლდება როგორც მუშაკი ლიტერატურისა, ისეც მუშტარი და მაშინ ლიტერატურა და საზოგადოება უკეთ მოეწყობა, უკეთ მორიგდება და მოთავსდება ერთმანეთში.


ამ იმედით აღფრთოვანებული და გატაცებული იბრძვის და იღვწის დღეს მშიერ-მწყურვალი უანგარო მუშაკი დღევანდელის ჩვენის ლიტერატურისა. ეს მართალია, თავგანწირვაა, სხვერპლია, და თუმცა ამ მსხვერპლს ქართველთა დღევანდელი უმადურება აორკეცებს და წამებად ჰხდის, მით უფრო უმშვენიერესია ის ბრწყინვალე სახსოვარი, რომელიც აღიმართება ძეგლად მერმისის გულში.

Recent Posts

See All
წერილები ქართულ ლიტერატურაზე

1892 წელი I ჩვენს გაზეთში დაბეჭდილი იყო წერილი, რომელსაც სახელადა აქვს: „ხმა შორიდამ“ და რომელიც შეეხება ეგრედ წოდებულს „ახალს და ძველს...

 
 
bottom of page