ჩვენი გლეხობა და ტყეებით სარგებლობის საქმე
- nino otiashvili
- Dec 5, 2023
- 2 min read
უმთავრესი მიზეზი ჩვენის გლეხობის ჩივილისა და დრტვინვისა სახელმწიფო ტყეების გამგეობაა. ყოველის მხრიდან ისმის, რომ სახელმწიფო ტყეების გამგეობისაგან ხალხს არაქათი აქვს გაწყვეტილი. თუ ხალხი გულნატკენია, თუ ხალხი ჩივის და დრტვინავს, ესე ყოველი ტყის მცველების ბრალია, რომელნიც დაუსჯელად ხალხს ტყავს აძრობენ ტყის ხმარების აუცილებლობის გამო.
არც ერთის წოდების გამგეობა ჩვენს ქვეყანაში ისე უთავბოლოდ და ღვთის ნებაზე არ არის მინებებული, როგორც სახელმწიფო ტყეების გამგეობა. სწორედ ეს ტყის გამგეობა ტყის ხელისუფალთა გამდიდრებისათვის შეიქმნა და გლეხის განადგურებისათვის. ჩივიან, ჰკვნესიან ტყის მცველთა ბოროტმოქმედებისაგან, მაგრამ გამკითხავი არავინ არის.
ჩვენს გლეხობას სადგომიც და მეურნეობაც ისე აქვს მოწყობილი, რომ ბევრი შეშა უნდება სათბობლად, პურის გამოსაცხობლად, და მრავალი ხე-ტყე შენობისათვის, ღობის და ჭიგვისათვის. ჩვენებურის გლეხისათვის ტყე ისე საჭიროა, როგორც არსებითი პური. უტყეოდ ჩვენებური გლეხკაცი ვერ დადგება ისე, როგორც უპუროდ. ეს იციან სახელმწიფო ტყის გამგეთა, ამით სარგებლობენ და უბედურს, უნუგეშოს, და მაინც ქვეყნის მაცხოვრებელს გლეხს ტყავს აძრობენ, როცა კი ხელში ჩაუვარდებათ. რომ ხშირად ჩაუვარდებათ ხოლმე, ეს აშკარაა, იმიტომ რომ გლეხს თითქმის ყოველდღე უნდება ტყე და ამის გამო თითქმის ყოველდღე ატუზულია „ლესნიჩის“ სახლის წინ ბარათისთვის. რამდენ ტანჯვას გამოივლის,რამდენს ხარჯს ჰწევს, რამდენს დროსა ჰკარგავს, ვიდრე „ლესნიჩი“ ინებებს და ბარათს მისცემს ტყეში შესვლისათვის. ერთი ურემი ფიჩხი რომ უნდოდეს, სამს ცეცხლში უნდა გამოიაროს საწყალმა გლეხმა: ეს „ლესნიჩიაო“, ეს „ობიესჩიკიაო“, ეს „პოლესოვჩიკიაო“. მერე როგორღაც ჩვეულებად დაეკვებათ ამ სამს პირს, რომ ხახა უნდა დაილბონ ყოველს შემთხვევაში, — და ულბობს ხახას საწყალი გლეხი, რადგანაც მეტი გზა არა აქვს. წავა ტყეში „ლესნიჩის“ ნებართვითა, დაუდებს ფიჩხს, თუ შეშას, რომლისთვისაც წინათვე ბაჟი აქვს გაღებული, გამოვა ტყიდან საწყალი და სულ იმ ფიქრშია, შარი რამ არ მომიდონო და ერთი ურემი ათად არ დამისონო. ეფერება საწყალი „პოლესოვჩიკსაც“,„ობიესჩიკსაც“,„ლესნიჩსაც“ და გულში ჰსწყევლის თავისის გაჩენის დღესაც და ამ სამს პირდაღებულს მგელს, მასზედ მისეულს.
სახელმწიფო ტყეების გამგეობა ისეა ყველგან მოწყობილი, რომ საგნად სამი რამა აქვთ: 1) ტყეების წესიერად მოხმარება და საბოლოოდ გამოზოგვა; 2) ტყეებიდამ ჯეროვანი შემოსავალი ხაზინის სასარგებლოდ და 3) სამართლიანი, გაუჭირვებელი ტყით სარგებლობა მცხოვრებთათვის.
ჩვენში ტყეების გამგეობა იმ გზაზედ მიდის, რომ ტყეები არამც თუ საბოლოოდ იზოგვება, არამედ სულ ძირს დაცემულია თითქმის და გათახსირებული; ხაზინას არამც თუ ჯეროვანი შემოსავალი შემოსდის, არამედ იმის ნაათალიც არ შემოსდის, რაც ტყეებს ნამდვილი შემოსავალი აქვთ, და რაც ნამდვილსა სჭარბობს, ეგ კიდევ მეტია; თვით მცხოვრებნიც ისე არარაისაგან გაჭირვებულნი, შეწუხებულნი და განადგურებულნი არ არიან, როგორც ტყეთა გამგეობის ბოროტმოქმედებისაგან. არაქათგაწყვეტილმა გლეხობამ აღარ იცის რა ქნას, როგორ დაიხსნას თავი ტყეთა გამგეობის თვითნებობისაგან, რბევისა და შარისაგან. „ივერიაში“ რამდენჯერმე იყო მოხსენებული ერთის „ლესნიჩის“ ოინბაზობა, მაგრამ ამბობენ, რომ ამის ოინბაზობა ყვავილიაო მასთან, რასაც სხვაგან თურმე ტყის გამგენი ჰსჩადიან. როდის უნდა მოეღოს ბოლო ამ ბოროტმოქმედებას, რომელიც ასე ძმარს ადენს ცხვირიდან საწყალს გლეხობასა და თავის გაჩენის დღეს აწყევლინებს. ნუთუ იმათ ვის ხელთაც არის ამ ბოროტმოქმედების ძირით აღმოფხვრა, ჰგონიათ, რომ ეს სახუმარო ამბავია, და ამიტომაც ყურს არ ათხოვებენ ამ ყოვლად შემაზარებელს, ყოვლად შემაწუხებელს და ყოვლად მოუნელებელ თვითნებობას ტყეების მცველებისას. დროა, დრო, ყურადღება მიაქციონ და ვიდრე საშველია დაიხსნან საწყალი გლეხობა იმისთანა რბევისა და მტაცებლობისაგან, რომელიც ამჟამად იმათ საუბედუროდ და ტყეთა-მცველების საკეთილოდ ეგრე საჯაროდ, აშკარად, ჩვენში სუფევს. ტყე ტყედ ფუჭდება, გლეხობას ერთი-ათად უჯდება ტყის ბაჟი, ხაზინას ამით არამცთუ ემატება რამ, არამედ ბევრიც აკლდება, და მეტყევენი-კი ნავარდობენ და გლეხის ცრემლით და ოფლით ანგარების წყურვილს იკლავენ.