top of page

შინაური მიმოხილვა 1892 წლისა

  • Writer: nino otiashvili
    nino otiashvili
  • Jan 9, 2024
  • 5 min read

ტფილისი, 1 იანვარი, 1893 წ.

XXVIII


შემოვდგი ფეხიო, გწყალობდეს ღმერთიო, იძახის დღეს დაბადებული ახალი წელიწადი. გწყალობდეთ ღმერთი, ვიძახით ჩვენც და ზედ ვუმატებთ, ღვთის წყალობასთან ერთად წყალობა მოიღოს ჩვენზე ჩვენმა მხნეობამაც, ჩვენმა გამრჯელობამაც და ფრთა-ასხმულმა სიყვარულმა ქვეყნისამ, დღეს-აქამომდე უქმი ქართველი საქმიან კაცად გარდაჰქმნას მისის ქვეყნის სასიხარულოდ და სასიქადულოდ.


ღმერთო, გვისმინე ეს ვედრება, ეს ნატვრა, მოგვეც ძალ-ღონე საქმის ქმნისა, და ჩვენი მარჯვენა, ჩვენი ჭკუა და გონება, ჩვენი გული მოგვახმარებინე ჩვენის ქვეყნის გასაღონიერებლად, გასაძლიერებლად. ღმერთო, მოუმართე ხელი ყოველ იმას, ვინც თავის საკუთარ ბედნიერებად ჰხადის მთელის ქართველობის ბედნიერებას და ამ პატიოსან ხადილით განდიდებული და გაძლიერებული გამოვა სამოქმედო მოედანზე და თავგანწირულობით მხნედ მებრძოლი საქმის ბურთს გაიტანს მოედნიდამა ასე თუ ისე, და ნავალი გზა, მისგან თელილი, ბრწყინვალე კვალს დასტოვებს შემდეგთა სამაგალითოდ და მადლობით მოსახსენებლად.

ეს ნატვრა, ეს ვედრება მით უფრო საჭიროა დღეს, რომ ეს ახალი წელიწადი დიდის იმედებით დაგვებადა და ბრწყინვალე იმედებითაც. ამ დიდს იმედებს დიდი მხნეობაც უნდა, დიდი ჭკუისა და გულის დადება, დიდი წინდახედული გარჯა და საქმიანობა.


წარსულმა წელმა, რომელიც ჩვენგან დიდის მადლობით მოსაგონია, ბევრი რამ უანდერძა ამ ახალს წელიწადს. ეგ წარსული წელი კარგა მსხმოიარე წელიწადი იყო ჩვენის ჭკუა-გონების და გულის სამოქმედოდ დაძვრისათვის და თუმცა თითონ ვერა მოიმკო-რა, მაგრამ იმითაც სადიდებელია, რომ მოსავალი მოთესა, მოიყვანა და ახალ წელიწადს დაულოცა: აი მოვხან- მოვთესე, შენ მომკე და შეირგეო, ეხლა შენ იცი და შენმა გამრჯელობამაო, მე-კი გეთხოვები სამუდამოდ და დასარულ გეუბნები: რაც შევიძელ, იგი ვქმენო!


მართალიც არის: რაც შეიძლო, იგი ჰქმნა, და ამასაც ვიტყვით, - ამისთანა საქმიანი წელიწადი ბევრი არ ჩამოითვლება ჩვენში ამ ოთხმოც-და-ათის წლის მანძილზე. რა ჰქმნა ასეთი ამ განვლილმა წელიწადმაო, იკითხავს მკითხველი. ისა ჰქმნა, რომ ორი დიდი ძალა წამოაყენა ფეხზე ჩვენში, იმისთანა ძალა, ურომლისოდაც წარმატება ერისა, მისი წინსვლა, მისი ბედნიერება, ჯანმრთელობა, დღეგრძელობა, ღონიერობა - შეუძლებელია და წარმოუდგენელი. ერთს ეძახიან ძალას თვითმოქმედებისას და მეორეს — თავის-თავის იმედისას.


დიაღ, ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ერი მიხვდა, რომ ღვთის მიმართ ხელთ-აპყრობა, ლოცვა და ვედრება კარგია, მაგრამ თითონ ღმერთს მარტო თვითგამრჯელი, თვითმომქმედი, ხელ- გამომავალი კაცი უყვარს და ამისთანა კაცსა ჰშველის, ამისთანა კაცსა სწყალობს. მიხვდა, რომ ამა ქვეყნის სუფრაზე ადგილი აქვს მარტო იმას, ვინც დამყარებულია თავის საკუთარ მხნეობაზედ, თავის საკუთარ მარჯვენაზედ და ვინც თავის-თავის იმედით ჰგულოვნობს, ვინც თავის-თავის იმედით ომობს და იბრძვის ამ წუთისოფელში — არსებობისა და საპატიო ადგილის დაჭერისათვის. მე თუ თითონ არა ვარ ჩემის ქვეყნისათვის, ჩემის თავისათვისაო, სხვა უფრო არ იქნებაო, — ამ აზრმა თავი იჩინა საყოველთაო დასანახავად უფრო წარსულ წელს, ვიდრე სხვა დროს როდისმე.


ამ თვითმოქმედებით და თავის-თავის იმედით დაწყებულ საქმეთა ზოგიერთი მაგალითები წინა-წლების მეოხებითაც თვალ-წინა გვაქვს. ჩვენი ბანკები, ჩვენი საზოგადოებანი - წერა- კითხვის გამავრცელებელი, დრამატიული, ღარიბთა მოსწავლეთა შემწეობისათვის, ჩვენი სკოლები, ქართველთა წიგნთა გამომცემელი ამხანაგობა, - ყოველივე ესენი ერთად და თვითოეულად ცალკე ჩვენის თვითმოქმედების, თავის-თავის იმედის შვილები არიან და, როგორც ვხედავთ, თუმცა ტაატით, მაგრამ მაინც ძლიერდებიან და მატებით წინ მიდიან დღითი-დღე ჩვენდა სასიხარულოდ და სანუგეშოდ. ყოველივე ეს მომხდარია ამ ოცს წელიწადში თითოობით, ხანდაზმობით, დროგამოშვებით, კანტი-კუნტად, ხოლო წარსულმა წელიწადმა ერთბაშად მოგვიხნა და მოგვითესა უშველებელი ნაყოფიერი და ნოყიერი დიდი მინდორი საეკონომიო მოქმედებისა, აქამდე უქმად დებული, დაუძრავი და ჩვენ მიერ თითქმის ხელუხლებელი. მომწიფდა ჩვენში ის აზრი, რომ სულიერ ღონესთან ერთად უნდა ვლიდეს ღონე ხორციელიც, რომ სულის, ჭკუისა და გონების გაძლიერებას მხარ-და მხარ უნდა მოსდევდეს ქონების, ჯიბის გაძლიერებაცა, რომ ერი და ქვეყანა, რომელთაც ან ერთი აკლია, ან მეორე, ცალფეხა კაცსა ჰგავს, და როგორც ცალ-ფეხა კაცი შორს მანძილს საჭირო სიმალით ვერ გაივლის, ისეც ერი, ქვეყანა, ვერას გახდება, თუ თავის წარმატების საყევარში ეს ორი უღლადი, ყოვლთ-შემძლებელი ძალ-ღონე არ ეყოლება შებმული ერთად და განუყრელად.


ეს ვიგრძენით, ეს ვიცანით. ამას მივხვდით ჩვენ, და წარსულმა წელიწადმა დაგვიმტკიცა, რომ ჩვენ ამასთან გამჭრელი თვალიცა გვქონია საქმის დასანახავად, გონებაც - გამოსარჩევად, ხელიც - მისაწვდენად და მარჯვენაც - საკეთებლად. დავიწყოთ იქიდამ, რომ ამ გრძნობით, ცნობით და მიხვედრით ფრთა-ასხმულებმა შარშან შეადგინეს ერთი პატარა, ჯერ-ხანად ჩუმი, ხმაამოუღებელი, მშვიდობიანი „სახლების ამშენებელი ამხანაგობა“, რომელსაც საგნად დაუდვია ერთი-ერთმანეთის მიშველებით, ერთი-ერთმანეთის შემწეობით თავის წევრთ სახლები უშენოს ქალაქში. ეს ამხანაგობა არ შობილა ბუკითა და ნაღარითა, არა ჰყვირის ჩხავანა კატასავითა - ქვეყნის მხსნელი მე ვარო, მაგრამ ჰსაქმობს კი ჩუმად, დაუღალავად, და თავდებობაც მისის გაძლიერებისა, განდიდებისა, ამ თითქმის კდემით-მოსილს მოქმედებაშია. ვიმედოვნებთ, რომ იგი, ეხლა თვალად პატარა, თავის დროზე დიდ საქმედ გადიქცევა და ჯეროვანს ყურადღებას დაიმსახურებს ჩვენში.


შარშანვე დაიძრა მედგრად და ჰლამის განხორციელებას ღვინის საქმე ჩვენში. ვენახების პატრონებმა კახეთში დაინახეს, რომ ჩვენებურ ღვინოს ღირსეული მერმისი მოელის; რომ თუ თითონვე არ მოჰკიდებენ ამ დიდს საქმეს ხელს, ეს ძვირფასი სავაჭრო საქონელი ჯერ ჰფოლდება ღირსებით და აბრუ უტყდება, რადგანაც ვაჭარნი აფუჭებენ, და მერე აკლდება ფასი, რადგანაც ბაზარი არა აქვს, და საცა აქვს - იქაც გამორჩომა ვაჭარსა რჩება და არა ვენახის პატრონს, რომელსაც დიდის ლუკმისაგან არგუნებენ ხოლმე ნასუფრალს ვაჭრობისას, ძლივ- ძლივ საკმარს ვენახისავე სახარჯოდ. დაინახეს, რომ ამ გზით თვისის ოფლის ნაამაგარით სხვას ამდიდრებენ და თითონ-კი ჰღარიბდებიან. დაიძრა აზრი ამ უნუგეშო ყოფისაგან გამოსახსნელად. ჰფიქრობენ, მოქმედობენ, ირჯებიან, რომ ამ სატკივარს ჯეროვანი წამალი მოუპოვონ და იმედია, რომ მეცადინეობა ამ შემთხვევაში უქმად არ ჩაუვლით. საქმე ის არის, რომ გაჭირვება ნაგრძნობია საერთოდ და საყოველთაოდ, და ქართველს ოღონდ გაჭირვება უჩვენე და გაქცევას თითონ მოახერხებს, ღვთისა და ქვეყნის წყალობითა.


წარსულ წელსვე უნდა მადლობა ვუთხრათ, რომ ჩვენი თავად-აზნაურობა სხვა მხრითაც გამოაფხიზლა და მიახვედრა იმ აზრს, რომ ჩემს ქვეყანაში ყოველივე საქმე უფრო უპრიანია ჩემ ხელთ იყოს, ვიდრე სხვის ხელშიო; თუ რამ გაკეთდეს, ჩემის ხელით გაკეთდესო, და თუ გამორჩომაა რამე, მე გამოვრჩე, სხვის გამორჩომასაო. აქამომდე ამ-გვარ საქმეებისათვის ჩვენ მიძინებულნი ვიყავით, ჩვენის ქვეყნის სხვანი ხეირობდნენ, ჩვენის ქვეყნის საქმეებისაგან სხვანი მდიდრდებოდნენ და, თუ ლუკმა გავარდეს, ისევ ჩემს ჯამში ჩავარდეს, ის არა სჯობიაო? კახეთის რკინის-გზა ერთი ამისთანა ლუკმაა. თავად-აზნაურობა ამით გაიჩენს ერთს მდიდარს წყაროს, ერთს უეჭველს ღონეს გამოკეთებისას, მოჯობინებისას თავის- თავისა და ქვეყნის წარმატების გზაზე. ეს ისეთი საქმეა, რომ ამის ხელიდამ გაშვება ერთი შეუნდობარი ცოდვა და დანაშაულობა იქნება წინაშე ქვეყნისა საერთოდ და თვითოეულისა ცალკე. თავად-აზნაურობამ თავის სასახელოდ სწორედ ამ თვალით შეხედა ამ საქმეს და 20 დეკემბერს საგანგებო კრებამ საგუბერნიო თავად-აზნაურობისამ ეს საქმე თვის საკუთარ საქმედ იცნო და დაადგინა, მაგ საქმეში ჩვენ უნდა ჩავებნეთ და არავინ სხვაო.


არც გლეხობა დარჩა შარშან უიმისოდ, რომ არ დაძრულიყო თავის სახსნელად და წარსამატებლად. იგიც დაადგა ამ ყოვლად-მხსნელს და ყოვლად-შემძლებელ თვითმოქმედების გზას და ძირს დადებულს შვილდს თავისთავის იმედისას დასწვდა თავის ძლიერის ხელით ასაღებად. გლეხკაცობამაც იგრძნო, რომ სხვის ხელში ყურება არაფერი თამასუქია; რომ თვის სატკივარს თითონვე უნდა უწამლოს, თავის-თავს თითონვე უნდა უშველოს. ამისათვის გაიწერა თავის ნებაყოფლობით პური, რომელიც ფულად უნდა იქცეს და ფული მოხმარდეს მიწათმოქმედების განკარგებას, გაძლიერებას, იმ გზით, რა გზითაც თითონ დაინახავს საჭიროდ. დღეს-აქამომდე ტფილისის გუბერნიის გლეხკაცობას ნახევარ მილიონზე მეტი აქვს პური თუ ფული ამ საქმისათვის მოგროვებული.


აი, სხვათა შორის, რა საქმეები დასთესა წარსულმა წელიწადმა ჩვენში და რა საქმეები უანდერძა ახალსა. ღმერთმა ჰქმნას, რომ ეს ახალი წელიწადი კვლავ ისე პირნათლად გამოგვეთხოვოს, როგორც პირნათლად წარსული გამოგვემშვიდობა, და ყოველს ამისთანა საქმეს იმისთანა კაცები შეახვედროს, რომ ჩვენ, იმ კაცების ღვაწლის მნახველთა, თავი მოვიწონოთ ქვეყნის წინაშე და ვსთქვათ თამამად: ჩვენც კაცნი ვართ და არა-რა კაცებური არ გვეუცხოების.


ღმერთმა ჰქმნას, რომ ეს ასე მოხდეს, და მოხდება კიდეც, თუ არ დავივიწყებთ, რომ თვითოეული ჩვენგანი, - გლეხია,თავადი, აზნაური, ქალია თუ კაცი, - სულ ყველანი ერთად ქართველები ვართ, ჭირსა და ლხინში განუყრელნი და განუყოფელნი. ამიტომაც სიკეთისათვის ბრძოლაში თვითოეულს ჩვენგანს ყველანი ერთნაირად უნდა ახსოვდეს, რათა გარჯით და ბრძოლით მოპოებულ სიკეთისაგან ყველას თავისი წილი ერგოს უნაკლულოდ. მარტო ამ საერთო სიყვარულით გამსჭვალული კაცია უძლეველი და გამარჯვებული.ღმერთიც ამისთანა კაცსა სწყალობს და ქვეყანაც ამისთანა კაცის სახელს ჰლოცულობს, რადგანაც საქვეყნო საქმე მარტო ამისთანა კაცებისაგან ჰრიგდება და კეთდება.

Recent Posts

See All
შინაური მიმოხილვის მაგიერი

1881 წელი, იანვარი ეს — შარშან ახალი, და წელს ძველი წელიწადიც - ჩაჰბარდა პატრონს. რა იმედებით ვიყავით აღვსილნი, როცა ამ ძველმა წელიწადმა...

 
 
bottom of page