top of page

შინაური მიმოხილვა - 1883 ოქტომბერი

  • Writer: nino otiashvili
    nino otiashvili
  • Jan 9, 2024
  • 13 min read

XXV


ცვლილება. - ვინ კითხულობს. - უჯერონი და ურწმუნონი. - რა გვეღირსა. - დიდი საქმე. - ქმნა უქმნელისა. - რათაო? - ფიცი ხომ გვწამს. - ორი მინისტრი. - მოკლე ხანი. - ჩვენი ქვეყანა სულ სხვაა. - უქმი ფიქრი და გაფლანგული ღონე. - საგანი რთულია. - მაგრამ ვინ იცის. - რით ვინუგეშოთ. - ღვთის წყალობა. - კახეთისკენ რკინის-გზა. - არყის გამოხდის ბაჟი. - იჯარით გაცემა სახელმწიფო მამულებისა. - სახელმწიფოს მხრით დავის გამოცხადება მამულების გამიჯვნის დროს. -მინისტრის პროექტი ტყეების დაცვის შესახებ. - სახელმწიფო ტყიდამ სარგებლობა. - სამეურნეო სკოლები სოფლისა.


გაუქმდა განსაკუთრებული მთავარმმართველობა კავკასიისა. იგი მთავარმმართველობა მოირიგეს თავ-თავად შიდარუსეთის სამინისტროებმა. შეიცვალა ყოველისფერი ქაღალდზედ და რა დაეტყო მით აქაურს ცხოვრებასა, რით იჩინა ამა ცვლილებამ თავი, ამას არც არავინ კითხულობს და არც არავისა აქვს სურვილი რომ იკითხოს. ან რა გამოვა — ბევრიც თავი რომ ვიცხელოთო, იტყვიან ზოგიერთნი უჯერონი და ურწმუნონი.


ჩვენ ამ უკანასკნელთ არასდროს და არასმხრით არ მივცემთ ბანსა და არც დავეთანხმებით. როგორ თუ რა გამოვაო? ეგ ცვლილება რომ არ მომხდარიყო, განა ჩვენ ოდესმე გვეღირსებოდა იმისი ნახვა, რაც ამ ზაფხულს ვნახეთ! ორი მინისტრი ზედა-ზედ ეწვივნენ ჩვენს ქვეყანასა და განა ეგ ცოტაა. აბა როდის გვღირსებია ეგ იშვიათი დიდება? უწინ, როდესღაც ყოფილა თურმე, რომ ჩვენ გვწვევია სამხედრო მინისტრი. მაგრამ ეს ასეთი ძველის-ძველი ამბავია, რომ არც კი გვახსოვს. მას აქეთ იმოდენა დრო ჩაჰბარდა თავის პატრონსა, რომ დღეს არც კი ვიცოდით, მინისტრი ჩვენებრივი სიკვდილის-შვილი კაცია, თუ ზესთა-ქვეყნური.


არა, ბატონებო, ამ ცვლილებამ დიდი საქმე ჰქმნა: ამ ზაფხულს ორი მინისტრი ჩვენის თვალით დაგვანახვა, ჩვენის საკუთარის ყურით გაგვაგონა. დიდი უმადურობა იქნება ჩვენის მხრით, რომ მოხდენილს ცვლილებას ალმაცერად დავუწყოთ ყურება, არ დავენდოთ და მისგან კიდევ ბევრს ამისთანა სიკეთეს არ მოველოდეთ. ჯერ ახალი ხილია და ამ-სიდიდე გზა გაუხსნა ჩვენს სასოებასა; მაიცათ, ერთი ცოტაოდნად მოძველდეს და მაშინ ნახავთ, რაც გამოვა ამ ცვლილებისაგან.


დიახ, ბატონებო!.. ამ ცვლილებამა ჰქმნა ის ყოვლად უქმნელი საქმე, რომ წლევანდელ ზაფხულში ორი მინისტრი — ერთი გზათა მინისტრი და მეორე სახელმწიფო ქონებათა — ზედა-ზედ მობრძანდნენ ჩვენს ქვეყანაში. რათაო? იკითხავთ თქვენ. ჯერ იმიტომ — რომ ცვლილება მოხდა. მეორე — იმიტომ, რომ ჯერ მათგან არ-ცნობილი ქვეყანა თავის თვალით ენახათ, მისი ავ-კარგიანობა შეეტყოთ, მისი ჭირი და ლხინი გაეგოთ და ყოველივე ამით აბჯარ-ასხმულნი შესდგომოდნენ თავ-თავიანთ საქმეს ჩვენის ქვეყნის სამოთხედ გადაქცევის

შესახებ. ნუთუ ამას იქით კიდევ ვინმე გაბედავს თქმას: რა გამოვაო? თუ აქედამაც არა გამოვა რა, მაშ სხვა საიდამღა უნდა რამ გამოვიდეს!


დავწყნარდეთ და სახეში ვიქონიოთ, რომ ეს ორი მინისტრი იმისთანა უწყებისანი არიან, რომელნიც, ასე თუ ისე, ძირეულად შეეხებიან თითქმის ყოველს ღონეს ეკონომიურის წარმატებისას. ერთის თავი და ბოლო გზების სიკეთეა და მეორისა — სახელმწიფო ქონების იმ-რიგად მოხმარება და გამგეობა, რა-რიგადაც მოუხდებოდა სახელმწიფოსა და ქვეყანასა. ამიტომაც ეკონომიურის წარმატების მონატრულმა იმათი მოსვლა ჩვენში საყურადღებო ამბავად უნდა ჩასთვალოს. ფიცი ხომ გვწამს და ბოლო გვაკვირვებს თუ არა, ეგ ვისთვის რა ხელსაყრელია!..

მოდი და ნუ იტყვით!.. ის მოკლე ხანი, რაც ამ მინისტრებმა ჩვეში დაჰყვეს, იქნება ქვეყნის თვალ-და-თვალ დასახედავად საკმარისი იყო, მაგრამ ქვეყნის ამბის შესატყობად კი რა მოგახსენოთ. ერთხელ და უკანასკნელ საცოდნელად საჭიროა, რომ ჩვენი ქვეყანა ყოველის მხრით და ყოვლისფრით სულ სხვაა. იმის ცხოვრებას, მოქალაქურს, თუ ეკონომიურს, თავისი საკუთარი დვრიტა აქვს, თავისი საკუთარი დედა, რომელსაც შეუდედებია მისი აწმყო, რომელმაც აწ უნდა შეუდედოს მისი მომავალი. ჩვენს ქვეყანას თავისი გრძელი ისტორია აქვს. ამ ისტორიამ შეჰქმნა ჩვენის ქვეყნის საკუთარნი წესნი კაცთა ერთმანეთში მოთავსებისათვის მოქალაქურად თუ ეკონომიურად. ეს წესნი ისე გამჯდარია ჩვენის ქვეყნის ძვალსა და რბილში, რომ ჩვენის ქვეყნისავე სიტყვით, რჯულთ უმტკიცესნი არიან. ამა განსაკუთრებულთა რჯულთა ზედმოქმედება ისეთი ძლიერია ერის ცხოვრებაში, რომ უყურადღებოდ დაგდება მათი მაშინ, როცა ჰფიქრობ ქვეყნის წარმატებას და განკარგებას, შეცდომაზედ მეტია. მაშინ ფიქრიც და თვითმოქმედებაც უქმია, რადგანაც უნიადაგოა და ფეხ მოუკიდებელი; მაშინ ყოველი ჯაფა და გარჯა ტყუილად დაკარგული, ტყუილად გაფანტული ღონეა. როგორც ჰაერში დაკიდებული ხე არ იხეირებს, ისე არ იხეირებს არარა ფიქრი, არარა მეცადინეობა, არარა ცვლილება, თუ ფესვის მოსაკიდებლად იგი დვრიტა, იგი დედა არა აქვს, რომელიც ზემოთ მოვიხსენიეთ.


აშკარაა, რკინის-გზით გარბენ-გამორბენა თავიდამ ბოლომდე და ბოლოდამ თავამდე ვერაფერი მასწავლებელია ამ შემთხვევაში. საგანი იმოდენა სიგრძე-სიგანისაა, იმოდენად რთულია და, ზოგიერთა მიზეზთა გამო, იმოდონად შეკუმშულია და შინ-შეკეტილი, რომ მის გამოსაკვლევად ხანგრძლივი დაკვირვება უნდა; უნდა ბეჯითი, მცოდნე და თავიდამ ფეხამდე მართლ-გამჭვრეტავი თვალი. მაგრამ ვინ იცის? საცა მდაბიურს სიკვდილის-შვილს წელიწადები მოუნდება, იქ, იქნება, მინისტრისათვის წუთიც საკმარისი იყოს. თუ მართლა ეგრეა, ვინუგეშოთ ამით და მინისტრების ჩვენში ყოფნა ღვთის წყალობად ჩავთვალოთ. ამინ და კირიე ელეისონ!


ჩვენმა თავად-აზნაურობამ, გულ-დაჯერებულმა (რა კაი გულისანი ვართ!) — რომ მინისტრები მართლა ქვეყნის ამბის შესატყობრად მოსულან, ხელთ იგდო დრო და მინისტრებს შეატყობინა ჩვენის ქვეყნის დარდი, იმოდენად, რამოდენადაც მას ამ საგანზედ თვალი უჭრიდა და დროთა ვითარება ნებას აძლევდა. არა გამოვა რაო, ყვიროდნენ აქაც უჯერონი და ურწმუნონი, მაგრამ პასუხად ეს უთხრეს: ჩვენ ჩვენს ვალს მაინც მოვიხდითო.


გზათა მინისტრს წარუდგა თავად-აზნაურობა და სთხოვა ტფილისისა და კახეთის შუა რკინის-გზა გაიყვანეთო. რა უთხრა თავად-აზნაურობამ ამ საგანზედ ბ-ნს მინისტრს და რა პასუხი მიიღო, ეს უკვე ცნობილი უნდა ჰქონდეს მკითხველს „დროებიდამ“, რომელმაც ამის შესახებ ყოველივე საჭირო ცნობა მართლა-და გარკვევით გვაუწყა. ხოლო „დროებაში“, როგორც გვახსოვს, ერთი რამ არ იყო მოხსენებული. თავად-აზნაურობამ, სხვათა შორის, ესეც მოახსენა მინისტრს, რომ თუ ჩვენი თხოვნა თქვენგან პატივ სადებია და არა უარსაყოფელი, ამ საგანზედ ვრცელს წერილს მოგართმევთო, თუ თქვენი ნებაც იქნებაო. მინისტრმა ნება დართო. მას აქეთ კარგა წყალმა ჩაიარა და ამ წერილის შედგენისათვის არამც თუ თითი არავის შენძრევია, არამედ ჩამი-ჩუმიც არ ისმის. რას ჰფიქრობს თავად-აზნაურობა? გაუცრუვდება მინისტრს, თუ დაპირებულს აუსრულებს?


თუ გვინდა რომ ამ წერილს შესაფერი ღირსება მიეცეს, ყურადღება მიიზიდოს და თითონ საგანს მთავრობაში გზა გაუხსნას, საჭიროა ორი რამ: ერთი — საბუთები ტეხნიკური, რომელნიც ინჟენერებისაგან მოიპოვება, და მეორე — სტატისტიკური და ეკონომიური, რომელთაგანიც ზოგნი ათასგან აქა-იქ გაფანტულნი არიან და ზოგნი ახლად შესაკრებნი. ერთსაც და მეორესაც ხარჯი მოსდევს და სახარჯო კი არსადა სჩანს. ამიტომაც მეტი არ იქნება ჩვენმა გუბერნიის მარშალმა მიჰმართოს თელავისა და სიღნაღის მაზრის მარშლებს, რათა მათ თავ-თავიანთ მაზრებში საგანგებო კრება მოახდინონ, აუწყონ მდგომარეობა საქმისა, მისი საჭიროება, და მოსთხოვონ თავად-აზნაურობას ღონისძიება ამა პირველ საჭიროების დასაკმაყოფილებლად. რაკი ერთხელ თავად-აზნაურობამ აღძრა ეს ფრიად სასარგებლო საქმე, რაკი აღუთქვა მინისტრს საბუთიანი წერილი ამ საქმის შესახებ, ეხლა გაჩუმება და გაყუჩება ცოდვაა და სირცხვილიცა. ასე თუ ისე ამ საქმეს უნდა უსათუოდ მოევლოს, რომ ჯერ ქვეყნის საქმეს არ ეღალატოს და მერე თავად-აზნაურობამ პირი არ შეირცხვინოს.


წავიდა გზათა მინისტრი და მოვიდა სახელმწიფო ქონებათა. ამ უკანასკნელს თავად- აზნაურობამ აუწყა წერილით ჩვენის ქვეყნის დარდი. ხოლო დროთა სიმოკლისა გამო, თუ სხვა რაიმე მიზეზისა, იგი წერილი უფრო მაგ დარდების ნუსხასა ჰგვანდა, ვიდრე ვრცელს და საბუთიანს გამოკვლევასა. თითონ წერილის სათაურიც (памятная записка) ამტკიცებს, რომ იგი დაწერილია მარტო იმისათვის, რომ მინისტრმა გაიხსენოს, რა და რა საგანს შეეხება თავად- აზნაურთა თხოვნა და რა და რა საგანზედ უნდა მიიქცეს მთავრობის ყურადღება.


ამისთანა საგანი იმ წერილში შვიდია. ჩვენ ვეცდებით ვაცნობოთ მკითხველებს საბუთები, რომელიც თუმცა მოკლედ, მაგრამ კი გარკვევით სარჩულად დაუდვა თავად-აზნაურობამ თვითოეულს საგანსა.


პირველი საგანი ტფილისსა და კახეთს შუა რკინის-გზის გაყვანაა.


კახეთი და ერთობ ალაზნის ველი მთელს თავის სიგრძესა და განზიდულებაზედ ერთი იმისთანა მხარეა, რომლის ბუნებითს სიმდიდრეს არ შეედრება არამც თუ რომელიმე მხარე ამიერ და იმიერ-კავკასიისა, არამედ მთელის იმპერიისაცა. ჰავა და მიწა ასეთია ამ მხარეში, რომ ყოველისფერი მოვა, რაც კი შეადგენს საგანს პირველ საჭიროებისას და სიმდიდრისას. თუმცა იგი მხარე ეხლა ცნობილია მარტო ღვინითა, მაგრამ ძველ დროს იგი ყოფილა ბოღაზი თითქმის მთელის საქართველოსი. საქართველოს ბაზართათვის მას უზიდნია ღვინის გარდა არაყი, ყოველგვარი ხორბალი, სიმინდი, ფეტვი, ბრინჯი, დიდის ღირსების აბრეშუმი,თამბაქო, სამღებრო და სააფთექო ნივთი, საკლავი საქონელი, მატყლი, ხილი და სხვანი და სხვანი.


ეს მხარე, ყოველთვის სიკეთით დაჯილდოებული ბუნებისაგან, ეხლა იქამდინ დაეცა, რომ მხოლოობითს წყაროს მისთა მკვიდრთა არსებობისას შეადგენს მარტო ღვინო, რომელიც აგრეთვე თანდათან ფოლდება. ამისი მიზეზი უმთავრესად ის არის, რომ ამ მშვენიერს და მდიდარს კუთხეს ქვეყნისას არა აქვს უჭირველი გზა, ესე იგი, სწრაფად სასიარულო და იეფი. ამის გამო კახეთი საქართველოს მაზრებს გამოაკლდა, დაშორდა და თვით რუსეთისაგან განზედ მოჭრით დარჩა.


ამით იმისი თქმა არ გვინდაო, ამბობს თავად-აზნაურთა წერილი, რომ ვითომც უწინ უკეთესი გზები ჰქონდა კახეთსა და ამიტომაც კახეთი მაშინ კარგს ყოფაში იყოო. პირიქით, ეხლანდელი გზები კახეთისა ბევრად უკეთესნი არიან უწინდელზედა. მხოლოდ ეს გზები უმთავრეს ბაზრებთან არ აერთებს კახეთსა და თუნდაც აერთებდეს, ხელს არ აძლევს იქაურ მკვიდრთა თავისი საქონელი ზიდონ, რადგანაც გზები საურმენი არიან და ამისათვის დიდს დროს ითხოვენ და დიდს ხარჯსა საქონლის ზიდვისათვის. ფოთი-ბაქოს რკინის-გზამ შეაერთა რა ორი ზღვა, შავი და კასპიისა, დიდი ბაზარი გაუხსნა სხვა ნაწილებს ამიერ-კავკასიისას, ალაზნის ველი კი დიდს მანძილზედ შორს დასტოვა და ამით დააშორა იგი არამც თუ რუსეთს, რომლისათვისაც კახეთს შეეძლო მიეწვდინა ყოველივე ნაწარმოები, რაც კი მოჰყავს მადლიანს სამხრეთსა, არამედ ტფილისსაცა, საცა სხვა ნაწილთ ამიერ-კავკასიისათა უფრო მალე და უფრო იეფად მოაქვთ თავისი რკინის-გზითა. თითონ ღვინოც კი იმ ადგილებისა, რომელზედაც გადის რკინის-გზა, უფრო ადვილად და უკეთესად საღდება, უფრო მალე პოულობს მუშტარსა, ვიდრე კახური ღვინო, რომელიც ღირსებით უფრო აღემატება, და რომელიც უგზოობით მარნებშივე რჩება და ხშირად მუშტრის ლოდინში ფუჭდება და გადასაღვრელად ხდება. ეს ამბავი მით უფრო სამწუხაროა, რომ კახეთს შეუძლიან გაუძღვეს ღვინით თითქმის მთელს რუსეთსა, რომელიც მილიონებსა ხარჯავს საზღვარ-გერეთს ღვინოების სასყიდლად და ამ სახით მილიონები შინიდამ გარეთ გადის.


ეხლანდელი მდგომარეობა სასოფლო მეურნეობისა კახეთში მეტად დაცემულია. დიდი შეცდომა იქნება კაცისაგან, რომ ამ მდგომარეობის მიხედვით შეადგინოს თავისი აზრი იმ წარმოების ძალ-ღონეზედ, რომელიც კახეთს ბუნებითად მინიჭებული აქვს. იგივ დიდი შეცდომა იქნება, რომ კაცი ამ აზრს დაემყაროს და აქედამ გამოიყვანოს ის, თუ — რამდენი გამოსაზიდავი საბაზრო საქონელი ექნება კახეთს, რომ რკინის-გზის ხარჯი დაჰფაროს და სარგებელიც მოიტანოს რკინის-გზის მფლობელთათვის. კახეთს ეხლა ის მოჰყავს — რაც მისთვის აუცილებელია, და იმოდენად მოჰყავს — რამოდენადაც საჭიროა. იმიტომ რომ ყოველი ნამეტანი ერთს შემთხვევაშიც და მეორეშიც უგზოობით და, მაშასადამე, უბაზრობით გადასაყრელად ხდება. თუ რაიმე ეხლა მოჰყავს ნამეტანობით, ეგ მარტო ღვინოა, რომელიც თავისის სიკეთისა და ღირსების წყალობით ზოგჯერ უძლებს საურმე გზით ზიდვას, იმის ჭირსა და ხარჯსა, თუმცა კი დიდის გაჭირვებით და ვაი-ვაგლახითა. ამას ვამბობთ ჩვენ მარტო იმისთანა ღვინოზედ, რომელიც თავი-და-თავი და ძვირფასი ღვინოა, თორემ დაბალი და იეფი ფასის ღვინო ამასაც მოკლებულია, შინა რჩება და ტყუილ-უბრალოდ ფუჭდება. ამ გარემოებამ აიძულა იქაურნი მკვიდრნი შეამცირონ ვენახების სივრცე, ღვინო ნაკლებად მოიყვანონ. ამით აიხსნება ის უეჭველი გარემოება, რომ კახეთში ეხლა ღვინის წარმოებამ იკლო, ღვინო ეხლა ნაკლებად მოდის, და თუ ამას არა ეშველა რა, ეგ სასარგებლო წარმოება ძალიან დაეცემა კახეთში, მაშინ როდესაც ყოველის მხრით მას ძალ-ღონე აქვს ბუნებითად, რომ თითქმის მთელს რუსეთს მიაწვდინოს ჯანმრთელი, შეურეველი და შეუკეთებელი ღვინო.


რადგანაც რკინის-გზები გაჰყავთ ერთისა და ორის წლისათვის კი არა, არამედ სამუდამოდ, ამიტომაც მის შესატყობლად, თუ — რა გამორჩომა ექნება კახეთის რკინის-გზას, დროებითს ვითარებას კი არ უნდა შეაჩერდეს კაცი, არამედ მას, რაც სამუდამოს ძალ-ღონეს წარმოებისას შეადგენს. ამისათვის საფუძვლად მიღებულ უნდა იყვნენ იგი თვისებანი ჰავისა და მიწისა, რომელთა ერთად კრება ამცნევს კაცს, ქვეყანას რა წარმოება შეუძლიან და რა არა. ამ ჰავისა და მიწის ბუნების თვისებასთან ერთად იმედი ნაწარმოების ადვილად გასაღებისა თითქმის ერთად-ერთი მიზეზია, ერთად-ერთი სათავეა ეკონომიურ ცხოვრების განვითარების, ყოველ- გვარ საწარმოებელის აღორძინებისა და გაძლიერებისა. გაუხსენით კარგი, სასწრაფო და იეფი გზა ბაზრისა და მაშინ ქვეყანა რის შემძლებელიც არის, უეჭველად ყოველსფერს შეჰქმნის ადრე თუ გვიან. ვისაც თუნდა თვალ-და-თვალ გადუხედავს კახეთისათვის, იგი, რასაკვირველია, ვერ იტყვის, რომ საწარმოებელი ძალ-ღონე მისის ჰავისა და მიწისა თავისის სიკეთით და უხვებით ყოვლად საიმედო არ იყოს.


აი ის საბუთები, რომელნიც წარუდგინა თავად-აზნაურობამ სახელმწიფო ქონებათა მინისტრს კახეთის რკინის-გზის შესახებ და სთხოვა, რომ მანცა თავის მხრით ამ საქმეს შემწეობა აღმოუჩინოს ხელმწიფე იმპერატორის წინაშე, თუ ვინიცობაა ამ საქმემ მის დიდებულებამდე მიაღწია.


მეორე საგანი — არაყის გამოხდის ბაჟსა და წესებს შეეხება.


არაყის ხდა ტფილისის გუბერნიაში და ყველგანაც ამიერ-კავკასიაში ზედ მისდევს ღვინის წარმოებას, რადგანაც აქ არაყსა ხდიან განსაკუთრებით ჭაჭისაგან. ჭაჭისაგან ხდა არაყისა მით უფრო პატივსადებია და საყურადღებო, რომ ჭაჭა სხვაფრივ არასფერში გამოსადეგი არ არის. ჭაჭიდამ არაყისა თუ სპირტის კეთება ხალხს პირიდამ არ აცლის იმისთანა საზრდოს, როგორც პურია და სხვა ხორბლეული; ამ გზით არაყის წარმოებას ბაზრიდამ არ გამოაქვს და არაყად არ აქცევს მას, რაც ხალხისა და ქვეყნისათვის საჭმელად აუცილებლად საჭიროა. მარტო ამ გარემოებას უნდა მიემართა აქაური კანონმდებლობა ბაჟისა, გადასახადის და წესების შედგენის დროს, რომ არაყის ხდას ჭაჭისაგან დიდი შეღავათი მისცემოდა, დიდი ფართო გზა, და გაძლიერებულიყო, რადგანაც ჭაჭა, როგორცა ვსთქვით, ხალხისათვის სხვაფრივ გამოუსადეგია და პურისაგან ხდა კი შეევიწროებინა და სრულიადაც დაებრკოლებინა. ეხლანდელი კანონები აქციზისა ისეთები არიან, რომ ჭაჭისაგან არაყის ხდას არამც თუ უპირატესობა მიეცა, არამც თუ გზა გაეხსნა, არამედ დაუვარდა, დაუმარცხდა პურისაგან ხდასა. და თუ კიდევ ცოტად თუ ბევრად ჭაჭისაგან ხდა ვაინაჩრობით წარმოებს და უძლებს ეხლანდელის აქციზის სიმძიმეს — ისიც მაშინ, თუ ჭაჭის არაყის მხდელი ძვირად ღირებულს ქარხანას გაიმართავს, ესე იგი იმისთანა ქარხანას, რომელიც ისე უნდა იყოს მომართული, რომ ცოტა ხანში რაც შეიძლება ბევრი გამოხადოს. ამ გარემოებამ ისე დასცა ძირს ჭაჭის არაყის ხდა, ისე დააფოლა, რომ ჭაჭა, რომელსაც აქამომდე გლეხკაცობა არაყის სახდელად ხმარობდა, რომელიც კაი ფასად გადიოდა და ვენახების პატრონებს — ერთმ მესამედ შემოსავალს ჰმატებდა, ზოგიერთს ალაგას გადასაყრელად გახდა, როგორც, მაგალითებრ, დუშეთის და ტფილისის მაზრაში, და სხვა მაზრებში კი — წვრილთა მწარმოებელთ, ესე იგი გლეხკაცობას, ხელიდამ გამოეცალა, ფულის პატრონებს ჩაუვარდათ ხელში, და ამ გზით ყველა წვრილთა მწარმოებელთა საწარმოებელი — ქარხნის წარმოებად გარდაიქცა, როგორც, მაგალითებრ,თელავისა და სიღნაღის მაზრაში. იმ დრომდე, ვიდრე აქციზის უწინდელი წესდებულება ხელს უწყობდა ჭაჭის არაყის ხდასა და შესაძლოდა ჰქმნიდა ჭაჭიდამ არაყი ეხადნათ იეფი ფასის ქვაბებში და არა ძვირფას ქარხნებში, ხალხს ამ წარმოების წყალობით იმოდენი გამორჩომა ჰქონდა, რომ თითქმის ამის გამონარჩომით უძღვებოდა სახელმწიფო ხარჯსა. ეხლა კი ეგ წყარო, რომელიც ხალხს უძლიერებდა ღონეს ხარჯის გადახდისას, მოსწყდა, იმიტომ რომ ეხლანდელის აქციზის სიმძიმეს ვერ უძლებს არამც თუ იეფის ფასის ქვაბი, რომელიც ასე თუ ისე ადვილად მოსაპოებელია გლეხკაცის მიერ, არამედ ძლივს იტანს თითონ ძვირფასი ქარხანაცა, რომელსაც გლეხკაცი ხელსაც ვერ მიაწვდენს და რომელიც მარტო ფულიანის კაცისათვის არის შესაძლებელი. ამის გამო იქაც, საცა ჭაჭა ჯერ კიდევ გადასაყრელად არ გამხდარა, გლეხკაცობა იძულებულ შეიქნა მოესპო ქვაბით ხდა და ეს წარმოება დაეთმო იმ პირთათვის, ვისაც ჯიბე ღონეს აძლევდა დაედგა ძვირად ღირებული ქარხანა. ამ სახით, ხალხი, რომელსაც ჩამოერთო ყოველივე ღონისძიება ჭაჭის არაყის ხდისა და რომელსაც ვეღარ ძალუძს თითონ ხადოს ჭაჭის არაყი, იძულებულ შეიქნა თითონ ჭაჭაც ჩალის ფასად ჰყიდოს, იმიტომ — რომ ქარხანების პატრონები იმოდენად ცოტანი არიან რიცხვით, რომ ყოველთვის ახერხებენ პირის შეკვრას ჭაჭის ფასის დასაწევად, რადგანაც მუშტარი მათ მეტი სხვა აღარავინ არის. ეს ახალი წესი აქციზისა, რომელმაც დააკლო თითქმის ერთი მესამედი შემოსავალი იმ ადგილებს, საცა ხალხი ვენახობას მისდევს, შეუძლებელია ხალხის გაღარიბების მიზეზად არ შექმნილიყო. ეგ აშკარად დაეტყო ხალხის ეკონომიურის ყოფა-ცხოვრებასა.


ამიტომაც საჭიროა ხელახლად გადისინჯოს აქციზის წესები და ახალი კანონები მიიმართოს იმაზედ, რომ ჭაჭის არაყის ხდას ფართო, დაუბრკოლებელი გზა გაეხსნას, უპირატესობა და ყოველივე შემწეობა მიეცეს.


მესამე საგანი სახელმწიფო მამულების იჯარით გაცემაა. ეხლანდელის წესების წყალობით სახელმწიფო მამულები საიჯაროდ გადადის იმისთანა კაცების ხელში, რომელნიც მიწათ- მომქმედთ არ ეკუთვნოდა, და იმის ცდაში არიან, რომ თითონ მამულს კი არ გამორჩნენ რასმე, არამედ თითონ მიწათ-მომქმედს ხალხს, რომელსაც საიჯარო მამული უჭირს. იჯარადარი გადასცემს ხოლმე იჯარით აღებულ მამულს თითონ ხალხს, რაც შეიძლება დიდის სარფით და დიდის მოგებითა. ამ სახით იჯარადარი მხოლოდ შუამავლობს სახელმწიფოსა და მიწათ- მომქმედ ხალხსა შორის და ისიც უღონო ხალხს ამ შუამავლობისათვის დიდს ფეხის ქირას ახდევინებს. ხალხი ამის გამო მეტსა ხდილობს, იჯარადარი ოფლმოუწურავად მდიდრდება და ხაზინაც ზარალობს, იმიტომ რომ სხვა წესი რომ იყოს, ის ნამეტანი, ის სართი, რასაც ეხლა ხალხი ტყუილ-უბრალოდ ხდილობს იჯარადრის ასაშენებლად, ზოგი ხაზინას შეემატებოდა და ზოგი თითონ ხალხს შერჩებოდა. ვინ არ იცის, რომ პირდაპირი მუშა მიწისა, პირდაპირი მკეთებელი მამულისა, რაც უნდა ღარიბი იყოს, უფრო მეტს იჯარას გაიმეტებს, ვიდრე იგი, ვინც მამულს მარტო იმისათვის იღებს იჯარით, რომ სხვას გარდასცეს მოგებითა. ამ შემთხვევაში თითონ ხალხიც მოგებაშია, რადგანაც ის ნაწილი სართისა, რომელსაც მოიჯარადრე ახდევინებს თავის შუამავლობისათვის, თითონ ხალხსვე დარჩება ჯიბეში.


რომ ეს ასე იქმნას, საჭიროა სოფლის ხალხს გაეხსნას ფართო, დაუბრკოლებელი გზა სახელმწიფო მამულების იჯარით აღებისათვის. ამისათვის აუცილებელია თითონ საქმის წარმოება იჯარით გაცემის შესახებ განმარტივდეს, შესაძლოდ შეექმნას სოფლის ხალხს უშუაკაცოდ, უვექილოდ: მეტისმეტი მიწერ-მოწერა მოისპოს; რაც შეიძლება შორს მანძილზედ მოიფინოს ხმა, რა მამულია საიჯაროდ გასაცემი და სად არის, რა დღეა დანიშნული სავაჭროდ და რა ადგილას; განსაკუთრებული უწყება ყოველს ამაზედ უნდა გაიგზავნოს იმ სოფლებში, რომელთზედაც უფრო ახლოა თითონ საიჯარო მამული; დრო და ადგილი სავაჭროდ ისე შერჩეული უნდა იყოს, რომ მსურველთ გაჭირვებულ მუშაობის დროს მოცდენა და შორს სიარული ვაჭრობაზედ დასასწრებლად არ მოუხდეთ. გარდა ამისა, ზოგიერთ მამულებზედ იჯარის ვადა უნდა მეტი იყოს, ვიდრე ეხლა. მაგალითებრ, ზამთრის საძოვრები გაიცემა ხოლმე მარტო სამის წლით. რადგანაც ზამთრის საძოვრებს გომები, ფარეხები და ბინები უნდათ და ამათს აშენებას დიდი ხარჯი მოსდევს, ამის გამო ეგ საძოვრები ღირებულ ფასად არ გადის და ხალხს კი მაინც-და-მაინც ძვირად უჯდება.მოიჯარადე, რომელიც ამისთანა მამულს იღებს, იძულებულია გომით, ფარეხით და ბინებით მოაწყოს ზამთრის საძოვარი. ამაზედ დიდი ხარჯი მოსდის და იძულებულ ხდება ეს ხარჯი თავისის სარგებლით სამს წელიწადში დაიბრუნოს. ვის გადაახდევინოს ეს ხარჯი, თუ არა ხალხს, რომელსაც ზამთრის საძოვარი უჭირს. ამ სახით ხალხს ბევრი ერთმევა და ამით ხაზინას არა ემატება რა, თუ არ აკლდება. აკლდება იმიტომ, რომ მოიჯარადრე, რომელსაც გამორჩომისათვის მარტო სამი წელიწადი უდევს წინ და იმოდენა ხარჯი საძოვრის მოწყობისათვის, ვერ შეჰბედავს დიდის იჯარის შეძლევას.


სხვაფრივ კი რომ მოეწყოს სახელმწიფო მამულების იჯარით გაცემის საქმე, კანონები და წესნი რომ ხელს უწყობდნენ სოფლის ხალხს სახელმწიფო მამულები უშუაკაცოდ ხელში ჩაიგდონ, ხაზინაც მოგებაში იქნება და ხალხიცა.


მეოთხე საგანი შეეხება დავის ატეხას სახელმწიფო მხრით მამულების გამიჯვნის დროსა.


ერთი უდიდესი ბოროტება, რომელიც ძირს უთხრის ტფილისის გუბერნიის და საერთოდ ამიერ-კავკასიის ეკონომიურს კეთილდღეობას, რომელიც ხალხს ფეხსა და ხელს უბრკოლებს წარმატების გზაზედ და ყოველს ღონეს უქმად ალევინებს დაუსრულებულ დავიდარაბაში, — ეგ განუსაზღვრელობაა მამულების კუთვნილებისა. გამოჩნდება თუ არა სადმე მიწის- მზომავი, უმალვე ათასი დავიდარაბა ატყდება ხოლმე იქ, სადაც ათადამ-ბაბადამ მშვიდობიანი და უცილობელი მფლობელობა იყო მიწისა. იქ, საცა მანამდე კაცის ცხოვრება მიდიოდა უჩხუბრად და მშვიდობიანად, გაჩნდება ხოლმე ჩხუბი, მტრობა, ზოგჯერ თოფ- იარაღის ტრიალი და კაცის კვლაცა.


ვიდრე ამისთანა მტრობა ცალკე კაცთა ერთმანეთში მოსდით, ისე საშიში არ არის, როგორც მაშინ, როცა სოფელი სოფელს დაეჯახება, ერთი წოდება მეორესა. ეგ იქ მოხდება ხოლმე, საცა ხაზინა თავის აგენტების პირით თავის დავას გამოაცხადებს ხოლმე გასამიჯნავ მიწებზედა. რასაკვირველიაო, — ამბობს ამ შემთხვევაში თავად-აზნაურთა წერილი, — თავად-აზნაურობა ტფილისის გუბერნიისა შორს არის იმაზედ, რომ სახელმწიფომ არ იძიოს თავის მამულები და, საცა საჭიროა, დავა არ გამოაცხადოს; მაგრამ სამწუხაროდ ესა გვაქვსო, რომ აქაურს სახელმწიფო ქონებათა გამგეობას თითქოს ჩვეულებად და წესად მიუღია, საცა უნდა და არ უნდა, უსათუოდ დავა გამოაცხადოს, იქაც კი, საცა უცილო, ცხადი და შეურყეველი საბუთია სხვის კუთვნილებისა და მფლობელობისა. მაგალითებრ, არა ერთხელ მომხდარა, რომ ხაზინის აგენტს გამოუცხადებია დავა არამც თუ ტყესა და მინდორზედ, რომელთაც ძნელად დააჩნდება ხოლმე ნიშნები მფლობელობისა და ხმარებისა, არამედ სახლ-კარსა და ვენახებზედაც, საცა ასწლოვანი შენობანი და დიდიხნის დანარგულევი — უტყუვრად, თვალ- და-თვალ მოწმობენ, რომ ეკუთვნიან მას, ვინც შიგ არის და ჰფლობს.


ამისთანა დავა სახელმწიფოს მხრით, დავა, რომელსაც, ცხადია, სასარგებლო ბოლო არ ექნება ხაზინისათვის, ტყუილ-უბრალოდ გაუბამს ხოლმე მემამულეთ საქმეს, დაუსრულებელს სამართალში გააბამს და თითონ სასამართლოსაც აუარებელ საქმეებს მოახვევს ხოლმე კისერზედ. ამის გამო თითონ გამიჯვნა ქვეყნისა ბრკოლდება, მამულები შეუმუშავებლად რჩება დავის გათავების ლოდინში და მემამულენიც პროცესებზედ იხარჯებიან ტყუილ- უბრალოდ და ამით თითქმის იძარცვებიან. ამისთანა უხეიროდ და ამაოდ დაკარგვა დროსი, შეძლებისა, ჯაფისა, რომელიც უნდება ხანგრძლივს პროცესებს, ისე ღრმად და მტკივნეულად აჩნდება მიწათ-მფლობელთა და მიწათ-მომქმედთა ეკონომიურს ყოფას, ცხოვრებას, რომ არ შეიძლება ამ გარემოებამ არ მიიზიდოს ყურადღება მთავრობისა...


ეს ყურადღება მით უფრო საჭიროა, რომ სახელმწიფოსაგან გამოცხადებულს დავას თითქმის ყველგან ზედ მოსდევს გადამტერობა ორთა წოდებათა შორის: ერთ-მხრივ მიწათ- მფლობელნი მოექცევიან ხოლმე და მეორეს-მხრით — მთელი წყობა სახასო გლეხთა. არა ერთხელ მიუღწევია გადამტერებას იქამდინ, რომ მოუთხოვნია ძალით დამშვიდება არეულობისა, ძალით მოსპობა ძალმომრეობისა და ცემა-ტყეპისა. რაკი ხაზინა დავას გამოაცხადებს ხოლმე მამულზედ, რომელიც ჯერ ისევ მოპირდაპირეს ხელშია, მაშინვე სახასო გლეხნი, რომელთ სახელმწიფო მამული თავის საკუთრებად ჰგონიათ, დაეცემიან სადავოდ გამხდარს მამულს და სარგებლობენ, რამოდენაც შეუძლიანთ. იშვიათი ამბავი არ არის, რომ ამ სახით მშვენიერი ტყეები ძირს არ დაეცათ; იშვიათი ამბავი არ არის, რომ ხელაღებით არ გადეკაფნათ იგი ტყეები, რომელსაც დღეს-აქამომდე იცავდა და ინახავდა საყოველთაო რწმენა მასზედ, რომ იგი ეკუთვნოდა მის მფლობელსა. ბოლოს ის გამოვა ხოლმე, რომ უსაბუთოდ ხაზინისაგან ნადავი მამული ისევ თავის პატრონსა ჰრჩება, ხაზინა განზედ დგება და სახასო გლეხთა კი ზედ აწვებათ წანახედვის ზღვევა.

რასაკვირველია, არიან შემთხვევანი, საცა ხაზინა მოველეა თავისი ინტერესი დაიცვას, საცა არ შეიძლება მან დავა არ გამოაცხადოს. ბევრი ტყუილად დავობს ხოლმე სახელმწიფო მამულებს. მაგრამ სანატრელია ქვეყნის კეთილდღეობისათვის, ქვეყნის მშვიდობიანობისა და მყუდროებისათვის, — ხაზინამ მიიღოს იმისთანა რამ ზომიერება, რომ უსაბუთოდ უმართლო დავის გამოცხადება მის მხრით შეუძლებელ იქმნას. ამისათვის, თავად-აზნაურთა აზრით, კარგი იქნებოდა დაწესდეს, რომ დავა მამულებზედ ხაზინისაგან არ გამოცხადდეს უიმისოდ, ვიდრე კამისიამ, სამთა სახელმწიფო ქონების მოხელეთაგან შემდგარმა, არა სცნას, რომ დავა საბუთიანია. ან არა და სახელმწიფო ქონებათა გამგეობა იძულებულ იყოს თვისის მოპირდაპირის სასარგებლოდ იგივე ჯარიმა იხადოს უმართლო დავის გამოცხადებისათვის, რომელსაც კერძო პირნი ერთმანეთის სასარგებლოდ იხდიან აქაურის წესდების ძალითა.


მეხუთე საგანი შეეხება კერძო მფლობელთა ტყეების დაცვასა.


ყოვლად შეუწყალებლად, დაუნდობლად და წინ-დაუხედავად კაფვა ტყეებისა ტფილისის გუბერნიაში დიდს უბედურებას შეგვამთხვევს. ჩვენი მინდვრები, მამულ-დედულები უწყლოობით ხრიაკებად გადიქცევა. ძლიერი გვალვები, რომელიც ამ ბოლოს ხანებში ასე ხშირად გვეწვევა ხოლმე, წინამორბედია ამ საუბედურო მერმისისა. რა საჭიროა მეტად გაგრძელება სიტყვისა მასზედ თუ, რა უბედურება მოსდევს ტყეების ხელაღებით კაფვასა და რა კეთილი — მათს გაფრთხილებასა. ერთიცა და მეორეც კარგად მოეხსენება თითონ სამინისტროსაო, ამბობს თავად-აზნაურთა წერილი. სამინისტროს უკვე შეუდგენია წესდება, მიმართული მასზედ, რომ არამც თუ სახელმწიფო ტყეები, არამედ კერძო პირისაც, დაცულ იქნას და ფრთხილად ხმარებულ. თავად-აზნაურნი სთხოვენ ბ-ნს მინისტრს მარტო მას, რომ იგი წესდება ტფილისის გუბერნიაშიც შემოიტანოს და ამოქმედოს.


მეექვსე საგანი სახელმწიფო ტყეებიდამ შეშისა და სხვა მასალის გამოტანას და სარგებლობას შეეხება.


არ არის არც ერთი ნაწილი კანონმდებლობისა, რომლისათვისაც ისე საჭირო იყოს შეთანხმება აქაურს ვითარებასთან, როგორც ის ნაწილი, რომლის ძალითაც დადგენილია უფლება და რიგი სახელმწიფო ტყეებიდამ სარგებლობისა ტფილისის გუბერნიაში. მარტო ის გარემოება, რომ აქაური მკვიდრი თავის-თავის გასათბობად კერასა ხმარობს და არა ფეჩსა, საკმაოდ პატივსადები მიზეზია განსაკუთრებულ კანონების დასადგენად სახელმწიფო ტყეებიდამ სარგებლობის შესახებ. ამას ისიც რომ დაუმატოთ, რომ აქ თორნეში აცხობენ პურსა, რომ უფრო მომეტებულს ნაწილს ტფილისის გუბერნიისას ვენახები აქვთ, რომელთაც ჭიგო, სარი, მარგილი და ღობე უნდებათ, მაშინ უფრო ცხადად დავინახავთ, რომ ფრიად და ფრიად საჭიროა კანონმდებლობა სახელმწიფო ტყის ხმარების შესახებ შეეფეროს აქაურთა მკვიდრთა შინაურს, საოჯახოს და სამეურნეო მოთხოვნილებასა და იგი ხმარება იმოდენად გაუადვილდეთ და გაუიეფდეთ, რამოდენადაც შესაძლებელია ერთის მხრით ტყის გაფრთხილებისათვის და მეორეს მხრით გლეხკაცობის ჯიბისათვის.


მეშვიდე და უკანასკნელი საგანი სამეურნეო სკოლების დაარსებას შეეხება.


თავად-აზნაურობამ უკვე იცისო, ამბობს მათი წერილი, თქვენის მაღალ-აღმატებულების გულითადი მეცადინეობა და განათლებული მზრუნველობა მასზედ, რომ რაც შეიძლება მომეტებულად და ვრცლად მოეფინოს მთელს იმპერიას სამეურნეო ცოდნა სამეურნეო სკოლების შემწეობითა. არ არის სხვა მხარე იმპერიისა იმისთანა, რომ ასე უჭირდეს მაგ-გვარი სასოფლო სკოლები, როგორც უჭირს ამიერ-კავკასიას საერთოდ და ტფილისის გუბერნიას საკუთრივ. მთელი ამიერ-კავკასია საერთოდ და ტფილისისა ცალკედ ძველთაგანვე სულდგმულობს მარტო იმ წარმოებითა, რომელიც პირდაპირ დამოკიდებულია მიწასა და მიწათ-მოქმედობაზედ. მხოლოობითი წყარო ეკონომიურის არსებობისა აქაურ მკვიდრთათვის სამეურნეო წარმოებაა. მასზედ არის დამოკიდებული ქვეყნის ღონე, როგორც სახელმწიფო ხარჯის გასაძღოლად, ისეც თავისთავის საცხოვრისად. ამიტომაც ყოველის მხრით ხელის შეწყობა ამ ერთად-ერთის წარმოებისა განსაკუთრებულ მზრუნველობის საგნად უნდა შეექმნას მთავრობასა. ერთი ძლიერი და გამონაცადი საშუალება ამ შემთხვევაში არის გავრცელება მიწათ-მომქმედთა შორის სამეურნეო ცოდნისა, თუნდაც პრაქტიკულად. უკეთესი გამავრცელებელი კიდევ სამეურნეო სკოლებია სოფლებში.


ჯერ-ხანად ძნელია იფიქროს კაცმა, რომ თაოსნობა ამ საქმეში კერძო პირთაგან წარმოსდგეს, ანუ თითონ საზოგადოებისაგან. თუ კანტი-კუნტად სადმე ან ერთს, ან მეორეს თავი უჩენია ამ საქმეში, მაგრამ მყისვე უკუქცეულან უღონობისა, უქონლობისა და შეუძლებლობისა გამო. უქმად ჩაუვლია მათს გარჯას და მეცადინეობას ამ-გვარის სკოლების დაარსებისათვის უქონლობის, უფულობის გამო.


თავად-აზნაურობა ტფილისის გუბერნიისა დარწმუნებულიაო, ამბობს წერილი, რომ მისი სიკეთე და კეთილდღეობა მჭიდროდ დამოკიდებულია მის და გარემო მცხოვრებთა მიწათ- მომქმედთა სიკეთესა და კეთილდღეობაზედა; და რადგანაც უკვე იცისო თქვენი განათლებული აზრი მასზედ, თუ რა საჭიროა მთელის იმპერიისათვის ზემოხსენებული სკოლები, იმედოვნებსო, რომ ტფილისის გუბერნიაც, რომელსაც უფრო მეტად უჭირს ეგეთი სკოლები, არ დარჩება თქვენის მზრუნველობის გარეთო.


დასასრულ, ამას ეუბნება ბ-ნს მინისტრს წერილი თავად-აზნაურობისა: თუ თქვენი მაღალაღმატებულება კეთილ-ინებებს და საჭიროდ დაინახავს, რომ რომელიმე საგანი, აქ ხსენებული, უფრო ვრცლად ახსნილ იყოს და ამასთან უფრო გარკვევით ნაჩვენები იყოს მიზეზი, რომელმაც ჩვენ გვაიძულა ამა წერილის მორთმევა, თავად-აზნაურობა ტფილისის გუბერნიისა ყოველთვის მზად იქნება ერთისაცა და მეორისათვისაცაო.

Recent Posts

See All
შინაური მიმოხილვის მაგიერი

1881 წელი, იანვარი ეს — შარშან ახალი, და წელს ძველი წელიწადიც - ჩაჰბარდა პატრონს. რა იმედებით ვიყავით აღვსილნი, როცა ამ ძველმა წელიწადმა...

 
 
bottom of page