შინაური მიმოხილვა - 1883 მაისი
- nino otiashvili
- Jan 9, 2024
- 13 min read
XXIII
უცნაური დრო. — თუ ჰგონიათ. — ლიბერალობის ნიშნად. — გადასადები ჭირი თუა. — მძიმე ზარბაზანი და უშველებელი ყუმბარა. — ტყუილი «უფრო». — რა საბუთი. — სასწაულთ უარყოფა. — ერთგვარი ლოღიკა შორს მანძილზედ. — კაი პასუხი. — ვერაფერი ჭაშნიკი. — რომ ესინჯა. — როდისღა ბატონო. — ახირებულად ნაამბობი. — „მიაქუხას და მიაჭექას“ ამბავი. — ხან ასე და ხან ისეო. — მიზეზ-მიზეზ. — ხან ტყუილია, ხან მართალი. — ორში ერთი. — მოდით და აქ გაიგეთ რამე. — თხოვნა. — ათვალწუნებული ბანკები. — მინისტრთა კამიტეტის განაჩენი. — სასტიკი კანონი, ქუთაისის ბანკზედ მიმართული. — ჭორია. — ბევრი და ცოტა რა შუაშია. — ქუთაისი და ოსტროგოჟსკი. — ბანკისა რა ბრალია. — მეტის-მეტი ფასებიო. — პოლისი. — უმიზეზნო მიზეზნი. — იყავნ ნება ჩემიო.
ყველაფერი საოცარია ამ უცნაურს დროში, თითქო ყოველისფერი აირივ-დაირიაო და ლოღიკა სამარცხვინო დანაშაულობად გადაიქცაო. აქეთ მიიხედავ თუ იქით, შეჰნიშნავთ, რომ ზოგი კაცი კაცსა ჰკიცხავს, ზოგი საზოგადო საქმეს სახელს უტეხავს, სძრახავს, და ყოველივე ეს მარტო ლიტონის სიტყვით, იმისთანა ფრაზებით, რომელთაც განსაკუთრებული, განსაზღვრული აზრი არა აქვს რა. არ ვიცით, ღმერთმან იცის, რას მივაწეროთ ამისთანა სამწუხარო და სავალალო ამბავი? ეს სენი ჰაერში ტრიალებს, თუ ქვეყანამ უკუღმა დაიწყო ტრიალი და ყველაფერი შესცვალა. თუ ჰგონიათ, რომ იგი, რაც არსებობს, უსათუოდ საკიცხავიაო, სად წავა? თუ ჰგონიათ კიდევ, რომ იგი, რაც არსებობს, თუ არ გავკიცხეო, ლიბერალად აღარავინ ჩამაგდებსო, სასაცილოა. არც ერთი და არც მეორე იმისთანა სანუკბარნი არ არიან, რომ წაიცდინონ ადამიანის კეთილგონიერება და დამჯდარი ჭკუა. მაშ რათა სჭირს ეს ჭირი დიდსა და პატარას ეხლანდელ დროში? მაშ დიდსა თუ პატარას რათ დაუხვევია ხელზედ ლიტონი სიტყვა და მარჯვნივ და მარცხნივ თავისუფლად და რაღაც თავმოწონებით ისვრის. ჰკითხავ კაცს: კაცო, ეს რომ არ მოგწონს, ახლა შენი მოწონებული სთქვიო! ის პასუხის მაგიერ ან გეტყვის: მიყურე და მიცანიო, ან არა და ვიღაც სვიმონაზედ ზღაპარს მოგიყვება. წადი და გამოიცან...
ეს ამისთანა ქცევა მიეტევება გამოუცდელს კაცს, მაგრამ კაცს ცხოვრებით და საქმით გამოცდილს-კი, რა მოგახსენოთ.
ჩვენში ლიბერალობის ნიშნად აღიარებულია ჩვენის საადგილ-მამულო ბანკების ყბად აღება.ლიბერალთ-ლიბერალმა თ. დავით ერისთავმა თავის სიცოცხლეში ამის მეტი კი არა აკეთა რა, და ბოლოს თავი შეაფარა „ოფიციალურ რედაქტორობას“ და აინუნშიაც არ მოსდის, რომ ესეთი საფარველი და ლიბერალობა შორი-შორს არის. ან რათ იტკენს უტკივარს თავსა? რაკი ბანკზედ გამოილაშქრებს ხოლმე თავისის მახვილის კალმით, ულიბერალობას ვინ შესწამებს, თუ არ უბირი და ცრუ-სამსონი. მას აქეთ, რაც მისმა ბანკის თავმჯდომარედ ყოფნის სურვილმა ფალია აიღო და ჩაილულის წყალი დალია, ეს სატკივარი დასჩემდა და ყოველს შემთხვევაში, რაკი ბანკს ახსენებენ, ხელმეორედ შეაქცევს ხოლმე, თუნდ ცოტას ხნობით მორჩომილიც იყოს. ეგ სატკივარი გადასადები ჭირი ხომ არ არის, ნეტა ვიცოდეთ.
ამ ბოლო დროს ბ-ნმა დიმიტრი ივანეს-ძე ყიფიანმაც გამოაქანა თავისი მძიმე ზარბაზანი და ერთი მძიმე უშველებელი ყუმბარა უთავაზა ჩვენს ბანკსა. „მე არა თანავუგრძნობ ტფილისის თავად-აზნაურთა ბანკის ეხლანდელს მიმართულებასაო“. თ. დავით ერისთავიც მაგას ბრძანებს ხოლმე. „რატომ, ბატონო?“ ამიტომ — რომაო „მე მინდოდა ბანკის დაარსება მიწის- მფლობელთა და მიწის-მომქმედთათვის, და ეხლანდელი ბანკი კი ხელს უწყობს უფრო ქალაქის სახლების პატრონებსო“. ეს ხომ ლიტონი სიტყვაა. არ შეიძლება ბ-ნმა ყიფიანმა გვიბრძანოს, რით უწყობს ხელსა ჩვენი ბანკი უფრო ქალაქის მამულების პატრონებსა? რომ ერთს უფრო ხელს უწყობდეს ბანკი და მეორეს არა, უსათუოდ ბანკის წესები პირველს უფრო უპირატესობას უნდა აძლევდეს და მეორეს არა. აბა ერთი გვიჩვენოს პატივცემულმა დიმიტრი ივანეს-ძემ, ქალაქის მამულების პატრონებს რა უპირატესობა მიუძღვით სოფლის მემამულეთა წინაშე? პირიქით, ბანკის წესები უპირატესობას სოფლის მამულებს აძლევს ბევრს შემთხვევაში. მაგალითებრ: დაფასებაში სოფლის მამული იხდის 3⁄4 პროცენტს, ქალაქისა 1 პროცენტს; სოფლის მამულის ფასი უნდა შესდგეს წლიურის შემოსავლის ჯამისაგან, რომელიც თექვსმეტჯერ უნდა გამრავლდეს, ქალაქისა კი ათჯერ; თუმცა სოფლის მამულზედ დაფასებისა-გვარად ნახევარი ეძლევა და ქალაქისაზედ სამი მეხუთედი, მაგრამ სოფლის მამულს მაინც მეტი მოსდის. აი თუნდა მაგალითად ვსთქვათ, რომ სოფლის მამულს ათი თუმანი აქვს წლიური შემოსავალი და ქალაქისასაც. ქალაქის მამულს მიეცემა სესხი სამოცი თუმანი და სოფლისას კი ოთხმოცი; სოფლის მამულს 431⁄2 წლის ვადით ეძლევა სესხი და ქალაქისას კი მარტო 271⁄2 წლის ვადით და ამის გამო სოფლის მამული იხდის 8% ბანკის გადასახადს წელიწადში და ქალაქისა კი 9%. ამაზედ მეტი უპირატესობა არ შეიძლება მიეცეს სოფლის მამულს, ვიდრე საზოგადო სისტემა და ვითარება კრედიტისა არ შეიცვლება. ეგ ჩვენ ხელთ არ არის, და თუ ბატონი ყიფიანის ხელთ არის, უმორჩილესად ვთხოვთ, მოახდინოს, ჩვენ დიდის მადლობით მივიღებთ და დავემორჩილებით. თუ რამ უპირატესობა შესაძლოა, ყოველივე სოფლის მამულსა აქვს მინიჭებული, თუ ყოველივე მაინც არა, ზოგიერთი ხომ მაინც, და ქალაქისას კი არავითარი; მაშ რა საბუთი ჰქონდა ბ-ნს ყიფიანს, რომ ესეთი მიზეზი მოუპოვა თავის თანაუგრძნობლობას ბანკის მიმართ?
„მის (მითამ ბანკის) დამფუძნებელთ, ესე იგი თავად-აზნაურობას, კრედიტი გაძნელებული აქვს და მიწის მომქმედთათვის სრულიად დაკეტილია ბანკის კარებიო“, ბრძანებს ბ-ნი ყიფიანი. იქნება გაძნელებელი იყოს, მაგრამ განა ეგ მარტო თავად-აზნაურობისათვის არის და არა საყოველთაოდ, განურჩევლად? მაშ მარტო თავად-აზნაურობა აქ რა შუაშია და რა სიტყვის მასალაა? თუ ბანკის კრედიტი გაძნელებულია, ყველასათვის ერთნაირად არის და შემდეგშიაც იქნება, ვიდრე ჰიპოთეკას არ შემოიღებს კანონი და ვიდრე ეხლანდელი ფორმალური წესი საკუთრების უფლების დამტკიცებისათვის არ შეიცვლება და გაადვილდება. თუ ეს გარემოება, რომელიც აძნელებს კრედიტს, ყველასათვის განურჩევლად
ერთნაირია, მაშ მარტო თავად-აზნაურობაზედ რათ გვითითებს ბ-ნი ყიფიანი? ეგ მითითება ყოვლად უსაბუთოა, თუ არა და ვთხოვთ წარმოადგინოს საბუთი, რომ ეგ სიძნელე მარტო თავად-აზნაურობისათვის არსებობს. თუ ამას ბრძანებს, რომ გაძნელებულია თავად- აზნაურობისათვის, იმიტომ რომ უფრო ბევრს შემთხვევაში თავად-აზნაურთ საკუთრების უფლება განსაზღვრული და დამტკიცებული არა აქვთ და ქალაქის მემამულეთ კი აქვთო, აქ ბანკი რა შუაშია? საქმე იმაშია, რომ განუსაზღვრელ და დაუმტკიცებელ უფლების ძალით არც მოქალაქეს ეძლევა კრედიტი და არც თავად-აზნაურსა. მაგრამ იქნება ბ-ნს ყიფიანს ეგონოს, რომ განუსაზღვრელს და დაუმტკიცებელს მამულზედ შეიძლება დამყარდეს საადგილ- მამულო კრედიტი, როგორც ერთს დროს ეგონა, რომ მაგისთანა კრედიტი შეიძლება აშენდეს მამულების გაუსყიდაობაზედ, — ეგ არ ვიცით. მაგისთანა სასწაულები ამ წყეულს მეცხრამეტე საუკუნეს არა სწამს.
„მიწის-მომქმედთათვის სრულიად დაკეტილია ბანკის კარებიო“, რომ ბრძანებს, სრულიად ამაოდ ბრძანებს. თუ ჩვენ არ გვიჯერებს, მიბრძანდეს, განიხილოს ბანკის საქმეები და იქ თვალ-და-თვალ გულს დააჯერებს, რომ არამც თუ დაკეტილია, ყოველთვის ღიაა; თავის თვალით დარწმუნდება, რომ რამდენიმე გლეხთა საზოგადოებამ ბანკის შემწეობით შეისყიდა მამულები, რამდენიმე გლეხი დღესაც ბანკის მოვალეა და სხვანი. იქნება ბრძანოს, ეგ ძალიან ცოტააო. ბანკისა რა ბრალია? საქმე ის არის, რომ აქ ხსენებული ფაქტი ამტკიცებს, რომ მიწათ- მომქმედთათვის კარი არამც თუ დაკეტილია, ღია არის. მაშ რა საბუთით ბრძანებს ბ-ნი ყიფიანი ეგრე გადაჭრით, რომ სრულიად დაკეტილიაო.
„რევიზიაში არაფერს მონაწილეობას არ მივიღებო, იმიტომ რომ ამ სამთა პირთა კამისიას ისე ვუყურებ, როგორც ფრაქციას (ნაწილს) იმავე ზედამხედველის კამიტეტისაო“. მერე რა, რომ ასე უყურებთ? ეგ რა მიზეზია უარყოფისა? ამის პასუხი ბ-ნ ყიფიანს უბრძანებია „დროების“ No 124-ში თავისის შინა-ყმის სიმონას პირით: „ეგ იმასა ნიშნავსო, რომ მევე მოვითხოვ ჩემგან ანგარიშსაო“. სულაც არა. ზედამხედველი კამიტეტი ისეთი ორღანოა ბანკისა, რომელსაც არავითარი მონაწილეობა არა აქვს არც ბანკის საქმეთა წარმოებაში, არც ბანკის ოპერაციაში. ერთშიაც და მეორეშიაც მარტო ბანკის გამგეობაა პასუხისმგებელი და სხვა არავინ.ზედამხედველს კამიტეტს მიანდეს, გამგეობის საქმეებს მოუხდინე რევიზიაო და არა შენს საკუთარს საქმეებსაო. აქ თავის-თავისაგან ანგარიშის მოთხოვნას რა ადგილი აქვს? ბ-ნ ყიფიანს თავისი მახვილი სიმონა რომ დაევალებინა, წადი, ხაბაზს ანგარიში მოსთხოვეო, ნუთუ ესეც თავის-თავისაგან ანგარიშის მოთხოვნას ეგვანებოდა, რადგანაც სიმონა მოურავი ყოფილა ბ-ნის ყიფიანისა.
ესეთი ლოღიკა რომ შორს მანძილზედ გავიყოლიოთ, იქამდინ მივალთ, რომ თითონ საზოგადო კრებისაგან დადგენილს კამისიასაც არ თანავუგრძნობდით, რადგანაც საზოგადო კრება და ზედამხედველი კამიტეტი ამ შემთხვევაში ერთსა და იმავე ლარზედ და ხაზზედ დგანან ბანკის გამგეობის წინაშე, და რაც ამ შემთხვევაში ზედამხედველს კამიტეტზედ ითქმის — ისევე საზოგადო კრებაზედ.
„მე ჩემს დღეში არ მქონია ნიჭი ვისურვო წარმატება იმ პირთა და იმ დაწესებულებათათვის, რომელთაც არ თანავუგრძნობო“, ბრძანებს ბ-ნი ყიფიანი. გვიკვირს ეს სიტყვა, იმიტომ კი არა, რომ ამაში დასაძრახისი რამ იყოს, არამედ იმიტომ, რომ მაგასა ბრძანებს ბ-ნი ყიფიანი. თითონ ხომ გვარწმუნებს, რომ ჩვენის ბანკის მიმართულებას არა თანავუგრძნობო და მიზეზიც მოჰყავს. — მაშ, რომ არა თანაუგრძნობს, ეგ უცილობელ ფაქტად ავნუსხოთ. ეხლა ერთი ეს ვიკითხოთ: შარშან ჩვენს ბანკში და რამდენიმე წლის წინათ ქუთაისის ბანკში რათ ინება თავმჯდომარედ ყოფნა, თუ ჩვეულებად აქვს, წარმატება არ ისურვოს მისი, რასაცა არა თანაუგრძნობს. აქ როგორღაც საქმე ზევით-ქვევით მოდის. აქ სარევიზიო კამისიაში ყოფნა არ ნებავს, რადგანაც არა თანაუგრძნობს, და იქ კი თავს არა ზოგავდა — ემსახურნა მისთვის, რასაც არა თანაუგრძნობდა. რით აიხსნება ესეთი ამბავი? ამის პასუხად „დროების“ No 124-ში ბ-ნი ყიფიანი ბრძანებს: თავმჯდომარეობაზედ რომ თანახმა ვიყავიო, იმიტომ რომ „იქნება მაშინ მოვახერხო ისეთი წესის ჩამოგდება, რომ საქმე პატრონს ვერ იცნობს, არ ითქმოდესო“.
კარგი და პატიოსანი. თუ მაგისი წამალი რამ იცოდა ბ-ნმა ყიფიანმა, რათ დაიშურა საქვეყნო საქმისათვის, რომლისათვის, როგორც თითონ ბრძანებს, გული ეწვის? რათ გვიმალავს მაგ წამალსა და არავის ეუბნება. „თქვენი გაზეთი რომ მიმაჩნდეს ამ (ესე იგი თავად-აზნაურობის) საზოგადოების წარმომადგენელად, თქვენ მოგახსენებდითო“, ეუბნება ბ-ნი ყიფიანი „დროების“ რედაქტორსა. კაი პასუხია, თქვენმა მზემ. თუ „დროებას“ არ ანდობდა მაგ საიდუმლო თილისმასა, გაზეთი „კავკაზი“ ხომ აქ იყო. ღმერთმანი, ხელაპყრობით არ მიეგებებოდა მისი ეხლანდელი რედაქტორი! მაგრამ ბ-ნს ყიფიანს სხვა აზრი აქვს, როგორც თითონ ბრძანებს. იგი აპირობს თავის თილისმის გახსნას იმ საზოგადოების წინაშე, რომლის „ჩვენებური სახელი არის თავად-აზნაურობა“. მაგასაც ვნახავთ და შევიტყობთ, თუ ქადებულისვე ბ-ნ ყიფიანის მოურავისა — სვიმონასი არ გვეწია, ჩვენდა საუბედუროდ. ამას კი ვიტყვით, რომ ასე გზა-კვალის არევა, აგრე სიტყვის ბანზედ აგდება საზოგადო საქმეში, ეგრეთი პასუხი გადაჭრით დაყენებულს კითხვაზედ — ვერაფერი ჭაშნიკია. ამისთანა საქმეში ზღაპრები ვერაფერი საბუთია და ვერაფერი მაგალითი გულის-წვისა და სხვა ამისთანა გულკეთილობისა.
ბ-ნს ყიფიანს რომ მარტო გამგეობის თავმჯდომარეობით არ მოჰსურვებიყო ბანკის საქმეების გაცნობა, და რაკი ეგ არ მოხდა — ეგ სურვილი აესრულებინა ვითარცა საქვეყნო საქმისათვის გულდამწვარსა, ჰნახავდა, რომ თვით ეხლანდელი გამგეობა ბევრს რასმე წუნსა სდებს იმ სისტემას კრედიტისას, რომელიც უმაღლესის მთავრობისაგან დადგენილია. სამინისტროში წარდგენილია გამგეობისაგან ყოველივე ეს წუნი, და წამალიც, შეძლებისამებრ, ნაჩვენებია. ამ საგანზედ წარდგენილს წერილში მოხსენებულია ის საზოგადო მიზეზნიც, რომელნიც აბრკოლებენ საადგილ-მამულო კრედიტს მთელს რუსეთში საზოგადოდ და ჩვენს ქვეყანაში საკუთრივ. ნაჩვენებია, ვიდრე ჰიპოთეკა შემოვა, რა გზით რა რიგად შესაძლოა გაუადვილდეს მსურველს ნატარიუსისაგან გირავნობის მოწმობის მიღება, რადგანაც ეხლა ეგ საქმე მეტად გაძნელებული და გაჭიანურებულია; რა გზით და რა რიგად შესაძლოა გაიეფდეს ეს ახირებულად ძვირი საადგილ-მამულო კრედიტი და განმარტივდეს ფორმალური წესნი
და სხვანი ამ-გვარნი, მაგრამ რას იზამთ? ვერა გაეწყო-რა, რადგანაც ყოველივე ეს საზოგადო ვითარებას ექვემდებარება და მაგაების ხელის ხლება ჯერ-ჯერობით ემძიმებათ. განა მარტო აქაურის ბანკების ხმა დარჩა ხმად მღაღადებელად უდაბნოში? საადგილ-მამულო კრედიტის წარმომადგენელთ რუსეთში, უმაღლესის ნებადართვით, ოთხი კრება მოახდინეს, და მეხუთესაც ეხლა აპირობენ, რომ საადგილ-მამულო კრედიტი ამ საპატიო სიმაღლეზედ დააყენონ, რომელიც მას ბუნებითად შეეფერება, მაგრამ არც ერთს მათს შუამდგომელობას არსებითთა ცვლილებათათვის დღეს-აქამომდე კმაყოფილება არ მიუღიათ.
არ ვიცი, იქნება სხვა ვინმემ ამისი სხვა წამალი იცოდეს და სხვა გზა, — რატომ არ გვეუბნება და არ გვასწავლის. ვინც ეს წამალი მართლა იცის და მართლადაც გული შესტკივა საქვეყნო საქმისათვის, ის ისე ადვილად თავიდამ არ აიცდენს ამ წამლის ჩვენებას და არ იტყვის, — შენ არ გეტყვი და ვისაც ჯერ არს, იმას კი მოვახსენებო. როდისღა ბატონო! ჩვენ კი დამაღი ჩამოგვივიდა-და!
ამ შემთხვევაში ამ თავად-აზნაურობის ამაოდ ხსენება და იმისი თქმა, რომ „რომელმაც დააარსა, რომელსაც ეკუთვნის და რომელიც, თუ სამართალია სადმე, უნდა განაგებდესცა“ — წამლად ვერაფრად გამოსადეგია და იქნება მჭევრმეტყველების ნიმუშად კი ვარგოდეს.
ბ-ნი ყიფიანი, არ ვიცით ვისის სიტყვით, ახირებულად გვიამბობს საზოგადო კრების „ღაღადებას“ სარევიზიო კამისიის შესახებ. „მიაქუხა ყრილობამაო, წამოიჭექა თავმჯდომარემაო“, ბრძანებს შიგა-და-შიგ ამისთანაებს ბ-ნი ყიფიანი. თუ „მიაქუხა“, რატომ ეს მიქუხება კენჭით არ გამოჩნდა, როცა „მიქუხების“ საგანზედ კენჭმა ჩამოიარა? „მეორე დღესაო იმავე თავმჯდომარემ გამოუცხადა ყრილობას, — ბრძანებს ბ-ნი ყიფიანი: — იყავ ნება თქვენიო, თითონ ჩვენ დაგინიშნავთ კამისიასაო... ესე იყო თუ არაო, თქვენ და თქვენი ნამუსიო“, — ჰკითხავს ბ-ნი ყიფიანი ბოლოს „დროების“ რედაქტორსა. სულაც ეგრე არ ყოფილა, დაგვერწმუნეთ. ტყუილად მოუხსენებია, ვისაც ეგ ამბავი მიუტანია. მეორე დღეს თავმჯდომარემ ეგ კი არ „წამოიჭექა“, არამედ შემდეგი: ცალკე სარევიზიო კამისია გნებავთო, თუ მაგ რევიზიას თვით ზედამხედველს კამიტეტს მიანდობთო. შეიქმნა ამაზედ ყაყანი და ბოლოს-დროს კენჭზედ მივარდა საქმე და კრებამ 80-ს კენჭის უმრავლესობით 25 თუ 27-ს ხმის წინააღმდეგ სთქვა, რომ ზედამხედველს კამიტეტს მიენდოსო. იქნება ამაში შესცდა კრება, ჩვენ არ ვიცით, ჩვენ მარტო ამის თქმა გვინდა, რომ კრებამ კენჭით სწორედ ეს დაიქუხა და არა სხვა. თუ ოც-და-ხუთის, ანუ ოც-და-შვიდის კაცის ხმა დაქუხება იყო, ოთხმოცისა ხომ დაქუხების დაქუხება იქნება, და რატომ მოხდა, რომ ბ-ნს ყიფიანს ბეწვი დაუნახავს და ძელი კი არა?
მაშასადამე, მას მერმედ, როცა ბ-ნ ყიფიანის სიტყვისამებრ, „ყრილობამ მიაქუხა და თავმჯდომარემ წამოიჭექა“, მეორეს დღეს მაგ საგანზედ კენჭი ჩამოატარეს და კრებამ კენჭითა სთქვა ის, რასაც ეხლა ბ-ნი ყიფიანი ეგეთის ოხუნჯობით სასაცილოდ იგდებს, საგიობელად ხდის და თავმჯდომარეს აბრალებს. ამაზედ არა გვგონია არ დაგვეთანხმოს ბ-ნი ყიფიანი, რომ უტყუარი „ქუხილი“ კრებისა კენჭი არის. მაშ რატომ არა სჯერა ბ-ნს ყიფიანს ესრეთ- წარმოთქმული „ქუხილი“ და რად იჯერებს უკენჭოდ დაქუხებულსა?
ვიმეორებთ, თუ პირველ დღეს, ბ-ნ ყიფიანის სიტყვისამებრ, ყრილობამ დაიქუხა, ის „დაქუხება“ ხომ უკენჭოდ იყო და, მაშასადამე, არარად უნდა მიეჩნია ბ-ნს ყიფიანს, რადგანაც იგი უკენჭობას პრინციპიალურად სრულებით უარჰყოფს საზოგადო საქმეში და ამბობს: დავთანხმდებიო „კენჭზედ და უკენჭობაზედ კი არას დროსაო“. პრინციპი იმიტომ არის პრინციპი, რომ ყოველს შემთხვევაში ერთ-და-იმავე საზომად უნდა იხმარებოდეს. თუ ესეთი პატივი აქვს ბ-ნს ყიფიანის თვალში კენჭსა საზოგადო საქმეთა გადაწყვეტაში, რატომ ასეთი პატივი უცია უკენჭო „მიქუხებისათვის“, რომელიც წინა-დღეს იყო და რატომ ესე სასაცილოდ იგდებს კენჭით გამოთქმულს სურვილს კრებისასა, რომელიც მეორე დღეს მოხდა? რაც უნდა სთქვან მაგ გადაწყვეტილებაზედ, ამაზედ ყველა დაგვემოწმება და ყველა იტყვის, რომ ეგ საქმე წინა-დღეს უკენჭოდ იყო და მეორე დღეს კი კენჭითა. რატომ უნებებია ბ-ნს ყიფიანს ერთს შემთხვევაში პატივისცემა იმისი, რასაც მეორე შემთხვევაში საგიობელად ხდის? ან რათა ჰგიებს მას, რასაც მეორე შემთხვევაში პატივსა სცემს? ნუთუ აქაც ადგილი აქვს ამ ლექსს:
„ასე, ჩემო მანასეო, ხან ისე და ხან ასეო“.
საზოგადო საქმეში — მიზეზ-მიზეზ დოს მარილი აკლიაო, მეტია და შეუწყნარებელი. ეს ბ-ნს ყიფიანს, ვითარცა „გამოცდილს და მცოდნეს კაცსა“, ჩვენზედ უფრო უკეთესად მოეხსენება.
მერე ბ-ნი ყიფიანი ეუბნება „დროების“ რედაქტორს: „არც თქვენი გაზეთი მიმაჩნია, არც გამგეობა (ბანკისა) ეხლანდელი, არც იმაზედ მიჩენილი ზედამხედველი კამიტეტი და არც ამ კამიტეტის განაყოფი სამთა კამისია იმ საზოგადოების წარმომადგენელადაო... რომელმაც (ბანკი) დააარსა, რომელსაც ეკუთვნის და რომელიც, თუ სამართალია სადმე, უნდა განაგებდესცა“ („დროება“ No 124).
ამ სიტყვებისაგან აშკარადა და უცილობელად სჩანს, რომ ეხლანდელი გამგეობა ბანკისა, ზედამხედველი კამიტეტი და სამთა კამისია დაყენებულია არა იმ საზოგადოებისაგან. „რომელმაც, ბ-ნ ყიფიანის სიტყვით, დააარსა ბანკი, რომელსაც ეკუთვნის, და რომელიც, თუ სამართალია სადმე, უნდა განაგებდესცა“. მაშასადამე, მათი დამყენებელი საზოგადოება ტყუილი საზოგადოება ყოფილა. თუ მართლა ესეა, ის როგორღა არის, რომ ბ-ნმა ყიფიანმა შარშან პეტერბურგიდამ და წლეულს ქვიშხეთიდამ, გამოაცხადა სურვილი, — თუ ეგ საზოგადოება კენჭით ამომირჩევს, უარს არ ვიტყვიო, შარშან გამგეობის თავმჯდომარეობაზედ, წლეულს ზედამხედველ კამიტეტის და სარევიზიო კამისიისაზედა. ორში ერთი: რაკი შარშან თუ წლეულს ეგ ახლანდელის გამგეობის დამყენებელი საზოგადოება ბ-ნს ყიფიანს ამოირჩევდა გამგეობის თუ ზედამხედველის კამიტეტის თავმჯდომარედ, მაშინ ეს დღეს ტყუილი საზოგადოება მართალ საზოგადოებად გარდიცვლებოდა, ან არა და ბ-ნს ყიფიანს ნება მიუცია თავის-თავისთვის ამორჩეულ ყოფილიყო ბანკის მოხელედ იმ საზოგადოებისაგან, „რომელსაც, მისისავე სიტყვით, არც დაუარსებია ბანკი, რომელსაც არც ეკუთვნის და რომელიც, საცა სამართალია სადმე, არც უნდა განაგებდესცა“. რად გამოაცხადა შარშან თუ წელს სურვილი ბ-ნმა ყიფიანმა ამორჩეულ ყოფილიყო იმ საქმის გამგებლად, რომელიც ამომრჩეველთ არ ეკუთვნოდა მისისავე სიტყვით?
ნუთუ ერთი და იგივე საზოგადოება თუ ამოირჩევდა ბ-ნს ყიფიანს გამგეობის თავმჯდომარედ წესიერი იქნებოდა, ესე იგი ის საზოგადოება იქმნებოდა, „რომელმაც დააარსა, რომელსაც ეკუთვნის და რომელიც, საცა სამართალია, უნდა განაგებდესცა“, და რაკი სხვანი ამოირჩივა, უწესო შეიქმნა, ესე იგი, იმისთანად, რომელმაც არც დააარსა, რომელსაც არ ეკუთვნის და რომელიც, თუ სამართალია სადმე, არც უნდა განაგებდეს.
კაცი არ მიიჩნევდეს ეხლანდელს გამგეობას, ზედამხედველს კამიტეტს, სამთა კამისიას, იმიტომ რომ ჯეროვანის საზოგადოებისაგან არა ხართ ამორჩეულიო და თითონ კი იმავ საზოგადოებას სურვილს უცხადებდეს, თუ გნებავთ ამირჩიეთ, თანახმა ვიქნებიო. მოდით, აქ ან თავი გაიგეთ, ან ბოლო.
**
ერთს ამ ბოლოს ჟამის „ბირჟევია ვედომოსტების“ ნომერში მოხსენებული იყო, რომ ფინანსთა სამინისტროს როგორღაც ათვალწუნებული ჰყავსო საადგილ-მამულო ბანკები საზოგადოდ, თუმცა ეს ბანკები უფრო პატივსაცემნი არიან, ვიდრე სხვა-გვარნიო. ამის დასამტკიცებლად ხსენებულს გაზეთს მოჰყავს მარტო ერთი მიზეზი, რომელიც, მართალია, ცხადად ამტკიცებს ზემოთქმულს, მაგრამ იგი ერთია სხვათა მრავალთა შორის. უსათუოდ ამ ათვალწუნების ბრალია, რომ 16 ოქტომბერს 1882 წელსა მინისტრთა კამიტეტი იძულებული იყო მიენიჭებინა საფინანსო მინისტრისათვის უფლება, — შეაყენოს გამოცემა საადგილ-მამულო ბანკის ობლიგაციებისა (გირავნობის ფურცლებისა) არამც თუ მაშინ, როცა ბანკისაგან გადაწყვეტილი სესხი არ ეშესაბამება ბანკის წესდებასა, არამედ მაშინაც, როცა ბანკი გაუფრთხილებლად ეკიდება ფინანსთა მინისტრისაგან დამტკიცებულ გადაწყვეტილებას ბანკისასა სესხის გაცემის შესახებ.
ეს სასტიკი კანონი, რომელმაც მიანიჭა ასეთი მძიმე უფლება ფინანსთა მინისტრსა, დამტკიცებისვე უმალ თავზედ დაეცა ქუთაისის საადგილ-მამულო ბანკსა და დღეს- აქამომდე იმ ბანკს მოსპობილი აქვს უფლება სესხის გაცემისა. რასაკვირველია, ამისთანა ამბავს დიდი და მძიმე საბუთი უნდა მიუძღოდეს და რადგანაც თვალსაჩინოდ ამისთანა საბუთი არავის ეგულება, ამიტომაც მიზეზად მოჰყავთ ის გარემოება, ვითომც ავ-ენების ბრალია ყოველივე ესაო, და იმ თვისებისა, რომელსაც ბეზღობას უძახიან, და რომელიც ვითომ იმერლებს უფრო სჭირთ, ვიდრე ქართლელებსაო. არა გვგონია კი, რომ ქართლელები
ამისთანაებში იმერლებს ჩამოუვარდნენ. ეგ სიკეთე, ჩვენდა საუბედუროდ, ყველას საერთოდა და ერთნაირადა გვჭირს. არც ისა გვგონია, რომ ეგ იყოს მიზეზი მინისტრის განკარგულებისა, რადგანაც მაგ მიზეზს მარტო შეგულიანება შეუძლიან და არა იმისთანა სასტიკის ზომის მიღება, როგორც ბანკის მოქმედების შეყენებაა.
მაშ აქ სხვა მიზეზი უნდა იყოს. პირველი მიზეზი თურმე ის არის, რომ 1876 წლიდამ 1879- მდე ბანკი თავდაჭერილად და ფრთხილად მოქმედებდაო. ეგ თავდაჭერილობა და სიფრთხილე რაში გამოჩნდა? იმაშიო, რომ ამ სამ წელიწადში ცოტა სესხი გასცაო და 1880 წლიდამ კიო ბლომად დაიწყო გაცემაო. ან პირველში როგორ დაინახეს სიფრთხილე და თავდაჭერილობა, ან მეორეში როგორ იპოვეს ბედოვლათობა და გაუფრთხილებლობა? ბანკის სიფრთხილე თუ ბედოვლათობა სესხის საერთო რაოდენობაზედ კი არ არის დამოკიდებული, არამედ იმაზე თუ — რა ფასიანი მამული რა ფასად არის მიღებული გირაოდ. ხომ შეიძლება, მაგალითებრ, ერთმა ბანკმა ერთს წელიწადს გასცეს მარტო ათასი თუმანი იმისთანა მამულზედ, რომელიც ათ თუმნად ღირს და მეორე ბანკმა-კი იმავ ერთს წელიწადს გასცეს თუნდა მილიონი იმისთანა მამულებზედ, რომელიც ერთი ორად და სამად მეტად ღირს. ნუთუ პირველი ბანკი ფრთხილი და თავდაჭერილი იქნება და მეორე გაუფრთხილებელი და თავდაუჭერელი. ეს სადაური ლოღიკაა?
თუნდ ეგეც არ იყოს, რა გასაკვირველია, რომ ქუთაისის ბანკმა 1880 წლიდამ ბევრი სესხი გასცა? განა საყოველთაოდ ცნობილი არ არის, რომ ამ წლიდამ ქუთაისის ბანკს ტფილისის გუბერნიაშიც მიეცა ნება სესხის გაცემისა და ამის გამო მუშტარი კრედიტისა მოემატა? განა ქუთაისის ბანკმა იმიტომ არ იშუამდგომლა ფინანსთა მინისტრის წინაშე და თითონ ფინანსთა მინისტრმა იმიტომ არ მიიღო პატივისდებაში ეს შუამდგომლობა, რომ ქუთაისის გუბერნია მეტად ვიწრო სარბიელი იყო კრედიტისათვის სხვადასხვა მიზეზის გამო და ბანკის არსებობისათვის საჭირო იყო ფართო სარბიელი ჰქონოდა, რათა მოგება რამ ენახა და შემოსავალს გასავალი დაეფარა? რაკი თვით სამინისტრომ ეს საჭიროდ დაინახა და ნება მისცა ქუთაისის ბანკს ტფილისის გუბერნიაშიც ემოქმედნა, რაღა ლარი და ხაზი უნდოდა იმის გამოცნობას, რომ ამით სესხის გაცემა იმატებდა.
აი ესეც ერთი მაგალითი მისი, რომ მიზეზ-მიზეზ დოს მარილი აკლიაო. ბევრი სესხი ბევრს გირავნობის ფურცლებს მოჰფენს ხოლმე ბირჟას და ზოგჯერ ბირჟა ვერ ასდის და ფასი ობლიგაციებისა ამის გამო ძირს იწევს. ეს მიზეზი რომ მიეკერებინათ ბლომად სესხის გაცემისათვის, კაცი იტყოდა, კიდევ ჰოო. ძალიან უკვირთ, თურმე, ქუთაისის ქალაქზედ როგორ გასცეს 11⁄2 მილიონი სესხიო. რაო მითამ? ქუთაისის ქალაქი განა ოსტროგოჟსკის ქალაქია, რომ მაგოდენა სესხის გასაცემად გირაო არა ჰქონდეს! შორიდამ იქნება ეგრე ჩანდეს, მაგრამ ბანკისა რა ბრალია, რომ კაცის თვალი პეტერბურგიდამ ქუთაისამდე რიგიანად ვერა სჭრიდეს! გონების თვალიო?! იტყვის მკითხველი. გონების თვალი კი გასჭრის, მაგრამ ყველას ახილული არა აქვს.
მეორე მიზეზი ის არის, რომ ქუთაისის ბანკი ძვირად აფასებს ქალაქის მამულებსაო, რადგანაც წლიურს წმინდა შემოსავალს თექვსმეტჯერ ამრავლებსო. არ ვიცით, მართლა ძვირად აფასებს თუ არა, ჯერ კი მაინც-და-მაინც ზარალი არა უნახავს რა. ეს კია, რომ თექვსმეტჯერ გამრავლება მართლა ბევრია ფასის გამოყვანისათვის, მაგრამ განა ეს საბუთია, რომ აეკრძალოს ბანკსა სესხის გაცემა საყოველთაოდ? ყველა სესხი, ცოტაა თუ ბევრი, ხომ სამინისტროში მიდის, წესდების ძალით, დასამტკიცებლად. განა არ შეიძლებოდა განსაკუთრებით ის ცალკე სესხი არ დაემტკიცებინა სამინისტროს, რომელიც რომელსამე მამულზედ ბლომად ეჩვენებოდა? ანუ მიეცა ბრძანება ქუთაისის ბანკისათვის, რომ ქალაქის მამულების ფასის გამოსაყვანად მიიღეთ წლიური წმინდა შემოსავალი ათჯერ გამრავლებული და არა თექვსმეტჯერაო! აქ რა საჭირო იყო ის სასტიკი განკარგულება, რომელზედაც ჩვენ ვლაპარაკობთ. პატარა ქალაქების მამულზედ უძლევია ქუთაისის ბანკს სესხიო, ამბობენ კიდევ მიზეზად. ბატონო, თუ ეგრეა, რათ ამტკიცებდით მაგისთანა სესხს და თუ ამტკიცებდით, სამდურავს რაღა ადგილი აქვს? თუნდ ეგეც არ იყოს და პატარა ქალაქების მამულზედ მართლა საშიში იყოს სესხის გაცემა, მარტო მაგ-გვარ სესხის გაცემას აუკრძალვიდნენ დალოცვილები და იმით გაათავებდნენ საქმეს.
სოფლის მამულებზედ მეტის-მეტი ფასები აქვსო ქუთაისის ბანკსაო, ზოგჯერ დესეტინა 500, 600 და 700 მანეთად დაფასებულია და ამის კვალობაზედ გაცემულია სესხიო. აქაც იმას ვიტყვით, რაც ქალაქის მამულებზედ ვსთქვით: თვითოეული სესხი ცალკეა წარდგენილი სამინისტროში დასამტკიცებლად და ნუ დაამტკიცებდნენ, თუ მეტის-მეტი ეგონათ. თუმცა ეს კი უნდა ვსთქვათ, სოფლის მამული ქუთაისის გუბერნიაში ხშირად ახირებულ ფასად გადის და ღირს კიდეც ხოლმე.
წესდების ძალით, საადგილ-მამულო ბანკში ვისაც სესხის გამოტანა უნდა ქალაქის მამულზედ, ცეცხლისაგან საზღვევის საზოგადოების პოლისი უნდა წარადგინოს. იმავ წესდების ძალით, ჯამი საზღვევის ფულისა უნდა შემდგარიყოს ამ ჯამიდამ, რაც სესხად მიეცემა, და რომელსაც უნდა დაემატოს ორის წლის ბანკის გადასახადი ერთად. ქუთაისის ბანკს სდებენ ბრალს, რომ პოლისის წარმოდგენას მაშინ კი არა თხოულობსო, როცა მსესხებელს არზა შემოაქვს სესხის სათხოვნელადაო, არამედ მაშინა, როცა სესხს აძლევსო. ჩვენის ფიქრით, ძალიან კარგად მოქცეულა ამ შემთხვევაში ქუთაისის ბანკი, თუ ეგ მართალია, და გვგონია, ყველა ბანკიც ეგრე უნდა იქცეოდეს, თუ არ უნდა, რომ გაუძნელოს მსესხებელს საქმე და ადრე და მალე ტყუილ-უბრალოდ ხარჯი გააწევინოს. ჯერ მინამ ბანკს სესხი არ გადაუწყვეტია, და არამც თუ სესხი, დაფასებაც მამულისა არ მოუხდენია, როგორ შეადგინოს ჯამი საზღვევის ფულისა, როცა არც თითონ ბანკმა და არც მსესხებელმა არ იცის, რას დანიშნავს ბანკი? იტყვიან, იმის კვალობაზედ შეადგინოს, რასაც თითონ მსესხებელი თხოულობსო. კარგი და პატიოსანი, მაგრამ ხანდისხან მსესხებელი ახირებულად ბევრსა თხოულობს, ბანკი კი სესხს ძალიან ნაკლებად უნიშნავს. ბანკმა ტყუილად იძულებულ რათ ჰყოს მსესხებელი, გააღებინოს მომეტებული პრემია საზღვევის პოლისზედ, როცა შესაძლოა საქმე ისე გათავდეს, რომ არც მწვადი დაიწვას, არც შამფური? ის არა სჯობია, როცა სესხი
დანიშნული იქნება და მომზადებული მისაცემად, მაშინ მოსთხოვოს ბანკმა პოლისი დანიშნულის სესხის კვალობაზედ? ამითი მითომ რა წახდება? ბანკიც მაინც ხათრიჯამად იქნება გირაოდ მიღებულ შენობაზედ და მსესხებელიც იძულებულ არ იქნება მეტი ხარჯი გაიღოს პოლისზედ.
მაინც-და-მაინც, როგორც ეს უკანასკნელი მიზეზი, ისეც ზემოთ ნაჩვენებნი, ისეთის თვისებისანი არ არიან, რომ იძულებულ ყოფილიყვნენ მათ გამო მოესპოთ მოქმედება ქუთაისის ბანკისა. ყოველივე ეს შეეძლოთ შეენიშნათ ქუთაისის ბანკისათვის და ებრძანებინათ, — სესხი კი ისევ აძლიეთო, მხოლოდ ეს მიზეზები მოიშორეთ თავიდამაო.
აი უმთავრესნი და თითქმის ყველა მიზეზნი, რომლის გამო ასე გამოიმეტეს ქუთაისის ბანკი. უყურებ და ვერასგზით ვერ მიგიგნია, — რით უნდა გამართლებულიყოს ასეთი სასტიკი განკარგულება? რომ აკვირდება კაცი ამ საქმეს, დაჟინებით ჰკითხავს თავის-თავს: რათა და რისთვისაო, და რიგიანი, საბუთიანი პასუხი ვერ უპოვნია. თუ მართლა ეს უმიზეზო მიზეზნი არიან საბუთად მოყვანილნი, განა თვითოეულ მათგანს ცალკე ცალკევე შემთხვევაში ვერ გადაეღობებოდა წინ, ვისაც ეგ უფლება აქვს! საყოველთაოდ მათ გამო მუსრის გავლება რა საჭირო იყო, ან რამ გამოიწვია? ნუთუ მან, რომ „იყავნ ნება ჩემიო!