top of page

შინაური მიმოხილვა 1883 აპრილი

  • Writer: nino otiashvili
    nino otiashvili
  • Jan 9, 2024
  • 11 min read

XXII

წლევანდელი საზოგადო კრება ტფილისის სათავად-აზნაურო ბანკისა. — კამათობის საგანი. — ანგარიში ბანკისა 1882 წლისა. — შენიშვნა კრების წევრისა. — რევიზია. — კამისია კამიტეტისა თუ ცალკე. — განაჩენი. — კანდიდატურა ერთისა. — ჭორის შედეგი. — უცოდინარობა. — მნიშვნელობა კრებისა. — ცოდნა უნდა. — ორში ერთი. — ჩვენი რწმენა და იარაღი. — ამაოდ ხსენება ახალ-თაობის სახელისა. — ახალი განკარგულება მიწათ- მფლობელთა კრედიტის შესახებ. — ძველის რედაქტორის გამოთხოვების გამო.


წლევანდელი კრება ბანკისა მეტად ღირს-საცნობი კრება იყო. აქამომდე ჩვენი კრება ბანკისა თუ აშფოთდებოდა და აიმღვრევოდა რაზედმე, მიზეზი მარტო არჩევანი იყო ხოლმე. სხვაზედ კი, მაგალითებრ - თითონ ბანკის საქმეთა მიმდინარეობის ავ-კარგიანობაზედ, თითქმის ხმასაც არ იღებდნენ. ამ მხრით, ბანკის კრება უჩუმრად და მშვიდობიანად ჩაივლიდა ხოლმე. წელს კი კრებამ თითონ ბანკის საქმეებს მიაქცია ყურადღება, სალაპარაკო საგნად იგი საქმეები გახადა და, კარგად თუ ავად, გულმოდგინედ მოეჭიდა თითონ საქმის ვითარებასა.

კამათობის საგნად შეიქმნა შარშანდელის წლის ანგარიში. თუმცა ამ საგანზედ ბევრი რამ ითქვა ბევრთაგან, მაგრამ ყოველის თქმულის მოხსენება აქ მეტია, იმიტომ რომ ის თქმული თითონ კრებისათვისაც მეტი იყო და რო არ თქმულიყო, უფრო სამჯობინარი იქნებოდა. ჩვენ ვეცდებით, რამოდენადაც შევიძლებთ, აქ მოვიხსენიოთ მარტო უმთავრესი მდინარეობა აზრისა და საუბარისა იმისთანა საგანზედ, რომელნიც ყურადღების ღირსნი არიან. სხვას კი, ესე იგი წარამარა ლაპარაკს, თავს დავანებებთ, რადგანაც ძნელია ამ-გვარ ლაპარაკიდამ კაცმა საყურადღებო რამ გამოსწუროს.


კრებას მოხსენდა ანგარიში 1882 წლისა. ამასთანავე მოხსენდა ზედამხედველის კამიტეტის განაჩენი, რომელშიაც ეწერა, რომ კამიტეტმა ეს ანგარიში განიხილა, ყოველიფერი შეამოწმა, ყოველი ქონება ბანკისა ნახა მთლად და ჯეროვანად შენახული და ამიტომაც წესდების 86 მუხლის ძალით დაამტკიცა და საცნობელად წარუდგინა კრებასა. კრებამ, კარგა ხნის ბაასის შემდეგ მასზედ - თუ ვის ეკუთვნის ანგარიშის დამტკიცება, კამიტეტს თუ კრებას, - გადასწყვიტა: მიიღოს საცნობელად 1882 წლის ბანკის ანგარიში, შემოწმებული და დამტკიცებული ზედამხედველის კამიტეტისაგან. ამ განაჩენამდე და მას შემდეგაც ერთი დიდი კამათობა ასტყდა. რაკი მოხსენდა კრებას ანგარიში 1882 წლისა, ერთმა წევრმა კრებისამ შეჰნიშნა ბანკის მოქმედებას სამი ნაკლულევანება. პირველი ნაკლულევანება, ორატორის სიტყვით, ის იყო, რომ ბანკს დარჩენია ოთხი ქალაქის მამული, რადგანაც ძვირად მიუღია გირაოდ და იმ ფასად ვეღარ გაუყიდნია. ამ სახლების გამო ბანკი ზარალს მოელოდებაო 17.000 მანეთს და ზარალის დასაფარავად ეგ ფული 1882 წლის მოგებიდამ გადუდვიაო. მეორე ნაკლულევანება ის იყო, ორატორის სიტყვით, რომ ბანკის მმართველობას სოფლის მამულები მეტად იეფად უფასებიაო. რათ უფოლებიათ ჩვენი მამულებიო? ფასი კი სწორედ გამოიყვანონო ღირებულებისამებრ და თუ უნდათ სესხი ნაკლები მისცენო. მესამე ნაკლულევანება ის იყო, ორატორის სიტყვით, რომ ჩვენის გირავნობის ფურცლების ფასმა ძალიან დაიწიაო და ამისი მიზეზი იქნება თითონ ბანკის მოქმედება იყოსო. ესე ყოველი იმისთანა მძიმე საგნებიაო, რომ რევიზია დაენიშნოთ გამოსაძიებლად ყოველ ამისა, ძალიან კარგი იქნებაო და თითონ რევიზია მივანდოთ კამისიასაო. მმართველობა და ზედამხედველი კამიტეტი თანახმა იყო რევიზიისა. შედგა განაჩენი მასზედ — თუ რა და რა საგანი მიენდოს კამისიას გამოსაძიებლად. ხოლო როცა საქმე მივარდა მასზედ, თუ რა გვარს კამისიას მიენდოს ეს გამოსაძიებელი საქმე, მაშინ ასტყდა გაცხარებული ბაასი. კრების წევრი იძახდა, ცალკე კამისია უნდა ავირჩიოთო, მმართველობა ბანკისა და ზედამხედველი კამიტეტი ამბობდენ, რომ ცალკე კამისია არ ეშესაბამება არც საქმის ვითარებასა, არც წესდებასა. თითონ ზედამხედველს კამიტეტს აქვს მინიჭებული კანონით რევიზიის მოხდენის უფლება და არა ერთხელაც მოუხდენიათ რევიზია. თუ ეხლა კიდევ საჭიროდ ხედავთ რევიზიას, ცალკე კამისიის არჩევა რად გინდათო, ორში ერთი, ან კამიტეტს ენდობით, ან არ ენდობითო. თუ ენდობით, თითონ კამიტეტს მიანდეთ გამოიძიოსო ყოველივე ის, რის სურვილიცა გაქვთ, და თუ არ ენდობით, ეგ სხვა არისო, კამიტეტი სამსახურიდამ უნდა გადადგესო. მოპირდაპირეთ ბევრი სთქვეს, - თქვენზედ ეჭვი არავის გულშიაც არ გაუტარებიაო, და თუ ვითხოვთ ცალკე კამისიას, იმიტომაო, რომ ეგრე მკაცრად კრებისაგან ბანკის საქმეების გაჩხრეკა ჩვენის ბანკის სახელს და კრედიტს გააძლიერებსო. ამის წინააღმდეგ უთხრეს, რომ საზოგადო კრება უმთავრესი ორღანოა ბანკის მმართველობისაო, იგია უმთავრესი მცველი იმ წესისა და კანონისაო, რომელზედაც დამყარებულია კრედიტიო. ცალკე კამისიის არჩევა, მაშინ როდესაც კანონით დაწესებული კამისია, ზედამხედველის კამიტეტის სახელით, უკვე არსებობს, კანონის დარღვევა იქნება და მაგას ეგ უმთავრესი ორღანო ბანკის მმართველობისა ნუ ინდომებსო, თორემა ამით არამც თუ ჩვენის ბანკის საქმე გაკეთდება, არამედ წახდებაო. ვიდრე ზედამხედველი კამიტეტი არსებობს და გადაყენებული არ არის, რევიზიის უფლება მას ეკუთვნის და ყოველი ცალკე კამისია მის უფლების დარღვევად ჩაითვლებაო. მოითხოვეს კენჭი. ცალკე კამისიის მომხრეთ სთქვეს, რომ კენჭი რა საჭიროა, საქმე უკვე გადაწყვეტილიაო და ხელმეორედ გადასაწყვეტად რათ გვიხდითო. ატყდა ეხლა ამაზედ ბაასი, გადაწყვეტილია თუ არაო. ზოგნი იძახდნენ, გადაწყვეტილია, ზოგნი ამბობდნენ, არაო. მოიტანეს კენჭის ყუთი. ერთ მხარეს დააწერეს ზედამხედველი კამიტეტი. მეორე მხარეს ცალკე კამისია. აშკარაა, თუ კრებას ეს საქმე გადაწყვეტილად მიღებული ჰქონდა, კენჭის-ყრაში გამოცხადდებოდა. 80 კენჭი ზედამხედველს კამიტეტს გამოუვიდა და 26 ცალკე კამისიას.


დიდი არეულობა მოახდინა ერთის კანდიდატურამ მმართველობის წევრობაზედ. აღმოჩნდა, რომ შარშანდელს კრებას იგი ამოერჩია შეცდომით წევრად ზედამხედველის კამიტეტისა; შეცდომით, ვამბობთ, იმიტომ რომ იგი ბანკის წევრად არ არის დღეს-აქამომდე შერიცხული და კანონით, თუ არ ბანკის წევრს, სხვას არ შეუძლიან ბანკში რაიმე თანამდებობაზედ ამორჩეულ იქმნას. ერთმა წევრმა მმართველობისამ სთქვა, რომ თუმცა, მართალია, იგი წევრი არ არის და კანონით მარტო ბანკის წევრს შეუძლიან კენჭი იყაროს, მაგრამ არის წინანდელთა კრებათაგან დადგენილი წესი, რომლის ძალითაც ყოველს თავადს თუ აზნაურს ტფილისის გუბერნიისას, რომელსაც კი სოფლის მამული აქვს, ნება აქვს ყოველს ჟამს გახდეს ბანკის წევრად. ამისათვის მარტო თხოვნა უნდა შეიტანოს ზედამხედველ კამიტეტში და წარადგინოს ფული, რამოდენსაც კამიტეტი შეაწერს მისგან განთავისუფლებულთა გლეხთა რიცხვთა მიხედვით, და თუ ყმები არა ჰყოლია, ქონებისა და შეძლებისამებრ. ამ წესით სწორედ წინადღეს მიღებულ იქმნა წევრად თ. ლევან ჩერქეზიშვილი. არ ვიცით, ზოგს რათ ეგონათ უკანონობად, რომ იგიც ამ წესით მიღებულ ყოფილიყო.


სხვა შესანიშნავი არა ყოფილა-რა წლევანდელ კრებაში. ჩვენც მარტო ამ ორ საგანს მივაქციეთ ყურადღება, იმიტომ რომ მარტო ამ ორმა საგანმა ააყაყანა ჩვენი საზოგადოება, როგორც კრების დროს, ისე კრების შემდეგაც. რასაკვირველია, როგორც რევიზიისა, ისეც შეცდომით კამიტეტში ამორჩეულ წევრის თაობაზედ, ბევრი სხვადასხვა ეპიზოდები მოხდა, ბევრი სხვადასხვა მართებული და უმართებულო სიტყვა ითქვა, მაგრამ ჩვენ ამაებს ყველას თავი დავანებეთ, რადგანაც ყოველივე იგი არც თქმადა ღირს და არც სასმენლად. სხვამ რაც უნდა თქვას, ჩვენ კი ამას ვიტყვით, რომ კრების გონიერმა გადაწყვეტილებამ რევიზიის და ანგარიშის თაობაზედ ჩვენი ბანკი დიდ განსაცდელისაგან დაიხსნა. რომ ეს სიტყვა უსაბუთო არ არის, ამის დასამტკიცებლად მოვიყვანთ შემდეგს ამბავსა. 4-ს მაისს ბანკის მმართველობას მოუვიდა პეტერბურგიდამ შემდეგი ტელეგრამა: „დღეს იბეჭდება ცნობა, რომ თქვენმა კრებამ წლის ანგარიში უარჰყო და ცალკე სარევიზიო კამისია დანიშნა. მალე პასუხი. გირავნობის ფურცლების ფასმა დაიწია“.


ვიდრე ზედამხედველი კამიტეტი ამის პასუხს შეამზადებდა, მოვიდა მეორე ტელეგრამა: „პასუხის დაგვიანება გვაკვირვებს. ჩქარა პასუხი“. აბა, იფიქრეთ, რა საქმე დაემართებოდა ჩვენს ბანკს, რომ ეგ ჭორი გამართლებულიყო, ესე იგი ის, რომ მითამ კრებამ უარჰყო ბანკის ანგარიში და ცალკე სარევიზიო კამისია დანიშნა. ნუთუ რომელთაც ეს შეცდომა არ აქმნევინეს კრებას, გასაკიცხნი არიან? ნუთუ მართლა გრძნობა სიმართლისა, კეთილსინიდისიანობა, კეთილგონიერება იქამდის თვალაბმულია ჩვენში, რომ ჩვენი ავი და კარგი აღარ გაგვეგება? ნუთუ ეხლა ისევ ის რევიზია არ შეიძლება მოხდეს, რომელსაც თხოულობდნენ ზოგიერთნი? ხომ ნება აქვთ მიცემული კრებისაგან, მოიწვიონ რევიზიისათვის ვინც უნდათ. ვინ უშლით მოიწვიონ თითონ ისინი, ვისზედაც გული მიენდობათ ცალკე რევიზიის მომხრეთა, განსხვავება მარტო იმაშია, რომ ეხლა ყოველივე ეს კანონიერი და წესიერი იქნება და ცალკე კამისია კი უკანონო იქნებოდა. უკანონოდ ქცევას ამისთანა საქმეში, როგორც ბანკია, ის შედეგი მოსდევს, რაც ტელეგრამამ პეტერბურგიდამ გვაცნობა და ამაზედ უარესიცა. ბანკის სულთამდგმელი ბირჟაა. ბირჟა კიდევ მეტად ყურმახვილია და მგრძნობიერი, ამიტომაც უსაბუთოდ აპილპილება ბანკის მოქმედების თაობაზედ, უსაბუთოდ გაკენწლვა, წინდაუხედავად ლაპარაკი, თუ არ გვავნებს, არას გვარგებს, და იქნება ყოველ ამან, თუ არ დავიშალეთ, ეს ერთად-ერთი საქმე, საცა ჩვენვე ვართ ჩვენივე პატრონები, ხელიდამ გამოგვაცალოს.


ჩვენდა საუბედუროდ, ამ კრებაში ერთმა დიდად დასაღონებელმა თვისებამ უადგილო თავმოწონებისამ, მეტიჩარობისამ და თავმოყვარეობისამ გამოიჩინა თავი. ყოველი, ვისაც კი ენის ძვრა შეუძლიან, ვალად ჰხადოდა თავის-თავს ეთქვა რამე ბანკის თაობაზედ. ის კი არ იცოდნენ, რომ ვისაც ბანკის საქმე არ ესმის, ის თუ არ წაახდენს საქმეს, სხვას არას გააკეთებს. აკი ვამბობთ, ერთი ალალ-ბედად წამოსროლილი სიტყვა უმეცრებისა, თუნდაც კარგის განზრახვითაც წარმომდინარი, ასეთს ხიფათს მოახვევს თავზედ ბანკსა, რომ მერე ძნელადღა ეშველოს. ბანკი, ნამეტნავად იმ საფუძველზედ ამოყვანილი, როგორც ჩვენი საადგილ-მამულო ბანკებია, მარტო ჩვენზედ კი არ არის დამოკიდებული. ათასი სხვადასხვა დამოკიდებულება აქვს იმისთანა გარემოებასთან და ხალხთან, რომელნიც არც ჩვენ ხელთ არიან, არც ჩვენ გვექვემდებარებიან. ის გარემოებანი და ის ხალხი, მაგალითებრ - მსყიდველნი ჩვენის გირავნობის ფურცლებისა, მეტად მალე დაიტყობენ ხოლმე ყოველგვარს წინდაუხედავს სიტყვას და მოქმედებას ბანკის შესახებ. თუ ბანკი ამათს პატივს და ნდობას დაჰკარგავს, ფეხსაც ვეღარ გასძრავს, - ისე შეიკვრის და შედგება. ეს პატივი და ნდობა, სხვათა შორის, მთელს გამგეობაზედ არის დამყარებული. თუ უმთავრესმა ორღანომ ამ გამგეობისამ,როგორც, მაგალითებრ - საზოგადო კრებაა ბანკისა, ქვეყანას თავი უცოდინარად აჩვენა, თუ წარამარა ლაპარაკით სახელი გაითქვა, თუ შენიშვნა რომელსამე თავის ქვემდებარე ორღანოს ბანკის გამგეობისას საფუძვლიანი და საბუთიანი არ მისცა, თუ საგანს საბაასოს და საბჭოს ცნობიერად არ მოეკიდა, მაშინ ქვეყანამ, რომელზედაც დამოკიდებულია ბედი და უბედობა ბანკისა, რა უნდა თქვას? მარტო იმას იტყვის, რომ „მე ამისთანა წარამარად ჩხავანა საზოგადოებას ფულს ვერ ვანდობ“. გირავნობის ფურცელი რა არის? სხვა არაფერი, გარდა იმისა, რომ თამასუქია ბანკისა, ქვეყანაში გასული, ნაღდის ფულის საშოვრად. აბა ჩვენ თითონ ვიფიქროთ: რა ფასი უნდა ჰქონდეს თამასუქს იმისთანა კაცისას, თუ საზოგადოებისას, რომელსაც თავ-ბედისა არა გაეგება-რა.


ეს კარგად უნდა ახსოვდეთ მათ, ვისაც ენა წინ უსწრობს ცოდნასა. ჩვენ ამით იმის თქმა კი არ გვინდა, ვითომც ბანკის საქმე ისეთი დიდი და მძიმე რამ იყოს, რომ მარტო „რჩეულთა ამა ქვეყნისათა“ შეეძლოთ მისი შესწავლა და სხვას არავის. მაგ საქმეს ყველა ადვილად შეისწავლის, თუ მოინდომებს. ჩვენ მარტო ამის თქმა გვინდა, რომ ვისაც საქმეზედ ლაპარაკი სწყურს, ჯერ თითონ საქმე უნდა შეისწავლოს. აქ ცარიელი მჭევრმეტყველობა, თუნდა საქმის სიყვარულითაც ფრთაასხმული, არაფერში გამოსადეგია. მაგისთანა მჭევრმეტყველობა მარტო ყეფა იქნება და არა საბუთიანი სიტყვა, საქმის წამმართებელი და გამასწორებელი. ყეფა - როგორც მოგეხსენებათ - ვერაფერი მომწვევია და მომზიდველი კრედიტისა. ეგ კრედიტს ისე გააფრთხობს, როგორც მართალი ყეფა ფრთხილს და ყურაცქვეტილს ნადირსა.


ორში ერთი: ან ჩვენი ბანკები მავნებელნი არიან ჩვენთვის, ან მარგებელნი. თუ პირველია - უნდა გავაუქმოთ, და თუ მეორე - ყოველივე ჩვენი ძალ-ღონე უნდა ვიხმაროთ მის წარსამატებლად და წარსამართებლად. ჩვენის ფიქრით, ჩვენი ბანკები, რა მხრითაც უნდა გასინჯოთ, გამოსადეგნი არიან ჩვენის ქვეყნისათვის. ამაზედ ჩვენ ბევრჯერ გვილაპარაკნია და აქ ამის განმეორება მეტი იქნება. თუ კოჭლობენ რაშიმე, ეგ თითონ ბანკების ბრალი არ არის ისე, როგორც წინდაუხედაობას და განუსჯელობას ჰგონია. უმთავრესი და არსებითი ნაკლულოვანება ბანკისა საზოგადოდ იმ საზოგადო სისტემის ბრალია, რომელიც აღიარებულია და რომელს გარეითაც არსებობა ბანკისა აკრძალულია. ამ საგანზედ სიტყვის გაბმა შეუძლებელია. ვტოვებთ ამას და კიდევ იმას მივუბრუნდებით, რომ ჩვენი გულითადი რწმენა ის არის, რომ ჩვენი ბანკები დიდად გამოსადეგნი არიან ჩვენის ქვეყნისათვის. ამისათვის არა ღონეს არ დავზოგავთ, რომ მათი კეთილდღეობა დავიცვათ და ყოველსავე იერიშს წინდაუხედაობისას, განუსჯელობისას წინ ფარ-ხმლით დავხვდეთ. რასაკვირველია,ჭორი და ცილი - ეგ უკადრისი იარაღი სუსტისა და უკადრისის კაცის - ჩვენი იარაღი არ იქნება საომარს სარბიელზედ და არც უმართებულოდ ხსენება ჩვენის მოპირდაპირისა. ჩვენს თავს არ ვაკადრებთ, ადამიანის სინიდისი - ეგ უძვირფასესი ზნეობითი განძი ადამიანისა - საქანელად გავიხადოთ. ადამიანის განზრახვის შესაბღალვად იმისთანა საბუთს არ ვიხმარებთ, რომელშიაც იგულისხმება კარგიც და ავიც ადამიანის სურვილისა, და რომლის მარტო ავ მხარეს ჰკიდებს ხოლმე ხელს უძლურება და სიბრიყვე ადამიანის შესამწიკვლელად, მაშინ როდესაც საბუთში მეორე მხარეც არის, მაშინ როდესაც საბუთიდამ მეორე დასკვნის გამოყვანაც შეიძლება სასარგებლოდ ადამიანის განზრახვისა. ეს პირველი ანბანი ზნეობისა და ადამიანობისა შერყეულია ჩვენში, და ჩვენდა სამწუხაროდ -შერყეულია ახალ-თაობის სახელითა, ესე იგი იმ თაობის სახელითა, რომელზედაც დამყარებულია ჩვენის ზნეობის ამაღლების იმედი, ჩვენის განკარგების სასოება. ჩვენ კარგად ვიცით, რომ ამ დანაშაულობაში ნამდვილი და ჭეშმარიტი ახალი თაობა არაფერს შუაშია, და მით უფრო ვწუხვართ, რომ მის წმინდა სახელს ასე ამაოდ და მოურიდებლად ამ უკადრის ქცევაში იხსენიებენ. შორს, შორს ახალ-თაობისაგან ის, ვინც ადამიანის პიროვნებას, ადამიანის სინიდისს ფეხ-ქვეშ სათელავ მჩვრადა ხდის. რა არის მთელი პროგრესი კაცობრიობისა, თუ არ ის, რომ ადამიანის პიროვნება, ადამიანის სინიდისი, ყოფა-ცხოვრება, - უსაბუთოდ, უსაფუძვლოდ არავისაგან ხელშეხებულ არ იყოს, არავისაგან შემწიკვლულ, შეგინებულ და შევიწროებულ. რაც გინდა სთქვით, როგორც გინდა მოიქეცით, ოღონდ ახალ-თაობის წმინდა სახელს ნუ მოჰფენთ უკადრისს ქცევასა, უკადრისს სიტყვასა, ახალი თაობა სხვა არის, სხვა ნუგეშია, სხვა იმედია. ყველა ჩხავანა ახალ-თაობა არ არის. ახალი თაობა გონიერებაა. ახალი თაობა პატიოსნებაა, ახალი თაობა ცოდნაა, მეცნიერებაა, ახალი თაობა საქმეა და არა ჩხავილი. ვისაც ყოველივე ეს ცოტად თუ ბევრად არა სჭირს, შორს მანძილს ვერ გაირბენს მარტო იმითი, რომ ბალღები ატყუოს, - ახალი თაობის კაცი ვარო. ვინც ეგრე გულმოდგინედ ყვირის, ახალი კაცი ვარო, რატომ არა ვკითხულობთ, რით არის ახალი? ნუთუ მარტო იმითი, რომ სხვაზედ გვიან მოვიდა? რატომ არა ვკითხულობთ, რა მოიტანა ახალი? აბა კვალში ჩაუდექით ყოველ მყვირალს, ახალ-თაობის კაცი ვარო, გაუსინჯეთ სიტყვა და მოქმედება, იკითხეთ იმ სიტყვასა და მოქმედებაში ახალი რა არის, და მაშინ ნახავთ, რომ იგი ახალის თაობის ბერეკაა და არა ახალი თაობის კაცი. თითონაც რომ ჰკითხოთ, აბა, ახალო კაცო,ახალი რა მოიტანეო, დამიჯერეთ, ოფლში გასწურავთ მაგ კითხვით და ძნელ საქმეს დააყენებთ. ახალი კაცი ძლიერია თავისის აზრით, მსჯელობით, ცოდნით. იგი თავმოსაწონებელს სახელს ახალის კაცისას მართლა-და ახალის აზრით, მსჯელობით და ცოდნით დაიმსახურებს და არა ყვირილით და ფიცით, ღმერთმანი, ახალი კაცი ვარო.


ვისაც დაუკარგავს თავისის თავის პატივი და, მაშასადამე, სხვისაც, - უკადრისობა იმისათვის უცილო იარაღად დაგვითმია. დეე იმან ამ გზაზედ და ამ იარაღით იბრძოლოს. დრო, კეთილ- გონიერება და თითონ ახალი თაობა თავის უტყუარს განაჩენს თავის დროზედ იტყვის.


სიტყვამ მოიტანა და ჩვენის შინაურის მიმოხილვის საგანს გადავცდით. ჩვენ, სხვათა შორის, დღეს ერთი ფრიად შესანიშნავი და საყურადღებო ამბავი გვსურდა გვეცნობებინა ჩვენის მკითხველისათვის. ამ ბოლოს დროს რუსეთის გაზეთებმა მოიტანეს ამბავი, რომ სახელმწიფო ბანკმა დააწესა ახალი წესიო, რომლის ძალითაც მიწათ-მფლობელთ უთავდებო ვექსილით კრედიტი უნდა გაეხსნაო სახელმწიფო ბანკსა და მის განყოფილებაში. აი ის წესები: 1) სახელმწიფო ბანკსა, მის კანტორებს და განყოფილებათ ეძლევათ ნება ფული ასესხონ ზომიერის სარგებლით მიწათ-მფლობელებს ეგრეთ-წოდებულ სოლო-ვექსილის ჩამორთმევით, ესე იგი იმისთანა ვექსილით, რომელზედაც მარტო მსესხებელსა აქვს ხელი მოწერილი. ვადა სესხისა 9 თვეა დადებული. სესხის დაბრუნების საიმედოდ მსესხებლის მამულს დაედება ყადაღა იმ ზომისა, რა ზომისაც დანიშნული იქნება კრედიტი. 2) რომ ხელი მოუმართონ სახელმწიფო ბანკს, მის კანტორებს და განყოფილებათ მასში - თუ ვის რამოდენა კრედიტი დაენიშნოს, მოწვეულ იქნებიან ოთხი კაცი მამულის პატრონთაგანი, რომელნიც ყველასაგან სანდონი არიან და რომელთაც კარგად იციან გუბერნიის სამეურნეო მდგომარეობა. ეს ოთხი კაცი მოწვეულ იქნებიან მარშლების და „ზემსკის უპრავის“ თავმჯდომარის თანხმობითა და ფინანსთა მინისტრის დამტკიცების შემდეგ. 3) თუ ვადაზედ ვალს არ გადიხდის მსესხებელი მემამულე, სახელმწიფო ბანკი და მის ქვემდებარე განწესებულებანი გადახდევინებისათვის მიჰმართავენ საზოგადო კანონებს, და ამასთან ყადაღას ქვეშ მოქცეულ მამულიდამ, როცა გასასყიდად ჩავარდება, ყველაზედ უწინარეს სახელმწიფო ბანკმა უნდა მიიღოს თავისი ფული, გარდა იმ შემთხვევისა, როცა სხვის ყადაღაა უწინ დადებული და აგრეთვე თუ სახელმწიფო გადასახადია რამე მემამულეზედ. 4) ფინანსთა მინისტრის ნებაზედ არის მიგდებული, რომელს კანტორას და განყოფილებას სახელმწიფო ბანკისას მიანიჭოს ეგ უფლება, აგრეთვე დანიშნოს რაოდენობა სარგებლისა და ყოველ ამის თაობაზედ ცალკე ინსტრუქცია (სარისტა) მისცეს.


ბევრი ლაპარაკი არ უნდა, რომ ეს ამისთანა განკარგულება მთავრობისა დიდს შეღავათს და შემწეობას მისცემს მიწათ-მფლობელთა. პირველი - სახელმწიფო ბანკისაგან გახსნილი კრედიტი ძალიან იეფი იქნება; მეორე - რომ ის მძიმე და რთული ფორმალობა, რომელიც კანონმა მოახვია თავს საადგილ-მამულო ბანკსა და რომელიც ამოდენა ხარჯს, ტანტალს და წვალებას თხოულობს, როგორც ჩანს ზემო-მოყვანილიდამ, სახელმწიფო ბანკისათვის საჭირო არ იქნება; მესამე - თუმცა ცხრა თვე სესხის ვადისა მეურნეობის განკარგებისათვის მოკლე ხანია, მაგრამ რადგანაც მეურნეობას საზოგადოდ სახანგრძლიოდ განკარგების გარდა ყოველდღიურის მუშაობისათვისაც უჭირს ხოლმე ფული და საშოვარი არსად არის, — ეს ცხრა თვითაც ფულის შოვნა იეფის სარგებლით დიდი ხელის გამართვაა. ეს წესები რომ ეგრე გამართლებულიყო, როგორც ზემო აღვწერეთ, მართლა-და დიდად სასარგებლო იქნებოდა ყველა სოფლის მამულის პატრონისათვის. მაგრამ, ჩვენდა სამწუხაროდ, ამ ბოლოს დროს გაზეთებმა მოიტანეს ამბავი, რომ ამ შემთხვევაშიაც „ზალოგოვის“ მოწმობის წარდგენა საჭიროდ დაუნახავთ. სჩანს ამ საკეთილო საქმესაც ზედ დაჰრთვია ისევ ის მძიმე და რთული ფორმალობა, რომელიც ასე აბრკოლებს საადგილ-მამულო ბანკებიდამ ადვილად ფულის გამოტანას.


ესეა თუ ისე, მაინც-და-მაინც ფრიად საყურადღებო საგანია ეს ახალი ამბავი. რომ შინაგანი ვითარება შევუტყოთ ამ ახალს განკარგულებას, ჩვენ მცირეოდნად შევეხებით აქამდის ყოფილს საფინანსო პოლიტიკას. თითქმის დღეს-აქამომდე საფინანსო პოლიტიკა რუსეთისა იმაზედ იყო განსაკუთრებით მიქცეული, რომ ვაჭრობას ყოველგვარი ღონისძიება მიეცეს ფეხზედ მკვიდრად დადგომისა და განვითარებისა. მიწათ-მფლობელობა, მიწათ-მოქმედება, ამ მხრით სრულიად უნუგეშოდ დარჩენილი იყო. შორს რომ არ წავიდეთ, მაგალითისათვის საკმაოა მარტო ის მოვიხსენიოთ, რომ სახელმწიფო ბანკს ნება არა ჰქონდა კრედიტი გაეხსნა ვისთვისმე. თუ არ ვაჭარ-კაცისათვის. სხვა ყოველი არა-ვაჭარი მოკლებული იყო სახელმწიფო ბანკის შემწეობას. ეს შეცდომა, რომელმაც ამ ბოლოს დროს ისე თავი იჩინა რუსეთში მით, რომ სოფლის მეურნეობა დაუძლურდა, ეხლა იგრძნეს და ამიტომაც სახელმწიფო ბანკის შემწეობა გაავრცელეს მიწათ-მფლობელებზედაც, რომელთ შორისაც იგულისხმებიან მარტო სოფელში მწარმოებელნი და სოფლის მემამულენი.


ვშიშობთ, ვაი თუ ეს ფრიად სახეირო განკარგულება მთავრობისა ჩვენთვის, ამიერ- კავკასიელებისათვის, უქმად არ დარჩეს. იქნება ფინანსთა მინისტრს არც კი მოაგონდეს აქაურობა და აქაურს განყოფილებას სახელმწიფო ბანკისას არ მიანიჭოს ზემოხსენებული უფლება. ჩვენმა გუბერნიის მარშალმა რომ ამისათვის საგანგებო კრება მოახდინოს თავად- აზნაურობისა და ამ კრების გადაწყვეტილობის ძალით სთხოვოს მთავარ-მმართებელს, გვიშუამდგომლოს ფინანსთა მინისტრთან, რათა აქაურს სახელმწიფო ბანკსაც მიენიჭოს ეგ უფლება, არამც თუ ძალიან კარგი იქნება, არამედ ძალიან საჭიროცა. იმედი გვაქვს, თითონ თავად-აზნაურობა თავისის უეზდის მარშლების თაოსნობით მოითხოვს გუბერნიის მარშლისაგან, რომ ამ საქმის შესახებ საგანგებო კრება მოახდინოს.


**


8 მაისს ჩვენმა საზოგადოებამ ერთს თავმოსაწონებელს საქმეში კვლავ იჩინა თავი. ძველმა რედაქტორმა „დროებისამ“ თავი დაანება, ავადმყოფობის გამო, რედაქციას. საზოგადოებამ, ანუ უკეთ ვსთქვათ, იმ ნაწილმა საზოგადოებისამ, რომელსაც განუწყვეტლად გული შესტკივოდა და შესტკივა ჩვენის ლიტერატურისათვის, რომელმაც ზედმიწევნით იცოდა რა წვალება გამოიარა ბ-ნმა მესხმა ამ თოთხმეტს წელიწადში, პატივი სცა ბ-ნს მესხსა და სადილი გაუმართა ნიშნად მადლობისა და პატივისცემისა. ჩვენ ამისთანა ამბავი, ამისთანა პატივისცემა საზოგადო ასპარეზზედ მოღვაწეთა მიმართ ყოველთვის დიდ ნუგეშად და დიდ ამბად მიგვაჩნია. ამისთანა ამბავი, ესეთი გულწრფელი მადლიერობა კაცისა, რომელმაც თავისი ძალ-ღონე და სიმრთელე შეალია, შეაკლა საზოგადო საქმეს, ცხადად გვიმტკიცებს, რომ უმადურობა ჩვენი თვისება არ არის, რომ ჩვენც ვიცით პირუთვნელად მადლობის გადახდა საზოგადო ასპარეზზედ მუშაკობისათვის. ზოგიერთთა სიტყვაში წარმოთქმულ იყო სადილზედ, რომ ბ-ნს მესხს თუმცა თვალსაჩინო არა დაუწერია-რაო, მაგრამ... და სხვანი. ჩვენის ფიქრით აქ ეგ „თუმცა“ უადგილო იყო. საკმაოა კაცმა იცოდეს, რომ მთელი თოთხმეტი წელიწადი ტანჯვით, ვაებით, უფულობით და ათასნაირ დამაბრკოლებელ გარემოებით თითქმის ერთმა კაცმა ატარა თავის მხრებზედ ეგ მძიმე ტვირთი გაზეთისა. საკმაოა კაცმა იცოდეს ეს და მაშინ ცხადი იქნება, რომ ბ-ნი მესხი ღირსად იცნონ იმ პატივისცემისა, რაც საზოგადოებამ აკუთვნა. ნუთუ თოთხმეტის წლის რედაქტორობა ყოველ-გვარის „შავბედითის“ გარემოებით გარს მოხვეული, თვალსაჩინო საქმე არ არის ყველგან და ნამეტნავად ჩვენში? ბ-ნმა მესხმა გაუძლო ყოველ ამას და რომ ჯანის სიმრთელეს არ ემტყუნა, კიდევაც არ ჩამოეცლებოდა ამ მძიმესა და უმადლო საქმესა, როგორიც რედაქტორობაა ჩვენში. არ ჩამოეცლებოდა იმიტომ, რომ გამოცემა გაზეთისა ჩვენში თუმცა წვალებაა და ტანჯვა, მაგრამ აუცილებელი საჭიროებაც არის ქვეყნისათვის.


ჩვენ მარტო ამასა ვწუხვართ, რომ ბ-ნი მესხი ისე არ მოექცა წინანდელ მომქმედთა გაზეთის საქმეში და შემწეთა, როგორც მოექცა მას საზოგადოება. ბ-ნ მესხის გამოთხოვების წერილში არ იყვნენ სხვათა შორის მოხსენებულნი, ვითარცა გაზეთის პირვანდელნი მოღვაწენი, ბ-ნი ნიკოლაძე, ბ-ნი გ. წერეთელი, დ. მიქელაძე, კ. ლორთქიფანიძე, რომელთაც დიდი ღვაწლი მიუძღვით ამ გაზეთის საქმეში. არა მცირედ ვწუხვართ იმაზედაც, რომ ბ-ნ მესხის წერილში არ იყო სრულიად მოხსენებული ბ-ნ მელიქოვის სტამბა, რომელიც ამ თოთხმეტ წელიწადს სრულიად უსასყიდლოდ ჰბეჭდდა „დროებასა“. ნუთუ ღვაწლი ზემოხსენებულთ პირთა ღირსი არ იყო ხსენებისა, როცა შემთხვევამ მოიტანა? ნუთუ შემწეობა ბ-ნ მელიქოვის მიერ მცირეოდენი სამსახურია საზოგადოების წინაშე, რომ ეგრე უყურადღებოდ დატოვებულ იქმნა?


Recent Posts

See All
შინაური მიმოხილვის მაგიერი

1881 წელი, იანვარი ეს — შარშან ახალი, და წელს ძველი წელიწადიც - ჩაჰბარდა პატრონს. რა იმედებით ვიყავით აღვსილნი, როცა ამ ძველმა წელიწადმა...

 
 
bottom of page