top of page

შინაური მიმოხილვა - 1883 აგვისტო

  • Writer: nino otiashvili
    nino otiashvili
  • Jan 9, 2024
  • 13 min read

ბატონ-ყმობის გადავარდნამდე. — ჩვენი ცხოვრება მე-40 და 50 წლ. განმავლობაში. — სიბნელე და უარარაობა მაშინ. — მარტო სიცოცხლე გვინდოდაო. — გრ. ორბელიანი და ნ. ბარათაშვილი. — ნაკლი ძველ მოდგმათა შორის. — ჩვენი დროისანი ძველს ეკუთვნოდენ. — ის ძველნი აღარავის ახსოვდა. — „წარივლტნენ დრონი“. — აი, რას ამბობენ. — გაჭირვება მაინც თავს დაგვტრიალებს. — „იმედოვნებას ვუწოდებთ ფარად“. — კაი ნიშნები. — ქართულ ენას ვიცავთ, მაგრამ მაინც ვერ დაგვიცავს. — უბრალო ხალხი და განათლებული საზოგადოება. — სასიამოვნო ამბავი გულგატეხილთათვის. — როზგების შემოღება სასწავლებლებში. — ნუ გინდა სწავლაო. — ვაკანსიების უქონლობა ჩვენებურ სასწავლებლებში. — ვაი რა დავკარგეთ. — რასა ვხარჯავთ ქართულის წერა-კითხვის გავრცელებისათვის. — ანგარიში წერა-კითხვის საზოგადოებისა. — შემოწირულობა ივ. მესხიევისა. — სამეურნეო სკოლა წინამძღვრიანთ-კარში. — სიტყვა ი.წინამძღვარიშვილისა და ი. ჭავჭავაძისა.


ამ ოცი ოც-და-ათი წლის წინათ, ბატონ-ყმობის გადავარდნამდე, ისეთი მყუდროება სუფევდა ჩვენს საზოგადოებრივ ცხოვრებაში, რომ ვერავინ წარმოიდგენდა, თუ მისი შერყევა ოდნავ მაინცა შესაძლებელი ყოფილიყო. როგორც ბუსუსიანი, ღრუბლიანი, თბილი და მშვიდი დღე, ისე იხედებოდა მაშინდელი ჩვენი ცხოვრებაც. [არც წვიმა სადმე, არც ქარიშხალი; ელვას რომ ათასში ერთხელ ვღირსებოდით, დიდი ღვთის წყალობა იქნებოდა, ხელს აღვაპყრობდით ცისკენ და ღაღადებით ქებასა და მადლობას ვეუბნებოდით უფალს — ელვისა და ქუხილის გაჩენისათვის ერთის წამით მაინც].


დიახ, ასეთი გახლდათ ის წარსული დრო, დრო მე-40 და 50 წელთა, დრო მიძინებისა და ჩვენის გონებრივისა [და ეროვნულის] მიმძინარებისა, მოქანცულობისა. მწერლობაც ამ-გვარის მიმძინარებულის ხასიათისა გახლდათ მაშინ. იგი ზედმიწევნილის სინამდვილით გვიხატავს მაშინდებურს [ჩვენს არარაობას], ჩვენს სიღატაკეს აზრისას თუ ცხოვრებისას; ჩვენს მოღალულობას ცხადის საბუთებით მოწმობს დღესაც მაშინდელი ჩვენი მწერლობა და ლიტერატურა. მაშინდელის ჩვენის მოღალულობის, [ჩვენის დავარდნის, ჩვენის განიადაგების] ცხადი, უტყუარი სახსოვარია ეგ ჩვენი გონების ნაღვაწი: მტკიცედ და მედგრად სდგას მაშინდელი ძველი მწერლობა, რომლის ბურუსიან, მიძინებულს გარემო ჰაერს ხანდისხან და იშვიათად დაარღვევდა ხოლმე ნ. ბარათაშვილის [წარსულ დროთა მოგონებით დაწყლულებული] პოეზია და გრ. ორბელიანის ღრმად [ეროვნული] პოეტური კალამი.


მაგრამ ეს ორი კაცი და კიდევ ორიოდე სხვანი მე-40 და 50 წელთ არ ეკუთვნოდენ. ესენი იყვნენ სხვა დროს აღზრდილნი, [სხვა ანდერძის გავლენის ქვეშ, სხვაგან რბოდა მათი გონება, სხვა მიმოგონება სწყლავდა მათ გულს]. ესენი იყვნენ ცოტანი და მათი აზრის და გრძნობის გაელვება მხოლოდ ოდნავ არღვევდა იმ დროს გარემო [წყვდიადს], მხოლოდ ოდნავ აფხიზლებდა დაძინებულს ქართველთ გონებას.


ამ-გვარი გაჭირვებული დრო დადგება ხოლმე ერისათვის ხანგრძლივის და დიდის-ხნის მღელვარე ცხოვრების შემდეგ. იშვიათად მიჩვენებთ ერს, რომ როდისმე მაინც ესევ ამ-გვარადვე არ გასჭირვებოდეს, როგორც ჩვენ ქვეყანას და ერს უჭირდა ორმოციან და ორმოც-და-ათიან წლების განმავლობის დროს. [მეისტორიე მიშლესი არ იყოს, რომელიც საფრანგეთის დიდის რევოლუციის შემდეგ მდგომარეობაზე ლაპარაკობს], მაშინ რომ ქართველისთვის გეკითხათ, რას ფიქრობთ, რა გსურთო, სიცოცხლეზედ ვფიქრობთ, სიცოცხლე გვინდაო, გიპასუხებდნენ. — მაგის გარდა კიდევაო? — კიდევ სიცოცხლე გვინდაო, გეტყოდნენ. — რას ეძახით სიცოცხლეს, როგორ თუ სიცოცხლეო? — ისეო, გეტყოდნენ, რომ გავლა-გამოვლა შეგვეძლოს, სუნთქვაო, ცით და მთვარით დატკბობა, მზის ცქერაო და ჩვენის ჭიის გახარებაო. გვინდა ვგრძნობდეთ, რომ თავი ისევ მხრებზე გვაბიაო, რომ ჩვენის თავისთვის გვეთქვა, ფიქრი არა გაქვს, ისევ ცოცხალი ხარ, ჯერ არ მომკვდარხარო.


ერთის სიტყვით, ხალხს და ერს მხოლოდ ხორციელის ცხოვრების ნატვრა ჰქონდა, მხოლოდ იმაზედ ჰფიქრობდა, [რომ უნდა გავფრთხილდე, თორემ, სულს ხომ აღარა ვჩივი, ხორცითაც არ დავიღუპოვო].


აბა ამ-გვარს დროს სად და ვის მოჰკითხავდი აზრსა, გონებას, თავგანწირულებას [ერისათვის], საქვეყნო საქმისათვის. აკი არც არაფერი შეინიშნებოდა ამ-გვარი. ქვეყანა მხოლოდ ლუარსაბ თათქარიძეებით აივსო, რუსეთუმეებმა დაამშვენეს ჩვენი საზოგადოებრივი ცხოვრება და საზოგადოებრივის სამსახურის ასპარეზი.

აღარავის ახსოვდა მაშინ, რომ ამ ქვეყანას ჰყოლია [ხალხისთვის და მამულისთვის] მხნე მუშაკნი, მხნე მებრძოლნი, ნიჭით და ქველობით სავსენი. [აღარავის ახსოვდა მაშინ, რომ ეგ საზოგადოებრივი ასპარეზი იყო დიდ სამსხვერპლოდ გადაქცეული და ამ სამსხვერპლოზედ იკვლოდნენ და იწირვოდნენ ძენი მამულისანი, რომ ეს უკანასკნელნი მათსავით ძვირად არ აფასებდნენ თავიანთ თავს, თითონ ხორცსა და ამ ხორცის მხოლოდ ხორციელს არსებობას, უსულოდ, უგულოდ, ქვეყნისათვის თავგამოუდებლად, მისთვის თავშეუწუხებლად].


დიახ, ორმოციანი და ორმოც-და-ათიანი წლების წინაპარნი საქმის ხალხი იყო, სამუშაო ბევრი ჰქონდათ, ბოზბაშისთვის და ჩიხირთმისთვის აგრე-რიგად არ ზრუნავდნენ: არც დრო ჰქონდათ, არც შეჩვეულნი იყვნენ ამგვარებზე ზრუნვას. [მტერი მუდამ კარზე, მმართველობა, წესისა და წყობილობის დაცვა, უშიშროების დამყარება, ქვეყნის წინ-გაძღოლა, მტერსა და მოყვარესთან პირნათლად გამოსვლა და გაძღოლა, — ყოველივე ეს თვითოეულად და საზოგადოდ შეადგენდა მაშინდელის ქართველის საზრუნავს საგანს, მისის გონების და აზრის სავარჯიშოს].

ყოველივე ეს აღიხოცა, ყოველივე ესე გაჰქრა და ქართველი ორმოციანისა და ორმოც-და-ათიანის წლებისა [დარჩა უსაგნოდ, ვარჯიშობას მოკლებული, მარტო, სულით სასოებამიხდილი]. ამათ დროს, [ამ გმირების დროს], —


„...სადღა იყო ყაბახი?


სად იყო საჯირითო, სავარჯიშო ცხენისა...“


მათთვის ყოველივე ესე დრონი შეიქმნენ სიზმრად, ყოველივე ესე —


[„...დრონი, ვაი რა დრონი, ნაქებნი მტკბარად,


ობოლი, წარივლტნენ, განჰქრნენ სიზმარებრ ჩქარად“.


ვაი რომ მათ ვეღარ სთქვეს თავის-თავზე ის, რაც პოეტმა სთქვა:


„...არ ვსდევ ჟამთა ცვლას,


მე იგივე ვარ მარად და მარად!“]


ეხლა ის დრო აღარ არის, [ჟამმა ჩვენმაც მოაღწია]. ეხლა სულ სხვა გვარი ლაპარაკი ისმის, უფრო საიმედო, უფრო გამამხნევებელი, არამც თუ მარტო [დასავლეთ ევროპაში, არამედ] რუსეთშიაც- კი. [აი, რას ამბობს ერთი რუსის მწერალი, რომლის კეთილ-საიმედო სახელს ეჭვ-ქვეშ მხოლოდ კატკოვი აყენებს.

„საზოგადოდ, — ამბობს იგი, — ინკორპორაცია ქვეყნისა, რომელსაც ჰქონია თავის ისტორიული ეროვნობა, ყოველთვის დიდს სიძნელეს წარმოადგენს და ხშირად უფრო მეტი ვნება მოაქვს, ვიდრე სარგებლობა.


„ისტორიულ ერთა მოსპობა შეუძლებელია; დიდი უბედურობისა და დამცირების შემდეგაც კი იგინი კვლავ აღდგებიან ხოლმე და გულში ღრმად იმარხავენ შეურიგებელს სიმძულვარეს დამჩაგვრელთა და დამპყრობთა მიმართ“.


ეხლანდელ დროში ხომ, როცა ასე საყოველთაოდ განმტკიცებულია და აღგზნებული ეროვნული გრძნობა და თავისუფლების სურვილი, ესე-გვარი საქმე უფრო ძნელ საქმეს წარმოადგენს. მოსპობა რომელიმე ერის დამოუკიდებლობისა და თვითებისა და შერიცხვა მისი სხვა ერთა შინა, — ეგ იმას ჰნიშნავს, რომ ძალად და განზრახ აიღოს მან თავის-თავზე ხელი, დაივიწყოს თავისი უწინდელი ცხოვრება, თავისი მოგონებანი, თავისი დაცემული დიდება, თავისი ინტერესები, თავისი ზნე, ენა, და სუყველა ეს მტრის გასახარელად, მტრის სასარგებლოდ. ეს საქმე აღემატება კაცთა შემძლებლობას. თუ შეუძლებელია გაერთიანება ერთა, რაღა აზრი უნდა ჰქონდეს სახელმწიფოთა გაერთიანებას.


ჩვენ აღარას ვიტყვით სხვა რუსეთის მსწავლულთა და მეცნიერთა აზრსა და შეხედულობაზე ამ საგნისავე შესახებ. აღარ დავასახელებთ ა. გრადოვსკის, ამ მჭევრმეტყველ მოსარჩლეს ეროვნულის პრინციპისას, პიპინს და სხვათა მრავალთა რუსეთის პუბლიცისტებს და ლიბერალურ გაზეთებს, როგორც მაგ. . . . . .**.


დღეს თუმცა ჩვენი გაჭირვებული მდგომარეობა ჯერ კიდევ არ გათავებულა და არც მალე გათავდება, იქნებ დიდი განსაცდელიც მოგველის მომავალში], მაგრამ მაინც ჩვენი დრო ბევრად უკეთესი დროა ზემოთ-მოხსენებულ დროსთან შედარებით. დღეს ცხადად და უტყუარად შესამჩნეველია ნიშნები ერის გამოფხიზლებისა, [ძველის საუკეთესო ნაანდერძევის აღდგენისა]. ზემოხსენებულთ წელთ შემდეგმა დრომ, იმ ჭირისა არ იყოს, რომელიც ზოგჯერ მარგებელია ხოლმე, მოიტანა თან სხვა ნიავი, გასწმინდა ცოტად თუ ბევრად [ქვეყნის დამაბნელებელი] ბურუსი, გადაჰყარა ღრუბლები და ჩვენი [ეროვნული] ცნობიერება გამოაფხიზლა. [დიახ, დღეს ბევრსაც ერთიანად გვწამს ჩვენც ჩვენის ქვეყნის მომავალი და —


„...გლახ ბედისაგან ესრედ დასჯილნი,


იმედოვნებას ვუწოდებთ ფარად“].


მართლაც, მოიგონეთ გრ. ორბელიანის დიდის ყოფით და ამბით დასაფლავება და ის თანაგრძნობა საზოგადოებისა, რომლითაც განიმსჭვალა იგი, თითქო ერთი კაციაო, — და მერე იკითხეთ, რამ გამოიწვია ის საერთო წუხილი, თუ არ მან, რომ იგი იყო თავის [დაჩაგრულის] მამულის ძლიერ სიტყვით მოტრფიალე, ეროვნულის იდეის პოეტურად გამომხატველი. „დროთა, სიზმარებრ გამქრალთა“ — ჭირისუფალი, საქართველოს [დიდების კვლავ დაბრუნებისთვის] ზეშთაგონებული.


ნუთუ ეს იმას არ ამტკიცებს, რომ საზოგადოება უპირველეს ყოვლისა იდეას სცემდა პატივსა, როცა ისეთის დიდის ყოფით აცილებდა უკანასკნელს სადგურამდე თავის გულისპასუხის ძლიერად გამომხატველს პოეტს, რომ აზრს [მამულის-შვილობისას] ჰრთავდა გვირგვინით, როდესაც ყვავილებში ჩააწვინა ამ აზრის მტვირთველი და მატარებელი კაცი, [დიახ, ძნელთა და საშიშ გარემოებათა შორის], დაწყებული მე-30 წლიდამ ვიდრე ჩვენ დრომდე?


ეს უეჭველია. უეჭველი შეიქნება უფრო მაშინ, როცა მოვიგონებთ ჩვენის თავგანწირულის, პატიოსანის მოღვაწის ს. მესხის გარდაცვალების ამბავს... ეს მხნე მუშაკი იყო, დაუცხრომელი, მუდამ საზოგადო საქმის მოყვარული, ჩუმი მოღვაწე. და, აი, ამ ჩუმის მოღვაწის სიკვდილის გამო, თითქმის მთელს საზოგადოებას, თითქო გული მოსწყდაო, [ერთი საერთო კვნესა და ქუხილი აღმოხდა გულიდამ].


ნუთუ ესეც იმას არ ამტკიცებს, რომ შეგვრცხვა ბოლოს ჩვენც [ჩვენის უარარაობისა], მოვიდა დრო და ჩვენც გვინდა კუთვნილი და ღირსეული პატივი ვცეთ ჩვენთვის მშრომელთა.


მართლა, ამ სამოც-ოთხმოც წელს ისე არ გაუვლია, რომ ჩვენ ცხოვრებას ცოტათი მაინც სხვა ფერი არ დასდებოდეს. მაგრამ მაინც [ჩვენი მდგომარეობა გაჭირვებულ მდგომარეობად უნდა ჩაითვალოს]. რამდენსაც უფრო მეტად ვგრძნობთ უკეთესად ცხოვრების მოწყობის სურვილს და ხელმოკლეობას ამ სურვილის განხორციელებისათვის, იმდენად უფრო მეტად [ვიტანჯებით, მეტად გაჭირვებულად გვეჩვენება ჩვენი არსებობა].


რასაკვირველია, უმადურობა იქნება და არც სიმართლეს შეადგენს უარყოფა იმ სარგებლობისა, რომელიც მოგვიტანა ჩვენ ბატონ-ყმობის გადავარდნამ, [თუმცა] ახალის [მაგრამ მაინც ფრთა- შეკვეცილის] სამართლის წესების შემოღებამ, თვითმმართველობის [ნამცეცებმა] და სხვა და სხვა. რაც უნდა გულღრძო და ჯუღელი კაცი იყოს, მაინც ვერ იტყვის, რომ ამ სამოც — ოთხმოცის წლის [ცხოვრების შედეგი] არ იყოს ქართველთ ერის გაერთიანება, [ერთობის გრძნობის გაღვიძება საქართველოს სხვადასხვა პროვინციის მცხოვრებთა შორის]. თუმცა ეს ყველა ასეა, მაგრამ მაინც ჩვენი მდგომარეობა ამით ბევრად არ შემსუბუქებულა. ოცი წელიწადი გადის, რაც ქართულის ენის [უფლებას] იცავს ჩვენი უღონო აზრი და გონება, იცავს ძლიერად და თავგანწირულად და აქნობამდე არამც თუ სასამართლო უწყებაში [და საერთოდ საზოგადოებრივ საქმეებში, არამედ თვით პირველდაწყებით სკოლაში და, ასე გასინჯეთ, სასულიერო უწყებაშიაც კი ვერ დამკვიდრებულა რიგიანად].


ეს გარემოება მიგვაჩნია ჩვენ მიზეზად, რომ ასე შეფერხებით მიდის ჩვენის [ხალხის განათლება] და პირველდაწყებითი სკოლის საქმე. ამ გარემოების ბრალია, რომ ჩვენ ვეღარა მოგვიხერხებია- რა, რომ წერა-კითხვას მაინც ვავრცელებდეთ ხალხში, [რომელიც თანდათან ამავე მიზეზით უფრო და უფრო გვშორდება ჩვენ, განათლებულს საზოგადოებას, აღარა ეყურება-რა ჩვენი და არც რამ იმედი აქვს ჩვენგან. ან კი როგორ უნდა დაგვიახლოვდეს ჩვენი უმეცრებით გარემოცული ხალხი, უბრალო გლეხობა, — ეს უმრავლესობა ქართველობისა, ეს სული და გული ჩვენის ეროვნულის იმედებისა]. განა ჩვენ ვეცადეთ, რომ ერთი სახალხო სკოლა მაინც დაგვეარსებინა, თუნდ ისე ჩვენგან პატივცემულის გრ. ორბელიანის სახსოვრად, რომლის შემწეობით შესძლებიყო ხალხსაც დაეფასებინა ჩვენთვის ასე ძვირფასი პოეტი, რომ მასაც ჩვენთან ეგლოვნა მძიმე დასაკლისი? ჩვენი ჭირი და გლოვა ჩვენ ჭირად და გლოვადვე დარჩა, ხალხი-კი, უმრავლესობა-კი, ვერ მიაგნობდა ჩვენს წუხილს.


**


ქართულის ენის და მეტყველების მოყვარულთათვის, ქართველთ წარმატების მსურველთათვის ფრიად სასიამოვნო უნდა იყოს უწმ. სინოდის განკარგულება, რომელიც ამ წლიდამ უკვე აღსრულებაში შედის. მე მოგახსენებთ ქართულის-მეტყველების გაკვეთილების დაარსებაზე სასულიერო სემინარიაში, სადაც იზრდებიან სამღვდელოების შვილები. კვირაში 7 გასაკვეთია ამ საგნისათვის დანიშნული, ქართულის-მეტყველების პროგრამა უკვე შედგენილია სემინარიის მმართველობის მინდობილობით ერთის სემინარიის მასწავლებლისაგან. ჩვენ გადავათვალიერეთ მხოლოდ ოდნავ ეს პროგრამა და ამიტომ ეხლა დაწვრილებით აქ ვერას ვიტყვით. მას შევატყობინებთ ჩვენს მკითხველებს მხოლოდ შემდეგს წიგნში. ეხლა კი ვიტყვით მხოლოდ, რომ დიდი ბეჯითობა და ენერგიაა საჭირო მისთვის, ვინც ამ საგნის რიგიანად შემუშავებას და დადგენას იტვირთებს. ამით ჩვენ გამოვაცლით ფარ-ხმალს იმათ, ვისაც არ ეპიტნავებათ ბუნებითად ამ-გვარის წესების შემოღება. მე ვლაპარაკობ იმ უსაფუძვლოდ და იმ ტყუილ-უბრალოდ გავრცელებულს ხმაზე, ვითომ არც ქართულ ენაზე სწავლება შეიძლება რისამე, არც წიგნებია ამისათვის და არც არის რამე, რაც ღირდეს შესასწავლებლად, ავარჯიშებდეს კაცის გონებას, და სხვა-და-სხვა ამ-გვარი ცრუმორწმუნება და უსაფუძვლო ხმები.


ამ-გვარადვე სასიამოვნოა უკვე აღსრულებაში მოყვანილი, ამ წელსვე მომხდარი განკარგულება უწმ. სინოდისა, რომ შემოღებულ იქმნას ქართულის ენის სწავლება სავალდებულოდ სასულიერო სასწავლებლებში, რომ საგანიც სავალდებულო იყოს და მისი მასწავლებელიც შტატის ადგილის მქონე. ამ გარემოების გამო სასულიერო სასწავლებლებში მოისპო ბერძნულის ენის სწავლება და შემცირდა ლათინურისა. ეს უკანასკნელი უწინდებურად პირველი კლასიდამ აღარ იწყება და იმედი ვიქონიოთ, ნორჩ გონებას პატარა პირველი-კლასელებისას შეღავათი მიეცემა.


ამ-სახით, ერთს უწყებაში მაინც მიენიჭა ქართულს ენას უფლება, ე. ი. სასულიერო უწყებაში. [თუმცა სრული უფლება არ მინიჭებია ჯერ კიდევ], მაინც ესეც კაი ღვთის წყალობაა, ამდენის ლოდინის შემდეგ, მერე ჩვენთვის, ასე გულგატეხილთათვის ლოდინით და იმედითა.


ათასში ერთხელ უნდა მოვესწრათ სასიამოვნო ამბავის გაგონებას და ათი-ათასში ერთხელ ამ ამბავის ცხოვრებაში განხორციელებას და მაშინვე გამოტყვრება რამ საიდანმე და მოგვიშხამავს ის-ის იყო გატაცებულს გონებას, ფრთაშესხმულს ფანტაზიას, როგორც ცივი წყალი, ისე მოგვხვდება ხოლმე ამ დროს რამ უსიამოვნო ამბავი. აგვიჯიქრავს ხოლმე ტანს და წყალში ამოვლებულს ქათმებს დაგვამსგავსებს ხოლმე.


ამას წინათ ჭორად გამოვიდა ხმა, რომ უმაღლესი მმართველობა აპირობს როზგის შემოღებას სასწავლებლებში. ყური არავინ უგდო ამ ხმას, სიცრუედ და ჭორად მიიღო ყველამ. ვისაც კი ესმის, რა ძნელია ამ-გვარი წესის აღდგენა სასკოლო ცხოვრებაში თითქმის ოცდა-ხუთი წლის უარყოფის შემდეგ. 1874 წლის წესებით როზგები მმართველობამ განდევნა სკოლიდამ, როგორც ძლიერ უვარგისი ზომა დისციპლინის დამყარებისათვის მოსწავლეთა შორის. ამ ზომის შესახებ ბევრი თქმულა და დაწერილა და ყველამ იცის რა წითელი კოჭიც არის.


„დღე ხორციელად დასჯის შემოღებისა, — მწუხარებით ამბობს ერთი რუსული ჟურნალი, — იქნება შავუკუღმა დღედ ჩვენის სასწავლებლების ისტორიაში, ვიტყვით მეტს, ჩვენის საზოგადოების ისტორიაშიც“...


ძლივ-ძლივობით მივეჩვიეთ სწავლას, შევიყვარეთ სულით და გულით, ვხარჯავდით ფულს, შეძლებას, ღონეს, დავივიწყეთ სრულიად ის დრო, როდესაც პირიქით გვაძლევდნენ ფულს, ოღონდ მოდით, ისწავლეთო. ვამბობდით, აი, ახლა ეშველა საქართველოსაო. სწავლა და განათლება მოიფინებაო, მდიდარი ქვეყანა სწავლულთ ხელში ნატვრის თვალად გადიქცევაო, ცხოვრება ადუღდებაო, და დახეთ ბედს. მაგრამ ეჰ, ეს ბედი ჩვენ მუდამ თან გვდევდა. კარგი რამ მჭირდეს გიკვირდეს, ავი რა საკვირველიაო. რას მოვიფიქრებდით, ვინ მოიფიქრებდა. თავ-პირს ვამტვრევდით ერთმანეთს, არა ჩემი შვილი მიიღეთ, არა ჩემიო, ვაკანსიები აღარ იყო და აგერ დღესაც აღარ არის და ახლა კი ვინ იცის რა იქნება.


სწავლა კი რომ შევიყვარეთ, ეგ უეჭველია. აი ვაკანსიები — საბუთები.


ვაკანსიები წელს ტფილისის სასწავლებლებში იყო შემდეგი: კადეტის კორპუსში (ესეც კი დავკარგეთ ბედოვლათობით) იყო 25-მდე, მსურველნი კი 120. საოსტატო ინსტიტუტში 25, მსურველნი 75. — მიღებულთ რიცხვში ქართველი მხოლოდ ოთხია. მეორე გამნაზიაში მიიღეს წელს 40, მსურველი კი იყო 150. სათავად-აზნაურო სკოლაში 30, მსურველი კი ასზე მეტი. ქუთაისში სააზნაურო სკოლაში იყო თურმე 60 ყმაწვილისა და მსურველნი კი 200 მეტი. გიმნაზიაში და პროგიმნაზიაში მეოთხედიც არ მიუღიათ წარმოდგენილის ბავშვებისა. სამოქალაქო სამკლასიან სასწავლებლებში, რომელიც შარშან გაუხსნიათ, თხოვნა შესულა სამასზე მეტი, მიუღიათ მხოლოდ ორმოცი. მეორე ორ-კლასიან საქალაქო სასწავლებელში თხოვნა შესულა 100, მიუღიათ 75...


[ამ ამბავს დაუმატეთ დიდი ფასი სასწავლებლისა და მერე იკითხეთ, უმჯობესი არ იქნება, რომ ბარემ გვითხრან: სწავლა ნუ გინდათ, რას მიჰქარავთ, რას მიედ-მოედებით, — რა თქვენი საქმეაო].


ამ-გვარ პირობათა შორის ჩვენვე უნდა ვეცადოთ ჩვენი საქმე ცოტად თუ ბევრად იოლად წავიყვანოთ, მაგრამ რას იზამ, რომ ეს პირობანი ყოველ ხალისს გვიკარგავს, სასოებას გვიკვეთავს! ამ-გვარ მოვლენათა შემაცქერალი, კაცია თუ საზოგადოება, ძალაუნებურად გულ-ხელ- დაკრეფილი დაიარება. ცხვირ-ჩამოშვებული და მწარედ დაძმარებული, ის კი არა თუ — ენერგია, მხოლოდ მხნეობა და ხალისით ერთბამი მოქმედება, იქნება, დაგვიხსნიდა ამ-გვარის გაჭირვებიდამ ცოტად თუ ბევრად. თორემ რასა ჰგავს, ბატონო. ამ წიგნის ბოლოს, დამატებაში, ჩვენ დავბეჭდეთ წლიური ანგარიში „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელის საზოგადოების“ მოქმედებისა 15 მაისიდამ 1882 წ. — 15 მაისამდე 1883 წ. და, ღმერთო, რა-გვარის გულგრილობის მოწამეა ეს ანგარიში. ამ ანგარიშის თავში ჰკითხულობთ თქვენ ბათომის სკოლაზე, რომელიც კარგად და საუკეთესოდ სწარმოობს; წინარეხის სკოლაზედ, რომელიც აგერა მეორე წელიწადია, რაც დაარსებულა; ჰკითხულობთ აგრეთვე, რომ საზოგადოებას შემწეობა აღმოუჩენია ქუთაისის სახალხო სკოლებისათვის წიგნებით და სასწავლო ნივთებით, რომელთ ღირებულობა 1.000 მანეთისააო. აგრეთვე ჰკითხულობთ, რომ საზოგადოებას განუმატებია თავის ხელნაწერის ბიბლიოთეკისათვის, რომელიც ამ დღეებში გაამდიდრა ბ-მა ივანე მესხიევმა მდიდარის და უხვის შეწირულებით. მან შესწირა ამ საზოგადოების ბიბლიოთეკას 55 ხელნაწერი წიგნი, რომელთა რიცხვში ძვირფასი საარქეოლოგო და საისტორიო განძი ურევია. მაგრამ ჩახვალთ თუ არა ყველა ამ ამბის ბოლოში, იგივე წყეული უსიამოვნო რამ ამბავი. თითქო ცივი წყლის შადრევანი დაგიშვეს თავზეო, ისევ გამოტყვრება ხოლმე. წარმოიდგინეთ, რომ საზოგადოებას ჰყოლია 300 წევრამდე დამფუძნებელნი და ნამდვილნი, და დღესაც არ შეუტანიათ თავიანთი ხვედრი საწევრო ფული, დღესაც მათზე ვალად არის დარჩენილი 4.953მანეთი — 1879, 1880, 1881 და 1882 წ.წ.


თუ ასეა საზოგადოების საქმე, მაშ კერძო პირებს რაღა ძალა უნდა მოეთხოვებოდეთ ამ მხრივ. კერძო პირებს როგორღა უნდა ვესაყვედუროთ, რომ იმათ ციდამ ვარსკვლავები ვერ ჩამოაქვთ.


ამ მხრივ, სწორედ ჩვენის საზოგადოების უხალისობის დროს, ერთმა კერძო პირმა ხანგრძლივის მეცადინეობის შემდეგ თავის საკუთარის ხარჯით და საფასით ჩასდგა საძირკველი ფრიად სასარგებლო დაწესებულებისა. ჩვენ ვამბობთ ბ. ი. წინამძღვარიშვილზედ და მისგან დაარსებულს სამეურნეო სკოლაზედ ს. წინამძღვარიანთ-კარში.


დიდად დასაფასებელია პატივცემულის ი. წინამძღვარიშვილის ღვაწლი, სწორედ დიდად გასაკვირველია მისი მხნეობა და გაბედულობა. უნდა მკითხველმა დაწვრილებით იცოდეს ამ მეცადინეობის ისტორია, უნდა იცოდეს — რა ჯაფა და შრომა იყო საჭირო, როგორც მისთვის, ისე იმ კერძო პირთათვისაც, რომელნიც ეხმარებოდენ, რომ ამ სკოლის საქმე თავს მოსულიყო, რომ ღირსეულად დააფასოს საზოგადოებრივი მნიშვნელობა ამ მოვლენისა. ჩვენ ძალიან იშვიათად და სრულიადაც არ გვახსოვს, რომ საზოგადო საქმისათვის ასე შეძლებისა და ჯაფის დაუზოგველად კერძო კაცს თავი გამოემეტებინოს. ჩვენში საზოგადო საქმისათვის თავგამოდებას, ქონების დაუშურველობას ბევრი ისევ სხვა თვალით უცქერის. ჩვენ ჯერ არ შევხვედრივართ ჩვენ ცხოვრებაში არამც თუ შემძლებელ მფარველს სახალხო განათლებისას, სკოლისას, მეცნიერებისას, არამედ ლიტერატურის და მწერლობისასაც კი.


რაც შეეხება თვით სამეურნეო სკოლის სარგებლობას ჩვენ-გვარის ქვეყნის ხალხისათვის, ეს უეჭველია და აქ ჩვენ ჩვენ-თავად ბევრს არას ვიტყვით. დეე, თვით იმან სთქვას აქ სიტყვა, ვინც ეს საქმე დაჰბადა, ხორცშესხმულ-ჰყო, — დეე ეს სარგებლობა განმარტოს იმან, ვინც დაესწრო სკოლის კურთხევის დროს.

აი სიტყვა თვით მთავარის მზრუნველის და სკოლის დამაარსებლისა:

„მოწყალენო ხელმწიფენო!


„ბევრს თქვენგანს გააკვირვებს ჩემი მოქმედება, რომ დღეს მე სამეურნეო სკოლას ვხსნი, — მართლა რომ ეს საქმე სამძიმო საქმეა; მაგრამ ეს საქმე მე გამაბედვინა ერთის მხრივ იმან, რომ ყოველის მამულის-შვილის ვალია შეძლებისამებრ შეეწიოს ღარიბსა და უმეცარს ხალხსა, და მეორეს მხრივ — აუცილებელთა საჭიროებამ აქაურ ხალხში სასარგებლო და პრაქტიკულ ცოდნის გავრცელებისამ. მე დარწმუნებული ვარ, რომ გზაზედ ბევრი გაჭირვება მოგველის, მაგრამ ამ გაჭირვების დაძლევა შეუძლიან საქმისათვის სიყვარულს, გულის დადებას და ენერგიას, როგორც სახალხო სკოლის ისტორია ამტკიცებს. ამ ბრძოლისათვის ერთის ან რამდენიმე პირის ძალა საკმარისი არ არის, — საჭიროა ხელის შეწყობა და თანაგრძნობა თითონ საზოგადოებისა. მაშ ყველანი, ვინც კი ერთგულად ეკიდება სახალხო განათლების საქმეს, ამოვუდგეთ გვერდით მეცნიერების დროშას, გავუღოთ სასწავლებლის კარი ყოველს ერსა და სარწმუნოებას, წავიდეთ წინ და მოვფინოთ ბნელს ხალხში ნათელი ჭეშმარიტებისა.


„მოგმართავთ რა თქვენ, ჩემს ამხანაგებს, და ახლად გახსნილის სკოლის პირველ მოძღვრებს, უნდა გითხრათ, რომ თქვენ, როგორც მეცნიერების წარმომადგენელთ, შეგხვდათ სასიამოვნო, მაგრამ ძნელი, დანიშნულება. თქვენ პირველთ უნდა გააბნიოთ საგურამოს ხეობაში თესლი განათლებისა, უნდა ებრძოლოთ ხალხის ცრუმორწმუნოებას, უნდა აღუძრათ თანაგრძნობა სახალხო განათლებისადმი და ცხადად აჩვენოთ ის სარგებლობა, რაც გამოცდილებას და მეცნიერებას ადამიანისათვის მოუტანია. თქვენზეა დამოკიდებული სკოლის მოწაფეთა ბედი და თითონ სკოლის მომავალი. ჩვენი სკოლა სამაგალითო იქნება მთელის კავკასიისათვის და თქვენ თქვენი სული უნდა ჩაუდგათ მას... მივანებოთ თავი თავმოყვარეობას და ჩუმად, აუჩქარებლად, ყველანი ვემსახუროთ სულიერს და ნივთიერს ინტერესებს იმ ხალხისას, რომელიც ყოველთვის ჩვენის ზრუნვის საგანი იქნება. მაშინ სკოლის მტერნი მეგობრებად გარდაიქცევიან და ჭეშმარიტებაც აღდგება.


„დასასრულ, მოვალედ ვრაცხ ჩემს თავს გამოვუცხადო ღრმა მადლობა დიმიტრი სვიმონის-ძეს სტაროსელსკის ამ სკოლისადმი თანაგრძნობისათვის, და აგრეთვე იმ პირთა, რომელნიც ამ სკოლისათვის ზრუნავდენ. იმედი ვიქონიოთ, რომ დიმიტრი სვიმონის-ძე მიიღებს ამ სკოლას თავის მფარველობის ქვეშ.


„ეს ჩვენი პირველი ნაბიჯი იყოს ნიშნად სკოლის ბედნიერის მომავლისა!“აი თვით ის სიტყვაც ი. ჭავჭავაძისა, გლეხობისადმი მიმართული:«ერთი ორიოდე სიტყვა მეც მინდა გითხრათ, და ყური რომ მათხოვოთ, მადლობელი ვიქნები.


«ღმერთმა რომ ქვეყანა გააჩინა, დედამიწას გული გადაუხსნა, შიგ აუარებელი, ულეველი სიმდიდრე ჩაუდვა და ადამიანს უანდერძა: იშრომე, გაისარჯეო და ეგ სიმდიდრე დედამიწის გულიდამ ამოიღე და შენს სადღეგრძელოდ მოიხმარეო.

«თქვენში და თქვენგან ხშირად გამიგონია, რომ ქრისტე-ღმერთმა თავისი კალთა უხვებისა აქ, ამ ჩვენს პატარა ქვეყანაში დაიბღერტაო. ამას იმიტომ ამბობენ, რომ ჩვენი ქვეყანა ბევრს სხვა ქვეყანაზედ უფრო მდიდარია, უფრო სავსეა. არც ჩვენ თითონა ვართ უხეირონი, ღმერთი- რჯული. მკლავ-ძარღვად კარგები ვართ, ჯანი და ძალ-ღონეც მოგვდევს, არც ხალისი გვაკლია. ეს ყველაფერი გვაქვს. ეს მდიდარი, პატარძალსავით მორთული ქვეყანა, ეს ჯანიანი, მკლავ-ძლიერი ხალხი, გამრჯელი და ოფლის-მღვრელი, — მაშ რაღადა ვართ ღარიბნიო? მკითხავთ თქვენ.


«იმიტომ, რომ არ ვიცით, სად რა სიმდიდრე ძევს, სად რა განძია. არ ვიცით — საიდამ რა ამოვიღოთ, რა ხერხით და ოსტატობით ამოვიღოთ, რომ ჯაფაც ადვილი იყოს და ნაჯაფევიც ბლომად. აკი ვამბობთ, ყველაფერი გვაქვს, მარტო ერთი რამ გვაკლია, სახელდობრ — ისა, რაც თქვენისავე სიტყვით, თითონ ღონესაცა სჯობია, რაც ძლიერს მკლავს ხერხიანად ამოქმედებს, რაც კაცის თვალს დედამიწის გულში ჩაახედებს, რაც კაცს წინ მიუძღვება ხოლმე და უტყუარად ეუბნება: აი აქ ეს სიმდიდრეა, ღვთისაგან შენთვის მიბარებულიო, ამას ამ ხერხით, ამ ოსტატობით — უფრო ადვილად, უფრო ბლომად ამოიღებო.


«მაგისთანა ღვთისნიერს წინამძღოლს ცოდნა ჰქვიან. უამისოდ დედამიწა თავის უხვს და უხარბელს გულს არ გადაგვიხსნის, ისე უხვად არ მოგვაბარებს, რამოდენადაც ჩვენთვის მიბარებული აქვს. სხვა ქვეყანაში, საცა ცოდნა აქვს ხალხსა, ოთხის დღის მიწა ისე უჭირველად აცხოვრებს მთელს ოჯახს, როგორც ჩვენში ოცისა და ორმოცის დღის პატრონი ვერა სცხოვრობს. რათა? განა იმითი, რომ ისინი მკლავ-ძარღვით ჩვენა გვჯობიან!? არა, იმათ ცოდნა აქვთ, ხერხი იციან. „ხერხი სჯობია ღონესაო“, — თქვენგანვე თქმულა და მართალიც არის.


«ცოდნა ხომ ხერხია, მაგრამ თითონ, თავის-თავადაც სიმდიდრე არის, მერე იმისთანა, რომ კაცი საცა წავა, თან მისდევს უხარჯოდ და უბარგოდ, ვერცა ვინ მოჰპარავს, ვერცა ვინ წინ გადუდგება. ეხლანდელ დროში ცოდნა ყველაფერია: ფულზედაც უფრო დიდი ბაზარი აქვს, ხმალზედაც უფრო მეტადა სჭრის და ზარბაზანზედაც უფრო ძლიერია.


«ღონიერი და ჭირთა-მძლევი ის არის, ვისაც ჭკუა ცოდნით მოურთავს, ცოდნით აუყვავებია, ცოდნის ძუძუთი გაუზრდია. „კაცი უნდა ხერხი იყოს, გაჰქონდეს და გამოჰქონდესო“, თქვენგანვე მაქვს გაგონილი და დასწავლული. მართალიც არის: კაცი სხვის მარგეც უნდა იყოს და თავისთავისაც. კაცი მარტო მაშინ არის ხერხი, როცა ცოდნა აქვს, როცა ჭკუა ცოდნით გაულესია, ცოდნის ჩარხზე გაუჩარხავს. მაშინ ხერხსავით სხვისთვისაც გააქვს და თავისთვისაც შემოაქვს.


«ეგ თქვენ თითონაც კარგად იცით. თქვენ თითონ ყოველდღე ჰხედავთ, რომ ეგ ეგრეა. ალოში გუთნის-დედას მეტს არგუნებთ ხოლმე, ვიდრე მეხრესა. რათა? იმიტომ რომ გუთნის-დედა — მცოდნეა და მეხრე კი არა. ურმის-მკეთებელი უფრო მეტადა ჰღირს მოჯამაგირედ რომ დგება, ვიდრე უბრალო მუშაკაცი, თუნდაც ერთი-ორად იმაზედ მეტი იყოს მკლავითაც და ჯანითაც. რათა? კიდევ იმიტომ, რომ ურმის ხელოსანი მცოდნე კაცია და უბრალო მუშა კი არა.


«ამიტომ ვამბობ, რომ ცოდნა თითონ, თავის-თავადაც სიმდიდრეა მეთქი, მერე იმისთანა მადლიანი სიმდიდრეა, რომ რაც უნდა ბევრს დაურიგო, ბევრს გაუწილადო, შენ არა დაგაკლდება-რა, თუ არ მოგემატება. ამ შემთხვევაში ცოდნა ანთებულს სანთელსა ჰგავს: ერთს სანთელზედ რომ ათასს სხვა სანთელს მოუკიდო, სანთელს იმით არც ალი დააკლდება, არც სინათლე, არც სიცხოვლე. პირიქით, იმატებს კიდეც, რადგანაც ერთის მაგიერ ათასი სხვა სანთელი იმასთან ერთად დაიწყებს ლაპლაპსა.


«სანთელს კიდევ იმაში ჰგავს ცოდნა, რომ თუნდაც ცოტად ბჟუტავდეს შორს სადმე ბნელაში, ქურდს, მპარავს, მტერს აფრთხობს, იქ სინათლეა, — სჩანს ჰღვიძავთო, და დაგვიანებულს მოყვარეს კი ახარებს კიდევ იმით, რომ იქ ღვიძილია, მღვიძარები დამხვდებიანო.


«სანთელს მარტო იმაში არა ჰგავს, რომ სანთელი, როცა იქნება, ჩაიწვის და გაჰქრება ხოლმე; ერთხელ ანთებული ცოდნა კი თავის-დღეში არა: მამიდამ შვილზედ გადადის, შვილიდამ შვილის-შვილზედ, უფრო გადიდებული, უფრო გაძლიერებული.


«ცოდნა იმითია კიდევ კარგი, რომ იმან უფროს-უმცროსობა არ იცის. როგორც საყდარი, როგორც ეკლესია, როგორც თითონ ღმერთი, — ერთნაირად შეივედრებს, ერთნაირად შეიკედლებს, ერთნაირად იშვილებს ხოლმე ძონძებში გახვეულ გლეხსაც და ბუზმენტებით მორთულს თავადსაცა. ყველას ერთნაირად მოუხდება, ყველას ერთნაირად დააშვენებს ხოლმე, ოღონდ კი კაცი გულმონდომილი და მოწადინებული მივიდეს ცოდნის კარამდისა.


«ახლა სად არის ეგ კარი? როგორ შევიძინოთ ის სანატრელი განძი, რომელსაც ცოდნა ჰქვიან და რომელიც ჩვენ და ჩვენს ქვეყანას ეგრე უჭირს? გამოვიდა ჩვენში ერთი გულმტკივნეული კაცი და გვითხრა: გზას მე გაჩვენებთო, თქვენ ოღონდ ხალისი გამოიჩინეთო. ის კაცი მარტო თავისის თაოსნობით, დაუღალავის მცდელობით, თავგამოდებით, მხნეობით შეუდგა ამ ძნელს საქმეს და თავის სასახელოდ და ჩვენდა საბედნიეროდ აქ, ამ სოფელში, აკვანი დადგა ცოდნის გასაზრდელად და ძუძუსათვის ძიძები მოიწვია. ის კაცი ილია წინამძღვარიშვილია, ის აკვანი — აი ის პატარა შენობაა, რომელიც ასე ლამაზად უხდება ამ პატარა სოფელს, ძიძები კიდევ მისგან მოწვეულნი ოსტატები არიან.


«აი, სად და ვისის ხელით აინთება აქ ის სასიხარულო სანთელი, რომლის სინათლეც მტერს დააფრთხობს და მოყვარეს გაახარებს და რომელსაც ცოდნა ჰქვიან. აი, ამ პატარა სახლიდამ გამოვა ის დიდი ღონე, ის დიდი ხერხი, ის ყოველთვის და ყოველგან გამარჯვებული ფარ ხმალი ადამიანისა, რომელსაც ცოდნა ჰქვიან. მაგას გამოიტანენ თქვენი შვილები და მოჰფენენ ქვეყანასა ჩვენდა სადღეგრძელოდ, ჩვენდა საბედნიეროდ.


«ცოდნა ბევრნაირია. ხოლო აქედამ ჩვენი შვილები, თქვენი შვილები, გამოიტანენ იმისთანა ცოდნას, რომელიც დედამიწის გულში ჩაგვახედებს, მიგვაგნებინებს — სად რა სიმდიდრე სძევს და რა-რიგის ხერხით, რა-რიგის ოსტატობით შეიძლება იმ სიმდიდრეს ხელი დავაწვდინოთ, ამოვიღოთ და მოვიხმაროთ ქვეყნისა და ჩვენის თავის სადღეგრძელოდ.


«მაშ გაუმარჯოს, ხალხო, ამ სკოლას, ამ ცოდნის აკვანსა! გაუმარჯოს ილია წინამძღვარიშვილს, ამ აკვნის დამდგმელსა! გაუმარჯოს ამ სკოლის ოსტატებსაც, რომელნიც ამ აკვანს გაარწევენ დასაძინებლად კი არა, გასაზრდელად, გასაღვიძებლად! გაუმარჯოს აი იმ პატარა კაცსაც, თავადს ბებუთაშვილს, რომელმაც დაუზოგველად, უსასყიდლოდ, მარტო ერთის საქმის სიყვარულისა გამო, თავისი დრო და ცოდნა ამ სკოლის აშენებას მოახმარა! ღმერთმა თქვენც გამარჯვება მოგცეთ ყველგან და ყოველთვის! ღმერთმა შეგასწროთ იმ დროს, რომ აქედამ, ამ სკოლიდამ გამოსულს შვილს შეჰხაროდეთ და იმის ცოდნით ფეხზე წამოყენებულმა ოჯახმა, გამოკეთებულმა მამულმა, თქვენის თვალით დაგანახოთ, რომ მართლა „ხერხი სჯობნებია ღონესა“. მაშინ იქნება ჩვენმა თვალმავე ისიც გვიმოწმოს, რაც გულში მამა-პაპათაგან მარტო ანდერძად ჩაგვრჩენია: „ის ურჩევნია მამულსაო, რომ შვილი სჯობდეს მამასაო“.


«თქვენ იცით ხოლმე, როცა სიმღერას გაათავებთ, იტყვით: თქვენი გამარჯვებისა იყოსო. მეც გავათავე, რაც სათქმელი მქონდა და თქვენებურად, ჩვენებურად, გეუბნებით: „თქვენი გამარჯვებისა იყოს“!

Recent Posts

See All
შინაური მიმოხილვის მაგიერი

1881 წელი, იანვარი ეს — შარშან ახალი, და წელს ძველი წელიწადიც - ჩაჰბარდა პატრონს. რა იმედებით ვიყავით აღვსილნი, როცა ამ ძველმა წელიწადმა...

 
 
bottom of page