შინაური მიმოხილვა - 1882 წელი, სექტემბერი
- nino otiashvili
- Jan 9, 2024
- 4 min read
ნიშანი ერის ჰასაკში მოსვლისა. — როდის უფრო უტყუარია ეგ ნიშანი. — ევროპა წინაშე მისთა მოღვაწე კაცთა. — რუსეთის მაგალითი. — იგივე მაგალითი ჩვენში. — აკაკი წერეთელი გორსა და თელავში. — მისი სიტყვა. — ანდერძი ჩვენის მამა-პაპისა. — გაუმარჯოს!
როცა ერი ყოველს მოვლინებას და საქმეს მის გარეშემო მომხდარს, ყოველს ნახულს, გაგონილს და ყოფილს საზოგადო მნიშვნელობისას - გონებით დააკვირდება, ღირსსახსოვარს, ავსა თუ კარგს, - ხსოვნისათვის ანუსხავს, გულში ჩაირჩენს და სასწორზედ სწონის ფასის დასადებლად, — მაშინ პირდაპირ და უტყუარად შეიძლება კაცმა სთქვას, რომ იგი ერი გონებითად ჰასაკში შედის, ჭკუა, გული და ცნობიერება დასძვრია მოქმედებისათვის და ფეხი შინიდამ გარეთ გამოუდგამს კაცურის ცხოვრებისათვის. ეს ნიშანი მაშინ უფრო ნამეტანად უტყუარია, როცა ესეთი ყურადღება ერისა მიიქცევა ხოლმე იმისთანა კაცზედ, ვისაც რაიმე ღვაწლი მიუძღვის ერის წინაშე. ამისთანა კაცის დაფასება და დამსახურებულის პატივისცემა ცხადი მაგალითია, რომ ერის გონების თვალი ახილებულია.
განათლებულმა ევროპამ დიდი ხანია ჩვეულებად მიიღო ამისთანა კაცების მიმართ პატივისცემის და სიყვარულის გამოცხადება საჯაროდ, საქვეყნოდ. ვის არ ახსოვს გარიბალდის სადღესასწაულო მსვლელობა იტალიაში, მინამ ცოცხალი იყო; ვის არ ახსოვს საქვეყნო გლოვა იტალიისა, როცა იგი დიდებული გმირი იტალიისა მიიცვალა? ვის არ ახსოვს ვოლტერის სახსოვრად გამართული დღესასწაულობა საფრანგეთში, ვიქტორ ჰიუგოს ოთხმოც-წლოვანობის იუბილე და სხვა ამგვარნი? ვის არ ახსოვს რა დიდებით, თავმოწონებით, საქვეყნოდ აღიარა საფრანგეთმა თავისი გულითადი პატივისცემა, რა მხურვალე გრძნობით გამოაცხადა თავისი გულწრფელი მადლობა ამა თვისთა მოღვაწეთა კაცთადმი - მადლიერებით სავსე გულმა მთელის საფრანგეთისამ? ვის არ ახსოვს შილლერის დღეობა გერმანიაში? სწორედ დღეობა იყო მთელი გერმანიისა და ამ დღეობით მთელმა გერმანიამ დიდებული პატივისცა თავის დიდებულ პოეტის გვამსა და მტვერსა. ინგლისში ცალკე სასაფლაოა, საცა ვერც სიმდიდრე, ვერც გვარიშვილობა, ვერც დიდკაცობა ადგილს ვერ შოვობს, და საცა მარტო სახელოვანთა ინგლისელთა, გამოჩენილთა - ლიტერატურაში, მეცნიერებაში, ერის სამსახურში, - უკანასკნელი სადგური ეძლევათ ხოლმე მადლობელის ერისაგან, საცა დასაფლავება ყოველს ინგლისელს სანატრელად და სასახელოდ მიაჩნია და საცა ყოველი ინგლისელი თაყვანებით თავს იხრის ხოლმე და მუხლს იდრეკს თავისის ერის დიდებულთა წარმომადგენელთა მტვერის წინაშე.
იქ, ევროპაში, ერისათვის მოღვაწე კაცი არამც თუ მარტო ქვეყნის სახელი და დიდებაა, არამედ თვითოეულის თანამემამულისაცა ცალკედ. იქ თვითოეული მამულის-შვილი ისე უფრთხილდება ერისათვის მოღვაწე კაცის სახელსა, პატიოსნებას, დიდებას, როგორც საკუთარის თავისას. იქ იქნება საკუთარის თავისათვის ისე არ გამოიდოს თავი კაცმა, როგორც მისთვის, ვისაც ერისათვის შრომა გაუწევია, ვინც ქვეყნისათვის, მამულისათვის, შეძლებისამებრ გარჯილა. რომელსამე საქვეყნო სარბიელზედ ფეხი მოუკიდებია და თავისის ნიჭით, ღონით, მეცადინეობით უმსახურნია და რაიმე კვალი დაუმჩნევია. იქ გამოჩენილის კაცის სახელით თვითოეული მისი თანამემამულე თავს იწონებს, თითქო ის სახელი მისი საკუთარი სახელი იყოს; თავის-თავის გაუპატიურებას ირჩევს, დასთმობს, და თავისის ქვეყნის გამოჩენილის კაცისას კი არა, თავს შეაკლავს იმას, ვინც კი გაბედავს და უპატიურად ახსენებს მისის ქვეყნის სახელოვანს კაცს.
შორს რათ მივდივართ? აი თითონ რუსეთი ავიღოთ მაგალითად. ჯერ, ჩვენ ხსოვნაშივე, თავის გამოჩენილთა კაცთა არავითარს ყურადღებას არ აქცევდა რუსეთი და თუ რამ პატივისცემა ჰქონდათ, ისიც ორიოდე კაცისაგან, რომელთაც ესმოდათ ფასი საქვეყნოდ მოღვაწის კაცისა, და ამისთანა კაცების ჩამოსათვლელად ადამიანისათვის ათი თითი იყო სამყოფი იმ ოთხმოც მილიონს ხალხში. ეხლა-კი თითონ რუსეთმაც თვალი აახილა, იგრძნო თავისი უმადურება თვისთა მოღვაწე კაცთადმი და ჩვეულებად მიიღო ყოველს შემთხვევაში მათდამი პატივისცემის გამოცხადება საქვეყნოდ. ნეკრასოვის, დოსტოევსკის დასაფლავებაზედ მოსკოვმა და პეტერბურგმა დიდი გულის-ტკივილი და მადლობა გამოაცხადეს მათდა ღვაწლისათვის. ეხლაც ცოცხალის ტურგენიევის იუბილე საქვეყნოდ იდღესასწაულეს, მისი ღვაწლი ლიტერატურაში თავმოწონებით გასთქვეს და ადიდეს. ყოველმა კერძომ რუსეთისამ ამ საერთო მადლობის ხმას ბანი მოსცა. პუშკინის სახსოვრად მადლობელმა რუსეთმა ძეგლი ამართა მოსკოვში და ამ ძეგლის ამართვის დღე დიდის ყოფით და დიდის ამბით გადაიხადა. უკეთესნი კაცნი რუსეთისანი ამ დღესასწაულზედ დაესწრნენ და ვისაც როგორ შეეძლო ისეთი პატივი, ქება და დიდება შეასხეს ამ პოეტს, რომელმაც პირველად დაანახვა რუსეთს სიტურფე და სიტკბო რუსულის ლექსისა და სიტყვიერებისა. რუსეთის ლიტერატურამ თავმოწონებით შეიტანა თავის მატიანეში ეს ამბები, სასიქადულოდ მიიღო ამისთანა ყოფა და თითქმის ერთხმად წარმოსთქვა, რომ ჩვენ ამ ამბავში ვხედავთო ნიშანს ჩვენის განვითარებისას, ჩვენის ზნეობის და გონების ამაღლებისას, ჩვენის ცხოვრების აღმატებისაო.
ჩვენდა სასიხარულოდ, ჩვენშიაც თითქმის ჩვეულებად შემოდის პატივისცემა ერისთავის გარჯილ კაცისა, საჯაროდ მადლის გადახდა მისი - ვისაც ერისათვის სამსახური რამ გაუწევია, შრომა დაუდვია, სიტყვით თუ საქმით შესწევნია თავის მამულსა და თანამემამულესა. ამისი მაგალითი ბ-ნ აკაკი წერეთლის მოგზაურობაა ამას წინათ გორში და ამ ბოლოს ჟამს კახეთში; ერთგან და მეორეგანაც შესაბამის პატივით დახვედრია ქართველობა თავის პოეტსა და პირუთვნელის სიტყვით გამოუცხადებია თავისი მადლობა და პატივისცემა მისთვის, ვინც ტკბილის და გრძნობიერის სიტყვით ამ ოც-და-ხუთს წელიწადში ატკბობდა ქართვლის ყურს, აფხიზლებდა გონებას და ჰმართავდა ქართვლის გულს ქართვლისა და საქართველოს სიყვარულისათვის. ამ სიყვარულის აღფრთოვანებაში ბ-ნ აკაკის გამოჩენილი ადგილი უჭირავს ჩვენს ლიტერატურაში. ბედნიერია, ჩვენის ფიქრით, აკაკი, რომ იღვაწა და თავისის ღვაწლის ნაყოფი სიცოცხლითვე თავისის საკუთარის თვალით ინახულა. ვამბობთ, ინახულა, იმიტომ რომ საქართველოს და ქართვლის სიყვარულისაგან არის წარმომდგარი ის პატივისცემა, რა პატივისცემითაც დახვედრიან ჩვენს პოეტს გორსა და თელავში, და ამ სიყვარულის აღორძინებისათვის თითონ აკაკი წერეთელს არა ერთხელ დაუკვნესებია თავისი ტკბილი ქნარი, უმოქმედებია თავისი მიმზიდველი ნიჭიერება, თავისი მარილიანი სიტყვა, თავისი სიტურფით სავსე ქართული. საცა წავიდა ბ-ნი აკაკი, წინ დახვდა მისგან ფრთაასხმული და გაღონიერებული სიყვარული საქართველოსი და ქართვლისა, წინ დახვდა გულწრფელის პატივისცემითა და მადლიერობით აღსავსე გულითა. აგრეთ თითონვე იგემა ბ-ნმა აკაკიმ ნაყოფი თავის დანერგულისა და დათესილისა.
ჩვენ ესეთი მიღება ბ-ნ აკაკი წერეთლისა ავნიშნეთ, როგორც სანუგეშო ამბავი, როგორც სასიხარულო მაგალითი და ნიშანი ჩვენის ცხოვრების წარმატებისა. მაგრამ ამ შემთხვევაში ერთი ფრიად შესანიშნავი საგანიც არის. ეგ არის სიტყვა აკაკი წერეთლისა, თქმული თელავში კახელების წინაშე. ამაზედ მშვენიერი სიტყვა ჩვენ არ გვახსოვს ქართულს ენაზედ. კითხულობთ და გიკვირთ, გიკვირთ და კითხულობთ. არ იცით, რა რას დაამჯობინოთ, სიტყვა აზრს, თუ აზრი სიტყვას, — ისე შეზავებულია, ისე შეხამებულია, ისე შეხორცებულია სიტურფე სიტყვისა აზრის მშვენიერებასთან. ყოველი წესი ორატორის ხელოვნებისა დაცულია და ხმარებული, რომ სიტყვამ ისე გასჭრას, როგორც მთქმელს განუზრახავს, და აზრმა და გრძნობამ იმ გზით მიაღწიოს დანიშნულ ადგილამდე, როგორც მთქმელს სურვებია.
„ღმერთმა ჰქნას, შენ და შენისთანები მომავალშიაც ბევრი გვყოლოდესო“, - უთქვამთ ბ-ნ აკაკისათვის. „ღმერთმა ნუ გაამართლოს ეგ თქვენი სიტყვაო, - უპასუხნია აკაკის: - რასაც დღესა ვჯერდებით, ის ხვალ საკმაო აღარ არის ხოლმეო“. დიაღ, ბატონებო, ხვალე დღევანდელს უნდა სჯობდეს, მერმისი აწინდელს. კანონი განვითარებისა და ბედნიერების იმედისა ამაშია და სხვა არაფერში. ამ იმედით, რომ ხვალე უკეთესი უნდა იქმნას, გულს იმხნევებს ამ დღევანდელის დღის ვაი-ვაგლახით და ნაცარ-ტუტით ტანში მოხრილი ადამიანი. ხვალე არ უნდა ჰგვანდეს დღევანდელს, თუ კაცს პროგრესი, წინსვლა ადამიანისა ფუჭ სიტყვად არ მიაჩნია. რაც არიან აწინდელი მოღვაწენი ჩვენის ერისა — ღმერთმა ამრავლოთ, დიდი დღე და გამარჯვება მისცეთ, მაგრამ, აკაკისა არ იყოს, ნუ ვიკმარებთ მას, რაც დღეს არის! ჩვენა გვჭირია ამათზედ ბევრად ძლიერნი, ბევრად ნიჭიერნი, ბევრად მომქმედნი. „ის ურჩევნია მამულსა, რომ შვილი სჯობდეს მამასაო“ — დაუგვირგვინებია თავისი სიტყვა ბ-ნ აკაკის. ასეც უანდერძნიათ ჩვენ მამა-პაპებს, რომელთაც ჩვენთვის თავი დაუდვიათ, რომელთა ძვლებით ჩვენს ქვეყანას ზღუდე შემოვლებია, რომელთა სისხლით ჩვენი ქვეყანა მორწყულა. თუ ის დევ-გმირნი, რომელთ საქმენი სწორედ რომ დაუჯერებელნი არიან, ამბობდნენ, რომ ის ურჩევნია მამულსაო, რომ ჩვენი შვილები ჩვენა გვჯობდნენო, ჩვენ რაღა გვეთქმის, ჩვენ, რომელნიც იმათ წინაშე ქონდრის-კაცებად თუ ჩავითვლებით!..
ღმერთმა ადიდოს, ასახელოს, გაუმარჯოს იმ შვილს, რომელიც მამას დაემჯობინება ქვეყნის სამსახურში და რომელიც ეგრე ეჭირვება ჩვენს მშვენიერ მიწა-წყალს, ჩვენს საყვარელს საქართველოს! გაუმარჯოს აკაკი წერეთელსაც, რომლის სამსახურს და ღვაწლს ქართველი გულში ჩაირჩენს სამუდამო სახსოვრად, და რომლის მშვენიერის ლექსებით არა ერთხელ დაიტკბობს ყურს და გრძნობას, და არა ერთხელ გულს მოიცემს მამულის-შვილობისათვის.