შინაური მიმოხილვა - 1882 მარტი
- nino otiashvili
- Jan 9, 2024
- 6 min read
რა უნდა ჰქონდეს საგნად წესთა ცვლილებასა ჩვენში. — სამმართველო წესთა ცვლილების კამისია რით არის ჩვენთვის საყურადღებო. — ჩვენი შუამდგომელობა. — ვინ ითავებს. — ჩვენი დიდკაცობა. — კანონიერი სახსარი.
შარშან „ივერიას“ მესამე წიგნის „შინაურ მიმოხილვაში“ ეს აზრი იყო გამოთქმული: „რუსეთი ერთი იმისთანა სახელმწიფოა, საცა სხვადასხვა ტომისა და ენის ერნი სცხოვრობენ, და მერე ისე - რომ თავიანთ მამა-პაპეულ მიწებზედ არიან შეჯგუფებულნი და არა შიგა-და-შიგ გაფანტულნი. ამიტომაც, ერთს უდიდესს საგანს რუსეთისას შეადგენს ჯერ ის, რომ სხვა ტომის ერნი როგორ უნდა მოეწყონ შინაობაში სათითოოდ, და მერე - როგორ უნდა მოთავსდენ სახელმწიფოსთან. დიდი ხანია მოსალოდნელი იყო ყველა თვალახილულ კაცისათვის, რომ დღესა თუ ხვალე ეს ფრიად რთული და მძიმე საგანი მთელის თავისის სიგრძით და სიგანით წინ აეყუდებოდა რუსეთს და მისდა გადაუწყვეტლად მისი წინსვლა შეფერხდებოდა. ყველას უნდა წინასწარ სცოდნოდა, რომ დღესა თუ ხვალე ეს საგანი თავისას მოითხოვდა; რომ დღესა თუ ხვალე რუსეთი იძულებული შეიქმნებოდა დაენიშნა საზღვარი სახელმწიფო მოქმედებისა საზოგადოდ და ეროვნებისა ცალკედ და ერთისა და მეორის მოედანი ცალ-ცალკე შემოეფარგლა. ამას მოითხოვდა არამც თუ ისტორიული მდინარეობა სამართლიანის აზრისა, არამც თუ შორმხედველობა დამჯდარის ჭკუისა, არამედ თითონ სახელმწიფოს პირდაპირი ინტერესიცა. თუ რამ სამდურავი, გულის-ტკენის ხმა, ჩივილი ისმოდა აწმყო მდგომარეობის შესახებ ამ ვრცელის იმპერიის სხვადასხვა ადგილებში, ამისი მიზეზი მარტო ის იყო, რომ მთელი მოედანი საზოგადოების ცხოვრებისა მარტო სახელმწიფოს ეჭირა, და ეროვნობა, რომელსაც თავის განსაკუთრებულს ცხოვრებაში თავისი საკუთარი საქმე აქვს, თავისი საკუთარი ჭირი და ლხინი,გულ-ხელ-დაკრეფილი იყო და ხმაამოუღებლივ სხვის მაყურებელი. რუსეთს არა ჰქონდა და არც დღეის-აქამომდე აქვს გამოკვლეული და დადგენილი დედა-აზრი მასზედ, თუ სად თავდება უფლება ეროვნობისა და სად იწყება სახელმწიფოსი“.
ეს სიტყვები მოგვაგონა იმ გარემოებამ, რომ თ. დონდუკოვ-კორსაკოვის მობრძანებისვე უმალ ხმა დავარდა, კავკასიას საერთოდ სამმართველო ცვლილება მოელისო. ეხლა თვით მთავრობისაგან გამოცხადებულია, რომ ამ ცვლილებისათვის საკუთარი კამისიაც არის დანიშნული. ჩვენ არ ვიცით, ამ კამისიას ვალად დაუდეს თუ არა იმ დედააზრის აღმოჩენა და დადგენა, რომლის ძალითაც ეროვნობის და სახელმწიფოს არსებითნი მოთხოვნილებანი უნდა ერთმანეთს შეეფარდოს და თვითოეულს მათგანს მისი საკუთარი სარბიელი შემოეხაზოს. ჩვენ კი იმას ვიტყვით, რომ თუ კამისიას ეს საგანი ვალად არ დასდვეს, მაშინ კამისიას, ჩვენს თვალში, თვისი უაღრესი მნიშვნელობა ჩამოერთმევა და მისი მოქმედება ისე საინტერესო და საყურადღებო არ იქნება, როგორც პირველ შემთხვევაში იქნებოდა. თუ ცვლილების სურვილი აღძრულია იმ მიზეზით, რომ ძველნი წესნი დაწუნებულნი არიან, მაშასადამე, ისიც ცნობილი უნდა იყოს, რომ წუნი ძველის წესებისა რაში უფრო მდგომარეობდა. ჩვენის ფიქრით, ერთი არსებითი და უდიდესი ნაკლულევანება ძველის წესებისა ის იყო, რომ ეროვნობის საჭიროებანი და სახელმწიფოსი ერთმანეთში გარჩეული არ იყო. ყოველისფერი სახელმწიფოს ანაცვლეს და ეროვნობას გზა შეუკრეს, თუმცა სახელმწიფოს ჭეშმარიტი ვითარება, კარგად გასინჯული გზა და საჭიროება, ამისთანა მსხვერპლს თავის-დღეში არ ითხოვს, რადგანაც ეროვნობა და სახელმწიფო ადვილად მოსათავსებელნი არიან ერთმანეთში და საცილობელი, ერთმანეთის დამაბრკოლებელი არა აქვთ-რა. ამას მარტო ღრმად დაკვირვება უნდა, ხალასი გული და მიუდგომელი ჭკუა.
ამიტომაც, თუ ქვეყნის სიკეთეს და ბედნიერებას ნიშნად წინ დაუსმენ კამისიას და განზრახულს ცვლილებას ამაზედ მიმართავენ, მაშინ სწორედ ეგ საგანი - ეროვნობის და სახელმწიფოს ერთმანეთში მოთავსებისა - უნდა განსაკუთრებით გამოაკვლევინონ, ნამეტნავად ჩვენში, და ცვლილების დედაბოძად დაადებანონ. ჩვენ ამას წინათაცა ვსთქვით, და ეხლაც სიტყვა-სიტყვით ვიმეორებთ, რომ - „ვიდრე წესების ცვლილებას შეუდგებიან ჩვენში, ჯერ ყველაზე უწინარეს გამოცნობილ და აღიარებულ უნდა იქმნას ის, თუ რა თვალით და რა გულით უნდა გვიყურონ ჩვენ; უნდა გამოცნობილ იქმნას, კარგად განსაზღვრულ და ბეჯითად განმარტებულ თუ, - ვინა ვართ ჩვენ და რანი ვართ. რომ არავინ დაგვწამოს მიდგომით ლაპარაკი, ჩვენ მოვიყვანთ აქ ერთის რუსის მწერლის ნათქვამს ამ საგანზედ: „ჩვენ, რუსებმაო, - ამბობს იგი, - არ უნდა დავივიწყოთ თავის-დღეში, რომ საქართველო ხმლით არ დაგვიჭერია; რომ ჩვენ თანასწორნი ძმები ვართ და არა მძლავრი ბატონები. ჩვენ არ უნდა დავივიწყოთ, რომ ქართველნი შემოვიდნენ ჩვენს ოჯახში მისთვის, რომ ქართველადვე დარჩნენ და უცხო ჯიშმა, უცხო სარწმუნოებამ და უცხო ჩვეულებამ არ შთანთქას. ამიტომაც ყოველს ქართულს, ყოველსავე ქართველთაგან ისტორიით შეძენილს, ქართველთაგან პატივცემულს და წმინდანად აღიარებულს, ყოველსავე გასაკუთრებულს თვისებას ქართველისას - იმოდენად პატივი უნდა ვცეთ, იმოდენად მხარი მივცეთ და ხელი შევუწყოთ, რამდენადაც ყოველსფერს ჩვენს საკუთარს რუსულს. კავშირი ძმათა შორის იმაში მდგომარეობს, რომ ერთი-მეორეს შეემსჭვალოს, და არა იმაში - რომ ერთის ადამიანობა მეორეს მტლად დაედოს, ერთმა მეორე ჩაჰყლაპოს. ყოველივე სახე ერისა, ყოველივე ეროვნება ერთგვარად ბუნებრივია და ერთგვარად კანონიერი, აგრეთვე ყოველივე ჩვეულება და თვისება“.
თუ ამ გრძნობით და ამ სამართლიანის აზრით არ შეუდგებიან ჩვენში ცვლილების საქმეს, ყოველივე ცვლილება სახელდახელო საქმე იქნება, უსულო, უგულო, უსიცოცხლო და გამოუსადეგი ქვეყნისათვის ცალკე და სახელმწიფოსთვის საზოგადოდ. მაშინ ცვლილება ჩინოვნიკის ერთის სკამიდამ მეორეზედ გადახტუნება იქნება, კანცელარიების სახელების შეცვლა, და ბევრ-ბევრი - ორიოდ გროშის გამოზოგვა და სხვა არაფერი.
არ ვიცით, ჩვენი შუამდგომელობა რამოდენად გასჭრის, მაგრამ მაინც ეგ შუამდგომელობა ჩვენ უნდა ვიკისროთ და ქვეყანას გავუწიოთ ამ მხრით სამსახური. ჩვენი წმინდა მოვალეობა დღეს ის არის, რომ მთავრობამ ჩვენგანა სცნოს ჩვენი გულის-ტკივილი და ჩვენის ნატვრის საგანი. ახალის მთავარმმართებლის გულმტკივნეული სიტყვები ჩვენის ქვეყნის შესახებ, მისი მტკიცედ გამოთქმული აღთქმა, რომ რაც შესაძლოა, არავითარს ღონისძიებას არ დაიშურებს ჩვენის ქვეყნის აღმატებისათვის, მისი მტკიცედვე გამოთქმული სურვილი, რომ თითონ საზოგადოებაც მოეშველოს ქვეყნის განწყობის საქმეში, იმედს გვაძლევს, რომ აქაური უმაღლესი მთავრობა სიამოვნებით მიიღებს ყოველსავე რიგიანად გამოკვლეულს, დამჯდარის ჭკუით შემუშავებულს აზრს მასზედ, თუ რა გზით და რა განზრახვით უფრო შესაფერია, გამოსადეგი და ნაყოფიერი, ცვლილების მოხდენა. ეს დიდი და წმინდა მოვალეობა, რომელიც დროთა ვითარებამ ჩვენ ზურგზედ წამოგვკიდა, მძიმე ტვირთია და დიდის ყურადღების ღირსი. როცა ჩვენი შვილები — ჩვენ, მამებს, განგვიკითხვენ, პირველად ამას გვეტყვიან: ეს ამისთანა შემთხვევა გქონდათ და რა ჰქენით ქვეყნისათვისა და თქვენის შვილებისათვისაო. რომ პირნათლად დავხვდეთ ამ განკითხვის დღეს, რომ სირცხვილით პირზედ ხელი არ ავიფაროთ ჩვენთა მომდევართა წინაშე, რომ ჩვენი ხსენება საწყევარად არ გავიხადოთ, მაგ მძიმე ტვირთს უნდა ყოველის ჩვენის სულიერის და ხორციელის ძალით ცნობიერად და წინდახედვით გავუძღვეთ.
ვინ არის ჩვენში ამისთანა სასახელო საქმის ღირსეული მეთაური? ვინ გამოიდებს თავს? აი კითხვანი, რომელთაც, ჩვენდა სამწუხაროდ, პასუხი ეგრე ადვილად ვერ მოეპოვება.
ჩვენი დიდკაცობა, რომელიც წარჩინებულობით, ხარისხით, ყოფა-ცხოვრებით და შეძლებით ყველაზედ მახლობლად არის უმაღლეს მთავრობასთან და, მაშასადამე, უმაღლეს მთავრობამდე ხმის მიწვდენის ღონე ხელთა აქვს, ამ საქმისათვის მოუმზადებელია. თუნდაც ჭკუით და გონებით მომზადებული იყოს, გულიც იმოდენად გაღვიძებული უნდა ჰქონდეს, რომ საქვეყნო საქმისთვისაც უცემდეს და მოსვენებას არ აძლევდეს, იმოდენად აღმატებული უნდა იყოს ზნეობით, რომ თავის პატივმოყვარეობას, სახელსა, დიდებას — მარტო ქვეყნისათვის დადებულ ღვაწლში ხედავდეს და მარტო მაგ ღვაწლის სიდიდით ზომავდეს კაცის ადამიანურს ღირსებასა საზოგადოდ და თავის დიდკაცობისას ცალკედ. კმაყოფილება ჭეშმარიტის პატივმოყვარეობისა მარტო ამისთანა ღვაწლში მოიპოვება და სხვა არაფერში. ჩვენდა საუბედუროდ, ჩვენი დიდკაცობა შორს მანძილზედ არის დარჩომილი ამ მხრით და ქვეყნისათვის დადებული ღვაწლი არამც თუ ადამიანის ღირსების მხოლოობით საწყაოდ მიაჩნია, არამც თუ ჭეშმარიტის პატივმოყვარეობის საგნად უღიარებია, არამედ მის ცხოვრების დავთარში სახსენებელადაც მოხსენებული არ არის. არ არის ქვეყანაზედ არც ერთი ერი, რომლის შემძლებელი ნაწილიც ასე გულაცრუებული, ასე გულგრილი იყოს საზოგადო საქმეების შესახებ, როგორც ჩვენები არიან. არ არის ჩვენში არც ერთი საზოგადო საქმე, რომ მასში ჩვენის დიდკაცობის წარმომადგენელი მოქმედებდეს და იღვწოდეს. თეატრია, გაზეთია, თუ ჟურნალი — უიმათოდ იღვწიან; ღარიბს, ღატაკს თავისი გროშები მოაქვს, რომ როგორმე თეატრი, გაზეთი, ჟურნალი შეინახოს და ერთობ საზოგადო საქმეს ხელი როგორმე შეუწყოს და ერთი დიდკაცთაგანი კი ყურსაც არ იბღერტავს, თითქო ყოველივე ეს მისთვის სათაკილო საქმე იყოს. ან იქნება უმეცრებისა გამო ჰგონიათ, რომ ქართული თეატრი, ქართული ჟურნალი, თუ გაზეთი, და სხვა ამ-გვარი საქმე არაფერს არ მოასწავებენ და წვრილფეხობის ცუღლუტობადა სთვლიან. ერთიც, მეორეც, მესამეც, რაც უნდა უძლურნი იყვნენ დღეს, ჩვენის ვინაობის დამცველნი და შემნახველნი არიან. ვინც ამათ ზურგს შეაქცევს, თავის საკუთარს ვინაობას უარჰყოფს, თავის ადამიანურს სახეს შეურაცხყოფს და არარადა ჰხდის. თუ ადამიანს თავისი ვინაობა არარად მიაჩნია, მაშინ იმ ადამიანში ადამიანური რაღაა? დრო გამოიცვლება, დრო მოვა, როცა თავისის ვინაობიდგან გადამდგარი კაცი ყველასაგან შერისხული იქნება, როგორც უღირსი, თითონ იმათგანაც კი, ვინც ეხლა სიხარულით ამისთანა კაცს შეიკედლებს ხოლმე და ულოლოებს. დრო მოვა, როცა ყველასათვის ცხადი იქნება, როგორც ორჯერ-ორი, რომ თუ კაცი თავისას გადუდგა, სხვისას ვერ უერთგულებს. ეს ჭეშმარიტება დღეს ცოტამ იცის და ხვალე ბევრს ეცოდინება, და მაშინ ვაი თავის ვინაობაზედ გულაცრუებულს, გულგრილს და ხელაღებულს!..
მაშ საიდამ რას უნდა გავხდეთო? იკითხავს მკითხველი. ჩვენის ფიქრით, ერთი კანონიერი სახსარი გვაქვს და ამ სახსარს თუ ჯეროვანის ცოდნით, სიფრთხილით და გონიერებით ჩავკიდეთ ხელი, ჩვენ ჩვენს მოვალეობას მთავრობისა და ქვეყნის წინაშე პირნათლად გადავიხდით. თუ მაინც-და-მაინც არა გვეშველება-რა, იმის საბუთად მაინც დაგვრჩება, რომ ხმის ამოღების დროს ხმაგაკმენდილნი არა ვყოფილვართ. ამას მაინც იტყვიან, იმათაც უფიქრნიათ, უზრუნვიათ ქვეყნისათვისაო. მართალია, ეს დიდი ნუგეში არ არის ქვეყნისათვის, მაგრამ სულ არარაობას მაინც ეგა სჯობია.
ეგ სახსარი - ჩვენის გუბერნიების თავად-აზნაურთა კრებაა, ტფილისისა და ქუთაისისა. ეს კრება წელს უნდა მოხდეს თავ-თავის ადგილას. ჩვენდა სანუგეშოდ ამასაც ვიტყვით, რომ დღეს ყოველი კაცი, დიდი თუ პატარა, ჰგრძნობს, რომ ეგ მაგისთანა კრება კენჭის სათამაშო ყრილობა არ არის, როგორც აქამომდე იყო. დღეს ყველას, ვისაც კი გული გაჰღვიძებია ქვეყნისათვის, საზოგადოებისა და ერისათვის, მაგ სახსარს შეჰყურებს ხარბის და იმედიანის თვალით. დღეს ყველა ფიქრობს, რომ ეგ კრება როგორმე გამოიყენოს საზოგადო საქმისათვისა. ყველანი ამას ამბობენ, რომ ჩვენი ხმა აქედამ უნდა მივაწვდინოთო. ამის ნებას კანონიც გვაძლევს და ქვეყნის უკიდურესი საჭიროებაცაო. მართალია, თავად-აზნაურთა კრებას ზოგიერთნი, შინაურნი თუ გარეულნი, პატარა ფარგლით უზომვენ ხოლმე მოქმედების მოედანს, ამით ყოველს აზრს და წინადადებას, რომელთაც კი საქვეყნო, საყოველთაო ფერი ადევს, ფარგალ-გარეთ აგდებენ, როგორც არა-კუთვნილს საგანს კრებისას, მაგრამ სცდებიან. სცდებიან ისინიც, ვინც ამ შემთხვევაში გულწრფელად იქცევიან, ხოლო ბევრნიც იმისთანანი ამოგვიჩნდებიან თითონ კრებაში, რომელნიც ამისთანა ფარ-ხმალს იხმარებენ რაიმე ამაო რიდითა და ანგარიშითა. მაშინ ეგ შეცდომა დანაშაულობად უნდა ჩაეთვალოს მომქმედსა.
დიაღ, ბატონებო, ჩვენს ვინაობას ჩვენს ცხოვრებაში უსათუოდ გზა უნდა მიეცეს და ამაზედ თავად-აზნაურთა კრებამ თავისი ხმა უნდა ამოიღოს, ხმა კანონიერი, დინჯი, დარბაისლური და მშვიდობიანი. უამისოდ წარმატების გზა შეღობილია. ესეთი ყოფა წარმატების გზისა ერთნაირად საგრძნობელია ყველასათვის. ამ ერთს ტაფაში თავადიც იწვის, აზნაურიც, მღვდელიც და ერიც. თუ განზრახულმა ცვლილებამ ჩვენს ვინაობას არ მოხედა, თუ გვერდზედ აუარა, ამისი ბრალი ჩვენ დაგვედება, და მაშინ ნურც მთავრობას დავემდურებით და ნურც ბედსა.