top of page

შინაური მიმოხილვა - 1882 დეკემბერი

  • Writer: nino otiashvili
    nino otiashvili
  • Jan 9, 2024
  • 23 min read

XIX


ბ-ნ მეისნერის პროექტი.


ბევრი სთქვეს და ბევრი სწერეს ჰო და არაც ბ-ნ მეისნერის პროექტის თაობაზედ და ყოველივე ეს თქმული და დაწერილი რომ საქაჯავში გავატაროთ, დარჩება შემდეგი დასკვნანი, ერთის მხრით - მექომაგეთა და მეორის მხრით - მეწინააღმდეგეთა.


პირველთა ნაბოლოვარნი დასკვნანი იმაში მდგომარეობენ, რომ: 1) ჩვენი ქვეყანა ფულით ღარიბია და 21⁄2 მილიონი რომ შემოვიდეს ჩვენს ქვეყანაში - სასარგებლოა; 2) ღვინო ხშირად გაუსყიდავი გვრჩება, რადგანაც მუშტარი არ არის; ბ-ნ მეისნერის ამხანაგობა ორ-მილიონ- ნახევრით მოდის ჩვენის ღვინის სასყიდლად, მაშასადამე, სასარგებლო იქნებაო; 3) ჩვენს ღვინოს ეხლა მარტო ერთი ბაზარი აქვს - ქალაქი ტფილისი, ბ-ნ მეისნერის ამხანაგობა მთელს რუსეთსა ხდის ჩვენის ღვინის ბაზრად და რადგანაც ბაზრის გადიდებას, მუშტრის გამრავლებას, ფასების აწევა მოსდევსო, ჩვენის ღვინის ფასი აიწევსო და ჩვენი ქვეყანა ღვინის წარმოებიდამ უფრო დიდ გამორჩომას ნახავს, ვიდრე ეხლაო; 4) დიდ მუშტარს დიდი გაძღოლა უნდა, დიდძალი ღვინოო; დიდძალ ღვინოს დიდი ვენახები უნდა; მაშასადამე, უფრო მეტს ვენახებს გავაშენებთ დიდის ბაზარის და დიდის გამორჩომის იმედითაო; ქვეყანა ამ მხრითაც გამდიდრდებაო; 5) ეხლანდელი ჩვენი ღვინო მოკლებულია სავაჭრო ღირსებასა, რადგანაც კარგად ნაკეთები, კარგად დაყენებული არ არისო; ამის გამო ვერც ერთნაირის გემოს ღვინოს ვასმევთ მუშტარსა მუდმივ და ვერც დიდხანს შესანახი და არც მუშტარის მიმზიდველიაო. ბ-ნ მეისნერის პროექტი გვპირდება, რომ თქვენის ღვინოების კეთებას მე შევუდგებიო, და რაც ღვინისათვის ღირსებაა საჭირო, რომ სავაჭრო საქონლად გახდეს, ყოველ იმ ღირსებას მივანიჭებო. ამისათვის იმოდენა ფულის გადადება შეეძლება ბ-ნ მეისნერის ამხანაგობას, რაც საჭიროა და რასაც ცალკე მემამულე, ნამეტნავად ჩვენისთანა ღარიბი, ვერ შესძლებსო. გარდა ამისა ღვინის კეთების მცოდნე კაცებსაც მოიწვევს, მათისა და ფულის შემწეობით ჩვენს ღვინოებს გააკეთებს უფრო უკეთესად და იმათგან ჩვენც ვისწავლით ღვინის კეთებას და ამ მხრითაც ბ-ნ მეისნერის ამხანაგობა ჩვენთვის სასარგებლო იქნებაო.


მეწინააღმდეგეთა აზრი ამ მექომაგეთაგან დახატულ ბედნიერებაზედ ძლიერ შორს არის. ესენი ამტკიცებენ, რომ: 1) მაგოდენა ფულის შემოსევა ჩვენში, მერე ერთისა და იმავე ინტერესით განწყობილ საზოგადოების ხელში, იმასა იქმსო, რომ წვრილ ვაჭარს აღარ გააჭაჭანებს ღვინის ვაჭრობის მოედანზედაო და, როგორც ქორი წიწილებს, ისე შემოიფრთხობსო. რაკი მოცილენი აღარ ეყოლებიან და ღვინის მსყიდველად მარტო თითონ დარჩება ბაზრის მოედანზედ, მაშინ ღვინოში იმ ფასს შემოგვაძლევენ, რაც გუნებაში მოუვათ. რადგანაც ფული მარტო მოგებას ხარბობს და რადგანაც მოგება ვაჭრობისა იმოდენად დიდია, რამოდენადაც სხვათა შორის საგანი ვაჭრობისა იეფად ნასყიდია, ამიტომაც ღვინის ფასს იმოდენად დასწევენ, რამოდენადაც ხარბობა ფულისა გულს მოისუყებს; ყველამ ვიცით, რომ ხარბობას ფულისას სამზღვარი არა აქვსო. 2) ახალის ბაზარის აჩენა, ანუ უკეთ ვსთქვათ, ჩვენის ღვინის გატანა და გასაღება რუსეთში ამ ყოფაში, რა ყოფაშიაც დღეს ჩვენა ვართ, კი არ გაგვამდიდრებს, გაგვაღარიბებს იმოდენად, რამოდენადაც ღვინო შინაურ სახმარებლად ჩვენ დაგვაკლდებაო. იმიტომ - რომ ჩვენი ქვეყანა ღვინის სმას ჩვეულია, ეგ ჩვეულება ისე აქვს გამჯდარი სულსა და ხორცში, რომ თითქმის პირველ საჭიროებად ჩაითვლება. ღვინო რომ რუსეთში გავიდეს ჩვენიდამ, ჩვენს ქვეყანას ღვინო მოაკლდება და იმოდენად დაძვირდება, რომ ღვინის ჩვეულმა ხელი უნდა აიღოს ღვინოზედ. რომ ამისთანა საჭიროებაზედ, როგორც ჩვენში ღვინოა, ჩვენმა ქვეყანამ ხელი აიღოს, - ეგ გამდიდრება კი არ არის, დაკლებაა და დაკლება კიდევ გაღარიბებაა. 3) ბ-ნ მეისნერის ამხანაგობის გამო ვენახები კი არ მოემატება ჩვენს ქვეყანას, არამედ ისიც ხელიდამ გამოეცლებათ, რაც დღევანდელ მემამულეებს ხელში უჭირავთ. ღვინის ფასების ძლიერ დაწევა მაგ ამხანაგობის ხელში იქნება უცილოდ, თუ, როგორც ვთქვით, ბურთი და მოედანი ღვინის ვაჭრობისა გაისაკუთრა, და შესაძლოა მაგ დაწევამ ღვინის ფასისამ იქამდის მიაღწიოს, რომ ვენახების გაშენება, მოვლა და შემუშავება საზარალოდ გაუხდეს დღევანდელს პატრონს. მაშინ ან უნდა გადახნას, ან ჩალის ფასად დაუთმოს ბ-ნ მეისნერის ამხანაგობას. 4) ორ-მილიონ-ნახევარი ფული თუ ღვინის გადაკეთებას შეუდგება ჩვენში, ამისათვის მუშა-ხელია საჭირო, სახელდობრ იმისთანა ხელი, რომელსაც სახსარი ცხოვრებისა არა აქვს-რა, გარდა თავის მარჯვენისა. მაგისთანა ბოგანა კაცი ჩვენში არ არის; მაგ ფულმა უნდა შეჰქმნას მაგისთანანი, თუ უნდა, რომ უქმად და უსარგებლოდ არ დარჩეს. თუ ეს ასე მოხდა, უბედურობა იქნება ქვეყნისათვის.


აი, როგორც ხედავს მკითხველი, ბ-ნ მეისნერის პროექტის გამო ჩვენმა საზოგადოებამ საერთოდ და მეურნეობისამ ცალკედ რა ნარდის ფიცარზედ გადიტანა კამათლები. ეს ფიცარი საპოლიტიკო ეკონომიის მეცნიერებაა. ჩვენ დავპირდით მკითხველებს, რომ ამ აზრების კრიტიკას შევუდგებით-მეთქი. მაგრამ, ცოტა არ არის, წინ უზარმაზარი კედელი დაგვხვდა. იმიტომ კი არა, რომ იმ ნარდის ფიცარზედ, რომელზედაც გადატანილია ეხლა კამათლები, ჩვენ კამათლის აყრას ვერ მოვახერხებთ. არა, ამას როგორც იქნება კიდევ გავუძღვებოდით. გაჭირვება აი რაშია: აქ ისეთი მხარეებია მეცნიერებისა ხელშეხებული, რომ მთელი ტრაქტატი საპოლიტიკო ეკონომიისა მოუნდება კაცს, რომ არ დაიბნას და თავის საკუთარის მსჯელობისათვის გზა გაიკვლიოს; სიძნელე იმაში მდგომარეობს, რომ, ჯერ პირველი, ღონე არა გვაქვს ამ ტრაქტატის დასაწერად და მერმე, თუნდაც შეგვეძლოს, სად დავტიოთ მაგოდენა ტრაქტატი, და მესამე, - თუნდაც დატევაც შეიძლებოდეს, რა სიტყვიერებით გამოვსთქვათ. ჩვენდა სამწუხაროდ, - მაგ მეცნიერებისათვის ჩვენი ენა მუნჯია ჯერ-ხანად, არც ტერმინებია დადგენილი და მიღებული საერთოდ, არც თითონ ეგრეთ-წოდებული ფრაზეოლოგია. ამიტომაც, ერთს უმთავრესს სიძნელეს ამ „შინაურის მიმოხილვისას“, ეს უკანასკნელი ნაკლი ჩვენის სიტყვიერებისა შეადგენს.


მაშასადამე, დღეს ჩვენის „მიმოხილვის“ უმთავრეს გაჭირვებას შეადგენს ორი საგანი: ერთი - ისა, რომ როგორ ავცდეთ და არ გავაბათ საპოლიტიკო ეკონომიის რთულს კანონების გამოკვლევაში, როცა იგი კანონები საჭირონი იქნებიან, და მეორე - როგორი სიტყვიერება ვიხმაროთ, რომ ჩვენი წერილი ადვილად გასაგებიც იყოს და თვით საგანიც უნაკლოდ აგვიხსნას. თქმა აღარ უნდა, ამ ორსავე შემთხვევაში ბევრი ნაკლი შამოგვერევა და წინათვე ბოდიშს ვიხდით.


ღრმად რომ ჩავაკვირდეთ ყოველს თქმულს და დაწერილს ბ-ნ მეისნერის პროექტის თაობაზედ, დავინახავთ, რომ ორისავე მხრის მსჯელობა - მექომაგეთა თუ მეწინააღმდეგეთა - უმთავრესად ერთს საგანს დასტრიალებს, სახელდობრ იმას თუ, - კარგი იქნება თუ ცუდი ჩვენის ქვეყნისათვის მოვლენა ორ-მილიონ-ნახევარ ფულისა იმ დანიშნულებით, რომელიც უკისრებია მაგ ფულისათვის ბ-ნ მეისნერის პროექტს.


მაშასადამე, რომ გულდაჯერებით და გულმართლად მიუდგეს კაცი ან ერთს აზრს, ან მეორეს, ყველაზედ უწინარეს საჭიროა ვიცოდეთ, რა საქმე შეიძლება ვაკისროთ ფულს საზოგადოდ საპოლიტიკო ეკონომიის მიხედვით და რა საქმე უკისრებია კერძოდ ბ-ნ მეისნერს იმ ორ- მილიონ-ნახევრისათვის, რომელიც, როგორც უჩვეულებს, ისე ზორბად მიგვაჩნია, რომ ზოგს სიხარულით ფეხზედ არ აყენებს, აბა ეხლა გავმდიდრდებითო, და ზოგს შიშით აკანკალებს, აბა ეხლა დავიღუპებითო.

ამისათვის ჩვენ წინ წავიმძღვარებთ იმ ჭეშმარიტებას, რომელსაც ყოველივე ის ღირსება აქვს, რაც აქსიომას. ყოველი კაცი, ეკონომიურის თვალით რომ გავშინჯოთ, ამღებია და გამცემი საქონლისა. მეცნიერება საქონლის (товар) სახელს იმისთანა ნაწილს შრომის ნაყოფისას სდებს, რომელიც ნამეტურია, ანუ მოჭარბებულია მასზედ, რაც პირდაპირ სახმარად პატრონისათვის საჭიროა. მაგალითებრ, თუ ჩემს პირდაპირ სახმარად თორმეტი კოდი პურია საჭირო და თუ მე ხუთმეტი მაქვს, მარტო სამს ნამეტურს კოდს საქონელი ჰქვიან. ამისდა მიხედვით რომ გადმოვთარგმნოთ ზემოთ-მოყვანილი წინადადება, გამოვა, რომ ურთიერთობითი ეკონომიური დამოკიდებულება კაცთა შორს წარმოსდგება მაშინ, როცა კაცთა მოჭარბებული აქვთ ნაყოფი თავიანთის შრომისა და აკლიათ მოჭარბებული ნაყოფი სხვის შრომისა. როცა ესენი ერთმანეთს შეხვდებიან, ყოველი მათგანი ერთი-მეორის წინაშე ამღებიც არის და გამცემიც ერთსა და იმავე დროს, რადგანაც ერთი იღებს მას - რასაც მეორე გასცემს, და გასცემს მას - რასაც მეორე იღებს. მაგალითებრ, მე ღვინო მაქვს მეტი და მაკლია პური, თქვენ პური გაქვთ მეტი და გაკლიათ ღვინო, შევხვდით ერთმანეთს სააღებ-მიცემოდ, რა ვარ მე თქვენს წინაშე და რა ხართ თქვენ ჩემს წინაშე? მე ვარ თქვენს წინაშე გამცემი ღვინისა და იმავე დროს ამღები პურისა, თქვენ ხართ ჩემს წინაშე გამცემი პურისა და იმავე დროს ამღები ღვინისა, ესე, რომ ერთმანეთის წინაშე ორნივ ერთ და იმავე დროს ამღებნიცა ვართ და გამცემნიცა. ამ სახით, ყოველი კაცი, ეკონომიურის თვალით, ერთსა და იმავე დროს ამღებიც არის და გამცემიც, როცა სხვა კაცს შეხვდება საეკონომიო მოედანზედ. ეს არის ერთად-ერთი მხოლოობითი ეკონომიური დამოკიდებულება კაცთა შორის და კაცობრიობამ ჯერ ამის გარდა სხვა ეკონომიური დამოკიდებულება არ იცის.


ეს მოქმედება, ანუ უკეთ ვსთქვათ, საქმიანობა, რომელიც შეახვედრებს ხოლმე ერთმანეთს საქონლის პატრონებს, - მარტივი გაცვლა-გამოცვლაა საქონლისა საქონელზედ. ამ მოქმედებას ჩვენს ენაზედ, ჩვენის ფიქრით, ზედ-გამოჭრილი სახელი ჰქვიან: აღებ-მიცემობა (обмен). აქ პირდაპირ საქონელი საქონელზედ იცვლება, პირდაპირ, ურარაოდ ხელიდამ ხელში გადადის.


ხოლო ეს მარტივი სახე აღებ-მიცემობისა ყოველთვის არ არის სახერხო ადამიანისათვის, ზოგჯერ დიდს ხანს და დიდს ჯაფას თხოულობს, რომ მოხერხდეს, ნამეტნავად მაშინ, როცა ეკონომიური და საზოგადაებრივი ცხოვრება უფრო რთულად მოეწყობა ხოლმე პროგრესის ზემოქმედების გამო. აქ საჭიროა ორი პირობა: ერთი - რომ ჩემი საქონელი სხვას უჭირდეს და მეორე - რომ სწორედ იმ სხვის საქონელი მე მიჭირდეს. აღება (спрос) და მიცემა (предложение) ერთს დასახელებულ საქონელზეა მიქცეული, რომელიც თავისის თვისებით და სახით წინათვე განსაზღვრულია. როცა მე პური მიჭირს და ღვინო მეტი მაქვს, აქ მარტო პური გაიცვლება ღვინოზედ და ღვინო პურზედ და სხვა არარაზედ. აქ სააღებ-მისაცემო საქონელი წინათვე დასახელებულია და უსათუოდ ერთისა და მეორის მხრისათვისაც იმ სახელის, თვისების და სახის საქონელი უნდა იყოს და არა სხვა, თორემ აღებ-მიცემობა არ მოხდება.


ეს მიზეზი, რომელიც, მაგალითებრ, ღვინის გამცემს და პურის ამღებს აიძულებს უსათუოდ ისეთი კაცი იპოვოს, რომელიც პურის გამცემია და ღვინის ამღები, ძალიან აძნელებს საქმეს, აგვიანებს და აფერხებს საქონლის ხალხში მორიგებას, მიმოსვლას, ხელიდამ ხელში გადასვლას.


ესეთი აღებ-მიცემობა, ესეთი პირდაპირი ცვლა ერთის საქონლისა მეორეზედ, ეს უხერხო, დამაგვიანებელი მოქმედება თავისის საქონლის გაცემისა და სხვის აღებისა, იმ დრომდე სუფევდა ქვეყნიერობაზედ, ვიდრე კაცობრიობამ არ მოიგონა ერთი განსაკუთრებითი საშუალება. ეს საშუალება იმისთანა რამ არის, რომ ოღონდ ჩემის საქონლის ამღები კი ვიპოვო და იმას აღარ ვზრუნავ, ექნება თუ არა ის საქონელი, რომელიც სახელდობრ მე მიჭირს პირდაპირ მოსახმარად. რაკი ამისთანა საშუალება იპოვეს, მას შემდეგ აღებ-მიცემობის მოსახდენად საჭიროა მხოლოდ ორში ერთი იმ პირობათაგანი, რომელნიც მარტივს აღებ-მიცემობაში ორნი ერთად და ერთ დროს საჭირონი იყვნენ, იმიტომ რომ ამ საშუალების შემწეობით აღება ჩემთვის საჭირო საქონლისა მაშინაც შემიძლიან, როცა ჩემის საქონლის გაცემა სხვისთვის ერთსა და იმავე დროს და პირდაპირ საჭირო არ არის. აგრეთვე გაცემაც ჩემის საქონლისა მაშინაც შემიძლიან, როცა აღება სხვის საქონლისა არ არის ჩემთვის საჭირო იმავე დროს და პირდაპირვე. მაგალითებრ, რაკი ის საშუალება ხელთ არის, მაშინ, როცა აღება მინდა, ვსთქვათ, პურისა ჩემდა სახმარად, მარტო იმას ვეძებ, ვინც პურის გამცემია, და როცა, ვსთქვათ, ღვინის გაცემა მინდა, მაშინ იმას ვეძებ, ვინც ღვინის ამღებია მხოლოდ; მარტივ აღებ-მიცემობაში-კი პურის გამცემს უსათუოდ ჩემის ღვინის საჭიროებაც უნდა ჰქონდეს და მე, ღვინის გამცემს, პურისაც ერთსა და იმავე დროს.


აშკარაა, ამისთანა საშუალების შემწეობით აღებ-მიცემობა გაადვილებული იქნება, საქონელი უფრო სწრაფად გადავ-გადმოვა, საქონლის მიმოსვლა ფეხს აიჩქარებს.

იმ საშუალებას, რომელიც ამისთანა აღებ-მიცემობას შესაძლოდა ხდის, უსათუოდ ორი თვისება უნდა სჭირდეს: პირველი, - საქონლის ღირებულების (ценность) ცხადი გამომხატველი იყოს და მით შესაძლო ჰყოს შეტოლება ერთის საქონლის ღირებულებისა მეორე საქონლის ღირებულებასთან; იმიტომ რომ აღებ-მიცემობაში უსათუოდ სხვადასხვა სახის, თვითების და თვისების საქონელი იგულისხმება, და რადგანაც აღებ-მიცემობა შესაძლოა მხოლოდ მაშინ, როცა სწორი სწორედ აიღება და მიიცემა, და რადგანაც სხვადასხვა- გვარ საქონელთა შორის სისწორე მარტო ღირებულების რაოდენობაზეა დამოკიდებული, მაშასადამე, შეტოლება ამ გზით საქონლისა საქონელთან უსათუოდ საჭიროა აღებ-მიცემობისათვის. მეორე, - ძალი ჰქონდეს ერთ-ერთის საქონლის აღებისა კი არა, არამედ ყოველის გვარის საქონლისა, ერთის სიტყვით, ის ძალი ჰქონდეს, რომელსაც მეცნიერებაში ეძახიან საყოველთაო ძალს სყიდვისას (всеобщая покупательная сила).


მაგისთანა საშუალება - ფულია.


აი, ეს არის პირდაპირი და არსებითი დანიშნულება ფულისა. ამას გარეითად არც მოედანი აქვს მოქმედებისა და არც ფასი. არც იჭმევა, არც ისმევა, არც იცმევა, თავისთავად არასფერში სახმარისი არ არის. მაშასადამე, ფული - საყოველთაო ეკონომიაში ყოვლად უვარგისი საგანია ყოველისფერში, გარდა ამისა, რომ საშუალებაა აღებ-მიცემობისა, რომლის შემწეობითაც დრო და ჯაფა უფრო ნაკლებ უნდება აღებ-მიცემობის საქმეს.


ჩვენ ვიცით ეხლა, რომ აღებ-მიცემობის სახე ორგვარია. ერთი მარტივი, როცა ერთ სახის საქონელი სხვა სახის საქონელზედ იცვლება პირდაპირ და უშუამავლოდ და მეორე რთული, როცა სააღებ-მისაცემო საქონელთ შორის სხვა საგანი, ესე იგი, ფული მოქმედობს. პირველის სახე ასეა: საქონელი = საქონელი; და მეორისა: საქონელი = ფული = საქონელი. მაგალითებრ, ვსთქვათ, რომ ორი თუნგი ღვინო ერთ კოდს პურზედ იცვლება მარტივ აღებ-მიცემობაში. ეს ამ სახით გამოითქმის:

ორი თუნგი ღვინო = ერთი კოდი პური.


ვსთქვათ, ორი თუნგი ღვინო ორი მანეთია. რაკი ორი თუნგი ღვინო ორი მანეთია, მაშასადამე, ერთი კოდი პური, რომელიც ორ თუნგ ღვინოზედ იცვლება, ორი მანეთი უნდა იყოს. ეს ამბავი რთულს აღებ-მიცემობაში ამ სახით გამოითქმის:

ორი თუნგი ღვინო = 2 მანეთი ფული = ერთი კოდი პური.


პირველში ღვინოს გავცემ, რომ პირდაპირ პური ავიღო, მეორეში კი ღვინოს გავცემ, რომ ფული ავიღო და ფულს ისევ გავცემ, რომ პური ავიღო. ეს უკანასკნელი მოქმედება გასყიდვაა სყიდვისათვის. ჩვენ ვხედავთ, რომ ერთისა და მეორის ბოლოც ერთი და იგივეა, ღვინისა პურზედ და პურისა ღვინოზედ, ესე იგი, საქონლისა საქონელზედ ცვლა და სხვა არა-რა.


როცა აღებ-მიცემობა ერთისა თუ მეორის სახით უტყუარად მოქმედობს, ამღებიც და გამცემიც ერთნაირად მოგებაში არიან. აღებ-მიცემობაში ამღებიც და გამცემიც გასცემენ ხოლმე მარტო იმას, რაც თვითოეულისათვის ნამეტურია, მაშასადამე, უსარგებლოა და უსაჭირო; მის სამაგიეროდ იღებენ მას, რაც თვითოეულის მათგანისათვის საჭიროა და, მაშასადამე, სასარგებლო. ცხადია, რომ ადამიანისათვის უსარგებლოს გაცემა და მის სამაგიეროდ სასარგებლოს შეძენა, - სასარგებლო, ანუ უკეთ ვსთქვათ, მოგება უნდა იყოს.


ამ სახით, ფული ეკონომიებრივ იმისთანა საგანია, რომლის საშუალებითაც უფრო ადვილად და ხერხიანად საქონელი საქონელზედ იცვლება, რომლის შემწეობითაც საქონლის პატრონები ერთმანეთში სააღებ-მისაცემოდ მოქმედობენ, ესე იგი, ეკონომიებრივად ერთმანეთში მიიქცევ-მოიქცევიან. საცა მაგ-გვარი მიქცევ-მოქცევაა საქონლის პატრონთა შორის, იმ ადგილს ბაზარი (рынок) ჰქვიან და მთელი ჯამი აღებ-მიცემობისა, მთელი რიცხვი მაგ-გვარის მიქცევ-მოქცევისა საქონლის პატრონთა ერთმანეთში - შეადგენს მას, რასაც მეცნიერება უწოდებს ქცევას საქონლისას (обращение товаров).


ეს გრძელი სიტყვა ფულის საზოგადო მნიშვნელობაზედ იმიტომ გავაბით, რომ ჩვენის მსჯელობისათვის ფეხმოკიდებული საგანი აგვეჩინა. ეს ერთი. მეორე იმისათვის, რომ რაკი ეგ მნიშვნელობა გვეცოდინება, უფრო ადვილად მივხვდებით შემდეგს კანონებს საპოლიტიკო ეკონომიისას, რომელთ გამოკვლევასაც ჩვენ ვერ შევუდგებით და რომელთ მოწვევა აუცილებლად საჭირო იქნება ჩვენის მსჯელობისათვის.


ეხლა მივხედოთ ბ-ნ მეისნერის პროექტსა და ვიკითხოთ, ეს ორ-მილიონ-ნახევარი ფული რომ მოაქვს, რასა გვპირდება? რა გზას და მოედანს უნიშნავს მაგ ფულს?

ამის პასუხად გვეუბნება ბ-ნი მეისნერი, - ვიყიდი ღვინოს, რომ ისევ გავყიდოო, ესე იგი, ღვინის ვაჭრობას გავმართავო; მეორე, -თქვენს ღვინოს სხვას ახალს ბაზარს გავუჩენო, ესე იგი, თქვენს ღვინოს თქვენის ქვეყნიდამ სხვაგან გავიტანო; და მესამე, - ღვინის კეთების საქმეს შევუდგებიო. გავსინჯოთ ეს თვითოეული დაპირება ცალკე.


ღვინოს იყიდის, რომ ისევ გაჰყიდოს. რას ნიშნავს ეს? აქ ფული რა მოქმედებაშია? აი რა მოქმედებაშია: აქ ფული თითონ ხდება აღებ-მიცემობის საგნად და ღვინოს ამის საშუალებადა ხდის, აქ ფული გადის ფულისვე შემოსატანად ღვინის შემწეობით, ესე იგი, ფული ფულზედ იცვლება. აქ აღებ-მიცემობა არ არის, იმიტომ - რომ აღებ-მიცემობაში გასაცვლელად იგულისხმება ერთ-გვარი და ერთ-სახე საგანი კი არა, როგორც აქ ფული ფულზედ, არამედ სხვადასხვა-გვარი, სხვადასხვა-სახე საგანი, მარტო ღირებულების რაოდენობით შეტოლებული, მაგალითებრ, ორი ჩაფი ღვინო და ერთი კოდი პური. მაშ რა არის, თუ არ აღებ- მიცემობა? ვაჭრობაა, რომელიც ბუნებითად ერთ-გვარი სახეა ფულის გასესხებისა, იმიტომ რომ ფულით ფულის შოვნა სესხებაა. ამ შემთხვევაში, როგორც სესხებაში, ფული ისე არ გაიცემა, რომ სარგებლით უკუვ არ მოიქცეს, მაშასადამე, აქ ფული გადის, რომ მეტი ფული შემოვიდეს. ბ-ნ მეისნერის პროექტი გვპირდება, რომ ყოველი მანეთი ღვინის სყიდვით — მანეთსა ექვს შაურს და ოთხ კაპეიკს შემოუტანს აქციონერებსაო. აი, მაშასადამე, როგორი სახე ექნება ბ-ნ მეისნერის ამხანაგობის მოქმედებასა: ფული = ღვინო = ფული + 34 %. აქ ფული ეძლევა ღვინის მკეთებელს იმისათვის, რომ ღვინის მსმელის კისრიდამ ამოიღოს იგივე ფული + 34 %. ამ სახით აქ ღვინო თითქო ვექსილია ღვინის მსმელისაგან ჩამორთმეული სასარგებლოდ ფულის პატრონისა. აქ ფული საშუალება აღარ არის აღებ-მიცემობისა, თავის ეკონომიურს მნიშვნელობას ჰკარგავს, აქ თითონ ფული აღებ-მიცემობის საგნადა ხდება.


თუ ბ-ნის მეისნერის ამხანაგობა ამ-გვარს ღვინის ვაჭრობას ჩვენს ქვეყანაშივე მოახდენს, მაშინ ის იქნება, რომ ჩვენი ქვეყანა სესხულობს ფულს ბ-ნ მეისნერისაგან მანეთს ექვს შაურად და ოთხ კაპეიკად. ამ-სიდიდე სარგებელი იმოდენა ფულზედ, როგორც ორ-მილიონ-ნახევარია, ფულს კი არ მოზიდავს ჩვენს ქვეყანაში, - გაზიდავს, იმიტომ რომ ყოველი შემოსული მანეთი გაიტანს მანეთსა ექვს შაურს და ოთხს კაპეიკსა. გვეტყვიან, რომ მაგას მარტო ღვინის მსმელი გადიხდის, ღვინის მკეთებელი ხომ თავისას მიიღებსო. ნუ დავივიწყებთ, რომ ჩვენი ქვეყანა თუმცა ღვინის მკეთებელი ქვეყანაა, მაგრამ მასთანავე ღვინის მსმელიც არის. თუ როგორც ღვინის მკეთებელს ფული შემოუვა, როგორც ღვინის მსმელს ის ფული ხელიდამვე გამოეცლება ზედ-დამატებით 34 %, მაშასადამე, ერთს ნაწილს ჩვენის ქვეყნისას ფული ეძლევა და მეორე ნაწილს ერთმევა ზედდამატებით 34 %.


თუ ბაზარი ამ-გვარის ფულის გაღებისა და მიცემისა ჩვენშივეა, მაშინ იმოდენა ვნება არ არის, იმიტომ რომ ფული აქვე დატრიალდება, და თუმცა ერთის ხელიდამ მეორეში გადავა მოგებით, მაინც აქაური ბაზარი აღებ-მიცემობისა ფულის დაკლებას არ იგრძნობს. სულ სხვაა, როცა ჯიბე, ფულის მომტანი და გამტანი, ჩვენის ქვეყნის გარეთ არის. მაშინ ფული, ჩვენისავე ღვინის წყალობით, უსათუოდ გაიზიდება, ჩვენს ბაზარს დააკლდება, ჩვენში ფული დაცოტავდება. საზოგადო კანონია, რომ რამოდენადაც საგანი რამე ბევრია, იმოდენად მისი ფასი ძირს დადის, და რამოდენადაც ცოტაა - მისი ფასი მატულობს, თუ სხვა გარემოებანი ერთობ ერთსა და იმავე წერტილზედ არიან. ფულიც ამ ყოფაშია და ამ კანონს ექვემდებარება, განსხვავება მხოლოდ იმაშია, რომ ფულის ფასის აწევ-დაწევა საკუთრივ საქონლის ფასის აწევ- დაწევაა. მაშასადამე, როცა ჩვენში ზემონაჩვენებ გზით ფული დაცოტავდება, ესე იგი გაძვირდება, საქონლის ფასი დაეცემა საერთოდ და ღვინისაც ცალკე. ეს კიდევ არაფერია, როგორც ბოლოს ვნახავთ. ამით მხოლოდ იმის თქმა გვინდა, რომ თუ ბ-ნ მეისნერის მექომაგეთ ჩვენში ფულის გამრავლების იმედი აქვთ, ტყუილი იმედია, და თუ ფულის მეტ- ნაკლებობას დიდს მნიშვნელობას აძლევენ საერთო ეკონომიაში, ვუმტკიცებთ, რომ ამ შემთხვევაში ბ-ნ მეისნერის ამხანაგობა ფულს კი არ გაგვიმრავლებს, არამედ, რაცა გვაქვს, იმასაც გაზიდავს.


აი ამ მხრით ჩვენ საბუთი გვაქვს სრულებით გავამართლოთ ბ-ნ მეისნერის მეწინააღმდეგენი, რომელნიც ამბობდნენ, რომ ისევ აქაური ვაჭრები გვირჩევნიან ბ-ნ მეისნერის ამხანაგობასაო.


მაგრამ გვეტყვიან, ბ-ნი მეისნერი თავის ფულის სარგებელს ჩვენს ქვეყანას არ გადაახდევინებსო, რადგანაც ღვინოს აქ იყიდის და რუსეთში გაჰყიდისო, ესე იგი ფულს შემოიტანს და არ გაიტანს კიო. ჯერ ეგ არვინ იცის. თუ ბ-ნ მეისნერის ამხანაგობა თავის ფულს აქავ გამოაჩეკინებს 34 % სარგებელს, არა გვგონია ახლოზე შორი მანძილი ირჩიოს. მაგრამ, ვსთქვათ, ეგრეც მოხდეს. ახლა ვნახოთ, ამით რა გამოვა ჩვენის ქვეყნისათვის. ის გამოვა, რომ ორ-მილიონ-ნახევარი ფული შემოვა და აქ დარჩება, სხვა ხომ არაფერი, გარდა იმისა, რომ მის სამაგიეროდ ჩვენის ქვეყნიდამ ღვინო გავა. ეხლა ვიკითხოთ, რას მოახდენს ეს სასწაული? აქ დარჩენილი ფული რას მოგვიმატებს იმ დაკლების სამაგიეროდ, რომ ღვინოს გაიტანს?


ჩვენ უკვე ვიცით, რომ ერთად-ერთი საგანი, თავი და ბოლო ეკონომიურ მიქცევ-მოქცევისა კაცთა შორის ის არის, რომ მოჭარბებული ნაყოფი ჩემის წარმოებისა გავცე და იმითი შევიძინო ის ნაწარმოები სხვისა, რაც მე პირდაპირ სახმარად მაკლია. ყოველი საქონელი, რავდენს ხელშიაც გადავ-გადმოვიდეს, მაინც ბოლოს იქ მივა, ვისაც პირდაპირ სახმარად ეჭირვება. დანიშნულება საქონლისა და საქონლის ქცევისა მარტო ეს არის და სხვა არარა, მაშასადამე, საქონელთა შუა ფული იტრიალებს, თუ არ იტრიალებს, მაინც ერთის ნამეტური მეორეს ხელში გადავა და თვითოეული მათგანი ამით შეივსებს მას, რაც აკლია პირდაპირ სახმარად. ვსთქვათ, მე ღვინო მეტი მაქვს და პური არა და გავდივარ ბაზარში, რომ ღვინო გავცე და პური ვიშოვნო. ვსთქვათ, რომ ორი თუნგი ღვინო უდრის ღირებულებით ერთს კოდს პურს[1], და მაშინ თუ ეს ღირებულება არ შეიშლება, ორის თუნგის ღვინის ფასი ერთი აბაზი იქნება, თუ ათასი თუმანი, ხომ ერთის კოდის პურის ფასიც იგივე ერთი აბაზი თუ ათასი თუმანი უნდა იყოს. მაშასადამე, როცა საქონელთა შორის ღირებულება იგივეა, მაშინ ფული მათ შუა ბევრი იშუამავლებს, თუ ცოტაა, სულ ერთია.


აქედამ გამოდის ის კანონი მეცნიერებისა, რომ როცა ღირებულების რაოდენობა საქონელთა შორის უცვლელია და ფასის რაოდენობა კი ხან მატულობს, ხან კლებულობს, - ამით არც არავინ აგებს, არც არავინ იგებს. ამას ცხადად დავინახავთ შემდეგს სასწორზედ: ორი თუნგი ღვინო = X ფული = ერთი კოდი პური. აქ მაგ X-ის მაგიერ გინდა ასი დასვით, გინდა ათასი, ღვინოსა და პურის შუა სასწორი არ მოიშლება.


სულ სხვა იქნება, რასაკვირველია, თუ რომ ფულის მოვლენამ შეშალა ღირებულება საქონელთა შორის, მაგალითებრ, ვსთქვათ, მარტო ღვინის ფასი ასწია და პურისა კი ისევ ის დაარჩუნა. ჩვენ ვამბობთ, რომ ფულს, როგორც საშუალებას აღებ-მიცემობისას, ამის მოხდენა არ შეუძლიან. შორს რომ არ გავაბათ ლაპარაკი, საკმაოა ვსთქვათ, რომ თუ რომელსამე ქვეყანაში სიმრავლე და საჭიროება ღვინისა და პურისა ერთსა და იმავე დონეზედ დგას, ესე იგი უცვლელია, და თუ ამასთან ორის თუნგის ღვინის მოსავალი ერთს შუათანა მუშის ღონესა და დროს ინდომებს და ამოდენსავე ღონესა და დროს ერთის კოდის პურის მოყვანა,მაშინ მათის ღირებულების შეშლა არაფერს არ ძალუძს: ასწევთ, თუ დასწევთ ერთს, აიწევა და დაიწევა მეორეც, ერთისა და იმავე ზომით.


ამიტომაც, მეცნიერებაში დადგენილია კანონი, რომ თუ საქონლის რიცხვი იგივეა, მაშინ რაც ქვეყანაში ფული ტრიალებს - ერთი-ორად რომ იქცეს, საქონლის ფასებიც ერთი-ორად აიწევს მხოლოდ, და რასაც მწარმოებელნი ამით მოიგებენ გასასყიდში, იმოდენსავე წააგებენ სასყიდში. ეგევე მოხდება, რომ ფულმა ამ შემთხვევაში ერთი-ორად იკლოს. მაშინ ფასები ერთი-ორად დაეცემა და მწარმოებელნი რამოდენასაც წააგებენ გასასყიდში, იმოდენას მოიგებენ სასყიდში. არც ერთს შემთხვევაში სასწორი გაცემისა და აღებისა არ შეიშლება.


მაშასადამე, თუ ორ-მილიონ-ნახევარი ბ-ნ მეისნერის ამხანაგობისა მარტო იმისთვის ეხარბებათ მის მექომაგეთა, რომ ჩვენში ფული გამრავლდებაო, ცხადია, ამით ჩვენ არა მოგვემატება-რა, თუ საქონელთა რიცხვი ჩვენში იგივე იქნება, რაც არის. დაკლებით კი დაგვაკლდება, რადგანაც ღვინოს გაიტანს, რომელიც ჩვენთვის თითქმის პურისაებრ დიდ საჭიროებას შეადგენს. ღვინის გატანით ეგ ჩვეული საჭიროება ისეთის სავსებით აღარ დაკმაყოფილდება, როგორც დღეს. კმაყოფილების დაკლება ცხადი გაღარიბებაა.რომ მარტო ფულის გამრავლება არაფერია, როცა საქონელი არა მრავლდება, ამისი ცხადი მაგალითი ის ოთხი მილიონი ფულია, რომელიც ტფილისისა და ქუთაისის გუბერნიამ მიიღო ყმების განთავისუფლების გამო, მერე ისე მიიღო, რომ მის სამაგიეროდ ჩვენის ქვეყნიდამ არა გასულა-რა. რა დააჩნივა ჩვენს ქვეყანას ამოდენმა ფულმა? მაგოდენა ფულის გამრავლებამ, განა გაგვამდიდრა? თუ მაგ მუქთა ფულმა არა ჰქმნა-რა, მაშ რაღას უნდა მოველოდეთ იმ ფულისაგან, რომელიც მუქთად კი არ გვეძლევა, არამედ იმისთვის მოდის, რომ თითონ აქ დარჩეს და ჩვენი სიმდიდრე - ღვინო გაიტანოს?

ამ სახით, ბ-ნ მეისნერის ამხანაგობა იმ 34 %-ს ჩვენის ქვეყნის კისრიდამ ამოიღებს, თუ რუსეთისიდამ, ორ გზითვე ჩვენ დავრჩებით პირში ჩალა გამოვლებული. პირველ შემთხვევაში ჩვენიდამ ფულს გაზიდავს და მეორე შემთხვევაში ღვინოს. პირველ შემთხვევაში ფულით გავღარიბდებით, მეორეში ღვინითა. რაკი ფულის მეტ-ნაკლებობაზედ ამყარებენ ქვეყნის კეთილდღეობას ბ-ნ მეისნერის მექომაგენი, მაშინ ცხადია, რომ ორგანვე დანაკლისი ჩვენი იქნება და გამორჩომა სხვისი.


გვეტყვიან: ტყუილი შიშია, ვითომც ღვინით ამ შემთხვევაში გავღარიბდებითო. ამის საბუთად ბ-ნ მეისნერის ქომაგთა ის მოჰყავთ, რომ რაკი ჩვენი ღვინო ბ-ნ მეისნერის წყალობით ბევრი გასაღდებაო ფულზედ, მაშინ თითონ ღვინოსაც ბევრს მოვიყვანთო. თუ ეხლა ჩვენს ქვეყანას 30 მილიონი თუნგი მოსდის, მაშინ იმოდენად მეტს მოვიყვანთო, რამოდენადაც გასაღების იმედი გვექნებაო. ნუ დავივიწყებთ, რომ ბ-ნ მეისნერის განზრახულს ვაჭრობაში საქონელი საქონელზედ კი არ იცვლება ფულის შემწეობით, არამედ საქონელი ფულზედ. აი ამ საგანზედ რას ამბობს ერთი დიდად გამოჩენილი მეცნიერი: „რომელიმე ქვეყნის მთელი გამრჯელობა, მთელი მეცადინეობა, მთელი ქონება მიიქცევა ხოლმე რომელიმე წარმოების გასაძლიერებლად იმ იმედის გამო კი არა, რომ ბევრს ფარატინა ქაღალდს მივიღებო, არამედ იმ იმედისა გამო, რომ თავის ნაწარმოების საშუალებით მიიღებს ბევრს სხვადასხვა სარჩო საქონელს საზოგადოდ. სიმრავლე ფარატინა ქაღალდისა თუ ვისმე სიმდიდრე ჰგონია, რატომ იმას კი არა ხედვენ, რომ მთელის იმ სიმრავლით ვერა საგანს ვერ ყიდულობენ იმაზედ მეტს, რამოდენასაც წინად ყიდულობდნენ“.


მაშასადამე, ტყუილი იმედია, რომ სიხარბე ბევრის ფარატინის ქონვისა, რომელსაც ბ-ნ მეისნერის მექომაგენი ქვეყნის ბედნიერებად სახვენ, შეიქმნას მიზეზად ღვინის წარმოების გაძლიერებისა ჩვენში.


ვსთქვათ, გავბრიყვდით კიდეც და ფარატინა ქაღალდის შეძენისათვის გავაძლიერეთ ღვინის წარმოება. როგორ უნდა მოხდეს ეს გაძლიერება? ისეო, ამბობენ ბ-ნ მეისნერის ქომაგნი, — რომ ჩვენი ქვეყანა სივრცეს ვენახებისას გაუმატებსო. მაშასადამე, ღვინის წარმოებას შრომა უნდა დაემატოს და შრომასთან მიწაც. საიდამ? ერთისა და იმავე ჯამიდამ, — საიდამაც ეგ შრომა და ეგ მიწა დღეს განწილულია და მორიგებული სხვადასხვა-გვარ წარმოების შორის, რომელთ საერთო მოქმედებით ჩვენს ქვეყანას თავისი სარჩო მოჰყავს. მაშასადამე, შრომა და მიწა სხვა წარმოებას უნდა დააკლდეს, რომ ღვინის წარმოებას დაემატოს. აქ სხვა წარმოება უნდა შემცირდეს, რომ ღვინისა გადიდდეს.

მაგალითებრ, ვსთქვათ, ჩვენი ქვეყანა მარტო ორ-გვარის წარმოებით თავის სარჩოსა შოობს და იმით სცხოვრობს. ვსთქვათ, ეგ ორი გვარი წარმოება - ერთი ღვინისაა და მეორე პურისა. ვსთქვათ, ამისათვის ათის დღის მიწაა და ოცი მწარმოებელი კაცი. ვსთქვათ, ნახევარი რიცხვი მწარმოებელთა და ნახევარი რიცხვი მიწისა ღვინოს უნდება და დანარჩენი ნახევარი პურსა. ვსთქვათ, რომ თითო მწარმოებელს შინ სახმარისად წელიწადში ოცი თუნგი ღვინო უნდება და ათი კოდი პური და სხვა არავითარი საჭიროება არა აქვს: მაშასადამე, ჩვენმა ქვეყანამ რომ უღვინობა და უპურობა არ იგრძნოს, ღვინის მწარმოებელთა ოთხასი თუნგი ღვინო უნდა მოიყვანონ და პურისამ ორასი კოდი. მაშინ ჩვენი ქონება ამ სახეს მიიღებს:


ქონება = 400 თუნგი ღვინო + 200 კოდი პური.


ამ სახით, ათს ღვინის მწარმოებელს 200 თუნგი ღვინო მეტი ექნება ასის კოდის პურის საშოვრად და პურისას - ასი კოდი პური 200 თუნგის ღვინის საშოვრადა. რადგანაც ჩვენ ვიცით, რომ ყოველი საგანი წარმოებისა სარჩოა, და მოჭარბებული სარჩო საქონელია, ამიტომაც ჩვენის ქვეყნის საქონლის სახე ასე გამოიხატება:-

საქონელი = 200 თუნგი ღვინო + 100 კოდი პური.


აი ეს 200 თუნგი ღვინო ამ შემთხვევაში სულ მთლად გაიცემა, რომ 100 კოდი პური აიღოს, და 100 კოდი პური სულ მთლად გაიცემა, რომ 200 თუნგი ღვინო აიღოს. ეს აღებ-მიცემობა - რაც მეტი პურია ბაზარში სულ მთლად ღვინის პატრონს მოუტანს, იმიტომ რომ სულ მთლად იმას უჭირს, და რაც მეტი ღვინოა - სულ პურის პატრონს, იმავ მიზეზით.


აშკარაა, თუ ვითარება ეკონომიური ასე დარჩება, არავითარი მიზეზი არ იქნება, რომ ღვინის მწარმოებელთა 400 თუნგზედ მეტი ღვინო მოიყვანონ, ან პურისამ - 200 კოდზედ მეტი.


ისიც აშკარაა, რომ თუ მაგალითად აღებულნი გარემოებანი შეუცვლელად დარჩებიან, მაინც მარტო ორასი თუნგი ღვინო გაიცემა ასს კოდს პურზედ და ასი კოდი პური 200 თუნგს ღვინოზედ, და აქ თუ აღებ-მიცემობის შუამავლად ფული საჭიროა, იმოდენად საჭიროა, რამოდენადაც აღებ-მიცემობა პურისა ღვინოზედ და ღვინისა პურზედ დაიტევს. ამიტომაც ამბობს ერთი გამოჩენილი მეცნიერი, რომ „ფასი იმ საქონელთა, რასაც რომელსამე ქვეყანაში ყოველ-წლივ ჰყიდიან და ყიდულობენ, ის ჯამია ფულისა, რაც საჭიროა საქონლის ქცევისა და მორიგებისათვის პირდაპირ მხმარებელთა შორის, და მაგაზედ მეტს ფულსა ის ქვეყანა საქმეს ვეღარ აუჩენსო და ვეღარაში გამოიყენებსო“.


მაშასადამე, თუ ჩვენის ქვეყნის ეკონომიური გარემოებანი ისევ ასე დარჩებიან, როგორც დღეს არიან, ორ-მილიონ-ნახევრის ფულის გარევა, ისიც ქაღალდის ფულისა, არაფერში გამოსაყენი არ იქნება, და რაც არაფერში გამოსაყენია - ის არ აიძულებს არავის საზოგადოდ და ჩვენს ქვეყანას საკუთრივ მეტი ღვინო მოიყვანოს.


მაგრამ ვსთქვათ, ბ-ნ მეისნერის მექომაგეთაებრ, რომ ფარატინა ქაღალდმა წაგვიტყუა, და აქაო-და ბევრი ფარატინა ქაღალდი დატრიალდება ხელშიო, ავიღეთ და ღვინის გამრავლებას შევუდეგით მაშინ, როდესაც ყოველივე სხვა გარემოება წინანდელის მაგალითისა დარჩა უცვლელად. ცხადია, რომ ღვინო გავამრავლოთ, პურს უნდა მოვაკლოთ მწარმოებელნი და მიწა. ვსთქვათ, ოთხასის თუნგის მაგიერ ექვსასი თუნგი ღვინო მოვიწადინეთ; თუ ხუთს დღიურს და ათს მწარმოებელს ოთხასი მოყვანდა, ესე იგი ხუთს მწარმოებელს და ორ- დღიურ-ნახევარს მიწას ორასი, მაშასადამე, პურს უნდა მოვაკლოთ ხუთი მწარმოებელი და ორ-დღიურ-ნახევარი მიწა და ღვინის წარმოებას დავუმატოთ[1]. მართალია, ამით ექვსასი თუნგი ღვინო გვექნება, მაგრამ ამ-რიგად განახევრებული წარმოება პურისა ორას კოდიდამ ასს კოდზე ჩამოხტება. აქედამ 50 კოდი თითონ პურის მწარმოებელთ მოუნდებათ სარჩოდ და 50 კოდი პურიღა იქნება ღვინოზედ გასაცვლელად, მაშინ როდესაც ამას გარდა კიდევ ასი კოდია საჭირო ყველასათვის სარჩოდ და 200 თუნგი ღვინო კი მეტია. ვსთქვათ, მარტო ეს 200 თუნგი ღვინო, რომელიც ჩვენთვის მეტია, გაიტანა ბ-ნმა მეისნერმა და მის სამაგიეროდ ფარატინა ქაღალდი მოგვცა. ნუთუ ეს ფარატინა ქაღალდი პურის დანაკლისს არ გვაგრძნობინებს? ნუთუ პურის მაგივრობას გვიზამს? ნუთუ ამით ჩვენში პური არ დაძვირდება? პური თუკი ერთი-ორად ნაკლები იქნება და საჭიროება იგივე, მისი ფასი, სულ ცოტა რომ ვსთქვათ, ერთი-ორად მაინც აიწევს, და თუ მისი ფასი ფარატინა ქაღალდია, ერთი- ორად ამ ფარატინას მოითხოვს; რაკი პური ასე დაძვირდება, ამ წარმოებისაგან წასული მწარმოებელი და მიწა ისევ პურს უკანვე დაუბრუნდა იმავე ფარატინების გამორჩომის იმედითა, რამაც წინა მაგალითში ღვინის თაობაზედ წაიტყუა ერთიცა და მეორეც. თუ ფარატინა ქაღალდმა ერთს შემთხვევაში წაგვიტყუა და ღვინის წარმოება გაგვაძლიერებინა პურის დაკლებით, რატომ იგივე ფარატინა არ წაგვიტყუებს მეორე შემთხვევაში და პურის წარმოებას არ გაგვაძლიერებინებს ღვინის წარმოების დაკლებითა? მიზეზი ერთია, შედეგიც ერთი უნდა იყოს. ეს ერთხელ აღძრული ტოკვა სასწორის უღლისა ღვინისა და პურის წარმოების შუა იქამდინ იქნება, ვიდრე ღვინო თავის დონემდე არ დავა და პური თავის დონემდე არ ავა ამ-რიგად უღელი სასწორისა წინანდელ ლარზედ არ დადგება.


მაგრამ გვეტყვიან, რომ ეს ასე არ მოხდებაო, რადგანაც პურის წარმოებაზედ შეგვიძლიან სრულებითაც ხელი ავიღოთო და პური რუსეთიდამ ვზიდოთ იმ ფულის შემწეობით, რასაც ჩვენგან გატანილს ღვინოში ბ-ნი მეისნერი მოგვცემსო. შესაძლოა, მაგრამ ის შემოსული ბ-ნ მეისნერისაგან ფული ამ გზით ხომ ჩვენის ქვეყნიდამ ისევ მთლად გაიზიდება, და იქნება მოჭარბებითაც, რადგანაც პური უფრო აუცილებელი და დიდი საჭიროებაა ჩვენთვის, ვიდრე ღვინო რუსეთისათვის. მაშინ ბ-ნ მეისნერის მექომაგეთ ხომ ამითაც გამოეცლებათ ხელიდამ საბუთი, რომ იმედოვნებენ, მისგან შემოტანილი ფული ჩვენშივე დარჩებაო, მაშასადამე, ფული გაგვიმრავლდება და გავბედნიერდებითო. ეს კიდევ არაფერია. საქმე იმაშია, ჩვენ ამით რა მოგვემატება? არაფერი. ჩვენიდამ ღვინო იმდენი გავა, რაც მეტია და სწორედ იმოდენადაც მეტი იქნება, რაც დანაკლისის პურის მოსაპოვებლად საჭიროა. სასწორი ჩვენის სარჩო-ქონებისა და საქონლისა არ შეიცვლება და ისევ ამ სახისა იქნება: ქონება = 400 თუნგი ღვინო + 200 კოდი პური, საქონელი = 200 თუნგი ღვინო + 100 კოდი პური, - რაც უნდა ბევრმა ფულმა იტრიალოს ამათ სააღებ-მიცემოდ.


ზარალი კი ის იქნება, რომ პური უწინ ახლო საშოვარი იყო და ეხლა შორს საძებნელი გახდება, და როცა ის შორი ბაზარი რომელისამე გარემოებით ჩვენთვის დაიკეტება, მშივრები ამოვწყდებით. ეხლა ერთიც ვიკითხოთ: თუ არა მოგვემატება რა, უტკივარი თავი რათ ავიტკივოთ.


მაშასადამე, ბ-ნ მეისნერის დაპირება, რომ ღვინოს თქვენგან ვიყიდი, რომ ისევ გავყიდოო, ესე იგი - ამ სახის ღვინის ვაჭრობას გავმართაო, — არას-გზით და არას-მხრით ჩვენდა სახეიროდ არ უნდა იყოს ცნობილი. საზოგადოდ, ვაჭრობა იმ მხრით კი არ არის სახეირო ქვეყნისათვის, რომ ქვეყნის მეტი სარჩო გაიტანოს, არამედ იმ მხრით, რომ იმ მეტის სარჩოთი ის აშოვინოს, რაც აკლია ქვეყანას დანარჩენ სარჩოდ.


„ვაჭრობის სარგებლობა, - ამბობს ზემოთვე ხსენებული მეცნიერი, - იმაში კი არ მდგომარეობს, რომ გაჰყიდოს საქონელი, როგორც აქამომდე ეგონათ[2], არამედ იმაში, რომ გასასყიდი საქონელი საშუალებად ხდება სასყიდის საქონლის შესაძენადაო“.


მეორე პირობა ბ-ნ მეისნერისა, რომელიც დიდ ბედნიერებად მიაჩნია მის მექომაგეთ, ის არის, რომ თქვენს ღვინოს სხვა ახალს ბაზარს გავუჩენო. აბა ეს არის ის კაი ფონი, რომელიც ერთს ადგილას აღრჩობს.


სხვა ახალის ბაზრის აჩენა მაშინ არის კარგი, როცა უკვე აჩენილი, ესე იგი დღევანდელი ბაზარი, არ იტევს საქონელსა. მაშინ ქვეყანა ან ახალს ბაზარს ეძებს საქონლისათვის, ან, თუ ვერ იშოვა, თითონ წარმოებას შეაცოტავებს, თუ სხვა გარემოებანი უცვლელნი არიან.


ეხლა ერთი ვიკითხოთ: ნუთუ მართლა იმოდენა ღვინო მოდის ჩვენს ქვეყანაში, რომ ჩვენში ვეღარა საღდება. ამაზედ ჰოს ვერავინ გვეტყვის, თუ ალალ-ბედად თქმა არ იკადრა, და თუ იკადრა, ამასაც იტყვის, რომ ათში ერთი ჩაფი იყიდება ჩვენშიო და დანარჩენი ცხრა ჩაფი გაუსყიდავი რჩებაო.


მართალია, ჩვენში ხშირად ისმის ჩივილი, ღვინო არ გვეყიდებაო, მაგრამ მაგასვე პურის პატრონიც იძახის პურის შესახებ, მატყლისა მატყლის შესახებ, შეშისა შეშის შესახებ და სხვა ამ-გვარი. ნუთუ აქედამ ის დასკვნა უნდა გამოიყვანოს კაცმა, რომ ყოველივე ამ ნაწარმოებით ჩვენი ბაზარი იმოდენად სავსეა, რომ ყოველს ამას აღარ იტევს, ყოველივე ეს ვერა საღდება უმუშტრობის გამო. თუ ეს საჩივარი გამსყიდველთა მართალია, აბა ეხლა ყური დაუგდეთ, რა საჩივარი ისმის იმავე დროს და იმავე ბაზარში მყიდველთაგან: ღვინო ძვირია, პური ძვირია, საკლავი ძვირია, ლამის გავტყავდეთო. ეს ჩივილი რომ ვთარგმნოთ, იმასა ნიშნავს, რომ ჩვენი ბაზარი ყოველ ამით არამც თუ სავსეა, ნაკლულადაც არის, თუ ნაკლულად არ იყოს, იეფობა იქნებოდა. ეს ორი საჩივარი რომ ერთმანეთს პირში წავუყენოთ, გამოვა, რომ ერთსა და იმავე ბაზარში ერთობ საქონელი ბევრიც არის და ცოტაც ერთსა და იმავე დროს.


მაშასადამე, მართალი ორში რომელი ერთია? ცხადია, არც ერთი. მართალი სწორედ ამათ შუაა და ვერც ერთს კი ხელი ვერ ჩაუვლია. საქმე იმაშია, — ვერც საქონლის გამსყიდავი, როგორც კერძო პირი, ვერც მსყიდავი, ვერა სცნობს ეკონომიურს ვითარებას რომელიმე დროისას და ამიტომ ჰგონია ერთსაც და მეორესაც, რომ სასწორს საქონლის ღირებულებისას თავიანთ სურვილისამებრ თუნდა ასწევენ, თუნდა დასწევენ მარტო თავის სასარგებლოდ. როცა ღვინის პატრონი ჩივის, ღვინო არ მეყიდებაო, ეგ ჩივილი ასე უნდა ითარგმნოს, რომ იმ ფასად არ ეყიდება, რამოდენიც გულში ჩაუდვია, და როცა იმავე დროს ღვინის მსმელი, ესე იგი მუშტარი, ჩივის, ღვინო ძვირიაო, ეს იმასა ნიშნავს, რომ იმ ფასად ვერ უყიდნია, რაც ემეტება. ეს ჩვეულებრივი მითქმა-მოთქმაა აღებ-მიცემობისა.

ბაზარი კი, როგორც საერთო, საყოველთაო სასწორი საქონლის ღირებულებისა, თვითოეულის სურვილს კი არ ემორჩილება, არამედ საზოგადო ეკონომიურს ვითარებას, რომელიც საქონლის ფასს ხან ასწევს ხოლმე, ხან დასწევს საერთო წარმოების მთელს სივრცეზედ. ტყუილია, თუ ეკონომიური ვითარება საზოგადოდ ისეთია, რომ ორ თუნგ ღვინოზედ მარტო ერთი კოდი პური იშოვება, რაც უნდა მაღლა ასწიოთ თქვენის ღვინის ფასი, მაინც იმოდენას მოგცემენ, რამოდენადაც ერთი კოდი პური იყიდება იმავე დროს და იმავე ბაზარში. თუ არა და ღვინოა, თუ პური, შინ დაგრჩებათ თქვენისავე ახირებით და არა იმიტომ, რომ მსყიდველი არ არის. აბა ღვინის გამსყიდველმა პატრონმა ამ საზოგადო ეკონომიურს ვითარებას შეუტოლოს ღირებულება თავის საქონლისა, თუ ჩვენმა ბაზარმა ყოველივე ეს არ მოიზიდოს და არ დაიტოვოს. ეგევე ითქმის საზოგადოდ სხვა საქონელზედაც, როდესაც იმავე დროს და იმავე ბაზარში საქონლის პირდაპირი მხმარებელი ჩივის, საქონელი გაძვირდაო.


შორს რათ მივდივართ: რომ ჩვენი, თუნდაც კამისიისაგან ეგრე დაწუნებული ტფილისის ბაზარი იტევს მთელს ჩვენს ნაწარმოებს ღვინოს და თითქმის არცა ჰყოფნის, ამის დასამტკიცებლად საკმაოა ვსთქვათ, — რომ დღეს ტფილისში არამც თუ მარტო ქართლ- კახეთის ღვინო საღდება, როგორც უწინ, არამედ იმერეთიდამაც დიდძალი ღვინო შემოდის. დრო იყო, რომ საფრანგეთიდამაც შემოიტანეს და მუშტარს შოულობდნენ.


მაშ რა საბუთი გვაქვს, რომ ვამბობთ, ჩვენი ღვინო ჭარბია ჩვენის ბაზრისათვისაო? მაშ რას გვიხარიან ახალის ბაზრის აჩენა? ღვინო დიდ ფასად გავაო, ამბობენ ბ-ნ მეისნერის მექომაგენი, ესე იგი, აქაც კიდევ ბევრის ფულის ჩვენში შემოსვლას ხარბობენ. ჩვენც ავყვეთ, არა უშავს-რა, თუმცა უკვე ვიცით, რომ ფულის სიმრავლე, უკეთუ რიცხვი ერთობ საქონლისა ჩვენს ქვეყანაში იგივეა, არაფერს შეგვმატებს.

ჩვენ ამაზედ ვუპასუხებთ, რომ ბ-ნ მეისნერის ამხანაგობა დიდ ფასად ვერ იყიდის ჩვენს ღვინოებს. ჩაიხედეთ ბ-ნ მეისნერის ნუსხაში, რომელიც მის პროექტზედ დართულია და ნახავთ, რომ იმ ახალის აზრის იმედით, იგი თავს კახურს ღვინოში თექვსმეტს ბოთლში (ერთს ვედროში) სამს მანეთს გვპირდება, ესე იგი, ბოთლში 183⁄4 კაპ. და დაბალ ღვინოში 71⁄2 კაპ., თუნგში 371⁄2 კაპ. (ვედროში — ექვს აბაზს). აბა, თავ ღვინოში, ისიც კახურში, და თუნდ დაბალ ღვინოებში — რომ ეგ ფასები დაიდვას, დიდი ფასია? თუ იმაზედაც ნაკლები, რაც დღეს ჩვენშია, მაშინ როდესაც, ზოგიერთის სიტყვით, ვითომ ჩვენში ღვინო 9/10 გადასაღვრელიაო! აბა თუ კაცია ვინმე და თავი ღვინო კახეთში მაგ ფასად იყიდოს დღეს. ეგევე ითქმის დაბალ ღვინოების შესახებაც. ჯერ ჭყაპურტა ღვინოები ქალაქის ახლო სოფლებისა თუნგი იყიდება დღეს 50, 60, 70, 85 და 90 კაპ. და ბ-ნ მეისნერის ამხანაგობა კი 371⁄2 კაპ. გვპირდება თუნგში. ჯერ აქედამა სჩანს, რა განზრახვა და რა სურვილი მიუძღვება წინ ბ-ნ მეისნერის ამხანაგობას.


ჩვენ დავამტკიცებთ, რომ ეგ ამხანაგობა ბოლოს მაგასაც არ შემოგვაძლევს, უფრო ძირს დასცემს ჩვენის ღვინოების ფასსა.


ფული რაკი თავის პირდაპირ დანიშნულებას გადასცდება ხოლმე, რაკი გასყიდვას სყიდვისათვის არ მოახდენს, არამედ სყიდვას გასყიდვისათვის, როგორც ბ-ნმა იოსელიანმა სამართლიანადა სთქვა, მაშინ ფული საქონლის სააღებ-მისაცემო საშუალებად კი არ ხდება, არამედ სააღებ-მისაცემო საგნად საქონლის საშუალებითა. ამ ყოფაში ფულს ქვეყნის გამდიდრება კი არ მოსდევს, არამედ იმისი, ვის ჯიბიდამაც ამოდის, რათა იმის ჯიბეშივე უკანვე ჩავიდეს. უბარტყებლად ჯიბიდამ ფულის ამოსვლა და ჩასვლა ტყუილი ნაცარქექიობა იქნებოდა. ამიტომაც, ფული ამ შემთხვევაში მარტო იმის სიხარბეშია, რომ რაც შეიძლება დიდის მოგებით დაუბრუნდეს იმავ ჯიბეს, საიდამაც ამოვიდა. მაგ სიხარბეს საზღვარი არა აქვს, მაგ გზაზედ დამდგარი ფული ისეთი კრუხია, რომ რავდენი კვერცხიც გინდათ შეუწყოთ, იმდენს ბარტყს ეცდება გამოუჩიკოს თავის პატრონს.


ბ-ნის მეისნერის ამხანაგობას რომ ნუსხა გავუსინჯოთ, ვნახავთ, რომ განზრახვადა აქვს გაიტანოს ჩვენიდამ 6120 ურემი ღვინო: აქედამ 4320 ურემი ღვინო ბოთლი 311⁄4 კაპეიკად უნდა გაჰყიდოს და 1800 ურემი თავი ღვინო ბოთლი 70 კაპეიკად. მოსაგებად დანიშნული აქვს მანეთზედ 34 კაპეიკი. ახლა იფიქრეთ, ბ-ნ მეისნერის ამხანაგობამ რომ ამოდენა ღვინო გაზიდოს ჩვენის ქვეყნიდამ, მაგრე იაფად ჰყიდოს რუსეთში და მაინც მაგდენი წმინდა მოგება დარჩეს, რა უნდა იქონიოს გულში? ის უნდა ედვას გულში, რომ რაც შეიძლება ჩვენში ღვინოები იაფად იყიდოს, რაც შეიძლება ფასი ღვინისა ძირს დასწიოს, თორემ შეუძლებელია მაგ ფასად ჩვენი ღვინო რუსეთში ჰყიდოს და ამით არამც თუ მოიგოს რამე, არამედ დიდი ზარალი არა ნახოს. სამ აბაზ უზალთუნად თავს ღვინოს დღეს ჩვენშიაც ვერ იყიდით, 311⁄4 კაპეიკად იმის მომდევარს ვაი-ლაჩრობით ძლივს იშოვით ჩვენში დღესაც, და ბ-ნ მეისნერის ამხანაგობამ ან ერთისა და ან მეორის ჯურის ღვინო როგორ უნდა ჰყიდოს რუსეთში მაგ ფასად? აშკარაა, ან იქ უნდა მოუმატოს ფასი, ან იქავ ჩალის ფასად ჩაიგდოს ხელში. ამ ორში იმ გზას უფრო დაადგება, რომელიც უფრო ადვილია, უფრო ჭკუაზედ ახლოა და ჭკუაში დასაჯდომია.


რუსეთში რომ ჩვენი ღვინოები დანიშნულ ფასებზედ უფრო ძვირად გაჰყიდოს, ხელს არ მისცემს ამხანაგობას. იმიტომ — რომ ერთობ ძვირის საქონლის მუშტარი მარტო მდიდარი კაცია და მდიდარი ცოტაა ყველგან, და რაც არის, ისიც ჭირვეულია, ქეიფის კაცია, თავის ნებისა არის. გარდა ამისა, მდიდარი კაცი რუსეთისა შეჩვეულია სხვა ღვინოებს ევროპისას და ბ-ნ მეისნერის ამხანაგობა, რაც უნდა ეცადოს, ამ მუშტარს ვერ ჩამოაცლის საფრანგეთის ღვინოებს და ჩვენს ღვინოებისაკენ ვერ გადმოიბირებს, ამისათვის, რომ მდიდარის კაცისათვის ღვინო არამც თუ მარტო საჭირო და სასიამოვნო სასმელია, არამედ თავმოსაწონებელი, და სახელგანთქმულიც უნდა იყოს. აკი ვამბობთ, რაც უნდა ეცადოს ბ-ნ მეისნერის ამხანაგობა, საფრანგეთის ღვინოებს ვერ გაუტეხს სახელს და ჩვენსას ვერ მოანიჭებს რუსეთის მდიდარის კაცის თვალში. მაშასადამე, ერთი ღონე-ღა დარჩება ამხანაგობას, რუსეთის შუათანა წრის ხალხი აიჩინოს მუშტრად. ამისათვის ჩვენი ღვინო, რაც შეიძლება, იქ იეფად უნდა ჰყიდოს, რომ იეფობით ღვინის უჩვევი ხალხი შეაჩვიოს ღვინოსა. უამისოდ იმ 6120 ურმის გასაღება რუსეთში სანატრელი სიზმარი იქნება.


რაკი ძვირად გასყიდვა ჩვენის ღვინისა რუსეთში მუშტარს ვერ იშოვის, ამიტომაც ბ-ნი მეისნერის ამხანაგობა იმის მეცადინეობაში იქნება, რომ აქ ჩვენშივე სყიდვის დროს ღვინო იეფად ჩაიგდოს. ამას ძალიან ადვილად მოახერხებს. რაკი ამხანაგობა, ვითარცა ერთი კაცი, იმოქმედებს იმ დიდძალ ფულითა, რომელიც მას ხელთ ექნება, პირველ წელიწადსვე შეუძლიან სულ შემოიფრთხოს ყველა ღვინის ვაჭარი, რაც კი ეხლა ჩვენში არის. ვინც საქმით იცის ჩვენის ღვინის საქმე და არა გაგონითა, ის დაგვერწმუნება, რომ ორი ათასი თუმანია საჭირო, რომ რაც უკეთესი მარნებია კახეთში, სულ ხელში დაიჭიროს. ამას გარდა, შესაძლოა ოცი, ორმოცი ურემი ღვინო თუნდ ას-ას თუმნად დავიკვეთო კახეთში, ამით ფასები დროებით ავწიო, წვრილი ვაჭრები შემოვიფრთხო, და რაკი ბურთი და მოედანი მე დამრჩება და სხვა მოცილე არ მეყოლება, დანარჩენი ორასი და სამასი ურემი წყლის ფასად ჩავიგდო და რასაც ოცს ურემში წავაგებ ფასების აწევითა, ის ერთი-ორად დავიბრუნო ორასისა და სამასის ურმის ფასების დაწევაში. ვინ იტყვის, რომ ამხანაგობა, რომელსაც განუზრახავს მანეთზედ 34 კაპეიკის მოგება, ამას არ იქმს? აი ამიტომ შორმხედველნი მეწინააღმდეგენი ბ-ნ მეისნერის პროექტისა ამბობდნენ, რომ მონოპოლიობა ჩამოვარდებაო.


თუნდ ეგეც არ იყოს და დავუჯეროთ ბ-ნ მეისნერის მექომაგეთა, რომ ღვინოების ფასი აიწევა, რაკი რუსეთი ჩვენის ღვინის ბაზრად შეიქმნებაო; თუ მართლა ეგრე იქნება, დიდძალი ღვინო ჩვენის ქვეყნისა სულ რუსეთისაკენ გაეზიდება, დიდძალი ღვინო გავა, მაშასადამე, ღვინო ჩვენში დაძვირდება ასე, რომ ამოდენა ხალხი, ღვინის სმას ჩვეული, ღვინოს თვალით ვეღარა ნახავს, ჯერ იმის გამო - რომ ცოტა იქნება, მეორე იმის გამო - რომ შეძლება არ ექნება დიდ ფასს შესწვდეს. მაშასადამე, ეს შინაური ჩვენი ბაზარი ალაგდება, მერე მკვიდრი ბაზარი, რადგანაც დღეს-აქამომდე ისეთი მუშტარი ჰყავს, რომელიც ღვინოში ჩვეულს და მეტად საჭირო სასმელს ხედავს, და მის სამაგიეროდ გაიხსნება ისეთი ბაზარი, საცა მაგ ჩვეულებამ და საჭიროებამ უნდა ახლად ფეხი მოიკიდოს. ცხვირ-წინ ბაზარს ვაუქმებთ, რომ ცხრა მთას იქით ახალი ავიჩინოთ. ჩვენდა სამწუხაროდ რომ ეს მოხდეს, აქ ცხვირ-წინ ბაზარი დავკეტოთ და რუსეთში ავიჩინოთ, მერე ვინ დაგვიდგება თავდებად, რომ ამხანაგობა არ გვეტყვის, გინდათ ამ ფასად მამყიდეთ თქვენი ღვინო, თუ არა თქვენ თითონ წაიღეთ რუსეთშიო: რუსეთში ჩვენ ჩვენს ღვინოს ვერ წავიღებთ, შინ გასავალი იმოდენა აღარ იქნება და ჩვენ ან უნდა ბ-ნ მეისნერის ამხანაგობას დავემორჩილოთ, ან ვენახები გადავკაფოთ.


ყოველს ამას თავი დავანებოთ და მარტო ის წარმოვიდგინოთ, რა ქმნა იმ გარემოებამ, რომ თევზმა და ხიზილალამ სალიანისამ ახალი ბაზარი აიჩინა რუსეთში და ამ საქონლის ვაჭრობამ იქით გაიწია? ისა ქმნა, რომ ეგ საყოველდღეო საჭმელი ჩვენის ხალხისა საერთოდ, დღეს მარტო მდიდრის სანუკვარიღა შეიქმნა, თევზსა და ხიზილალას ეხლა მარტო მდიდარი თუ ხმარობს საჭმელად, თორემ სხვას სიზმრადაც აღარ ეზმანება. ვინ გაკეთდა ამით? სალიანის მოიჯარადრენი, და ხალხი კი, ჩვენი ქვეყანა, გაღარიბდა იმოდენად, რამოდენადაც თევზი და ხიზილალა დააკლდა. იმოდენად გავღარიბდებით ჩვენც, რამოდენადაც ჩვენ ჩვენი ჩვეული სასმელი მოგვაკლდება. ეს უეჭველია. ესევე აზრი წარმოსთქვა სამეურნეო საზოგადოების კრებაში ბარონ ნიკოლაიმ და იმავე აზრს ბევრი სხვანიც მიემხრენ.

რასაკვირველია, ბ-ნ მონასტირცევს და სხვას მაგ-გვარებს ადვილად შეუძლიან სთქვან: ოჰ, დიდი რამ იქნება, თუ ქართველებმა ღვინო არა სვესო. თათრები რომ ღვინოს არა სმენ, კაცები არ არიანო. რომ გავბრიყვდეთ და ეგრე წავიდეთ, როგორც ბ-ნი მონასტირცევი, განა ჩვენ კი ვერ ვიტყვით: ჰო, დიდი რამ იქნება, თუ ბ-ნ მონასტირცევმა წაღები არ ატარა. განა ცოტანი არიან, რომ ფეხშიშველა დაიარებიან. მაშ ისინი კი კაცები არ არიან!


ამისთანა სასაცილო აზრს ისევ ბ-ნ მონასტირცევს დავუთმობთ, დეე მაგან მაგ აზრით განაგოს ქვეყანა და ჩვენ ღმერთს მადლობა შევწიროთ, რომ ბ-ნი მონასტირცევი ჩვენის ბედის გამგებლად თავის-დღეში არ იქნება.


დაგვრჩა ახლა მესამე დაპირება ბ-ნ მეისნერის პროექტისა, სახელდობრ ისა, რომ ღვინოს მე გავაკეთებ, თქვენ ოღონდ ვენახები აკეთეთ და ბევრი ყურძენი მოიყვანეთო. ეს რომ მდაბიურად ვთარგმნოთ, ეს არის: „დღეს თქვენ ვენახების მკეთებელიცა ხართო და ღვინისაცაო. რაკი ორივე წარმოება ხელთ გიჭირავთ, სჩანს ერთიდამაც რასმე ხეირს ხედავთ და მეორიდამაცაო. მოდით, ერთი წარმოება მაგ ორისაგან მე დამითმეთო, ისეთი, რომელიც უფრო ფაქიზია და სამუშაოდ უფრო ადვილი, ესე იგი, ღვინის კეთებაო“. მერე ჩვენ რას გვაძლევთ მის სამაგიეროს, სახელდობრ — იმის სანაცვლოდ, რაც ღვინის კეთება ვენახის კეთებასთან ერთად ჩვენ ხეირს გვაძლევდა, ვკითხავთ ჩვენ? არაფერსაო. თქვენი ხეირი ეს იქნებაო, რომ უფრო უკეთესი ღვინო იქნება თქვენი ღვინოო, იმასაც თქვენ კი არ დაგალევინებთ, რუსეთში გავიტანო და ამ გზით სახელი თქვენი იქნებაო და სახრავი კი ჩემიო. თქვენ მარტო ვენახების კეთებაც გეყოფათო.

აი ყოველთვის ამისთანა შედეგი აქვს, როცა ეგრეთ-წოდებული კაპიტალობრივი წარმოება თავს ამოჰყოფს ხოლმე ქვეყანაში და ფეხს მოიკიდებს. აი სწორედ ამის გამო ამბობს ერთი გამოჩენილი მეცნიერი, რომ „კაპიტალობრივი წარმოება იმისთანა მოქმედებაა, რომელიც მწარმოებელს ხელში არ შეარჩენს წარმოების საშუალებასაო და ცდილობსო მარტო მისის მარჯვენის ანაბარას დააგდოს და სხვა ყოველისფერი ჩამოართვასო“.


ჩვენ ძალიან გრძლად მოგვივიდა ეს ლაპარაკი და ამიტომაც ამ საგანზედ, რომელიც ადვილად მისახვედრია თავის-თავადაც, დიდხანს ვერ შევდგებით. მხოლოდ ვიტყვით, რომ ბ-ნ ელიოზოვისა და იოსელიანის შიშს, რომ ამხანაგობა მიწასაც ხელიდამ გამოგვაცლისო, საყურადღებო და ძნელად დასარღვევი საბუთი აქვს. აი ამ საგანზედ რა სთქვა 1845 წ. პარლამენტში ეხლანდელმა პირველმა მინისტრმა ინგლისისამ გლადსტონმა, რომელსაც, როგორც ფინანსისტს, თითქმის ცალი არა ჰყავს მთელს ქვეყნიერებაზედ: „ერთი ყველაზედ სამწუხარო ამბავი ჩვენის ქვეყნის (ესე იგი ინგლისის) ყოფა-ცხოვრებისა იმაში მდგომარეობს, რომ რამოდენადაც ძლიერ ბევრდება უმაღლეს წოდებათა ხელში სიმდიდრე და იზრდება ჩვენს ქვეყანაში კაპიტალი, იმოდენად ცხოვრების სახსარი აკლდება ხალხს, იმოდენად ნაკლებულობა და სიღატაკე მატულობს მუშა-ხალხს შორისო“.

იმოდენა ფულით სიმდიდრე არსად არ არის, როგორც ინგლისში და მის მხარ-და-მხარ ისეთი სიღატაკეა უმრავლესობისა, რომ ამბადაც ძნელი დასაჯერია. პრუსიამ ხუთი ათასი მილიონი ბაჯაღლო ოქრო წაართვა საფრანგეთს და ამ უზარმაზარმა ფულმა კი არ გაამდიდრა პრუსია, არამედ ისე გაუხადა საქმე იქაურთა მკვიდრთა, რომ მაგ ფულის შემოსვლისვე უმალ ხალხის გახიზნვამ პრუსიიდამ იმატა, რადგანაც არაქათი ცხოვრებისა აღარ იყო.


ამ სახით, რა მხრითაც უნდა მივუდგეთ ბ-ნ მეისნერის პროექტს, რომელი აღთქმა და დაპირება არ გავსინჯოთ, ვნახავთ, რომ მასში ჩვენი სახეირო არა არის-რა და სავნებელი კია. ასეც იცნო კავკასიის სამეურნეო საზოგადოებამ ბოლოს და უარჰყო იგი პროექტი.

Recent Posts

See All
შინაური მიმოხილვის მაგიერი

1881 წელი, იანვარი ეს — შარშან ახალი, და წელს ძველი წელიწადიც - ჩაჰბარდა პატრონს. რა იმედებით ვიყავით აღვსილნი, როცა ამ ძველმა წელიწადმა...

 
 
bottom of page