შინაური მიმოხილვა - 1882 აპრილი, მაისი
- nino otiashvili
- Jan 9, 2024
- 14 min read
XIV
გაზაფხული ჩვენში განკითხვის დღეა. - ამით არის ჩვენში შესანიშნავი გაზაფხული. - ჩვენი უტყველობა. - ენის ადგმა. - ახალი მაგალითი. - საზოგადო მნიშვნელობის ძარღვი. - მეტყველობის ფერი და ღირსება. - სიტყვა საქმეა. - შემოქმედობითი ძალი ცხოვრებისა. - უიმისოდ და მისით. - ისტორია და ისტორიის ღირსი ერი. - უწინ, როცა... - რა მოასწავებს შემოქმედობითს ძალსა. - წლევანდელი საზოგადო კრება ტფილისის ბანკისა. – ორი დიდი საგანი. - საყოველთაო საჭიროება სწავლა და განათლებაა. - ხმაგაკმენდილი „მე“ და მღაღადებელი „ჩვენ“. - ჩვენდა სამწუხაროდ. - წარამარა ლაპარაკი. - „შრომის“ ლიბერალობა. - უსაფუძვლო სამდურავი ჩვენს ბანკებზედ. - რის იმედი უნდა გვქონოდა. - აღსრულდა თუ არა იმედი. - გურიისა და გორის თავად-აზნაურობის წინადადებანი. - მათი მნიშვნელობა. - ეროვნული ღირსება და მისი შედეგი. - კაცების შერჩევა. - საბუთიანის აზრის თვისება.
გაზაფხული ორნაირად შესანიშნავია ჩვენში: ჯერ ერთი, რომ მთელი უტყვი ბუნება მთელის მშვენიერებით და სიცოცხლით ფეთქას დაიწყებს ხოლმე ადამიანის თვალისა და გულის სალხენად. ეს მხარე გაზაფხულისა პოეტებს ლამაზადა აქვსთ ათასნაირად აწერილი და გამოხატული. ჩვენ ამის შესახებ სიტყვას მოკლედ მოვსჭრით და პოეტებს ცილობას არ გავუმართავთ. ჩვენ მეორე მხარეს გაზაფხულისას კვალში ჩავუდგებით და იმაზედ მივაქცევთ ყურადღებას. მეორე მხარე გაზაფხულისა მარტო ჩვენშია გამოჩენილი და იმაში მდგომარეობს, რომ თითონ მეტყველი ბუნებაც, ესე იგი ადამიანი, ჩვენში მოძრაობაში მოდის.სხვაგან გაზაფხული ქეიფისა და ლხინის დროა. გაზაფხულს ეს სიკეთე არც ჩვენში აკლია, მაგრამ ამასთანავე ჩვენში გაზაფხული განკითხვის დროც არის. ყოველი მომქმედი პირი საზოგადო სარბიელზედ, თუ საზოგადო დაწესებულება ჩვენში, — გაზაფხულზედ განიკითხება ხოლმე საქვეყნოდ. ეს ჩვენებურს, ქართულს გაზაფხულს როგორღაც დაეკვება. არ არის ჩვენში არც ერთი საზოგადო საქმისათვის შემდგარი წესდება, რომ ვალად არა სდებდეს მომქმედ პირთა, წარდგნენ მთელის თავისი ცოდვითა და მადლითა გამკითხველთა კრების წინაშე სწორედ იმ დროს, როცა ან გაზაფხული იწყება, ან თავდება.
ტფილისის და ქუთაისის ბანკები, წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, შეუძლებელთ მოსწავლეთა შემწე ტფილისის თავად-აზნაურთა საზოგადოება, ქართული დრამატიული საზოგადოება და სხვა ამისთანანი ყოველს წელიწადს გაზაფხულზედ მოვალენი არიან თავიანთი ავ-კარგიანობა საქვეყნოდ გამოჰფინონ და ყოველს კაცს სიგრძე სიგანი თავიანთის მოქმედებისა გაასინჯონ და გააზომინონ. გარდა ამისა, ისევ გაზაფხულზევე, სამს წელიწადში ერთხელ, ესევე ამბავი უნდა დაემართოს ხოლმე საზოგადო კრება გუბერნიის თავად-აზნაურობისას. ამ მხრით ყოველი გაზაფხული ჩვენთვის მეტად შესანიშნავია. უტყვს ბუნებასთან ერთად ჩვენც ვიღვიძებთ ხოლმე და თვალს ვახელთ. გარდა ამისა, მთელის წლის განმავლობაში გაუქმებული ნიჭი მეტყველებისა, დაბმული ენა, ამ დროს ფეხს აიდგამს ხოლმე და ვარჯიშობას მოჰყვება. ჩვენნი მოძმენი ქართველნი, მთელს წელიწადს ხმაგაკმენდილნი, ამ დროს კბილსა და ენას ილესვენ და რაც მთელს წელიწადს დაჰკლებიათ, ცდილობენ გაზაფხულის მოკლე ხანში ლაპარაკით და ბაასით შეისრულონ. თუმცა ამ ბოლოს ხანებამდე ლაპარაკი და ბაასი ისე ტყუილ-უბრალო მასლაათი იყო, ცარიელი ვარჯიშობა ენისა, მაგრამ დიდხნობამდე არც ეს იყო. ჩვენს უტყველობას არც გაზაფხული შველოდა და არც სხვა დრო. ყოველს წამს და ყოველს ჟამს უტყვნი ვიყავით და ენას არავითარი შემთხვევა არ ამოგვადგმევინებდა ხოლმე.
ამ უკანასკნელმა წელიწადმა კი სულ სხვა მაგალითი გვაჩვენა. გამოჩნდა, რომ აზრიანი ლაპარაკი ჩვენც შეგვძლებია, გამოჩნდა რომ ლაპარაკის საგანიცა გვქონია, გამოჩნდა რომ ტკივილები ჩვენთვისაც საგრძნობელი ყოფილა და ნიჭსა ტკივილების გრძნობისას ჩვენშიაც გამოუღვიძნია. ეს კიდევ დიდი არაფერი იქნებოდა, რომ ყოველს ამას ერთი რამ მეტად სანუგეშო ზედ არ მოჰყოლოდა. ის ერთი რამ - ის საზოგადო მნიშვნელობის ძარღვია, რომელმაც ამ ბოლოს ხანებში მეტად ძლიერად ცემა დაიწყო ჩვენში. ჩვენდა სანუგეშოდ, დღეს აშკარადა სჩანს, რომ ბევრს ჩვენგანს გული გახსნია საქვეყნოდ, ბევრს ჩვენგანს უგრძვნია და უცვნია ის ტკივილები ქვეყნის ტკივილებად, და თუ იღვწის ეხლა მათ გამო, პირადი ანგარიში და გამორჩომა უკან დაუყენებია და მარტო საზოგადოს, საქვეყნოს სიკეთეს ეტანება მთელის თავისის შეძლებითა და ღონითა.
ამიტომაც ჩვენს მეტყველებას ამ ბოლოს დროს, და ნამეტნავად წელს, სწორედ ადამიანური ფერი და ღირსება დაედვა. ამიტომაც ჩვენს სიტყვას ღონე და ძლიერება მიეცა და ფარ-ხმალად შეექმნა ყოველს საქვეყნოდ მიმართულს მოქმედებას. რაკი საქვეყნო სიკეთისათვის აზრი დაიძრა ჩვენში, რაკი საქვეყნოდ მომართული აზრი გულში გამოგვეკვანძა, რაკი თვითოეულში ყველასა ვხედავთ და ყველაში თვითოეულს, რაკი გულქვა „მე“ უკან დადგა და გულმტკივნეული და რიხიანი „ჩვენ“ თავმოღერებით წინ წამოდგა, მაშინ სიტყვა უბრალო ლაქლაქი არ არის, მაშინ სიტყვა საქმეა. მაშინ სიტყვა ხმალზედ უფრო უკეთ სჭრის და ზარბაზანზედ უფრო ძლიერ მოქმედობს. მაშინ სიტყვა ძალაა და ძლიერება.
როცა საზოგადო მნიშვნელობის აზრი ამოქმედებს სიტყვას, მაშინ თითონ თქმა ქმნად გადიქცევა ხოლმე. ამ გზით სულჩადგმული ცხოვრება მოედანზედ გამოდის და შემოქმედობითი ძალი ცხოვრებისა აღარ უქმობს, არამედ აღვიძებს და ფრთას ისხამს. ეს შემოქმედობითი ძალი ცხოვრებისა სათავეა ყოველის წარმატებისა და მაგ ძალის ძლიერებაზედ დამოკიდებულია ყოველი იმედი ცხოვრების წინ-წადგომისა და განკარგებისა.საცა ეგ ძალი აღძრული არ არის, იქ ცხოვრება დგას ვითარცა გუბე და გუბესავით შხამავს და სწამლავს გარეშემო ჰაერსა. ადამიანიც, იმ ჰაერში სულის მბრუნავი, ცოცხალ-მკვდარსავით ზლაზვნით და ხანხალით დატანტალებს უგულოდ და უსულოდ ცხოვრების მოედანზედ, როგორც სასაფლაოზედ, თითქო მარტო იმისათვისაო, რომ ერთი პატარა ადგილი იშოვოს, საფლავი გაითხაროს და შიგ ჩაწვეს. საკვირველიც არ არის, იქ მაცხოვარი სიო განახლებისა არ დაჰბერს ცხოვრებასა და ამის გამო დღევანდელი დღე მკვდარია ხვალისათვის, როგორც გუშინდელი დღევანდელისათვის იყო. ამიტომაც ადამიანს აღარც გუშინდელი ახსოვს, აღარც დღევანდელი სწამს და აღარც ხვალინდელს ეტანება. ყოველსფერზედ გულაყრილია და ცხოვრობს მარტო იმისათვის, რომ მოკვდეს, როგორც მეტხორცი რამ, როგორც შემთხვევით მოსული და შემთხვევითვე წასასვლელი. ერთის სიტყვით, ადამიანი გამოფუყებულია, გამოცარიელებული, და ამიტომაც თითონ მისი ცხოვრებაც სიკვდილია და არა სიცოცხლე.
გარნა იქ კი, საცა ეგ მადლიანი ძალა შემოქმედობისა აღძრულია, ადამიანი გრძნობს, რომ იგი შვილია გუშინდელისა, მოჭირნახულეა დღევანდელისა და დამბადებელია ხვალისა. წარსული, აწმყო და მომავალი - ერთ რთულ, დაურღვეველ ჯაჭვად მიაჩნია და იმ ჯაჭვში თავისი-თავი რგოლად, წინასა და უკანაზედ მტკიცედ გადაბმულად. მაშინ ადამიანი თავის- თავს მართლა-და ადამიანადა სცნობს, ეგ ცნობა საკუთარის თავისა ღირსებას უღვიძებს, საკუთარის თავის ღირსება ჩაგრულ ყოფას ვერ ათმენინებს და დამკლავებული გამოჰყავს ცხოვრების მოედანზედ საომრად და საბრძოლველად. გმირებს, სახელოვანს კაცებს, დიდებულ მოღვაწეებს ქვეყნისას - ეგ შემოქმედობითი ძალი ცხოვრებისა ჰბადავს.
რაკი ადამიანის ცხოვრებაში ერთხელ დაიძრა შემოქმედობითი ძალი, ერთს ნამოქმედს სხვა სამოქმედო საგანი ზედ მოჰყვება, ერთი მეორეს ჰშობს, მეორე მესამეს და ეგრე გაებმის ხოლმე ის ფერადი გრეხილი ცხოვრების მოძრაობისა, რომელსაც ისტორიას ეძახიან. ეგ შემოქმედობითი ძალი ცხოვრებისა შექმნის ისტორიას; უმაგისოდ ნურა ერი ნუ დაიქადებს, ისტორიის ღირსი ერი ვარო. უწინ, როცა ჩვენში ეგ შემოქმედობითი ძალი ცხოვრებისა ფეხადგმული იყო, აკი ისტორიაცა გვქონდა, აკი გმირებიცა გვყავდა, აკი დიდი მწერლებიც და პოეტებიც აღმოგვიჩნდნენ, აკი იმ აღმატებულ ყოფა-ცხოვრებამდინაც მივაღწიეთ, რომლის დიდებულებამაც თამარ მეფე საუკუნოდ სახსოვარი გახადა ჩვენთვის...
ამ ბოლოს ხანებმა და ნამეტნავად წლევანდელმა წელმა სულ სხვა სანუგეშო ნიშნები წამოგვიყენა თვალ-წინ. აშკარად დაგვანახვა, რომ სულგანაბულს და ხმაგაკმენდილს ჩვენს ცხოვრებას უჩუმარად როგორღაც უმოქმედნია და ის მიმკვდარი, დიდი ხნის დავიწყებული ძალი შემოქმედობისა, თუ სრულიად ფეხზედ არ წამოუყენებია, ადგილიდამ დაუძრავს მაინცა. აშკარად დაგვანახვა, რომ ქართველობას თავის ყოფა-ცხოვრებაზედ თვალი აუხილებია და იქ თვითოეული ჩვენგანი ცალკე კი არ დაუნახავს, არამედ ყველანი ერთად, საზოგადოდ ჩვენ ამას დიდ მნიშვნელობას ვაძლევთ, იმიტომ - რომ მარტო საერთოდ,საზოგადოდ დანახული ჭირი თუ ლხინი მოასწავებს შემოქმედობითის ძალის დაბადებას და მოვლინებას. მაგის გარეთ მაგ ძალს არც მიზეზი აქვს თავის გამოჩენისა და არც საზრდო რჩენისათვის.
წლევანდელი საზოგადო კრება ტფილისის სათავად-აზნაურო ბანკისა რომ გენახათ, სწორედ გულმხიარული წახვიდოდით შინ და იტყოდით: მადლობა ღმერთსა, ამასაც შევესწარითო, რომ ჩვენს ქართველთა კრებაში აზრი აზრს შეეკამათა, აზრი აზრს წინ დაუდგა და არა პირადობა პირადობასაო. ჯერ ერთი ეს იყო ამ კრებაში სასიამოვნო, რომ რიცხვით ეს კრება აღემატებოდა თითქმის ყოველს კრებებს, ამ ექვს წელიწადში მომხდარს. მეორე ესა, რომ არ იყო არც ერთი წინადადება, არც ერთი საგანი, რომ უმრავლესობისაგან გასინჯული,
განხილული არ ყოფილიყო საზოგადო საქვეყნო მოთხოვნილების მიხედვითა. თითქმის ყოველს მოლაპარაკეს წინ ის საზოგადო სიკეთის სურვილი მიუძღოდა, რომელიც ეგრე ამშვენიერებს სიტყვას და ყოველს კაცს ხალისს უღვიძებს საზოგადო საქმის მიმართ და ამხნევებს შემდეგის მოქმედებისათვის. ამ საზოგადო სიკეთის სურვილით მორთულმა სიტყვამ გააცოცხლა კრება და გულმოდგინება საზოგადო საქმისადმი გამოიწვია დამსწრეთა შორის. ერთის სიტყვით, ეს კრება გულდადინჯებულ, ჭკუადამჯდარ ადამიანთა კრებასა ჰგვანდა, იმ კრებას, რომელიც იმოდენად ძლიერადა ჰგრძნობს თავის მოვალეობას ქვეყნის წინაშე, რამოდენადაც კრების საგანი, თუ საქმე, ქვეყანას შეეხება.
ამ წლევანდელს კრებას სხვათა შორის ორი დიდი საგანი ჰქონდა განსახილველად. ერთი წინადადება ფინანსთა მინისტრისა მასზედ, თუ რა შემწეობა შეუძლიან აღმოუჩინოს ტფილისის საადგილ-მამულო ბანკმა გლეხთა - მამულების შესყიდვაში და ეგ შემწეობა რა ახალს წესსა და რიგს მოითხოვს. ამ საგანზედ წარდგენილი იყო ბანკის მმართველობისაგან ვრცლად დაწერილი წინადადება, რომელშიაც ნაჩვენები იყო ის ნაკლი, რომ საადგილ- მამულო კრედიტს სჭირს საზოგადოდ რუსეთში და რაც აბრკოლებს საქართველოში ცალკედ. სხვათა შორის გამოთქმული იყო, რომ ამ-გვარის კრედიტის სიძვირეს ვერ აიტანს გლეხის მეურნეობა და თუ ღონისძიება არ მოინახა გაიეფებისა, გლეხის შემწეობა უქმი სურვილი იქნება. გაიეფებისათვის ბანკის მმართველობამ იმისთანა ღონისძიებანი აჩვენა, რომელნიც შესაძლებელნი არიან, მაგრამ ძნელად კი მისაღებნი მთავრობისაგან. საზოგადო კრება გულმხურვალედ მოეკიდა ამ საქმეს, თავისდა სასახელოდ, ქვეყნის საჭიროების მიხედვით დააკვირვა თვალი და არა მიწათმფლობელების ინტერესის მიხედვითა, მოიწონა წინადადება და გადასწყვიტა წარედგინოს ფინანსთა მინისტრსა.
მეორე საგანი იყო წესდების ზოგიერთის მუხლის შეცვლის თაობაზედ. მაგის შესახები წინადადება, ჯერ ცალკე პირისაგან შეტანილი ზედამხედველს კომიტეტში, უარყოფილ იქმნა მარტო იმ მიზეზით, რომ ნაჩვენების მუხლების შეცვლაზე სჯა და ლაპარაკი ჯერ ადრეაო, თუმცა კი თითონ დედააზრი მოწონებულ იქმნა. შემდეგ იგივე წინადადება სამოცზე მეტს წევრისაგან ხელმოწერილი მოერთო ზედამხედველს კომიტეტსავე და მაშინ კი, წესდების ძალით, ზედამხედველი კომიტეტი მოვალე შეიქმნა ის წინადადება წარედგინა საზოგადო კრებისათვის. აქაც, თუმცა მმართველობა ბანკისა და ზედამხედველი კომიტეტი ამტკიცებდა, რომ სრულებით თანამგრძნობია წინადადების დედააზრისა, მაგრამ უდროოდ მიაჩნია მაგაზედ ლაპარაკის ატეხა და მაგ წინადადების წარდგენა სამინისტროში დასამტკიცებლად, — კრებამ ის რჩევა არ მიიღო და შეუდგა მაგ წინადადების გასინჯვასა. ასტყდა გაცხარებული ბაასი და მოლაპარაკეთა სასახელოდ უნდა ვსთქვათ, რომ არც ერთს ამ საგანზედ იმისთანა სიტყვა არ წასცდენია, რომელშიაც ცხადად გამოხატული არ ყოფილიყო თითონ საქმის სიყვარული, საზოგადო სიკეთის სურვილი და თითონ ბანკის კეთილდღეობა.
წინადადების შემომტანთა აზრი ეს იყო, რომ რაკი საურთიერთო თავდებობა დაედვა საფუძვლად ჩვენს ბანკსა და ურთიერთის თავდებობას კიდევ უსათუოდ მოსდევს ბანკში წევრად გახდომის უფლება, ამის გამო შესაძლოა, ხომ სხვა ელემენტიც შემოგვერიოსო, მაგალითებრ, მოქალაქობა და სხვანი ამ-გვარნი. ჩვენს ბანკს ერთი წმინდა და სასიქადულო საგანი უდევს წინაო, თავისის მოგებიდამ შემწეობა აღმოუჩინოსო ტფილისის გუბერნიის მიწათ-მფლობელს და მიწათ-მომქმედს მცხოვრებლებსაო; ვაი თუ უცხო ელემენტებმა, რომელიც საურთიერთო თავდებობის ძალით ჩვენ შემოგვერევაო, ცალკე გაიწიოს, ამ საგანს ააცილოს ჩვენი ბანკი და ეს ერთადერთი ძვირფასი საგანი ჩვენს ბანკს ხელიდამ გამოაცალოსო. ამისათვის წინადადების შემომტანთა დაედგინათ: ის მუხლი, რომელიც ბანკის მოგების განაწილებას შეეხება, შეიცვალოს იმ-რიგად, რომ ის ნაწილი მოგებისა, რომელიც ტფილისის გუბერნიის მიწათ-მფლობელს და მიწათ-მომქმედს საჭიროებას უნდა მოხმარდეს, მარტო ბანკის დამფუძნებელთა საზოგადო კრებას ექვემდებარებოდესო და არა ყველა წევრთა კრებასაო. რადგანაც საზოგადო, ესე იგი ყველა წევრთა კრებას ნება აქვს წესდება შესცვალოს, ამიტომაც სამერმისოდ შესაძლოა ამისთანა კრებამ თითონ ამ მუხლის შეცვლა მოინდომოს და საზოგადო სარგებლობის მაგიერ პირადს სარგებლობაზედ მიჰმართოს ბანკის მოგება. რომ ეს ასე არ მოხდეს, წინადადების შემომტანთა დაადგინეს, რომ შეცვლაც წესდებისა მარტო დამფუძნებელთა ნებაზედ იყოს დამოკიდებულიო. კრებამ ამ საგანზედ შემოტანილი აზრი უარ-ჰყო და მიიღო მმართველობის აზრი, რომლის ძალითაც შეცვლა ზემოხსენებულის მუხლისა იმისთანა კრებას უნდა ექვემდებარებოდეს, საცა დამფუძნებელნი რიცხვით მთელის კრების ნახევარს შეადგენენ. ორმა მესამედმა კრებისამ უნდა დაადგინოს შეცვლის თაობაზედ გარდაწყვეტილება და მერე ეს გარდაწყვეტილება მეორეს, ამნაირადვე შემდგარს მორიგს კრებას წარედგინოს, და თუ ეს მეორე კრებაც ორის მესამედის ხმით იმ გადაწყვეტილებას მიიღებს, მხოლოდ მაშინ უნდა წარსდგეს მთავრობის წინაშე დასამტკიცებლად.
სხვათა შორის, კრების საგნად ისიც იყო, რომ უნდა დაენიშნა, რა საჭიროება უფრო საყოველთაოა და უფრო უაღრესი, რომელსაც უნდა მოხმარდეს ნაწილი წლევანდელის მოგებისა. კრებამ დიდის ერთსულობით აღიარა, რომ მაგისთანა საჭიროება განათლება და სწავლააო, და ამიტომაც ორი ათასი თუმანი ერთხმად შესწირა ტფილისის სათავად-აზნაურო სკოლას, თელავისა და გორის ქალების სასწავლებელთ ას-ასი თუმანი თითოს, და ცეცხლით დაზიანებულთ სიღნაღის მაზრის მცხოვრებთ გლეხ-კაცობას ოც-და-ათი თუმანი.
ყოველს საგანს, რომელიც წლევანდელმა კრებამ ეგეთის საქებურის გულმოდგინებით გასინჯა და ეგეთის გულმტკივნეულობით თავისი გარდაწყვეტილობა დასდვა, კრებამ წინ წაუმძღვარა საქვეყნოდ საკეთილო აზრი. მარტო ამ თვალით განიხილა ეგ საგნები და ამიტომაც მალაპარაკეთა სიტყვას თავისი ღირსება, სიცხოველე და გამჭრიახობა მიეცა. ამ საქვეყნოდ მიდრეკილმა გრძნობამ აღაფრთოვანა სიტყვა და სრულიად ჩააჩუმა უგემური „მე“, და ცხოველმყოფელი „ჩვენ“ მთელის თავის მიმზიდველის სიკეთით მოედანზედ გამოიყვანა. ტფილისის საადგილ-მამულო კრებაში „მე“ ხმაგაკმენდილი იყო და „ჩვენ“ მღაღადებელი ყოველს შემთხვევაში.
ჩვენდა სამწუხაროდ, ამავე სიკეთეს ვერ მივაწერთ ყოველს შემთხვევაში ქუთაისის ბანკის კრებასა. წელს იქაც, მართალია, საყოველთაო საჭიროებაზედ და სიკეთეზედ იყო მიქცეული კრების ყურადღება, იქაც საზოგადო საჭიროების თვალით იყო გასინჯული წარდგენილი საგნები, იქაც ქვეყნის მოთხოვნილება და თითონ საქმის სიყვარული წინ უძღოდა კრებასა, მაგრამ ესეც კი შესანიშნავია საზოგადოდ ქუთაისის ბანკის შესახებ, რომ როცა არსებითად საჭირო საგანი ირჩევა, როცა თითონ ბანკის შესახები საქმე წარმდგარია, მაშინ კრება წევრთა რიცხვით მცირეა ხოლმე. როცა კი რომელიმე ბანკის მოხელის არჩევანზედ მიდგება საქმე, მაშინ კრება გაცილებით მატულობს. ეს ესეთი ამბავი აფოლებს და სცრის იმ საზოგადო მნიშვნელობის აზრსა, რომელსაც ასეთის სასოებით ჩვენ შევხარით. ამ ამბის მნახველს, თუ მსმენელს, ისე ჰგონია, რომ თითონ საქმე, თითონ საზოგადო მნიშვნელობის აზრი კი არ მოუყრის ხოლმე თავსა ქუთაისის ბანკის წევრთა, არამედ საქმის გარეშე რამ მიზეზი. გარდა ამისა, ესეც შესანიშნავია, რომ იქ ძნელად შეიძლება საქმე ისე წარიმართოს, რომ პირადობამ არ ამოჰყოს თავი და თავისი ბასრი კლანჭი არ გამოჰკრას საზოგადო საქმეს. აბა რა სათქმელია საზოგადო კრებაში, - ბანკის დირექტორები არაფერს აკეთებენო. მაშ ვინ აწარმოებს საქმეებს? ნუთუ ჰგონიათ, რომ ბანკი თავისით დადის და თავისით მოქმედობს? ნუთუ ამის მთქმელებმა არ იციან, რომ ამისთანა წარამარად თქმული სიტყვა საზოგადო საქმეს, როგორიც ბანკია, ხელს უცრის და ტყუილ-უბრალოდ სახელს უტეხავს. ბანკის სახელზეა დამყარებული ის ნდობა, რომლითაც ყოველი ბანკი სულდგმულობს და რომლის მეტ-ნაკლებობაზედ დამოკიდებულია ყოველივე სიკეთე ბანკისა და ნამეტნავად თითონ კრედიტის სიძვირე და სიიეფე.
თქვენის გირავნობის ფურცლების მსყიდველს რაღას ეუბნებით, როცა საქვეყნოდა ჰყვირით, რომ ჩვენის ბანკის მწარმოებელნი არას აკეთებენო. თუ არას აკეთებენ, თითონ ბანკიც, მაშასადამე, უქმია და უქმის კაცის თამასუქს ვინ რას ანდობს. ბანკის თამასუქი გირავნობის ფურცელია. აღარ გინდათ, რომ მაგას ფასი ჰქონდეს? ნუთუ არ იცით, რომ რამოდენადაც მაგ ფურცელს ფასი აკლდება, იმოდენად ძვირად უჯდება კრედიტი ქვეყანას საზოგადოდ და მსესხებელს ცალკედ.
არ-გაკეთება საქმისა მაშინ არის, როცა საქმე უქმობისა გამო ბრკოლდება და ჩერდება. დირექტორების მაყვედრებელთ რატომ ერთი მაგალითი არ უჩვენებს კრებას ამისთანა დაბრკოლებისა. თუ ეგ დაბრკოლება იყო, მაშინ, რასაკვირველია, საჭიროა გამხილება და საქვეყნოდ გაკიცხვა. თუ არ ყოფილა, რა საკადრისია მაგისთანა უთავბოლო ლაპარაკი და წარამარა ყვედრება, მერე იმისთანა საფრთხილო საზოგადო საქმეში, როგორიც ბანკია. ამ- გვარი უსაბუთოდ გამოლაშქრება საზოგადო კრებისაგან ამორჩეულ და საზოგადო საქმეზედ მიჩენილ კაცებზედ რას მოასწავებს, თუ არ პირადობას და პირადობის ჟინსა. ჩვენის ფიქრით,ამ-გვარი წარამარად მოტიტინე უპატიურად ექცევა თავის-თავსაც და თითონ კრებასაც, რომლის ყურადღებაც თავის-დღეში არ უნდა მიიქცეს იმისთანა უღირსს საგანზედ, რომელსაც ეგრე ხარბად ხელზე დაიხვევს ხოლმე ჭორი და ცილისწამება. საზოგადო საქმე მეტად ძვირად უღირს ქვეყანას და მასში თუ არ საბუთს, სხვას არასფერს ხელი არ უნდა ჰქონდეს. რომელსაც ეს აზრი რჯულად არა აქვს მიღებული, ისა სჯობია შინ იჯდეს და საზოგადო საქმეს დაეთხოვოს.
ამ პირადობის ჟინსვე ვაბრალებთ ქუთათურის გაზეთის „შრომის“ აღმა ხვნას და დაღმა ფარცხვას ყოველს საქმეში, საცა კი ქუთაისის საადგილ-მამულო ბანკი ურევია. ერთს რომელღაც ნომერში გაზეთი „შრომა“ გულმტკივნეულობით იმდურებოდა, რომ ქუთაისის ბანკის კრებამ შარშან რაღაც უწესურობა ჩაიდინაო, ამაზედ საჩივარი შეიტანეს სამინისტროშიო, მაგრამ არ გამოვიდა, კაცი არ არის ყურადღება მიაქციოსო. ბატონო „შრომავ“! ტყუილად სტირით ამაზედ. მაგ ტირილით ჰღალატობთ იმ დედააზრს, რომლისათვისაც ყველგან ეგრეთის თავგამოდებით იღვწის ეგრეთ-წოდებული ლიბერალობა და რომელსაც თქვენ ეგრეთის თავმოწონებით ჩემულობთ. აქ სამინისტრომ იცით რა გითხრათ მით, რომ ყურადღება არ მიაქცია მაგ-გვარ საჩივარს? ბანკი თქვენია, ფული თქვენია, ინტერესი თქვენია, ერთობ თქვენი საქმეა და თქვენს საქმეს თქვენვე მოუარეთ და უპატრონეთო. როცა სჩივით, მით იცით რას აუბნებით? ბანკი, მართალია, ჩვენია, ფული ჩვენია, ინტერესი ჩვენია, ერთობ ჩვენი საკუთარი საქმეა, მაგრამ ყოველს ამაში ლალად და პატრონად შენ რომ გამიხდე, ძალიან კარგი იქნებაო. გესმით, სადა სცემთ, „შრომის“ მშრომელნო! ნუთუ ვერა ჰგრძნობთ, რომ საზოგადოებრივს, ესე იგი საკუთარს უფლებაზედ, ხელს იღებთ და კანცელარიას უქვემდებარებთ საზოგადოების, ესე იგი თქვენს საკუთარს საქმესა. მაგისთანა რა დაგიშავეს ქუთაისის ბანკის წევრთა, რომ ეგრე უასაკოდ იცანით და მისის უაპეკოდ ყოფნისა გამო ჰგლოვობთ და ტირით? ნუთუ თითონ ბანკის კრების გამჭრიახობას იმოდენა არ შეუძლიან, რომ თავისი უწესობა თითონვე დაინახოს, თითონვე თავიდამ მოიშოროს და წესი და რიგი ჩამოაგდოს? ეგ იმედი ბანკის კრების გამჭრიახობაზედ სამინისტროს არ დაჰკარგვია და თქვენ რაზედ და რის გამო დაგიკარგავთ? განა არ იქნება, შენიშნული უწესურება, შეცდომა, თუ სხვა რამ ამისთანა, — თითონ კრებას აუწყოთ, აუხსნათ, გააგებინოთ და თითონვე კრებას გაასწორებინოთ. გვერწმუნეთ, ყოველს კრებაში იპოვება კეთილგონიერი ნაწილი კრებისა, რომელიც დამჯდარს აზრს, დამჯდარს სიტყვას, კეთილად განზრახულს წინადადებას სიხარულით მიეგებება და ძლევით შემოსავს. რად გინდათ, რომ ეს თავისუფლება ჩამოგვერთვას და რაღაც კანცელარიას გადაელოცოს? თქვენგანვე ნაღაღადებ თვითმმართველობის დედააზრს რა პირითღა დაუწყებთ ამის შემდეგ ყურებასა?
დიდი ხანია მას აქეთ, რაც რუსის მთავრობამ ბანკის და კრედიტის საქმე საზოგადოების საქმედ იცნო და ზოგიერთი თვისი უფლება ამ საქმის შესახებ თითონ საზოგადოებას მიანიჭა და დაუთმო. ფინანსთა სამინისტროს სასახელოდ ესეც უნდა ვსთქვათ, რომ დიდის სიფრთხილით ექცევა ამ საზოგადოებრივ უფლებასა და რამოდენადაც დროს ვითარება ნებას აძლევს, ცდილობს საზოგადოება სახელმწიფო აპეკას მოაშოროს და მის საკუთარს ფეხსა და გზაზედ დააყენოს. ამის გამო, ყოველს საჩივარს, რომელიც ბანკის შინაურ განწყობილებას შეეხება, ბანკის შინაურ მართვას და წესიერებას, - უყურადღებოდ სტოვებს და ამბობს: ეგ თქვენი საქმეა, თქვენი შეცდომა თქვენვე თქვენის ღონით, თქვენის ზედამხედველობით,თქვენის გამჭრიახობით გაასწორეთო. თქვენ კი ამაზედ ამბობთ, ვაი, ეს რა მოგვივიდა? ჩვენი ჩვეული ლალა ჩვენზედ ხელს იღებს და ჭოჭინით აღარ გვატარებსო? ჩვენ რა ვიცით ჩვენის თავისაო, თუ ჩვენი სიკეთე გინდა, კიდევ შენ იყავი ჩვენი პატრონი და მომვლელიო. ნუთუ სატირალია, რომ ამისთანა ბღავილს მთავრობა ყურადღებას არ აქცევს?
ძლივს ერთად-ერთ საზოგადოებრივს სფერაში ჩვენმა საზოგადოებამ თვისი უფლება ცოტად თუ ბევრად ხელთ ჩაიგდო და აქაც კი ბეჭდვის წარმომადგენელნი, ესე იგი ჭკუისა, გონებისა და განათლების მარაქაში გარეულნი, ლიბერალობის მოქადულნი მწერალნი, - ჰგლოვობენ და ტირიან, რომ მთავრობა ამ უფლებაზედ ხელს არ გვაღებინებს. ბატონებო, თუ ლიბერალობთ, ჭეშმარიტი ლიბერალობა იმაში მდგომარეობს, რომ საზოგადოებრივს უფლებას თავისი კუთვნილი, - ნამეტნავად მაშინ, როცა თითონ მთავრობა საზღვარს უნიშნავს, - მოედანი ჰქონდეს ადამიანის ცხოვრებაში. მიიხედ-მოიხედეთ და ნახავთ, რომ ყოველი ჭეშმარიტი ლიბერალი ამისათვის იღვწის და იბრძვის. როცა საკუთარ ცხვირ-წინ ლიბერალობის ჭეშმარიტ საგანს კაცი ვერა სცნობს, როგორც ამ შემთხვევაში „შრომა“, და მაინც ლიბერალობაში თავსა სდებს, მაშინ იმას ამოქმედებს რწმენა კი არა, რომელიც დამჯდარის გონებით აღიარებული რჯულია, არამედ მეტიჩარობა. მაშინ ის თუთიყუშია ლიბერალობისა და არა ცნობიერი წარმომადგენელი. აი, აღმა ხვნა და დაღმა ფარცხვა ამასა ჰქვიან.
ქუთაისის ბანკსაც ის სასიქადულო საგანი უდევს მისაღწევად, რაც ტფილისის ბანკსა. იქაც, როგორც აქ, უდიდესი ნაწილი მოგებისა საზოგადო საჭიროებას უნდა მოხმარდეს. იქაც, როგორც აქ, ყოველივე პირადი სარგებლობა უარყოფილია და საყოველთაოა საფუძვლად დადებული. ჯერ ამაში გამოიჩინა თვისი მამა-პაპით შეთვისებული გულუხვობა და ქველმოქმედება ჩვენმა თავად-აზნაურობამა. საყოველთაო სიკეთის მისაღწევად მარტო ამ ნაწილმა ჩვენის ქვეყნის მცხოვრებლებისამ იკისრა ქვეყნისათვის ფულის შეწირვა და დააარსა ორივე ბანკი.
მართალია, ბევრი ემდურება ამ ბანკებს, დიდი იმედი გვქონდაო და არაფერი გამოდისო, მაგრამ მარტო უმეცრება იტყვის ამასა და არა დამჯდარი ჭკუა. სულ შვიდი თუ რვა წელიწადი არ არის, რაც ჩვენში ბანკები მოქმედობენ და ნუთუ შვიდი წელიწადი სამყოფია, რომ ქვეყანამ ფერი იცვალოს ბანკებისა, თუ სხვა რამის შემწეობით. ამ საქმეში გუშინდელს და დღევანდელს კი არ უნდა მივაჩერდეთ, იმიტომ - რომ ეგ გუშინი და დღევანდელი მეტად მოკლე ხანია ქვეყნის წარმატებისათვის და საყოველთაოდ კვალის დაჩნევისათვის. ორი ათასი წელიწადია, რაც ჩვენი ქვეყანა ისტორიის სარბიელზეა გამოსული, დღევანდელი ჩვენი ყოფა ორი ათასის წლის ცხოვრების შედეგია და ნუთუ გგონიათ, რომ ამ შედეგს შვიდს წელიწადზედ ან ბანკი, ან სხვა რამ ფერს აცვლევინებს! თუნდ ეგ არ იყოს, სხვა რა იმედი უნდა მოეცა ბანკს, თუ არ ის, რომ საადგილ-მამულო კრედიტი, რამოდენადაც შეიძლება იეფი, აწარმოვოს ჩვენს ქვეყანაში და მოგებულის ფულით საზოგადო გაჭირვებაში რაიმე შეღავათი მოგვცეს. როდის უმტყუვნა ან ერთს იმედს, ან მეორეს ჩვენმა ბანკებმა? მართალია, საადგილ- მამულო კრედიტს ჩვენში და საზოგადოდ რუსეთში ბევრი რამ აკლია, მართალია - ჩვენი ბანკები ჯერ იმოდენა მოგებას არ იძლევიან, რომ ყოველს გაჭირვებას მივეშველოთ. ერთისათვის საჭიროა საყოველთაოდ კრედიტის სისტემის შეცვლა, რომელიც ბანკების ხელთ არ არის, და მეორისათვის - ხანგრძლივი მოქმედება, რომელსაც მოთმინება უნდა.
ყოველივე საზოგადო საქმე იმოდენად თანა-საგრძნობია და საქებური, რამოდენადაც თითონ მის საკუთარს ბუნებას მინიჭებული აქვს ღონე თავით თვისით განვითარებისა, გაძლიერებისა, როცა სხვა არა უშლის-რა. ბანკი, თუ რამ სხვა საზოგადო დაწყობილობა, სწორედ ამ მხრით უნდა გაისინჯოს და ამ სასწორზედ აიწონოს. აბა ჩვენი ბანკები ამ თვალით გასინჯეთ და ნახავთ, რომ იგინი წარმოადგენენ ერთს საუკეთესოს და საიმედოს მხარეს ჩვენის ცხოვრებისას. ამიტომაც ყოველი ერთგული ჩვენის ქვეყნისა სიხარულით კი არ უნდა მიესიოს ხოლმე ყოველს შეცდომას, წინდაუხედავობას, თუ სხვა რამ ნაკლებულობას ბანკისას, რომელნიც ყოველს ახალს საქმეში აუცილებელნი არიან, არამედ გულმტკივნეულობით უნდა შეჰნიშნოს ყოველივე ეგ და გულმტკივნეულობითვე ეცადოს ნაკლი მოსპოს, შეცდომა გაასწოროს. ამ შემთხვევაში ბანკის საერთო გამგეობის თვითმოქმედება უნდა აღძრულ იქმნას და მისის გამჭრიახობითვე ყოველივე გასწორებული და არა მოწვეულ იყოს თვალი რაღაც კანცელარიებისა და ხელ-ჯოხიანებისა.
აი, სწორედ ამ შემთხვევაში ფინანსთა სამინისტრომ უფრო მეტი ლიბერალობა გამოიჩინა, ვიდრე ჩვენმა ლიტერატორებმა. ეს მით უფრო სასაცილოა, რომ ლიტერატორები საზოგადოდ უნდა ჰპატრონობდენ იმ უფლებას, რომელსაც საზოგადოებრივი უფლება ჰქვიან. ეს არის ერთი უმთავრესი მოვალეობა მწერლობისა და მწერლებისა, ნამეტნავად იქ, საცა საზოგადოებრივი უფლება ვრცლად არ არის აღიარებული და მიჩნეული და საცა ყოველივე ბიჯი ამ უფლებისა დაუყოვნებელის და დაუძინარის მხნეობით ჯერ კიდევ მოსაპოვებელია.
ჩვენ ესე ვრცლად ლაპარაკს არ გავაბამდით და პატივცემულს „შრომასაც“ არც ესე ძალიან ვუსაყვედურებდით, რომ ამ შემთხვევაში მისი შეცდომა დიდს შეცდომად არ მიგვაჩნდეს. ამ საგანზედ ხმის ამოუღებლობა ჩვენის მხრით დანაშაულობა გვეგონა, თორემ „შრომასთან“ სამდურავის ჩამოგდებას ჩვენ მოვერიდებოდით, მით უფრო, რომ ტყუილ-უბრალოზედ ბაასის ატეხა ჩვენს ჟურნალს ჩვეულებად არა აქვს.
ცოდვა არ არის, იმ საზოგადო კრებას არ მიენდოს კაცი, რომელმაც ასეთის დაჭეშმარიტებით და ერთსულობით იცნო ჩვენდა საყოველთაო ჭირად ჩვენი გაუნათლებლობა, უსწავლელობა და ასეთის გულუხვობით შესწირა წლევანდელის მოგებიდამ 37,950 მანეთი განათლების საქმეს? სახელი და დიდება ქუთაისის ბანკის საზოგადო კრებას!.. ამისთანა კრება არამც თუ იმის ღირსია, რომ იქონიოს ის მცირედი უფლება, რომელიც მთავრობამ საზოგადოებას დაუთმო კრედიტის საქმეში, არამედ სხვა ბევრისაც. აქ იმას კი არ უნდა ვსცდილობდეთ, რომ მაგ, ისეც მციეოდენს, უფლებას ფრთები შევაკვეცოთ, არამედ უფრო ვრცლად გავაშლევინოთ, უფრო დიდი სარბიელი შემოვუხაზოთ...
ამ მხრით ქართლისა და გურიის თავად-აზნაურობამ წელს დიდი სახელი დაიგდო ჩვენს ისტორიაში. მათგან დადგენილნი წინადადებანი, საგუბერნიო კრებაში შესატანად, დიდი სამსახურია ჩვენის ქვეყნის წინაშე. ჩვენ ყოველს ამ წინადადებას თვითოეულად არ ჩამოვთვლით, რადგანაც უკვე გამოცხადებული იყო ჩვენს გაზეთებში და, მაშასადამე, ყველამ უნდა იცოდეს, ვინც კი საზოგადო საქმეებს თვალს ადევნებს. ჩვენ აქ ვეცდებით მათი მნიშვნელობა განვსაზღვროთ და ავხსნათ, რამოდენადაც „ზოგიერთი, ჩვენს გარეთ მყოფი,შემთხვევა“ ნებას მოგვცემს.
მათი დიდი მნიშვნელობა იმაში მდგომარეობს, რომ ჩვენი ღირსება ფეხზე წამოდგა და დიდის ხნით თავმინებებული თვისი კუთვნილება ხმა-მაღლა მოითხოვა. ერთობ ეს სახე და ეს ფერი ადევს ყოველს წინადადებას, რომელიც კი გურიისა და ქართლის მაზრების კრებამ თავის სასახელოდ და სხვათა სამაგალითოდ დაადგინა და საგუბერნიო კრებაში შეიტანა. ეროვნულ ღირსების გაღვიძებამ მოახდინა ის მართლა-და თითით საჩვენებელი სასახელო ამბავი, რომ თავად-აზნაურობამ ტფილისის გუბერნიისამ ერთხმად იკისრა გაიწეროს შვილების გასაზრდელად ხარჯი. ამ ღირსების გაღვიძებამ იმოქმედა, რომ იმავე თავად-აზნაურობამ თითქმის ერთხმადვე მოითხოვა ქართულს ენას თავისი კუთვნილი ფართო გზა და ადგილი მიეცეს სკოლაშიო. ამ ეროვნულ ღირსების გაღვიძებამ ჰქმნა ის, რომ იმავე თავად-აზნაურობამ მოიწადინა გუბერნიის მკვიდრთა მცხოვრებთა მონაწილეობა მიანიჭოს გუბერნიის და მაზრების საქმეთა გამგეობაში, და იმოდენის პატივისცემით მოეპყრო ამ დიდებულს წადილს - რომ თვით ვერ შეჰბედა ეგრე სახელდახელოდ ამ დიდს საქმეს და მიანდო ცალკე კამისიას - ყოველის მხრით გამოიძიოს, შესაბამი საბუთი შეჰკრიბოს, იმ წადილის განხორციელებისათვის პროექტი შეადგინოს ჩვენის ქვეყნის შესაფერი, და ეგრეთ შემუშავებული წარმოუდგინოს საგუბერნიო კრებას განსახილველად — რაც შეიძლება ხან-დაუყოვნებლივ.
მას აქეთ, რაც ჩვენს თავად-აზნაურობას ამისთანა ყრილობის უფლება მიენიჭა, არც ერთი კრება არა ყოფილა ასეთი აზრიანი, ასეთი სახელოვანი და ასეთი მნიშვნელობიანი. ამ კრების საგანთა სიდიადემ და უაღრესობამ თავად-აზნაურობას თვალი აახილებინა სხვათა შორის იმაზედაც, რომ თითონ მარშლების არჩევანსაც ახალი საბუთი, ახალი მოთხოვნილება უნდა წარუძღვეს წინა. ცხადად იგრძნო, თუ ყველამ არა, ერთმა ნაწილმა მაინც, რომ ამ დიდს საქმეებს შესაფერი კაცებიც უნდა შეერჩიოს. ეს ცხადად აღიარა ქუთაისის ბანკის კრებამ, რომ განათლებულის კაცის მარშლად მოწვევისათვის ჯამაგირად 3,000 მანეთი დანიშნა. ეს ცხადად გამოსთქვა ერთმა ნაწილმა ტფილისის თავად-აზნაურობისამ, რომელიც დღეს-აქამომდე ძველის გუბერნიის მარშლის ხელახლად არჩევანს ეწინააღმდეგება მარტო იმის გამო, რომ ეხლანდელის დროების შესაფერი არ არისო. არ ვიცით, რამოდენად მოუხერხდება ქუთაისის თავად-აზნაურობას განათლებულის კაცის ამორჩევა გუბერნიის მარშლად, არ ვიცით - რამოდენად გასჭრის აქაურების უარყოფა წინანდელის მარშლისა, მაგრამ ამას კი ვიტყვით, რომ ერთსაც და მეორე მაგალითშიაც აშკარადა სჩანს მოქმედება გაღვიძებულის აზრისა. თავად-აზნაურობას, თუ მთლად არა, ნაწილს მაინც უგრძვნია, რომ დროთა- ვითარებას, ცხოვრების მოთხოვნილებას უნდა კაცი შეუფეროს და ისე ამოირჩიოს. თუ ჯერ ეს აზრი ყველას ვერ შეუთვისებია სხვადასხვა მიზეზისა გამო, და თუ დღეს ეგ აზრი, ასე თუ ისე,ძლევით არ შეიმოსება, მაინც იმედი დაკარგული არ უნდა იყოს, რაკი მაგ აზრმა ჩვენში გაიღვიძა, დღე-ყოველ მომხრეები მოემატება, რაზმი გაუმრავლდება, იმიტომ რომ თითონ აზრი საბუთიანია. ხანგრძლივობა და გამარჯვება, თუ დღეს არა, ხვალე მაინც საბუთიანს აზრს დარჩება, ესეა ქვეყნის წარმატების კანონი. ეს იმედი ამხნევებს ყოველს მას, ვისაც კი სწამს პროგრესი ადამიანისა.

