შინაური მიმოხილვა - 1881 წელი, მარტი
- nino otiashvili
- Jan 9, 2024
- 7 min read
რუსეთი და მისი საპოლიტიკო საგანი. — სახელმწიფო და ეროვნობა. — მოხელეთა ერთგულება. — სახელმწიფო ერთობას არ უშლის არც რჯულის და არც ერის სხვადასხვაობა. — ეროვნობის საქმე რუსეთის ლიტერატურაში. — Вестник Европы და მისი წერილი Восточная политика и обрусение. — ახალი მოძრაობა აზრისა ეროვნობის შესახებ. — იქ უფრო ბნელა, საცა ნათელი გვეგულება. — სამოსწავლო გეგმა ბ-ნ იანოვსკისა. — ახირებული დასკვნა. — ერთის თქმა და მეორის ქმნა.
რუსეთი ერთი იმისთანა სახელმწიფოა, საცა სხვადასხვა ტომისა და ენის ერნი სცხოვრობენ, და მერე ისე, რომ თავიანთ მამა-პაპეულ მიწა-წყალზედ შეჯგუფებულნი არიან და არა შიგა-და-შიგ გაფანტულნი. ამიტომაც ერთს უდიდესს საპოლიტიკო საგანს რუსეთისას შეადგენს ჯერ ის, რომ სხვადასხვა ტომის ერნი როგორ უნდა მოეწყონ შინაობაში სათითოოდ, და მერე — როგორ უნდა მოთავსდნენ სახელმწიფოსთან. დიდი ხანია მოსალოდნელი იყო ყველა თვალახილულ კაცისათვის, რომ დღესა თუ ხვალე ეს ფრიად რთული და მძიმე საგანი მთელის თავისის სიგრძით და სიგანით წინ აეყუდებოდა რუსეთს და მის გადაუწყვეტლად მისი წინსვლა შეფერხდებოდა. ყველას უნდა წინასწარ სცოდნოდა, რომ დღესა თუ ხვალე ეს საგანი თავისას მოითხოვდა; რომ დღესა თუ ხვალე რუსეთი იძულებულ შეიქმნებოდა დაენიშნა სამზღვარი სახელმწიფო მოქმედებისა საზოგადოდ და ეროვნობისა ცალკედ და ერთისა და მეორის მოედანი ცალ-ცალკე შემოეფარგლა. ამას მოითხოვდა არამც თუ მარტო ისტორიული მდინარეობა სამართლიანის აზრისა, არამც თუ მარტო შორმხედველობა დამჯდარის ჭკუისა, არამედ თითონ სახელმწიფოს პირდაპირი ინტერესიცა. თუ რამ სამდურავი, გულის ტკენის ხმა, ჩივილი ისმოდა აწმყო მდგომარეობის შესახებ ამ ვრცელის იმპერიის სხვადასხვა ადგილებში, ამისი მიზეზი მარტო ის იყო, რომ მთელი მოედანი საზოგადოების ცხოვრებისა მარტო სახელმწიფოს ეჭირა, და ეროვნობა, რომელსაც თავის განსაკუთრებულს ცხოვრებაში თავისი საკუთარი საქმე აქვს, თავისი საკუთარი ჭირი და ლხინი, გულ-ხელ-დაკრეფილი იყო და ხმაამოუღებლივ სხვის მაყურებელი. რუსეთს არა ჰქონდა და არც დღეის-აქამომდე აქვს გამორკვეული და დადგენილი დედააზრი მასზედ, — თუ სად თავდება უფლება ეროვნობისა და სად იწყება სახელმწიფოსი.
მოხელეობა, რომელიც ხშირად მოკლებულია არამც თუ საზოგადო დედააზრებს, არამედ უმეცარია იმისიც, რაც ხშირად ფიქრად, თუ საგნად აქვს უმაღლესს მთავრობასა, — ამ უდიდესს საგანს ისე ექცეოდა, როგორც მისი ქეიფი იყო. ეგონა, რომ ეროვნობის დევნა და ჩაგვრა თავი და ბოლოა სახელმწიფოდ მომქმედის კაცისა, საჭიროა სახელმწიფოს წარმატებისათვის და თითონ უმაღლესი მთავრობაც ამისი მსურველი და მცდელია. ამ მხრით არავის ისეთი ვნება არ მოუტანია რუსეთისათვის, როგორც თავის ქეიფზედ მოარულთ მოხელეებსა: ორგულობას შვრებოდნენ და ერთგულობად კი მიაჩნდათ და იმათი კადნიერება იქამდის მიდიოდა, რომ მთავრობას მუნათსაცა სდებდნენ. მათის მოქმედების შედეგი ის იყო, რომ რუსეთის სახელი შეაძულეს მათ, ვის საერთო სიყვარულზედაც უნდა აგებულიყო სახელმწიფოს ძალ-ღონე, კეთილდღეობა და წარმატება.
რადგანაც არსებითი ნიშანი ეროვნობისა, მისი გული და სული — ენაა, ამიტომაც ტლანქი ხელი უმეცარის მოხელეობისა ყველაზედ უწინარეს ენას მისწვდა. თუ რომელსამე მოხელის ხელს ამ შემთხვევაში აზრი რამ ამოქმედებდა, ეგ ის აზრი იყო, რომ სახელმწიფოს ერთიანობა შეუძლებელია იქ, საცა ყველანი ერთსა და იმავე სახელმწიფო ენაზედ არ ლაპარაკობენო. უგუნურება ამ აზრისა ცხადია. იყო დრო, როცა რჯულის, სარწმუნოების სხვადასხვაობასაც ამასავე სწამობდნენ. იყო დრო, როცა ფიქრობდნენ, რომ იქ, საცა ერთისა და იმავე სახელმწიფოს ერნი სხვადასხვა წესით ადიდებენ ღმერთსა, ერთობა სახელმწიფოსი ვერ იხეირებსო და დაირღვევაო. რეფორმაციამ დაამტკიცა, რომ ეგ აზრი მარტო უმეცრების ნაყოფია; დაამტკიცა, რომ ერთსა და იმავე სახელმწიფოში ძალიან კარგად მოთავსდება სხვადასხვაობა სარწმუნოებისა და ერთობის კავშირს საძირკველიდამ ერთს ქვასაც ვერ გამოაცლის. მოვა დრო, და გვგონია — დიდის ხნის ლოდინიც არ მოგვინდეს, რომ ენის შესახებაც იმას იტყვიან, რასაც ეხლა რჯულის შესახებ ბრმანიცა და თვალხილულნიც ამბობენ ერთხმად. მოვა დრო, როცა უმეცარნი და ძალად- მაცხონე მოხელეებიც კი დაინახვენ, რომ ჩეხს შეუძლიან თავისი სკოლა, თავისი შინაური საქმეები თავისას დედა-ენის შემწეობით მოაწყოს და ავსტრიის იმპერიის ერთობა ამითი არამც თუ შეირყეს, უფრო გაძლიერდეს და განმტკიცდეს.
რომ ეს აზრი თანდათან ფეხს იდგამს და ფრთასა ჰშლის თითონ რუსეთშიაც, ამას გვიმტკიცებს თითონ რუსეთის ლიტერატურაცა. პირველი მესვეური ამ საქმეში იყო და არის რუსული, ყველაზედ უფრო ჭკუადამჯდარი ჟურნალი „Вестник Европы“, რომელმაც ეროვნობის დევნის წინააღმდეგ საფუძვლიანად ხმა ამოიღო. სხვათა წერილთა შორის დავასახელებთ ერთს საბუთიანს წერილს, რომელსაც სათაურად ჰქონდა: „Восточная политика и обрусение“. თუმცა ამ წერილში არ არის განსაზღვრული ეროვნობის და სახელმწიფოს სამოქმედო მოედანი, თუმცა არ არის ნაჩვენები — სად უნდა დაიდვას ამ ორთა შუა მიჯნა, მაგრამ აღიარებულია, რომ ეროვნობის უფლებას სახელმწიფოში თავისი ადგილი უნდა ჰქონდეს, თავისი ცალკე მოედანი უნდა ეჭიროს. მას შემდეგ რუსულს ლიტერატურაში კანტი-კუნტადღა ისმოდა ხმა იმავე საგანზედ, მაგრამ ერთხელ ასე თუ ისე გაღვიძებული მართალი აზრი უნაყოფოდ არ ჩაუვლის ხოლმე ადამიანს. ამ აზრმა იარა, იარა და ამ-ჟამად იმოდენად მომწიფდა, რომ თითქმის ყველა დაწინაურებულმა ჟურნალ-გაზეთობამ რუსეთისამ ამ აზრს მიაქცია თავისი განათლებული ყურადღება. „Молва“, „Порядок“, „Голос“, „Вестник Европы“, „Слово“ და თითონ ყველაფერში უკან-ჩამორჩომილი „Петербургские Ведомости“-ც კი ამ საგანზედ ბჭობენ და ლაპარაკობენ, და მათ შორის ერთიც არ არის, რომ არ ჰქადაგობდეს ეროვნობის უფლების აღდგენასა სახელმწიფოში, როგორც ენის შესახებ, ისეც შესახებ შინაურის საქმეების გამგეობისა. არამც თუ მარტო ლიტერატურაში, არამედ ლიტერატურის გარეთაც, საზოგადოებაში ისმის ეგევე ხმა და ვრცელდება ეგევე აზრი რუსეთის უკეთესთა წარმომადგენელთა მეოხებით.
ბ-ნ სპასოვიჩის სიტყვას, თქმულს ამ საგანზედ იურიდიულ საზოგადოებაში 2-ს თებერვალს, ასეთი ზემოქმედება მოუხდენია მსმენელებზედ, რომ ტაშის-კვრას ბოლო არა ჰქონია ცხადი ნიშანია, რომ თითონ რუსეთის საზოგადოებასაც შეუთვისებია ეს მოხელეებისაგან დევნული აზრი. სპასოვიჩს უთქვამს, რომ საჭიროა სამართალი იმ ენაზედ სწარმოებდეს, რომელზედაც
თითონ ერი ლაპარაკობსო. ეროვნობა, როგორც თვით სარწმუნოებაცა პირადი გრძნობააო. სახელმწიფოს საქმე ამ შემთხვევაში მარტო ის არის, რომ სხვადასხვა ენებმა ერთმანეთის დაუშლელად იმოქმედონო. უფრო ადვილია ორიოდე მოხელემ შეისწავლოს ერის ენაო, ვიდრე მთელმა ერმა დაივიწყოს თავისი დედა-ენა და უცხო ენა ისწავლოსო. „თქვენი ხელმწიფება, — უთქვამს სპასოვიჩს, — დაამკვიდრეთ თქვენის კულტურითა და კეთილის გამგეობითა, და მაშინ ხელმწიფებას თქვენის ენისას წინ არა დაუდგება რაო. რომაელთა სამართალმა და ნაპოლეონის კოდექსმა ისე დაიპყრა ერნი, რომ მათთვის პირიდამ ენა არ ამოუგლეჯნიაო“. რუსეთის ლიტერატურის და საზოგადოების უკეთესნი წევრნი აღტაცებით და დიდის ქებით მიეგებნენ ამ სიტყვას, რომელიც ჩვენ ესე მოკლედ მოვიყვანეთ.
ამ სახით, ეროვნობის საქმე რუსეთში ეხლა იმ მორიგ საგნად გახდა, რომელსაც რუსეთის დაწინაურებული საზოგადოება, თავისის მწერლების და მოღვაწეების შემწეობით, წინ უყენებს მთავრობასა განაჩენის დასადგენად ეროვნობის სასარგებლოდ. თუმცა ჯერ მარტო ენის თაობაზედ არის ლაპარაკი და სხვა მხარეს ეროვნობის საქმისას ბეჯითად არ წასჭიდებიან, მაგრამ ენის შესახებაც ვხედავთ, რომ რუსეთის აზრმა ეროვნობის საქმეში ერთის ბიჯით კიდევ წინ წადგა ფეხი. წინათ ენის უფლების აღდგენას მარტო სკოლის საქმეში თხოულობდნენ, და ეხლა ეგ აზრი იმოდენად განვითარდა და გაივსო, რომ ერის შინაურ საქმეთა წარმოებასა და გამგეობაშიაც ითხოვენ.
აქ საკვირველი ის კი არ არის, რომ ეროვნობის საქმემ ეგრე სამართლიანად ფეხი მოიკიდა და მომხრეობა მისი გავრცელდა რუსეთის დაწინაურებულ საზოგადოებაში. ეს დღესა თუ ხვალ განათლებას უსათუოდ უნდა მოეხდინა. ამისათვის მარტო ხანი და დრო იყო საჭირო, რომ ჭკუა- გონება გაზრდილიყო, ასაკში შესულიყო. ჩვენ მარტო ის გვიკვირს, რომ იგი წრე რუსეთის საზოგადოებისა, რომელსაც სწავლა-განათლების მიმდინარეობაში განათლების ლამპარი და წინამძღვარობა ხელთ უპყრია, სწორედ ის წრე ყველაზედ მეტად და ხანგრძლივ ეურჩებოდა და დღესაც ეურჩება მას, რაც განათლებას ეგრე აუცილებლად დღესა თუ ხვალ უნდა ზედ მოჰყოლოდა. ეს ისე ცხადად და თვალსაჩინოდ არსად არ აღმოჩენილა, როგორც რუსეთის იმპერიის განაპირებულ ადგილებში, საცა ენის თაობაზედ სკოლის საქმეში წაჯექ-უკუჯექის თამაშობა გამართეს სწავლა-განათლების მოხელეებმა. დიდხანს ითამაშებენ კიდევ ამისთანა სასაცილოს თამაშს თუ არა, ეგ ჯერ ღმერთმა იცის.
აქ უნდა შევწყვიტოთ ჩვენის ნებითვე სიტყვა, თორემ სხვანი შეგვაწყვეტინებენ. ახლა იქნება მკითხველმა მკითხოს: ან ეგ რაცა სთქვი, რათა სთქვიო. რათა ვსთქვი!.. პირველი, იმიტომ — რომ ენა ცოტად მექავებოდა; მეორე იმიტომ — რომ... მეორეს-კი, უკაცრავად, ვერ მოგახსენებთ, და იცით რა მიზეზით? იმ მიზეზით, რომ ჩვენც თითონ არ ვიცით, ვისთვის და რისთვის ვლაპარაკობთ, როდესაც ყველაფერი ოთხ კედელ შუა თავდება ჩვენში. ამას კი ვიტყვით, — ამ წერილს თირკმელები განგებ ამოვაცალეთ და შუა წელი გამოვსჭერით, რომ თავსა და ბოლოს მაინც ნება ჰქონოდა ქვეყანაში გამოსვლისა. საკვირველი დროა ეს ჩვენი დრო, იტყვი რასმე, მაშინვე პირში მოგვარდებიან, — რათ ამბობო, და არ იტყვი კიდევ, გიკიჟინებენ — რატომ არას ამბობო. აი ამაზედ არის ნათქვამი: გავიქცევი — ქარიანი მქვიან და დავდგები — ლაჯიანიაო.მოდი და ენდე ამ წუთისოფელსა.
ნუთუ იმაზედაც ბოდიშის მოხდას მომთხოვთ, რომ „შინაურ მიმოხილვას“ დაგპირდით და ლაპარაკი კი გარეულზედ გაგიბით. მაგრამ, თუ ის საგანი, რაზედაც ჩვენ დავიწყეთ ლაპარაკი, შინაურ საქმედ არ მიაჩნია მკითხველს, მაშინ, მგონია, ბოდიში თითონ მკითხველმა უნდა მოიხადოს ჩვენის ქვეყნის წინაშე და წინათვე გულდადებით დაჯერებული იყოს, რომ თავს ვერას-გზით ვერ იპატიებს. შინაური საქმეა, ბატონებო, მერე ასეთი, რომ მაგ საქმეზედ არის დამოკიდებული იმისი პასუხი, რასაც ჰამლეტი თავისთავსა ჰკითხავდა: ყოფნა, თუ არ-ყოფნაო...
თუმცა შორი-შორს სიტყვა კია, მაგრამ ერთი რამ კიდევ უნდა მოგახსენოთ. ბატონმა იანოვსკიმ, რომელიც სწავლა-განათლების წინამძღვარია ჩვენს ქვეყანაში, ხომ მოგეხსენებათ, თავისი დედააზრი გამოაცხადა საერო სკოლების შესახებ და აღძრა სწავლების ენის თაობაზედ ბაასი, თუმცა კი აქ საბაასო არა იყო-რა. მეცნიერებას ეგ საქმე დიდი ხანია გაურჩევია და თავისი უტყუარი განაჩენი დაუდგენია. ეხლა ჩვენ ხელთა გვაქვს ერთი პატარა დაბეჭდილი წერილი. ღირს-საცნობი წერილია, ჯერ იმითი, რომ დამტკიცებულია, და მეორე იმითი, რომ დღეის ამას იქით საერო სკოლის საქმემ იმ გზაზედ უნდა იაროს, რაც იმ წერილშია ნაჩვენები და აღნიშნული. ბატონი იანოვსკი ამ წერილში ბრძანებს, რომ გამოცდილებამ დაგვანახვაო, რომ ბავშები სამსა და ოთხს წელიწადში ძლივს სწავლობენ კითხვას, წერას, ოთხს პირველს მოქმედებას არითმეტიკისას, მეკლე კატეხიზმოს და საღვთო წერილსა, ამიტომაც... ამიტომაც ჩვენში რუსულის ენის სწავლებას სადღა მოასწრებენო, იტყვით თქვენ. რა ვუყოთ, რომ იტყვით? თქმა ყველაფრისა შეიძლება, მაგრამ საქმე იმაშია თქმულში ლოღიკაც იყოს, და ამაზედ ვინა ბრძანდება უკაცრავად, თქვენა, თუ ჩვენა, არ ვიცით. ეს კი ვიცით, ჩვენს საეროს სკოლას, გარდა იმისა — რაც მისი პირდაპირი საქმეა, ერთი ტვირთი კიდევ მოუმატეს. განა არ იცით, რომ ვინც ერთს ფუთს ძლივსა ჰზიდავს, იმას მეორე ფუთიც რომ ზედ დაადოთ, უფრო სუბუქად ივლის.
ზემოთქმულს წერილში ერთი ყურადღების ღირსი აზრიც არის გაყვანილი ბ-ნ იანოვსკის სახელითა, სახელდობრ ისა, რომ საეროს სკოლის მესამე განყოფილებაში სწავლება უ ფ რ ო უ მ ე ტესად რუსულს ენაზე დუნდა მიდიოდესო. ეს უბრძანებია ბ-ნ სიანოვსკის 12დეკემბერს; „попечительский совет“-ს, რასაკვირველია, მიუღია და 22-ს დეკემბერს თითონ ბ-ნს იანოვსკის წარუდგენია და მთავრობისაგან დამტკიცებულა. იგივე ბ-ნი იანოვსკი 28 დეკემბერს გაზეთს „Кавказ“-ში, No 348, ამბობს: „ყოველს კეთილად განწყობილს პირველდაწყებითს სკოლაში სწავლება უნდა მიდიოდეს უფრო უმეტესად დედა-ენაზედაო“. ამას ამბობს საზოგადოდ და მესამე განყოფილების შესახებ არა სცვლის ამ თქმულსა, მხოლოდ უმატებს, რომ რუსულად წაკითხული სტატიები დედა-ენაზედაც უნდა ითარგმნებოდეს ამ განყოფილებაშიო, და საგნები და სტატიები — შესწავლული დედა-ენაზედო — რუსულადაც უნდა ითქვასო. აქედამ ის გამოდის, რომ 12 და 22-ს დეკემბერს უპირატესობა საერო სკოლის სწავლებაში, მესამე განყოფილებაში მაინც, რუსულ ენას დარჩენია და 28-ს დეკემბერს კი — დედა-ენასა. რომელი ერთი ვიწამოთ? რასაკვირველია, 12 და 22 დეკემბრის განჩინება, რადგანაც იგი თქმულიც არის და უკვე ქმნულიცა; და 28-ს დეკემბრისა კი — მარტო თქმულია და „Кавказ“-ის No 348-ში დარჩება სახსოვრად იმისა, რომ ზოგჯერ ქმნა ერთია და თქმა მეორე.
რომ არევ-დარევა აზრებისა არავინ დაგვწამოს, ამ ორსავე საქმეს ბ-ნ იანოვსკისას, ქმნულსა და თქმულსა, რუსულადვე ამოვსწერთ ერთმანეთის პირდაპირ.
ქმნული 12 და 22 დეკემბერს: «ИнаконецвIIIотделениипреподаваниедолжновестисьпреимущественно на русском я
з ы к е, с переводом всего изучаемого на этом языке на родной». თქმული 28-ს
დეკემბერს:
«На основании этих положений, в каждой благоустроенной начальной школе преподавание должно бытьведенопреимущественно на родном языке».
მას შემდეგ:
«В третьем отделении учебные занятия продолжаются при таком же распределении числа уроков на родной язык и русский, с тем, чтобы статьи, читаемые на русском языке, были излагаемы и на родном языке и чтобы предметы и статьи, изучаемые на родном языке излагались, по возможности, и на русском».
ასე, ჩემო მანასეო, ხან ისე და ხან ასეო.