შინაური მიმოხილვა - 1881 წელი, ივლისი
- nino otiashvili
- Jan 9, 2024
- 7 min read
სახელმწიფო მამულის გაცემის თაობაზედ. - საჭიროა ამის წესების შეცვლა. - სახელმწიფო ქონებათა მინისტრის პროექტი. - სწავლა-განათლების მინისტრის ცირკულიარი. - ჩვენი მწვავე ტკივილი. - მიზეზნი ჩვენის სწავლა-განათლების უხეიროდ მსვლელობისა. - ქართველები ცოტანი რათ არიან სასწავლებლებში. - ჩვენი სამღვდელოება არა შველის სწავლა-განათლების საქმეს. - ზოგიერთი რამ ჩვენს სამღვდელოებაზედ. - დეპუტატთა კრება. - სასაცილო ამბავი ამ კრებისა.
„ივერიაში“ ამ ორის-სამის წლის წინათ ნათქვამი იყო, რომ ის წესები, რომელსაც ჩვენებური სახელმწიფო ქონებათა გამგეობა ხმარობს სახელმწიფო მამულების იჯარით გასაცემად, - ისე დახლართულია და დახვლანჭილი, ისე გაბმული და გამობმული და ისე შეუფერებელი, რომ კარს უხშობს ცხვირ-წინვე იმ ნაწილს ერისას, რომელიც პირდაპირ მწარმოებელია და მიწის- მომქმედი; ეგ წესები თითქო იმისათვის არიან დადგენილნი, რომ ამ ნაწილმა ერისამ თავ- ბედისა ვერა გაიგოს-რა და მითი ისარგებლონ მარტო იმათ, ვინც თითონ არ ამოქმედებს მიწას, და თუ იჯარით იღებს სახელმწიფო მამულებს - მარტო იმისათვის, რომ მიწის პირდაპირ მომქმედს მოგებით და გადამეტებულ ფასად გადასცეს. ჩვენებური გლეხკაცობა,რომელიც სუნით ეძებს მამულებს და რომელსაც სახელმწიფო მამულების იჯარით აღება ცხონებასავით ენატრება, ვერას-გზით ვერ აისრულებს მაგ ნატვრას, ვიდრე მაგისთანა წესები დარჩება და საწყალი მიწის-მომქმედი ხარბის მოიჯარადრის ხელში იქნება. მაგ წესების უმთავრესი ნაკლულევანება ის არის, რომ როცა იჯარით გაცემის ვაჭრობაა ხოლმე დანიშნული, გლეხკაცობა ვერ იტყობს. თუმცა რუსულ გაზეთებში გამოაცხადებენ ხოლმე, მაგრამ სად გლეხკაცი და სად გაზეთი, მერე ჩვენებური გლეხკაცი და რუსული გაზეთი. ამის გამო, მაგ ვაჭრობაზედ ქალაქელების მეტი არავინ ესწრობა. ამითი ორნაირი ვნება გამოდის. ერთი ის, რომ მამულები ჩალის ფასად რჩებათ ქალაქელებს, რადგანაც გლეხკაცობა, ესე იგი ისინი, ვინც მამულის ფასი კარგად იცის, ვინც პირდაპირი მომქმედია და ვინც ამის გამო მძლავრ მოცილედ წინ დაუდგება ქალაქელებს, ვაჭრობაში არ შემოდის და ქალაქელებს მამულები უცილებლად რჩებათ. ამით შემოსავალი აკლდება სახელმწიფოს. მეორე ისა, რომ გლეხკაცი ტყუილ-უბრალოდ შუაში იჭყლიტება, რადგანაც ქალაქელი იღებს მამულს იჯარით მარტო იმის იმედით, რომ გლეხკაცსავე გადასცეს და ერთი-ორად, ერთი-სამად და ზოგჯერ ერთი-ათადაც მეტი გამოჰგლიჯოს. ერთის მხრით სახელმწიფო ჰკარგავს, მეორეს მხრით გლეხი, და ამის დაკარგვა ისევ სახელმწიფოს დაკარგვაა, რადგანაც სახელმწიფოს, ჯერ- ხანობით მაინც, გლეხი აცხოვრებს. გარდა ამისა, თვით ვაჭრობის წესები მეტად რთულია, გადაბმულ-გადმობმული. მათს შესრულებას ბევრი დრო, მოცალეობა და ხარჯი უნდა, ასე რომ გლეხკაცი თავ-ბედს იწყევლის, ვიდრე საქმეს საქმეზედ მოიყვანს. ამ მხრითაც მაგ წესებს შეცვლა უნდა და განმარტივება, რომ გლეხკაცს სახელმწიფო ქონებათა გამგეობასთან ადვილად საქმის დაჭერა მოუხერხდეს.
რასაკვირველია, თუ სახელმწიფო ქონებათა გამგეობა საქმეს საქმის თვალით უყურებს, სანატრელი უნდა იყოს, რომ იჯარით გაცემა მამულებისა ადვილად შესასრულებელ წესებით მოეწყოს, და მერე - რომ უფრო ბევრი მოვაჭრე დაესწროს ვაჭრობაზედ და მერე იმისთანა მოვაჭრე, რომელიც პირდაპირი მუშაა მიწისა. მაშინ მამულის იჯარის ფასიც აიწევს და გლეხკაცს კი მაინც უფრო იაფად დაუჯდება, ვიდრე მაშინ, როცა ხარბის მოიჯარადრისაგან აიღებს მამულს.
ამ ბოლოს ხანებში რუსეთში სცნეს მაგ წესების უხეირობა და უვარგისობა. ეხლა-ხანს სახელმწიფო ქონებათა მინისტრმა წინადადება შეიტანა მინისტრთა კომიტეტში იმის შესახებ, რომ გლეხკაცობას როგორმე გაუადვილოს სახელმწიფო მამულების იჯარით აღება. ეხლანდელს პროექტს მინისტრისას უმთავრეს აზრად ისა აქვს, რომ გლეხკაცობას მიეცეს ღონისძიება და გზა იჯარით იღოს სახელმწიფო მამული პირდაპირ სახელმწიფო ქონების გამგეობისაგან და მათ შუა არ ჩაეჩხიროს სხვა კაცი გლეხკაცის საწეწად. ჩვენ ჯერ დარწმუნებით არ ვიცით, რა ღონისძიებაა და გზა ნაჩვენები, რომ ეს ფრიად საკეთილო აზრი განხორციელდეს საქმით. ჩვენ თუ ამ საგანზედ მოვიტანეთ სიტყვა, იმიტომ მოვიტანეთ, რომ აქაურმა მთავრობამაც მიაქციოს ამ საგანს თავისი ყურადღება და აქაურობის საჭიროების მიხედვით შესცვალოს უხეირო და დახლართული წესები სახელმწიფო მამულების იჯარით გაცემისა. დედააზრად ის უნდა წაიმძღვარონ, რომ გლეხკაცობას საკუთრივ და მიწათ- მომქმედს საერთოდ გზა და ღონისძიება მისცენ სახელმწიფო მამულების იჯარით აღებისა პირდაპირ სახელმწიფო ქონების გამგეობისაგან.
**
ახალმა მინისტრმა განათლებისამ ბარონმა ნიკოლაიმ გამოაცხადა ცირკულიარი სამოსწავლო მაზრების მზრუნველთა მიმართ. ეს ცირკულიარი თუმცა დაწვრილებით არას ამბობს საერო განათლების შესახებ, მაგრამ შიგ ზოგიერთი ზოგადი აზრია ისეთი, რომ მეტი არ იქნება საზოგადოების ყურადღება მივაქციოთ და გულში კარგად ჩავინარჩუნოთ, - იქნება როდისმე ჩვენც გამოგვადგეს. ბ-ნი მინისტრი აუწყებს მზრუნველებს, რომ გარდა იმისა, რომ თქვენ უპირატესნი წარმომადგენელნი ხართ თავ-თავის ადგილას მთავრობის მზრუნველობისა საერო განათლების საქმეშიო, თქვენ სხვა მოვალეობაც კისრად გდევთო. ადგილობრივ მოხელეობასთან და საზოგადოებასთან გაუწყვეტელი კავშირი უნდა იქონიოს და ადგილობრივის საჭიროებისა და უმაღლესის მთავრობის შორის შუამავალნი თქვენ უნდა იყოთო. თუ ეს აზრი ჩვენშიაც გადმოვიდა, მაშინ აქაური მოხელენი განათლებისა ისე ალმაცერად აღარ დაუწყებენ ყურებას აქაურის საზოგადოების მოთხოვნილებას და საჭიროებას და ერთსაც და მეორესაც ძალაუნებურად ფასს რასმე დასდებენ, მაინც-და-მაინც ყურსაც არის ათხოვებენ და დაცინებით გვერდთ აღარ ჩაუვლიან, როგორც აქამომდე შვრებოდნენ.
სკოლამ არ უნდა დააშოროს მოწაფე შინაურობას, ოჯახობასაო, ამბობს მეორე ადგილას ბ-ნი მინისტრი. ძალიან არა სრულდება ეს ყოვლად საქები და გონიერი სურვილი მინისტრისა ჩვენებურ პედაგოგების ხელში, რომელნიც დღეს-აქამომდე ისე წინ-დაუხედავად ეურჩებიან ყოველს იმას, რაც კი სკოლისა და ოჯახის კავშირის დამკვიდრებას შველის! ძალიან არ დამკვიდრდება ეს კავშირი, როცა ჩვენებური ბავში შინიდამ გარეთ ფეხს გამოადგამს თუ არა და სკოლის დირეს გადააბიჯებს, თავისას აღარაფერს არც ნახავს, არც გაიგონებს!..
დირექტორები და ინსპექტორები საერო სკოლებისა, როგორც პირდაპირნი მოხელენი საერო განათლების სამინისტროსი, უნდა იყვნენ მოხელეებად მთავრობის მზრუნველობისა და არა საზოგადოების თვითმოქმედების შემავიწროებელადაო, ამბობს აგრეთვე ბ-ნი მინისტრი. თვითმოქმედება საზოგადოებისა მათგან პატივცემულ და წახალისებულ უნდა იყოსო. სასურველია გულში ჩანერგული ჰქონდეთო, რომ ისინი საზოგადო საქმის მსახურნი არიან და არა მბრძანებლებიო. - ძალიან დიდი პატივისცემა და წახალისება არ არის საზოგადოების თვითმოქმედებისა, რომ წელიწად-ნახევარია რამდენიმე სოფლის საზოგადოების განჩინება სკოლის გამართვის შესახებ ჰყრია დღეს-აქამომდე გუბერნიის სამართველოში დასამტკიცებლად და არ იქნა, ეგ დამტკიცება არ ეღირსა. ღმერთმანი, ან ერთმა დირექტორმა და ინსპექტორმა ამისათვის თითი დასძრა და! შენც არ მომიკვდე!.. საწყალი წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, რაც შეუძლიან, თავისის მხრით ცდილობს, და არამც თუ დაამტკიცებინა, ადგილიდამაც ვერ დააძვრევინა ვერც ერთი განჩინება.
თუ ღმერთმა ჰქნა და ბ-ნ მინისტრის ცირკულიარმა კავკასიის მთებს გადმოაბიჯა, გარდა ამისა თვალყური ადევნა ვინმემ, რომ თქმული ქმნულად იქცეს, მაშინ იქნება ჩვენებურ პედაგოგების ხელით ამოქოლვილი კარი განათლებისა ჩვენს ერსაც გაეღოს. იქნება მაშინ ჩვენც გვეშველოს რამე, იმ დრომდე კი დეე ინავარდონ, ვინც აქამდის ნავარდობდა ჩვენის ერის განათლების მოედანზედ.
ჩვენი ჯერ-ხანად უკურნებელი ტკივილი და ძალიან მწვავი ტკივილიც ის არის, რომ ჩვენის ქვეყნის სწავლა-განათლების საქმე მეტად ცუდად არის მოწყობილი და პატრონი არ არის, რომ ყურადღება მიაქციონ და რაც შეიძლება შესცვალონ და გაასწორონ. ნაკლულევანება ამ მოწყობილობისა ხშირად და ვრცლად ყოფილა ნაჩვენები აქაურ მწერლობაში, მაგრამ მითამ კედელზედ ცერცვი შეგიყრია, არავის ყურიც არ გაუბერტყნია. ან რად უნდოდათ, რომ ყური გაებერტყნათ? სწავლა-განათლების საქმე განა იმისთანა დიდი რამ არის, რომ ამისათვის თავი გაიცხელონ, ვისიც ჯერ არს. იქნებიან ერთი ათი-თხუთმეტი წელიწადი, მერე იტყვიან: „უკაცრავად, თქვენთან დანაშაული მაქვსო“, დაჰკვრენ ფეხსა და წავლენ. ვინ არის პატრონი? ვინ არის გამჩხრეკი? ერთი შიგ ჩახედონ აქაურს პედაგოგებს გულში გამჭრიახის თვალით და ნახონ, რა ღვარძლი აქვთ იმისთანა, რომ ესე ხანგრძლივ და შეუბრალებლად გესლავენ ჩვენს სწავლა-განათლების საქმეს. ერთი იკითხონ, სწავლა-განათლების მეტს სხვას რას ეძებენ და რათ ეძებენ ჩვენებური პედაგოგები? რას იზამ? გამკითხველი ვინ არის? არიან და ფარფაშობენ.
აქაურის სწავლა-განათლების მზრუნველის 1880 წლის ანგარიში რომ გადაათვალიეროთ, ნახავთ, რომ სწავლა-განათლება ჩვენში ტაატით მიდის და გულ-აცრუებით საზოგადოდ და ქართველობისათვის საკუთრივ; ნახავთ, რომ აქ, ჩვენში, სწავლა-განათლებას ყველანი ძალიან ნაკლებად ეწაფებიან და ქართველები ხომ ნაკლებ და ნაკლებ. კურსშესრულებულები გიმნაზიებსა და პროგიმნაზიებში სულ 52 კაცია. ამათში რუსი 24, სომეხი 15, ქართველი 4, თათარი 1, მთის მცხოვრები 1, ევროპიელნი 7. მცხოვრებთა კვალობაზედ ერთი გიმნაზიელი რუსებს მოსდით 833 კაცზედ, სომხებს 1,111 კაცზედ, ქართველებს 1,666-ზედ, მთის ხალხს 10,000-ზედ და თათრებს 12,500-ზედ. გიმნაზიებსა და პროგიმნაზიებში ჩვიდმეტზედ მეტი მოსწავლე არ მოდის ქართველი, მაშინ როდესაც რუსი ორმოცდა-ცხრაზედ მეტია და სომეხი ოც-და-ერთზედ მეტი. თითონ ტფილისის გიმნაზიაში ასში 41 რუსია, 31 სომეხი, ქართველი კი მარტო 16. საზოგადოდ ასს შეგირდში რუსია 35, თათარი 18, სომეხი 18, ლეკები და სხვა მთის ხალხი 11 და ქართველნი კი 10.
რას უნდა მივაწეროთ ესრეთი მცირედობა მოსწავლეთა რიცხვისა საზოგადოდ და ქართველებისა საკუთრივ? აქ მიზეზი ორ-გვარია: ერთი საზოგადოა, მეორე საკუთრივ ქართველობას შეეხება. საზოგადო მიზეზს შეადგენს სასწავლებლის პროგრამების უთავ- ბოლობა და უმსგავსობა, იმიტომ რომ ის პროგრამები არ ეშესაბამება არც პედაგოგიურს მოთხოვნილებას, არც აქაურს ვითარებას და არც ბავშის ძალ-ღონეზედ არის დაფუძნებული. თითონ სასწავლებელნი ცოტანი არიან, და რაც არიან — ისიც ერთს ალაგას, ქალაქებში ჯგუფად თავ-მოყრილნი და არა გაფანტულნი და მორიგებულნი საჭიროებისამებრ სხვადასხვა ადგილას, ასე რომ მწყურვალნი ვერ მისწვდომიან. გარდა მაგისა, სწავლა- განათლების საქმისათვის მეტად ცოტა ფულია ერთობ დანიშნული, — სულ მთელს კავკასიაზედ 822,246 მანეთია. თითო სულზედ 151⁄3 კაპეიკი მოდის. ეს, ჩვენის ფიქრით, საზოგადო მიზეზია. საკუთრივ ქართველების საქმეს კი სხვა მიზეზიც აბრკოლებს.
პირველი მიზეზი ის არის, რომ ქართველები უფრო სოფლად მცხოვრებნი არიან, სასწავლებლები კი ქალაქებშია, მაშასადამე სასწავლებელზედ ქართველები შორს არიან და მოკლებულნიც ღონისძიებას შვილების განათლებისას. რუსები — როგორც მოხელეობის მქონენი და სომხები — როგორც ვაჭრები, სულ სხვა ყოფაში არიან ამ მხრით. ესენი სულ თითქმის ქალაქებში სცხოვრობენ, ესე იგი სასწავლებელზედ ახლო, იმიტომაც ეადვილებათ შვილების აღზრდა და შენახვა. მეორე მიზეზი, რომ სომხების და სხვა რჯულის ხალხნი ქართველებზედ მეტნი სწავლობენ, ის არის, რომ სწავლა-განათლების საქმეს დიდს ხელს უწყობენ სომხისა თუ სხვა რჯულის ხალხის სამღვდელოება. ძნელად იპოვით სომხის მღვდელს და ან მაჰმადიანების მოლას, რომ თავის სამწყსოში სკოლა არა ჰქონდეს. კარგნი არიან ეს სასწავლებლები, თუ ცუდნი, იმით მაინც შველიან სწავლა-განათლების საქმეს, რომ პირველ ხანებში ბავშს დედა-ენის შემწეობით ცდილობენ გაუხსნან გონება, დედა-ენას ასწავლიან და წერა-კითხვას ავრცელებენ. ამ მიზეზით, რასაკვირველია, რიცხვი მოსწავლეთა — სომხისა, თუ სხვა რჯულის ხალხისა, მეტი იქნება ქართველებზედ. ქართველები ამ შემწეობას მოკლებულნი არიან იმიტომ, რომ ჩვენი სამღვდელოება ამ-გვარ საქმისათვის
უღონოა და ამ უღონობით ძალაუნებურად გულ-ხელდაკრეფილია. ეგრეც იქნება დიდხანს, იმიტომ რომ ჩვენი სამღვდელოება თითონ იწვრთნება იმისთანა სემიანარიაში, საცა დედა- ენას იმ ერისას, რომელ შორისაც ჩვენმა სემინარიელმა უნდა იმოძღვროს, სემინარიაში ისე ასწავლიან, რომ არ-სწავლება სჯობიან. ამისათვის ჩვენი უენო სამღვდელოება ძალაუნებურად უქმია იქ, საცა დიდი შემწეობა ეგრე ადვილი და შესაძლებელია. უქმია არამც თუ ერის სწავლა-განათლების საქმეში, არამედ ერის მოძღვრების საქმეშიაც. დამუნჯდა ამის გამო ჩვენის ეკლესიების კათედრა, გაუქმდა ყოვლად ძლიერი ქადაგება, წაწყმდა სასოება სარწმუნოებისა და ამის გამკითხველი არავინ არის. თუ სემინარიის მმართველებმა ამ საგანს ასე ყური მოუყრუეს და სემინარიის პროგრამას არა უხერხეს-რა დედა-ენის სწავლების შესახებ, არამც თუ ჩვენს საქმეს სწავლაგანათლებისას გზა წარემართება, არამედ თითონ მოძღვრობის საქმეც იქამდის მივა, რომ ჩვენი ერი იძულებული შეიქმნება „პერევოჩიკის“ შემწეობით გაენდოს ხოლმე თავის მოძღვარსა. თუ ეს მოსალოდნელი არ არის, აი თვალწინ აფხაზების მაგალითი გვიდგა. იქ იმისთანა მღვდლები თურმე დაუნიშნავთ, რომელთაც პურის დასახელებაც არ იციან თურმე აფხაზურად. აბა, აფხაზები ამათ როგორ უნდა გაენდვნენ, თუ არ „პერევოჩიკის“ შემწეობითა? თუ თითონ ერი არ გებრალებათ, ხაზინას მაინც გაუფრთხილდით, თორემ „პერევოჩიკების“ დაჭერა მოგინდებათ და, მაშასადამე, ჯამაგირების ძლევაცა.
ეხლა-ხან აქაურ საეპარქიო სამღვდელოების დეპუტატები მოწვეულ იყვნენ ქალაქში. იმათ წარმოსთქვეს, რომ საჭიროა სასულიერო სასწავლებელში ქართული ენა რიგიანად ისწავლებოდეს, რადგანაც უენო მოძღვარი მოძღვრობას ვერ იზამსო. პასუხად უთხრეს, აბა ჯიბეს ხელი გაიკარითო, ქისებს პირი მოხსენითო და მერე ვიფიქრებთო. პასუხი თუ გინდათ ეს არის. ამისთანა პასუხი ასე მძიმე საგანზედ მარტო იმის პირისაგან თუ ამოვა, რომელსაც საქმისათვის გული არ უცემს. განა, თუ მღვდლებმა ამისათვის ფული არ გამოიღეს, მთავრობამ ამ საგნისათვის ხელი არ უნდა გასძრას?! ნუთუ მთავრობის უუწმინდესს მოვალეობას არ შეადგენს მზრუნველობა, რომ ერს იმისთანა მოძღვრები მოუმზადოს, რომელთაც ღონისძიება ჰქონდეთ სამწყსოს გააგებინონ რამე და თითონაც სამწყსოსი გაიგონ. მოძღვარის ფარ-ხმალი ენაა. თუ ენა არ ეცოდინება, უქმია იმისი თანამდებობა. ენა ერისა იმოდენად საჭიროა ერის მოძღვრისათვის, რომ სამღვდელოებამ თითონაც არ ინდომოს, მთავრობამ ძალად უნდა მოანდომებინოს, და თუ მაგისათვის საჭიროა ხარჯი, თითონ მთავრობამ უნდა იკისროს. ნუთუ აქაური მმართველობა სამღვდელოებისა ჰფიქრობს, რომ თუ თითონ მღვდლებმა ამისათვის ფული არ გამოიღეს, საქმე ამით უნდა გათავდეს! ნუთუ ამ მიზეზით უნდა ამოიკვეთოს ქართული ენის სახსენებელი საქართველოს სასულიერო სასწავლებელთა შორის! ნუთუ ჰგონიათ, რომ სარწმუნოების საქმეს ამით არა დაუშავდება-რა ჩვენში! ნეტარ არიან უმეცარნი და ყრუნი...
სასაცილო იყო ამ დეპუტატების მოწვევა. ყველგან და ყოველთვის, საცა-კი კრებაა ხოლმე დანიშნული, აუცილებელ წესად მიღებულია, რომ კრებისაგან გასარჩევი საგნები წინათ დანიშნული და გამოცხადებული უნდა იყოს, ნამეტნავად მაშინ, როცა კრება ამორჩეულ პირთაგან უნდა შესდგეს. ეგ წესი იმიტომ არის, რომ ამომრჩევლებმა საქმის სიდიდეს და სიმძიმეს შეურჩიონ შესაფერი კაცები და თითონ წევრთაც დრო და ღონისძიება ჰქონდეთ ყოველ-მხრივ მოიფიქრონ და მოისაზრონ კრებისათვის დანიშნული საგნები. ჩვენმა დეპუტატებმა-კი არამც თუ არ იცოდნენ, რისთვის იყვნენ მოწვეულნი, ისიც არ იცოდნენ, ამოდენა ქალაქში სად უნდა მოეყარათ თავი. საწყლები ჩამოვიდნენ, ხან სად მიაწყდნენ, ხან სად, და ბოლოს ძლივს იშოვეს ერთი ოთახი და როგორც იყო კრება გამართეს. ყველაფერი გაგვიგონია ჩვენს ბედნიერს ქვეყანაში და ამისთანა სასაცილო ამბავი-კი პირველია. ეჰ, კურთხეულო რუსთაველო! შენ რამდენი ხანია გითქვამს:
„კარგი რამ მჭირდეს, გიკვირდეს, ავი რა საკვირველია?“.

