top of page

შინაური მიმოხილვა - 1881 სექტემბერი

  • Writer: nino otiashvili
    nino otiashvili
  • Jan 9, 2024
  • 7 min read

X


ლოდინი. - არქეოლოგიური კრება. - თ. ლევან მელიქიშვილის სიტყვა. - ბ-ნი ილოვაისკის სიტყვა. - მისი თხოვნა. - ტფილისის მუზეუმი. - ბ-ნი ვირხოვი. - გორის საქალებო სკოლა. - ახალი გაზეთი „შრომა“.


ბევრს წყალს ჩაუვლია ქვეყანაზედ, მაგრამ, გვგონია, ადამიანს ბევრჯელ არ ენახოს ამისთანა გამოურკვეველი ყოფა, რა ყოფაშიაც . . . . . . . ერთობ გულდაწყვეტილია ყველა, ძალღონე- მიხდილია, მოდუნებული. ჰაერი გარშემო დახშულია, ადამიანს სული უგუბდება, სული გვამში ვეღარ მოუტრიალებია, სულით და გულით დახუთულია, გონებით დალაბრებული, გრძნობით მიცვეთილი. თითქო მთელს აგებულებაში ტყვია ჩაუსხამთო, ისე დამძიმებული, გულდაწყვეტილია დღეს ადამიანი. ადამიანს რაღაცა ჰწყურიან, რაღაცა ჰშიან, რაღაცას ეტანება მთელის თავის არსებითა, მაგრამ... მისაწვდომს ვერ მისწვდომია. გვიჭყეტია თვალები და თავ-გაბრუებულები შევყურებთ ხვალინდელს დღესა. რა იმედით? რა ნუგეშით? არვინ იცის. ეს კი ვიცით ყველამ, რომ გუშინდელი ყველას მოსწყინდა, დღევანდელი ყველას შესძაგდა, და თუ დაგვრჩა რამე ნიშნად სიცოცხლისა, სულდგმულობისა, — ეგ ხვალინდელის ლოდინია. გული ნდომით დამძიმებულია და სული მაგ ლოდინითა. სულ ველით, რაღაცას ველით გამსუნაგებით, მაგრამ ლოდინი ლოდინად გვრჩება. ეგ ლოდინია საყოველთაო სატკივარი დღევანდელის დღისა, ეგ ლოდინია ის ახალი სენი, რომელიც დიდსა თუ პატარას დღეს აგებულებაში ჩასდგომია და რომელიც ყოველს საქმეში, ყოველ შემთხვევაში გვათქმევინებს ხოლმე: ვინ იცის, ხვალ რა იქნებაო.


ეგ ლოდინი ისე არავის სულს არ უხუთავს, როგორც იმას, ვისაც გული სხვისთვისაც ისე უცემს, როგორც თავისთვის, ვისაც სხვისი ბედი თავის ბედთან შეუერთებია, ვისაც „მე და ჩვენ“ განუყოფელად მიაჩნია, ერთ-არსებად ურწმენია, ერთის სიტყვით - ვინც მამულის- შვილობის სახელის ღირსი შექმნილა . . . . . . . სული დრტვინავს, გული ჰკვნესის ამაო ლოდინის გამო. შესვა, შეჰლია მაგ ლოდინმა მთელი ჩვენი მხნეობა, ქანცი გაგვიწყდა, და — აჰა! — თუ ამ დაუსრულებელს სიბნელეში ერთი მცირედი რამ შუქი აღმოჩნდეს ადამიანის ნუგეშად!... საშინელი ყოფაა ეს ყოფა ადამიანისათვის. ეგ საშინელება თითქო დაუსრულებელიაო. . . . . .

ამისთანა მდგომარეობაში ყოველივე არა-ჩვეულებრივი ამბავი კაცს ცოტაოდნად მაინც გამოაცოცხლებს ხოლმე და ლოდინით გაბრუებულს გონებას გამოუფხიზლებს. ამისთანა ამბავი ჩვენ ქართველებისათვის ის არის, რომ დღეს ჩვენს დედა-ქალაქში არქეოლოგიური კრებაა გამართული. რვას ამ თვეს პირველი სხდომა იყო. ეს პირველი მაგალითია ჩვენს ისტორიაში, რომ ჩვენი დედა-ქალაქი ტფილისი ღირსი გახდა მეცნიერთა კრებისა. განსაკუთრებით შესანიშნავი ეს არის, რომ არც ერთს სხვა ქალაქში რუსეთში, საცა კი ამ-გვარი კრება ყოფილა, ამოდენა ხალხი არ შეყრილა კრებაზედ, როგორც აქ, ტფილისში, შეიყარა. შვიდასი კაცი მეტი დაესწრო, მაშინ როდესაც ამისთანა კრებაზედვე ყაზანში და კიევში ორასზედ მეტი არ დასწრებულა. ეს მით უფრო საკვირველია, რომ ყაზანსა და კიევში უნივერსიტეტებია და, მაშასადამე, უფრო დიდძალი ხალხი უნდა დასწრებოდა.


პირველს საათზედ მობრძანდა თ. ლევან მელიქიშვილი თავისის ამალითა და წარმოსთქვა ეს მოკლე სიტყვა: „დიდმა მთავარმა ნამესტნიკმა, როცა აქედამ წაბრძანდა, მე მიბრძანა, რომ მეხუთე არქეოლოგიური კრება გავხსნაო. დიდ პატივად მიმაჩნია, რომ მე მომეცა შემთხვევა ამის აღსრულებისაო. სიხარულით მომირთმევია ჩემი სალამიო უცხო ქვეყნელთ და ჩვენებურ მეცნიერთათვისაო, რომელნიც დღეს ჩვენ გვეწვივნენო“. ამის შემდეგ გრაფმა უვაროვმა წარმოსთქვა მოკლე ისტორია არქეოლოგიურ კრების დადგინებისა რუსეთში საერთოდ და ჩვენში საკუთრივ. მერე ღენერალმა კამაროვმა კრებას წარუდგინა ანგარიში ფულისა, რომელიც მთავრობისაგან გადადებული იყო ამ მეხუთე კრების სახარჯოდ. ბოლოს ავიდა კათედრაზედ მოსკოვის მეცნიერი ისტორიკოსი ილოვაისკი და წარმოსთქვა გრძელი და ფრიად უგემური სიტყვა. საგანი მისის სიტყვისა უფრო ის იყო, თუ როგორი დაახლოება ჰქონია უწინდელს დროში რუსეთთან კავკასიას საერთოდ და საქართველოს საკუთრივ. ამის შესახებ ახალი არა უთქვამს-რა და რაცა სთქვა, ისიც ასეთი რამ იყო, რომ ყველა ანბანში ადვილად საპოვნელია. ერთმა ადგილმა ბ-ნ ილოვაისკის სიტყვაში მიიქცია ჩვენი ყურადღება, მერე ისე, რომ კინაღამ სიცილი არ წაგვცდა. ბ-ნმა ილოვაისკიმ უადგილო ადგილას წარმოსთქვა სხვათა შორის: „გთხოვთ, მშვენიერო კავკასოო, გადაგვიხსნა შენი გული და გვაჩვენო აუარებელი სიმდიდრე, რომელიც შიგა და გარეთ ეგრე უხვად მოფენილი გაქვსო“.ბატონო და თუ ცალიერი თხოვნა მაგის შემძლებელი ყოფილიყო, ქართველებს თხოვნის მიცემას, თუნდ ღერბიან ქაღალდზედ, ვინ დაასწრობდა? მითამ ქართველებს სიმდიდრე არ გვეჭირვება თუ? აი, ნეტავი, თხოვნის მეტი არა უნდოდეს-რა, რომ ჩვენმა ქვეყანამ თავისი საუნჯე და სიმდიდრე თავის გულიდამ ამოიღოს და ჩვენ მოგვცეს და, მგონია, თხოვნას ჩვენ ვერავინ დაგვასწრობდა. აქ, ბატონო, თხოვნის და ვედრების საქმე კი არ არის, მეცნიერებით აღჭურვილის მეცადინეობის საქმეა. თუ გინდათ, რომ ჩვენის ქვეყნის სიმდიდრე ადამიანს ჩაუვარდეს ხელში, ხვეწნას და ღრეჭას თავი დაანებეთ და მეცნიერების ფარ-ხმალით შემოსეთ აქაურობა, თორემ მოსულხართ და დედამიწას დასძახით: გთხოვთო. გთხოვთ, რა პასუხია! ბ- ნ ილოვაისკის სიტყვაში, რასაკვირველია, ხშირად იყო ხმარებული დიდებული რუსეთი და მართლმადიდებელი რუსეთი. საცა კი რუსეთი ახსენა, ან ერთი ზედშესრული მიაკერა, ან მეორე. ყველაზედ მომეტებული ტაში ბ-ნს ილოვაისკის ერგო იმ დღეს და, სწორედ მოგახსენოთ, ღირსიც იყო, თუ არ გამიწყრებით.


სხდომა იმ დღეს თითქმის ამით გათავდა. აქედამ ხალხი გაიწვიეს სხვა ოთახებში, საცა ძველი ნივთები და ხელნაწერი წიგნები იყო გამოფენილი. აქ ბევრი არა იყო-რა. ყველაზედ მეტი ყურადღება ყუბანიდამ მოტანილ ნივთებმა მიიზიდეს. ერთი მცოდნე პირი ამბობდა ყუბანიდამ მოტანილ ნივთებზედ, რომ ეგ ნივთები არქეოლოგიისათვის ფას-დაუდებელიაო. იქნება ეგრეც იყოს.


შემდეგ ხალხი წავიდა მუზეუმის სანახავად. მუზეუმის აღწერა შორს წავა. ამას კი ვიტყვით, რომ ჩვენი ტფილისის მუზეუმი დიდის გემოვნებით და მეცადინეობით არის მოწყობილი. სახელი და დიდება ბ-ნს რადეს, მუზეუმის გამგებელს. მართლა რომ მოსაწონი რამ არის, ლამაზად მოწყობილი და კოპწიად მორთული. ჩვენ ყველას ვურჩევთ თავისის თვალითა ნახოს და დარწმუნებული ვართ, მადლობელნი დაგვირჩებიან.


ყველაზედ შესანიშნავი ამ კრებაზედ ბ-ნი ვირხოვია, გამოჩენილი მეცნიერი და მთელს ქვეყნიერობაზედ სახელგანთქმული. კაცი არ იყო კრებაზედ, რომ არ ეკითხნა: აბა ერთი ვირხოვი რომელია, გვაჩვენეთო. თითონ ვირხოვი ტანად დაბალი კაცია, ჭაღარა-მორეული, სამოცის წლისა იქნება, მაგრამ ისეთი ცქვიტი და ცოცხალია, ისეთი მკვირცხლი თვალები აქვს, რომ გეგონებათ - ოც-და-ათის წლის კაციაო. ეს იმისთანა კაცია, რომ მნახველს საკვეხურად უნდა ექმნას მისი ნახვა. გარდა ამისა, რომ იგი მეცნიერობით განთქმულია, ბერლინის პარლამენტში ერთი ძლიერი მოპირდაპირეა ყოვლად-შემძლე ბისმარკისა და ამასთანავე პროგრესისტების წინამძღომელი არის.


**


ამ შესანიშნავ ამბავთან ორი შესანიშნავი ამბავიც კიდევ სხვა მოხდა ჩვენს უფერულს ცხოვრებაში: გაიმართა გორში ქალების სასწავლებელი და დაიბადა ქუთაისში ახალი გაზეთი „შრომა“.


ვინ არ იცის, რომ თავი და ბოლო ჩვენის უღონობისა, უკან ჩამორჩომისა, ჩვენის უბედურებისა, — უმეცრება და უსწავლელობაა. ესეც ყველამ იცის, რომ უმეცრების და უსწავლელობის წამალი სხვათა შორის სკოლაა. სხვათა შორის-მეთქი, სხვათა შორის კი არა, ერთი უპირველესი და უმთავრესი ღონისძიება სასწავლებელია. მაგრამ სასწავლებელიც არის და სასწავლებელიც. სკოლა, სასწავლებელი, ორ-პირი ხმალია. ვნების მოტანაც შეუძლიან და დიდის სიკეთისაც. ეგ იმაზეა დამოკიდებული, თუ როგორ არის მოწყობილი და აგებული პროგრამა სწავლებისა. ჩვენ არ ვიცით, საქალებო სასწავლებელი გორისა რაზედ არის დაფუძნებული. თუ ნეტარხსენებულ თეორიაზეა დამყარებული, რომელიც ეგეთის გაბედვით ბ-ნმა ზახაროვმა ავარჯიშა ჩვენში ერთს დროს, ესე იგი - მასზედ, რომ ქართველს ქართული არ უნდაო და ყოველიფერი ამ უმსგავსო აზრს შეუფერა, მაშინ გორის საქალებო სასწავლებელი, როგორც სხვა მის მსგავსი სასწავლებელიც, სულ რომ არ ყოფილიყო, ის გვერჩივნა.


ნურავინ ნუ დაივიწყებთ, რომ საქართველოში საქალებო სკოლამ ქართველს უნდა გაუზარდოს ქართველი ქალი, ქართველს უნდა გაუზარდოს ქართველი დედა, ქართველი დაი, ქართველი დედაკაცი. თუ სკოლა ამას არ იქმს, ის სკოლა წყალსაც წაუღია, ჩვენ ბევრს არას ვინაღვლით. თუ ღვთის მადლით გორის საქალებო სკოლას ეს საგანი დაუდვია თავისის პროგრამის სარჩულად, მაშინ სიხარული გვმართებს, რომ გორში საქალებო სკოლა გაიმართა, და თუ არა - ღმერთმა შეინახოს. ჩვენ იმისთანა სკოლისა არც მოტანილი გვინდა, არც გატანილი. გვეყო, რაც ჩვენმა საქალებო სკოლებმა ვნება მოგვიტანეს, ის საქმე დაგვმართეს, რომ ჩვენი ოჯახისშვილი სკოლის დასრულების შემდეგ ჩვენს ოჯახში ისე შემოდის, როგორც უცხო თესლის ადამიანი. ცოლად შემოდის, დად, თუ რძლად, იმას ჩვენი აღარა გაეგება-რა და ჩვენ იმისი. ამის გამო დაირღვა ჩვენი ოჯახობა, გაწყდა ურთიერთობის კავშირი, ოჯახი თავზედ ჩამოგვექცა და ჩვენც გავწყალდით და მიწასთან გავსწორდით. გვეყო და გვამყოფინეთ, ღვთის გულისათვის!.. მოგვეცით მართალი სკოლა, ქართველის სულისა და გულის ამამაღლებელი, გონების გამხსნელი! ნუ გაურევთ სკოლის უწმინდესს საქმეში სხვა საქმეს, რომელიც სკოლას არ შეეფერება! ნუ გადუდგებით მტკიცედ დადგენილს კანონებს პედაგოგიისას! მოგვეცით სასწავლებელი ქართველის ქალისა, ქართველის დედისა, ქართველის ოჯახის დედაკაცისა! ყოველივე ამას აცილებული არც თქვენი გამოსაყენია, გვერწმუნეთ, არც ჩვენი. ვისაც გული აცრუებული აქვს თავის ვინაობაზედ, თავისიანობაზედ, ვისაც თავისი უარ-უყვია, გულიდამ ამოუღია, დავიწყებას მიუცია, ის სხვისას ვერ შეითვისებს, ის სხვისას ვერ უერთგულებს. ტყუილი შრომაა, ტყუილი ცდაა. ეგ კიდევ არაფერი, რომ შრომა და ცდა ტყუილია, საქმე იმაშია, რომ მაგ შრომით და მაგ ცდით ერთს აკლებთ და მეორეს არას ჰმატებთ. ტყუილ-უბრალოდ იღუპება მთელი მოზარდი თაობა, იღუპება ქვეყანა, რომლის იმედიც და ნუგეშიც მოზარდი თაობა უნდა იყოს.


მეორე სახსარი სწავლა-ცოდნის მოფენისა, რასაკვირველია, ჟურნალ-გაზეთობაა. ამ მხრითაც ჩვენს ქვეყანას ერთი ჯარისკაცი მოემატა.


როცა ამ ჩვენს პატარა ქვეყანაში ახალი ჟურნალი ან გაზეთი დაიბადება, ყველაზედ უწინარეს ენაზედ ეს კითხვა მოგვადგება ხოლმე: ცალკე რად და რატომ ერთად არა? თუ რამ შეუძლიანთ ამ ერთ მუჭა მწერლებს, ერთად მოიყარონ თავი, ერთად მოაგროვონ შეძლება და ღონე და ერთად გაისარჯნენ, უფრო კარგი არ იქნება? საცა ესეთი სიღარიბეა მწერლობისა, საცა მწერლები ესე ცოტანი არიან, იქ ცალკედ გასვლას მიზეზი რამ უნდა ჰქონდეს და დიდი საფუძვლიანი მიზეზიცა. ამ შემთხვევაში საფუძვლიანი მიზეზი ერთია და უკანასკნელიცა. მე სხვა გზას უნდა დავადგე, სხვა მიმართულება უნდა დავამყარო, სხვა საფუძველი უნდა დავუდვა ჩვენს ცხოვრებასა და სხვა აზრი უნდა ვიქადაგო. განცალკევებას ამ შემთხვევაში სხვა მიზეზი არ უნდა ჰქონდეს, ნამეტნავად ჩვენში, საცა ჟურნალი და გაზეთი, ხარჯისა და გარჯის მეტს, არაფერს გამორჩომას არა უქადის მწერალსა.


პირველი ნომერი რომ მივიღეთ „შრომისა“, მაშინვე სათაურს წერილს მივმართეთ, რადგანაც რედაქცია, თუ საჭიროდ დაინახავს, პირველს სათაურს წერილში აცნობებს ხოლმე მკითხველს თავის ვინაობას, არჩეულს გზასა და მიმართულებას. დიდის ყურადღებით გადავიკითხეთ ეგ წერილი და მარტო ის დასკვნა გამოვიტანეთ, რომ რედაქცია ცდილა თავისის მიზნის გამოთქმასა, მაგრამ არა გამოუთქვამს-რა. როცა ამ საგანს ეხება რედაქცია, აი რას ამბობს:

„ბევრმა არ იცის, რომ შეიძლება ოდესმე მივაღწიოთ იმ ბედნიერებამდის, როცა მოძალეთა არ გვეშინოდეს, ცხოვრება მუდამ-დღე არ გვაგონებდეს პიროვნობის და თავისუფლების დამცირებას და, უკანასკნელ, არ ვიყოთ მუდამ ლტოლვაში დღიურს საზრდოზედ და ლუკმა- პურზედ, რომ კაცი იყოს უზენაესი წარმომადგენელი ბუნების ქმნილებისა და უზენაესი ქმნილება სხვა ქმნილებათა შორის დედამიწის ზურგზედ“.


რის თქმა უნდა ამით რედაქციას? იმისი თუ, რომ ბევრმა არ იცისო და მე ვაცოდინებო. კარგი და პატიოსანი. მაგისთანა მოძღვრებისათვის რომელი გაზეთი, ან ჟურნალი დაგიკეტავდათ კარს, თუ წერილი სხვაფრივადაც ღირსი იქნებოდა დაბეჭდვისა? რა ახალი მიზანია ეგა? აქ განსხვავება რაშია? განა კატკოვი კი არ იტყვის, რომ შეიძლება იმ ბედნიერებამდის მივაღწიოთო? განა რომელიმე რადიკალური გაზეთი მაგას უარ-ჰყოფს? არა. ეგ ხომ ზოგადი ფრაზაა, რომელიც განცალკევების მიზეზად არ შეიძლება იქმნას. მაშ რა საბუთი აქვს „შრომის“ მოვლენას ქვეყანაზედ?


„ჩვენდა საუბედუროდო, - ამბობს შემდეგ იგივე წერილი: - ჯერ კიდევ ცოტანი არიან, რომელნიც ფიქრობენ, რომ ტყვია-წამლის სიუხვე კაცობრიობის ბედნიერებას არ შეიცავს, რომ ხალხთა ცხოვრება მაშინ არის სრულად შემკული (მართლა, სრულად?), როცა მათში სუფევს ერთობა, ერთმანეთთან ძმური დამოკიდებულება და როცა პირადი თავისუფლება მონებაში არ არის“.


კიდევ ვიკითხოთ: რის თქმა უნდა ამით რედაქციას? უსათუოდ იმისი, რომ ცოტანი არიან და მე ვეცდები გავამრავლოო. ესეც, სწორედ მოგახსენოთ, ზოგადი ფრაზაა, წყობილ-სიტყვაობაა და არ მიზნის აღნიშვნა. აქ მაინც-და-მაინც მიზანი არა სჩანს.

„უეჭველია, „შრომის“ რედაქცია ეცდება, - ამბობს იგივე წერილი, - რაც ღონე აქვს იშრომოს იმა მიზნისათვის“. რომელი იმა მიზნისათვის? წინა სტრიქონებში გარკვევით და გადაწყვეტით არავითარი მიზანი არ არის აღნიშნული, გარდა იმისა, რომ - „ვისაც ცოტა რამე ესმის და სიმართლის სიყვარული გულში ჩავარდნია, მუდამ იმას უნდა ცდილობდეს, რომ ორის დღის სიცოცხლე მისი ამ წუთის-სოფელში უნაყოფოდ არ გაატაროს და შეძლებისა-და-გვარად თვისი შრომა და ღვაწლი იმ წმინდა მიზანს მოახმაროს, რომლის მისაღწევნელად ბევრმა სიცოცხლე შესწირა“.


ამისთანა ორჯერ ორი ოთხი, როგორც ზემოთ მოყვანილებია, ანუ ამისთანა ფრაზები: „ყოველივე დამოკიდებულია პატიოსანს შრომაზედ, თავის მიზანს ყველაზედ უფრო ადრე ის მიუახლოვდება, ვინც მეტსა შრომობს ცხოვრების ასპარეზზედ“, ანუ: „ჩვენ ყველანი ვალდებულნი ვართ ვემსახუროთ ჩვენს სამშობლოს შეძლებისადა-გვარად“, — ეს ამისთანა ფრაზები იმათ არა ღირან, რომ მაგათ გულისათვის „შრომამ“ ცალკე ეწიოს მძიმე ტვირთი მწერლობისა და „დროებამ“ ცალკე.


მაინც-და-მაინც გზას ვულოცავთ ჩვენს ახალს მოძმეს, ღმერთმა მშვიდობით მგზავრობა მისცეს ამ უკუღმართს წუთის-სოფელში და მტკიცედ შეასრულებინოს მართლა-და პატიოსანის გაზეთის მოთხოვნილება, რომ ზოგადს ინტერესებს ემსახუროს და თავიდამ აიცილოს ლიტერატურის უკადრისი - პიროვნობის და კერძო ცხოვრების გაუპატიურება.

Recent Posts

See All
შინაური მიმოხილვის მაგიერი

1881 წელი, იანვარი ეს — შარშან ახალი, და წელს ძველი წელიწადიც - ჩაჰბარდა პატრონს. რა იმედებით ვიყავით აღვსილნი, როცა ამ ძველმა წელიწადმა...

 
 
bottom of page