შინაური მიმოხილვა - 1881, მაისი
- nino otiashvili
- Jan 9, 2024
- 13 min read
დასაწყისი უარმყოფელის მიმართულებისა რუსეთში. — მომხრეობა ძველისა და ახალისა. — ორი დიდი ბანაკი. — „მამები და შვილები“. — ევროპის კონსერვატორობა და ლიბერალობა. — ორკეცი სინჯვა საქმისა. — რუსეთში კონსერვატორობა რეტროგრადობად გადიქცა და ლიბერალობა მარტო უარყოფად. — პისარევი და მისი ზედმოქმედება. — რამ წაიტყუა ყმაწვილ-კაცობა. — რით იკვებებიან დღესაც ჩვენებური შინგამომცხვარი ლიბერალები. — Современник-ი და ბაზაროვი, ბაზაროვი და პისარევი. — რათ მოხდა? — ჩვენებურ ლიბერალების უკან ჩამორჩომა. — არ იციან. — ჩვენშიაც ორი ბანაკია. — ახალი გუნდი ჩვენებურებისა. — მათი მიმართულება. — სლავიანების მაგალითი. — რისთვის უნდა მომზადდეს ჩვენი ყმაწვილკაცობა? — ჩვენი პროგრამა. — ჩვენი საწყაო რა უნდა იყოს. — თვით-ამორჩეული დეპუტატები და ვენზელები. — ტფილისის თავად-აზნაურთა ბანკის კრება.
ნეტარხსენებული იმპერატორი ალექსანდრე მეორე ავიდა ტახტზედ თუ არა, სულ სხვა, ახალმა სიომ დაუბერა რუსეთს. იმ დრომდე თვალდახუჭვილმა და ენადაბმულმა რუსეთმა თვალი აახილა, ენა ამოიდგა. რასაკვირველია, ეს უცებ არ მოხდა და არც ერთის კაცის ნებითა: ეგ მოიტანა ცხოვრებამ, რომელიც თავის-დღეში უქმად არ შეჩერდება ხოლმე, ეგ მოიტანა ცხოვრების ნამუშევარმა. ახალმა დრომ თუ თავი რითმე იჩინა, ეგ იმით, რომ თავისი-თავი ცოტად თუ ბევრად იცნო და თავის მოთხოვნილებას აჰყვა.
ახლად თვალახილულმა რუსეთმა, რაღა თქმა უნდა, ჯერ თავის-თავზედ დაიხედა, გაიჩხრიკა თავისის ყოფაცხოვრების თირკმელები, შიგნეულობა. ნახა, რომ ზოგიერთი მაცხოვრებელი ძარღვი ჩასწყდომია, ჩირქი ჩასდგომია და შეჰგუბებია. შეუდგა მიზეზთა გამოძიებას: რამ იმოქმედა ასეო? ნახა, რომ მისის სნეულების სათავე - თითონ ცხოვრების წყობაა და აგებულება, ერთხელ და ერთხელ შემოღებული და გაუახლებლად დამკვიდრებული. უარჰყო იგი წყობა. უარჰყო ყოველივე, რაც კი ამ წყობას შესწევდა და ხელს უმართავდა. ამ არსებულის უარყოფამ წამოიწია იმ წრიდან, რომელსაც გონებით მცხოვრებს საზოგადოებას ეძახიან, რომელიც ყოველგან და ყოველთვის ნუგეშია და იმედი ყოველის ერისა, და რომელიც ცხოვრების წარმატების უღლის თავში პირველი ჩადგება ხოლმე. ის საზოგადოება მთელის თავის ძალღონით მიაწყდა ამ უშველებელ საქმეს უარყოფისას, და ყოველს მის მოქმედებაში ან წუნი და კიცხვაა დრო-გარდასულის ძველისა, ან მოძღვრება და ნატვრა ნელად აკვირტებულის ახლისა. უკეთესნი წარმომადგენელნი ამ საზოგადოებისა — პოეზიაში, მეცნიერებაში თუ პუბლიცისტობაში, — სულ ამ დიდის საქმის მიმდევარნი იყვნენ დაუღალავად. მათის მართლა- და დაუვიწყარის ღვაწლით მაგ თამამმა და უარმყოფელმა მიმართულებამ ფეხი კარგად განზედ გაიდგა რუსეთში და ცხოვრების მოედანზედ დაიჭირა ადგილი. ამ ახალ მიმართულების მესვეური იყო სახელოვანი Современник-ი.
აზრთა მოძრაობაში, როგორც ყველაფერში ქვეყანაზედ, ერთი მეორეს ადგილს არ უთმობს უომრად, უბრძოლველად. აქაც ასე მოხდა. ცხადიც არის, რატომ. არსებული, ძველი, ისე არ გაცუდდება, რომ ვისიმე გამოსაყენი არ იყოს. ეს ერთი. მეორე ისა, რომ ბევრი იმისთანა მოდუნებული და შელახული კაცია ქვეყანაზედ, რომელიც ისე შეეჩვევა ხოლმე ჭირსა, რომ შეჩვეული ჭირი შეუჩვეველს ლხინს ურჩევნია. მესამე და ყველაზედ უფრო ფესვ-მაგარი კიდევ ის არის, რომ ყოველს არსებულს, ყოველს ძველს თავისი ადგილი უკვე დაუპყრია ადამიანის ცხოვრებაში, უმრავლესობისაგან აღიარებულია, ნებით თუ უნებლიეთ გულ-შეჯერებულია და ჟამთა ხნიერობით ბეჭედდაკრული და დამტკიცებული. ამ სამთა მიზეზთა გამო ძველს, არსებულს, მომხრე არ დაელევა. თითონ ახალიც, რომელიც ძველის ადგილას უნდა ჩამოსდგეს, დაბადებისავე უმალ ისე არ მომწიფდება, რომ პირში ჩადების და დაღეჭის მეტი სხვა აღარა უნდოდეს-რა. როგორც ძველის ობი, ისე ახალის კვირტი — ძნელი დასანახავია. ამისათვის მეტად საღი, გამჭრე თვალი უნდა გონებისა.
ამ მიზეზით, თითქმის მთელი რუსეთი გაიყო ორ დიდ ბანაკად: ერთში მოექცნენ ძველის, არსებულის მომხრენი, მეორეში ძველის უარმყოფელნი და ახალის მესვეურნი. პირველს ბანაკს დაერქვა „მამების ბანაკი“, მეორეს — „შვილებისა“. ეს სწორედ რუსეთში მოგონილი სახელებია და სრულებით არ უხდება იმ საგანს, რომელიც ევროპაში მოქმედებს კონსერვატორების და ლიბერალების გასარჩევად. „მამობა და შვილობა“ თვალად გასარჩევი საქმეა. ამისთანა გარეგანად სანიშნავმა სახელწოდებამ ბევრს წყალ-წყალა ჭკუას გზა და კვალი დაუბნია რუსეთში და რუსეთის ბაძვით ჩვენშიაც. ერთის სიბერე და მეორის სიყმაწვილე სამყოფი იყო ზოგიერთი ცრუპენტელა კაცისათვის, რომ ერთი ერთს ბანაკში მოექცია და მეორე - მეორეში, იმისდა მიუხედავად, თუ რა აზრების მაღიარებელნი არიან ან ერთნი ან მეორენი.
პირველს შეხედვაში კაცს ეგონება - რუსეთის „მამების“ ბანაკი ერთის მხრით და „შვილებისა“ მეორეს მხრით, ევროპის კონსერვატორობას და ლიბერალობას მოასწავებსო.. ჩვენის ფიქრით, ეგ შეცდომა იქნება. თუ რუსეთის ლიბერალობა, ამ ბოლონდელ ხანებისა მაინც, ჩამოჰგავს ევროპის ლიბერალობას, რუსეთის კონსერვატორობაზედ მაგას ვერ ვიტყვით. რუსეთში ჭეშმარიტი კონსერვატორობა არ არის დღეს-აქამომდე.
ყოველგან, საცა კი ისტორიის ღირსი ერი თავისითა სცხოვრებს, ორნაირი წყობაა აზრისა და ეგ ორნაირი წყობა აზრისა შეადგენს ცხოვრების მდინარეობასა. ერთი ის წყობაა, რომელიც ცხოვრებას უკვე აღმოუჩენია, დაუდგენია და დღეს მოქმედებს, მეორე ის - რასაც დღევანდელი დღე თხოულობს და საჭიროებს. ამ ორთა წყობათა მოქმედება დაუძინარია და მუდამი. როცა ის, რასაც დღევანდელი დღე თხოულობს, ყველას თუ არა - ბევრს მაინც ძვალსა და რბილში დაუვლის, შესმენილი და გაგებული ექნება, - მაშინ ეგ მეორე წყობა იმარჯვებს და ყოველ საქმეთა სათავეში მოექცევა ხოლმე. ეხლა ეგ წყობა დაიჭერს პირველს ადგილს ცხოვრებაში. რასაკვირველია, მინამ ეს ასე მოხდება, ცხოვრება მაინც მოქმედებს და ახალს საჭიროებას აჩენს. ამიტომაც ახლად გამარჯვებულს წყობასაც სხვა, ახალი წყობა გამოუჩნდება ხოლმე მოპირდაპირედ. ესე მიდის კაცობრიობის ცხოვრება და ამნაირ სვლას დასასრული არ აქვს. თითონ კაცობრიობის ისტორიაც სხვა არ არის-რა, გარდა ამნაირად ფეხის გადანაცვლებისა.
პირველის წყობის მომხრეებს ევროპაში კონსერვატორებს ეძახიან, მეორისას — ლიბერალებს. პირველები არიან უკვე დადგენილის მცველნი, მეორენი — ახლის მესვეურნი და მდომელნი. თუმცა ერთნი ძველის მცველები არიან და მეორენი ახლის მდომელნი, მაგრამ პირველებს ყველაფერი ძველი არ მოსწონთ და მეორეებს ყველა ახალი არ ენატრებათ. ბევრი იმისთანა ახალია, რომლის მოსაპოებლად ჭეშმარიტი კონსერვატორი სიცოცხლესაც არ დაზოგავს, და ბევრი იმისთანა ძველია, რომლის დღეგრძელობისათვის ჭეშმარიტი ლიბერალი თავის საკუთარ დღეს შეიმოკლებს. ირლანდიისათვის ინგლისის ხელიდან განთავისუფლება ახალი საქმე იქნება, მაგრამ ჭეშმარიტი კონსერვატორი ირლანდიისა თავს დასდებს, ოღონდ ეგ მოიპოვოს. ინგლისის ეგრეთ-წოდებული „დიდი ხარტია“ ძველი რამ არის, მაგრამ ინგლისის ლიბერალი უსიკვდილოდ არ დასთმობს არც ერთს ასოს იმ ხარტიისას.
ჭეშმარიტი კონსერვატორობა ესარჩლება და იცავს მარტო იმისთანა ძველს, რომელიც, მისის გულწრფელის აზრით, ჯერ კიდევ გამოსადეგია და საჭირო ცხოვრებისათვის, და თუ ხანდისხან სცოდავს რაშიმე ქვეყანას, მარტო იმაში, რომ ზოგჯერ იმისთანა ძველსაც გადეფარება, რომელიც თუმცა გამოსადეგი აღარ არის, მაგრამ უვნებელია, და ძველის ადგილს არ უთმობს ახალსა — მინამ კარგად გულს არ დააჯერებს, რომ ახალი კეთილს მოიტანს. ჭეშმარიტი ლიბერალობაც უარჰყოფს მარტო იმისთანა ძველს, რომელსაც თავისი დრო და ჟამი მოუჭამია, რომელიც დღეს ხარიხად გასდებია ცხოვრებას და წინსვლას უშლის. იგი ნდომობს იმ ძველის მაგიერ იმისთანა ახალს, რომელიც ძველზედ უკეთ ხელს მოუმართავს ცხოვრების განკარგებასა და წარმატებას. საცა ბრალმდებელია, იქ მფარველიც უნდა იყოს. მარტო ამ ორკეცად გასინჯულ საქმეს მოსდევს მართალი და ჭეშმარიტი. კაცობრიობას დღეს-აქამომდე სხვა გზა არ აღმოუჩენია ჭეშმარიტის და მართლის მოსაპოვებლად.
ჩვენ ესა ვსთქვით იმიტომ, რომ ვაჩვენოთ, სადამდის შეუძლიან, ჩვენის ფიქრით, გაიწვდინოს ხელი ან ძველის მცველმა და ახლის უარმყოფელმა, ან ძველის უარმყოფელმა და ახლის მდომელმა, რომ ჭეშმარიტს კონსერვატორობას ან ლიბერალობას არ გადასცდეს.
კონსერვატორების უკან და ლიბერალების წინ, მარცხნივ და მარჯვნივ, ბევრნაირი სხვადასხვა აზრის ნაკადულებია კიდევ, და თუ ჩვენ მარტო ორი წყობა აზრისა მოვიხსენიეთ, ეგ იმიტომ — რომ ცხოვრების მდინარეობის შუა წელი მაგ ორ მხარ-და-მხარ მოარულს წყობას აზრისას უჭირავს.
რუსეთში სულ სხვასა ვხედავთ. აქ „მამებმა“ ისე გაიწიეს, რომ ყველაფერს ძველს გამოესარჩლენ ავისა და კარგის გაურჩევლად და ყველაფერს ახალს დაუწყეს ძაგება და დევნა; გაქირი ჰქმნეს ამაზედ და წინ ფეხი ვეღარ გადმოაბიჯეს. ამისი მაგალითი „Русский Вестник“-ია და „Московские Ведомости“, ეგ ორი უპირველესი ფალავანი „მამებისა“. ჯერ გუშინ ღაღადებდა „Московские Ведомости“, დამნაშავეებს რაღა გასამართლება უნდაო, აიღეთ და ჩამოარჩვეთო, და სასაცილოდ იგდებდა ეხლანდელ განსამართლების წესს, რომლის შემოღებისათვისაც განსვენებული იმპერატორი მადლობით მოიხსენიება ისტორიაში. არც ერთი კონსერვატორი ევროპისა არ იკადრებდა მაგას და ეგრე უსირცხვილოდ არ შეეხებოდა მაგ დიდს და ახალს დაწყობილებას, რომელსაც ახალს განსამართლების წესს ეძახიან. თუ გუშინ ამას კადრულობდნენ რუსეთის„მამები“, რაღა უნდა ვსთქვათ მასზედ, რაც ამ ოცის წლის წინათ იქნებოდა მათის წყალობით.
ეგრეთმა წყალ-გაღმა გაბიჯებამ „მამებისა“-მ, ანუ უკეთ ვსთქვათ, გაქირმა, - გააგულისა „შვილები“. ამან გააფიცხა, გაამწვავა და გააკაპასა „მამებისა და შვილებს“ შორის ბრძოლა და „შვილების“ ბანაკი იქამდინ მიიყვანა, რომ უარაყოფინა არამც თუ მარტო ის, რაც ღირსი იყო უარყოფისა, არამედ ზოგიერთი იმისთანაც, რომლის უარყოფისათვის წამოწითლდება სირცხვილ-მორეული ეხლანდელი ჭეშმარიტი ლიბერალი რუსეთისა. შედგა „შვილების“ ბანაკიც მარტო უარყოფაზედ და მესვეურობა ახლისა უკან კუთხეში მიაგდო. უკანასკნელი ფალავანი ამ თითქმის ყოვლად უარმყოფელის მიმართულებისა იყო მეტად სხარტე და ნიჭიერი მწერალი პისარევი. მისის მეთაურობით, ამ გადაჭარბებულმა უარყოფამა იქამდე მიუშვა სადავე, რომ უარჰყო თვით პუშკინის მოღვაწეობაცა და მთელს შექსპირს ერთი კაი სიგარა ამჯობინა. ამ მიმზიდველმა, ლამაზად მოუბარმა, მაგრამ ხელსუბუქმა ახალგაზრდა მწერალმა ბევრი მოზარდი ყმაწვილი ჩაითრია და ბრმად აიყოლია. პისარევის მიმზიდველს ძალას ვერც ჩვენებურები გადურჩნენ.
ეს ჩათრევა, რასაკვირველია, მარტო პისარევის მიმზიდველობით არ აიხსნება. აქ ყმაწვილის გონების გასატაცებლად უარმყოფელის მიმართულების სითამამე და გაბედულობაც იყო. ყმაწვილის გონებას ისე არა მიიზიდავს-რა, როგორც სითამამე, გაბედულობა. სითამამეს, გაბედულობას ბევრი ბრწყინვალე მხარე აქვს და რათ უნდა გვიკვირდეს, რომ ყმაწვილმა მას მიატანოს, რაც ბრწყინავს. პატარა ბავში მაშინვე ხელს გაუწვდის ხოლმე სანთლის ალსა. ჩვენ ამას ვამბობთ მარტო იმ ყმაწვილ-კაცობაზედ, რომელთაც ჯერ გონების თვალი არ უჭრიდათ, რომ მაგ მიმართულების არსებითი ძარღვი ეპოვნათ. არც იმის თქმა გვინდა, რომ უარმყოფელს მიმართულებას კარგი არა მოუტანია-რა. ბულბულივით უაზრო გალობას პოეზიისა კრიჭა აუკრა და მადა წაართვა, ავტორიტეტებზედ ბრმად დანდობა საიქიოს გაისტუმრა, ისტორიას, დიდკაცების ცუღლუტობის მაგიერ, საგნად ერის ყოფაცხოვრება მისცა, ყმა ადამიანად აღიარა და განათავისუფლა.
ჩვენ იმას ვამბობთ, რომ ბოლოს-და-ბოლოს, უფრო პისარევის წყალობით, ბევრი რამ მაგ მიმართულებაში ისეთი იყო, რომ ჩალასავით ტკაცა-ტკუცით აპილპილდა და გონებაგაუხსნელი ყმაწვილ-კაცობა წაიტყუა, როგორც ფარვანა ცეცხლმა. მეორე ნაწილმა ყმაწვილ-კაცობისამ კი, უფრო გონებაგახსნილმა, სრულად შეითვისა ყოველივე კეთილი მაგ მიმართულებისა და ზურგი შეუქცია ტყუილუბრალო ფრაზების ტკაცა-ტკუცსა.
ასე თუ ისე, პისარევის უარყოფა დიდ მოდად შემოვიდა ბრმათათვის. ვისაც ადვილად და მოუმზადებლად კუსავით ფეხის გამოყოფა უნდოდა ქვეყანაზედ, ეგ მოდა უნდა მიეღო. ამისათვის ორიოდე ფრაზა იყო საჭირო. ერთი ის, რომ პოეზია, და ერთობ ხელოვნება, რა ჭკვიანი კაცის საქმეა, ერთი წყვილი წაღა შექსპირს მირჩევნიაო; მეორე — ავტორიტეტები არა მწამსო; მესამე — ისტორია ზღაპარიაო; და მეოთხე — ქვეყანაზედ მარტო გლეხკაცია ადამიანი და თავადი და აზნაური კი არაო. ეს ფრაზები რომ დაგესწავლათ, ლიბერალი იყავით და ლიბერალი. აი სწორედ ამ-გვარ ლიბერალობაში ჩაცვივდნენ ჩვენებურის ყმაწვილ-კაცობის ბევრი წილი. დღესაც, აბა დააკვირდით ჩვენებურს შინ-გამომცხვარს ლიბერალებს, თუ მარტო ამ უთავბოლო ფრაზებით არ იკვებებოდნენ და ქვეყნის სასაცილოდ თავიანთ თავს ლიბერალებად და რადიკალებად არა ხადოდენ. აბა დააკვირდით, თუ ყველგან, საცა გინდა და არ გინდა, სულ ეგ ფრაზები არ წამოსჩხირონ, ფერად-ფერადს ძონძებში გახვეულები.
მინამ სახელოვანი Современник-ი თავში ედგა მას, რაც მერე „შვილების“ ბანაკად გადაიქცა, ძველის უარყოფას დამჯდარი ჭკუა და მეცნიერება წინ მიუძღოდა და ახლის მესვეურობა თავმინებებული არ იყო. ტურგენევმა რომ ყოვლის უარმყოფელი ბაზაროვი გამოხატა, Современник-მა თავის მოძმედ არ მიიღო და ითაკილა, თუმცკი ჭეშმარიტი ლიბერალური მოძრაობა რუსეთში და თვით უარყოფა Современник-ის საქმე იყო და დროშა ლიბერალებისა მას ეჭირა. პისარევმა კი ბაზაროვი გულში ჩაიკრა და თავისიანად მიიჩნია. რათ მოხდა ესე? იმიტომ — რომ Современник-ის უარყოფა კარგისა და ავის გარჩევით იყო და პისარევისა ამას გარდაცილებული და ბაზაროვსავით ავისა და კარგის გაურჩეველი. ამ სახით, პისარევმა ჭეშმარიტს ლიბერალობას წინ კი არ გაასწრო, არამედ გვერდზედ გაუხტა, მის მოძღვრებას ნახტომი შეეშალა, ფეხი მოუსხლტა და დაეცა. დაძველდა ის ახალი ცა და ჩვენს ლიბერალებს ეგ ჯერ არ შეუტყვიათ.
დღეს რუსეთმა ბევრით წინ წამოიწია, თუმცა რუსეთის კონსერვატორობა ევროპის კონსერვატორობამდე ვერ შემთავრდა და გადიქცა რეტროგრადობად, მაგრამ ლიბერალობამ კი თავი გაიტანა, თავის გზაზედ დადგა და ბევრი რამ შეიძინა. შეიცვალა საუკეთესოდ რუსეთის ლიბერალების აზრი ხელოვნებაზედ, პოეზიაზედაც, ავტორიტეტებზედაც, გლეხსა და თავადზედაც; ყოველს ამაზედ აზრი უფრო ფართოდ გაიშალა და გაიხსნა მეცნიერების ნათელ- ქვეშ. ცხოვრების შიგნით და ცხოვრების გარეთ ბევრი საგანი ფეხზედ წამოაყენა, ბევრი ძველი მიიღო თავის მფარველობის ქვეშ, ბევრი ახალი აჰნუსხა დასადგენად და ბევრი განსადევნად. მაგრამ რადგანაც ყოველი ესე ჯერ „ჩოტკში“ ჩაგდებული არ არის, ყოველს ამას ჯერ ჯამი არ აქვს გამოყვანილი, რომ მზა-მზარეულად ხელზედ დახვევის მეტი არა უნდოდეს რა, და რადგანაც ჩვენებურს შინ-გამომცხვარს ლიბერალებს ღმერთმა იმოდენა ჭკუა არ მისცათ, თითონ აჰნუსხონ ის, რაც დღეს რუსეთის ლიბერალების მოძღვრებას შეადგენს, ამიტომაც ჩვენი ტყუილი- ლიბერალები დღესაც იმ აზრებში ტრიალებენ, რომელთაც კარგა ხანია თავისი დრო და ჟამი მოიჭამეს, თავისი ჰქმნეს და ჩაილულის წყალი დალიეს. ამ სახით, ჩვენ ბრმა და ცრუპენტელა ლიბერალებს ჭეშმარიტი ლიბერალობა ცხვირ-წინ გაეპარათ, და თუ გაოცების ნიშნად ჯერ პირი არ დაუღიათ, ვაი ეს რა საქმე მოგვსვლიაო, ეგ იმიტომ, რომ ჯერ არ შეუტყვიათ, რა დღეში არიან ჩაცვივნულები.
თუმცა „მამების და შვილების“ ბრძოლამ რუსეთში ბრმად აიყოლია ჩვენებური ყმაწვილ-კაცობა და იმ ბრმად აყოლილებმა ეგ ბრძოლა ჩვენშიაც გადმოიტანეს, მაგრამ ჩვენის ყმაწვილ-კაცობის სასახელოდ ესეც უნდა ვსთქვათ, რომ მათგანმა თითო-ოროლამ გამოინაპირა და თავისი შეცდომა მალე იცნო, გამოვიდა და ცალკე გუნდად დადგა ცხოვრების მოედანზედ. მას აქეთ ჩვენშიაც ყმაწვილ-კაცობა ორ ბანაკად გაიყო: ერთში მოექცნენ ისინი, ვისაც რუსეთის უარმყოფელის მიმართულებიდამ ოთხ ზემოხსენებულ ფრაზებს გარდა არა გამოეტანათ რა, მეორეში — ახალის გუნდის მომხრენი. პირველებმა დაიხვიეს ხელზედ რუსეთის „მამა- შვილობა“, ენაზედ დაიკერეს ზემოთ მოყვანილი ოთხი ფრაზა და დღეს-აქამომდე აწიოწოს იძახიან და იოლად მიდიან. მეორეები კი დააკვირდნენ ჩვენის ქვეყნის ვითარებასა და ნახეს, რომ ჩვენ ქვეყანას სულ სხვა ტკივილი აქვს, სულ სხვა ფათერაკი სდევს. სცნეს, რომ ჩვენებური დღევანდელი დღე სულ სხვასა თხოულობს, სულ სხვასა ჰღაღადებს და, მაშასადამე, ჩვენებური ლიბერალობა სულ სხვა რასმეზედ უნდა მიიქცეს მთელის თავისის ძალ-ღონითა. და თუ აქაც
ბედისწერას ისე არ გადავრჩებოდით, რომ „მამა-შვილობა“ არ გამართულიყო, ბრძოლის საგნად ის „სხვა რამე“ უნდა ყოფილიყო და „მამებსა და შვილებს“ შუა მიჯნად დადებულიყო. ის „სხვა რამე“ იყო — ჩვენის დაცემულის ვ ი ნ ა ო ბ ი ს აღდგენა, ფეხზედ დაყენება და დაცვა ყოველის მოსალოდნელის ფათერაკისაგან. რომ ეგ ფათერაკი მოსალოდნელი იყო და დღესაც თავიდამ არ აგვცდენია, — ყველასათვის ცხადზედ ცხადია.
იმ ახალმა გუნდმა მთელი თავისი ღონე მაგ საგანს მიჰმართა. მაგ ახალმა მიმართულებამ დაიპყრა მთელი ჩვენი ღარიბი ლიტერატურა. „საქართველოს მოამბე“, „მნათობი“, „დროება“ და ბოლოს „ივერია“ სულ მაგ მიმართულების ბუკსა და ნაღარასა სცემდენ. საუკეთესო წარმომადგენელნი ჩვენის პოეზიისა სულ მაგას გვამხელდნენ, მაგას გვიგალობდნენ დღეს- აქამომდე. მართალია, ჩვენის „ვინაობის“ აღსადგენად მაგ ახალს გუნდს ბევრი არა უქნია რა, რადგანაც იმისათვის საჭირო მეცნიერებაში და ცოდნაში კარგა ქვეითობდნენ. მაგრამ ისიც დიდი საქმეა, რომ მაგ მიმართულებას მიაგნეს და ჩვენს ცხოვრებაში ცოტად თუ ბევრად ფეხი მოაკიდებინეს. ისიც დიდი ამბავი იქნება, თუ ამ გუნდმა ამ საგანზედ მოახედა ჩვენი ალმაცერად მაყურებელი თვალი და რაც ძალ-ღონეა, სულ მაგ საქმეს ზედ მოახვია და შესჭიდა. რაც ვერ ჰქმნეს ამათ, იქმონენ სხვანი, ოღონდ ამ მიმართულებამ თავი დაიჭიროს ჩვენს ცხოვრებაში, ღრმად გაიკეთოს ძირი და იმოქმედოს, ვიდრე საჭიროება მოითხოვს.
ყოველი ჭეშმარიტი ლიბერალი, ჩვენი კაცი, დღესაც მარტო მაგ მიმართულების მიმდევარი უნდა იყოს ჩვენში. ნურავის ნუ ჰგონია, რომ ეგ მიმართულება, რადგანაც დიდი ხნისაა, იმიტომ ძველია, და რადგანაც ძველია, იმიტომ უკადრისია და სათაკილო ლიბერალებისათვის. დეე ოთხფრაზიანმა ლიბერალებმა ეგრე იფიქრონ, ჩვენ კი ამას ვიტყვით, რომ ეგ მიმართულება იქნება ახალი იმ დრომდე, მინამ ჩვენი ვინაობა თავის შესაფერს და კუთვნილს ადგილს არ დაიჭერს ჩვენს ცხოვრებაში და საზოგადო საქმეთა სათავეში არ მოექცევა. სხვა საგანი ამაზედ უმძიმესი, ამაზედ უსაჭიროესი არა აქვს ეხლანდელს საქართველოს შვილს. ყველამ, ვისაც რამ შეუძლიან, ამ მიმართულების ქვეშ უნდა მოიყაროს თავი და ერთად ძმურად იმოქმედოს.ყოველივე საქმე, ყოველივე საგანი, რაც ჩვენის ცხოვრების მიმავლობაში თავისით თუ სხვისით აღმოჩნდება, სულ ყოველისფერი ჩვენს ვინაობის საქმეს უნდა შევურჩიოთ, ქვეშ დავუყენოთ. სკოლაა, ბანკია, თუ თეატრი, ყველაფერს სულ მაგისაკენ უნდა მივუბრუნოთ თავი. ვაყენებთ სადმე კაცს მარშლად, თუ ბანკის გამგებლად, თუ მასწავლებლად, თუ რადმე სხვად, — მაგ მიმართულების სასწორზედ უნდა ავწონოთ. აი ჭეშმარიტის ლიბერალის საქმე რა არის ჩვენში. ჩვენებური რეტროგრადი ის უნდა იყოს, ვინც ამ ჩვენის დღევანდელის დღის მღაღადებელს ხმას არ გაუგონებს, ყურს მოუყრუებს და არ აჰყვება. გინდ „მამა“ დაარქვით ამისთანა კაცს, გინდათ „შვილი“, აქ სახელწოდება არაფერს შუაშია, ოღონდ ეს კი ვიცოდეთ, რომ მაგისთანა კაცი ჩვენი კაცი არ არის.
სლავიანებმა, რომელთ ვინაობასაც სხვადასხვა მტერი მიუჩინა ისტორიამ, სულ ამ საქმეს მოახმარეს თავისი დრო და მეცადინეობა. ამისათვის თავგანწირულ კაცებს დღესაც წმინდანებსავით ლოცულობენ და თაყვანსა-სცემენ. მათი უკეთესი წარმომადგენელნი იმით ქადულობენ, იმით ლიბერალობენ, რომ მაგ საქმეს მისდგომიან და მარტო მაგით სულდგმულობენ. დღესაც მაგ საქმეს ზედ აკვდებიან და, რასაკვირველია, არც მოეშვებიან, ვიდრე თავისას არ გაიტანენ. თავის ვინაობის აღსადგენად და ქვეყნის დასანახავად — თავისი
წარსული ხელახლა დააყენეს საფლავიდამ, გამოსჩხრიკეს, მისხლობით ასწონეს, გოჯით გაზომეს ყოველისფერი რაც ძველად ჰქონდათ, რაც მათს ეროვნებას, მათს ვინაობას, ნაციონალობას შეადგენდა და სარჩულად ედვა. გაუცოცხლეს თავიანთ ერს პოეზიის შემწეობით დიდებულნი სახენი ძველის გმირებისა, ქვეყნისათვის თავდადებულებისა, ძველის ქველობისა, ძველის კაცურ-კაცობისა. მოაგონეს, ისტორიის შემწეობით, დავიწყებული სახელოვანნი დღენი წარსულისა, აღადგინეს, გასწმინდეს, გააძლიერეს დედა-ენა, ჟამთა ვითარებისაგან გარყვნილი და შელახული. ამ გზით გამოაბრუნეს, გამოაცოცხლეს თითქმის სასიკვდილოდ გადადებული ერი. ერმა თავისი ვინაობა გაიგო, შეიტყო რა ყოფილა, რა არის და რის იმედი უნდა ჰქონდეს, შეიტყო და ფეხზე დადგა, ფრთა შეისხა. ამისი მაგალითი, სხვათა შორის, ჩეხელები არიან.
აი საგანი და აი გზაც მისდა მისაღწევად. აი რისთვის უნდა მომზადდეს ჩვენი ყმაწვილ-კაცობა, მთელის ევროპის მეცნიერებით და გამოცდილების ფარ-ხმალით შეჭურვილი, აი რა მოედანი უნდა შემოიხაზოს თავისი მოქმედებისათვის და რა გზა უნდა ამოირჩიოს. ამისთვის სამყოფი არ არის კაცმა დაისწავლოს პარიზის ყავახანაში მოარული ფრაზები და იმითი თავი მოიტანოს. ყმაწვილ-კაცობა უნდა მომზადდეს ბეჯითის და ზედმიწევნილ ცოდნითა, უნდა, რამდენადაც შესაძლოა, ძირეულად შეისწავლოს ევროპიული მეცნიერება, წინ გაიმძღვაროს ევროპის გამოცდილება, და ამ თოფ-იარაღით შეუდგეს ჩვენის ქვეყნის საქმეს. უამისოდ, იმ მოედანზედ, რომელიც ჩვენ ზემოთ ვიგულისხმეთ, კაცი ერთ ბიჯსაც რიგიანად და სამკვიდროდ ვერ წარსდგამს და იმ საგანს და გზას, რომელიც ჩვენ აღვნიშნეთ, ვერაფერს საბოლოოდ ვერ დააჩნევს. ჩვენის მხრით, ამაზედ უკეთესს საგანს, ამაზედ უკეთესს გზას, უკვე სხვაგან გამოცდილს და გამოყენებულს სხვას ვერას ვუჩვენებთ ჩვენს საიმედო ყმაწვილ-კაცობას. ეს საგანი და ეს გზა სახეში უნდა გვქონდეს სულ მუდამ, ვიდრე ესეთნი დრონი მეფობენ. „ჯერ მაცოცხლეო, მერე მაფიქრებინე, როგორ გავმდიდრდეო“, — ამბობს ერთი სლავიანი პატრიოტი. ნამდვილად გულშემატკივარმა საქართველოს შვილმა ეს სიტყვები უნდა დაიწეროს გულის-ფიცარზედ და სხვაზედ არაფერზედ არ წაიტყუოს ჭკუა და ხელი.
ყოველის ჩვენგანის მოქმედების საწყაო, საზოგადო საქმეებში თუ ლიტერატურაში, მარტო ის უნდა იყოს თუ ვინ რამდენად ასრულებს და მისდევს ამ ჩვენთვის მოუცილებელს საგანსა და გზას. სხვა საწყაო ტყუილია და ამაო: სხვის ბაძი იქნება და არა ჩვენის თავის საჭიროებაზედ გამოჭრილი.
**
ამ ერთის თვის განმავლობაში ჩვენში თითქმის სხვაზედ არაფერზედ ლაპარაკობდნენ, გარდა ჩვენის ესრეთ-წოდებულ „დეპუტატებისაგან“ კონვოელებისათვის ვენზელების თხოვნისა. ქუჩაში შეხვედრის დროს ნაცნობები ერთმანეთს მწარეს ღიმილით ან გაჯავრებულნი ჰკითხავდნენ: „გაიგე, როგორ შევურცხვენივართ ჩვენს დეპუტატებსაო. პოლშელებს უთხოვნიათ, ჩვენს ენას სხვადასხვა უფლება მიანიჭეთ, ჩვენს ქვეყანაშიაც ის ცვლილება შემოიღეთ, რომელიც რუსეთს ეღირსა განსვენებულ იმპერატორის ალექსანდრე მეორის მეფობის დროს და ჩვენებს კი ვენზელების მეტი არა უთხოვნიათ რაო“.
პირველად დოლი ილია ბახტაძემ დაჰკრა, მას მიჰყვა „დედაკაცების“ და „მამაკაცების“ ხმაც და მთელმა საზოგადოებამ შეჰქმნა ყაყანი. ყველა სწუხდა, ყველა ცხარობდა.
მაგრამ აქ არც სამწუხარო და არც გასაცხარებელი არა იყო რა. სამწუხარო და გასაცხარებელი უფრო ის არის, რომ ჩვენს საზოგადოებას ან არა სცოდნია — რა არის „დეპუტატი“, ან არა სცოდნია — როგორ „ვირჩევთ“ ჩვენ დეპუტატებს.
დეპუტატი არის საზოგადოებისაგან ამორჩეული პირი, რომელმაც საზოგადო საქმეებში თავის ამომრჩეველთ მაგიერ უნდა მონაწილეობა მიიღოს, და თუ რომელსამე მაღალ პირთან გაგზავნიან, საზოგადოების სურვილი და მოთხოვნილება გამოაცხადოს.
ახლა ეს გვიბრძანეთ: ვინ ამოირჩია ქუთაისის თავად-აზნაურობის დეპუტატები? — არავინ.— ვინ ამოირჩია ტბილისის თავად-აზნაურობის დეპუტატები?— არავინ.
ოთხიოდე თუ ხუთიოდ პირნი ერთად შეიკრიბნენ, თავი თვისი თვითვე ამოირჩიეს და გაემგზავრნენ პეტერბურგისკენ. იქ ერთს მათგანს, როგორც ნაცნობს, დაჩაგრულმა კონვოელებმა სთხოვეს, გვიშუამდგომლეთ, რომ მიცვალებულ ხელმწიფის სახსოვრად ვენზელები ჩვენც დაგვირიგონო; იმანაც იშუამდგომლა და კონვოელებს ვენზელები უწყალობეს.
ეს რა ცოდვაა, ან გული რათ უნდა მოგვდიოდეს! თუკი ევროპაში თვითმფლობელობა, თვითმართველობა და სხვადასხვა თვით-უფლებები შემოიღეს, ჩვენ რაღა ეგრე უკან ჩამოვრჩით, რომ ერთის სიტყვის და ერთის დაწესებულების შემოღება ვერ შევიძლოთ. შემოვიღეთ თვით- ამორჩევა, და ჩვენმა თვით-ამორჩეულმა დეპუტატებმა თუმცა ბევრი საყვედური მიიღეს, მაგრამ სრულიად უმიზეზოდ.
ხან იმაზედა ვჯავრობთ, ვენზელები რათ ითხოვესო, ხან იმაზედ, რატომ იგივე არ ითხოვეს, რაც პოლშელმა დეპუტატებმაო. ერთიც და მეორეც უსაფუძვლო ჯავრობაა.
ჩვენი დეპუტატები თვით-ამორჩეულნი იყვნენ, პოლშელები — ამორჩეულნი საზოგადოებისაგან. ჩვენებს უნდა თავის-თავზედ და თავიანთ მეგობრებზედ ეზრუნათ, პოლშელებს — საზოგადოებაზედ; ჩვენებმა თავიანთ ნათესავ, ან მეგობრებ კონვოელებს ვენზელები უთხოვეს, პოლშელებმა ითხოვეს თავიანთი ენის თავისუფლება და თავის ქვეყნისათვის სხვადასხვა უფლება. პოლშელ დეპუტატებმა, გაზეთების სიტყვით, თურმე ერთბაშად სთქვეს, რუსული არ გვესმისო, რადგან იცოდნენ, რომ მათ ზურგს უკან რამდენიმე მილიონი ხალხი ამოჰფარებოდა, და ეჭირვებოდა — რომ სასამართლოებში და სასწავლებლებში მათი დედა-ენა შემოეღოთ; ამ აზრით იმათ იკისრეს რუსულის ენის უცოდინარობა, თუმცა, დარწმუნებული ვართ, ეს ენა იმათ ზოგიერთ ჩვენს „დეპუტატებზედ“ უკეთ ეცოდინებოდათ.
ჩვენი „დეპუტატები“ ასე როგორ შეირცხვენდნენ თავსა, დარწმუნებული ვართ, რო ეკითხათ, ყველა მათგანი იტყოდა, ჩვენ რუსული უფრო კარგად გვესმის, ვიდრე ქართულიო, — ოღონდ, ოღონდ...
ერთის სიტყვით, პოლშელს დეპუტატებს უნდა საზოგადოებაზედ ეზრუნათ და იზრუნეს კიდეც. ჩვენებს უნდა ეზრუნათ ან თავიანთ თავზედ, ან თავიანთ მეგობარ-ნათესავებზედ.
კვლავ თუ გვინდა, რომ ჩვენებმაც ჩვენთვის იზრუნონ, თვით-ამორჩევას თავი დავანებოთ და საზოგადოებრივ ამოვირჩიოთ, ჩვენი სურვილი გამოვუცხადოთ და ისე გავგზავნოთ, სადაც გასაგზავნია; თორემ არ ვიცით, ვინ წავიდა, სად წავიდა, რისთვის წავიდა, და ვიძახით კი — რატომ ესა და ეს არ ითხოვესო, ერთმანეთს ვეღრიჭებით, ვიცინით, — დახე, დახე ჩვენმა დეპუტატებმა რა სახელი გაითქვეს, როგორ მალე უშოვეს კონვოელებს ვენზელებიო.
ახი არ იქნება, რომ „რევიზორის“ გოროდნიჩი გაგვიჩნდეს საიდანმე და გვითხრას, — რო იცინით, რას იცინით? თქვენს თავს დასცინითო!
**
ამისთანა სამწუხარო მოვლენასთან, როგორიც არის თვით-ამორჩეულ დეპუტატების წასვლა პეტერბურგში და მათგან ვენზელების თხოვნა, ჩვენს ცხოვრებაში ხანდისხან მოხდება იმისთანა მოვლენა, რომელიც მანუგეშებელ სხივსავით მოგვეფინება ხოლმე.
აპრილის დასასრულს და მაისის დამდეგს ჩვენს საზოგადოებას ცოტაოდენი სიცოცხლე დაეტყობა ხოლმე. ამ დროს მოდის საზოგადო კრება ტფილისის, ქუთაისის ბანკებისა და სხვადასხვა ქველმომქმედ საზოგადოებისა. ჯერ არ ვიცით, როგორ გაივლის წრეულს ეს კრებები ტფილისში, ან ქუთაისში, რა სასიკეთო ნიშნებს შევამჩნევთ ჩვენს ცხოვრებას, ან რა განვითარებას დავატყობთ ამ კრებების შემწეობით.
შემდეგს ნომერში იმედი გვაქვს ვრცელს კორესპონდენციას დავბეჭდავთ ქუთაისის ბანკის კრების თაობაზედ ჩვენს ჟურნალში და სხვა საზოგადო კრებებზეც მოვილაპარაკებთ, დღეს კი ორიოდ სიტყვა გვინდა ვსთქვათ ტფილისის საადგილ-მამულო ბანკის კრებაზედ, რადგან ზოგიერთი მართლა-და სასიამოვნო რამ შევნიშნეთ.
ამ კრებამ დაამტკიცა, რომ ჩვენის საზოგადოების წევრნი თვალხუჭანას აღარ თამაშობენ, და რასაც რომელიმე გამგეობა ან დაწესებულება წარუდგენს, გაურჩევლად აღარ ამტკიცებენ. ვინც „თეთრში“ ან „შავში“ აგდებს თავის კენჭს, იცის რისთვისაც აგდებს და რაცა სწადიან.
ტფილისის თავად-აზნაურთა ბანკს წრეულს ცხრაასი თუმანი ჰქონდა დარჩენილი საზოგადო საჭიროებისათვის. დიდი ლაპარაკი ასტყდა ამის თაობაზედ, რაზედ მოიხმარონ ეს ფული და ხანგრძლივის ბაასის შემდეგ ასე დაარიგეს:
ასი თუმანი შესწირეს ბავშვებისათვის სადგურის გასამართავად, მიცვალებულ ხელმწიფის სახელზედ.
ასი თუმანი შესწირეს ქართულ თეატრს, ასი — თელავის ქალების სასწავლებელს, და ექვსასი თუმანი — ტფილისის თავად-აზნაურთა სკოლას.
ზოგიერთნი წევრნი ბანკისა მეტად ეწინააღმდეგებოდნენ თეატრისათვის შეწირვას, თუმცა ბევრნი უმტკიცებდნენ, რომ თუ ეს მცირე ფული არ გადასდეთ თეატრისათვის, შეიძლება ქართული თეატრი დაიშალოს და მოგვესპოს ის ერთად-ერთი დაწესებულება, სადაც ჩვენს ენაზედ ვსიამოვნობთ და ზოგჯერ ჭკუასაც ვსწავლობთო. ვინ იყო მტყუანი და ვინ მართალი, აქ ამის გარჩევას არ შევუდგებით; შევნიშნავთ მხოლოდ, რომ ამ საგანს ორჯერ უყარეს კენჭი და ორჯერვე თითქმის ერთი და იგივე რიცხვი მოვიდა შავსა და თეთრს ყუთში. მხოლოდ მეორედ ერთის კენჭითა სძლიეს თეატრის მომხრეთ. ეს ცხადად ამტკიცებს ჩვენს აზრს, რომ ეხლა ყოველი წევრი მნიშვნელობას აძლევს თავის კენჭს და კოჭაობას აღარა თამაშობს. მეორე შესანიშნავი კიდევ ეს იყო, რომ როდესაც საზოგადო კრებამ გადასწყვიტა შესწიროს თელავის სასწავლებელს ასი თუმანი, თან სურვილი გამოაცხადა, რომ ეს ფული ქართულ ენის სწავლების გასაუმჯობესებლად მოხმარებულ იქმნასო.
ეს გადაწყვეტილება ღირსშესანიშნავია, როგორც ხმა მთელის საზოგადო კრებისა, და — ჩვენის აზრით — საყურადღებოა თვით სწავლა-განათლების გამგეთათვის.
ბოლოს შევნიშნავთ კიდევ, რომ ძვირად გვინახავს ჩვენში ესეთი მიუდგომლობა, მიუფერებლობა და პირში თქმა, როგორც ამ კრებაში შევამჩნიეთ. ღმერთმა ჰქმნას, რომ ქუთაისის კრებასაც ღირსეულად შეესრულებინოს თავისი საქმე, და ის ენერგია, სიცხოველე და გამჭრიახობა, რომელსაც იმერლები ხშირად პირად ინტერესებს ახმარებენ, კეთილისა და საზოგადო საქმესათვის მოეხმარებინოთ.