top of page

შინაური მიმოხილვა - 1879 წელი, მაისი-ივნისი

  • Writer: nino otiashvili
    nino otiashvili
  • Jan 9, 2024
  • 7 min read

ჩვენებური კლასიკური გიმნაზია და ქართველები. - რატომ არა ვსწავლობთ. - რა წამალი უნდა დავსდოთ. - წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება. - ჩვენებური სოფლის სკოლები. - რა ხარჯს იხდის გლეხობა სკოლებისათვის. - სად რამდენი სკოლაა. - რამდენი მოსწავლეა. - ასზედ რამდენი გლეხი სწავლობს. - რა გზას უნდა დაადგეს ჩვენი საზოგადოება განათლების საქმეში.


წელს გამოცხადებული იყო, რომ კლასიკურს გიმნაზიაში ოც-და-ერთმა ყმაწვილმა კაცმა დაასრულა კურსი. ამ ოც-და-ერთში, ჩვენდა სამწუხაროდ და, უკეთ ვსთქვათ, საუბედუროდ, არც ერთი ქართველი არ ურევია. ბევრი რამ არის საოცარი ამ ჩვენს ქვეყანაში, მაგრამ იმაზედ საოცარი, რომ შუა-გულს საქართველოში წელიწადები გადის და ერთი ქართველი არ ასრულებს კურსსა, ამაზედ საოცარი-მეთქი არა მგონია სხვა რამ იყოს.


რას უნდა მივაწეროთ ამისთანა უნუგეშო ამბავი? ჩვენის კეთილის-მყოფელნი, რასაკვირველია, ადვილად მოგვიგებენ ამის პასუხს და იტყვიან, - თქვენს უნიჭობას თუ არა, ზარმაცობას ხომ წინ არა უდგა რაო. ეს პასუხი მთქმელისათვის იქნება სანუკვარიც იყოს, მაგრამ მართალია თუ არა, მაგისი-კი ნურას უკაცრაოდ. ჩვენა გვგონია, რომ მაგისთანა პასუხი შეუწყნარებელია, თუ კაცი რიგიანად დააკვირდება ჩვენის განათლების საქმის შიგნეულობასა და გარემოებას ჩვენის ყოფისას და მდგომარეობისას. პირველი, რომ ის წრე, რომლისათვისაც მისაწვდომია იმგვარი სასწავლებელი, როგორც გიმნაზიაა, მეტად შორს არის გიმნაზიაზე, ისე მანძილით არა, როგორც შეუძლებლობითა. შვილის შენახვა ქალაქში ჩვენებურს თავადსა თუ აზნაურს-შვილს, გლეხს აღარ ვიტყვით, მეტად უძნელდება, მერე ამისთანა სიძვირეში. ბევრს კი არა, ძალიან ცოტასა აქვს იმისთანა შეძლება, რომ შვილი პანსიონში მისცეს, ან ვისმე მიაბაროს. ერთსაც და მეორესაც დიდი ხარჯი მოსდევს და ამ ხარჯს ვერა სწვდება შვილის განათლების მსურველი დედ-მამა. ამის-გამო თითქმის მთელი ის თავად-აზნაურობა, რომელიც ქალაქს-გარეთ სოფლად სცხოვრებს, სწავლის სახსარს მოკლებულია და თუ შეხვდებით ქართველს ყმაწვილს გიმნაზიაში, ან ქალაქში მცხოვრების შვილია, ან არა - გვარიანად შეძლებულისა. სხვა-კი თითქმის აუარებელი რიცხვი ყმაწვილებისა სწავლის გარეთ რჩება. თუნდ ესეც არ იყოს, ჩვენს ქართველს ყმაწვილს დიდი ხარიხი ხვდება სწავლის მიმდინარეობაში. ჯერ თითონ პროგრამა გიმნაზიისა აიღეთ თავისის ლათინურით და ბერძნულით, რომელიც იმოდენა ხეირს აყრიან ყმაწვილს, როგორც წყლის ნაყვა, ანუ ნაცრის ქექა. თუნდ ამ ორს მძიმე ტვირთს აუვიდეს კიდეც ჩვენი ყმაწვილი, მაინც კიდევ ერთი სხვა მძიმე ტვირთი აწევს კისერზედ. ჩვენი ქართველი ყმაწვილი ორ- გვარს სიძნელეს შეეხება ხოლმე გიმნაზიაში. ერთი - საგნის, მეცნიერების სწავლას, რომელიც ერთნაირად მძიმე რამ არის ყველასათვის და აუცილებელიც და მეორე - იმ უცხო ენის შეთვისებას, რომლის საშუალობითაც საგნებს ასწავლიან. ამაში-კი ტვირთი სწავლისა ერთნაირად მძიმე არ არის რუსისა და ქართველს შორის. რაღა საკვირველი უნდა იყოს ამას იქით, რომ რუსმა უფრო ადვილად გაიაროს სწავლის გზა, ვიდრე ქართველმა! რუსი მარტო საგნებსა სწავლობს და ქართველი-კი საგნებსაც და რუსულ ენასაც, ურომლისოდაც ერთს ბიჯსაც წინ არ წაადგმევინებენ, თუნდა ჰუმბოლტის მეცნიერებით აღსავსე იყოს.


მეტყვიან, ეგევე მიზეზი ხომ სომეხსაც უნდა აბრკოლებდესო, მაგრამ იმათში ორი-სამი მაინც ასრულებს ყოველ-წლივ კურსსაო. მართალია, ორი-სამი ასრულებს, მაგრამ თითონ ეგ ორიოდობა ცხადი საბუთი არ არის იმისი, რომ ამ შემთხვევაში სომეხი და ქართველი ერთს ტაფაში იწვიან! რაც შეძლებული სომხობაა, სულ ქალაქში მცხოვრებელია, მაშასადამე, გიმნაზია კარ-წინა აქვთ. ამასთან შემძლებელნიც არიან, როგორცა ვსთქვით. ამათგანმა რომ ორიოდემ შეასრულოს ხოლმე კურსი წელიწადში, არარაობად უნდა ჩაითვლებოდეს. ათასში და ათი-ათასში ერთი განა მაგალითად მოსატანია ამ შემთხვევაში! მინამ ჩვენი გიმნაზიები შრომას და ჯაფას არ გაუთანასწორებენ ქართველს, სომეხს და რუსს, იმ დრომდე ძნელად საფიქრებელია, რომ ქართველებმა და სომხებმა წააჭარბონ რუსებს გიმნაზიაში.


მინამ ის სანატრელი დრო მოვა, არც ჩვენ უნდა ვისხდეთ გულხელ-დაკრეფილნი; კაცი ის არის, ვინც გაჭირვებაში ცდილობს, რომ სიმძიმე გარემოებისა როგორმე შეიმსუბუქოს, ან აქეთ მოუაროს საქმეს, ან იქით და როგორმე უშველოს თავსა. აბა, მაგალითად, ჩვენ როგორ უნდა ვუშველოთ ჩვენს თავს? პირველი, რომ ჩვენი საკუთარი სასწავლებელნი უნდა ვიქონიოთ, მერე იმისთანა სასწავლებელნი, რომ ჩვენს შვილებს ბინაც ჰქონდესთ, საზრდოებაც და სწავლაც. ყველაზედ უპირველესი წამალი ეს არის და ამაზედ უნდა მიექცეს ყოველივე ჩვენი ყურადღება, მეცადინეობა და გამრჯელობა. სხვის მაყურებელი მოკვდა უზიარებელიო, ნათქვამია. ეს წუთის-სოფელი ისეა მოწყობილი, რომ ყველა თავისათვისა ჰფიქრობს და სხვაც, რასაკვირველია, თავისათვის უფრო იფიქრებს. „თავად-აზნაურთა საზოგადოებამ შეუძლებელ მოსწავლეთა შემწეობისათვის“ თავისი სკოლა გახსნა ტფილისში, და იქ ოც-და-ათს ყმაწვილს ბინა, საზრდოება და პირველ-დაწყებითი სწავლა ეძლევა; ორმოც-და-ათამდე მოარული შეგირდებიცა ჰყავს. ქუთაისელებიც, ბანკის ფულის შემწეობით, აპირობენ ამ-გვარის სკოლის გახსნას და ჯერ-ხანად რვაასი თუმანი აქვსთ ამ საგანზედ. ტფილისის სკოლას კიდევ აქაურმა ბანკმა შესწირა ათას-ასი თუმანი წელს და ხუთასამდე შარშან. ეს ყველა კარგია, მაგრამ ყველა ეგ ცოტაა. ეგ სკოლები წყლულს ვერ გაგვიმთელებენ, თუმცა ეგენიც დიდი საქმეა ჩვენთვის. ჩვენ ჩვენი საკუთარი გიმნაზია გვინდა. ჩვენმა ქართველობამ თავისი სრული თანაგრძნობა და გულშემატკივრობა ამაზედ უნდა მიაქციოს, თუ არ სურს, რომ მისი სახელი და კვალი მტვერსავით აიგავოს დედამიწის ზურგიდამ. საცა ცოდნა არ არის, იქ კაცი არ არის, საცა კაცი არ არის, იქ საზოგადოებაც არ არის, და საცა საზოგადოება არ არის, იქ არც ხალხია. ეს უნდა თითზე დავიჭდიოთ, ეს უნდა დღე-და-ღამ გუნებაში ვიქონიოთ, ამას უნდა მივეცნეთ ყველანი ერთად და თვითოეულად ცალკე ყოვლის ჩვენის შეძლებითა და ღონითა.


ამბობენ, გიმნაზიის შენახვას ორი-ათას-ხუთას თუმნიდამ სამი-ათასამდე მოუნდებაო წელიწადში. ეს იმოდენა ფული არ არის, რომ ჩვენს ორს ბანკს გაუჭირდეს ამისი გამოღება, ზოგი გარეშე შესაწირავი იქნება, ზოგი თითონ გიმნაზიას ექნება შემოსავლად და ამ სახით საქმე საქმეზე ადვილად მოეწყობა. ქართველობავ, დამიჯერე, რომ ჯერხანად ამაზედ უკეთესს საქმეს ვერ მოახმარებ შენს ქონებითს ძალასა. ამისათვის გაისარჯე, თუ გინდა, რომ მამა-პაპათა ნათქვამისამებრ შვილი მამასა სჯობდეს და მომავალი აწმყოს. დღევანდელის მომდურავებმა ხვალინდელი დღე მაინც კარგი გავითენოთ...


**


ჩვენი „წერა-კითხვის გამავრცელებელი ქართველთა შორის საზოგადოება“ შესდგა და გამგეობაც ამოირჩიეს. თავმჯდომარედ ამორჩეულ იქმნა ჩვენი პატივცემული დიმ. ივან. ყიფიანი, მის ამხანაგად ილ. ჭავჭავაძე და წევრებად: თ. რაფიელ ერისთავი, ივ. მაჩაბელი, იაკ. გოგებაშვილი, ნ. ცხვედაძე და ალ. სარაჯოვი. ამ საზოგადოებას ტფილისის ბანკმა შესწირა წელს ათას-ასი თუმანი და თითონ საზოგადოებას იმედი აქვს, რომ ერთი ხუთასიოდ თუმანი კიდევ სხვა ღონისძიებით შემოუვიდეს. ამ სახით პირველ-ხანად ამ საზოგადოებას თუმცა საკმარი არა, მაგრამ მაინც კარგა ფული აქვს. ხოლო ამ ფულს დიდი გაფრთხილება უნდა, თუ საზოგადოების ხანგრძლივად ცხოვრება სასურველია. ჩვენ ამას არ ვიტყოდით, რომ თვალ- წინ არ გვედგას ის აყალმაყალი, რაც წელს თავად-აზნაურობას შეუდგა მის-გამო, რომ ბანკმა ათას-ასი თუმანი შესწირა ამ საზოგადოებას. „რათაო და რისთვისაო“ - ყვიროდნენ წინდაუხედავად ზოგი სხვის წაქეზებით, ზოგი საკუთარის თაოსნობით: - „განა ჩვენ კი შვილები არა გვყავსო, თუ გაზრდა საჭიროა, ჯერ ისინი გავზარდოთო. შინ რომ შვილი გიტიროდესო, გარეთ ტაბლას რა უნდაო“ და სხვანი და სხვანი.


ჩვენი უბედურება ის ყოფილა, არის და ღმერთმა ნუ ქნას, კიდევ იყოს, რომ ყველა ქართველი, გლეხია თუ თავადი, ძმად და შვილად არ მიგვაჩნია. ზემოხსენებულ საზოგადოებას სახეში აქვს მთელი ქართველობა, თავად-აზნაურობა-კი გამოსულა და იძახის, მეო და არა სხვაო. ბატონებო, თუ ყველანი ერთად არ ვიქნებით, თქვენი „მე“ თუნდა იყოს და თუნდა არა. თავს მაგისათვის ძალიან არავინ არ შეიტკივებს. თუნდ ეგ არ იყოს, ჩვენმა თავად-აზნაურობამ რატომ არ იცის, რომ თუ მის გარეშემო უმეცრების სიბნელე იქნება, როგორც ეხლაა, ვერც თითონ იხეირებს და ვერც სხვას ახეირებენ. თვითოეულს ზურგი მაგარი სხვისით აქვს და უნდა ჰქონდეს კიდეც. ამ კანონზეა აშენებული ყოველი ადამიანებრივი საზოგადოება. თავად-აზნაურთა საზოგადოება გლეხთან ერთად სცხოვრობს; თუ რამ თავადსა და აზნაურს ეკონომიური, ანუ სხვა რაიმე ანგარიში აქვს, გლეხთანა აქვს; თუ რომ რისამე გაკეთება უნდა, გლეხის ხელით აკეთებს, თუ რისმე მოვლა უნდა, გლეხის მეოხებით უვლის. განა აქედამ ცხადი არ არის, რომ თითონ თავად-აზნაურობისათვის დიდად სასარგებლოა საქმე იქონიოს მიხვედრილ, ზნეობით და ჭკუით განვითარებულ გლეხთან, ვიდრე უმეცართან, რომელსაც არავითარი სარგებლობა არ ესმის, არც თავისი და არც სხვისა და რომელიც უმეცრებისა გამო თითონაც ტყუვდება და სხვასაც საქმეს უფუჭებს. ეს მუდამი ჩივილი, რომ კაი კაცი ვერ გვიშოვია, რამე დავსაქმოთო, რამე ჩავაბაროთო, - ან გაგვქურდავსო, ან სხვას გააქურდვინებსო, ან რეგვენობით წაგვიხდენსო, - რის ბრალია ეს, თუ არ იმისი, რომ უმეცარს კაცს, გლეხია თუ თავადი, სინიდისი გაღვიძებული არა აქვს, ზნეობით და გონებით ისე დაცემულია და ბრჯგუ, რომ არ ესმის სიკეთე საზოგადო კავშირისა, არ ესმის, რომ თვითოეულის ინტერესი საყოველთაო ინტერესზეა ზედ-მობმული, არ ესმის, რომ პატიოსნება, კაი-კაცობა უფრო მკვიდრი განძია ადამიანისათვის, ვიდრე დროებითი ხეირი ავკაცობისა, რომელსაც, რაც უნდა სთქვათ, არც დიდი მანძილი აქვს ხოლმე და არც რიგიანი, უშიშარი გამოყენება. განა უმეცრებისაგან არ არის, რომ კაცი კაცს ისე ექცევა, როგორც მტერი მტერსა, თორემ გონება-გახსნილობა რომ მოქმედებდეს ამ შემთხვევაში, ადამიანი მალე მიხვდებოდა, რომ ურთიერთის სიკეთისათვის მოღვაწეობას კაცი უფრო ბევრს გამორჩება, ვიდრე ერთმანეთის მტრობასა.


მართალია, დღეს იქნება თუ ხვალე, ჩვენი თავად-აზნაურობა ამ საგანზედ თვალს გაახელს და იგრძნობს აუცილებელ საჭიროებად, რომ რიგიან, მიხვედრილ, სინიდის-გაღვიძებულ კაცთან საქმის დაჭერა ბევრად სასარგებლოა, და ხალხის განათლებას, ესე იგი მას, რაც ადამიანს რიგიანობას, მიხვედრილობას, სინიდისიანობას უნერგავს, ხელს შეუწყობს ისე, როგორც საკუთარ საქმეს. მაგრამ სიფრთხილეს მაინც თავი არ ასტკივაო, ნათქვამია. მინამ თავად-აზნაურობა მაგ სიკეთემდე აღიმართება, სჯობს საზოგადოებამ ზემოხსენებული შემოწირული ფული დიდის სიფრთხილით და გამოზოგვით მოახმაროს საქმეს; ვამბობთ,დიდის სიფრთხილით-მეთქი, იმიტომ - რომ საზოგადოებას დიდი, ფართო მოედანი აქვს დანიშნული და თუ მოიწადინებს ყოველი საჭიროება ერთბაშად დააკმაყოფილოს, მაშინ ეგ ფული კი-არა, ასი მაგოდენაც არა კმარა და საშიშია, რომ საზოგადოებას საფანელი დააკლდება და პირველ ფეხის გადადგმაზედვე უილაჯობით შეჩერდება. ამბობენ, თუ საზოგადოება კარგად იმოქმედებსო, ბევრი წყარო გამოუჩნდებაო. მართალია, მაგრამ მაგასაც დრო უნდა და ხანგრძლივი დროცა. ვიდრე ჩვენში ეს უგემური „მეობა“ მოტყდება და „ჩვენობა“ აყვავდება, ვიდრე შემძლებელი წრე ჩვენის საზოგადოებისა ჩვენის ქვეყნის საქმეს თავის საკუთარ საქმედ იცნობს, იმ დრომდე კიდევ ბევრი წყალი ჩაივლის, იმ დრომდე ამ ახლად-დაარსებულს საზოგადოებას ცხოვრება უნდა და საგზალი. დღეს რომ ამ საზოგადოებამ რაც ფული აქვს სულ შემოიხარჯოს, თუნდ მართლადა სახეიროდაც მოიხმაროს, ხვალ გროშიც აღარ ექნება, რომ თითონ სული მოიბრუნოს, — და ეს მართლადა გულშესატკივარი საქმე, ეს ყოვლად დიდი საქმე წაწყმდება ისე, როგორც სხვა კაი საქმენი წაწყმედილან ჩვენს უბედურს ქვეყანაში. თუმცა უკანასკნელმა საზოგადო კრებამ საზოგადოების გამგეობას ნება მისცა ხარჯის ფული, რამდენსაც საქმისათვის საჭიროდ დაინახავს, დახარჯოს, მაგრამ გამგეობა ფულს მაინც კიდევ ხელს უჭერს და ჰფიქრობს, რომ უდიდესი ნაწილი ფულისა ხელუხლებელ ძირის-ფულად დაიდოს და მისი სარგებელი და ყოველწლიური შემოსავალი წლის ხარჯად დაინიშნოს. ბევრის მდომი ცოტასაც დაჰკარგავსო, ნათქვამია და ეს საზოგადოება ჯერ-ხანად ბევრს არას ეჭიდება.


ამას-წინათ დაუდგენია გამგეობას, რომ სახალხო სკოლების დირექტორებისაგან, მაზრის უფროსთაგან და სასოფლო სკოლის მასწავლებელთაგან ცნობები შეაგროვოს სკოლების მდგომარეობის შესახებ. ამ ცნობებიდამ სჩანს, რომ ტფილისის გუბერნიაში გამართულია 29 სასოფლო სკოლა და დანიშნულია გასამართავად 5 სკოლა. ამ სკოლებში სწავლობენ ვაჟები 926, ქალები 30. ამ სკოლების შესანახად ხალხი იხდის წელიწადში 9.786 მან.; ოსტატებზედ

იხარჯება 8.058 მანეთი, დანარჩენი სასკოლო ნივთეულობაზედ მიდის. ოსტატის ჯამაგირი არ არის ნაკლებ 150 მანეთისა და უმეტეს 430 მანეთისა. ამ სახით, ტფილისის გუბერნია რომ 900.000 სულად ჩავაგდოთ, გამოდის, რომ ათასში მარტო ერთი სწავლობს წიგნსა და თითოს წიგნის სწავლება ხალხს წელიწადში უჯდება ერთს თუმანზედ ცოტა მეტი. ქუთაისის გუბერნიაში 84 სკოლა თურმე არისო; მაგ სკოლებში სწავლობენ თურმე 2.572 ვაჟი და 35 ქალი. ხალხი იხდის თურმე მარტო ოსტატების საჯამაგიროს 120 მანეთიდამ 350 მანეთამდე.


საკვირველი ის არის, რომ შორაპნის მაზრაში 18 სკოლა ყოფილა და შვიდი ხალხს გაუუქმებია. რა უნდა იყოს ნეტავი ამისი მიზეზი? სკოლა იმისთანა რამ არის, რომ თუ ერთგან ფეხი მოიკიდა, არამც თუ რიცხვით იკლებს დროთა მიმავლობაში, არამედ იბღარტებს ხოლმე. რათ მოსვლია შორაპნის მაზრას ამისთანა მართლადა უბედურობა? ჩვენ გაგვიგია, რომ იქაური სკოლები სწორედ სავსენი იყვნენო შეგირდებითა და რას მივაწეროთ, რომ ორ-სამ წელიწადში ხალხს გაუუქმებია სკოლები? ჩვენის ფიქრით, სხვას არავის არ დაჰბრალდება ეს ამბავი, თუ არ იქაურს სკოლის გამგეობას. წარმოიდგინეთ, მთელს იმერეთში სახმარად არც ერთი ქართული სახელმძღვანელო წიგნი არა აქვთ თურმე. გრძელ სიაში ნახსენებია მარტო ორი ქართული წიგნი: ჩუბინოვის ლექსიკონი და პასტორის ცხოვრება, დიდებულიძისა. აი გამოცანა რაში გხლებიათ. გვიკვირს, ან სხვა სკოლები აქამდინ რისთვის არსებობენ ქუთაისის გუბერნიაში? თუ რამ უფლება აქვს ჩვენს წერა-კითხვის გამავრცელებელს საზოგადოებას, ურიგო არ იქნება ამ სამარცხვინო ამბავს ყური ათხოვოს.


ჩვენმა წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ პირველი თვისი შემწეობა იმ ადგილებს უნდა აღმოუჩინოს, საცა სკოლები სრულებით არ არის. მაგალითებრ, დუშეთის მაზრაში ერთი სკოლა არ არის თურმე, ახალქალაქის მაზრაში მარტო ორია, თიანეთში მხოლოდ ერთი და ახლად-შემოერთებულს საქართველოში - სულ არც ერთი. ამ ადგილებში უსათუოდ უნდა დაჰმართოს საზოგადოებამ სკოლები, თუნდა თავის საკუთარის ხარჯითაც. გარდა ამისა, არ იქნება ურიგო, რომ ორგან თუ სამგან ჩვენს საქართველოში სამაგალითო სკოლები გახსნას, როგორც გარეგან გამართულობითა და მოწყობილობითა, ისე სწავლის მიმდინარეობითა; ეცადოს ყოველმხრით შეამკოს და მორთოს სკოლა, როგორც ეხლანდელი პედაგოგია თხოულობს. გარდა ამისა, საზოგადოებამ მიუცილებელ საჭიროებად უნდა სცნას ქართულის წიგნების და სახელმძღვანელოების ბეჭდვა და გამრავლება. სახალხო წიგნების და სახელმძღვანელოების დამწერს რომ ჯილდოც ფულად დაენიშნოს, თუ დიდს სარგებლობას არა, ზიანს არას მოიტანს.

Recent Posts

See All
შინაური მიმოხილვის მაგიერი

1881 წელი, იანვარი ეს — შარშან ახალი, და წელს ძველი წელიწადიც - ჩაჰბარდა პატრონს. რა იმედებით ვიყავით აღვსილნი, როცა ამ ძველმა წელიწადმა...

 
 
bottom of page