შინაური მიმოხილვა - 1879 წელი, ივლისი-აგვისტო
- nino otiashvili
- Jan 9, 2024
- 13 min read
IV
ძნელი მოვალეობა შინაურის მიმომხილველისა ჩვენში. - გინდა თუ არა შენის ჭკუით. - ჭაპან- წყვეტა. - დაირა და ჟღარუნები ზოგიერთისა. — ჩვენი ცხოვრება. — მეორე დაბრკოლება. - სუ! ანუ პირში ბურთი. - ნამცეცების კრეფა. - სწავლის მწყურვალნი. - სამხედრო გიმნაზია. - შენ მაცხონე, კამისიავ. - მუქარა წლევანდელის წლისა. - ამისი წამალი „Общество бережливость“- ის აზრით. - მოსკოვის ხაბაზები. - ცივილიზაციის ახალი პიონერები: შარშან ცხენები და ეხლა მოსკოვის ხაბაზები. - ღმერთსა ვსთხოვოთ.
შინაურის მხილველობისთანა ჩვენში ძნელი საქმე ჩვენებურს მწერალს არა აქვს, იმიტომ რომ ჩვენში შინაური საქმე ისეთი საგანია, რომლისთვისაც ჯერ ხელი სხვას არავის უხლია, რომელზედაც არავითარს მსჯელობას, არავითარს მოსაზრებას, არავითარს დასკვნას სხვა ქვეყნების ლიტერატურაში ვერ ინახულებთ პირდაპირ და მოჭრით; რომელზედაც, მაშასადამე, გინდათ თუ არა, თქვენი აზრი უნდა იქონიოთ და რომელიც თქვენის საკუთარის ზომით უნდა გაზომოთ, თქვენის საკუთარის ჭკუის შუქით გაანათოთ. ერთის სიტყვით, ჩვენი შინაური საქმეები ჯერ გაუკეთებელი ხორბალია ხოლმე, უნდა ჩვენ თითონ გავანიავოთ,გავცხრილოთ, დავფქვათ, მოვზილოთ და საკუთარის ჭკუის თონეში ჩვენის ხელით გამოვაცხოთ. ამიტომაც ჩვენებური მწერალი დიდს ჭაპან-წყვეტაშია ხოლმე, როცა მწერლობის საღერღელი აეშლება და ბედი ფათერაკად ზედ მიაყენებს შინაურს საქმეს და სულთამხუთავსავით თავს დაადგება, გინდა თუ არა შენის საკუთარის ტვინის ძაფები დასძარიო და ამის პასუხი მომეციო. ჩვენ ამითი იმისი თქმა კი არ გვინდა, ვითომ ჩვენი შინაური საქმეები ისეთის განსაკუთრებულის თვისებისა იყოს, რომ სხვათა ხალხთა ნაცადი,ნაკვლევი, ნააზრევი არას-გზით არ მიუდგებოდეს, სხვის აზრით ჩვენი საქმე არ აიხსნებოდეს. ამ შემთხვევაში უფრო ხშირად ჰო ითქმის, ვიდრე არა, იმიტომ რომ ხალხთა ცხოვრებაში არის ბევრი ზოგადი კანონები, რომელნიც ყველგან ერთნაირად მოქმედობენ. ეს რომ არ იყოს, თითონ მეცნიერებაც, რომელიც სხვა არა არის რა, გარდა მისი, რომ კრებაა ზოგადის კანონებისა, ფუჭი სიტყვა იქნებოდა. მაგრამ, მინამ ჩვენს საკუთარს ჭირს სხვისაგან ნაცადს წამალს შევურჩევდეთ, ჯერ თითონ ჩვენ უნდა ვიცოდეთ - რა თვისების ჭირია, მისი სიგრძე- სიგანე გაზომილი უნდა გვქონდეს, მისი სიმძიმე აწონილი, ერთის სიტყვით ის ჭირი თავიდამ ფეხებამდე ჩვენ მიერ ცნობილი და გაგებული უნდა იყოს, თორემ ქარისაგან შეშინებულსავით დოს დავუწყებთ ბერვასა. მე რომ გულის ფრიალი მქონდეს და შენ კი მეუბნებოდე:მწყურვალის წამალი წყალიაო, რასაკვირველია, მართალი იქნები, მაგრამ სულელობაში კი ჩამოგართმევ, თუ უკაცრავად არ ვიქნები. ასე მოსდით ბევრს ჩვენგანს, როცა ძალაუნებურად მოახედებ ხოლმე მათს მაღალ მსვლელობას შინაურს საქმეებზედ. თუ მზამზარეულად გამომცხვარი აზრი ვერ იპოვეს სხვა ლიტერატურაში - უფრო, რასაკვირველია, რუსულში - იმ საგანზედ, რომელსაც ხანდისხან და ძალიან იშვიათად ჩვენი დავარდნილი ცხოვრება წინ
დაგვიყენებს ხოლმე, მაშინ ნახეთ იმ ზოგიერთის მწერლის ოფლის წურვა და ჭაპან-წყვეტა. რაზედ იჭირებენო საქმეს, მეტყვით თქვენ. თუ არ შეუძლიან, ხელს რათ ჰკიდებენო. თქვენ არ იცით, ბატონებო, რა დაუმონავი რამ არის მწერლობის საღერღელი! ყველა სხვა საღერღელზედ უარესია, იმიტომ რომ ყველა საღერღელს დაიმორჩილებთ და ამას კი ვერა. მეც თითონ ერთი ალალ-ბედა ჭკუის-გლახა მწერალი ვარ, და ვიცი ეგ საღერღელი როცა კაცს აეშლება, რა-რიგად ლომებრ გულს უხოკს ადამიანსა. და თუ ამასთან ენის ქავილიც აუტყდა მწერალს, მაშინ ხომ ხსნა არ არის. ვაი მაშინ მწერალსა და უფრო დიდი ვაი მკითხველსა!თქვენი მტერი, მაგათ დღე დაადგებათ. აქაო და მე ენის ქავილი მაქვსო, მწერალი არახუნებს მოშლილ წისქვილსავით და საწყალმა მკითხველმა უნდა ამით ყური გამოიჭედოს. მეც კი, სწორედ გითხრათ, ამ-ჟამად ესე მომდის: რაზედ დავიწყე ლაპარაკი და სად გადავედი.
იმას მოგახსენებდით, რომ ავი დღე დაადგება ხოლმე ჩვენებურს მწერალს, როცა შინაურს საქმეში მოამწყვდევს სადმე ბედი და პასუხს ეკითხება. მაშინ ხან აქეთ ახლის თავს, ხან იქით, ხან ერთს წაღმა-უკუღმა გაზეპირებულს წიგნს მივარდება, ხან მეორეს, და ეძებს, - ამ წყეულს საგანზედ ხომ არავის უთქვამს რამეო, რომ სხვისი აზრი ვითხოვო, საკუთარ კაბასავით ზედ გადვიცოო და ქვეყანაში გამოვიდეო. რა თქმა უნდა, რომ თუ ამ შემთხვევაში საკუთარი ტვინი არ უჭრის და სხვა ლიტერატურის მოშველებაა საჭირო, შველას მარტო ზოგადად გამოთქმულ აზრებისაგან უნდა მოელოდეს, იმიტომ რომ ყოველივე, რასაც ჩვენი ცხოვრება თვის დენაში აღმოგვიჩენს ხოლმე, კერძოდ მოვლინებული საგანია და მის თაობაზედ ზედმიწევნით და მოჭრით კერძოდვე გამოთქმული აზრი არსად არ იქნება. არც იმოდენა განსჯა აქვთ, რომ კერძოდ, განმარტოებით მოვლინებული საგანი ზოგად აზრს ქვეშ დაუყენონ და შესაფერი სხივი მოჰფინონ. მაშინ, მეტი რა გზაა, ამისთანა მწერალი გულდაწყვეტილი უნდა მიადგეს მთხოვარასავით საკუთარის ტვინის სადგურს, - რომელსაც ზოგი უსამართლოდ თავს ეძახის და ზოგი სამართლიანად გოგრას, - და ურაკუნებს დაბადებითვე დახშულს კარს, იქნება აქედამ მაინც მეშველოს რამეო და საგანს პასუხი აქ ვუპოვოო. „არარაისგან არ იქნების არარაიცა“, - დიდი ხანია უთქვამს შექსპირსა. ტვინი თუ ნაჩვევი არ არის თვითმსჯელობასა, თუ თავით თვისით ნავარჯიშები არ არის, თუ მის პატრონს დაბადებითვე ნათხოვრებით გამოუზრდია, „ვერ მოგართვის“ მეტს ვერას ეტყვის გაფითრებულს პატრონსა. ეგრე უნუგეშოდ გამოსტუმრებული ტვინის პატრონი თუმცა სასოწარკვეთილებას მიეცემა ხოლმე, მაგრამ დიდის ხნობით კი არა. ტვინის სადგურში ერთი მივარდნილი კუნჭულია, საცა ერთი ბრმა-ნიჭი ადამიანისა ბინადრობს. ის ნიჭი ტვირთთა-მზიდველ სახედარსავით ყოველთვის მორჩილია, ქვევრის თვისება აქვს: რაც ერთხელ ჩაგიძახნია, იმას ყოველთვის ამოიძახებს და სახელად ჰქვიან მეხსიერება. აი ეს ბატონი მეხსიერება მიეშველება ხოლმე ტვინისაგან განუკითხველს მწერალსა და გზას უჩვენებს, ვაი-ვაგლახიდამ დასახსნელს. მაშინ დაიძვრის ხოლმე მეხსიერების სიღრმიდამ ყოველივე ნაგავი, რაც გაზეპირების ქარს და წაღმა-უკუღმად წიგნის კითხვისას ოდესმე მოუბუქავს, ენაზედ მოაყოლებს ყოველს — გონებაში ჩარჩენილს უთავბოლო ფრაზებს და მწერალიც მოაყოლებს რახუნსა. დაირად ხმარობს საკუთარს გოგრას, ჟღარუნებად კიდევ ამისთანა სიტყვებს: „ეკონომიური თანასწორობაო, კულტი, მისტიკა“ და სხვას ამის მსგავს შიგნითტიკურს ფრაზებსა, მითამ-და მეც ნახირნახირო. არახუნებს და იმას კი არა ფიქრობს, რომ იმას გულის ფრიალის წამალს სთხოვენ და ის კი ტვინ-დანთხეულსავით იძახის: მწყურვალის წამალი წყალიაო. ბატონო, ეგ ხომ ვიცით, გულის ფრიალის წამალი გვინდა, გულის ფრიალის! შენც არ მამიკვდე, იმან თავისი არ დაიშალოს. ან რა ქნას, რომ მეხსიერება ყურში მარტო ამ დიაკვნურად გაზეპირებულს სიტყვებს ჩასძახის. საკვირველი ეს კი არ არის, ისაა საკვირველი, რომ ეს უჯათი და დაჟინებული ექიმბაში თავის ჭკუის ხალხსაც პოულობს დედამიწის ზურგზედ და გულის ფრიალის მოსარჩენად წყალით იჟენთებიან. ექიმს, - მწერალიც ამ შემთხვევაში იგივე ექიმია, ამაზედ მეტი არა უნდა რა: ქება და დიდება მოპოებულია, სახელი გათქმულია. სხვა რა უნდა მწერალს?
სხვა ბევრი რამ უნდა, მაგრამ გამკითხველი ვინ არის? თუნდ ის ბევრი რამაც ჰქონდეს მწერალს, სად და რაში გამოიყენოს, სად და რაში მოიხმაროს? ამ მხრით ჩვენებური მწერალი გასამტყუნარი არ არის. თითონ ცხოვრება სად არის ჩვენში, რომ ცხოვრებამ გკითხოს და შენ პასუხი აძლიო? ჩვენი ცხოვრება ზურგ-გადაღლეტილ და დავარდნილ სახედარივით გდია უძრავად სადღაც კუ თხეში და სიცოცხლეს მარტო იმით იჩენს, რომ იცოხნება, როგორც პირუტყვი. თუ დროთა ბრუნვა წიხლს დააზელს ხოლმე, მაშინ მოძრაობასაც იჩენს, მაგრამ მხოლოდ მით, რომ ერთი ყრუდ დაიბღავლებს, ერთის გვერდიდამ მეორეზედ ფხანვით გადაბრუნდება და ისევ უწინდებულად თვლემით და არხეინად ცოხნას მოჰყვება, მითამ-და არაფერი არც ეტკინაო, არც ეზიანაო. დასაწყისში რომ ვახსენე ჩვენი შინაური საქმეები, იმ სახით ვახსენე, რომ კაცს ეგონება, ჩვენი ცხოვრება დუღს და გადმოდუღსო, მაგრამ იქ ჩვენ ვიგულისხმეთ ის დიდად იშვიათი შემთხვევა, ის ათასში ერთი მაგალითი, როცა ჩვენი ცხოვრება რაიმე ღირსშესანიშნავს საგანს მოიგდებს ხოლმე თვის ზედაპირზედ. უამისოდ არ იქნება, ზოგჯერ სასწაულიც მოხდება ხოლმე. ამისთანა ქვეყანაში, საცა ცხოვრება ხავს- მოკიდებულს გუბესა ჰგავს, ესე იგი, ჭია-ჭუების და ქვემძრომების საბუდარს, იქ მწერალმა რა უნდა ქმნას? ჭია-ჭუებს რომ ყურში ხელი წაავლოს და აწივლოს, - ეგ ერთხელ, ორჯერ კიდევ შესაწყნარებელია, მაგრამ მუდამ კი ღმერთმა შეინახოს, მოსაბეზრებელია, მოსაწყენია, - კაცს ყოველს სურვილს კითხვისას მოუკლავს. ამ სახით, გარდა ამისა, რომ ჩვენებურს მწერალს თვითმსჯელობა არ განუვითარებია, მეორე დაბრკოლება აი რაშია: საგანი არ არის გარშემო, რომ მწერალმა მასზედ შეაჩეროს თვისი გონების თვალი და მკითხველის ყურადღება. თუნდ რომ ათასში ერთი მოიპოებოდეს კიდეც, თქმაც ძნელია, იმიტომ რომ წყლით გივსებენ პირს, ნაღველს ან სულ არ ამოგათქმევინებენ, და თუ ამოგათქმევინებენ, ისე ბუნდად, არეულად, გაკვრით-გადაკვრით, რომ არამც თუ კაცი, თითონ ეშმაკიც კი კისერს მოიტეხს. ამის გამო ბევრად შესაწყნარებელია და შესანდობარი სიღარიბე ჩვენებურის მწერლობისა და ნამეტნავად ჩვენებურის პუბლიცისტიკისა. რა ვქნათ, საფანელი არ არის ჩვენს ცხოვრებაში და ამის გამო არც აზრის შედედებაა და თუნდა იყოს კიდეც... ამით შეგვიბრალეთ და განგვიკითხეთ, როცა ჩვენს შინაურს საქმეებზედ სჯას კითხულობთ ხოლმე ჩვენებურს ჟურნალ-გაზეთობაში. თუნდ რომ ღონე იყოს, დიდს ჩვენ არ გვაღირსებენ და მეტი რა ჩარაა, რომ ნამცეცების კრეფას არ შევუდგეთ, ისიც დიდის სიფრთხილით და ენის კვნეტით, რომ მეტი არა წაგვცდეს რა. მაშ მოვყვეთ ისევ ნამცეცების კრეფას.
**
მარიამობისთვის უკანასკნელს რიცხვებში განკითხვის დღე დაუდგათ ჩვენებურს მოზარდ ყმაწვილებსა. ამბობენ, ათას-ხუთასი მეტი ყმაწვილი იყოო აქაურს სასწავლებლების კარზედ მიყენებულიო და მარტო ორასიოდეს გაეღო კარიო, სხვანი კი, რიცხვით ათას-სამასი, გულხელ-დაკრეფილმა მშობლებმა წყევა-კრულვით წაიყვანეს შინო, ვაკანსიების უქონლობის გამოო. თუ ეს მართალია, ეს ამბავი ჭირადაც სამყოფია და ლხინადაც. ნუთუ ყოველ-წლივ ამოდენა უშველებელი რიცხვი მოზარდის ყმაწვილებისა ეგრე უნუგეშოდ უნდა იყოს დარჩენილი! რასაკვირველია, უნდა დარჩეს, რადგანაც აქაურს სასწავლებლებში ტევა აღარ არის. ჩვენ არ ვიცით, მთავრობა ამ საგანზედ რასა ფიქრობს, მაგრამ დიდად საფრთხილო და საფიქრებელი კია. ხუმრობა არის, ამოდენა ხალხს განათლების კარი დახშული ჰქონდეს! უფრო მომეტებული რიცხვი თურმე სამხედრო გიმნაზიას მიაწყდა. ამბობენ, წლევანდელმა ეგზამენიებმა აღმოაჩინაო, რომ წელს ყმაწვილების მომზადება უფრო მაღალის ხარისხისა იყოო საზოგადოდ, ვიდრე წინა-წლებშიო, მაგრამ ძალიან ბევრი კი ისევ შინ დაბრუნებულა ხელცარიელი იმავ მიზეზით, რომ ვაკანსია არ იყო. კავკასიის მხედრობისა მიმართ განცხადებაში No 48 მოხსენებულია, რომ სახელმწიფო ხარჯით წელს უნდა მიღებულიყვნენ ოცნი, დედ-მამის ხარჯით ხუთნი, და ისე შინიდამ მოსიარულედ ცხრა, - სულ ოც-და- თოთხმეტი ყმაწვილი. იმ მიღების სიაში, რომელიც თითონ გიმნაზიაში გამოკიდებული იყო, ეწერა, რომ სახელმწიფო ხარჯზედ მიღებულია წელს ერთი მეექვსე კლასში და თექვსმეტი პირველს კლასში. ამათ რიცხვში აქაურები თორმეტნი არიან და რუსები ხუთნი. თორმეტიდამ მარტო ოთხნი არიან ქართველნი. დედ-მამის ხარჯზედ მარტო ორნი არიან მიღებულნი, ერთი რუსი და ერთი სომეხი. შინიდამ მოსიარულედ ცხრა ყმაწვილია - სულ რუსები. ამ სახით გამოდის, რომ სამხედრო გიმნაზიის პანსიონში ექვსი ვაკანსიაა დარჩომილი, სამი სახელმწიფო ხარჯზედ და სამი დედ-მამის ხარჯზედ, და დანარჩენ 28 ვაკანსიიდამ ცამეტი ჩვენებურებს დაუჭერიათ და ხუთმეტი რუსებს. რასაკვირველია, ეგ ექვსი ვაკანსია წვეთია ამოდენა მწყურველთათვის, მაგრამ მაინც სანატრელია კაცმა იცოდეს, ვისთვის არის შენახული ის ექვსი პანსიონის ვაკანსია, მაშინ როდესაც მრავალმა ყმაწვილმა შესაფერად დაიჭირა ეგზამენია და ამათი დედ-მამა მონატრული იყვნენ, რომ სახელმწიფოდ, თუ საკუთარს ხარჯზედ, შვილები მიეღებინებინათ. არ ვიცით, მართალია თუ არა, და ყველანი კი ერთხმად უჩივიან სამხედრო გიმნაზიის გამგეობას, რომ უსამართლოდ და თნებით იქცევიანო. საკვირველი საქმეა ამ გიმნაზიის ამბავი. როგორც ვიცით, ეგ სამხედრო გიმნაზია ჩვენის თავად-აზნაურობის თხოვნის გამოა დაარსებული. ხელმწიფე იმპერატორმა, როცა უკანასკნელად ჩვენში ბრძანდებოდა, თავად-აზნაურობის თხოვნისა გამო ინება, რომ ტფილისში ეგ გიმნაზია იყოს. დააარსეს გიმნაზია და თავად-აზნაურთაგანი მარტო ოთხი ყმაწვილია წელს მიღებული. რასაკვირველია, ეს მაგალითი არაფერი მოსატანი იქნებოდა, რომ ჩვენი ყმაწვილები საკმაოდ მომზადებულნი არა ყოფილიყვნენ... საქმე ის არის, რომ გიმნაზიაში იმოდენა ცოდნა აღმოუჩენიათ, რამოდენასაც კანონი თურმე თხოულობს, და რა მიზეზია, რომ ვისთვისაც თითქმის დააარსეს გიმნაზია, ისინი ცარიელზედ რჩებიან. აქ შესანიშნავი კიდევ ის არის, რომ აქაო და ტფილისში თქვენი სამხედრო გიმნაზია გაქვთო, რუსეთის გიმნაზიებში თურმე ჩვენებს აღარ იღებენ. ჩვენ თითონ მაგოდენადაც არ მიგვიწევს გული ერთობ სამხედრო გიმნაზიებზედ, და თუ ამ-ჟამად სამდურავსავით რასმე ვამბობთ, მარტო იმისათვის, რომ განიშნოთ, ადამიანის ბედს ხანდისხან რა ხიფათი სდევს ხოლმე. ბევრის მდომელსა ცოტაც დაეკარგებაო, სწორედ ამისთანა ამბავზეა ნათქვამი.
ხომ ხედავ, ჩვენო ქართველობავ, რომ სხვა გზა არ არის შვილი გაზარდო, თუ არ ისევ შენის ღვაწლით და შენის ხარჯით. თვითოეულისათვის ცალკე ეგ ღვაწლი და ხარჯი სამძიმოა. რაც თვითოეულისათვის სამძიმოა, ის ერთობას არ გაუჭირდება. შეიყარენით ერთად და ამ სატკივარს ერთი წამალი დასდეთ. უებარი წამალი კიდევ, უწინაც გვითქვამს, საკუთარი ქართული გიმნაზიაა. თუ თქვენის შვილებისათვის მართლა სიკეთე გინდათ, თუ გინდათ, - რომ თქვენმა ქვეყანამ თქვენი სახელი ლოცვით და კურთხევით მოიხსენიოს, ამ აზრის აღსასრულებლად ნურას დაზოგავთ, ნურას დაიშურებთ. ნუ შეუშინდებით იმ ფიქრს, რომ გიმნაზიას დიდი გაძღოლა უნდა, ესე იგი დიდი ფული და ხარჯი. თვითოეულმა რომ ცოტ- ცოტა გამოვიღოთ, ყველასაგან ერთად საკმარისი ფული შედგება: ნათქვამია, ზღვაც წვეთით არის შემდგარიო.
ყმაწვილების აღზრდისა და პატრონობის თაობაზედ ამას წინათ დააპირეს საზოგადოების შედგენა. დამაპირებელთა მოიწვიეს მრავალნი პირნი სამეურნეო საზოგადოების დარბაზში, წარმოსთქვეს წინათვე გაზეპირებული სიტყვები, ორიოდე ორატორმა გამოიჩინა თავი, და საქმე იმით გათავდა, რითაც - შჩედრინისა არ იყოს - ყოველივე საქმე თავდება ხოლმე რუსეთში, ესე იგი ამოირჩიეს კამისია და მიანდეს, არამც თუ მარტო წესდების შედგენა, არამედ ჩვენის სურვილის საგანიც განსაზღვრეთო. ჩვეულებისამებრ - ჩვეულება ხომ რჯულთ უმტკიცესია, როგორც მოგეხსენებათ, - კამისიის კალთაში ჩაიძინებს ეს საქმე „ღრმა ძილითა“, ასე რომ ზარბაზნითაც რომ მიადგეთ, ბოლოს იქნება ვერც კი გამოაღვიძოთ. თქვენმა მზემ, ეგ ეგრეთ-წოდებული „კამისიები“ სწორედ ხსნა არის ყოველგვარის მცონარობისა. ვისაც ეგენი მოუგონია, დიდი ორსმხედველობა ჰქონია და კაცის ბუნების თვისება ზედმიწევნით სცოდნია. ბატონო, მეტი რა გინდათ? ვსთქვათ, მოგივიდათ ჟინი, რომ ერთი კარგი საქმე რამ დაიწყოთ. ჟინს კიდევ ჟინი იმიტომა ჰქვიან, რომ დაჟინებით იცის კაცის შეწუხება და მინამ ასე თუ ისე არ მოიკლავ, არ მოგასვენებს. ვსთქვათ, მოგივიდათ ჟინიმეთქი. ყველაზედ უწინარეს ერთი კარგი, ნათხოვარის ცეცხლით გახურებული სიტყვა უნდა გაიზეპიროთ, მერე მოიწვიოთ ერთს ადგილს მოცლილი ხალხი - ღმერთმანი, ცოტანი არიან - იმ გახურებულის სიტყვით ყური გამოუჭედოთ და როცა სიტყვა საქმეზედ მივა, - ხომ ოდესმე უნდა მივიდეს -მაშინ... ოხ, მაშინ, თუმცა მელიასავით ხაფანგში მომწყვდეულად ნახავთ საკუთარს თავსა, რადგანაც თქვენ მარტო გახურებულის სიტყვის თქმა გინდოდათ და აქ კი საქმის გაკეთებაც სდომებია, მაგრამ მაინც არა შიშობთ. ხაფანგი - ხაფანგია, მაგრამ ოსტატობასაც ბევრი რამ შეუძლიან. ამ შემთხვევაში-კი არც მეტად დიდი ოსტატობაა საჭირო: ღმერთმა აცხონოს კამისიების მომგონი. ერთი კამისია კი ახსენეთ და თქვენთვის გახურებულის სიტყვით მობეზრებული და გულ-ასუყებული კრება სიხარულით დაიხვევს ენაზე მაგ კამისიას და აღტაცებით წამოიძახებს, ოღონდ ეხლა შინ დაგვითხოვეთო, სიტყვა ეგ იყოს და საქმე კი კამისიას მივანდოთო. ყველას გაუხარდება, რასაკვირველია, ეს ამისთანა უმანკოებით სავსე დასკვნა, ტაშს დაუკრავენ ორატორებსა, მერე ისეთის სისწრაფით გამოცვივიან გარეთ, თითქო სახლს ცეცხლი წაეკიდაო, და მადლობას სწირავენ ღმერთს, რომ ამით გადავრჩითო. ჰოი, ყოვლად მხსნელო კამისიავ, რა კარგი რამა ხარ! რამდენს მოუყუდებია შენზედ თავისი ჯოხი, რომ სხვა ღონე არ ჰქონია. რამდენს „გაუპრადალავებია“ - გლეხისა არ იყოს - შენის უწყინარი სახელით კეთილი საქმე! ზემოხსენებულს კრებასაც სწორედ ამისთანა ბოლო ჰქონდა, და სიტყვა საქმედ როდის გარდიქცევა, - ეგ ღმერთმა იცის და კამისიამ, რომელიც ძალიან იშვიათად მოახდენს ხოლმე ამისთანა სასწაულსა.
ძალიან სამწუხაროა, რომ ამისთანა საქმეს როგორც უპატრონო ყმაწვილების აღზრდა და მოვლაა, ამისთანა დასაწყისი ჰქონდა. ამ საქმისათვის რომ მართლა გულით ეზრუნვათ და ბეჯითად ჩაეკიდნათ ხელი, ყოველივე - რაც საქმის ფეხზედ დაყენებისათვის საჭირო იყო, წინათვე უნდა მოემზადებინათ. მაგალითებრ, საგანი ყოველმხრივ უნდა განესაზღვრათ, მისი გულ-ღვიძლი, მისი თირკმელები - უკაცრავად ამ სიტყვებისათვის - უნდა გაესინჯათ ყოვლის მეცადინეობით და გულმოდგინებით, შეედგინათ წესდება, დაერიგებინათ, რომ ვისაც გული შესტკივა ამ საგანზედ, წინათვე გაგებული და მოსაზრებული ჰქონოდა ყოველივე ის, რაც ამ საქმეს შეეხება, და მაშინ მიეწვიათ ხალხი საჯაროდ ბაასისათვის. მაშინ ყველა, და ყველა თუ არა, ბევრი მაინც, წინათვე აღნიშნავდა თავის როლს კრების წინაშე ამ მართლა-და კეთილის საქმის თაობაზედ. თორემ ისე თამაშად მიწვევა ხალხისა, როგორც ამ შემთხვევაში იყო, ვერაფრად მიმზიდველია მათთვის, ვინც მოცლილი არ არი. აი, ჩვენის ფიქრით, მიზეზი, რის გამოც აქაური ჟურნალ-გაზეთების წარმომადგენელნი არ დაესწრნენ იმ კრებას. მიზეზი, სწორედ მოგახსენოთ, საბუთიანია და ეს მიზეზი გამოეპარა ჩვენს პატარა გაზეთს „დროებას“. რომ არ გამოჰპარვოდა, აღარც დაიმდურებოდა და უკიჟინებდა აქაურ ჟურნალ-გაზეთების წარმომადგენელთ, რატომ არ დაესწარითო. საცა თამაშაა ხოლმე - და სად არ არის ეხლა? - რომ კაცი ყველგან დაესწროს, სად წავა? და ან რა საჭიროა?
**
აი, რა-რიგად ჭკვიანურად და საქმიანად მოიქცა ერთი ჩვენებური საზოგადოება, რომელიც კარგა ხანია ჩვენში მოქმედობს. ვინ არ იცის, რომ წლევანდელი წელიწადი დიდს მუქარას გვითვლის და ამ მუქარამ ლამის დღესაც ურიცხვი ხალხი სასოწარკვეთილებას მისცეს. წლევანდელი წელიწადისთანა უმოსავლო წელიწადი ხშირი არ არის ხოლმე ჩვენში. რაც მუდმივმა მიზეზებმა დააკლეს წლევანდელ წელიწადსა, ის შეამთავრა შარშანდელმა საქონლის ჭირმა, რომლისა გამო უხნავ-უთესად დარჩა მრავალი ხალხი, წლევანდელმა კალიამ, თაგვმა და ნაცარმა. თითქმის მთელს ჩვენს გუბერნიაში, და გუბერნია რა სათქმელია, თითქმის მთელს ამიერ-კავკასიაში, ამ მუდმივმა და ფათერაკად მოსულმა მიზეზებმა სულ ძირს დასცეს წლევანდელი ჭირნახული მიწისა თუ ვენახისა. ბალახიც კი აღარ არის, რომ საქონელი გამოიკვებოს. ჯერ რა დროა გასული და მაინც კოდმა პურმა ხუთ მანეთამდე აიწია, ფუთმა თივამ ტფილისში ათ შაურამდე და სამ აბაზამდე, ბზეც კი ადგილობრივ ურემი ერთს თუმანზედ და თორმეტ მანეთზედ სოფლადაც ძლივს იშოვება, - წინა წლებში ორი-სამი
მანეთი რომ ყოფილიყო, ეგეც დიდი საქმე იყო. ერთის სიტყვით, ამისთანა მუქარით ბევრი წელიწადი არ დასდგომია ჩვენს უამისოდაც უბედურს ქვეყანასა. ეს დასაწყისია და ახლა ნახეთ, შუა და ბოლო რა იქნება, ნამეტნავად საწყალ ხალხისათვის. ეს უბედურება საწყალის ხალხისა წინათ-უგრძვნია ერთს გულშემატკივარს აქაურს რუსულ საზოგადოებას, რომელსაც ჰქვიან: Общество бережливости. და კაცმა მართალი უნდა სთქვას, კარგად და ოსტატურად ჩაუკიდნია ხელი, რომ სატკივარს რაიმე წამალი დასდოს. ერთს იმათგანს პროექტიც ხელ-და- ხელ გამოუცხვია და სადაც ჯერ არს წარუდგენია. რასაკვირველია, ეს ბატონი პროჟექტორი ჯერ უქებს ამ საზოგადოებას პატიოსანს მოღვაწეობას, ვაჭრობაში გამოცდილებას და გვარწმუნებს, რომ ამ საზოგადოებამ დიდი სარგებლობა მოიტანაო თავისის მოქმედებითაო ამ ცხრა წელიწადშიო. მოდი და ნუ დაიჯერებთ. მაგრამ ისევ-ისე იმათი თავისიანი ვალაპარაკოთ ამ სასაცილო პროექტზედ, თორემ ჩვენ მუხანათობას შეგვწამებენ და ეხლანდელ დროში ეგ დიდად საფრთხილოა. აი, რას ამბობს ამ პროექტზედ ჩვენი ყოველთვის წარბშეკრული რუსული გაზეთი „კავკაზი“. თუ ამ პროექტს ამისთანა გაზეთისათვისაც დაცინების საღერღელი აუშლია, წარმოიდგინეთ, რა წითელი კოჭი უნდა იყოს. „პროექტიო, - ამბობს გაზეთი, - ბევრს არას გამოსდგომიაო. იგი თხოულობს მთავრობისაგან, მაგალითად,მარტო ათი-ათას თუმანს სესხად ერთის წლის ვადით უსარგებლოდ. წევრნი საზოგადოებისანი ამ ფულით საკუთარს, განგებ ამისათვის, ფურნეს დასდგმენ, დაიწყებენ პურის ცხობას და გამომცხვარს პურს მიჰყიდიან იმ ფასად, რაც თითონ დაუჯდებათ, არამც თუ მარტო საზოგადოების წევრთა, არამედ სხვასაც, ვინც კი მოინდომებს, რომ მათგან პური იყიდოს. პური რომ უფრო გემრიელი იყოს, დაიბარებენ მოსკოვიდან ფილიპოვისაგან[*] ერთს ანუ ორს კარგად გამოცდილს ხაბაზსა. რადგანაც ეს პროექტი საჯარო განხილვისათვის გამოცხადებულია, ჩვენც ვბედავთ ორიოდე სიტყვა მოვახსენოთ ამ საზოგადოებას მის პროექტის თაობაზედ. ყველამ კარგად იცის, რომ Общество бережливости - ეგ პატიოსანი და გამოცდილი საზოგადოება, რომელსაც ამ ცხრა წლის განმავლობაში ასეთი დიდი სარგებლობა მოჰქონდა (ნეტავ ვისთვის?), - თავის საქონელსა ჰყიდდა ყოველთვის იმ ფასად, როგორც სხვა ტფილისის დუქნებში იყიდებოდა და ხანდახან უფრო მეტადაც. თუ ეს საზოგადოება თავის გამოცდილ პატიოსნების გზას დაადგება, რასაკვირველია, სახელმწიფო ფულით ნასყიდ პურის გასყიდვაშიაც იმ ფასს დასდებს, რა ფასიც სხვა დუქნებში იქნება და იტყვის, ეს დამიჯდაო. ამით მითამ რა უნდა ეშველოს ღარიბ ხალხსა? მოდით და უთხარით ამ-გვარად მოარულს პატიოსნებასა, რომ მაგ ფასად არ დაგჯდომია-თქო. ან ვინ უნდა მოსთხოვოს ანგარიშიგამოცდილ ვაჭრობის საქმეშიმოჭირნახულეებს?ისეგარეშემუშტარს ხომ არ მიუშვებენ, და მთავრობის მხრით ამისათვის კამისიის დაწესებას ხარჯი უნდა და ეს ხარჯი გასასყიდს პურს უნდა დააწვეს და ამით უფრო ფასი მოემატოს. მერმე, ღარიბს ხალხს განა ოდესმე სურვილი გამოუცხადებიათ, რომ არა, გინდათ თუ არა, უსათუოდ ფილიპოვის, ანუ მისის ვექილის გამომცხვარი პური უნდა მაჭამოთო. ამას გარდა ვინ არ იცის, რომ ტფილისში პურის მცხობი ბევრია. სხვა რამა სთქვით, თორემ პურის-მცხობლების ნაკლეობაზედ ტფილისი ვერ იჩივლებს. მაშასადამე, ხარჯი ფილიპოვოს პურის-მცხობლების მოწვევისათვის სრულებით უსაბუთო და მეტი იქნება“. - კიდევ სხვას რასმე უწუნებს გაზეთი იმ პროექტს, მაგრამ ჩვენთვის ეგეც სამყოფია.
ვაი, ჩვენი ბრალი! პურის ცხობის უცოდინარობაც კი შეგვწამეს და ხაბაზიც ამას იქით მოსკოვიდან უნდა დავიბაროთ ხოლმე. ქვეყნის გაბიაბრუება და გაბრიყვება იქნება და ასეთი!.. მოდი და ამისთანა ხალხს დაუჯერე, რომ ვაჭრობაში ან სხვა რამეში გამოცდილნი არიან. ცხრა წელიწადი საზოგადოება მოქმედობდეს ტფილისში და არ იცოდეს, რომ აქ პურის-მცხობლები არიან, და ხშირად ძალიან კარგნიცა, ამაზედ სასაცილო ამბავი სხვა რამ გინდათ კიდევ. მოდი და ამისთანა ქვეყნის ზედმიწევნით მცოდნეთაგან - თუ არ დაგიშლიათ - სიკეთე და სარგებლობა მოითხოვეთ. მოდი და ამათ ეშხზედ ელაპარაკეთ! მოსკოვიდან ხაბაზები დავიბაროთო? ჭკუას როცა ურიგებდნენ, ნეტა ამათ სად მოგვიანებიათ, რომ ვერ მოუსწვრიათ. თუ მკითხავთ, ჭკვაზედაც თხლად არა ბრძანებულან. ათი-ათასი თუმანი - კაი ლუკმაა. პირში გემო კი ჰქონიათ, თუ თქვენც იტყვით, მკითხველო! ის ხაბაზის დაბარება იქნება ამ ათი-ათასის თუმნის ეშხით წასცდათ როგორმე. ან იქნება წამომცდარი სიტყვაც არ იყოს. იქნება ცივილიზაციის გასავრცელებლად ამ მხეცს ქვეყანაში მოსკოვის ხაბაზებიც საჭირო იყოს. ახლა იქნება ისა სთქვათ, რომ მოსკოვშიც დიდი წყურვილია ცივილიზაციისა და, თუ ხაბაზები ამაში გამოსადეგნი არიანო, იქაც მოუნდებათო. თქვენგან არ მიკვირს, მაგას როგორ ბრძანებთ. აბა რომელი წინასწარმეტყველი გამომდგარა თავის ქვეყანაში. რო გეთქვათ, ხაბაზები ცივილიზაციისათვის რა პიონერები არიანო, კიდევ ჰო. მაგრამ აქაც დიდი საბუთი არ მიგიძღვით წინ.
ხომ გახსოვთ, რომ შარშან ჩვენს ხალხს ცხენები დაურიგეს საჩუქრად. ჩუქება, რაც უნდა იყოს, ყოველთვის კარგი რამ არის ხოლმე, ნამეტნავად დაჩუქრებულისათვის. ჩვენ ამ მხრით იმ ცხენების ჩუქების თაობაზედ არა გვეთქმის რა, თუმცა აშკარაა, რომ ის ცხენები ფულად ექციათ და გუბერნიისათვის ერთი საერთო კასსა გაეჩინათ გაჭირვებულთათვის ხელის გასამართავად, ან სხვა რაიმე საერთო საქმისათვის მოეხმარათ, მაგალითებრ — სოფლის ბანკებისათვის, სოფლის შკოლებისათვის, თუნდ გზების და ხიდების გასაკეთებლად, ერთი ათასად უკეთესი იქნებოდა. როგორც გვახსოვს, თითო ცხენი რომ სამ-სამ თუმნად მაინც ჩაგეგდოთ, კარგა დიდი ფული შედგებოდა. მაგრამ ცხენების ფულად ქცევა უარჰყვეს და ისევ ცხენების ცხენებად დარიგება ირჩიეს. იცით - რა საბუთიანი მიზეზი ჰქონდათ, რომ ასე ჰქნეს, და იქიდამ, საიდამაც კაი ზომიერი სარგებლობა შესაძლო იყო, არა გამოვიდა რა? მიზეზი ის იყო, რომ მაგ ცხენებს ერთი მძიმე ტვირთი ზურგთ აჰკიდეს: ცხენებით უნდა ჩვენში ცივილიზაცია ფეხზედ წარმომდგარიყო; ყველას იმედი ჰქონდა, რომ თუ გლეხკაცობა იმ ცხენების მიზეზით ეკიპაჟებს არ გაიმართავდა, ფურგონებს, პოვოზკებს და სხვა ამისთანა ცივილიზაციისაგან მოგონილს სატარებელთ წინ რაღა დაუდგებაო. დიახ, დიდი იმედი ჰქონდათ, რომ ცხენების მეოხებით ის ტლანქი, ბრიყვული, ჩვენებური ჭრიჭინა ურემი უკან დადგება და გზას დაუთმობს ფურგონს და პოვოზკასა. თქმა არ უნდა, რომ ბევრგან იმ ცხენებმა - კარგია, პირუტყვები არიან, თორემ შენი მტერი - გლეხამდი არ მიაღწიეს და არც ფურგონები და პოვოზკები დაიმართა. ამ-გვარად, ამ ოთხ-ფეხმა ცივილიზაციის მოწინავე ჯარმა ჩვენში ვერ გასჭრა და ცხენმაც, ადამიანზედ უფრო მხნემ, უფრო ღონიერმა ცხენმაც კი ვერა გააწყო რა ჩვენში. თუნდ ეგეც არ იყოს, თუ ოთხი ორზედ უმჯობესია, - რასაკვირველია, როზგისა და სხვა ამ-გვარის გარდა - მაშ ცხენები ადამიანზედ ამით მაინც წინ არიან. ერთის სიტყვით, ამისთანა ძლიერმა ცხოველმაც, როგორც ცხენია, ცივილიზაციას ჩვენში ფეხი ვერ აადგმევინა. ეს, რასაკვირველია, ჩვენის ხალხის მეტად ტანში გამჯდარს სიბრიყვეს უნდა მიაწეროს კაცმა და სხვა არაფერს და, მგონი, ცხენების დამრიგებლებმა სწორედ ამ უჯათს სიბრიყვეს დააბრალეს ყოველიფერი და არა იმას, რომ ცხენები ვერაფერი პიონერები არიან ცივილიზაციისა.
თუ ცხენს ამისთანა იმედს ჰკიდებენ ჩვენში ზურგზედ, მაშ რაღად უნდა გვიკვირდეს, მაშ რაღად უნდა გვეოცოს, რომ ვიღაც ბატონმა ლებედიევმა - ზემოხსენებულ პროექტის შემადგენელმა - ხაბაზების დაბარება მოსკოვიდამ დააპირა. ცდა ბედის მონახევრეაო, ნათქვამია. ჯერ ხომ ცხენები სინჯეს და ნახეს, - რომ ჩვენი სიბრიყვე ვერ მოტეხეს. ეხლა კიდევ მოსკოვის ხაბაზებს გამოსცდიან, იქნება ამით მაინც ეშველოს ჩვენში ცივილიზაციის გავრცელებას. უსათუოდ ბატონს ლებედიევს ეს აზრი ჰქონია, რომ დაუპირებია მოსკოვის ხაბაზებით დაამშვენოს ჩვენი ქვეყანა, თორემ როგორ გაუბედავდა სთხოვოს მთავრობას ათი- ათასი თუმანი. ხუმრობა ფულია! ხუმრობა ფული არ არის, მაგრამ განა ცივილიზაცია კი ხუმრობა რამ არის! ბატონმა ლებედიევმა უსათუოდ ზედმიწევნით იცის, რომ ცივილიზაციის დასამყარებლად არა ხარჯი მეტი არ არის, რაც უნდა ფული დაიხარჯოს, - ბევრი არ იქნება. თუ არ დაგიშლიათ, ღმერთსა ვსთხოვოთ, რომ მთავრობამ ის ათი-ათასი თუმანი მისცეს Общество бережливость-ს და Общество бережливость-მა კიდევ ბატონ ლებედიევის თაოსნობით ხაბაზები მოსკოვიდამ დაიბაროს და მოჰფინოს ჩვენს ქვეყანასა. დღე ნათელი მაშინ მაინც დაუდგება ამ ჩვენს უბედურს ქვეყანასა. ცუდი არ იქნება, რომ ჩვენმა ბანკებმაც ფული მიაშველონ ბატონს ლებედიევს, რომ კალიასავით მოუსიოს ჩვენს ქვეყანას მოსკოვის ხაბაზები. რაკი ცივილიზაციის საქმე ცხენებზედ და ხაბაზებზედ მივარდნილა, ეხლა ფიქრი ნურავისა გვაქვს. ბედი ჩვენი ცხადია, როგორც ხელის-გული. მაგრამ ვაი თუ ხაბაზები მოსკოვისა გაგვინაზდნენ და არ წამოვიდნენ! ნუ გეშინიანთ, პირში გემო ხომ არ დაჰკარგვიათ, რომ ეგა ჰქმნან. ვაი ჩვენი ბრალი! დაბრიყვება ქვეყნისა იქნება და ასეთი!..