შინაური მიმოხილვა - 1879 წელი, აპრილი
- nino otiashvili
- Jan 9, 2024
- 10 min read
III
ნუთუ ახალმა ნიავმა დაჰბერა ჩვენს ცხოვრებას? - ახალი საზოგადოება წერა-კითხვის გავრცელებისათვის საქართველოში და მისი მომავალი ღვაწლი ჩვენის ცხოვრებისათვის. - რა ურთიერთობა სუფევს ამ საზოგადოებასა და შარშან დაარსებულს შორის („შეუძლებელ მოსწავლეთა შემწეობისათვის“)? - ორიოდე სიტყვა ბანკის თაობაზედ. - ქართული თეატრი. - თავად-აზნაურთა კრება.
ჩვენმა საზოგადოებამ, სწორე მოგახსენოთ, ვერაფერი სახელი დაიმკვიდრა შესახებ თაოსნობისა, გამჭრიახობისა, თვითმოქმედობისა და სხვა. გრძნობით-კი კარგადა გრძნობდა თავის ვაი-ვაგლახს და ყოველის მხრით გაჭირვებულს ცხოვრებას, მაგრამ შვებით კი თითქმის თითსაც არ გაანძრევდა ხოლმე, რომ რაიმე ცოტად თუ ბევრად მტკიცე საშუალება გამოენახა თავის დასახსნელად. იყო ისე, ყურმოჭრილი მონა გარემოებისა, და თითქო ფიქრობდა: როგორც ეს გარემოება მომევლინა ფათერაკად, იქნება შვებაც ამგვარადვე მომევლინოსო. ამისდა გვარად, ჩვენი საზოგადოება, იქნება, არც კი იყოს გასამტყუნარი ამაში: თაოსნობა, გამჭრიახობა, თვითმოქმედობა, - ყველა ამგვარი თავის აღმოსაცენად და განსავითარებლად მოითხოვს ნიადაგს არა იმისთანას, სადაც ფართო გზა და მსვლელობა უპყრია ფათერაკობას... იქნება არ იყოს-მეთქი მტყუანი, და არც იმიტომ მოვყევით ამაზედ ლაპარაკს, რომ გამოვძებნოთ ვინ არის მტყუანი და ვინ არის მართალი. ეს კი უეჭველია: გადიოდა ხანი და თითქმის არავითარი შვება არსაიდან არ მოჩანდა. ამასობაში მოსალოდნელი უნდა ყოფილიყო, რომ რაც კი რამ ხალისი და თაოსნობა ჰქონდა შერჩენილი ჩვენს საზოგადოებას, ისიც უნდა დაჰკარგოდა. მაგრამ, ამ ბოლო დროს ჩვენმა საზოგადოებამ თითქო ფერი იცვალა და ჩვენს ცხოვრებას თითქო ახალმა ნიავმა დაჰკრა; საზოგადოება თითქო შეკრთა, თითქო დაიძახა - „როდემდე და სადამდეო“, ხელები გაანძრია, წელში გაიმართა და თითონვე განიზრახა თავის-თავისათვის შველა. ჯერ-ჯერობით მიჰყო ხელი სწავლა-განათლების საქმეს. ამისთვის დააარსა ჯერ ერთი საზოგადოება, რომელმაც გახსნა ესრეთ-წოდებული „მოსამზადებელი შკოლა“, მერე კიდევ სხვა საზოგადოება, რომელსაც საგნად აქვს წერა- კითხვისა და სწავლა-განათლების გავრცელება საქართველოში. პირველ საზოგადოებაზედ საკმაოდ იყო ნათქვამი „ივერიაში“ და მეტი ლაპარაკი საჭირო აღარ არის. ახლა ვთქვათ რამდენიმე სიტყვა ახალს საზოგადოებაზედ, რომლის პროგრამა იმდენად ვრცელია და იმდენად შორსა სწვდება რომ ფრიად დიდს ღვაწლს გვიქადის მომავალში და იმიტომაც ღირსია ყურადღებისა.
ეს საზოგადოება თავის დანიშნულების აღსასრულებლად მოჰკიდებს ხელს არა მარტო სასოფლო შკოლების გამართვას, არამედ დააარსებს აგრეთვე სახალხო სამწიგნობროებს, მასწავლებლებს გამოზრდის ან თავისგანვე დაფუძნებულს სასწავლებლებში, ან სხვაგან თავისის ხარჯით; გამართავს ლექციებს ხალხისათვის სხვადასხვა ადგილას და სხვ.
ლაპარაკი არ უნდა, რომ ეს საქმე საუცხოო საქმეა და თუ ამ საზოგადოების წევრთ ქართველურად მალე გული არ აუცრუვდათ, დიდი სარგებლობის მოტანა შეუძლიანთ.
არა ხალხში, რომელიც განათლებულებში ჩაითვლება, წერა-კითხვა ისე ნაკლებად არ არის გავრცელებული, როგორც ჩვენსაში. უწინდელს დროს, როდესაც მამაკაცები სულ ომში ტრიალებდნენ და წიგნის კითხვისათვის არა სცალოდათ, დედაკაცები მაინც არ ანებებდნენ ამ საქმეს თავსა, მიიბარებდნენ შეგირდებს და ამ-რიგად ქართულს მწიგნობრობას ძირიანად ამოვარდნას უშლიდნენ.
ეხლანდელს დროში დედაკაცები ისე-რიგად აღარ ეწყობიან წიგნის კითხვას და მამაკაცებს კი ჯერ გულდადებით არ მოუკიდნიათ ამ საქმისათვის ხელი. მართალია, ჩვენს სოფლებში ათასში ერთგან ამ უკანასკნელს ხანს შკოლები გაიხსნა, მაგრამ ისე კანტი-კუნტად, რომ ერთს შკოლიანს სოფელზედ ათი მეტი უშკოლო მოდის.
ჯერ-ჯერობით ამ საზოგადოებას დიდი შეძლება არა აქვს რა: საზოგადოების შემდგენელთ წევრთ, რიცხვით ჯერ ას-ოც-და-ექვსია, შეაქვთ ყოველ წელიწადს არა ნაკლებ ოცის მანეთისა; ამას გარდა საზოგადოება მოელის სხვადასხვა შემოწირულს ფულს პატივსაცემთ წევრთაგან და აგრეთვე ნამდვილთ წევრთაგან, რომელთაც ყოველწლივ უნდა შემოიტანონ არა ნაკლებ ექვსის მანეთისა.
ყველა ეს შემოსავალი დიდს ფულს არ შეადგენს, მაგრამ ნუ დაივიწყებთ, რომ ეს საქმე ჯერ ახლად ფეხადგმულს ბავშსა ჰგავს და ახლად ფეხადგმულს ვინ მოსთხოვს ვაჟიკაცისავით სწორე სიარულს!
წრეულობით ამ საზოგადოებამ ხუთი შკოლაც რომ გახსნას ისიც დიდი საქმე იქნება. რასაკვირველია, ეს დიდ საქმედ კი არა, მცირე საქმედაც არ ეჩვენებათ იმ პირთ, რომელნიც ყოველ საზოგადო საქმეს თვალებ-ახვეულსავით უცქერიან და იძახიან, რომ წერა-კითხვის გავრცელება ხალხს სარგებლობას არას მოუტანსო, ხალხს ჯერ კუჭი უნდა გავუძღოთ და მერე წიგნი ვასწავლოთო, ჩვენ გვინახავს სოფლებში ბევრი წერა-კითხვის მცოდნენი, რომელნიც უცოდინარებზედ უფრო უსინიდისო და გაფლიდებულნი არიანო. ამ ვაჟბატონებს სალაპარაკოდ ენა კი ექავებათ და რას ამბობენ და რას არა, იმისი კი არა გაეგებათ რა. იმათ ეს არ ესმით, რომ ერთი და ორი წერა-კითხვის მცოდნე კაცი რომ გამოერევა სოფელში, იმას თავისი თავი ცხვრებში გარეული მგელი ეგონება და უსინდისოდ გამოიყენებს თავის სწავლას; მაგრამ ერთისა და ორის მაგივრად მთელს სოფელს რომ ეცოდინება წერა-კითხვა, მაშინ იმათ ისე არავინ აპარპაშებს. გარდა ამისა, ხალხის სიღარიბიდამ გამოყვანა და სწავლა და ცოდნა ისე არიან ერთმანეთთან დაკავშირებულნი, რომ იმათ უერთმანეთოდ მნიშვნელობა არა აქვთ რა. ვინც კი იძახის, ხალხს ჯერ კუჭი გავუძღოთ და მერე ვისწავლოთო, იმაზედ არ ჩაფიქრებულა, რომ გლეხკაცმა რაც უნდა სიმდიდრე შეიმატოს, თუ პატარა უკეთესს ცხოვრებას არ შეეჩვია და ქვეყნიერობისა არა გაიგო-რა, ისევ-ისე ბინძურად და უხეიროდ იცხოვრებს, როგორც სიღარიბეში უცხოვრია. ჩვენ გვინახავს ბევრი გლეხკაცი, რომელსაც ათას თუმნამდინ შეიძლება აქვს, მაგრამ ისეთს მიწურს სახლშივე დგას, ისევ-ისე გვერდით უბია თავის საქონელი და იმისგან გამოსუნთქულს ჰაერსა სუნთქავს, როგორც ყოვლად უქონელი ღატაკი გლეხი. ერთის სიტყვით, თუ ჩვენის ხალხის ბედნიერება გვინდა, უნდა ვეცადოთ, რომ იმისი მდგომარეობა გავაუმჯობესოთ: სწავლაც შევძინოთ და უკეთესის ცხოვრების ღონეც მივსცეთ. ეს ისეთი ნათელი ჭეშმარიტებაა, რომ ვინც ამას უარყოფს, ან სრულებით ბნელში უნდა დადიოდეს, ან სინათლეს თვალებახვეული უცქეროდეს.
ვიმეორებთ: ჩვენ სწავლა გვეჭირვება, და რადგან სახალხო შკოლები სწავლის პირველს საფეხურს შეადგენენ, მხიარულებით უნდა მივეგებოთ ყოველს საზოგადოებას, რომელსაც კი სახალხო შკოლების გამრავლება განუზრახავს.
წინდაწინვე ვთქვით, რომ ამ უკანასკნელს ხანს შკოლები ჩვენს სოფელში კანტი-კუნტად იხსნებიანო. ეს უფრო იმისთანა სოფლებში ხდება, რომლებშიაც სამას-ოთხას მცხოვრებზედ მეტია. ამოდენა სოფლებში გლეხკაცებს არ უჭირდებათ წელიწადში სამი-ოთხი მანეთის გამოღება მასწავლებლისა და შკოლის შესანახავად. მაგრამ საქართველოს ზოგიერთ ნაწილებში დიდი სოფლები ძალიან ძვირად შეხვდება კაცსა. ზოგან ხალხი ხეობებში სცხოვრობს და სამი-ოთხი სოფლის მცხოვრებნი ერთად სულ ასს კომლს ვერ შეადგენენ. ცხადია, რომ თუ ამ სოფლებში მცხოვრებნი ძალიან შეძლებულნი არ არიან, სამმა-ოთხმა სოფელმაც რომ ერთად მოიყაროს თავი - მაინც შკოლის გაკეთება და მასწავლებლის შენახვა გაუძნელდებათ. აი ამ-გვარს ხეობებში და სხვა პატარ-პატარა სოფლებში შკოლების გამართვას უნდა მიაქციოს ხსენებულმა საზოგადოებამ ყურადღება.
არის კიდევ ერთი საზრუნავი საქმე, რომელსაც, თუ ამ საზოგადოებამ ყური ათხოვა, საუკუნოდ მადლობას მიიღებს, როგორც მთელის საქართველოსაგან, ისე ახლად საქართველოსთან შემოერთებულ ქვეყნებისაგან. აჭარა და ქობულეთი თუმცა თითქმის ერთი წელიწადია შემოგვიერთდნენ, მაგრამ იმათ ნამდვილს შემოერთებაზედ კი ჯერ ჩვენ არა გვიზრუნია რა. აქამდისინ ჩვენ უფრო იმათს ჩვენგან განშორებაზედ ვზრუნავდით. . . . . . . . .[*]) რაღაც საცოდავი ორასი თუმანი თუ შევკრიბეთ და დამშეულს ქობულეთლებს დავურიგეთ, თორემ სხვაფრივ ჯერ ზრუნვა არა გამოგვიჩენია რა. აი ეხლა დაგვეტყობა,მართლა ვიცით საქმითაც შეწევნა, თუ მხოლოდ მოძმეს ხსენება გვესიამოვნება და ღვინით შეხურებულის ენით ლამაზ-ლამაზი სიტყვების წარმოთქმა. ეხლა დავამტკიცებთ, მართლა გვინდა თუ არა ქობულეთლები ნამდვილად ჩვენი მოძმენი გახდნენ და როგორც ლაპარაკით, ისე წერა-კითხვით სრულიად შემოგვიერთდნენ.
თუ ჩვენი სიხარული ქობულეთის შემოერთებაზედ პირმოთნეობა არ იყო, თუ ჩვენგან წარმოთქმულს მხურვალე სიტყვებს მკვიდრი საფუძველი ჰქონდათ, ეხლა უნდა გაუმართოთ ხელი ამ ახლად დაბადებულს საზოგადოებას და ვალად დავსდოთ, რომ აჭარაში და ქობულეთში რაც შეიძლება მომეტებული შკოლები დამართოს. ეს შკოლები სხვა ყოველს საშუალებაზედ მეტად სულით და გულით შემოგვიერთებენ აჭარისა და ქობულეთის ერსა და ისევ-ისე ძმურს სიყვარულს ჩამოაგდებენ ჩვენში, როგორც უწინ, იმათ ოსმალოს ხელში ჩავარდნის დრომდე ყოფილა.
როგორც ზემოთ მოვიხსენეთ, „წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების“ განზრახვა და მოქმედობა შორსა სწვდება-მეთქი. თუ მართლა საზოგადოებამ და მისმა გამბედაობამ მთლად აღასრულეს ყოველიფერი, რაც კი წესდებულებაში არის მოხსენებული, იმედია, რომ ჩვენი ხალხის წარმატება და განვითარება ბევრად წინ წაიდგამს ფეხს; გავრცელდება სწავლა- განათლება სამშობლო ენაზედ და მით მიეცემა ჩვენს ქვეყანას ის ყოვლად უსაჭიროესი ნიადაგი, ურომლოდ საგვარტომო და თვითმომქმედი ცხოვრება და წარმატება შეუძლებელია. გავა რამდენიმე ხანი და მაცხოვარი სხივი განათლებისა მოჰფენს ნათელს ყოველს კუთხეს ჩვენის ქვეყნისას, რომელიც კი აქამომდე თვალგაუწვდენელ სიბნელეში იმყოფებოდა. მართალია, მარტო პირველდაწყებითი სწავლა საკმარისი არ არის, მაგრამ ჯერ ერთი ის, რომ როგორც მოგეხსენებათ, სახლი უსაძირკვლოდ ვერ დაიდგმის; გარდა ამისა, არსებობს ჩვენში შკოლა, ჯერ-ჯერობით მოსამზადებელი, რომელიც უნდა გახდეს საშუალო სასწავლებლად და მით შეივსოს საქმე, რომლისათვის ხელის მოკიდებას აპირობს ახლად დაარსებული საზოგადოება. ეს საშუალო სასწავლებელი, - ჩვენი საკუთარი, ქართული სასწავლებელი, - შეიქმნება ჩვენის ხალხისათვის სახსარი უფრო მომეტებულის სწავლისა და განათლების შესაძენად; ეს სასწავლებელი გამოგვიზრდის ჩვენ ჩვენს საკუთარს, ქართველს ინტელიგენციას, ე. ი. იმ-გვარ პირთ, რომელნიც არიან დედაბოძნი ყოველის ხალხის განვითარებისა და წარმატებისა. ამ ქართულ საშუალო სასწავლებელზედ შემდეგ გვექნება დაწვრილებით ლაპარაკი. ვიტყვით აგრეთვე შემდეგ მაზედაც, თუ რა მნიშვნელობა ექნება ამ სასწავლებელს ჩვენის ლიტერატურისათვის. ეხლა კი აღვიარებთ, რომ ორივე საზოგადოებანი დასდგომიან ერთსა და იმავე საგანს, მაგრამ ორის მხრიდამ, ორნივე ერთი-ერთმანეთს ეხმარებიან, ავსებენ ერთი-ერთმანეთის ნაკლს. ახლა საქმე ჩვენზედ, ე. ი. ქართველ საზოგადოებაზედ, არის დამოკიდებული; უნდა აღმოვუჩინოთ რაც შეიძლება მეტი სახსარი და საშუალება, ფულით თუ სხვა რითიმე. ნურას დავზოგავთ ამ საქმისათვის! ვინ იცის, ჩვენი ბედი რა-რიგად დატრიალდება, თუ ეს საქმე სხვანაირად წავიყვანეთ!.. საქმე დამოკიდებულია აგრეთვე ჩვენ ცოტად თუ ბევრად ნასწავლ ყმაწვილ-კაცებზედ. ზემოხსენებულ საზოგადოებათ წინ უდევს დიდძალი, აუარებელი შრომა: ჩვენ ხომ ჯერ სულ ხელცარიელნი ვართ, - არც სახელმძღვანელო გვაქვს, არც საკითხავი წიგნები, არც არა სხვა სახსარი სწავლისა, - აი ამას უნდა შეუდგნენ ეხლავე ჩვენი განათლებულნი, რათა სიტყვა მაინც არ მოგვიბრუნონ: „მაშ რაღასა თხოულობთ, თუკი გამოყენებაც არ იცით და არ შეგიძლიანთო?“
უმთავრესი შემწე ყველა ამ-გვარ საქმეთა არის, ჯერ-ჯერობით, საადგილ-მამულო ბანკი, ქუთაისისა თუ ჩვენი. ქუთაისის ბანკმა შემოსწირა კიდეც ათას ასი თუმანი ამ საზოგადოებას.
იმერთ-ამერთა, ესე იგი, მთელმა საქართველომ ამ სამოც-და-თვრამეტს ...........) გავლილს წელიწადში მარტო ერთი საქმე დააწყო საკუთარის თაოსნობით, საკუთარის შეწირულობით და თავის საკუთარის ღონით, მხნეობით და ზედამხედველობით წარმართა კიდეც. ეგ საქმეა ჩვენის ბანკების დადგინება და მართვა. ამ სამოც-და-თვრამეტ წელიწადში ქართველი კაცი როგორღაც, ნებით თუ უნებურად, კუთხეში მიეგდო, მიწვა და მიიძინა, თითქოს ყველაფერზედ გული აიყარაო, ყველაფერზედ იმედი გადიწყვიტაო, ყველაფერზედ ხელი აიღოო, ერთის სიტყვით ზნეობითად მოკვდაო. ამ ყოფამ ყოველ-მხრივ დაგვაუძლურა ჩვენ, გონებით, ზნეობით, თვალად, ტანად დავპატარავდით და მივილივენით; არამც თუ ხელის გაძვრის ილაჯი აღარა გვქონდა, არამედ თითონ მოძრაობის სურვილიც შიგ გულში ჩაგვიკვდა, ჩაგვიქრა. რას უნდა გამოეხსნა ჩვენი თავი ამ საცოდავობიდამ? მარტო თვითმოქმედებას და სხვას არაფერს. რაზედ უნდა მიგვემართა ის ყოვლად მხსნელი თვითმოქმედება? მეტყვით, მაგას ბევრი გზა აქვსო. ჩვენც ვიტყვით, მაგრამ იმ „ბევრამდინ“...ღმერთო, ხომ შენ იცი, რა ტყრუშული ღობეებია, თვალთუწვდენი, შეუვალი. საიდამ რა მოევლოდა? ერთი პატარა ბილიკიღა იყო თავისუფალი სავლელად და ერთი პატარა მოედანი სავარჯიშოდ, ისიც ვაილაჩრობით, წეწვითა და გლეჯითა. მოედნად დაგვრჩა ჩვენი ქონების წრე და ბილიკად - გზა ქონების შეძენისა, ანუ გაფლანგვისა. აქ შეგვეძლო გვევარჯიშნა რამოდენიც ჩვენს სულსა და გულს ესურვებოდა, არავინ და არაფერი არ გვაბრკოლებდა. წყალწაღებული ხავსს ეკიდებოდაო, ნათქვამია. სხვა ღონე რომ არ იყო შველისა, ერთმა ჩვენმა კეთილის-მყოფელმა კაცმა ამ ბილიკს და მოედანს დააკვირვა თვალი და სთქვა: ცოტა რამ არის, მაგრამ ამისი გამოყენებაც შეიძლებაო, რომ ჩვენმა თვითმოქმედებამ ცოტათი მაინც ფრთები შეისხასო. სთქვა და თავის სასახელოდ აასრულა კიდეც. ამაზედ აშენდა ბანკების საქმე.
ამ საქმეს ჩვენ დიდს მნიშვნელობას ვაძლევდით და ვაძლევთ კიდეც. თუნდ თავი დავანებოთ იმას, რომ ბანკები ღონისძიებას გვაძლევენ ფულის სესხად შოვნისას, ნურც იმას გავიხსენებთ, რომ ამ ორს ჩვენს ბანკს შეუძლიანთ, ცოტა რომ ვსთქვათ, წელიწადში ორი ათასის თუმნის შეძენა საზოგადო საჭიროების ასაკმაყოფილებლად, ამას ყველაფერს თავი დავანებოთ, გავსინჯოთ ბანკი იმ მხრით, რა მხრითაც იგი უფრო სანატრელი უნდა იყვეს მათთვის, ვისაც სწამს ძალა თვითმოქმედებისა ქვეყნის სადღეგრძელოდ და საბედნიეროდ. ჩვენ, თევზისა არ იყოს, პირი სავსე გვაქვს წყლითა და ვრცლად მითითებით ვერას ვიტყვით, მაგრამ ვინც ამ მხრით ღრმად დააკვირდება ჩვენის ბანკების არსებობას და საფუძვლიანად თავიდამ ბოლომდე გაავლებს გონების თვალსა, ის, რასაკვირველია, დაგვეთანხმება, რომ აქაც ბანკის საქმეში, როგორც ყოველფერ სხვაში, ჩვენის ყელის საბელის ჩვენს ხელშივე ჩაგდება ჩვენთვის სანატრელიც უნდა იყოს და სასიხარულოც. ეგ საქმე ამ მხრით ჩვენთვის დიდი რამ არის. დღეს „შემთხვევისა გამო სხვისა და სხვისა“ ჩვენთვის მარტო ბანკია მხოლოობითი მოედანი, რომელზედაც უნდა აღიზარდოს, ფეხი აიდგას, გაიწურთნოს, გაინავარდოს ჩვენმა თვითმოქმედებამ, ჩვენმა ზნეობითმა ძალ-ღონემ. ვისაც ჩვენი ქვეყანა გულწრფელად უყვარს და ჩვენთვის კეთილი არა შურს, ის დიდის სიფრთხილით, დიდის მოსაზრებით უნდა ეკიდებოდეს ყოველს საგანს, ყოველს აზრს ბანკის შესახებ.
ჩვენდა სამწუხაროდ, ამას ჩვენ ვერსად ვერა ვხედავთ, ვერც სხვა საზოგადო საქმეში საერთოდ და ვერც ბანკისაში საკუთრივ. ვერაფერი სანუგეშო ამბავია, როცა კაცი საზოგადო საქმის მოედანზედ გამოდის მარტო იმისათვის რომ სიტყვა და აზრი წინ გავიგდო და ვათამაშოო. ყოველი თამაში შექცევაა და საზოგადო საქმეს უპატიუროდ ხდის. საზოგადო საქმეს მარტო შრომა უნდა, ჯაფა უნდა, ბეჯითი და გულდადებითი ჯაფაცა. უამისოდ საზოგადო საქმე, რაც უნდა კარგი იყოს თვალად, შიგნით ფუღუროა, დღემოკლეა, სუსტია. წარამარად ბარბაცი საზოგადო საქმეში იქნება უსაქმო კაცისთვის სასაცილოც იყოს, მაგრამ საქმიანისათვის საწყენოა. ამაზედ უფრო სავაგლახოა, როცა საზოგადო საქმეში „მე ესე მიჯობს“ აღვირაშვებული დაიარება და ის კი, „რაც საქმეს უჯობს“, თავჩაღუნული დადის, თითქო დედინაცვლის ხელში ჩავარდნილი ობოლიაო, ჩაგრული და ხმაამოუღებელიო. ბოლოს ცხვირში ამოგვკრავს, რომ ესე წინდაუხედავად შევსვამთ ხოლმე საზოგადო მძიმე საქმეს ერთმანეთის მტრობისა და შურის საქანელაზედ და ისე უკადრისად წინდაუკან ვაქანებთ. ბოლოს ცხვირში ამოვიკრავთ-მეთქი, მაგრამ ვაი თუ გვიანღა იყოს...
აი, თუნდ ავიღოთ მაგალითად ქუთაისის საადგილ-მამულო ბანკის საქმე. თავდაპირველადვე ამ ბანკს ერთი შფოთი და არეულობა შეუდგა. დაეწყო დასები. ერთი იკითხეთ, ან ერთმა დასმა რა წამოაყენა წინ ისეთი, რომ მეორემ უარჰყო? რისთვის იბრძვიან? რათ აქვთ ატეხილი ტყუილ-უბრალო აყალ-მაყალი? რაზედ დაობენ, რაზედ ცილობენ? სწერენ კიდეც მრავალს, ჰქადაგობენ კიდეც, და აბა თუ კაცები ხართ, გარკვევით მეტყვით — რა არის ცილების საგანი? ყველაფერია, ყველაფერი, გარდა იმისა, რაც საზოგადო საქმისათვის საჭიროა. ეს არის ჩვენი ოსტატობა? ნუთუ ბოლო აღარ უნდა ჰქონდეს ბზარვას და ლალვას ისეც უბედურთ ქართველთა შორის. ღმერთო, გვიხსენ ამ ჭირისაგან და გვამყოფინე, რაც დღევანდლამდე მაგ ჭირისაგან გადაგვხდენია. გვეყო, ბატონებო, გვეყო! იქ „მე“ უღონოა, საცა „ჩვენ“ გაცუდებულია, უარყოფილია, გალახულია. ამას ყველა ვგრძნობთ და ვვალალებთ კიდეც.
**
ამ ბოლო დროს დაეწყო ქართულის თეატრის საქმეცა. აი კიდევ ერთი საზოგადო საქმე, რომელსაც დიდის სიფრთხილით მოქცევა უნდა. ღმერთმა ეს ახლად შობილი საქმე მაინც ააშოროს იმ მტრობასა და შურს, რომელიც ბანკების საქმეს შეუდგა ჩვენში. ჩვენ წინათაც გვითქვამს და ეხლაც ვამბობთ, რომ თეატრს დიდს მნიშვნელობას ვაძლევთ ჩვენის საზოგადოებისათვის. ეს ისეთი საქმეა, რომელსაც ყოველმა ქართველმა შეძლებისამებრ ხელი უნდა მოუმართოს. სახელი და დიდება ტფილისის ბანკის კრებას, რომ ქართული თეატრი საზოგადო საჭირო საქმედ იცნო და სამასი თუმანი ფული შესწირა. ფულის შეწირვის გარდა ამ ახლად შობილს საქმეს სხვაგვარი შემწეობაც უნდა. საჭიროა, რომ ჩვენმა ლიტერატურამ ყურადღება მიაქციოს ამ საქმეს, კვალში ჩაუდგეს, და რამოდენადაც გონება და ცოდნა გაუჭრის, იმოდენად, - როგორც მოყვარემ - პირში უძრახოს, კარგი და ავი პირში უთხრას, არც გაანებიეროს ტყუილის ბარაქალითა და არც გული აჰყაროს ტყუილის დაწუნებითა. ამისათვის ჩვენ ვეცდებით ამ მხრით სამსახური გავუწიოთ ჩვენს თეატრსა იმდენად, რამდენადაც ჩვენგან შესაძლო იქნება. ჯერ-ხანად მოკლედ განვიხილავთ, რაც აქამომდე იყო.
ამ ცოტას ხანში რამდენიმე ქართული წარმოდგენა იყო. პირველად წარმოადგინეს სამ- მოქმედებიანი კომედია: „გევო, მინას და კამპანია“, ფრანციულიდამ გადმოკეთებული, და მასთანავე ერთი ვოდევილიც „სხვა-გვარი სიყვარული“. თითონ კომედიაზე ბევრს ვერას ვიტყვით, შევნიშნავთ მხოლოდ, რომ ამ თხზულებას სამი ნაკლულევანება აქვს, თორემ სხვაფრივ კი არა უჭირს რა. ერთი ისა, რომ დამწერმა რათ დასწერა? მეორე ისა, რომ თუ დამწერმა დასწერა, გადამკეთებელმა რათ გადააკეთა? და მესამე ისა, რომ თუ ორნივ შესცდენ, თეატრში მაინც რათ წარმოადგინეს?
აქტიორებმა როლები არ იცოდნენ რიგიანად. რა დაგვემართა, რით ვერ მოვიშალეთ ეს უხამსი ჩვეულება. ურიგო არ იქნება, რომ ამ საგანს სასტიკი ყურადღება მიაქციოს რეჟისორმა, თორემ ეგ წყეული ჩვეულება პიესის მწერალსაც დააფრთხობს და მაყურებელსაცა. იმედია, რომ ბეჯითი რეჟისორი მოსპობს ამას.
ვოდევილმა კარგად ჩაიარა, ხალხმაც ბევრი იცინა და ზოგი იქნება იმასაც მიხვდა, რომ პირად მხურვალე სიყვარულს ხშირად სხვა სარჩული უდევს ხოლმე ქვეშ. ეს დიდის ზნეობის მასწავლებელი ჭეშმარიტება არ არის, მაგრამ ერთი პაწია ვოდევილისაგან ესეც კარგია. არა- მწევარმა რომ კურდღელი დაიბრუნოსო, დაჭერად ჩაეთვლებაო, ნათქვამია.
მერმე წარმოადგინეს მოლიერის კომედია „ეჭვით ავადმყოფი“, თარგმნილი ივ. მაჩაბელისაგან. თარგმანი არ არის ურიგო, მაგრამ მთარგმენლს შიგ ჩაურთავს ერთი იმისთანა სიტყვა, ხშირად ხმარებული პიესაში, რომელიც ზრდილობის მოყვარე ქართველისათვის მეტად სათაკილოა. ამისთანა სიტყვებს უნდა ერიდონ სცენაზედ. თუმცა ჩვენ, ქართველებმა, ერთობ უწმაწური ლაპარაკი ვიცით ხოლმე, როცა სალაზღანდაროდ შევიყრებით, მაგრამ საჯაროდ კი გვეთაკილება ხოლმე უმართებულო სიტყვის ხმარება. ეს პატივსადები ჩვეულებაა და არ შეიძლება ამას ყური არ ვათხოვოთ.
ბოლოს დროს წარმოადგინეს ილ. ჭავჭავაძის „ყმების განთავისუფლების პირველ დროების სცენები“, „აყალ-მაყალი ცოლ-ქმარ შუა“ და ვოდევილი (მეორედ) „ბნელს ოთახში“. „აყალ- მაყალი ცოლ-ქმარ შუა“ მოგვეწონა, კარგის ენით არის შედგენილი და სასაცილოც არის; ჩვენდა სამწუხაროდ ამასავე ვერ ვიტყვით ვოდევილზედ, თუმცა ზოგიერთგან აქაც ენა რიგიანად არის ხმარებული.
აქტიორების ღირსებაზედ ჯერ-ხანად არა ითქმის რა, ჯერ უჩვევნი არიან ბევრი მათგანი და, იმედია, რომ გაიწრთვნებიან, ხოლო წარმომადგენელთა შორის ერთია, რომლისათვისაც ღმერთს მიუმადლებია დიდი ნიჭი. მაგ ნიჭის პატრონი საფაროვის ქალია. ეგ ისეთი აქტრისაა, რომელიც ჩვენის სცენის თვალი იქნება, თვალი! ამ აზრისანი არიან ყველანი, ვისაც კი საფაროვის ქალი სცენაზედ უნახავს. ყოველს სიკეთესთან ერთი ის სიკეთეც სჭირს, რომ მშვენიერი ქართული გამოთქმა აქვს და ეს სიკეთე ეხლანდელს დროში, როცა ქართული აღარავის ახსოვს, მეტად ძვირფასი რამ არის.
ძალიან კარგი იყო უფ. ცაგარელი ილ. ჭავჭავაძის სცენაში. ჩვენა გვგონია, მაგ-გვარს როლებში უფ. ცაგარელი შეუდარებელი იქნება. გვიკვირს, რატომ გლახა ჭრიაშვილის როლი მაგისათვის არ მიუციათ?
**
ორიოდე სიტყვა უნდა მოგახსენოთ ტფილისის გუბერნიის თავად-აზნაურთა ყრილობის თაობაზედ, რომელიც ამჟამად შემდგარია გუბერნიისა და უეზდების მარშლების ამორჩევისათვის. მართალია, აწინდელ დროში, როდესაც ბატონ-ყმობა გადავარდნილია და სხვადასხვა წოდებათა შორის არავითარი შესანიშნავი განრჩევა არ არის კანონის და სახელმწიფოს წინაშე, თავად-აზნაურობას, როგორც ერთ-გვარ წოდებას, დაეკარგა უწინდელი მნიშვნელობა . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .) თუ ამ-ჟამად თავად-აზნაურთა კრება იპყრობს რაიმე ყურადღებას - იპყრობს მხოლოდ ამ მხრით, მხოლოდ იმდენად, რამდენადაც იგი . . . .)სარგებლობს თვისის უფლებით. თავად-აზნაურობას აქვს უფლება იზრუნოს თვის საჭიროებაზედ, განუცხადოს მთავრობას თვისი სურვილი ამის შესახებ, წარუდგინოს მას სხვადასხვა ზომიერებანი, რომელთაც დაინახავს სასარგებლოდ. აი, სასურველია, რომ ეს ზომიერებანი შეეხებოდნენ იმისთანა საგანს, რომელიც სარგებლობის მომტანია მთელის ქვეყნისათვის. ამ მხრით წლევანდელი ყრილობა თავად-აზნაურებისა ყურადღების ღირსი უნდა იყოს, რაგდანაც წამოყენებულ იქმნა ერთი საგანი ფრიად ღირსშესანიშნავი და ფრიად სასარგებლო საქართველოსთვის. ჩვენ ვამბობთ იმ წინადადებაზედ რომელიც შეიტანა კრებაში ღენერალმა კონსტანტინე მამაცაშვილმა და რომელიც არსებობს შემდეგში: ყოველმა თავადმა თუ აზნაურმა უნდა იკისროს წლითი-წლობით ხარჯი, რომ მის შემოსავალით დაარსებულ იქნეს საკუთარი გიმნაზია. ჩვენდა სამწუხაროდ, გუბერნიის კრებაში ამ საგანმა ვერ მოიპოვა ჯეროვანი უმეტესობა ხმისა, მაგრამ დადგენილ იქმნა კი, რომ ეს საქმე თვითოეულ უეზდის მარშალს და თავად-აზნაურთ უნდა მიენდოთო. მაშასადამე, საქმის კარგად წაყვანა დამოკიდებულია უეზდის მარშლის გამჭრიახობაზედ და უეზდის თავად- აზნაურთა კეთილ მიდრეკილებაზედ. იმედია, რომ არა აზნაურს არ დაშურდება და არც გაუჭირდება წელიწადში შეძლებისამებრ ცოტა რისამე მიცემა ქვეყნის სარგებლობისა და წარმატებისათვის. ამით ჩვენი საზოგადოება დაიმკვიდრებს უკვდავ სახელს და დიდებას წინაშე მთელის ქვეყნის და მეტადრე შთამომავლობისა.