ქართველი სტუდენტობა რუსეთში
- nino otiashvili
- Dec 5, 2023
- 3 min read
ტფილისი, 4 თებერვალი, 1886 წელი
I
გუშინ ჩვენს გაზეთში გამოცხადებული იყო „ახალ ამბავთა“ შორის ერთი გულსაწვავი ამბავი. ოდესის უნივერსიტეტში, საცა ჩვენი მოზარდი ყმაწვილ-კაცობა ჰრჩეობს უმაღლესის სწავლის მიღებას, რადგანაც იქ ჰავა სხვა საუნივერსიტეტო ქალაქებზედ უფრო უკეთესია და უფრო შესაწყნარებელი ჩვენებურებისათვის, ქართველი სტუდენტობა კარგა ბლომად არის. ბევრნი მათგანი, გატაცებულნი უმაღლესის სწავლის სიყვარულითა, უქონლობას არ შეუშინებია და ყმაწვილ-კაცობის ხალისით და გაბედულობით გასდგომიან შორს და სანატრელს გზას სწავლისას. „თუ თავი ჩვენი ჩვენ გვახლავს, ღარიბად არ ვიხსენებითო“, და როგორც იქნება, ვაითა თუ ვაგლახით, ჩვენს თავს გავიტანთო. ეს კეთილშობილური სითამამე, ეს პატიოსანი თავგამომეტება, ეს, თუ გნებავთ, ვაჟკაცური წინდაუხედაობა — უკეთესი სამკაულია ყოველის კაცისა და ყმაწვილ-კაცობის ხომ უკეთესი და აუცილებელი ღირსება და კუთვნილებაა. უკეთესს მოხუცს თუ რამ ენანება თავისის წარსულისა, სწორედ ამ თვისებათა შესუსტება ენანება ხოლმე და ამიტომაც არც ერთი გონიერი და სულგრძელი კაცი ამისთანაებში არ უსაყვედურებს ყმაწვილ- კაცს, წინდაუხედავი რათა ხარო. საცა კეთილია, იქ აღებ-დაღება არ უნდა და რომ სწავლა საზოგადოდ და უმაღლესი საკუთრივ კეთილია — ამას ეხლა ყურ და თვალდახშულიც აღიარებს. აქ ჩვენ ყმაწვილ-კაცობის თავგანწირვას ვერაფერს წუნს ვერ დავსდებთ და ვინც წუნს დასდებს, შესცოდებს ღმერთსაც და კაცსაცა.
ამ მხრით ვერავინ გულს ვერ გაიგრილებს, ვერავინ ყურს ვერ მოიყრუებს: როცა სწავლისათვის თავგანწირულ ყმაწვილ-კაცის ძახილი მოდის, მიშველეთო. ყველა ჩვენი ღონე ზედ-შევაკალით, ყველა ჩვენი მეცადინეობა ზედ-შევალიეთო და ვერას გავხდითო, იწერებიან ოდესიდამ უნუგეშოდ შთომილნი ყმაწვილ-კაცნი, ჩვენი ძმები, ჩვენი შვილები და იმედნი მერმისისანი. ნუთუ ქართველობა ისე გაძუნწდება, რომ ამ სასოწარკვეთილების ხმას ყურს არ ათხოვებს და გაჭირვებულთ მოძმეთ არ გაუწვდის შემწეობის ხელსა! აქ ყოველი გროშიც განძია და იმედი გვაქვს, რომ არავინ დაიშურებს, შეძლებისამებრ, რაიმე შეაწიოს. სწორედ ამისთანა საქმისათვის არის თქმული:
„რასაცა გასცემ შენია,
რაც არა, დაკარგულია“.
II ტფილისი, 22 დეკემბერი, 1886 წ.
ვერავინ იტყვის, რომ ჩვენში გაღვიძებული არ იყოს სწავლისა და ცოდნის სურვილი. ამას ბევრი ლარი და ხაზი არ უნდა: ყველა ჰხედავს, ყველა ჰგრძნობს, ყველა ჰღაღადებს. ვინც იცის, რა ძლიერი ფარ-ხმალია ცოდნა და განათლება, რა დიდი ღონეა ერის ბედნიერებისათვის საერთოდ და ცალკე კაცისათვის საკუთრივ ჭკუა-გახსნილი მოქმედება და ცნობიერად ხელის მოკიდება და გაძღოლა საქმისა, საქვეყნო იქნება, თუ საცალკეო, — ის, რასაკვირველია, არ იკმარებს მაგ დღევანდელს სურვილს: მეტს ინდომებს, მეტს ინატრებს, და აქ გაუმაძღრობა, მეტის ნდომა — სათაკილო კი არ არის, საქებურია და თავ-მოსაწონებელი. პატარა ბავშიც კი, რომელსაც თავისის ასაკის შესაფერი ცოდნა აქვს, ძლიერია უცოდინარს გოლიათზედა და უფრო შემძლებელი ამ წუთის-სოფლის მოედანზედ, საცა დღეს იგი იმარჯვებს — ვინც მცოდინარეა, იგი ჰთამამობს — ვისაც ხელთ უპყრია ის უძლეველი იარაღი, რომელსაც ცოდნას ეძახიან. ეგ სურვილი ყოვლად- მხსნელის სწავლისა და ცოდნისა გულში უქმად, ცარიელ სურვილად არ დაგვშთომია. იგი ჰმოქმედობს და არა ერთსა და ორს დედ-მამას მიაყენებს ხოლმე სასწავლებელის კარებზედ ხვეწნით და მუდარებით, რომ სანატრელი კარი მისთა შვილთა წინ გაეღოს, და ამასთანაც ჰკანკალებს, — ვაი თუ არაო. არა ერთსა და ორს ჩვენ ყმაწვილ-კაცს გაიტაცებს ხოლმე თავგამომეტებით თავის საყვარელის სამშობლოდამ, რომ იქ შორს, შორს სადმე დაეწაფოს უმაღლესის ცოდნის ანკარა წყაროსა, რადგანაც ახლო იგი წყარო ნეტარებისა ჯერ არა სჩქეფს, — „და მუნით ჰზიდვენ თესლთა ძვირფასთ მშობელს ქვეყანად, მხურვალეს ცის ქვეშ მოსამკალად ერთი ათასად“.
მოდიან ის თავგანწირულნი, ცოდნის სიყვარულით და წყურვილით შორს გარდახვეწილნი და წინ მოიმძღვარებენ მეცნიერებას და მის მწვანე შტოს ნოეს მტრედსავით, ნიშნად ხარებისა და ნუგეშ-ცემისა. მას აქეთ, რაც ქვეყნისათვის ჯვარცმულმა ღმერთმა ბრძანა: „მოდით, მაშვრალნო და ტვირთმძიმენო და მე განგისვენებთ თქვენ“, — არა-რას ქვეყნიერობაზედ ისე სამართლიანად არ შეუძლიან თავის დროშაზედ დააწეროს ეს ნუგეშმცემელნი სიტყვანი, თუ არ იმ სალაროს ცოდნისას და სწავლისას, რომელსაც მეცნიერებას ეძახიან და რომელმაც ნადირიკაცი ღვთის ხატად და მსგავსებად გარდაქმნა.
ყოველს ამას მოველოდებით სწავლისა და ცოდნისათვის თავგადადებულთა და გარდახვეწილთაგან. ამას ვითხოვთ, ამას ვავედრებთ, ამას ვეხვეწებით და, ჩვენდა სამწუხაროდ, იმას კი აღარ ვკითხულობთ, რა დღეში არიან ჩვენი ძმები, ჩვენი შვილები, მინამ თავის წყურვილს სწავლისას და ცოდნისას მოიკლავენ. დღევანდელი კიევიდამ მოწერილი ამბავი მკრთალი სურათია იმისა, რასაც ჩვენი საცოდავი ყმაწვილ-კაცობა ითმენს და იტანს სწავლისა და ცოდნის გულისათვის. ესე იგი იმ ძვირფასს თესლთა შეკრებისათვის, რომელიც მშობელ ქვეყანად უნდა მოჰზიდონ ერთი ათასად მოსამკალად და, მაშასადამე, ჩვენდა საბედნიეროდ. გარდიხვეწებიან ხოლმე საცოდავები და აქ დაშთენილნი კი არა ჰფიქრობენ მასზედ, რომ პური არა აქვთ საჭმელად, სახლი არა აქვთ თავშესაფარავად, და არას ჰზრუნავენ, რომ ხელი გაუწოდონ შველისა და შემწეობისა და იმ საშინელს წამებას გადაარჩინონ, რომელსაც შიმშილი და წყურვილი ჰქვიან. ნუ დაგვავიწყდება, რომ მოსწავლენი მეტი ნაწილი ღარიბნი არიან. თქმა არ უნდა, რომ სიღარიბე უფრო იღვწის ამ შემთხვევაში, ვიდრე სიმდიდრე. სიმდიდრეს რა უჭირს? ცა ყოველთვის ქუდადა აქვს, დედამიწა ქალამნადა. მას ჯერ არ აეშლება საღერღელი სწავლისა და ცოდნისა, და თუ აეშალა, ვარდით დაფენილ გზაზედ მიდის. სიღარიბეს წინ ეკლიანი გზა უდევს, იგი მიდის და ეკალი ჰშაშრავს მის შიშველს ფეხსა და ტანსა. აქ სვლა მსხვერპლია, თავის გაწირვაა, თავის გამომეტებაა. რამდენს დაულევია უდღეოდ სიცოცხლე, მშობელთა და მახლობელთაგან დაუტირებელს, მარტო იმის გამო, რომ შიმშილით დაუძლურებულს ხორცს ვეღარ უტარებია ღონიერი სული ჭაბუკისა სწავლის ეკლიან გზაზედ? რამდენს დედას გამოსცლია ამ გზით ხელიდამ შვილი, რამდენს დას — ძმა, რამდენს მეგობარს — მეგობარი და რამდენი საიმედო შვილი დაჰკარგვია ქვეყანას!...
ნუთუ მამანო, ძმანო, დედანო, დანო და ქვეყნის გულშემატკივარნო, ასეა და ასე უნდა იყოს... ნუთუ მართლა ისე უღონონი ვართ, რომ თითო გროშის მიწვდენა არ შეგვეძლოს!... თუ, — თქმაც კი ცოდვად მიგვაჩნია, — ისე გულგრილები ვართ, ისე უმადლონი, რომ გული ხელს იკავებს და დაუდევრობა — მადლის სურვილსა!