სტატისტიკის საკითხებზე
- nino otiashvili
- Jan 3, 2024
- 3 min read
ტფილისი, 18 იანვარი, 1888 წელი
კავკასიის სასტატისტიკო კომიტეტმა შარშან ერთი კარგი სამეცნიერო განძი შესძინა კავკასიას საერთოდ და ჩვენს ქვეყანას საკუთრივ. მან განიზრახა ყოველი სასტატისტიკო ცნობანი ამოეკრიბნა ეგრეთწოდებული „საოჯახო სიებიდამ“, რომელნიც შედგენილ იქმნენ იმისათვის, რომ უტყუარი ანგარიში ჰქონოდა მთავრობას მკვიდრთა რიცხვისა სამხედრო ბეგარისათვის მოსაწოდებლად და ამასთანავე იმის საცნობლად, თუ რამდენი ოჯახია იმისთანა, რომელსაც უნდა გაეწეროს საკომლო გარდასახადი.
კავკასიის სასტატისტიკო კომიტეტმა მიანდო ბ-ნს ზეიდლიცსა, როგორც მთავარს რედაქტორს, ამოკრება ამ სასტატისტიკო ცნობებისა, მათი განხილვა და შემუშავება და მერე დაბეჭდვა იმისდა მიხედვით რამოდენადაც ეს საინტერესო მასალა მეცნიერებისა მზად იქნება დაბეჭდვისათვის. ამასვე ბ-ნს ზეიდლიცს დაავალა კომიტეტმა სამეცნიერო თვალით განიხილოს ყოველისფერი და სამეცნიეროდ შეიმუშავოს.
დღეს-აქამომდე ბ-ნმა ზეიდლიცმა დაჰბეჭდა ოთხი რვეული. პირველი რვეული, რომელიც იპყრობს 115 გვერდსა, ზაქათალის ოლქს ეკუთვნის, მეორე — ახალქალაქის მაზრას, მესამე — შავი-ზღვის ოლქს (Черноморский Округ) და მეოთხე — დარღოს ოლქს დაღისტანში. სიღნაღის მაზრის ცნობანიც მზად არის, ხოლო ჯერ იბეჭდება და არ გამოსულა სტამბიდამ.
ჩვენ ეს ოთხი რვეული დღეს მოგვივიდა და მარტო მოვასწარით ხელდახელ გადათვალიერება. რვეულები რიგიანად და ლამაზად არის დაბეჭდილი და სავსეა საინტერესო ცნობებით, რომელნიც საკმაო ცოდნით თავ-თავის ადგილას რიგზეა დალაგებული. ჩვენ დღეს მარტო ერთს ფრიად საყურადღებო საგანს შევნიშნავთ და ამ საგანზედ გავუწევთ საუბარს ჩვენს მკითხველებს. ეს საგანი მით არის შესანიშნავი, რომ იმისთანა ცნობას გვაძლევს, რომელიც პირდაპირ ეპირისპირება და არ ეთანხმება სასტატისტიკო მეცნიერების საზოგადო დასკვნასა.
სასტატისტიკო მეცნიერებას გამორკვეული აქვს, რომ თითქმის ყველგან ევროპაში დედაკაცთა რიცხვი სჭარბობს მამაკაცთა რიცხვსა. მართალია, მეცნიერება ამასთან იმასაც ამბობს, რომ ეს მეტნაკლებობა ზოგჯერ ჰმატულობს, ზოგჯერ ჰკლებულობს, მაგრამ არასოდეს ისე არ იცვლება, რომ მამაკაცთა რიცხვმა გადააჭარბოს. ეს ამბავი მით უფრო შესანიშნავია, რომ დაბადებით მამაკაცთა რიცხვი ყოველთვის მეტია დედაკაცთა რიცხვზედ და მაშასადამე მამაკაცნი უნდა რიცხვით აღემატებოდნენ დედაკაცთა. საქმით-კი ესე არ გამოდის. მეცნიერებას გამოცნობილი აქვს, რომ ხუთმეტის წლის ასაკამდე ამ ორისავე სქესის რიცხვი თანასწორია და ამ ასაკს შემდეგ-კი მთელს დანარჩენს ასაკობაში დედათა რიცხვი მეტია.
ყველგან და ყოველთვისაო, ამბობს მეცნიერება, ვაჟი უფრო ბევრი იბადება, ვიდრე ქალიო, მაგრამ ესეც-კი შენიშნულია, რომ ყრმობაშივე სიკვდილითაც ვაჟი მეტი იხოცება, ვიდრე ქალიო. ეს არის მიზეზი, რომელიც ჰმოქმედობს ამ ორის სქესთა მეტნაკლებობაზედ, ჯერ როცა ასაკსრული არ არის არც ვაჟი და არც ქალი. როცა ასაკი ემატებათ და სისრულეში შედიან, მამაკაცთა ცხოვრება უფრო ბევრს მსხვერპლს იწირავს, რადგანაც ცხოვრებას მამაკაცისას უფრო ბევრი ფათერაკი და განსაცდელი სდევსო, მაგალითებრ, ომები,მოგზაურობა, ზღვაში მიმავლობა, მძიმე მუშაობა მადნების ხაროებსა და თხრილებში და სხვანი ამისთანანი.
ეს ფათერაკიანი და განსაცდელიანი ცხოვრება მამაკაცისა მოჰყვანდათ ძველს მეცნიერებს იმის მიზეზად, რომ დედაკაცთა რიცხვი ყველგან მეტია მამაკაცთა რიცხვზედ. ხოლო ამ უკანასკნელ ხანებში მეცნიერებამ ეჭვი შეიტანა და ამბობს, რომ ამ მეტნაკლებობის მიზეზი სულ სხვა უნდა იყოს და მაინცდამაინც ეს მიზეზები უფრო ღრმად მიმალულნი და შორს არიან იმათზედ, რაც აქამომდე ეგონათო. ამ სახით დედაკაცთა მამაკაცზედ ნამეტანობა თუმცა მეცნიერებისაგან აღიარებულია და დამტკიცებული, მაგრამ ამისი მიზეზი-კი ჯერ- აქამომდე გამორკვეული და ნაპოვნი არ არის და ელის მეცნიერების საბუთიანს სიტყვას.
ამ საზოგადო მოვლენას არ ექვემდებარება ევროპაში მხოლოდ ბელგია, იტალია, საბერძნეთი, სერბია და რუმინია და იქნება ოსმალეთიცა. ამ ქვეყნებში ას მამაკაცზედ სულ ცოტა რომ ვსთქვათ 93 1/10 დედაკაცი მოდის, სულ ბევრი — 99 4/5. რა თქმა უნდა, რომ ევროპიის სხვა დიდ ქვეყნებშიაც არის იმისთანა ცალკე ადგილები, საცა მამაკაცნი რიცხვით სჭარბობენ დედაკაცთა, მაგრამ თვითეული ესეთი ქვეყანა, ერთად აღებული, მაინც დედაკაცთა ნამეტანობას წარმოადგენს. მეცნიერებამ ჯერ ზედმიწევნით არ იცის, რა მიზეზია დედაკაცთა ნამეტანობისა, საყოველთაოდ შენიშნულისა, და რა მიზეზია მამაკაცთა ნამეტანობისა, განსაკუთრებით ზოგიერთგან ცალკედ აღმოჩენილისა, თუმცა ზოგიერთს მიზეზს-კი გვისახელებს მგონიობით.
ერთის სიტყვით, მეცნიერებას უეჭველ ჭეშმარიტებად მიღებული აქვს, რომ რიცხვი დედათა სქესისა თითქმის ყოველთვის მეტია მამაკაცთა რიცხვზედ და ორთა-შუა რიცხვი მეტობისა ისეა, რომ 21-ს დედაკაცზედ მოდის 20-ი მამაკაცი.
ჩვენში სულ სხვა აღმოჩენილა. ზაქათალის ოლქში, ახალქალაქის მაზრაში და შავის ზღვის ოლქში ყველგან დედაკაცთა რიცხვი ნაკლებია მამაკაცთა რიცხვზედ, ხოლო დარღოს ოლქშიღა სჭარბობს. ზაქათალის ოლქში 53 2⁄3 მამაკაცზედ მოდის 46 1⁄3 დედაკაცი. ახალქალაქისაში — 52 1⁄2 მამაკაცზედ მოდის 47 1⁄2 დედაკაცი, შავის-ზღვისაში — 54 2⁄3-ზედ 45 1⁄3-ი, ხოლო დარღოსაში — 49 3⁄4 მამაკაცზედ მოდის 50 1⁄4-ი დედაკაცი.
მეტად ღირსშესანიშნავი საგანია ეს ამბავი მეცნიერების მკვლევარისათვის როგორც ზოგადიდამ გამორჩეული და გამოსათვლელი. რასაკვირველია, ჯერ მინამ კავკავსიის თაობაზედ საერთოდ და ამიერკავკასიაზედ საკუთრად სრული ცნობანი არ დაიბეჭდება, ადრეა რაიმე გადაწყვეტილი ითქვას ამ საგანზედ. ხოლო თუ დანარჩენ ადგილებშიაც ასეთი ჭარბობა აღმოჩნდება მამათა სქესისა დედათა სქესზედ — ეს ამბავი მეტისმეტად ჩააფიქრებს მეცნიერებს და ამის მიზეზის პოვნა და ახსნა ბევრს გაუძლიერებს წყურვილს ძიებისას და კვლევისას. მართლა-და რა მიზეზი უნდა იყოს, რომ მკვიდრთმრიცხველობა ჩვენში სქესობის მიხედვითა არამც თუ ემოწმება, ასე პირდაპირ ეწინააღმდეგება კიდეც მეცნიერებისაგან მიღებულ დასკვნასა? ნუთუ საინტერესო არ არის ჯერ ამის ახსნა და გამოკვლევა და მერე იმის გამორკვევა, თუ რას ჰნიშნავს და რას მოასწავებს ეს ასეთი განსაკუთრებული ამბავი?

