სამეურნეო დაბალი სკოლების შესახებ
- nino otiashvili
- Jan 3, 2024
- 2 min read
ტფილისი, 28 თებერვალი, 1886 წელი.
ეხლანდელი სამინისტრო სახელმწიფოთა ქონებისა, მინდობილი ბ-ნის ოსტროვსკისათვის, ცნობილია თვისის განათლებულის მოქმედებით, რომელიც მიმართულია მასზედ, რომ ეხლანდელს ეკონომიურს უძლურებას ერისას მიზეზი უპოვოს და შეძლებისამებრ წამალი რამ დასდვას. გამოიძია რა, რამოდენადაც შესაძლო იყო, ადგილობრივნი ვითარებანი, სამინისტრომ სხვათა მრავალთა მიზეზთა შორის, ერთი მიზეზი შეჰნიშნა და აღიარა. ეგ შენიშნული და აღიარებული მიზეზი ერის ყოველგვარი უცოდინრობაა საზოგადოდ და ადგილ-მამულის კეთებისა საკუთრივ. ამის წამლად სამინისტრომ ერის სწავლა-განათლება ჰსცნო საჭიროდ და სწავლა-განათლების მოსაფენად - მდაბიო სკოლების გამრავლება აღნიშნა. რადგანაც მდაბიო სკოლები ზოგადის ხასიათისა და თვისებისა საერო განათლების სამინისტროს საქმეა, ამიტომაც განსაკუთრებული ყურადღება მიაქცია ბ-ნმა მინისტრმა ოსტროვსკიმ მდაბიო სამეურნეო სკოლებს და კანონს მოჰსთხოვა, რომ ამგვარი სკოლები ქონებათა სამინისტროს მზრუნველობას და გამგეობას ექვემდებარებოდეს. უმაღლესმა მთავრობამ ნება დაჰრთო და ამისათვის საჭირო ღონისძიება მიუბოძა. სამინისტრო მაშინვე შეუდგა ამგვარის სკოლების დამართვასა რუსეთში, და რომ კერძო კაცთა მეცადინეობა გამოიწვიოს და მათი შემწეობაც მოახმაროს ამ საქმეს, აღუთქვა სამინისტროს მხრით ფულით და ყოველისფრით დახმარება, ოღონდ კი ითავეთო.
ჩვენდა სამწუხაროდ, ეს კეთილი განზრახულება და დაწყობილობა ჯერ ხანად ჩვენში არ შემოტანილა, მაშინ, როდესაც, არა გვგონია, ბევრი სხვა ადგილი ისე ჰსაჭიროებდეს მდაბიო სამეურნეო სკოლებს, როგორც კავკასია საერთოდ და ამიერკავკასია საკუთრივ. მთელი ამიერკავკასია ძველადგანვე სცხოვრებს და თავს იკავებს მარტო იმ მრეწველობითა, რომელიც დამოკიდებულია მიწასა და მიწათმოქმედებაზედ. ერთად-ერთი წყარო აქაურის ერის ეკონომიურის არსებობისა - საადგილ-მამულო მრეწველობაა და ამაზეა მთლად აგებული სრული ძალღონე გამოკვებისა, სახელმწიფო ხარჯისა და ბეგარის გაძღოლისა გაუჭირებლად და უნაკლულოდ.
ამიტომაც აქ უფრო ყველაზედ მომეტებულად საჭიროა ყოველის მხრით, ყოველის ღონისძიებით ხელის შეწყობა, რომ მაგ, - აქაურმა ერთად-ერთმა მრეწველობამ, ერთად- ერთმა ერის სარჩო-საბადებლის წყარომ გზა გაიხსნას, ავალა იქონიოს და, რამოდენადაც შესაძლოა, უფრო უხვად იდინოს ერის წარმატებისა და კეთილდღეობისათვის. ეგ ხელის შეწყობა არსებითი საჭიროებაა დღევანდელის დღისა, დღის ბოროტია, როგორც იტყვიან ხოლმე. დაგვიანება ამ ხელისშეწყობისა დაკარგვაა ჟამისა და ქონებისა და ამიტომაც ეს საქმე არ უნდა დარჩეს მთავრობის განსაკუთრებულ მზრუნველობისა და მეცადინეობის გარეთ და იმედია არც დარჩება.
ერთი უდიდესი ხელშემწყობი ღონე ამ საქმისა, ნაცადი და უტყუარი, - იგია, რომ გავრცელდეს და მოეფინოს ქვეყანას მამულის მოვლისა და კეთების ცოდნა იმოდენად მაინც, რამოდენადაც საყოველდღეოდ გამოსადეგი და მოსახმარია მდაბიო მიწათმოქმედთათვის. უკეთეს გამავრცელებლად და მომფენავად კიდევ მდაბიო სამეურნეო სკოლებია, სოფლად დამართულნი.
ჯერ ხანად ძნელი მოსალოდნელია, რომ მესვეურობა და თაოსნობა ამ ფრიად დიდმნიშვნელობიანს საქმეში კერძო კაცმა, ან თვითონ საზოგადოებამ მიიღოს ჩვენში. მეცადინეობა და გულისტკივილი ამ საქმისადმი ერთისაც და მეორისაც, - თუ კი კანტიკუნტად სადმე თავს იჩენს, - მსწრაფლ შეიმუსრება ხოლმე იმ რკინის კედელზედ, რომელსაც გაჭირებას ეძახიან ფულის უქონლობის გამო. მაგისთანა სკოლებს იმოდენად მოზდილი საგზალი უნდა, რომ ძნელად მოსაფიქრებელია ან კერძო კაცი, ან თვით საზოგადოება გასწვდეს და გაუძღვეს. ამ მხრით მაინც რომ მთავრობა მოეშველოს ჩვენს ქვეყანას და ხელი შეუწყოს, უეჭველია კერძო მეცადინეობაც ფეხს აიდგამს და თავის მხრით დიდს სამსახურს გაუწევს სახელმწიფოსაც.

