პურეულის ყიდვა სამხედრო უწყების მიერ
- nino otiashvili
- Jan 3, 2024
- 3 min read
ტფილისი, 16 მაისი, 1887 წელი.
ჩვენი ხალხი უმთავრეს ნაწილად მეურნეობას მისდევს. მეურნეობა შეადგენს ჩვენის ქვეყნის სიმდიდრეს, ეს არის ჯერ ერთადერთი წყარო შემოსავლისა და ამ შემოსავლით უნდა გაუძღვეს ჩვენი ხალხი ყოველგვარ საქვეყნო და შინაურ ხარჯსა. მერეწველობა და აღებ- მიცემობა ჯერჯერობით ძლივს ისახება, ასე რომ სათქმელი არც კია. ამიტომ თითქმის მთელი ჩვენი ქვეყანა და უფრო მეტად მივარდნილი, მიყრუებული ალაგები, მოშორებულნი დიდ ქალაქებზე, მოკლებულნი უგზოობის გამო ბაზრებს, ეკონომიურად იმ მდგომარეობაში არიან, რომელიც საპოლიტიკო ეკონომიაში „ბუნებითს მეურნეობად“ არის ცნობილი. ამგვარ ეკონომიურის წესწყობილების უმთავრესი ხასიათი იმაში იხატება, რომ მწარმოებელს, მიწის მუშას, ნაწარმოები თუნდა მომეტებულიც ჰქონდეს, მაინც ფული ყოველთვის უჭირს. ამგვარ მწარმოებელს ფულის შოვნა უძნელდება, რადგან, ბაზრის უქონლობის გამო, თავის ნაწარმოებისათვის კარგი გასავალი ვერ უშოვნია, მიწის მოსავალი ფულად ვერ უქცევია. ამიტომ ცდილობს, ცხოვრების მოთხოვნილებას, საჭიროებას თავის ნაწარმოებითვე გაუძღვეს; ყოველ წვრილმან შინაურ გარდასახადში, იჯარაში, საცა-კი შეიძლება, ფულის მაგიერ, თავის ნაწარმოებს აძლევს; ასე უსწორდება, მაგალითად, ჩვენი გლეხი მღვდელს, დალაქს, მეველეს, გზირს და სხვებსა. უწინ, ამ საუკუნის დასაწყისამდე, თვით სახელმწიფო ხარჯსაც-კი პურითა და ღვინით იხდიდა. მხოლოდ ამ საუკუნეში, როდესაც ჩვენი ეროვნული ცხოვრება ძირეულად შეიცვალა, შემოღებულ იქმნა ფულით გარდახდა ხარჯისა. ცხოვრებამ-კი ისეთი მიმდინარეობა მიიღო, რომ ჩვენს ხალხს, მეტადრე მოხარჯეს, რაც უნდა ექმნა, და ფული კი უნდა ეშოვა და ყოველი ხარჯი ასე გაესტუმრებინა. მაგრამ როგორ ეშოვა ფული, როგორ ექცია თავის ნაწარმოები ფულადა? ქალაქს წაეღო? ვინ იცის, ესეც სათუოა: ხან ფასი ნაკლები არის, ხან სრულიად ბაზარი არა აქვს რომელსამე ნაწარმოებსა. ხშირად რამდენსამე დღეს უნდა მოსცდეს და ნახევარ ფასადაც ვერ გაჰყიდოს თავის ნაშრომ-ნადაგი.კიდევ კარგი, ვისაც ქალაქი ახლო აქვს და იქ წაღება შეუძლიან თავის ნაწარმოებისა, ვინც შორს არის? ის, მეტი ღონე არ არის, იძულებულია ფულიან კაცს მიჰმართოს და თუნდ ჩალის ფასად მიჰყიდოს თავისი ნაწარმოები, ოღონდ გაჭირებაში ხელი გაიმართოს. აი აქ იჩენენ ხოლმე თავსა ყოველგვარი ჩარჩები. ამათ, რასაკვირველია, თავიანთი კერძო სარგებლობა, თავიანთი ინტერესები აქვთ სახეში და არა ხალხის კეთილდღეობა. ამიტომ დიდს სიკეთეს შესძენს, დიდს ღვაწლს გაუწევს ჩვენს ქვეყანას, ვინც ჩვენ ხალხს ამ ჩარჩების ხელითგან დაიხსნის. ვისაც-კი გული შესტკივა ქვეყნისათვის და ჰსურს ხალხის კეთილდღეობა,წარმატება, უნდა ეცადოს, რა გზითაც-კი შეიძლება, შემწეობა მისცეს, ხელი მოუმართოს მწარმოებელსა, რომ მის ნაწარმოებს გასავალი ჰქონდეს; უნდა უჩვენოს გზა მეტადრე იმას, ვინც არც კი იცის, რას სადა აქვს გასავალი, რომელ ნაწარმოებს სად აქვს კარგი ბაზარი. დღეს თვით მთავრობა უჩვენებს ერთს წყაროს, რომელიც ღონისძიებას მისცემს მწარმოებელს თავის ნაწარმოები პირდაპირ მომხმარებელს მიჰყიდოს რიგიან ფასად და ჩარჩებს აღარ
ჩაუგდოს ხელში. მხოლოდ აუცილებლად საჭიროა გზის მაჩვენებელი. რა წყაროა ეს და როგორ უნდა მიეცეს გზა ამ წყაროს, ამაზედ შემდეგ მოვილაპარაკებთ.
II
ტფილისი, 18 მაისი, 1887 წ.
როგორც წინა წერილში მოვისმინეთ, უმთავრესი გაჭირვება ჩვენი მეურნეობისა იმაში მდგომარეობს, რომ მიწისმწარმოებელს თავის ნაწარმოებისთვის კარგი ბაზარი ვერ უშოვნია და ამიტომ იძულებულია ჩარჩებს მიჰმართოს და თითქმის ნახევარ ფასად მიჰყიდოს თავის ნაშრომ-ნადაგი. ისიცა ვსთქვით, რომ დიდ სამსახურს გაუწევს ჩვენს ქვეყანას ყველა, კერძო კაცი იქნება თუ საზოგადოება, ვინც იკისრებს და მოახერხებს, რომ მწარმოებელმა პირდაპირ ჩარჩების უშუამავლოდ, გარდასცეს თავის ნაწარმოები მომხმარებელს. ასეთი დახმარება თავის მოვალეობად უნდა ჩასთვალოს, ჩვენის აზრით, სამეურნეო საზოგადოებამ და თუ ახალის წყაროს გამოძებნას ვერ იკისრებს, იმდენი თაოსნობა მაინც გასწიოს, რომ ხელი შეუწყოს იმას, რასაც თვით მთავრობა უჩვენებს. აი ის წყარო.
ამას წინათ კავკასიის სამეურნეო საზოგადოებას შემდეგი მოწერილობა მოსვლია სამეურნეო მრეწველობის დეპარტამენტისაგან.
„მინსკის სამეურნეო საზოგადოებამ, - მოხსენებულია მოწერილობაში, - სთხოვა უმთავრესს საინტენდანტო გამგეობასა, რომ ხსენებულმა გამგეობამ სამხედრო მაღაზიებისათვის პური პირდაპირ მწარმოებლისაგან იყიდოს და არა იჯარადრებისა და ჩარჩებისაგანაო. მინსკის საზოგადოება ამასთანავე ჰპირდება გამგეობას, რომ ჩვენის მხრივ ყოველგვარ შემწეობას გაგიწევთო“.
ამას აუწყებს დეპარტამენტი კავკასიის სამეურნეო საზოგადოებასა და თანა სთხოვს: ყურადღება მიაქციეთ ამ წინადადებასა და გამოიყენეთ საქმეში სოფლის მწარმოებლების სასარგებლოდ, ესე იგი ეცადეთ, რომ მწარმოებელმა თავის ნაწარმოები პირდაპირ, უშუამავლოდ, სამხედრო უწყებას მიჰყიდოსო.
სრულის ყურადღების და თანაგრძნობის ღირსია ეს წინადადება. თუ დეპარტამენტის აზრი სისრულეში იქმნა მოყვანილი, ორივე მხარე დიდ სარგებლობასა ჰნახავს: მწარმოებელი კარგ ფასად გაჰყიდის თავის ნაშრომსა და სამხედრო უწყებასაც უფრო იეფად დაუჯდება, ვიდრე აქამდე უჯდებოდა. აქამდინ მთელი მოგება იჯარადრებისა და ჩარჩების ჯიბეში ჰრჩებოდა და ამასთანავე მოიჯარადრეები მწარმოებელსაც სცარცვავდნენ და სამხედრო უწყებასაც ატყუებდნენ; ხეირს არც ერთს აძლევდნენ, არც მეორესა. რასაკვირველია, ძრიელ სასურველი და სასიამოვნო იქნებოდა, რომ მწარმოებელისა და სამხედრო უწყების შორის ისეთი შუამავალი ყოფილიყო, როგორც მაგალითად, სამეურნეო საზოგადოება, რომელიც ორსავე მხარეს ინტერესებს მტკიცედ დაიცავდა და ერთსაც სარგებლობას მოუტანდა, მეორესაც. ამ საქმეს დახანება აღარ უნდოდა და საზოგადოებას, რაც შეიძლება, მალე უნდა განეხილა დეპარტამენტის წინადადება და ასე თუ ისე გარდაეწყვიტნა. მაგრამ, სამწუხაროდ, ჩვენი სამეურნეო საზოგადოება როგორღაც აგვიანებს თურმე ამ საქმესა. საზოგადოებას დეპარტამენტის მოწერილობა გადაუცია ერთის თავის წევრისათვის, რომლისათვისაც დაუვალებია, გასინჯოს ეს წინადადება და საზოგადო კრებას წარმოუდგინოს თავის მოსაზრებანი ამ საგნის შესახებ. მაგრამ, როგორც ისმის, საზოგადო კრება შემოდგომამდე აღარ იქნებაო და ასეთი საჭირო და საჩქარო საქმე კი მანამდისინ ძრიელ დაიგვიანებს. საჩქაროო, ვამბობთ იმიტომ, რომ შემოდგომისთვის მწარმოებელს, მიწის მუშას, მოხარჯე ხალხს, ხარჯის დრო მოადგება და ამ ხარჯს ისევ თავის ნაწარმოებით უნდა გაუძღვეს. ეს ნაწარმოები უნდა ფულად აქციოს და მაშასადამე ისევ ფულიან კაცებს, ჩარჩებს უნდა მიჰმართოს. ეს რომ არ მოხდეს, კარგს იზამდა სამეურნეო საზოგადოება, რომ ეხლავე გაემართა საგანგებო კრება განსაკუთრებით ამ საქმის განსახილველად და საჩქაროდ გარდასაწყვეტად. ამითი საზოგადოება თავის სასახელოდაც დიდს საქმეს ჩაიდენდა და ჩვენის ქვეყნის მეურნეობასაც დიდს სამსახურს გაუწევდა.

