მიხეილ ყიფიანი
- nino otiashvili
- Jan 1, 2024
- 2 min read
1891 წელი
(ნეკროლოგი)
ღონე ქვეყნისა მარტო ნიჭიერი და მხნე კაცია. უფულობა და უქონლობა-კი არა, ნიჭიერ და მხნე კაცთა უყოლობა ჰქმნის ერსა უღონოდაო, - ამბობს ვოლტერი, - და აი, ერთი ამისთანა საქვეყნოდ გამრჯელი და მხნე კაცი დღეს ჩვენ-წინ გულხელ-დაკრეფილი ასვენია კუბოში და, ჩვენდა საუბედუროდ, ანდერძს ვუგებთ, რომ სამუდამოდ მივაბაროთ შავ მიწასა. მიხეილ ყიფიანი ერთი იმისთანა კაცი იყო, რომელთ მოვლენა და მერე გაცლა დიდხანს სტოვებს ცარიელად მის მიერ დაპყრობილს ადგილსა. როცა უნდათ შეიტყონ, ერი რა ღონისა და ძლიერების პატრონია, ყოვლთ უწინარეს იმისთანა კაცებს ჩამოუთვლიან ხოლმე, როგორიც მიხეილ ყიფიანი იყო. აი, ვინ დავკარგეთ დღეს, აი დღეს ვისა ვმარხავთ, აი, ვინ დააკლდა ჩვენს ქვეყანას, ჩვენს ერს. ამისთანა კაცის დაკარგვა სწორედ კლებაა ერისა და ქვეყნისათვის.
ბევრმა არ იცის, რა კაცი იყო განსვენებული, რა ღვაწლი და სამსახური მიუძღვის ჩვენის ქვეყნის წინაშე. არც ჩვენ ჩამოვთვლით ყოველს მას, რაც სიცოცხლეში მას ასულდგმარებდა, რაც ამოქმედებდა და რაც უსაქმია და უკეთებია. მან იგი სიკეთე ჰქმნა, რის შემძლებელიც იყო და „ყველა კაცმა, რომ იგი სიკეთე ჰქმნას, რის შემძლებელიც არის, ქვეყნიერობაზე უბედურნი აღარ იქნებიან“.
იგი საქმობდა, ირჯებოდა, მხნეობდა თავის პატარა ქვეყნისათვის და არა ჰყვიროდა-კი ამას დაფითა და ნაღარითა. იგი არ ეძებდა სხვის ქებასა და დიდებას. იგი ნიაღვარს-კი არა ჰგვანდა „მღელვარეს, კლდესა მცემელსა“, იგი „მდუმარე წვიმისამებრ ნაყოფის გამომცემელი“ იყო, და სწორედ ამისთანა კაცია მართლა ღირსი ქებისა და დიდებისა. იმიტომ რომ „მარტო ცუდ-მედიდობა ეძებს სხვის ქებას და ჭეშმარიტი საქმიანობა-კი - ჩუმს მოწმობას სინიდისისას“. აი სად არის მიზეზი, რომ ბევრ კარგ საქმეთა მომქმედი მიხეილ ყიფიანი ისე ცნობილი არ არის ყველასათვის, როგორც სასურველია.
„რაც გინდა პატარა იყოს სამშობლო ქვეყანა, - ამბობს ერთი ჭკვიანი კაცი, - პატიოსანს გულში დიდი ადგილი უჭირავსო“, - და აი, ჩვენდა საუბედუროდ, წუთის-სოფელმა კუბოთი მოგვაყენა კარ-წინ ის პატიოსანი კაცი, რომლის პატიოსან გულშიაც ჩვენს პატარა სამშობლოს არამც თუ დიდი, მთელი ადგილი ეჭირა. სიყვარული ჩვენი ქვეყნისა, ჩვენის ერისა, მისთვის ცარიელი სიტყვა-კი არ იყო, როგორც დღეს ბევრისათვის არის, არამედ იგი იყო დაუღალავი ღონე გარჯისა და მხნეობისა. იგი აღამებდა დღეს და ათენებდა ღამეს იმ უანგარო ზრუნვით, იმ სიყვარულიან გულის ტკივილით, რომ რითიმე გვარგოს, რაიმე შეგვძინოს. ამისი მოწამე მის მრავალ-გვარი ღვაწლია სხვადასხვა ასპარეზზედ, საცა-კი მისი პატიოსანი გული მიაწვდენდა ხოლმე მის პატიოსანს ხელსა.
სულ ორის დღის წინათ, მინამ სიკვდილი სამუდამოდ დაადუმებდა ამ დაუდუმებელს, ქვეყნისათვის პატიოსანს კაცს, იგი იწერებოდა ტფილისში: „სტეფანწმინდაშიაც ვახერხებთ სკოლის გამართვასაო, იქაურ ყმაწვილებისათვის თქვენ-მიერ გამოგზავნილი წიგნები მივიღეთ და დიდად გავახარეთ პატარა მოხევენიო“. „დიდად გავახარეთ პატარა მოხევენიო!“ - სიტყვა აქ იმაში-კი არ არის, რომ პატარა მოხევენი გაახარა, იმაშია, რომ თვით გაჰხარებია ბავშვების სიხარული, იმიტომ რომ, ვისაც იგი მადლი ღვთისა არა აქვს, რომ სხვის სიხარულით გაიხაროს, სხვის სიხარულს ვერც შეამცნევს, ვერც აღიბეჭდავს. ნუ გგონიათ, რომ იგი წმინდა მადლი სხვის სიხარულით გახარებისა და, მაშასადამე, სხვის მწუხარებით მწუხარებისაც, ცოტა რამ იყოს. იგია პირველი ნიშანი დიდ-ბუნებოვანობისა, დიდკაცობისა და მარტო რჩეულთა ამა ქვეყნისათა მაგ მადლს ღმერთი კურთხევით უწყალობებს ხოლმე.
იგი იყო იმისთანა კაცი, რომელსაც, ინდოელებისა არ იყოს, დაბადების დღესვე ბედი ასე აკურთხებს და დალოცავს ხოლმე: „პაწია ყრმავ, ეხლა, როცა პირველად მოსდიხარ ქვეყანაში, შენ სტირი და შენს გარეშემო-კი ყველას სიხარულის ღიმილი მოსდის; იყავნ ისე, რომ, როცა ქვეყანას ეთხოვებოდე, ყველანი სტიროდნენ და მარტო შენ-კი ღიმილი მოგდიოდეს“.
მშვიდობით! ვინ იცის შენი საქმენი, ყველანი სტირიან დღეს და მარტო შენ-კი, როცა ეთხოვებოდი ქვეყანას, ღიმილი უნდა მოგსვლოდა, რადგანაც მამულს მამულის- შვილობა გაუწიე და შენი ვალი შეუსრულე.