top of page

მაჰმადიანთა გაერთების საკითხი

  • Writer: nino otiashvili
    nino otiashvili
  • Jan 2, 2024
  • 4 min read

I

ტფილისი, 15 სექტემბერი, 1886 წელი.


მუსლემანები, მაჰმადის რჯულის მადიდებელნი, კარგა ბლომა ნაწილს შეადგენენ კაცობრიობისას ქვეყანაზედ. ოსმალეთი და სპარსეთი ორი თვალსაჩინო სახელმწიფოა მაჰმადის რჯულისა, რომელთაც მთელი მაჰმადიანობა შეჰყურებს, როგორც მაჰმადის მოძღვრებისა და დროშის მფარველსა. აზიაში ეს ორი სახელმწიფონი მოსაზღვრენი არიან. ამათ რომ ერთმანეთზე ჰქონდეთ მხარი გადაბმული, როგორც ერთმორწმუნეთა, მაჰმადის რჯულს უფრო მტკიცე ზღუდე ექნებოდა და პოლიტიკური არსებობაც მაჰმადიანთა სახელმწიფოთა ძალას მოიცემდა. ხოლო უბედურება მათი იმაშია, რომ თუმცა ეგ ორივ სახელმწიფო მაჰმადიანები არიან, მაგრამ დიდი ხანია დარღვეულან და ერთმანეთს განშორებიან, რადგანაც სხვადასხვა მოძღვრებას მაჰმადიანობისას აღიარებენ. ეს რელიგიური განხეთქილება ისეთი ძლიერია მათ შორის, ამისაგან დაბადებული ძულება იმოდენად დიდია, რომ სპარსელებს, მაგალითად, რჯულის წესად აქვთ დადებული საჯაროდ შეურაცხჰყონ და საგინებელ ჰქმნან წმინდანი ოსმალოსანი, და ოსმალოთაც იმოდენად ათვალწუნებული ჰყავთ სპარსელნი რომ „აჯამებს“ ეძახიან, ნიშნად ზიზღისა და ძულებისა.


ამის მიზეზი, როგორც მოგახსენეთ, სხვადასხვა მოძღვრებაა ერთისა და იმავე მაჰმადის რჯულისა. მაჰმადიანობა ორ დიდ მოძღვრებად არის განაწილებული: ერთი მოძღვრება შიიტისა და მეორე სუნნიტისა*. პირველის მოძღვრებისანი არიან სპარსელნი, მეორისა - ოსმალონი და მასთან მთელი მაჰმადიანობა აფრიკისა, სირიისა, არაბეთისა და სათათრეთისა.


ამ განყოფილებამ და დარღვეულობამ მეტად შეაბრკოლა მაჰმადიანობა. ერთმანეთის ცილობამ, არა ჩემი მოძღვრებაა ჭეშმარიტი, არა ჩემიო, აბრუ გაუტეხა მაჰმადიანობას მით უფრო, რომ არც ერთი მხარე არა ჰზოგავდა მეორეს ავად ხსენების გზაზედ. შორსმხედველთა უკეთესთა მაჰმადიანთა დიდი ხანია იგრძნეს, რომ ამისთანა განხეთქილება ერთმორწმუნეთა შორის არც ერთს მხარეს კეთილს არ დააყრის და თვით მაჰმადიანობასაც ძირს მოუთხრის. ამ მიზეზით მაჰმადიანთა მოწინავე წარმომადგენელთა შორის ჩაისახა აზრი რჯულის ხელახლად გაერთებისა. ამ 150 წლის წინად გამოჩენილმა ყაენმა სპარსეთისამ ნადირ-შაჰმა ამ აზრით დაუწყო ლაპარაკი ოსმალეთსა და შეერთებისათვის თვისი პირობანი წარუდგინა, მაგრამ ეს საქმე რაღაც მიზეზით მაშინ დაბრკოლდა. ნადირ-შაჰის უწინაც, ოსმალეთის სულთანი სელიმ პირველი და სახელოვანი ვეზირი სულეიმან სულთანისა სოკოლი-ფაშა ნატრულობდენ, რომ ეს შეერთება მომხდარიყო. თუმცა არც სელიმ სულთანის, არც სოკოლი-ფაშის და არც ნადირ-შაჰის დროს ეს აზრი ვერ განხორციელდა, მაგრამ ეხლა-კი აშკარად სჩანს, რომ ეს აზრი უქმად არ დარჩენილა. დღეს ამ აზრს ბევრი მომხრე მოუპოვებია როგორც სპარსეთსა, ისეც ოსმალეთში და ჰლამის განხორციელებას. ეს მით უფრო საიმედოა დღეს რომ ამ აზრისათვის მოქმედობენ მეტად წარჩინებულნი და ძლიერნი კაცნი ორისავე სახელმწიფოისანი. სპარსეთის, ესე იგი შიიტების მხრით, ეს აზრი თავს უდვია უფროს ულემს ხორასნისას აბულ-ჰასან-მირზას, ბიძაშვილს სპარსეთის შაჰის ნასრედინისას, და სუნნიტების მხრით თითონ სულთანს აბდულ-ჰამიდს, რომელიც სამაჰმადიანოში ხალიფად ითვლება, ესე იგი მაჰმადის მოადგილედ ქვეყანაზე.

რადგანაც ჩვენი მოსაზღვრენი თითქმის სულ მაჰმადიანები არიან, ამიტომ მეტი არ იქნება ჩვენთვის, რომ ამ დიდის აზრის მოძრაობას, რომელიც სულ სხვა მერმისს უქადის მაჰმადიანობას, ყური ვადევნოთ და მისი ვითარება დაწვრილებით შევიტყოთ. შემდეგს ნომერში ვაუწყებთ მკითხველებს მასა, - თუ რა ღონეა მიღებული დღევანდელ მეთაურთაგან ამ აზრის განხორციელებისათვის.


II

ტფილისი, 16 სექტემბერი, 1886 .


ჩვენ გუშინ დავპირდით მკითხველებს, რომ ვაუწყებთ, - რა ღონეა მიღებული მაჰმადიანთა გაერთების მეთაურთაგან თავისის აზრის განსახორციელებლად. აი ამ საგანზედ რა შევიტყეთ ერთის გაზეთის კორესპონდენტისაგან.

ამას წინათ თეირანში გაეგზავნა სულთანს აბდულ-ჰამიდს ნუსრეთი-ფაშა, მოციქულად საპოლიტიკო მინდობილობით.


ეს მოციქულობა ვერას გახდა და ამით ხელახლად დარწმუნდა სულთანი, რომ მინამ რელიგიური განხეთქილება ჰსუფევს სპარსთა და ოსმალთა შორის, მინამ შიიტობა და სუნნიტობა არღვევს მაჰმადიანობას, ძნელი საფიქრებელია რაიმე მტკიცე, საიმედო და ხანგრძლივი პოლიტიკური კავშირი დაიდვას ამ ორ სახელმწიფოთა შორის.


ამ ამბავმა მით უფრო ძლიერ იმოქმედა სულთანზე, რომ თვით სულთანი წინათაც შეერთების მომხრე იყო და ამას გარდა დიდი პატივისმცემელიც არის სპარსებისა. სულთანმა ზედმიწევნით იცის თურმე სპარსეთის ლიტერატურა და მწიგნობრობა: მას ოსტატად ჰყოლია პატარაობისას გამოჩენილი მწერალი ეხლანდელის სპარსეთისა მირზა-ნაჰაბი. მეტისმეტად უყვარს თურმე სულთანსა და მოსწონს სახელგანთქმულნი პოეტები სპარსეთისა - ჰაფიზი, საადი და ფერდუსი. ამ სახელოვან მწერალთა მომდევართ დღევანდელს მწერლებსაც სპარსეთისას დიდის პატივით და თანაგრძნობით შეჰხარის თურმე. გარდა ამისა, რომ სულთანს გული თანაგრძნობით მიდრეკილი აქვს სპარსეთისაკენ და სპარსეთის სახელოვანთა კაცთა პატივისმცემელია, ყოველ მხრიდამ მოსდის ამბავი, რომ თითონ სპარსნიც შორს არ არიან შეერთების აზრზედ. ოსმალოს მეცნიერს ტაკედინ-ფაშას, დღეს ბაღდადის გენერალ-გუბერნატორს, მოუხსენებია სულთანისათვის, რომ ეხლა შიიტთა ულემობა (სამღვდელოება) ისეთის მტრობით აღარ ეკიდება სუნნიტების მოძღვრებას, როგორც უწინ. მუნიფ-ფაშამ, ეხლანდელმა სწავლა- განათლების მინისტრმა, მოახსენა სულთანს, რომ ტაკედინის მოხსენებას ჰმოწმობენ სუნნიტების ულემები, რომელნიც სპარსეთში სცხოვრობენო. თვითონ ხალხშიაც განელდა და შესუსტდა მტრობა შიიტთა და სუნნიტთა შორისო. შეიჰ-ულ-ისლამმა და სხვათა წარჩინებულთა და ხარისხოვანთა ულემთა დაარწმუნეს სულთანი, რომ შიიტთა ულემნი, მაჰმადის საფლავის სალოცავად სტამბოლზედ მიმავალნი, სცდილობენ ჩვენთან დაახლოვებასა და სიხარულით ჰლაპარაკობენ შიიტებისა და სუნნიტების შეერთებაზედაო!


ყოველ ამან უფრო წაუხალისა სულთანს სურვილი სუნნიტების და შიიტების შეერთებისა. ეხლა, გაზეთების სიტყვით, სულთანი შესდგომია კიდეც მოიპოვოს ღონე, რომ დარღვეული მაჰმადიანობა ერთს გაერთებულს რჯულს ქვეშ შეაერთოს.

ამ სამის თვის წინადაო, - იწერება ერთის გაზეთის კორესპონდენტი 30-ს აგვისტოდამ, - სტამბოლს მოვიდა სულტან ულ-ულემი, ებულ-ჰასან-მირზა, ბიძაშვილი სპარსეთის შაჰისა ნასრედინისა. ამ პრინცმა რჯულთმსახურებას შესწირა თავი და ხორასანში უფროსი ულემია. შიიტებს შორის ძალიან სახელგანთქმულია, როგორც რჯულის მცოდნე კაცი და დიდად პატივცემულია. ებულ-ჰასანი თანამოაზრეა სულთანისა. მისმა მაღალმა შთამომავლობამ და მეცნიერობის სახელმა ილდიზის (სულთანის სრა- სასახლეა) კარი გაუღო პრინცსა. სულთანმა ორჯერ-სამჯერ ინახულა ჰასანი და ამ ნახვის შედეგი ის იყო, რომ სულთანმა ებულ-ჰასან-მირზას და ერთს სუნიტთა მეცნიერს მიანდო შეადგინონ პროექტი სარელიგიო-საპოლიტიკო ხელშეკრულობისა, რომელიც უნდა დაიდვას სუნნიტებსა და შიიტების წარჩინებულთა ულემთა შორის და დამტკიცებულ იქნას ოსმალთა და სპარსთა მთავრობისაგან... რამდენად გულმოდგინედ მოეკიდა სულთანი ამ საქმეს - ეს იქიდამა სჩანს, რომ ამ დროს, როცა ოსმალეთი პოლიტიკურად ასე გაჭირვებულია, სულთანმა ამ ხელშეკრულობის დამწერ კომისიის წევრად დანიშნა და ამაზედ მოაცდინა იუსტიციის მინისტრი ჯევდეტ-ფაშა, კაცი სხვაფრივად ყველაზედ მეტად ხერხიანი და გამოსადეგი ეხლანდელ სამინისტროსათვის. ჯევდეტ-ფაშა, უწინ ულემად ყოფილი, უცილობელად ყველაზედ მეტი მეცნიერი მაჰმადიანია ახლანდელ დროში. იგი ისტორიკოსია, ფილოლოგი, რჯულის მცოდნე და ასტრონომი. თვითოეულ ამ მეცნიერებაზედ სამაგალითო თხზულება დაუწერია. ამ კომისიას სამი კრება უკვე

ჰქონია სპარსეთის პრინცის სადგომში, რომელიც სულთანს მისთვის დაუთმია თავის სასახლეში. რაზედ დამდგარა ხსენებული კომისია - ჯერ ეს საიდუმლოა.


აღსრულდება ეს ხელახლად გაღვიძებული აზრი შეერთებისა, თუ არა, - ამას დრო გამოაჩენს. ჩვენ ეხლა მარტო ეს შეგვიძლიან ვსთქვათ, რომ ეს აზრი მართლა დიდი აზრია და იმოდენის შემძლებელი, რომ მაჰმადიანობას ფეხზედ დააყენებს, აბრუსა და სახელს აღუდგენს და დიდ ძალს შესძენს სამერმისოდ, თუ დამწყებთა და მეთაურთა სურვილისამებრ განხორციელდა. ხოლო ძნელ საიმედო კია, რომ იგი განხეთქილება, რომელიც დღეს მაჰმადიანთა შორის ჰსუფევს სუნნიტობისა და შიიტობის გამო, მარტო ულემების ხელისმოწერამ ხელშეკრულობაზე და ოსმალ-სპარსთა მთავრობის დამტკიცებამ - გააუქმოს და მოსპოს. საფიქრებელია, რომ თვით ეგ ხელშეკრულობა შეიქმნას ახალ განხეთქილების მიზეზად და მაჰმადიანობა გაჰყოს უნიონისტებად და არა-უნიონისტებად. იმისთანა საქმეში, როგორც რელიგიაა, სარწმუნოებაა, რჯულია, რასაკვირველია - ულემობას, სამღვდელოებას, მთავრობას - ბევრი რამ შეუძლიან, მაგრამ ყველაფერი კი არა. საქმე თითონ ერია, ნამეტნავად მაჰმადის მადიდებელი ერი, რომელიც ჩვეულია - სახელმწიფო წყობილება, პოლიტიკა, და ერთობ ყველაფერი ქვეყნიერობაზედ, მარტო სარწმუნოებას დაუმორჩილოს, ქვეშ დაუყენოს და ანაცვალოს.



შენიშვნა:

* უმთავრესი მიზეზი განსხვავებისა ის არის, რომ შიიტებს სწამთ მაჰმადის მემკვიდრედ მისი სიძე - მეოთხე ხალიფა ალი ბენაბუ-თალები და სუნიტები - კი ამას უარჰყოფენ.

Recent Posts

See All
bottom of page