top of page

კერძო და სათემო მიწათმფლობელობა

  • Writer: nino otiashvili
    nino otiashvili
  • Jan 1, 2024
  • 13 min read

1886 წელი

I


ვინც ჩვენებურს სოფლებს და მათს ეკონომიურს განწყობილებას და ვითარებას დაჰკვირვებია, ერთს დიდს ნაკლს შეჰნიშნავდა. ეს დიდი ნაკლი უფრო ძლიერ თავს იჩენს იმისთანა სოფლებში, საცა მომეტებული ნაწილი მკვიდრთა სახელმწიფო გლეხკაცობაა, ანუ, როგორც უწინ იტყოდნენ, სახასო. ამისთანა სოფლებში მიწათმფლობელობას ორგვარი თვისება შეჰრჩენია დროთა განმავლობაში, და რამოდენადაც დიდი ხანი გასულა, იმოდენად ეს ორგვარი თვისება მიწების მფლობელობისა უფრო განვითეულებულა და განმტკიცებულა გლეხკაცობის თვალში. ეხლანდელი სოფელი რომ გაშინჯოთ მიწათმფლობელობის თვალით, ჰნახავთ, რომ თითქმის ყოველი სახასო სოფელი მიწათმფლობელობის კვალობაზედ ორს დიდს ნაწილს წარმოადგენს. ერთი ნაწილი მიწებისა, უფრო უკეთესნი, უფრო შემუშავებულნი და უფრო მომცემნი, მკვიდრთა გლეხთაგან სათვითოოდ დაჩემებულნი არიან, კერძოდ განსაკუთრებულნი და საშვილიშვილოდ დაჭერილნი. ამგვარს მიწებს ზოგან ნაფუძრებს ეძახიან და უფრო ხშირად კი საბლის მამულებს. ამგვარი მიწები ჩვენთა გლეხკაცთა თვალში არაფრით და არა-ნიშნებით არ განირჩევიან კერძო საკუთრებისგან, თუმცა კი, გლეხს რომ ჰკითხოთ, იგი მიწები სახასონი და სახელმწიფონი არაინ. ამისთანა მიწები მემკვიდრეობით გადადის ერთიდამ მეორეზედ; გლეხი, პატრონი მიწისა, აგირავებს, ჰყიდის ერთმანეთში თავისუფლად და დაუბრკოლებლივ. ჩვენს გლეხკაცობას არამაცთუ არ მოუთავსებია გულში, არამედ ფიქრადაც თავის-დღეში არ მოსდის, რომ ამგვარ მიწის აღებ-მიცემობაში, გადასვლა-გადმოსვლაში ვინმე წინ დაუდგება და ხელს შეუშლის. ასე მტკიცედა აქვს გულს და გონებაში გამჯდარი ამა მიწების საშვილიშვილოდ კუთვნილება, რომ ვერასგზით წინააღმდეგს ვერ დააჯერებთ. საიდამ წარმოსდგა სასოფლო მამულებში ეს ამგვარი მიწათმფლობელობა სრული კერძო საკუთრების ნიშნებითა, როგორ გამოცალკევდა იმ საერთო მფლობელობიდამ, რომელიც უეჭველად ცნობილია მეცნიერებისაგან როგორც პირველყოფილი კაცთა საზოგადოების ეკონომიური ქვაკუთხედი, — ესე ყოველი შორი და რთული ამბავია და ამჟამად ამას ჩვენ ვერ გამოვუდგებით.


ხოლო ამას კი გულდაჯერებით ვიტყვით, რომ ეს საერთო მფლობელობა ჩვენთვისაც უცხო არა ყოფილა, როგორც არ ყოფილა უცხო მთელს ქვეყნის კაცობრიობისათვის. ამისი ნიშნები დღესაც თვალსაჩინოდ შერჩენია ჩვენს სოფელს, და მეორეგვარი სოფლის მიწებისა აშკარად გვეუბნებიან. ეს მეორეგვარი მიწები, ზოგან „სასოფლოდ“ წოდებულნი, ზოგან „საზოგადოდ“, ზოგან „სათემოდ“ და ზოგან „სახასოდაც“, იმისთანა მიწებია, რომელიც ნაყოფიერებით პირველებზედ ნაკლებია, სოფელს მოშორებული და არავისაგან არ-დაჩემებული. აქ ვინც პირველად და ყველაზედ უწინ გუთანს მოჰკიდებს და მოხნავს, მოხნული მიწა იმ წელიწადს იმისია, მეორე წელიწადს სხვა ჰხნავს და ჰხმარობს. ყოველს მკვიდრს სოფლისას ნება აქვს, საცა-კი სხვას დაასწრობს, იქ მოხნას და რამდენიც უნდა, იმოდენა მოხნას. ხშირად, როცა ამგვარი სათემო მიწები მოუხნავად ჰრჩება და წელიწადი ხელს აძლევს, ამ მიწებს სასოფლოდ დააყორუღებენ ხოლმე სათიბად, მთელი სოფელი ინახავს ყორუღს, და როცა სათიბად მოესწრობა, მაშინ ან სასოფლოდ სთიბვენ და მერე თივას იყოფენ, ან, მინამ გასათიბია, გასათიბს ადგილს წილ-წილად დაიყოფენ ერთმანეთში. თუ მიწები სათიბად არ ვარგანან, ზამთრის საძოვრად სასოფლოდ გასცემენ, ბევრჯერ უცხო კაცზედაც, და აღებულს საბალახეს ან სასოფლო საჭიროებას ახმარებენ, ან იყოფენ ერთმანეთში.

რაკი ამ სათემო მიწებში ყველა მკვიდრს სოფლისას ნება აქვს, საცა უნდა და რამდენიც უნდა ჰხნას, რა თქმა უნდა — მდიდარი და შეძლებული გლეხი შეუძლებელსა სჩაგრავს, იმიტომ რომ შეძლებული ყოველთვის შეუძლებელსა დაასწრობს ხოლმე გუთანსაც და ფარცხსაც. გარდა ამისა, ვიწროობამ აიძულა ბევრი მკვიდრი, რომ მამული სხვებსავით გაისაკუთროს, დაიჩემოს. აქაც, რასაკვირველია, ყოველი გარემოება შეძლებულს გლეხს აძლევს უპირატესობას შეუძლებელის წინაშე. იშვიათი ამბავი არ არის, რომ შეძლებულს გლეხს სათემო მამულში უკეთესი და კარგა ბლომა ადგილები დაეჭიროს და დაეჩემოს საშვილიშვილოდ. ამ სახით, სხვანი ხელცარიელნი დარჩენილან და იმა შეძლებულისაგან თავისავე სათემო მამულს ღალით იღებენ, რომ როგორმე თავი ირჩინონ.


აი ის დიდი ნაკლი ჩვენის სოფლის ეკონომიურ განწყობილებისა, რომელიც დღეს ჩვენის სოფლის ტკივილს შეადგენს და რომელიც მიწათმფლობელობის საქმეს ერთის მხრით ძლევამოსილად კერძო საკუთრებისკენ მიეზიდება, და მეორეს მხრით შესანიშნავის მარცხით — სათემოსკენ. ამას, რასაკვირველია, შველა უნდა. ამისთანაებში ყოველთვის გამჭრიახმა და მგრძნობიერმა გლეხკაცობამ იგრძნო ეს ტკივილი და წამალიც უპოვნა. ბევრგან განაჩენებია დღეს შემდგარი, რომელშიაც გლეხკაცობამ აშკარად აღიარა, რომ სახასო სოფელი — სოფლისაა საერთოდ და არა თვითეულის მკვიდრისა საკუთრივ. დაუდო რა თავის განაჩენს ეს დედააზრი საფუძვლად, დაადგინა, რომ ყველა მკვიდრი იმოდენად მონაწილეა მთელს სოფლის მამულში,რამოდენის მსურველიც არის, თუ სასოფლო მამული ყველას სურვილს გასწვდა. და რაკი დღეს მეტნაკლებობაა ერთმანეთში და დიდი უსწორმასწორობა, განაჩინა — ხელახლად დაიდვას საბელი და გაყოფილ იქმნას სასოფლო მამულები. ამისთანა განაჩენები უკვე შემდგარია ქართლსა, კახეთსა, სომხითსა და ტფილისის მაზრის სოფლების მიერ. ჯერ მარტო ტფილისის მაზრაში 45 სოფელს შეუდგენია ამისთანა განაჩენი, აქედამ 12-ს უკვე დაუყვია კიდეც მამულები, 11-ი შესდგომია დაყოფვასა. ქართლში 16-ს სოფელს შეუდგენია განაჩენი, მათში 10-ს კიდეც დაუყვია მამულები, 2-ს განაჩენი არ შეუდგენია და ხელი კი მიუყვია, და 4-ი უკვე შესდგომია და მებრვე სხვანი.


ამაზედ არა ერთხელ მოგვიხდება კიდევ ლაპარაკი ჩვენს გაზეთში და დღეს მარტო აღვნიშნეთ რა ეს სასიამოვნო და ფრიად სასარგებლო ფაქტი, ჩვენის მხრით ვიტყვით, რომ ბატონ-ყმობის მოსპობის მერმეთ ამისთანა დიდმნიშვნელობიანი და ერთობ დიდი საქმე, ჩვენის შინაურის ცხოვრების შესახები, არა ყოფილა, და არ მომხდარა.


II


სახასო სასოფლო მიწების დაყოფვა ახალი ამბავი არ უნდა იყოს ჩვენის ეკონომიურის ცხოვრებისათვის. ქართლსა, კახეთსა, სომხითსა, ფშავსა, ხევსურეთსა და თუშეთში, მთავრობის დახმარებით, ხელი მიუყვიათ კიდეც ამ საქმისათვის და სწორედ აქედამა სჩანს უტყუარად, რომ ჩვენს გლეხკაცობას ანდერძად დარჩენია ძველთა დროთაგან. თორემ ეს რომ ახალი ამბავი იყოს, იუცხოებდნენ ჩვენში, ახლა კი მშვიდობიანად და უჩუმრად შეიწყნარეს. გარდა ამისა, ჩვენ დარწმუნებით ვიცით, რომ გლეხკაცობამ ამ საქმეს ხელი მოსჭიდა თავისის საკუთარის თაოსნობით. ესეც უტყუარი ნიშანია, რომ ჩვენში ეგ მამულების დროგამოშვებით დაყოფვა ჩვეულებად ყოფილა ძველთაგანვე და ჩვენს გლეხკაცობას გუნებაში შეჰრჩენია, ანდერძად დარჩომია.

რომ ამ დიდის საქმის წარმართვისათვის გზა გავიხსნათ, რომ შევიგნოთ, ხელი როგორ უნდა შეეწყოს, რათა ამ ძველმა ჩვეულებამ არ მიიძინოს, — საჭიროა ცხადად წარმოვიდგინოთ, რასთანა გვაქვს ამ შემთხვევაში საქმე. ამას იმიტომ ვამბობთ, რომ ხშირად გვესმის სამდურავი და ჩივილი გლეხკაცობისაგან, ვითომც მამულების დაყოფვის საქმე, ყველასაგან თითქმის ერთმხრივ საჭიროდ აღიარებული, აღსრულებაში ცუდად მოდისო.


ამისათვის ჩვენ საჭიროდ დავინახეთ, ამ დიდს და რთულს საქმის ზოგიერთ მხარესათვის, ჩვენის შეძლებისამებრ, ცოტაოდენი შუქი მიგვეყენებინა და ჩვენი საეჭვი* სხვისთვისაც გაგვეზიარებინა.


მივიღებთ რა მხედველობაში, რომ მიწების დაყოფვა უსათუოდ სოფლის განაჩენით უნდა მოხდეს, — აშკარაა, პირველი კითხვა ის არის: ჩვენში ვის უნდა ჰქონდეს ხმა განაჩენის დადგენაში? თვითოეულს მუშაკს კომლისას, თუ კომლის თავკაცსა? მეორე: ვადა ხელახლად დაყოფვისა მერმისისათვის წინათვე უნდა იყოს მოხსენებული განაჩენში, თუ არა? მესამე: მამულები კომლზედ უნდა დაყოფილ იქმნან, თუ მუშაკაცობაზედ კომლში? საჭიროა თუ არა, რომ განაჩენში წინათვე, მამულების რაოდენობის კვალად, განსაზღვრულ იყოს უდიდესი და უმცირესი წილი თვითეულის კომლისა? კარ-მიდამო, ვენახები, ნაფუძრები გასაყოფს მამულში უნდა ჩავარდეს, თუ არა? შესაწყნარებელია თუ არა გლეხის საჩივარი, ოდეს იგი მამულის დამყოფავთაგან რასმე უსამართლობას ჰგრძნობს თავის-თავის შესახებ? თუ შესაწყნარებელია,როგორ და რა გზით უნდა აღდგენილ იქმნას დარღვეული სიმართლე გლეხისა?


ვიდრე ამ ცალ-ცალკე საგანს ცალ-ცალკე პასუხს მივცემდეთ, საჭიროა ყოველს ამას ერთი უტყუარი სათავე მოვუპოვოთ და იქიდამ წარმოვადგინოთ ყოველივე მსჯელობა. ამისთანა სათავე თითონ სოფელია. პირველი, რასაც ამ შემთხვევაში ზედ უნდა წააწყდეს ძალაუნებურად კაცი, შემდეგია: თითონ ჩვენი სოფელი, როგორც ეკონომიური ცალი, თვითმყოფი ცალკე სხეული, რა საფუძველზეა დამყარებული და აგებული?


არავინ არ შეგვეცილება ვსთქვათ, რომ ჩვენი სოფელი დამყარებულია და აგებული კომლეულობაზედ და არა თვითოეულს ჰასაკში მოსულ მუშაკაცზედ, როგორც რუსული „мир“- ია. ყოველისფერი ჩვენს სოფელში კომლზედ არის და ყოფილა უწინაც გაანგარიშებული. თვლაში კომლია, სახელმწიფო და სასოფლო ხარჯი კომლია, ბეგარაში, მამულში, სულ ყველგან იგივე კომლია ანგარიშში. რუსეთში-კი ყოველი ეს თვითოეულს ცალკე სულზეა. ამ განსხვავებას დიდი მნიშვნელობა აქვს, როგორც გლეხკაცობის ცხოვრებაში საზოგადოდ, ისეც მამულის დაყოფვაში კერძოდ.


რუსულ мир-ში, იმის მიზეზით, რომ ყველაფერი სულზეა გაანგარიშებული, თვითოეული კაცი ცალკე ძალაუნებურად სოფლის ჯუქამშია ჩაბმული; წასვლა-მოსვლა მისი დაბრკოლებულია, ყველაფერში — გარეთ სამუშაოზედ წასასვლელადაც-კი — სოფელს უნდა დაეკითხოს, მისი ნებართვა აიღოს; სოფელს შეუძლიან ეგ ნებართვა არ მისცეს და შინ დააბას, იმიტომ რომ იქ ყველაფერის გამძღოლი, სახელმწიფო, თუ სასოფლო ხარჯის მხდელი, სულია და არა კომლი. რაკი სული ბინას მოიშლის, ყველაფერი უნდა მოიშალოს. ამ სახით, იქ თვითოეულის სულის ნება შეკრულია და თითქმის მთლად ღობეშემორტყმული, არც იქით და არც აქეთ გაძვრა არ შეუძლიან სოფლის დაუკითხავად და ნებადაურთველად.


ჩვენში, იმის მიზეზით, რომ ყველაფერი კომლზეა აგებული, თვითოეულ კომლის კაცს ცალკე არაფერი მნიშვნელობა არა აქვს სოფლისათვის, ამიტომაც სრულიად თავისუფალია, თვისი ძალი და ღონე, როგორც უნდა და სადაც უნდა, იქ ამოქმედოს; ამაში სოფელს არავითარი ნება არა აქვს დააბრკოლოს, ოღონდ კომლი იყოს, იმიტომ რომ აქ ჩვენში ყველაფერის გამძღოლი, სახელმწიფო, თუ სასოფლო ხარჯისა და ბეგარისა, კომლია. რაკი კომლი მოუშლელია, ეკონომიური და საზოგადოებური დედაბოძიც სოფლისა მოუშლელია, თუნდაც სულ, რაც ქუდოსნები არიან კომლში, დაიქსაქსონ თავის ნებისამებრ. აქ, ჩვენში, სოფელი არა ჰხუთავს ცალკე კაცს, თავისუფალს გზას აძლევს, რადგანაც აქ, ჩვენში, სოფლის ჯუქამში მარტო კომლია და არა ცალკე კაცი.


აქედამ ცხადია, რა პასუხი უნდა მიეცეს ჩვენგან დაყენებულს პირველს საკითხავს: ვის უნდა ჰქონდეს მამულების დაყოფვის განაჩენში ხმა? აქ მარტო ერთი პასუხია შესაძლებელი: კომლის მოთავეს, კომლის უფროსს კაცს. თუ ძველ დროთაგან დღემდე ამგვარს წყობას ჩვენის სოფლისას ძირი არ შეერყა და არ შეეცვალა, თუ დღევანდლამდე ამას წუნი არსაით უჩანს, არავინ უჩივის, არავისაგან შებღალული არ არის, აშკარა საბუთია, რომ კომლეული წყობილება უფრო საკეთილოდ და სახეიროდ მიუჩნევია, როგორც თვით სახელმწიფოს, ისეც თითონ გლეხკაცობასაც, რომელიც დღესაც მაგრად ეჭიდება ამ წყობილებას და ხელიდამ არ უშვებს. საჭიროა, ჩვენის ფიქრით, ეს გარემოება ხელზედ მაგრად დაიხვიოს კაცმა მამულების დაყოფვის საქმეში და გაკანონდეს, რომ ამ საქმეში მარტო კომლის თავკაცსა ჰქონდეს ხმა.


დანარჩენს საკითხავებზედ თავ-თავის დროს მოვილაპარაკებთ.


III


დღესაც დარჩენილი და ძველ გუჯრებში ყოველთვის ხმარებული სიტყვა „საკომლო“ იმისი საბუთია, რომ მამულის ჭერის საქმეშიაც ნიშანში ამოღებული კომლი ყოფილა და სხვა არა-რა. „საკომლო“ ნიშნავდა ცალკე კომლის მიერ დაჭერილს და მის სამყოფს მამულსა და მამულის უდიდეს ზომასაც. სხვადასხვა ადგილას ეს „საკომლო“ სხვადასხვა ზომისა იყო: ზოგან ათი დღიური, ზოგან ოცი, ზოგან ორმოცი და სამოციცა**. აშკარადა სჩანს, რომ ეგ „საკომლოს“ სიდიდე იმაზედ იყო დამოკიდებული, — სად რამდენი მამულია საკმარისი ცალკე კომლის სარჩენად და სახელმწიფო და სასოფლო სამსახურის გადასახდელად. იქ, საცა ჰავისა და მიწის თვისება ისეთი იყო, რომ უფრო პირუტყვთ მოშენება ხეირობდა, „საკომლო“ დიდი ყოფილა, რადგანაც პირუტყვთ მოშენებას დიდი ადგილი უნდა. საცა პური და სხვა ამგვარი კარგად მოდიოდა და უმთავრესს წყაროს გლეხის ცხოვრებისას შეადგენდა, იქ პირველზედ ნაკლები იყო. სადაც ყურძენი და ხილეულობა კარგად ხეირობდა და მით ერი თავს ირჩენდა, იქ უფრო ნაკლები ყოფილა. ამ სახით, „საკომლო“ მთაში ერთის ზომისა იყო, ქართლში მეორისა, კახეთში მესამისა და ესევე სხვადასხვა ადგილას. გუჯრებში ხშირად ნახსენებია, — გიწყალობეო აქა და აქ ამდენი და ამდენი საკომლო. მაგ აზრითვე ხმარებულია „საკომლო“ ნასყიდობისა, გაყრისა და განსამართლების ოქმებში. ცხადია, რომ „საკომლო“ — ჩვენის ქვეყნის თვითოეულ მხარისათვის ცალკე — ერთი განსაზღვრული ზომა ყოფილა, ყველასაგან ერთნაირად ცნობილი და ერთნაირად აღიარებული. უწინ სოფელში რომ გეთქვათ: ეს ერთი „საკომლოა“, ყველამ იცოდა, რაზედ და რამდენზეა ლაპარაკი. ამ-სახითაც კომლი ჩვენს სოფელში წარმოადგენდა არამცთუ საზოგადოებრივს სხეულს, არამედ ეკონომიურსაცა. დღესაც ეგრეა, თუმცა სიტყვამ „надел“-მა მოედანი დააცლევინა „საკომლოსა“.

ამ კომლზედ აგებულმა ჩვენებურმა სოფელმა სხვა გზითაც იჩინა თავისი თავისებურობა. ჩვენი ქვეყანა, უფრო ბევრწილად, და მომეტებულად — რასაკვირველია — ჰავითა და დედამიწის მომცემლობითა, სულ სხვაა, და ამ მხრით თითქმის არაფერში ჰგავს რუსეთსა. ამ ჰავისა და მიწის გამო ჩვენებური მიწათმფლობელობა სოფლისა სხვარიგად წარიმართა. ჩვენში ყურძენი და მრავალგვარი ხეხილი ჰხარობს, ვენახი და ხილნარი საკმაოდ სარჩოს მომცემია, ასრე რომ ბევრგან ჩვენის გლეხკაცის ცხოვრების იმედი ამაზეა დამყარებული. ვენახისა და ხეხილის გაშენება ცოტა ადგილს და დიდს გარჯას, დიდს ხარჯს, დიდს დროს თხოულობს. ვენახსა და ხილნარს შიგ ჩატანილი აქვს უკვდავ განძსავით წინაპართა მთელი ჯაფა, მთელი მხნეობა და მეცადინეობა. ამიტომაც, ჩვენებურ გლეხკაცს ვენახი და ხილნარი მარტო გამორჩომის წყაროდ კი არ მიაჩნია, არამედ იმ წმინდა აუზადაც, სადაც მის მამა-პაპას თვისი ოფლი მიუდენია და მიუბარებია საშვილიშვილოდ. ჩვენებურ გლეხკაცის თვალში მის ვენახს, მის ხეხილის ბაღს, მის ნაფუძარს თავისი ისტორია აქვს, მართალია — ბუნდი, წარსულის ღრუბლისაგან გამოურკვეველი, მაგრამ ღრმად კი ჩაჭდეული გულში, რომ ვენახი, ხეხილის ბაღი, სალაროა მის წინაპართა ჯაფისა, გარჯისა და მხნეობისა.


ამიტომაც ძნელია ჩვენის გლეხკაცობისათვის ადგილიდამ დაძვრა. ამიტომაც იშვიათია ჩვენში უბინაოდ ტანტალი და სულ ცნობილი არ არის ერთგვარი დანაშაულობა, რომელსაც „бродяжничество“ ჰქვიან. ამიტომაც ჩვენში ბინადარს მცხოვრებს „მკვიდრი“ ჰქვიან და არა „დგმური“, როგორც ზოგიერთს ენაშია. ჩვენში რომ გლეხკაცმა თავი დაანებოს თავის ადგილს, უნდა ჯერ გულიდამ ამოიღოს თავისი თემი, თავისის ოჯახის წარსული, თავისი მამა-პაპა, რომელთა ნაშთი, ძეგლი თვითოეული ვაზია, თვითოეული ხეა, მამა-პაპის ხელით დარგული და ოფლით მორწყული, და რომელსაც იგი სამკვიდროს ეძახის. ყოველ ამის გულიდამ ამოღება ძნელია.


ამ გარემოებას სოფლის მამულის მფლობელობაზედ თავისი ზედმოქმედება უნდა ექონია. ეგ ზედმოქმედება იმაში სჩანს, რომ თუმცა ჩვენს სახასო გლეხობას სასოფლო მამული სოფლისად მიაჩნია საერთოდ, და ამ აზრს არა შემთხვევაში არ ეურჩება, მაგრამ ამასთანავე თავისი საკომლო ადგილ-მამული საშვილიშვილოდ ეგულება. აქ ერთის მხრით — საშვილიშვილოდ გულვება მამულისა და — მეორეს მხრით — მამულების დაყოფვა, მაშასადამე, თითქმის თავისად არ- გამოლოდინება, ერთმანეთს ეპირისპირებიან, ვითარცა წყალი და ცეცხლი. პირველ შეხედვით საოცარია, როგორ მოუთავსებია ჩვენს გლეხკაცობას ორი ამისთანა ერთმანეთის დამშრეტი საგანი? მაგრამ, აბა ნახეთ, რა ჭკვიანურად, რა წინდახედულობით ერთი მეორესთან მოურიგებია და შეუთვისებია!


ჩვენს გლეხკაცობას, რომელსაც უწამებია, რომ სოფელი სოფლისაა და ამასთანავე საშვილიშვილოდ გამოლოდინება მამულისა გულში ჩარჩენია, ვადა არ დაუდვია მიწების დაყოფვისათვის. მამული, მისის ფიქრით, კუთვნილია თვითოეულის კომლისა, ვიდრე სოფელს არ გაუჭირდება და თითონ სოფელი არ აღიარებს მამულების დაყოფვის საჭიროებას. ეს საჭიროება დამოკიდებულია მეკომურთა გამრავლებაზედ სოფელში და სხვა ამისთანა იშვიათ გარემოებაზედ, რომელიც ბუნებითად ძალიან გვიან-გვიან იჩენს თავსა და შორს მერმისს ეკუთვნის. ორმოცი და სამოცი წელიწადი გლეხკაცისათვის მთელი საუკუნოებია. თითონ სიტყვაც „საშვილიშვილო“, გლეხკაცისაგან ასე შეყვარებული და ასე ხშირად ხმარებული, სხვა არა არის რა, გარდა ორის თაობის დროთა სიგრძის აღნიშვნისა: შვილისა და შვილისშვილისა, თითქო ამას იქით გლეხკაცის თვალი აღარ სწვდებაო.


ესე არ არის რუსეთში. იქ ყოველს მიჩემებული აქვს მამული ვადით, და ეს ვადა წინათვე განსაზღვრულია, წინათვე დადებულია. უფრო ხშირად 10, 12, 15 წელიწადზედ მეტი არ არის. აქ გამოლოდინება მამულისა საშვილიშვილოდ ვერ ისადგურებს და ფეხს ვერ მოიკიდებს, იმიტომ რომ ამნაირს მფლობელობას მამულისას წინათვე ცნობილი ვადა აქვს და ისიც მოკლე. ამ მოკლევადიანობას მფლობელობისას ერთმხრივად უჩივიან რუსეთში, როგორც мир-ის მომხრენი, ისეც მოწინააღმდეგენი. მართალნიც არიან. ადამიანს მამულის საფუძვლიანად გაპატივებასა და კეთებაზედ გული არ მისდის, როცა არამცთუ თავისად არ გამოელოდინება, არამედ დიდის ხნობითაც მისი ხელში შერჩენა არ ეგულება. კერძო საკუთრების დიდი ღირსება, მის მომხრეთა და მოწინააღმდეგეთაგან ერთხმივად აღიარებული, მამულის ჭერის ხანგრძლივობაა ერთსა და იმავე ხელში, წინათვე ბოლოდაუნახველი და, მაშასადამე, წამქეზებელიც ადამიანისა, რომ მის გაპატივებასა და კეთებაზედ არასფერი დაჰზოგოს.


ჩვენმა გლეხკაცობამ, რაც კარგი რამ არის კერძო საკუთრებასა და სათემო მფლობელობაში, ერთსაც ჩამოათალა და მეორესაც და ერთად შეადუღა. იმით, რომ ჩვენმა გლეხკაცობამ მამულების დაყოფვას ვადა არ დაუდვა და დროთა-მსვლელობას კი არა, იმისთანა გარემოებაზედ მიაგდო საქმე, რომელიც კაცმა წინათვე არ იცის, როდის გამოიჩენს თავს და გვიან-გვიანაც იჩენს, — მიწათმფლობელობას ხანგრძლივობაც კერძო საკუთრებისა საკმაოდ შეარჩინა და სათემო მფლობელობის სამართლიანი სასწორიც არამცთუ უღელში არ გადასტეხა, არამედ გაუმრუდებლად შეიმაგრა ხელში. თუ ზემოთქმულს მხედველობაში ვიქონიებთ, პასუხიც აშკარაა და მზა იმ ორის საგნის გამო, რომელიც სხვათა შორის გუშინდელს წერილში მოვიხსენიეთ, სახელდობრ: ვადა წინათვე უნდა დანიშნულიყოს სოფლის განაჩენში სამერმისოდ მამულების დაყოფვის შესახებ, თუ არა და კომლეულობაზედ უნდა დაყოფილ იქმნას სასოფლო მამული, თუ არა? ამაებზედ ჰოს მეტი არა ითქმის რა ჩვენში. ჩვენ საჭიროდაც ვხედავთ, კანონად დაიდვას, რომ არამც და არამც სოფელმა განაჩენში არავითარი ვადა არ მოიხსენიოს და თითონ მამულების დაყოფვაში მარტო კომლი იყოს სახეში მიღებული და სხვა არა-რა.


IV


რუსეთის мир-ში ადგილ-მამული ყოველს თვითოეულს სულს კომლისას მიეზომება ხოლმე და, მაშასადამე, თვითოეული ცალკე კაცი ოჯახისა ცალკე მონაწილეა სასოფლო მამულში. მაგრამ არ შეგვიძლიან ამ შემთხვევაში ყურადღება არ მივაქციოთ ერთს განსაკუთრებულს თვისებას რუსეთის мир-ისას. იქ თვითოეულის კაცის ცალკე მონაწილეობა სოფლის მამულში არამცთუ მარტო უფლებაა, არამედ მოვალეობაცა: ვერავინ ვერ იტყვის უარს წილად ხდომილ მამულის აღებაზედ; ჰსურს, თუ არა ჰსურს, უნდა უსათუოდ აიღოს მამული, რაც და საცა შეხვდება დაყოფვის დროს. ამას თავისი მიზეზი ჰქონდა რუსეთის ერის ერთგვარ თვისებაში, რომელმაც ყველასაგან ცნობილი „იურის დღე“ („Юрьев день“) შეჰქმნა და ამ თვისებამ არამცთუ სოფლის მამულში მონაწილეობა მოვალეობად გახადა, არამედ თითქმის თითონ ბატონ-ყმობაც კი ნაყოფად გამოიბა. ეს ადვილად აყრა ერთის ადგილიდამ და გადასვლა მეორე ადგილზედ,რომელიც წელიწადში ერთხელ რუსეთის ერს ჩვეულებად ჰქონდა, დიდი მავნებელი ჩვეულება იყო, როგორც სახელმწიფოსათვის, ისეც თითონ საზოგადოებისა და სოფლისათვის, — და აი, ჩვენის ფიქრით, სად უნდა მოინახოს მიზეზი, რომ მამულის აღება სოფელში მოვალეობადაც იქცა რუსეთში, გინდა თუ არა, მამულში უნდა იჯდე და აკეთო.

ჩვენში თავის-დღეში ეგ არ ყოფილა. ჩვენში არამცთუ ცალკე კაცი, თვით კომლიც ამ მოვალეობისაგან დახსნილი იყო: სურდა — აიღებდა მამულს, სურდა — არ აიღებდა. შესანიშნავია, რომ ერთხელ მამულზედ ხელაღებულს კომლსა ნება არ ერთმეოდა მოსულიყო და თავის სოფლისათვის მამული ეთხოვნა. დღესაც თითქმის ესეა, თუმცა ამ სამართლიანს ჩვეულებას მამულის სივიწროვემ და კომლთა გამრავლებამ ზოგან სახე შეუცვალა და ძალ-ღონე მოაკლო.

ჩვენ მაგალითები ვიცით, რომ მამულები დაეყოთ და სხვაგან წასულებისათვის სოფელს ცალკე მამული შეენახოს, ვინიცობაა მოვიდნენ, უმამულოდ არ დარჩნენო. ამ სახით, სოფლის მამულში მონაწილეობა ჩვენში, ცხადია, მარტო უფლება იყო და არასდროს მოვალეობად არ ყოფილა. რაკი ესრეა, განსაზღვრას უდიდესის და უმცირესის წილისას თვითოეულ კომლისათვის არც სიმართლე და არც საბუთი აქვს ჩვენში. ამიტომაც, საცა-კი მამული საკმარისია, ყველგან მიღებულია, კომლმა რამდენიც ჰსურს იმდენი მამული დაიჭიროს, ჰსურს ლიტრიანებში მოიქციოს თავი, ჰსურს — ნახევარ-ლიტრიანებში, ჰსურს — ჩარექიანებში, და ამაში დამშლელი და მოდავე არა ჰყავს, რასაკვირველია, ეს არ ითქმის იმ სოფლებზედ, საცა მამული ცოტაა, ვიწროობაა, და ყველას უნდა თანასწორი წილი ირგუნოს. აქ ჩვეულება კი არ მოქმედობს, არამედ გაჭირვება, და ამიტომაც ამგვარი შემთხვევა ჩვენის დედააზრის შესარყევად არ ივარგებს.


მაშასადამე, წინათვე სოფლის განაჩენში მოხსენება მისი, რამოდენაზედ მეტი და რამოდენაზედ ნაკლები მამული არ უნდა ეჭიროს თვითოეულს კომლს, არ უნდა შეწყნარებულ იქმნას. ხოლო კი საჭიროა, სოფლის ყრილობამ თავის განაჩენს ცალკე სიაც ზედ დაართოს, რომელი კომლი რამდენს მამულს ნდომულობს, თუ ვინიცობაა მამული საკმარისია, თუ არა და, რაც ხვდება წილად, — და სად უნდა მიეზომოს. ეს რომ აუცილებელ და უსათუო წესად დაიდვას, მაშინ სოფლის მამულების დამყოფნი ვერავის დასჩაგვრენ, თავის ნებაზედ არ მიუთითებენ, აი შენ აქ გარგუნეთ მიწაო, და ამით სათავეშივე მოწყვეტილ იქნება წყარო იმ სამდურავისა და ჩივილისა, რომელიც დღეს ბევრგან ისმის გლეხკაცთა მიერ. მაშინ მამულების დამყოფნი, სოფლის მიერ ამორჩეულნი, მარტო აღმასრულებელნი იქნებოდნენ იმისა, რაც დადგენილია სოფლის კრებისაგან, საცა თვითოეულს კომლს თავისი ხმა აქვს და, მაშასადამე, შეძლებაც — თავისი ინტერესი ასე თუ ისე დაიცვას.

V


გუშინდელს ნომერში ჩვენი აზრი გამოვსთქვით იმისდა შესახებ, რომ არ უნდა იყოს შეწყნარებულ, თუ სოფლის მამულების დაყოფვის განაჩენში მოხსენებულია რამდენზედ მეტი თუ ნაკლები სახნავი მიწა არ უნდა ერგოს თვითოეულს კომლსა. სახნავ მიწების შესახებ — ამ აზრს, ჩვენის ფიქრით, სამართლიანი საბუთი მიუძღვის, და რაც ვიცოდით ამ საგანზედ, უკვე ვსთქვით კიდეც. დაგვრჩა ვენახები, კარ-მიდამო და ნაფუძრები. ვენახები, თქმა არ უნდა, ისე უნდა დარჩეს, როგორც დღეს კომლს უჭირავს და სოფელს უნდა აეკრძალოს ამისი გაჭრა- გამოჭრა, თუ, ვინიცობაა, თითონ ვენახის პატრონის ცალკე ნება არ იქნება. ხოლო იქ, საცა მიწების ვიწროობა და ნაკლებობაა, იქ ვენახების სივრცეების საერთო მიწების სათვალავში უნდა ჩავარდეს, ასეთი საერთო ჯამი მიწების რაოდენობისა თვითოეულს კომლზედ უნდა დაიყოს და მერე თვითოეულს კომლს ნარგებ წილიდამ გამოერიცხოს სივრცე ვენახისა და დანარჩენი სახნავი მიეცეს. თუ ამის შემდეგ აღმოჩნდება, რომ ვენახის სივრცე კომლისა სჭარბობს მთელს წილს, რომელიც უნდა შეხვდეს, მაშინ მეტი გზა არ არის, ვენახი უნდა მთლად შერჩეს კომლსა, თუ თითონ არ მოიწადინებს სახნავის აღებას ვენახის ნაწილის სანაცვლოდ. აქ სამართალი ითხოვს, რომ ეგრე ნებით დათმობილს ვენახში ერთი-ორად სახნავი მიეცეს საუკეთესო მიწების ფარდში.


ესევე არ ითქმის კარ-მიდამოზედ. ამ შემთხვევაში მეტის-მეტი ნაკლებობა და უსამართლობაა ჩვენებურს სოფლებში. ზოგი ისეთი კომლია, რომ მთელს დღიურზე გადაჭიმულია, ზოგი იმისთანა, რომ იქავ გვერდით სული ეხუთება ვიწროობისაგან. ამის გამო სოფელს უნდა ჰქონდეს ნება, და მოვალეობაც, წინათვე განაჩენში მოიხსენიოს, რამოდენაზედ მეტი სასახლე არ უნდა ეჭიროს თვითოეულს კომლსა და რამოდენაზედ ნაკლები, და ვის რამდენი უნდა ჩაეჭრას, რა მხრით ჩაეჭრას და ვის მიემატოს. ყოველივე ამისი სია სოფლის განაჩენს ზედ უნდა დაერთვას. გლეხთა საჩივარის საგანი, როგორც გვესმის, უფრო სასახლის ადგილების გაჭრა-გამოჭრისაგან არის დღეს წარმომდგარი. რადგანაც ამის შესახებ განაჩენსა და მასზე დართულს სიაში არა არის- რა მოხსენებული, ამორჩეულნი დამყოფნი თავის ნებისამებრ ერთს უჭრიან თურმე და მეორეს აძლევენ და გამკითხავი არავინ არის. რომ ამ თვითნებობას ბოლო მოეღოს და ამ დიდს საქმეს უსამართლობა, რაც შეიძლება ადამიანის ბუნებისაგან, ნაკლებ შეჰყვეს და შეეპაროს, ჩვენის ფიქრით საჭიროა და აუცილებლადაც, სოფელმა წინათვე გადასწყვიტოს, სიით აღნუსხოს, — ვის, სად, რამდენი და რა მხრით ჩაეჭრას ცარიელი სასახლე ადგილი, და ვის, სად, რამდენი და რა მხრით ჩაემატოს. სოფელი, საცა ყოველს მეკომურს და უფროსს კომლისას ნება აქვს თავისი სთქვას, ძნელად შესცდება ამგვარებში, და თუ განუზრახველი რაიმე შეცდომა მოუვა, ჩვენი გლეხკაცი სოფლის სახელით უფრო მეტად შეიწყნარებს შეცდომასა, ვიდრე თვითნებობას ორისა და სამის კაცისას.

ნაფუძრები, ესე იგი გაპატივებული მამული, დიდს საფასურშია ჩვენში, ზოგან ვენახის ფასად უღირს გლეხკაცსა. ეს ამისთანა მიწები უფრო კარზედა აქვს გლეხკაცსა და სასახლის ადგილს ზედ-გამობმულია. ძლიერს კაცს ერთხელ ნარგები კარზედ ახლო მიწა ხელში შეუმაგრებია, ან ძალმომრეობით დაუჭერია, ან წაურთმევია სხვა ხელმოკლე კაცისათვის, ან ფულით თუ რითმე დაუხარბებია გაჭირვებული და ისე ჩამოურთმევია. ეგ მართალია, მაგრამ, უეჭველია, გაპატივება და განაყოფიერება ძვირად დასჯდომია. ჩვენის ფიქრით, ნაფუძარი ან უნდა მთლად შერჩეს გლეხკაცს, ან ისიც დასაყოფ მამულად ჩაითვალოს — იმისდა მიხედვით — ჭარბობაა სოფელში მამულისა თუ ნაკლებობა. ორსავე შემთხვევაში ერთს დღიურს ნაფუძარზედ ერთ-ნახევარი სახნავი მიწა უნდა შეეწონოს საუკეთესო მიწების ფარდში. თუ ვინიცობაა, ჭარბობაა მამულისა, ნაფუძრის პატრონმა საუკეთესო ფარდში თავის ნაფუძრის ერთს დღიურში დღიურ-ნახევარი სხვას უნდა დაუთმოს თავის წილიდამ, თუ ნაფუძრის შერჩენა ჰსურს. თუ მამულის ნაკლებობის გამო ნაფუძარი ცოტად თუ ბევრად უნდა ჩაეჭრას, მაშინ მან, ვისაც ეგ ჩაჭრილი ერგება, თითო ნაჭერში ერთ-ნახევარი უნდა დაუთმოს ნაფუძრის პატრონს საუკეთესო მიწების ფარდში თავის წილიდამ. ამისიც სია უნდა იყოს შემდგარი თითონ სოფლის მიერ და სოფლის განაჩენზედ უსათუოდ ზედ-დართული.


VI


ჩვენ წინანდელ წერილებში, ჩვენის შეძლებისამებრ, გამოვსთქვით ჩვენი აზრი იმაზედ თუ, — მამულების დაყოფვის სოფლის განაჩენში რა და რა საგანი უნდა იყოს წინათვე განსაზღვრული, სოფლის მიერ გადაწყვეტილი და განაჩენში უსათუოდ მოხსენებული. ჩვენი განზრახვა ამ შემთხვევაში ის იყო, რომ მარტო იმისთანა საგნები აღგვენიშნა, რომელთ განუსაზღვრელობაც მიზეზად ჰხდება გლეხკაცთა სამდურავისა და საჩივრისა. ჩვენ გვგონია, რომ რაკი ეგ საგნები

წინათვე განსაზღვრულ და მოხსენებულ იქნებიან სოფლის განაჩენში, ამით, თუ სრულად არა, ბევრი მიზეზი სამდურავისა და საჩივრისა სათავეშივე მოსწყდება და, მაშასადამე, თითონ დაყოფვა მამულებისა სახასო გლეხთა შორის ზედ არ შეირჩენს წუნსა და გლეხკაცს გული არ აეყრება ამ დიდს და სახეირო საქმეზედ. მაშინ თუ რამ აიძულებს გლეხკაცს სამდურავისა და საჩივრის გამოსათქმელად, — ეგ მარტო მამულის დამყოფავთა მოქმედება იქნება და მარტო სოფლის განაჩენის აღსრულების შესახები. აქ ყოველივე ურიგო მოქმედება დამყოფავთა, მათი განუზრახველი, თუ განზრახული შეცდომა, ადვილად გასასწორებელი შეიქნება. ამ სფერაში, ესე იგი სოფლის განაჩენის აღსრულებაში, გლეხკაცს ნება უნდა ჰქონდეს საჩივრისა, ოდეს იგი მამულის დამყოფავთაგან რასმე უსამართლობას ჰგრძნობს თავის-თავის შესახებ. ეს უეჭველია და ამაში არასოდეს უარი არ უნდა ეთქვას მოჩივარსა საქმის გაურჩეველად.


ხოლო საქმე იმაშია, — ვის უნდა მიჰმართოს გლეხმა ამ შემთხვევაში, ვინ უნდა გაურჩიოს საჩივარი და შესაფერი გადაწყვეტილება დაუდგინოს? საზოგადოდ მართლიერების მეცნიერებაში მიღებულია, ყველგან მართლმსაჯულების წესად დადებულია, რომ რომლის დაწესებულების განაჩენი მოდის აღსრულებაში, იმავე დაწესებულებამ უნდა განიხილოს და გაარჩიოს ყოველივე საჩივარი, აღსრულებისა გამო გამოწვეული, და ამ მხრით დარღვეული უფლება აღადგინოს. ჩვენ არა გვგონია, რომ ამ საზოგადო წესის მიღებამ ამ შემთხვევაში დააშავოს რამე. პირიქით, გვგონია, რომ სწორედ ასრე უნდა იქმნას საქმის კეთილად წარმართებისათვის. ამ შემთხვევაში განაჩენი სოფლის მიერ არის დადგენილი, მიწების დამყოფავთა მარტო იგი განაჩენი მოჰყავთ აღსრულებაში და, მაშასადამე, რაკი ეგ აღსრულება რაიმე სამდურავს და საჩივარს გამოიწვევს, სოფელმა უნდა განიხილოს იგი საჩივარი და მან აღადგინოს დარღვეული უფლება ცალკე გლეხკაცისა. ეს მით უფრო სახეიროა, რომ მოჩივარს გლეხს შორს სირბილი არ მოუნდება, წასვლა-მოსვლაში ხარჯი არა მოუვა-რა, სხვადასხვა ფორმალობა არც დროს და არც ფულს არ დააკარგვინებს, სიმართლის აღმადგენელნი იქავ ეყოლებიან და თითონ აღმადგენელთაც საგანი საჩივრისა და ყოველი საბუთი სიმართლისა თვალწინ უტყუარად ექნებათ, როგორც თავის ხელის გულზედ.

გარდა ამისა, ისიც უნდა მივიღოთ მხედველობაში, რა დიდი პატივი აქვს ჩვენის გლეხკაცის თვალში ყოველს მას, რასაც-კი სოფლის სახელით ეტყვიან. სოფელი ჩვენებურ გლეხკაცისათვის დიდი ავტორიტეტია; ტყუილად კი არ ამბობს ხოლმე გლეხკაცი: ორმა კაცმა რომ გითხრას ბრმა ხარო, უნდა დასჯერდეო. რაც უნდა ცუდად გადუწყვიტოს საქმე სოფელმა, ჩვენებური გლეხკაცი სოფლის ცუდ გადაწყვეტილებას უფრო შეიწყნარებს, ვიდრე გარეშე კაცის ცუდს განაჩენსა. ჩვენ ვამბობთ ცუდს მაგალითისათვის, ხოლო დარწმუნებული ვართ, რომ იშვიათი შემთხვევა იქნება — სოფელმა აქ სიმართლეს უმტყუვნოს, თუ კრება სოფლისა, ანუ ყრილობა, როგორც ეხლა ეძახიან, კომლის ნამდვილ მოთავეთაგან იქნება შემდგარი. ჯერ საჯარო კრებაზედ ყოველთვის ძნელია სამართლის გამრუდება და მერე თითონ ნამდვილნი მოთავენი კომლისანი სიმართლის საიმედო თამასუქს წარმოადგენენ თავისის ღირსების და საქმის ვითარების ზედმიწევნილ ცოდნითა.

bottom of page