„კავკაზი“-ს წერილების გამო
- nino otiashvili
- Jan 10, 2024
- 33 min read
ტფილისი, 23 მაისი, 1886 წელი.
ხიზნების საქმე.
შესავალის მაგიერ
**
გაზეთმა „კავკაზმა“ ამ უკანასკნელ დროს ორი მეთაური წერილი შესწირა ხიზნების საქმეს. პირველ წერილში პატივცემული გაზეთი ამბობს, რომ, როცა ლაპარაკი ჰქონდათ ბატონ- ყმობის გაუქმების თაობაზედ, მაშინ თავად-აზნაურთა უმრავლესობა ურჩევდა მთავრობასაო, განთავისუფლებულთა გლეხთა მიწების ხმარების საქმე იმ საფუძველზედ მოაწყოსო, რა საფუძველზედაც ხიზნები არიანო. „ეს ამბავი დიდად შესანიშნავიაო, — ამბობს მერე გაზეთი: — რადგანაც თავად-აზნაურთა უმრავლესობა ამით გვაჩვენებს, რომ ხიზნობა მისთვის მეტად სასარგებლოაო“. შესაძლოა, ამ ამბიდამ სხვა დასკვნაც გამოეყვანა კაცსა, მაგრამ გაზეთს „კავკაზს“ მარტო ერთი ზემოაღნიშნული დასკვნა უნებებია, და იყოს ნება მისი. ჩვენ ჯერ ამას არ გამოვეკიდებით, ჩვენ მარტო ამისი თქმა გვინდა, რომ საქმე, რომლიდამაც სხვადასხვა დასკვნა შესაძლოა კაცმა გამოიყვანოს, არ უნდა იყოს ხმარებული საბუთად მარტო ერთის დასკვნისათვის. ეს მართლმსჯელობის უცილობელი კანონია.
ამ პირველ დასკვნიდამ გაზეთს „კავკაზს“ გამოჰყავს მეორე დასკვნა: თუ ხიზნობა ესე სასარგებლოა თავად-აზნაურთათვის, მაშ თითონ ხიზნებისათვის საზარალებელი უნდა იყოსო. ასე ჰფიქრობს პატივცემული გაზეთი და ამის დასამტკიცებლად ბ-ნ ვერმიშოვის ბროშიურიდამ „ხიზანი და ხიზნობა“ მოჰყავს რამდენიმე ცნობა, რომელთაგანაცა სჩანს, რომ ორთა-შუა რიცხვით ხიზნებს ყოველ დესეტინა სახნავ-სათესს მამუდზედ ცხრამეტ მანეთიდამ ოცდახუთს მანეთამდე ღალა ერთმევათ წელიწადში მემამულის სასარგებლოდაო. თუ მხედველობაში მივიღებთ, რომ ჩვენში, თითქმის საყოველთაოდ მიღებულ ხვნა-თესვის წესისამებრ, ორიდამ ერთი დესეტინა ყოველთვის ისვენებს და მეორეა მარტო მოქმედებაში.გამოვა, რომ ხიზანს თითო ნამუშავარი დესეტინა უჯდება 38 – 50 მანეთამდე წელიწადში, თუ მართლა, ბ-ნ ვერმიშოვის და „კავკაზის“ სიტყვისამებრ, 19 – 25 მანეთამდე ღალას იხდის წელიწადში ყოველს დესეტინაზედ საერთოდ, ესე იგი იმაზედაც, რასაც ასვენებს.
ბევრი უცნაური რამ გაგვიგონია ჩვენის ქვეყნის ახირებულ და ძალადმაცხონე მცოდნეთაგან და ეს ამბავი კი, რომ ნამუშევარმა სახნავ-სათესმა დესეტინამ მაგოდენა ღალა იხადოს, — ჯერ არა გვსმენია. ბ-ნს ვერმიშოვს მით მაინც შეეწყნარება ეს მართლა უცნაური ამბავი, რადგანაც თითონვე ამბობს, რომ ამნაირი ცნობები მარტო ერთს დიდს მამულში მოვკრიბეო. იქნება იყოს სადმე ჩვენში ერთადერთი ამისთანა მამული, რომელიც ამოდენა ღალას იძლევა, მხოლოდ საკვირველი ეს არის, — ამ ერთადერთს მაგალითზედ როგორ ამყარებს თავისს მსჯელობას გაზეთი „კავკაზი“. რამდენი ადგილია, საცა ღალა არ აღემატება ორსა და სამს მანეთს დესეტინაზედ!.. შორს რომ არ წავიდეთ, საკმაოა კაცმა თვალი დააკვირვოს იმ ცნობას, რომელიც ამ საგანზედ თითონ მთავრობასა აქვს გამოძიებული და აღნიშნული. მთავრობისაგან დაბეჭდილი წერილი „Хизанское Положение“ ამტკიცებს, რომ ხიზნები თითო დესეტინა სახნავ და სათიბ მამულზედ იხდიან ორ მანეთ და ხუთ შაურიდამ, სამ მანეთ და ცხრა შაურამდე (გვერდი 35). საკვირველია, ამისთანა სარწმუნო ცნობას, მთავრობის მიერ გამოძიებულს, როგორ მოარიდა თვალი გაზეთმა „კავკაზმა“ და ერთადერთს მაგალითზედ, ბ-ნ ვერმიშოვის მიერ გამოკვლეულზედ, შესდგა.
ჩვენ ჩვენი აზრი ხიზნობაზედ ვეცდებით შეძლებისამებრ გამოვსთქვათ ოდესმე დაწვრილებით და საკმაო სივრცით, აქ მხოლოდ ის უნდა აღგვენიშნა, რომ „ის ადვოკატური ხერხები და განგებ ბინდ-ბუნდის გარდაფენა საქმის არსებაზედ“, რომელთაც პატივცემული გაზეთი „კავკაზი“ ასე სამართლიანად ჰკიცხავს, გასაკიცხველია ყოველს შემთხვევაში, დაიჭერთ მემამულეების მხარეს თუ ხიზნებისას. ყოველს საზოგადოებრივს საქმეში, რაც უნდა მწვავი იყოს, კაცმა ჯერ უნდა მართალი ეძებოს, სხოლოდ მართალი და სხვა არა-რა. ჯერ, ყველაზედ უწინარეს, უმრავლესობათა და უმცირესთა შორის სიმართლე უნდა იყოს გამკითხველი; ამინ, სიმართლემ, უნდა მოაშველოს ერთმანეთში ეგ ორი მხარე. ჩვენის ფიქრით, საზოგადოებრივ საქმეში არც უმცირესი უნდა შესწიროს კაცმა უმრავლესობას და არც უმრავლესობა უმცირესობას, ორივე უნდა დაუმორჩილოს მარტო სიმართლეს, როცა კი შესაძლებელია. ადამიანთა საზოგადო ცხოვრება ისეთი რთულია, რომ ბევრში და ბევრგან ეგ სიმართლე ძნელად აღმოსაჩენია, და მარტო ამ განსაკუთრებულს შემთხვევაში უღონო მართლმსაჯულება ადამიანისა სიმართლედ მას აღიარებს, რაც უმრავლესობისათვის სახეიროა. ამ განსაკუთრებულ შემთხვევაში მეტი გზა არ არის, სხვა განსამართლების საბუთი ადამიანს დღეს-აქამომდე ვერ აღმოუჩენია, გარდა „უმრავლესობის კანონისა“. ხოლო ეს იმას კი არა ჰნიშნავს, რომ იქაც, საცა მართალი აშკარად უმცირესისაკენ არის, უსათუოდ უმრავლესობამ უმცირესობა სძლიოს და ითაყვანოს. ეგ ძალმომრეობა იქნება და არა იგი სამართალი, რომლითაც ადამიანი ადამიანობს ვით ზნეობრივი არსება, და რომლის გამოც ჩვენი ანდაზა ამბობს: სამართლით ამოთხრილი თვალი არ მეტკინებაო.
ჩვენ ამას ამჟამად იმიტომ კი არ ვამბობთ, რომ ხიზნების საქმეში ან ერთს მხარეს მივკერძოთ, ან მეორეს. ჩვენ მარტო იმასა ვწუხვართ, რომ პატივცემული გაზეთი „კავკაზი“ ამ შემთხვევაში მარტო ეგრეთწოდებულს „უმრავლესობის კანონს“ აჰყოლია და სრულებით ყურადღება არ მიუქცევია იმ მართლისათვის, რომელსაც, ყოვლთ უწინარეს, ხელთ უნდა ეჭიროს სასწორი საზოგადოებრივის საქმის განაჩენისათვის. ჩვენ აქ ჯერ არას ვიტყვით იმაზედ თუ, — რომელს მხარესაკენ დასძლევს სასწორს ეს მართალი, ჩვენ მხოლოდ გვსურდა გვეჩვენებინა იგი განკითხვის გზა, რომელზედაც ჯერ პირველად უნდა გაიაროს ხიზნების საქმემ, ჩვენის ფიქრით. ჩვენ ვეცდებით შემდეგში გავსინჯოთ ხიზნების საქმე ამ გზითაც და უმრავლესობის კანონის მიხედვითაც.
**
ტფილისი, 2 აგვისტო, 1886 წ.
პატივცემულმა გაზეთმა „კავკაზ“-მა, რომელმაც ამ ბოლოს ხანებში ასე დაგვიძვირა ლაპარაკი აქაურს, ჩვენებურს საქმეებზედ, წელს მიაქცია ყურადღება ხიზნების საქმეს. ამ ფრიად სამძიმო საქმეს მოახმარა მარტო სამი მეთაური წერილი, თუმცა საქმე იმოდენად რთულია, მრავალკეცი და ღრმად დასაკვირვებელი, რომ ღირსია მომეტებულის გამოძიებისა, გამოკვლევისა და ლაპარაკისა. ერთის მხრით პატივცემული გაზეთი არც გასამტყუნარია. რასაც „კავკაზ“-მა მოანდომა სამი წერილი, იმისთვის ერთი სტრიქონიც მეტია; სამის წერილის მაგიერ ერთი სტრიქონი თავსაყრელად ეყოფოდა: აიღეთ და მიწები დაუსაკუთრეთ ხიზნებსაო. არც გაჭრა და არც გახევა, ეს არის დღეს „კავკაზ“-ის თავი და ბოლო ხიზნების საქმის თაობაზედ. თურმე ნუ იტყვით, ესე ადვილი ყოფილა იმ კვანძის გახსნა, რომელსაც ხიზნების საქმე წარმოადგენდა. მთავრობა-კი, ეს ოცი წელიწადია, შესდგომია ამ საქმის ვითარების ახსნას, გაგებას, რომ, თუ შესაძლოა, იმ ვითარებისამებრ ეს საქმე ისე დააბოლოვოს, — არც მწვადი დასწვას და არც შამფური. „კავკაზ“-ს რომ დავუჯეროთ, მთავრობა ტყუილად მომცდარა ეს ოცი წელიწადი, იმ საქმეს არც აღება სდომებია, არც დაღება.
ჩვენ, ჩვენდა სამწუხაროდ, ამ გულხალვათობას „კავკაზ“-ისას ვერ შევიწყნარებთ. თუმცა ხიზნების საქმის ფარგალში უფრო ცოტა ხალხია მოყოლილი, ვიდრე ბატონ-ყმობისაში, მაგრამ თვით საქმე კი არსებითად და ბუნებითად უფრო ძნელი გადასაწყვეტია, ვიდრე ბატონ-ყმობის საქმე. ბატონ-ყმური დამოკიდებულება უსამართლო საქმე იყო. საცა ცხადი და აშკარა უსამართლობაა, იქ სამართლიანობის პოვნა ყველასათვის ადვილია. იქ ბევრი თავისტეხა არ უნდა, რომ კაცმა მართალი იპოვოს, და იმ მართლის კვალობაზედ ყველას თავისი მიუწყას. სულ სხვა ამბავია, როცა, საუბედუროდ, ერთს ხელში მიწაა და მეორეში შრომა, განცალკევებული, განთვითეულებული, და როცა ამ სამწუხარო ყოფას ერთი მეორისაკენ მიუზიდნია და ამ სახით შეუქმნია დამოკიდებულება. აქ, თუ გნებავთ, უსამართლობა თვით სათავეშივეა.
ხოლო ამაზედ ჩვენ სხვადასხვა მიზეზების გამო არა გვეთქმის-რა, ბევრიც რომ გვინდოდეს.
რაკი საკუთრება მიწისა ხელშეუხებელ კუთვნილებად, და მუშაკის მარჯვენა თავისუფლად არის აღიარებული კანონის მიერ, აქ დამოკიდებულება მუშისა მიწაზედ და მიწისა მუშაზედ სხვა თვალით უნდა გაისინჯოს და გამოძიებულ იქმნას. ერთს წაართვი და მეორეს მიეცი, ეგ, ჩვენის ფიქრით, წყლულს ვერ გაამრთელებს. ხიზნების საქმე, — იმ გარემოებიდამ წარმომდგარი, რომ ერთს მიწა ჰქონია უხელოდ და მეორეს ხელი უმიწოდ, — ბატონ-ყმობის საქმე ხომ არ არის, რომ ერთხელ გადაწყვეტილი და მორჩომილი მეორედ აღარ წარმოსდგეს და აღარ მობრუნდეს. ვიდრე კანონი იმ თვალით უყურებს მიწას, როგორც დღეს, და ვიდრე
ქვეყანაზედ კაცი სცხოვრებს, ბევრი იქნება ერთის მხრით უმამულო კაცი, რომელსაც შრომა უნდა და საშრომი მიწა არ ექნება, და მეორეს მხრით უხელო კაცი, რომელსაც მამული აქვს და მშრომელი კი არ ეყოლება. დროთა განმავლობაში, თუ გარემოება ხელს უწყობს, ხალხი მატულობს, და ამას აუცილებლად ის მოსდევს, რომ, დღეს არა ხვალე, ისევ იმ ყოფაშივე ჩავცვივით უმამულო კაცის გამო, რომლიდამაც დღეს გამოსვლა გვინდა. ვსთქვათ, მაშინაც დავუჯერეთ „კავკაზ“-ს, და თუ ვისმე მამულში უმამულო კაცს მოვასწარით, მამული მემამულეს წავართვით და უმამულოს მივეცით. მას მერმეთაც ხომ ისევ იმ გაჭირვებას შეგვახლის დროთა მდინარეობა! მაშინ რაღა ვქნათ? კიდევ წავართოთ? ეგრე რომ ვიაროთ,დღევანდელ მემამულეს ხომ სულ ჩამოეცლება მამული, და ეხლა ის გაგვიხდება თავში საცემი და ხიზანსავით დასაბინავებელი. ნუთუ ეგრე ციბრუტივით ტრიალი სასურველია შორმჭვრეტელის კანონმდებელისათვის! არა გვგონია.
რაკი, სამწუხაროდ ჩვენდა, მიწა და ხელი განცალკევებულია, და რაკი ესეც ვიცით, რომ ამასთან ერთად მუდამ იქნება მიწის ამღები მუშა და მიწის გამცემი პატრონი, ჩვენ იმას ვამბობთ, რომ იმისთანა წესი ჩამოვარდეს მუშისა და მიწის პატრონის შუა, რომელიც ამ მიწისა და ხელის განცალკევების ბოროტს უფრო ნაკლებ აგრძნობინებდეს. ჩვენის ფიქრით, ამისთანა წესი ხიზნების წესია. ერთს ადგილას ჩვენ ამიტომა ვსთქვით, რომ კაცობრიობამ ამაზედ უკეთესი წესი ვერ მოიგონა, როცა მიწისა და ხელის განცალკევებამ საქმე გაამწვავა და ტკივილი თვისი კანონს წინ დაუყენა მოსარჩენად.
ამაზედ პატივცემულმა „კავკაზ“-მა თითქმის სასაცილოდ აგვიგდო. ჩვენა ვსთქვით, რომ რაკი საქმე ისეა მოწყობილი, რომ სხვისა მიწის ხმარებაზეა მივარდნილი, ხიზნობაზედ უკეთესი წესი სხვისა მიწის ხმარებისა სხვა არა არის-რაო. „კავკაზ“-ს ეს ჩვენი აზრი, მარტო სხვისა მიწის ხმარებაზედ გამოთქმული, გონების თვალიდამ მოსხლეტია და იძახის: იმას რა სჯობია, რომ მუშა თითონ იყოს პატრონი თავის მიწისაო. ჩვენც ვიცით, რომ არა სჯობია-რა, მხოლოდ ეს რა სიტყვის შემობრუნებაა მაშინ, როდესაც ჩვენ ამ მთისას ვლაპარაკობთ და ის- კი იმ მთისას გვეუბნება? ვსთქვათ, დავუჯერეთ კიდეც „კავკაზ“-ს და დღევანდელი ხიზნები მის სურვილისამებრ დავაბინავეთ. ამით მოისპობა განა მიწის მთხოვნელი უმამულო კაცი, რომელიც ხვალვე კარზედ მოგვადგება! განა ამით დაიშრიტება და მოსწყდება იგი წყარო, რომელიც აჩენს უმამულო კაცს! ხალხი დღედადღე მატულობს, მიწა კი, რაც არის ღვთისაგან გაჩენილი, იმაზედ მეტს არც იმატებს და არც იკლებს. ეს გარემოება განა ყოველდღე არ მოქმედობს და ყოველდღე არა ჰბადავს უმამულო კაცსა, რომელსაც თავის ადგილას აღარ ედგომილება სივიწროვისაგან და სხვაგან უნდა მონახოს საცხოვრებელი მიწა, თუკი იშოვება. ეს ხომ სადღეხვალიო საქმეა და მაშინ რაღას უპირობს „კავკაზ“-ი უმამულო კაცებს? ეს აუცილებელი გარემოება რომ არ ასცილებოდა „კავკაზ“-ს და არ გამოჰპარვოდა, სიცილს ცოტაოდნად მოერიდებოდა, და მაშინ მიხვდებოდა, რომ ამისთანა შემთხვევაში ხიზნობა უკეთესი საფარველია სხვა ყოველგვარ სხვისა მიწის ხმარების წესზედა. თუ ეს მართალი არ არის, ვსთხოვთ პატივცემულს გაზეთს, გვიჩვენოს: ეგულება სადმე ქვეყნიერობაზედ სხვისა მიწის ხმარების წესი უკეთესი მასზედ, რასაც ჩვენ ხიზნობას ვეძახით ვეძახით, რასაც ჩვენში
არ დასცალდა თვისთა მიდრეკილებისა და ბუნებისამებრ დამთავრებულიყო, და რაც შესაძლოა ჯეროვანად დღეს დამთავრდეს. ამ საქმის ისე გადაწყვეტა, როგორც ბატონ-ყმობის საქმე გადაწყდა, ჩვენის ფიქრით, ჯერ უმამულო კაცის დაღუპვაა და მერმე ეკონომიურის ცხოვრების უკეთესის კვალიდამ უარესში ჩაყენებაა.
ჩვენ ვეცდებით ყოველივე ეს, ჩვენის შეძლებისამებრ, დავუმტკიცოთ პატივცემულს „კავკაზ“- ს და ამასთან ერთად იმაშიაც დავარწმუნოთ, რომ მისი სიცილი წინასწარია და ადრეული.
ჯერ, მინამ „კავკაზ“-ის გადაწყვეტილს განაჩენს გავარჩევდეთ, ჩვენ საჭიროდ ვხადით ავხსნათ და გამოვიძიოთ, ჩვენის შეძლებისამებრ, თვით არსება და ბუნება ხიზნობისა.
ხიზნების საქმე.
ნარკვევი მეორე
I
ჩვენ ერთხელაც გვითქვამს და ეხლაც ვიმეორებთ, რომ ხიზნობის საქმე მძიმე საქმეა თავისის მნიშვნელობით და მწვავია თავისის ინტერესით, იმიტომ რომ ასე თუ ისე იგი შეეხება იმ ნაწილებს რჯულიერებისას, რომელთაგანაც შემდგარია რჯულიერება საკუთრებისა. ამიტომაც საჭიროა, ჯერ განსაზღვრულ და დადგენილ იქნან იგი სახელმძღვანელო დედააზრნი, რომელთაც უნდა უსათუოდ ექვემდებარებოდეს თვით განაჩენი ხიზანობის საქმისა, მერე წინათდანახული იყოს ყველა მრავალგვარი წვლილიცა, რომელიც აუცილებლად თან სდევს ამისთანა რთულს საქმეს. უამისოდ, აზრების ერთმანეთში არევ- დარევა, მოუთავსებლობა, დაწეწვა და უთანხმოება აუცილებელია. ამ აუცილებელის გარემოების შედეგი კიდევ ის არის, რომ თითონ განაჩენი, ანუ, უკეთ ვსთქვათ, კანონი, სრული არ არის ხოლმე, ბნელია, ერთი ცალკე მუხლი მისი მეორეს არ უდგება, არ უხდება, არ ეთანხმება. აქედამ იბადება გაუგებრობა კანონისა, დავიდარაბა, ერთნაირად შემაწუხებელი და მავნებელი როგორც სახელმწიფო მმართველობისათვის, ისეც ცალკე კაცის საკუთარ ინტერესებისათვის.
ამ სახელმძღვანელო დედააზრთა განსაზღვრისა და დადგენისათვის საჭიროა ყველაზედ უწინარეს ახსნილ იყოს საგანი თვით საკუთრების რჯულიერებისა*.
საკუთრებას ორი ნაწილი შეადგენს: ერთი — პირადი, მეორე — ზოგადი. რადგანაც იგი არსებობს არა მარტო ცალკე კაცის სარგებლობისათვის, რომ ნაამაგარი მისის შრომისა მასვე მოახმაროს, არამედ საზოგადოების სარგებლობისათვისაც, რომ შესაძლოდ და დღეგრძელად ჰქმნას არსებობა თვით საზოგადოებისა. ერთიცა და მეორე ნაწილიც ცოტად თუ ბევრად თვის საბუთსა ჰპოულობს იმაში, რომ თვით ადამიანიც ბუნებითად ორს მხარეს წარმოადგენს. ერთის მხრით იგი ცალკე სულიერია, რომელსაც თვისი პირადი, საკუთარი საგანი აქვს ცხოვრებისა და სხვაზედ დამოუკიდებლად მიეზიდება ამ საგნისაკენ, და მეორეს მხრით ზოგადი სულიერია, რომელიც მრავალგვარად გადაბმულია, დამოკიდებულია სხვა თვის მსგავს სულიერებზედ იმ აუცილებელ საჭიროების გამო, რომ მარტოდ ცხოვრება ბუნებითად არ უწერია და უნდა უსათუოდ სცხოვრებდეს თვისთა მსგავსთა შორის.
რომელი ერიც გინდა აიღოთ მთელს ქვეყნიერობაზედ, ჰნახავთ, რომ ყველა ერის ეკონომიური ცხოვრება იმის ბრძოლაში დალეულა და ილევა დღესაც, რომ ან ერთი ნაწილი საკუთრებისა აუფლოს ქვეყანაზედ, და ან მეორე. მთელი არსება მიწათმფლობელობის საქმისა, რომელიც შეადგენს დღევანდელს ტკივილს ყველა ერისას და ყველა სახელმწიფოებისას, იმაში მდგომარეობს თუ, — რომელი ნაწილი საკუთრებისა გაძლიერდეს და გაუფლდეს კაცთა ეკონომიურს ცხოვრებაში: პირადი თუ ზოგადი. ეს ორი ელემენტი იბრძვის დღეს ქვეყნიერობაზედ და ეგრეთწოდებული საადგილ-მამულო, სამიწაწყლო საქმე (аграрный вопрос) მარტო ეგ ორთა-შუა ბრძოლაა და სხვა არა-რა.
II
საჭირო არ არის კაცი საისტორიო გამოძიებათა ბარდებში გაებას იმ უცილობელის და ყველასაგან ცნობილ ამბის დასამტკიცებლად. რომ პირველყოფილ დროს, როცა თავდაპირველ დაეწყვნენ კაცთა საზოგადოებანი, ზოგადს ელემენტს საკუთრებისას, თუ არ განსაკუთრებით, გადაჭარბებით მაინც, მეტი და უპირატესი ადგილი ეჭირა კაცთა ცხოვრებაში. სხვადასხვა საეკონომიო და საპოლიტიკო თვისების მიზეზთა გამო, მაგ ზოგადმა ელემენტმა საკუთრებისამ თანდათან გზა დაუთმო პირადსა, და პირადის ელემენტის გამარჯვება მთლად და უნაკლოდ გამოისახა მთელის თავისის სასტიკობითა ფეოდალობაში, რომელმაც შემოიტანა ბატონ-ყმობა, ესე იგი იმისთანა წყობა, რომელიც მარტო უფლებაა უმოვალეობო, უსაზღვრო, პირობადაუდებელი, და რომელსაც სხვა საგანი არა ჰქონდა-რა, გარდა ცალკე კაცის პირადის კეთილდღეობისა.
საზღვარდაუდებელმა უფლებამ საკუთრების პირადის ელემენტისამ მოუყარა თავი მამულებს კერძო კაცთა ხელში ცალ-ცალკე, განაშორა მუშახელი სამოქმედო საგანს — მიწასა, განაცალკევა მუშა და სამუშაო საგანი. მაგ განშორებამ და განცალკევებამ დიდად შეარყია და შეშალა ბუნებრივი მდინარეობა ეკონომიურის ცხოვრებისა, იმიტომ რომ, ერთ მხრივ დარჩა მუშახელი უმიწოდ და მეორე მხრივ — მიწა უმუშახელოდ.
აი სწორედ ამ გარემოებამ, ამ მდგომარეობამ შეახვედრა ერთმანეთს მამულის პატრონი და მუშაკი, მიწათმფლობელი და მიწათმომქმედი. აი სწორედ ამ გარემოებამ იძულებულ ჰყო მიწათ-პატრონი და მუშაკაცი ერთმანეთს შეჰყროდნენ და მოჰრიგებოდნენ, ერთს ის მიეცა მეორისათვის, რაც თითონ არა ჰქონდა, თორემ მიწაც უქმად დარჩებოდა და ხელიცა. თქმა არ უნდა, თითონ მორიგება შესაძლო იყო მარტო იმ პირობით, რომ საკუთრების კერძო, პირადს ელემენტს დაეთმო რამ ზოგად ელემენტისათვის.
სწორედ ამაში აქვს დასაწყისი ყოველგვარს სახეს სხვისა მიწის ხმარებისას მთელს ქვეყნიერობაზედ. ამაშივეა სათავეც და დასაწყისი ხიზნობისა ჩვენში. ხიზნობაში, რომელიც სხვა არა არის-რა გარდა იმისა, რომ ერთგვარი სახეა სხვისა მიწის ხმარებისა, გაძლიერება საკუთრების ზოგადის ელემენტისა მეტად ცხადად და თვალსაჩინოდ გამოითქვა. ამ სახით, თუ გადამეტებული გაუფლება საკუთრების პირადის ელემენტისა გამოისახა ბატონ-ყმობაში, ზოგადმა ელემენტმა თვისი ადგილი და ბინა მოიპოვა ხიზნობაში, როგორც ამას მერე ვნახავთ.
რომ ხიზნობის დასაწყისი და სათავე ეს არის და არა რაღაც ჭირი და შიმშილი, როგორც ზოგიერთს ჰგონია, ამას გვემოწმება ისტორია მთელის კაცობრიობისა. ესე ყოფილა ყველგან და ესე იყო ჩვენშიაც. ამას იმიტომ ვამბობთ, რომ იგი ერთგვარი წესი სხვისა მიწის ხმარებისა, რომელსაც ჩვენ ხიზნობას ვეძახით, მარტო ჩვენში არ არის: იგი ყველგან არის, ყველგან დღესაც არსებობს, განსხვავება მხოლოდ სახელებშია და ზოგიერთ წვრილმანებში; ხოლო ბუნება და არსება კი ყველგან ერთი და იგივეა, როგორც ამას შემდეგში ვნახავთ.
III
ჩვენ წინა წერილში სხვა ქვეყნების ისტორია ვიმოწმეთ, რომ ყოველგვარი წესი სხვისა მიწის ხმარებისა საზოგადოდ და საკუთრივ წესი ხიზნობისა — წარმომდგარია მიწისა და მუშახელის განცალკევებისაგან. ჩვენ ესეცა ვსთქვით, რომ ხიზნობა ისე, როგორც ჩვენშია, სხვაგან ყოფილა და დღესაც არის მცირეოდენის განსხვავებით, და ამიტომაც სხვისა ქვეყნის ისტორია ამ საქმისა უტყუარი მოწმე უნდა იყოს ჩვენის ხიზნობისაცა. ჩვენში ხშირად იციან, რომ როცა ჩვენის ცხოვრების რომელსამე ვითარებას სხვისის ისტორიით ვხსნით, არა ჰხედვენ იმისთანა მოვლენას, რომელსაც საერთო კაცობრიობის თვისება და ხასიათი აქვს და თავის გასამართლებლად იძახიან ხოლმე, ან ჩვენს ცხოვრებას, ან ჩვენს ისტორიას საერთო რა აქვს დანარჩენ ქვეყნიერობის ცხოვრებასა და ისტორიასთან, რომ ამა და ამ ვითარებასა ჰქონდესო. რომ ასე უსამართლოდ და სუბუქად არ მოიწიონ ზემოთქმულის აზრების დასარღვევად, ჩვენ მოვიყვანთ მოწმად ლაველეს, ამისთანებში მთელს ევროპაში განთქმულს მეცნიერს, რომელიც ამის საბუთად, რომ მიწის-მფლობელობის საქმე ყველგან ერთნაირად წამართულია, ამბობს:
„ჩვენ ხშირად გაუკვირვებივართ ერთს ამბავს. რომელიმე ჩვეულებანი, რომელიმე წესნი, მუდამ წარმოდგენილნი გვქონდა ვითომც ერთის რომელისამე ერის კუთვნილებანი არიან, მაშინ როდესაც იგივე ჩვეულებანი, იგივე წესნი ჰქონიათ ბევრს სხვა ერსაცა, და ეკუთვნიან იმ ჩვეულებათა რიცხვს, რომელნიც ყოველს ადგილას ყოფილან და რომელთ ზედმოქმედების ქვეშაც მთელს კაცობრიობას გამოუვლია თავისის წარმატების და ცივილიზაციის მძიმე გზა“.
პირველხარისხოვანი მეცნიერი ევროპისა ჰენრიხ მენი, გვირჩევს რა, რჯულიერების სათავის ასახსნელად ვიხმაროთ მეთოდი შედარებითის ისტორიულის გამოკვლევისა, ამბობს:
„მაშინ ცხადი იქნებოდა, რომ რჯული, კანონი, ადამიანის თვითნებობისაგან კი არ არის წარმომდგარი, არამედ რომელთამე ეკონომიურ მოთხოვნილებათაგან ერთის მხრით, და მეორე მხრით იმ სიმართლის მცნებისაგან, რომელიც წარმომდინარეობს ზნეობრივსა და რელიგიურის გრძნობისაგან. ეგ მოთხოვნილებანი, ეგ იდეები, ეგ გრძნობანი — ყველგან ერთი და იგივენი იყვნენ და ერთნაირად მოქმედობდნენ ყველა საზოგადოებაზედ მის განვითარების რომელსამე ხანაში. ხოლო არა ყველა ერი მიდიოდა ერთისა და იმავე ბიჯით განვითარების გზაზედ“.
ამ სახით, არავინ არ უნდა გაიკვირვოს, რომ ერთი და იგივე წესი მიწათმფლობელობისა, თუ ხმარებისა, მოიპოვებოდეს ერთმანეთზედ ძლიერ დაშორებულ ქვეყნებშიაც ერთისა და იმავე სახით, ერთისა და იმავე ბუნებითა. რომ ჩვენი ხიზნობაც არ არის იმისთანა განსაკუთრებული მოვლენა, რომელიც მარტო საქართველოს ერს ეკუთვნის და სხვაგან არ მოიძევება, მტკიცდება იმითი, რომ იგი ყველგან არის, თუმცა სხვადასხვა სახელითა, მაგრამ ბუნებითად, არსებითად კი ისეთის მსგავსებითა, რომ კაცს აკვირვებს. იგი გვარი სხვისა მიწის ხმარებისა, რომელსაც ჩვენს ხიზნობას ვეძახით, არის გერმანიაში და ჰქვიან ერბრახტი,ჰოლანდიაში ჰქვიან ბეკლემრეხტი, საფრანგეთში სხვადასხვა ადგილას სხვადასხვა სახელი ჰქვიან, მაგალითებრ: ბრეტანში — ქვევეს, სხვაგან — დომენ კონჟეაბლ, იტალიაში — ლიველლო, პორტუგალიაში — აფორამენტო, ინგლისში — ოლსტერის ჩვეულება, რუსეთში — ჩინში.
სრული, დამთავრებული სახე ხიზნობისა პორტუგალიის აფორამენტოა და უფრო ჰოლანდიის ბეკლემრეხტი. სხვები კი, და მათ შორის ჩვენებური ხიზნობაც, იმავ მიზეზით წარმომდგარი, იმავ ბუნებით აგებული, იმავ გზაზედ მიმდინარი, ერთმანეთში იმით სხვადასხვაობენ, რომ თავის განვითარების გზაზედ ზოგს ნელის ბიჯით უვლია და ბოლომდე ჯერ ვერ მიუღწევია, ზოგი თითქო შუა გზაზედ შემდგარა, ზოგს სხვადასხვა ისტორიული გარემოება გადაჰღობებია. ერთის სიტყვით ამ სხვადასხვასახელებიან ხიზნობათა შორის იგივე განსხვავებაა, რაც მოზარდსა და დავაჟკაცებულ ადამიანთა შორის: მოზარდი აგებულებით, ტანით, ხელით, ფეხით, იგივე ადამიანია, ხოლო განსხვავება იმაშია, რომ ერთი დამთავრებულია და სრული, მეორე ჯერ კიდევ გაზრდის გზაზეა. სწორედ ამ
გაზრდის გზაზე მოასწრო დღევანდელმა დღემ ჩვენ ხიზნობასა, თუ ჰოლანდიის ბეკლემრეხტთან შევადარებთ. მერე ვნახავთ, ეს გზა საით არის მიმართული.
IV
მეცნიერთაგან გამოძიებულია, რა ხნიდამ ჩამოვარდა იგი წესი სხვისა მიწის ხმარებისა, რომელსაც სხვადასხვა ადგილებში სხვადასხვა სახელები ჰქვიან და ჩვენში-კი — ხიზნობა. დასაბამი საშუალ-საუკუნოებია, როცა მონასტრებმა და სხვილმა მებატონეებმა დიდძალი მიწა-წყალი ასე თუ ისე ხელში მოიგდეს. რადგანაც მაშინ მიწას დიდი ფასი არა ჰქონდა, ბერები ადვილად უთმობდნენ მონასრის მიწებს მიწათმომქმედებსა სახმარად, აძლევდნენ დასაბინავებელს ადგილს, სახნავ-სათესს, ტყეს და საძოვარს იმ პირობით-კი, რომ მონასტრებისათვის მორიგებული სამსახური გაეწიათ და ღალა ეძლიათ. ამნაირად მონასტრებს ყოველწლივ ცოტა თუ ბევრი შემოსავალი ჰქონდათ იმ მიწა-წყლისაგან, რომელნიც უამისოდ არას იძლეოდნენ და, უხელოდ დარჩენილნი, მუქთად ეყარნენ. სხვილთა მემამულეთაც ამავე სახით დაასახლეს თავისი უკაცო მამულები და მონასტრის პირობანივე დაუდვეს მიწათმომქმედთა. „სჩანსო, — ამბობს ერთი მეცნიერი**, — რომ ამ შემთხვევაში მამულის პატრონებმა შეირჩინეს ნება ადგილიდამ დათხოვნისა, მიწა-წყლის ჩამორთმევისა ათს წელიწადში ერთხელ. გარნა ამ ნებას ვერ ამოქმედებდნენო, რადგანაც ჯერ შენობის ფასი უნდა ეზღოთ დათხოვნილისათვის, და მერე ძნელი საშოვარი იყო სხვა კაცი, რომ მიწები აეღო სახმარადაო“.
ამ სახით, ესე გაცემა მიწებისა ჩვეულებად გადიქცა და მონასტრები და სხვილი მემამულენი ამ ჩვეულების ძალით რჩებოდნენ რასმე თავის უქმად და უკაცოდ დარჩენილს მამულებსა. რადგანაც მამულის ამღები კაცი ძნელად საშოვარი იყო და მემამულისათვის არ იყო სახეირო უქმად გდება მიწებისა, თქმა არ უნდა, ეს გარემოება ცილობას შეჰქმნიდა. ცილობა რაში უნდა გამოთქმულიყო? იმაში, რომ ერთს მეორეზედ უფრო მეტი შეღავათი უნდა მიეცა მიწათმომქმედისათვის, უკეთესი პირობა აღეთქვა, რომ მიწათმომქმედნი თავისაკენ მოეზიდნა. ამის გამო ვხედავთ, რომ სხვისა მიწის ხმარება, ჯერ დროებითად დადგენილი,თანდათან უფრო გახანიერდა და XVI საუკუნის არეულ-დარეულს დროს სამკვიდროდ და საშვილიშვილოდ გადიქცა. ამ გზაზედ ერთხელ შემდგარმა იარა, იარა ჩ ვ ე უ ლ ე ბ ი ს საფარველ-ქვეშ, შეღავათი და უფრო და უფრო მიწათმომქმედისათვის სახეირო პირობანი უმატა, და ბოლოს ხომ თავისი სრული, დამთავრებული სახე მიიღო და ჰოლანდიის ბეკლემრეხტად გადიქცა. აი დასაწყისი და ბოლო ხიზნობისა.
ახლა ვიკითხოთ, რა არის ბეკლემრეხტი, რომელსაც ჩვენ დავარქვით დამთავრებული სახე ხიზნობისა?
იგია მფლობელობა სხვისა მიწისა იმ პირობით, რომ მფლობელმა მიწის პატრონს აძლიოს ყოველწლიური ღალა, ანუ იჯარა, რომლის მომატებაც მიწის პატრონს არ შეუძლიან. ეგ მფლობელობა გადადის ერთიდამ მეორეზედ მემკვიდრეობით. ამისთანა მფლობელობის პატრონს, ბეკლემ-მეიერს, შეუძლიან თავისი მფლობელობა გადასცეს ვისმე ანდერძითა, თუნდ გაჰყიდოს, გააქირავოს, დააგირავოს კიდეც მიწის პატრონის დაუკითხავად. ერთი ეს კია, რომ როცა მაგგვარი მფლობელობა ან მემკვიდრეობით, ან გასყიდვით ერთიდამ მეორეზე გადადის, მიწის პატრონს უნდა მიეცეს მთელის ერთისა თუ ორის წლის ღალა, იჯარა. შენობანი, რაც კია სახიზნო მამულში, სულ ხიზნისა, ანუ, როგორც იქ ეძახიან, ბეკლემ- მეირისა არის; თუ რაიმე მიზეზით ხიზნობა მისი მოისპო და გაუქმდა, მიწის პატრონმა უნდა იმ შენობის ფასი მისცეს.
ეს ასეთი მფლობელობა სხვისა მიწისა, ჩვეულების წყალობით დადგენილი, ჩვეულების საფარველ-ქვეშ გაზრდილი და შენახული, ამ ბოლოს ხანებში ძლივ-ძლივს შეიწყნარა კანონმა და დღეს რჯულად არის დადებული ჰოლანდიაში.
იტალიაში, როშერის სიტყვით, ხიზნობის მსგავსის წესით ხმარება, ანუ მფლობელობა სხვის მიწისა, რომის რჯულიერებიდამ გადმოვიდა. გაცემა მამულებისა ამ სახით იხსენება სიგელებში VI საუკუნედამ დაწყებული XIII საუკუნემდე. მიწები, რომელნიც ჯერ გაუტეხელნი და უქმად იყვნენ უკაცობით და უხელობით, პატრონებს მეტი სხვა რა გზა ჰქონდათ, არ გაეცათ, რომ რაიმე გამორჩომა ჰქონოდათ. რადგანაც თითონ მამულებს ვერ აუვიდოდნენ და კაციც ძნელი საშოვარი იყო. რა თქმა უნდა, მიწის ამღებისათვის კაი პირობა უნდა დაედვათ, რომ მოებირათ და თითონაც მამულიდამ შემოსავალი შემოსვლოდათ. აქედამ წარმომდგარი წესი მიწის გამცემისათვისაც და ამღებისათვისაც სასარგებლო იყოო, ამბობს როშერი, და ამიტომაც საკვირველი არ არისო, რომ საშუალ-საუკუნოებში სხვილი მემამულეები, რომელთაც არც ფული ჰქონდათ მამულის საკეთებლად და კაციც ძნელად ეშოვებოდათ, ამ გზით შეუდგნენ მამულის გამოყენებას, რომ რაიმე ხეირი ენახათ. იტალიაში თავდაპირველიდამვე მიწის გაცემა და აღება წილზედ იყო. და გარდა ამისა, ზოგიერთი სხვა სამსახურიც ედვა ამ ჩვეულების ძალით სხვისა მიწისმფლობელსა. რადგანაც მამულიდამ აყრას ერთხელ დასახელებულის ხიზნისას ძნელად ჰბედავდნენ შიშით, რომ წავა და სხვას ვეღარ ვიშოვიო, და რაც შემოდიოდა, იმასაც დავკარგავო, ამიტომაც ამგვარი აღებ-მიცემა მიწისა უფრო-და-უფრო გახანიერდა და ვადადაუდებელ მიწისმფლობელობად გადიქცა და ერთხელ გარიგებული ღალა და სამსახური ერთს ჭდეზედ დადგა. ეს პირობანი მამიდამ შვილზედ უცვლელად და ხელუხლებლად გადადიოდა, ასე რომ მამულის პატრონს ნება არა ჰქონდა შეეცვალა რამ, რადგანაც ჩვეულებად გარდაქმნილი წესი ჩვეულებამვე მიიღო თავის მფარველობის ქვეშ და გულმოდგინებით ჰპატრონობდა.
ამ სახით, იტალიაში ეს წესი, რომელიც ვიმეორებთ — მარტო ჩვეულების ძალით არსებობდა, ყველგან იყო გავრცელებული საშუალო საუკუნოებში. ეხლა კი მარტო პიემონტისა, ტოსკანასა და ლომბარდიაშიღა არის და სხვაგან კი თანდათან ისპობა. ჯერ კიდევ 1861 წელს იტალიაში, საცა 1.264.753 გლეხი-მოსაკუთრე ითვლებოდა, გლეხი-ხიზანი თითქმის მაგოდენივე იყო, სახელდობრ, 1.248.286. ხსენებული წესი ეხლა თანდათან ისპობა იტალიაში, იმიტომ კი არა, რომ ბუნებითად გამოუსადეგარი და უგვანი რამ წესი იყო, არამედ იმიტომ, რომ იტალიაში, როგორც ბევრგან სხვაგან, რჯულმა, კანონმა მხარი არ მისცა, მფარველობა არ გაუწია წესსა, რომელიც თვით ცხოვრებამ გააჩინა, ჩვეულებად აქცია და ჩვეულებამ გაავრცელა და პატრონობა გაუწია რამდენიმე საუკუნე იმ წყლულის ცოტად თუ ბევრად გასამრთელებლად, რაიც მიწისა და ხელის განცალკევებამ დიდ მუწუკად აუჩინა კაცთა საზოგადოებრივს ტანსა. არ მისცა მხარი და მფარველობა არ გაუწია ჯერ იმიტომ, რომ რჯულსა, კანონს, პირად საკუთრების ხელშეუხებლობაზედ აგებულს, როგორღაც თვალში არ მოსდის და ეხამუშება ვადადაუდებელი ხმარება სხვის მიწისა, ერთისა და იმავე ღალითა; და მეორე იმიტომ, რომ ხელშეუხებლობა პირადის საკუთრებისა — მართლა, თუ ტყუილად — მერმისის ქვაკუთხედად აღიარებულია, და ყოველს, რაც ჰზღუდავს და ჰხუთავს ამ ხელშეუხებლობას, რჯული ძნელად იშვნევს, ძნელად იწყნარებს. ამიტომაც ვსთქვით ჩვენ წინა წერილში, რომ თუ რამ ცუდია დღევანდელ საადგილმამულო მფლობელობის აგებულებაში, ეგ ცუდი სათავეშივე უნდა მოიჩხრიკოს.
ამგვარი წესი ჩრდილო-იტალიიდამ საფრანგეთშიაც გადავიდა. აქაც, იტალიისამებრ, მიწის აღებ-მიცემა წილზედ არის და არა მახტაზედ. ეგ წილი ზოგან ნახევარია, ზოგან მესამედი და ზოგან სხვა. ზოგან ჭერა მიწისა ვადით არის, უფრო ხშირად სამის წლითა. ზოგან კი საშვილიშვილოდ არის, და ამას გარდა ზედვე აღებულს მამულზედ დასახლებულნი არიან, სახელდობრ, ბრეტანში, საცა ამგვარ მფლობელობას მიწისას ქვევესს ეძახიან და ზოგან — დომენ კონჟეაბლს. ეს ქვევესი, თუ დომენ კონჟეაბლი, იმაში მდგომარეობს, რომ მიწის მხმარებელს ბინა აქვს გაკეთებული შიგ აღებულ მამულში, მამულის პატრონს ღალასა და ხარჯს აძლევს, და ესე დგას და ხმარობს სხვის მამულს ვადადაუდებლად, მხოლოდ მემამულეს ნება აქვს, როცა უნდა, მამულიდამ აჰყაროს, იმ პირობით კი, რომ საზღაური გადაუხადოს ხიზანს, თუ რამ საკუთარი შენობა აქვს, ან რაიმე განკარგება მოუხდენია, და გადუხადოს იმ ზომით, რასაც მედიატორები იტყვიან. ესეთი ჩვეულებაა ბრეტანში და განსაკუთრებით მიღებულია შემდეგს თემებში: როგანსა, ლეონსა, კორნუაილსა, ბრუერეკსა და ტრეგიეში.
ჩვენ აღარ გამოვუდგებით სხვა ქვეყნების ამბავს, გვეშინიან — მეტად არ გაგვიგრძელდეს სიტყვა. არც საჭიროა: რუსეთის ჩინში, გერმანიის ერბრახტი, ინგლისის ოლსტერის ჩვეულება, პორტუგალიის აფორამენტო და ყველა ამგვარნი მფლობელობანი სხვისა მიწისა, ერთს ნერგზედ ამოსულნი და ერთისა და იმავე ბუნებისანი არიან. განსხვავება მხოლოდ იმაშია, რომ ზოგი პირველყოფილ სახეს ამგვარ მფლობელობისას შორს არ წასვლია, ზოგი მიდის, ჯერ კიდევ იხსნება და იშლება, როგორც კვირტიდამ ყვავილი, ზოგი სრულიად გადიხსნა და გადიშალა კიდეც. ამ სახით, ზოგი დასაწყისზეა ახლო, ზოგი მიახლოებულია სრულს სახესა.
რაცა ვსთქვით იტალიასა, საფრანგეთსა და ჰოლანდიაზედ, იქიდამ, გვგონია, საკმაოდ ცხადადა სჩანს დასაწყისი, შუატანი და დამთავრებული სახე იმგვარ მიწათმფლობელობისა, რომელსაც ჩვენში ხიზნობას ვეძახით. ეს სამი ჰასაკი — თუ ესე ითქმის — ამგვარ მიწათმფლობელობისა საკმაოა, ჩვენის ფიქრით, რომ უტყუარად შევატყოთ, რის მომასწავებელია ეგგვარი მფლობელობა მიწისა, რა გზას ადგია, საით მიეზიდება, რარიგად იყრის ტანსა და რარიგად აიყარა ტანი, როცა დამთავრებულად წარმოგვიდგა ჰოლანდიაში ბეკლემრეხტის სახითა. ეხლა ადვილად შეგვიძლიან მოვუჩხრიკოთ ბუნება, მივუხვდეთ მიმართულებას მისის მსვლელობისას და წინ გამოვისახოთ მისი სრული სახე.
VI
წინა წერილებიდამ სჩანს, რომ იმგვარი მფლობელობა და ხმარება მიწისა, რომელსაც ჩვენში ხიზნობა ჰქვიან, წარმოსდგა ერთის მხრით იქიდამ, რომ მიწას ხელი არა ჰყვანდა საკეთებლად, და მეორეს მხრით — ხელს მიწა არა ჰქონდა. მაშასადამე, ყოვლთ უწინარეს, ხიზნობა იმისთანა აგებულებაა, რომელმაც შეაზავა და ერთად შეჰყარა მიწა და ხელი, დროთა ვითარებისა გამო განცალკევებული და ერთმანეთს მოშორებული. რა გზით მოხდა ეს? თქმა არ უნდა, რომ კეთილნებობის მორიგებითა, რომელიც ორისავე მხარესათვის უსათუოდ სახეირო უნდა ყოფილიყო. იმიტომ, რომ ერთის მხრით მემამულეს თავისუფალ კაცთან ჰქონდა საქმე, და თავისუფალს კაცს ძალად ვერ მოათრევდა და ვერ დაასახლებდა მამულზედ; მეორეს მხრით, თავისუფალს კაცს — ხელშეუხებელ საკუთრებასთან, რომელსაც ძალად ვერ შეუვარდებოდა და ვერ დაიჭერდა. ამ გარემოებაში, უეჭველია, ერთი მეორესაკენ მიიზიდებოდა უსათუოდ ეკონომიურის ანგარიშითა: სახეიროა — გაძლევ მამულს, სახეიროა — ვიღებ მამულსა. ამის გარეთ მორიგება შეუძლებელია ამისთანა შემთხვევაში.
რომ იძახიან, ჭირმა და შიმშილმა ჩამოაგდო საქართველოში ხიზნობაო, ეგ მტკნარი ტყუილია. გარდა ისტორიულ მოწმობისა, რომელიც ჩვენ წინათ მოვიხსენიეთ, ერთი თვალსაჩინო და უცილობელი საბუთიც სხვა გვაქვს ჩვენის აზრის დასამტკიცებლად. მთავრობისაგან ჩვენში შეკრებილ ცნობებიდამ სჩანს*, რომ დღეს ჩვენში ხიზნად ითვლება სულ 6153 კომლი; ამათ შორის ირიცხება 1468 კომლი იმისთანა ხიზანი, რომელიც 1861 წლიდამ არის დღევანდელ ადგილას ხიზნად დაბინავებული. სად იყო 1861 წლიდამ დღევანდლამდე ან ჭირი, ან შიმშილი? თუ არ იყო, მაშ რამ გააჩინა 1468 კომლი ესე იგი, თითქმის მთელი მეოთხედი რიცხვი მთელის ხიზნობისა? აშკარაა, ჭირი და შიმშილი კი არ არის ხიზნობის სათავე, არამედ ის მუდმივი მიზეზია, რომელიც ჩვენ მოვიყვანეთ. ამის გარეთ ხიზნობის გაჩენას სხვა მიზეზი არ მოეპოვება, იმიტომ რომ არა აქვს.
ამ სახით, იმგვარი მფლობელობა მიწისა, რომელსაც ჩვენ ხიზნობას ვეძახით, არის უხელო მიწის და უმიწო ხელის ერთმანეთთან მორიგება კეთილნებური, ეკონომიურს ანგარიშზედ აშენებული.
ეს ერთი მხარე ხიზნობის ბუნებისა.
აშკარაა, რომ ეს მორიგება მარტო ერთის პირობით იქნებოდა სახარბიელო და ამიტომაც შესაძლებელი: მამულის პატრონი უნდა გამოლოდნებოდა, რომ ერთხელ გადაწყვეტილს და მორიგებულს სამსახურს, თუ ღალას, ხელის პატრონი არ დამაკლებსო, და ხელის პატრონი — ერთხელ მორიგებულს სამსახურს და ღალას მემამულე არ მომიმატებსო. უამისოდ არც მამულის პატრონი გაიმეტებდა მამულს, რომ მასზედ ხელის პატრონი დაბინავებულიყო, დაშენებულიყო და ამ სახით მკვიდრად ჩაედგა ფეხი მამულში, არც ხელის პატრონი გამოიმეტებდა თავსა, რომ ხარჯი გაეწია, ბინა დაედვა სხვის მამულში და ამ გზით ასე თუ ისე დაბმულიყო. ამასთან მიწის გაცემა, თუ აღება, ვადადაუდებელი უნდა ყოფილიყო, რადგანაც უამისოდ ვერც მამულის პატრონი იქნებოდა დაიმედებული, რომ მუდამი შემოსავალი ექნება, და თავდაპირველი წყურვილი-კი ამაშია უხელო მემამულისა, და ვერც ხელის პატრონი — რომ სამუდამო ბინა მექნებაო, რადგანაც ბინას სხვის მამულში იკიდებდა. აქედამ ცხადია, საითკენ არის მიდრეკილი ხიზნობა, რა გზაზედ სდგას და საით მიიზიდება თვისის ბუნებისამებრ. ამ სახით, ხიზნობის მიმართულება იმაში გამოითქვა, რომ ღალა და სამსახური უცვალებელი იყოს. ერთს ჭდეზედ იდგეს და თვით აღებ-მიცემა მიწისა ვადადაუდებელი იქმნას.
ეს მეორე მხარე ხიზნობის ბუნებისა.
VII
ღალისა** და სამსახურის უცვალებლობა მიწისმფლობელობაში შეხუთვაა და შეზღუდვა პირადის ხელშეუხებელის საკუთრებისა და, ცოტად თუ ბევრად, ფეხის წინ წადგმაა, გაძლიერებაა საკუთრების ზოგადის ელემენტისა. ამიტომაც ვსთქვით წინათ, რომ ზოგადმა ელემენტმა საკუთრებისამ ბინა დაიდვა იმგვარ მიწათმფლობელობაში, რომელსაც ჩვენში ხიზნობა ჰქვიან, და ამგვარ მფლობელობას მიწისას შეეკედლა. რადგანაც პოლიტიკური წყობილება ყოველის ერისა უწინ, ნამეტნავად საშუალო საუკუნოებში. საფრანგეთის დიდ რევოლუციამდე და თითქმის 1848 წლამდეცა, — რჯულმდებელობაში მონაწილეობას და ხმას მარტო მამულის პატრონებს აძლევდა. ამიტომაც — რაღა თქმა უნდა — მამულის პატრონებისათვის პირადად სახეირო არ იყო რჯულითა და კანონით ხელი მოეწყო ამისთანა გაძლიერებას საკუთრების ზოგადის ელემენტისას. აი მიზეზი, რის გამოც არც ერთს რჯულდებულებაში — რომელი ერი და ქვეყანაც უნდა აიღოთ — ვერ იპოვნით კანონს, რომ
ეს ღალისა და სამსახურის უცვალებლობა და ერთობ ხიზნობა თავის მფარველობის ქვეშ მიეღოს და რჯულად დაედვას. პირიქით, საცა შემთხვევა მიზეზს აძლევდა, რჯული, კანონი სდევნიდა ხსენებულს მიწათმფლობელობას და ყოველთვის სამართლის სასწორს პირადის საკუთრებისაკენ დაჰხრიდა ხოლმე. ამგვარი მფლობელობა კი, ცხოვრების ვითარებისა და საჭიროების გამო, მაინც არსებობდა და ეს არსებობს დღესაც. მერე რამოდენა ხანია, რაც არსებობს? დასაწყისი მისი, როგორც წინათაცა ვსთქვით, მეცნიერთა აღმოაჩინეს თითქმის ისტორიის საშუალო ხანის პირველ საუკუნოებში. ასეთი ხანგრძლივობა არსებობისა ცხადად გვიმტკიცებს, რომ რჯულსა და კანონს გარეთ დაშთენილს მფლობელობას სხვის მიწისას რაზედმე უნდა ჰქონოდა ფეხი გამაგრებული, რასმე უნდა შეენახა, ეპატრონა, რაიმე უნდა ფარად შეჰქმნოდა. ეს „რაიმე“ ჩვეულებაა, რომელიც ჩვენს საქართველოს ერსა რჯულთ უმტკიცესად მიაჩნია სამართლიანად.
აი მესამე მხარე ხიზნობისა; იგიმფარველობდათავდაპირველსმორიგებას ხელისას და მიწისას, როგორც ჩვენში, ისეც ყველგან სხვაგან; იგი იყო ის დაუწერელი სიგელი, რომლის ძალითაც ერთი მეორეს პირობას უსრულებდა. ამის გამო იგივეა ნიშანი, რომლის მიხედვითაც უნდა განირჩეოდეს ხიზნობა ყოველ სხვაგვარ მიწისმფლობელობისაგან. საცა სხვისა მიწის ხანგრძლივი ხმარება ჩვეულებაზედ არ არის დამყარებული, და სხვა რაზედმეა, მაგალითებრ ქაღალდზედ დაწერილს ხელშეკრულობაზედ, იქ ხიზნობა არ არის.
ჩვეულება ერისათვის იგივ რჯულია, იგივ კანონია, მხოლოდ დაუწერელი კი. ჩვეულებას იგი უპირატესობა აქვს დაწერილს კანონის წინაშე, რომ ყოველთვის ცხოვრების ჭეშმარიტის საჭიროების დანაბადია და ყოველთვის უტყუარი წამალიც არის ამ საჭიროებისა, თუ ყოველს დროს არა, პირველ ხანებში მაინცა. ეს ხომ ასეა, მაგრამ ერთი არსებითი ღირსება დაწერილის კანონისა კი აკლია. დაწერილი კანონი, მარტო იმით, რომ დაწერილია, მინამ არის — ისეა, რომ არას მიიწებებს, არას აიკრავს ზედ, რასაც აჩენს და ჰბადავს ხოლმე ხშირად ხარბი ინტერესი წუთისა. ჩვეულება ამისაგან თავისუფალი არ არის; კანონი კი თავისუფალია. აი დიდი ღირსება კანონისა, რომელიც ჩვეულებას აკლია.
აი ამ უპირატესობამ ჩვეულებისამა, ერთის მხრით, და იმ ნაკლმა, რომ მას დაწერილის კანონის ღირსება არა აქვს, მეორეს მხრით, და მესამეს მხრით იმ გარემოებამ, რომ ზოგადი ცხოვრება წარემატა, დამოკიდულება ერთმანეთზედ უფრო მრავალგვარი და რთული შეიქმნა, უფრო ერთი-ერთმანეთს გადაებ-გადმოება და დაიხლართა, — ყოველ ამანა ამ ბოლოს ხანებში იძულებულ ჰქმნა ზოგიერთი სახელმწიფო ევროპისა, სახე დაწერილის კანონისა მიეცა იმ ჩვეულებისათვის, რომელიც ხსენებულს მიწათმფლობელობას შეეხებოდა. ეს იძულება და მიმართულება რჯულმდებლობისა, რომ ჩვეულება დაწერილ კანონად იკურთხოს, გამოითქვა მით, რომ ჰოლანდიაში რჯულად დაიდვა ბეკლემრეხტი,პორტუგალიაში აფორამენტო, ინგლისში ოლსტერის ჩვეულება, რომელიც, თითქმის მთლად ჩვენებურის ხიზნობის ავკარგიანობით, სახელოვანმა გლადსტონმა სარჩულად დაუდვა ეგრეთწოდებულს ირლანდიის საადგილმამულო ბილს 1872 წელსა. რუსეთში კი მთავრობამ „ჩინში“ უარ-ჰყო*.
თუმცა სხვა ქვეყნებმა ესევე არა ჰქმნეს ჯერ, მაგრამ ცხოვრების მოთხოვნილება და მოძრაობა, ამ მხრივ მიდრეკილი და მიმართული, ყველგან თავს იჩენს. ამიტომაც დღეს ეგ მოთხოვნილება და მოძრაობაა საგანი სახელმწიფო მმართველობის მზრუნველობისა ყველგან საზოგადოდ და ჩვენში განსაკუთრებით. განსაკუთრებით ჩვენშიო, ვამბობთ იმიტომ, რომ აქ, გარდა საზოგადო მოძრაობისა, საკუთარნი კერძო მიზეზნიც არიან, მით არა ნაკლებ მწვავნი, და ეს მიზეზნი უფრო მეტად სასურველადა ჰხდიან დაუწერელის კანონის დაწერილ კანონად გარდაქმნასა ჩვენში.
VIII
ხიზნობის ბუნებას შინაგანი აზრი რომ გავუსინჯოთ, მის აღსახსნელად რომ მოვიშველიოთ მოწმად მაგგვარივე მოვლენანი, რომელთაც სხვა ქვეყნებში ვპოულობთ საოცარის მსგავსებითა, და თვალწინ წარმოვიდგინოთ იგი ნიშნები ამგვარის მიწათმფლობელობისა, რომელნიც ჯერ კიდევ ჩვენს ერს ახსოვს და, მაშასადამე, შესაძლოა კაცმა გამოიძიოს დღესაც, — მაშინ ერთს განსაკუთრებულს მხარეს კიდევ შევნიშნავთ.
ხიზნობაში სამი ფრიად საყურადღებო და საგულისხმო საგანია. ერთის მხრით იგი შეეხება კაცს, რომელიც ეძიებს საქმე აუჩინოს თავის უმამულო ხელს სხვის მიწაზედ. იგი კაცი ამასთანავე თავისუფალია, ესე იგი იმისთანაა, რომელიც ყველაზე უწინარეს იმას ეცდებოდა, რომ ფეხებში ბორკილი არ შეიყაროს, თავისდა უნებურად არ დაებას სხვის მამულზედ სამუდამოდ, და შეირჩინოს დამოუკიდებელი ნება თავისუფლად გადასვლის-გადმოსვლისა. მეორეს მხრით ხიზნობა შეეხება პირადს ინტერესს მამულის პატრონისას. ეგ ინტერესი იმაში მდგომარეობს, რომ მამულის პატრონს ნება ჰქონდეს ყოველს ჟამს თვისი მამული ისე მოიხმაროს, როგორადაც ჰსურს. მესამეს მხრით ხიზნობა შეეხება იმისთანა განსაკუთრებულს და განსხვავებულს მრეწველობას, რომელიც, რაკი საქმე აქვს მიწასა და მიწათმოქმედებასთან, ითხოვს თვის წარმატებისათვის ხანგრძლივს შეუწყვეტელს მუშაობას, გარჯას, ხარჯსა და მეცადინეობას.
ეს სამი, თითქმის ერთმანეთის მიუდგომელი საგანი, ერთმანეთის მოპირდაპირენი და წინააღმდეგნი, ხიზნობამ ერთმანეთთან მოათავსა და მოარიგა. უმამულო ხელს შეარჩინა ნება თავისუფლად გადასვლის-გადმოსვლისა, მამულის პატრონს შეარჩინა ნება თავისის მამულის მოხმარებისა თავის სურვილისამებრ, და განსაკუთრებულს თვისებას მიწათმოქმედების მრეწველობისასაცა გზა და სავალი მისცა. რით? მით, რომ ხანგრძლივობა ხელისა და მამულის ერთმანეთთან შეყრისა და მოთავსებისა ააგო მარტო ეკონომიურს ანგარიშზედ, რომელიც დამოკიდებულია იმაზედ თუ, რამოდენა ხეირია ხელისათვის სხვის მამულის ხმარება, ერთის მხრით, და რამოდენა ხეირია მამულის პატრონისათვის სხვისის ხელის მოქმედება, მეორეს მხრით, რომ ეს ხანგრძლივობა არ მოიკვეთოს, არ გაწყდეს სხვადასხვა არა-საეკონომიო მიზეზთა გამო, ხიზნობამ შეარჩინა ხიზანს ნება მამულის თავდანებებისა მარტო იმ მძიმე პირობითა, რომ მამულის პატრონს სამაგიერო სასყიდელი უზღოს, და მამულის პატრონს კიდევ შეარჩინა ნება მამულიდამ ხიზნის აყრისა იმ არა- ნაკლებ მძიმე პირობითა, რომ სასყიდელივე უზღოს ასაყრელს ხიზანსა.
აი მეოთხე განსაკუთრებული მხარე ხიზნობისა,რომელსაც გამოუკლებლად ვპოულობთ ყველგან, საცა კი ესგვარი მიწათმფლობელობა არის. ამ შემთხვევაში თუ რამ განსხვავება და ცვლილებაა, ეგ განსხვავება და ცვლილება შეეხება მხოლოდ სახესა და რაოდენობას საზღაურისას. ზოგან ორის წლის ღალა და სამსახურია ერთად შეკეცილი საზღაურად მამულის პატრონის სასარგებლოდ, და სასარგებლოდ ხიზნისა — სრული ფასი შენობისა და იმ ნაკეთობისა, რომელიც ხიზანს მამულში მოუხდენია. ჩვენში კი ხიზანს, თუ ვინიცობაა თავის ნებით აიყრებოდა, უნდა მიეცა მამულის პატრონისათვის ნახევარი მოძრავის ქონებისა, რაიც ხიზანს მამულში შეეძინა, და თუ მამულის პატრონი თავისის ნებით აჰყრიდა, უნდა ეზღო სრული ფასი შენობისა და დანერგულისა, სახელდობრ ვენახისა, თუ ხილის ბაღისა. სხვა ნაკეთობა-კი ზოგან ანგარიშში არ ჩავარდებოდა ხოლმე.
ამ სახით ხიზნობა არის:
1. ერთგვარი სახე სხვისა მიწის ხმარებისა თავისუფალ კაცისაგან;
2. დაფუძნებული და დამყარებული ჩვეულებაზედ;
3. იმ ბუნებისა და მიმართულებისა, რომ ღალა და სამსახური უცვალებელ იყოს და ამასთანავე თითონ ხმარება მიწისა უსათუოდ ვადადაუდებელი;
4. ხანგრძლივობა ვადისა დამყარებული უნდა იყოს ეკონომიურს ანგარიშზედ და არა რჯულიერების მუდმივობაზედ;
და 5. მფარველი იმათის ზნეობრივისა და ქონებრივის ინტერესებისა, რომელნიც ხიზნობით ერთმანეთზედ დამოკიდებულნი არიან და რომელთაც თვითნებობა შეზღუდულია საზღაურითა, თუ ვინიცობაა ერთი მეორის დაუკითხავად და უნებურად მოშლის ხიზნობასა. ხოლო უკანასკნელი მისაღწევი საგანი და მიდრეკილება ხიზნობისა იგია, რომ შეიძინოს სიკეთე, ღირსება და უპირატესობა დაწერილის კანონისა.
აი, ჩვენის ფიქრით, ხიზნობის არსება, რომელიც წარმოგვიდგინა ისტორიულმა მსვლელობამ მის დედააზრისამ, მიზეზმა მისის მოვლენისამ, ბუნებამ მის ეკონომიურ ხელშეკრულობისამ, ზნეობრივმა და ქონებრივმა ინტერესმა ამ ხელშეკრულობით ერთმანეთთან დამოკიდებულთა, და ბოლონდელმა მისმა მისაღწევმა საგანმა, რომლისაკენაც იგი დღეს მიიზიდება.
IX
ჩვენ, ჩვენის შეძლებისამებრ, გამოვიძიეთ მიზეზი, ბუნება და მიმართულება ხიზნობისა და აღვნიშნეთ იგი საგანიც, რომლისაკენაც ხიზნობა დღეს მიიზიდება თვისის ბუნების ძალდატანებითა. ჩვენა ვნახეთ, რომ ესგვარი მფარველობა მიწისა შეჰქმნა თითონ ერის ცხოვრებამ, თითონ ერმა გამოჰხარშა თვისის ცხოვრების მდუღარებაში და წამლად დაიდვა იმ ტკივილის მოსარჩენად, რაიც სამწუხარო მოვლენამ მიწისა და ხელის განცალკევებისამ აუტეხა დროთა მიმავლობაში. სულიერმა ძალ-ღონემ ერისამ მთელი საუკუნოები იმოქმედა ამაზედ, მთელი საუკუნოები მოახმარა ამას, ტანი ააყრევინა და გამოიყვანა კუთვნილს გზაზედ შემდეგის წარმატებისათვის. და ეხლა, როცა ეს ხიზნობის საქმე წინ მოგვდგომია ასე თუ ისე გადასაწყვეტად, ნუთუ მართალნი ვიქნებით — ზურგი შევუქციოთ ერის სურვილს, ესე ცხადად და აშკარად ხიზნობაში გამოთქმულს? ნუთუ არ შევცდებით — უარვყოთ ეს რის ცხოვრების ნადუღარი წესი და მის შინაგანს მოთხოვნილებას არ ავყვეთ და მხარი არ მივცეთ?
იქნება სიტყვა შემოგვიბრუნონ და გვითხრან: რა ვუყოთ, რომ თვით ერისაგან არის შექმნილი მაგგვარი წესიო? განა ცოტაა იმისთანა წესი, რომ ერს შეექმნას, და ან ბუნებითად სულ არ ვარგოდეს, ან დრო მოეჭამოს და კარგი ავად გადაჰქცეოდეს თითონ ერსავე? რასაკვირველია, ყოველივე ეს შესაძლოა და არა ერთი და ორი მაგალითია მაგ აზრის საბუთად. ხოლო ეგ აზრი მოსატანი არ არის ხიზნობის საქმეში. ამგვარის წესის ავკარგიანობა რაში უნდა გამოთქმულიყო?
ჯერ ზნეობრივს სფერაში, იმიტომ რომ ხიზნობაში ერთის მხრით უმამულო კაცია და მეორეს მხრით უხელო, ერთმანეთზედ დამოკიდებულნი. ამის გამო, ყველაზედ უწინ კაცს ეს საკითხავი მოადგება ენაზედ: ხომ არა ჰხუთავს ერთი მეორეს პირადად? ჩვენა ვნახეთ, რომ ხიზნობა უსათუოდ ნებაყოფლობაზედ არის აშენებული და ეს ნებაყოფლობა ბოლომდის ზედ შერჩენია, რადგანაც ერთსაც და მეორესაც ნება აქვთ ერთმანეთს განშორდნენ, რა დროსაც-კი მოისურვებენ თვითოეულად ცალკე. საცა ჩაბმაც და ამოშვებაც თითონ ადამიანის ნებაზეა მივარდნილი სხვის დაუკითხავად, იქ შეხუთვას ადამიანის პირადის უფლებისას ადგილი არა აქვს. იქ ან ორნივ თავისუფალნი არიან, ან ორნივ მორჩილნი ერთისა და იმავე ხელშეკრულობისა. ამ სახით, თითონ ხიზნობის ბუნებაში ადამიანის პირადობის შემხუთავი არ არის რა. პირიქით, ხიზნობა ყოველგვარს შეხუთვას ეურჩება და დიდის გულმოდგინებით ჰპატრონობს ადამიანის პირადს უფლებასა. და თუ — როგორც ჩვენ ვითხოვთ — კანონი ჩაერევა და ადამიანის სიხარბეს ჭდეს დაუდებს, მხომ ყოველივე ნიშანწყალი სხვა ყოველგვარის შეხუთვისაც კი სრულებით გაჰქრება.
ახლა ვნახოთ, — ხომ არ აშავებს რასმე ხიზნობა ეკონომიურს სფერაში, ამიტომ რომ იგი მიმართულია ერთსგვარს მრეწველობაზედ, რომელსაც მიწათმომქმედი მრეწველობა ჰქვიან? ამ საკითხის შესახებ ჩვენ გვინდა ვიმოწმოთ სხვადასხვა მეცნიერნი, რომელთაც ხიზნობის მაგვარი მფლობელობა მიწისა ამ მხრით გამოუძიებიათ, ხოლო ვშიშობთ, რომ ეს წერილი არ გაგვიგრძელდეს და ამით იძულებულ არა გვყოს უადგილო ადგილას გავწყვიტოთ. ამიტომაც ამ საგანზედ საუბარს შემდეგს ნომერში განვაგრძობთ.
X
ჩვენ წინა წერილში ხიზნობის თაობაზედ დავპირდით მკითხველებს, რომ მოვიყვანთ მეცნიერთა მოწმობას იმის შესახებ თუ, — რას მოასწავებს ხიზნობის მაგვარი წესი მიწათმფლობელობისა ეკონომიურს სფერაში, სახელდობრ: უშლის იგი ამ მხრით საქმის წარმატებას, თუ ხელს უწყობს. ამ საგანზედ ბევრს გამოჩენილს მეცნიერს წარმოუთქვამს თავისი აზრი და იმათ შორის იმისთანა განთქმულნი მეცნიერნიც არიან, როგორც ემილ დე- ლაველე, ჯონ სტუარტ მილლი, სისმონდი, იპოლიტ პასსი და სხვანი, რომელნიც ცნობილნი არიან ვითარცა ზედმიწევნით მცოდნენი ამგვარის საქმეებისა. ამას გარდა, ეს მეცნიერნი ისეთის ღირსებისანიც არიან, რომ მათთვის თავის-დღეში არავის არ შეუწამებია — ან სიტყვა, ან აზრი გულდადებულ რწმენით არ წარმოეთქვათ. ამათი აზრი მით უფრო საყურადღებოა, რომ ხილულს საბუთზეა დამყარებული. იტალიის ლიველლო, რომელსაც სტუარტ მილლი „მონახევრობას“ ეძახის, რადგანაც აქ უფრო ბევრგან ხიზნები ნახევარს მოსავალს ღალად აძლევენ მამულის პატრონებს, — პორტუგალიის აფორამენტო, ჰოლანდიის ბეკლემრეხტი, — ყოველივე ეს ჩვენებურის ხიზნობის მაგვარი მფლობელობა მიწისა ადგილობრივვე განხილულია და გაჩხრეკილი მეცნიერთაგან, და ამის გამო მათი აზრი თვალით ნახულს საბუთიდამ არის წარმომდინარი.
ჩვენ, მინამ ამ მოწმობის ჩამოთვლას შევუდგებით, არ უნდა დავივიწყოთ ორი თვისება, რომელზედაც აგებულია ეკონომიური ბუნება ხიზნობისა, ერთი ისა, რომ ხიზნობა მიმართულია, რათა ხმარება სხვისა მიწისა საშვილიშვილოდ იყოს, და მეორე — ღალა, თუ გადასახადი, უცვალებელად და წაუმატებელად დარჩეს. ახლა ვნახოთ, ეს ორი თვისება ხიზნობისა როგორ მოქმედობს საეკონომიო სფერაში.
ჯონ სტუარტ მილლს, მოჰყავს რა ცნობანი შესახებ იტალიის გლეხებისა, რომელთაც ლიველლოს წესით უჭირავთ სხვისი მამულები სანახევროდ, ამბობს:
„ვიდრე მონახევრე** თავის განსაზღვრულს გადასახადს იხდის, იგი, თუ კანონის ძალით არა, ჩვეულების ძალით მიანც ჰრჩება მამულში როგორც საშვილიშვილოდ მხმარებელი თავის მიწისა. ამის გამო გულით დაბმულია იმ ადგილზედ, უყვარს იგი ადგილი და ეგ პირადი სიყვარული მიწისა თითქმის იმოდენადვე ძლიერ აქვს მონახევრეს, რამოდენადაც მოსაკუთრეს“.
კარგადა აქვთ ნამუშევარი და ნაკეთები ლიველლოს წესით აღებული მიწები და თითონაც გლეხნი რა კარგს ყოფა-ცხოვრებაში არიან, სტუარტ მილლი განაგრძობს, რომ სოფლის მეურნეობის ასეთი კარგი მდგომარეობა იტალიაში, საცა ლიველლოა, —
„გვაჩვენებს, სადამდე შეუძლიან მიაღწიოს საშვილიშვილოდ ხმარებამ მიწისამ და წვრილმა მეურნეობამ მაშინაც-კი, როცა სანახევროდ არის მიწა აღებული, ესე იგი როცა ესეთი მძიმე და ხელთ არმიმცემი ღალაა“.
რა იქნებოდა მაშინაო, ამბობს მერე სტუარტ მილლი, რომ მიწათმომქმედს ეგრევე საშვილიშვილოდ ეჭიროს მიწა და აძლევდეს ფულად გადაწყვეტილს ღალას, უცვალებელს, ან ცვალებადს ისე-კი, რომ მთელი გამორჩომა წარმატებულის შრომისა განუყოფელად რჩებოდეს მოღალესაო. მილლი აქ ეთანხმება ადამ სმიტს იმაში, რომ წილზედ-ჭერა მამულისა ერთობ ხელს უშლის მიწის მხმარებელსა. იმიტომ რომ წილი მატულობს შრომისა და ხარჯის მატულობისა-დაგვარად. რადგანაც შრომა და ხარჯი ამ შემთხვევაში მიწათ მხმარებელისაა და არა მიწათ პატრონისა, და წარმატებულის შრომისა და ხარჯის ნაყოფი კი მიწის პატრონთან გასაყოფია, აშკარაა, მიწის პატრონს წილი გაეზრდება, გაუდიდდება უხარჯოდ და გაურჯელად. ეს შრომისა და ხარჯის ხალისს უფუჭებს მიწის მხმარებელსა და ამით განკარგება მამულისა ბრკოლდება. აი ამაზედ ამბობს მილლი, რომ ღალა თუნდა ცვალებადიც იყოსო, ოღონდ ისე კი, რომ რასაც მიწისმომქმედი თავისის გულმოდგინეობით, შრომით და ხარჯით მოსავალს მოიმატებს, ის წარმატებული ნაწილი მოსავლისა მთლად და განუყოფელად მასვე ჰრჩებოდესო.
შენიშვნები:
* „ჩინშების“ საქმე წელს ამ სულ ახლო ხანებში დააბოლოვა მთავრობამ და, თუ საჭიროდ აღმოჩნდა, იქნება ჩვენს მკითხველებს ვაცნობოთ, რარიგად გათავდა ეს საქმე.
** მილლი, როგორც ვთქვით, ამ სახელით იხსენიებს ხიზნების მაგვარად მიწის მხმარებელთა იტალიაში. რომ ეს ასეა, თვით ამ ციტატიდამა სჩანს.
სისმონდი, რომელზედაც სტუარტ მილლი სწერს, რომ ზედმიწევნით იცისო ხიზნების მაგვარად მიწისმხმარებელთა ყოფა-ცხოვრება იტალიაში და დიდად სანდო და სარწმუნო კაციაო, ვრცლად მოგვითხრობს, რა კარგს ყოფა-ცხოვრებაში და კარგს მდგომარეობაში არიან ისინი, ვისაც სტუარტ მილლი „მონახევრეებს“ ეძახის იტალიაში და რა კარგად აქვთ შემუშავებული და ნაკეთები მიწები. მოჰყავს რა მოწმობა სისმონდისა ამ საგანზედ და მის მიერ დაწვრილებითი აღწერილობა იტალიის ხიზნების სარჩო-საბადებელისა, შეძლებულობისა და კმაყოფილებისა, სტუარტ მილლი იკითხება: „განა ეს სიღარიბეა, განა რაშიმე ჰგავს ეს სიღარიბესა!“
სისმონდის მოწმობიდამა სჩანსო, განაგრძობს მერე სტუარტ მილლი, რომ ტოსკანის ხიზნები- მონახევრენი შეძლებულნი არიან არა-ნაკლებ ფულიან ფერმერებზე, თუნდ რა ქვეყნის ფერმერებიც გინდა იგულისხმოთო; უფრო დიდ ყოფა ცხოვრებიანნი არიანო, უფრო გაცილებით მეტი სარჩო-საბადებელი აქვთო, ვიდრე სხვა რომელისამე ქვეყნის მუშებსა, გარდა ამერიკის შეერთებულის შტატებისასა და ახალის კოლონიებისასაო.
ბევრი ციტატები მოჰყავს სტუარტ მილლს სისმონდის თხზულებიდამ და სხვათა შორის ეს ადგილიცა:
„ხიზანი-მონახევრე ბინამოკიდებულია და დგას თავის ადგილზედ, როგორც საშვილიშვილო მიწაზედ, მეტისმეტად უყვარს იგი მიწა, დაუცხრომელად მუშაობს, რომ იგი კარგად გააკეთოს, გაანაყოფიეროს, რადგანაც გამოელოდება, რომ ეს მიწა მერმეც იმისია, იმის შვილისა და შვილიშვილზედ გადავა გამოსარჩომად. — მართლადაც, თითქმის ყველა ამისთანა გლეხნი მამა-პაპით დგანან თავ-თავის მიწაზედ, იციან ყოველივე ავი და კარგი თვითოეულ ტანის მიწისა იმ ზედმიწევნითა, რომელზედაც მიჰმართავს ხოლმე ადამიანს მარტო ერთი გრძნობა საკუთრებისა“.
მერლინი ამბობს ხიზნობის მაგვარ მიწის ხმარების თაობაზედ:
„ესეთი ხმარება მიწისა უფრო სახეიროა მიწათმომქმედისათვის, ვიდრე გრძელვადიანი და ხანგრძლივი იჯარა, იმიტომ რომ პირველ შემთხვევაში წარმატება ნაკეთობისა არ იკარგება, როგორც მეორეში“.
ამგვარ მიწათ ხმარებაზედვე იპოლიტ პასსი ამბობს:
„ყველაზედ მეტად ხელშემწყობი მეურნეობის გასაძლიერებლად იმისთანა ქირავნობაა მიწისა, საცა მთლად განსაზღვრული მოვალეობა და დამოკიდებულება მუდამ ახალისებს მიწათმომქმედსა — არასფერი არა ჰზოგოს მიწის განაყოფიერებისათვის, როგორც სადღეისოდ, ისეც სამერმისოდ“.
„ბეკლემ-რეხტიო (ესე იგი, ჩვენებურის ხიზნობის მაგვარი ხმარება მიწისა) სრულად ეთანხმება და ეშასაბამება ამ პროგრამასაო“, — ამბობს ამ პასსის სიტყვების გამო ემილ დელაველე.
პორტუგალიის ეკონომისტი ვალენსიო ლესლანდესი ამბობს:
„ჩვენებური აფორამენტო საოცრადა ჰგავს ბეკლემ-რეხტსა გრენინგენისასა. ეს საშვილიშვილო იჯარაა, რომლის ძალითაც უფლება მიწის ხმარებისა ვადადაუდებლად არის მინიჭებული, იმ პირობით-კი, რომ მიწის პატრონს ყოველწლივ ეძლიოს კუთვნილი ღალა, რომელიც ერთხელ და ერთხელ განსაზღვრულია და რომელსაც თავის-დღეში ვერ მოუმატებს მიწის პატრონი. ხალხს უწინ და ეხლაც-კი განსაკუთრებით მოსწონს ამგვარი ხმარება მიწისა. როგორც მიწის მხმარებელნი, ისეც მიწის პატრონები ერთნაირად აფასებენ დიდთა სიკეთეთა ამგვარის მიწისმფლობელობისას. ეს სიკეთენი თვალად სჩანან უფრო მინიოს პროვინციაში, რომელიც ასე გათქმულია თავისის მიწათმოქმედებითა, გლეხთა კეთილდღეობითა და მშვენივრად ნაკეთებ მამულებითა. იქ ყველა მიწები აფორამენტოს წესით არიან გაცემულნი და აღებულნი და სწორედ ამ-გვარს წესს აწერენ მთელს კეთილდღეობას ამ პროვინციისას... საუბედუროდ, დღევანდელმა კანონმდებლობამ, საფრანგეთის იდეებით გატაცებულმა, ომი გამოუცხადა ამ მშვენიერს წესს მიწათხმარებისას იმ აზრით, რომ ეგრეთწოდებული „განთავისუფლება მიწებისა“ მოახდინოს, ესე იგი აღადგინოს ხელშეუხებელი საკუთრება და ერთი ზოგადი სახე მისცეს მიწის იჯარით აღებასა. ეს შეცდომაა. ყოველივე წესი მიწის ხმარებისა კარგია, თუკი თავდებია მისი, რომ ხმარება მიწისა მის ხელთ იქნება, ვინც მიწას ამოქმედებს“.
ფორსტერი, მოგვითხრობს რა ეკონომიურს კეთილდღეობას მინიოს პროვინციისას, საცა, როგორც ზემომოყვანილ სიტყვებიდამ სჩანს, ხიზნობის მაგვარი მიწის ხმარებაა, ამბობს: „მინიოს სამართლიანად ეძახიან, რომ პორტუგალიის წალკოტიაო“.
ჩვენ მოვიყვანეთ მოწმობა იმისთანა მეცნიერთა, რომელნიც ჩვენდა საყურადღებო საგანს, ესე იგი ხიზნობის მაგვარ ხმარებას მიწისას, შეეხნენ ისე, როგორც იტყვიან — გზად, იმიტომ რომ თხზულებანი, საიდამაც ყოველივე ზემოთმოყვანილი ციტატები ამოვწერეთ, საკუთრად ამგვარ მიწათმფლობელობისათვის არ არიან დაწერილნი და ამის გამო ეგგვარი მიწათმფლობელობა იმა თხზულებათა წვლილს შეადგენს და არა მთავარს საგანს, თუმცა ამით მათს აზრს არც ძალა და არც მნიშვნელობა არ ეკარგება.
ჩვენ დაგვრჩა ერთი იმისთანა მეცნიერი, რომელსაც საგნად თვისის თხზულებისა აუღია თითქმის განსაკუთრებით ხიზნობის მაგვარი მიწათმფლობელობა და რომელიც ამ საგანზედ უფრო ვრცლად ლაპარაკობს, ვიდრე სხვანი. ეს მეცნიერი ემილ დე-ლაველეა, სახელგანთქმული და მთელის ევროპის მიერ მოწონებული, როგორც მიწათმფლობელობის და მიწათ საკუთრების უკეთესი გამომძიებელი. რადგანაც ამ მეცნიერის მოწმობა მეტად გრძელია, ამიტომაც ამის აზრს იმგვარ მიწათმფლობელობაზედ, რომელსაც ჩვენ ხიზნობას ვეძახით, შემდეგს ნომერში მოვიყვანთ, რაც შეიძლება დაწვრილებით და ვრცლად.
XII
ემილ დე-ლაველე, თავის გამოჩენილის თხზულების ერთს კარს*, რომელსაც სათაურადა აქვს „მემკვიდრეობითი ჭერა მიწისა“, ასე იწყებს:
„არის ერთგვარი ძველი სახე საკუთრებისა, რომლის გამოკვლევასა და გამოძიებასა არ უნდა მოერიდნენ კანონმდებლები და ეკონომისტები, იმიტომ რომ მაგგვარს სახეს საკუთრებისას შეუძლიან შეიტანოს ელემენტი მორიგებისა იმ ბრძოლაში, რომელიც ყველგან გამართულია იმის შუა, ვინც აკეთებს მიწას და ფასსა სდებს, და იმასა — ვინც ღალას აძლევს. ეგ სახე მემკვიდრეობითი ჭერაა მიწისა, რომელსაც ჰოლანდიაში ბეკლემ-რეხტი ჰქვიან, იტალიაში ლიველლო, პორტუგალიაში აფორამენტო“, და ჩვენში კიდევ ხიზნობა — დავუმატებთ ჩვენ.
ემილ დე-ლაველე ჯერ გვამცნობს, რა ბუნებისა არის თვითოეულის სახელის მიწათმფლობელობა და გვეუბნება, რომ ყოველი იგი მფლობელობა მიწისა ერთის და იმავე ძირისანი არიან და ერთისა და იმავე მიდრეკილებისა და თვისებისანი. შემდეგ ამისა თვითოეულს მათგანზე ასე ლაპარაკობს:
„აფორამენტო ცოტად თუ ბევრად გავრცელებულია მთელს პორტუგალიაში“... „ხოლო ტაგოს მდინარის ჩრდილოთ — უფრო ხშირია მაგგვარი წესი მიწათმფლობელობისა და ამ წესს აწერენ იმ წარჩინებულს კულტურას და მიწათმომქმედთა კმაყოფილებას, რომლითაც გათქმულია მინიოს პროვინცია“... „საშვილიშვილოდ (მემკვიდრეობით) ჭერა მიწისა ბეკლემ- რეხტის და აფორამენტოს წესით მართლა რომ სახეიროა და ხელმოსაცემი. ამისი დასამტკიცებელი საბუთი ის მთლად განსაკუთრებული კეთილდღეობაა, რომელიც ამ რიგს მიწათმფლობელობას მიუნიჭებია ორის სულ სხვადასხვა პროვინციისათვის: მინიოსათვის პორტუგალიაში და გრენინგენისათვის ნიდერლანდში“.
გერმანიის გამოჩენილი ეკონომისტი როშერი უფრო შორს მიდის და ამტკიცებს, რომ ღალით თუ იჯარით მიწისმჭერელი უფრო დიდს ხარჯს გასწევს მიწის გასაკეთებლად, ვიდრე მოსაკუთრეო, იმიტომ რომ მოსაკუთრეს მიწის სყიდვაში უნდება დიდძალი ფულიო, მაშინ როდესაც მოღალეს, თუ იჯარადარს, შეუძლიან მარტო მიწის განკარგებას მოახმაროს, რაც რამა აქვსო. თუმცა ბევრით მართალს არა ჰგავსო ეს აზრი როშერისა, ამბობს ემილ დე- ლაველე, მაგრამ მაინცდამაინც ბეკლემ-რეხტი მაგ ნაკლს მოშორებულიაო და ამ სახით:
„ბეკლემ-რეხტს აქვს ის სიკეთე იჯარით მიწის ჭერისა, რაზედაც როშერი ლაპარაკობს, და ამასთანავე ის სრული იმედიც სამერმისოდ, საშვილიშვილოდ მიწის ჭერისა, რომელსაც იძლევა მარტო საკუთრება... ამის გამო შესაძლოა დარწმუნებით ვსთქვათ, რომ ბეკლემ- რეხტი საკუთრებაზედ უფრო მეტად ხელს უწყობს კარგს კულტურას მიწისას, რადგანაც აქ მიწა სასყიდელი არ არის და სასყიდელი ღონე შესაძლოა მიწის განკარგებას მოხმარდეს, და რადგანაც იგი, ამას გარდა, ახალისებს მას, ვინც მიწას ამოქმედებს — ერთი-ორად იმხნევოს, რომ რაც შესაძლოა მეტი მოსავალი მოიყვანოს“.
ემილ დე-ლაველე, თავის თხზულებაში, რომელსაც ჰქვიან „მიწათმფლობელობის წესი ირლანდიაში“, პირდაპირ ირწმუნება, რომ საცა-კი ჩვენებურის ხიზნობის მაგვარი მფლობელობა არის თურმე, ყველგან მიწის მუშაკი, მიწისმომქმედი წარმატების უკეთესს ხარისხზედ სდგასო.
„ერთობ ულსტერშიო**, — ამბობს ამის საბუთად ლაველე: — საცა ფერმერი ჰპოულობს საკმაო გარანტიას მიწის ხმარების უფლებისათვის, მიწა კარგად არის შემუშავებული და ნაკეთები. კორკის საგრაფოში, ბანდონის მდინარის პირას დაფენილია მშვენიერი ვაკე. საგანგებო სახლები ფერმერებისა მოსჩანან კარგად ნაკეთებ მინდვრებ შორის. საქონელი მშვენივრად ნაპატივებია, თითონ მიწის მჭერელნი რიგიანად არიან ჩაცმულნი და ეტყობათ კმაყოფილება“.
რა არის ამის მიზეზი? ის არისო, გვარწმუნებს ლაველე, რომ ეს მამული ეკუთვნის ჰერცოგს დევონშირსა, რომელსაც ულსტერის ჩვეულების წესით გაცემული აქვს მიწებიო. ამავე მიზეზის გამო, ამისთანავე მდგომარეობაში არიან თურმე ლორდ დერბისა, პორტსმუტის და ლანდსდაუნის მამულებიცა. ამ მამულების გვერდით სხვა მამულებიც არის, მაგრამ ასეთს აოხრებულს და ვერანა ადგილებს წარმოადგენენ თურმე, ხალხი ისეთს სიღარიბეშია, რომ კაცს აკვირვებს და აოცებს. ეს ამისაგან არისო, ამბობს ლეველე, რომ ამ მამულების პატრონები უთაურნი არიან, მეტად ხარბნიო.
„საცა კმაყოფილებას და შეძლებულობას ჰხედავთო, ეთქვა იქაურს მხლებელს ოკანერ მორისისათვის: იქ ულსტერის ჩვეულებით უჭირავთ მიწებიო, და საცა სიღატაკეა და სიღარიბე, იქ მაგის ნებას არ იძლევა მამულის პატრონიო“.
ყველგან, საცა კი მაგ წესით არის სახმარად აღებული მიწები, ყველგან ამ სიკეთეს ვხედავთო, ამბობს თავისით ლაველე.
„ეს შენიშნულია არამცთუ მარტო ულსტერში, საცა შესაძლოა კაცმა ეს სიკეთე სხვა მიზეზსაც მიაწეროს, არამედ სხვა პროვინციებშიაცაო. მეტად სარწმუნო მაგალითს წარმოგვიდგენს ლორდ პორტსმუტის მამულიო, საცა ულსტერის ჩვეულება შეიტანა მამულის პატრონმა და ამას კარგი შედეგიც მოჰყვა. ასე რომ ეხლანდელი ლორდი, რომელიც სამაგალითო მემამულედ ითვლება, არამცთუ ეურჩა ამ ჩვეულებას, არამედ ხელიც შეუწყო. ბოლოს და ბოლოს მიწაც ძალიან გაკეთდა, მოღალენიც კმაყოფილნი არიან და შემოსავალიც ერთი- ორად მოემატა მიწის პატრონსა. ძნელია კაცმა წუნი დასდოს წესს, რომელიც ყველასათვის ესე სახეიროა“.
ესეთი წესი მეტად ჰშველის მიწათმოქმედების განკარგებასაო, ამბობს შემდეგ ლაველე, იმიტომ რომ მოღალესათვის საიმედოდ ჰხდის მიწის ხმარებასაო, რადგანაც იგი დათხოვნილ ვერ იქნება მიწიდამ უიმისოდ, რომ მიწის პატრონმა არა უზღოს რაო.
ამით ვათავებთ მეცნიერთა მოწმობას შესახებ იმისა თუ, — ეკონომიურს სფერაში რის მომასწავებელია იგი წესი მიწათმფლობელობისა, რომელსაც ჩვენში ხიზნობას ვეძახით.
ამის შემდეგ ვეცდებით განვიხილოთ ეს ხიზნობა იმ მხრით თუ, — რა ძარღვი უცემს ხიზნობას საზოგადოებურ მნიშვნელობისათვის, და მეცნიერთა აზრით დასარჩენია იგი შემდეგისათვის, თუ ამოსაკვეთია?
XIII
ჩვენ წინათვე ვსთქვით, რომ ზოგადმა ელემენტმა საკუთრებისამ თავი ხიზნობაში შეაფარაო. ჩვენ ამაში ვხედავთ ხიზნობის საზოგადოებურს მნიშვნელობას. მიდრეკილება ხიზნობისა, რომ ხმარება მიწისა საშვილიშვილო იყოს, და ღალა თუ გადასახადი ერთსა და იმავე ჭდეზედ იდგეს უცვალებელად — ეს ისეთი იერიშია საკუთრების პირადს და კერძო ელემენტზედ მიტანილი, ეს ისეთი ნაღმია, რომ საკუთრების ხელშეუხებლობის მოძღვრებას ძირეულად არყევს, მთელს რჯულიერებას საკუთრებისას ფერს უცვლის და ზოგადს ელემენტს მისას გზას უხსნის სამერმისოდ ცხოვრებაში ადგილის დასაჭერად.
კანონმდებლობანი, საკუთრების ხელშეუხებლობის მოძღვრებაზედ აგებულნი, დღეს- აქომამდე მარტო ერთგვარს შეზღუდვას პირადის საკუთრებისას იცნობენ. ამ შეზღუდვას უწოდებენ „ექსპროპრიაციას“, რომელიც იმაში მდგომარეობს, რომ კერძო მოსაკუთრეს სახელმწიფო საჭიროებისათვის ძალაუნებურად ჩამოერთმევა ხოლმე მიწა და მის სამაგიეროდ სასყიდელი ეძლევა. ამ სახით, კერძო საკუთრება თვის ხელუხლებლობას სთმობს ზოგად საჭიროებისათვის, ანუ, უკეთ ვსთქვათ, ზოგადს ელემენტს საკუთრებისას თვის ზღუდეს არღვევინებს.
თუმცა მიწის პატრონს ამ შემთხვევაში სასყიდელი ეძლევა, მაგრამ მაინც ეს ამბავი კერძო უფლების ზღუდეთა ცოტაოდენ შერღვევად უნდა ჩაითვალოს, რადგანაც აქ საკუთრების დათმობა იძულებულია, ძალაუნებური და არა ნებაყოფლობითი მოსაკუთრის მხრით. იმისთანა მიწის ხმარებას, რომელსაც ჩვენში ხიზნობას ეძახიან, ამას გარდა სხვა ახალი გვარი შეზღუდვაც შეაქვს პირადის საკუთრების მოძღვრებაში და ეს შეზღუდვა მით უფრო ძირეული და ძლიერია, რომ უსასყიდლოა: იხუთება პირადი ელემენტი საკუთრებისა სასარგებლოდ ზოგადის ელემენტისა და შეხუთვის საზღაურად არა-რა სასყიდელი არ ეძლევა. მამულის პატრონი ხიზნობის წესით ნებამოკლებულია: 1. აჰყაროს ხიზანი უიმისოდ, რომ არ უზღოს ყველაფერი, რასაც ხიზანი მის მამულში სტოვებს და 2. მოუმატოს ღალა- გადასახადი. ამ სახით, მამულის პატრონი ღონემიხდილია მოიხმაროს თვისი საკუთრება თვისის სურვილისამებრ, და ეს რა არის, თუ არ შერღვევა იმ მაგარის კედელისა, რომელსაც პირადს საკუთრებას ეძახიან!..
როცა 1872 წელს გლადსტონმა თავისი სახელოვანი ბილლი გაიყვანა პარლამენტში და მით ჩვენებურ ხიზნობის მაგვარს „ულსტერის ჩვეულებას“ კანონის მფარველობა მიანიჭა, ანუ, უკეთ ვსთქვათ, იგი ჩვეულება კანონად გადააქცია, ემილ დე-ლაველემ ამაზედ აი რა სთქვა:
„მე არ ვიცი არც ერთი მაგალითი ისტორიაში, რომ სადმე ერი ესე შორს წასულიყო თვისთა დედააზრთა წინააღმდეგ საშველად უბედურის და ღონემიწურულ მკვიდრთა. არც ერთს კანონმდებლობას ეხლანდელ ევროპისას არ დაუდგენია, არ შეუწყნარებია კანონად წესი, ესოდენ მრავალმნიშვნელობიანი თავის შედეგითა... არსად და არასდროს არ მიუნიჭებიათ ამისთანა საგანგებო უფლება და ხეირი სოფლის მცხოვრებთათვის“...
რამოდენადაც საქმეთა ვითარებამ ხელი შეგვიწყო, იმოდენად აღვნიშნეთ ჩვენ საზოგადოებრივი მნიშვნელობა ხიზნობისა. ვინც ჩვენ ნათქვამს უფრო მეტს ყურს ათხოვებს, ვიდრე ისე გაკვრით წაკითხულს, თქმულს საგნის შესაფერად ასწონს და არა-თქმულს თითონ იგულისხმებს, იმან, არა გვგონია, ჩვენთან ერთად არ აღიაროს იგი დიდი საზოგადოებრივი მნიშვნელობა ხიზნობისა, რომელიც მის ბუნებაში ჩასახა თითონ ერმა და რომელსაც დღეს- აქამომდე ჰზრდიდა.
ვინც ამ მნიშვნელობას ხიზნობისას თვალნათლად წარმოიდგენს, იმისათვის მეტად გაადვილებული იქნება პასუხისგება ამ საკითხავზედ: დასარჩენია ხიზნობა, თუ ამოსაკვეთი.
მეცნიერნი, რომელნიც ხიზნობის მაგვარს მფლობელობას მიწისას ამ მხრით, თუ სხვა მხრით,დაჰკვირვებიან, ყველანი გვირჩევენ მის დარჩენასა სამერმისოდაც. ჯონ სტუარტ მილლი ამბობს, რომ ეგგვარი მიწათმფლობელობა „არც იმისთანა არისო, რომ ჩვენ ვისურვოთ იგი შევიტანოთ იქ, საცა თავისთავად არ არის გაჩენილი საზოგადოებრივ გარემოებათა გამო, ხოლო არც-კი იმისთანაა, რომ მისი ამოკვეთა ვისურვოთ იმისდა მიუხედავად, თუ საქმეში თავი როგორ იჩინა“.
ამის შემდეგ მილლი ამბობს, რომ არ შეიძლება ამ შემთხვევაში არ დავუჯეროთ იმისთანა ზედმიწევნით მცოდნე ავტორიტეტს, როგორც სისმონდიაო, და თუ მართალია იგი კეთილდღეობა, რომელიც სისმონდის სიტყვით, ამგვარს მიწათმფლობელობას მოუფენია ტოსკანაში, მაშინ სანანური უნდა იყოს ამოკვეთა ამისთანა წესისა, რომელიც იქაურს ხალხს ისე კარგად ამყოფებს, როგორც არსად ევროპაშიო.
ემილ დე-ლაველე, მოგვითხრობს რა ამბავს ხიზნობის მაგვარ წესისას, რომელიც იტალიაში ლიველლოს ეძახიან, ამბობს:
„იმის მაგიერ, რომ ამისთანა წესს ამოკვეთას უქადიან, უფრო კარგი იქნებოდა, რომ იგი დაარჩინონ და საყოველთაოდ გაავრცელონ, ოღონდ ფორმა საჭიროებას შეუწონონ და განაკარგონ...[1] იქ, სადაც ამგვარი ხმარება მიწისა დამკვიდრდა თავისთავად და ხალხს დაუმტკიცდა, როგორც ჩრდილო პორტუგალიასა და გრენინგენში, საქმე გვიჩვენებს, რომ მიწათმომქმედის კეთილდღეობასაც ჰშველებია და მიწათმოქმედების წარმატებასაცა“ [2].
გლადსტონი, ჯონ გრეი, ტორალდ როჯერსი და სხვანი მეცნიერნი და სახელმწიფო კაცნი ცოტაოდენის სხვადასხვაობით ამასვე ამბობენ ხიზნობის მაგვარის მფლობელობის შესახებ და არამცთუ ჰფიქრობენ ამის ამოკვეთას იქ, საცა არის, არამედ იქაც კი ჰრჩეობენ შეიტანონ, საცა არ არის.
ჩვენი ნათქვამი ხიზნობის თაობაზედ სრული არ იქნება, თუ ზედ არ დავუმატეთ აქაურის მთავრობის კაცთა და დაწესებულებათა აზრიცა. „ამიერ-კავკასიის საცენტრალო კომიტეტსა“, რომელსაც მინდობილი ჰქონდა ბატონ-ყმობის საქმე 1863 – 1864 წწ., მიეცა შემთხვევა და ჩამოუვარდა ლაპარაკი ჩვენებურს ხიზნობაზედ და აი ამის გამო რა წარმოსთქვა:
„Хизанское положение есть действительно одна из счастливых особенностей свободных поземельных отношений владельцев земли и живущих на ней поселян, в здешнем крае [3] “.
ჩვენ უკვე ვიცით წინა წერილებიდამ, რომ ხიზნობა მარტო ჩვენის ქვეყნის შვილი არ არის; იგი თითქმის ყველგან მოიპოვება და საცა კი არის, ყველგან იმ აზრისანი არიან ხიზნობაზედ, რომელიც ხსენებულმა კომიტეტმა წარმოსთქვა ჩვენში. ეს აზრი მით უფრო საგულისხმოა, რომ საკუთრივ ჩვენებურს ხიზნობაზეა წარმოთქმული.
XIV
ჩვენი წერილები ხიზნობის თაობაზედ სავსე არ იქნება, რომ არ მოვიყვანოთ ცნობანი მასზედ თუ, — სულ რამდენი კომლი ხიზანია საქართველოში, რამდენი მიწა უჭირავთ და რამდენი გადასახადი მოსდით დღიურ მიწაზედ და სხვა ამგვარი. ეს ცნობები მოგროვილია მთავრობისაგან[4] და შედგენილია სიები. ამ სიებიდამა სჩანს, რომ ტფილისის გუბერნიაში მემამულეთა მიწებზედ დგანან: გორის მაზრაში — 3250 კომლია, ბორჩალოსაში — 1123 კომლი, დუშეთისაში — 940 კომლი, ტფილისისაში — 449 კომლი, თელავისაში — 64 კომლი და სიღნაღისაში — 9 კომლი. ამას გარდა, სახასო მამულებზედ დგანან თელავისა და სიღნაღის მაზრაში — 354 კომლი. ამ-სახით, გარდა უმამულო ხიზნებისა, სულ — 5977 კომლი ხიზანია ტფილისის გუბერნიაში, განთავისუფლებულნი ყმები კი სულ 16425 კომლი იყო, ასე რომ ამ რიცხვის შედარებით ხიზნები 36% წარმოადგენენ; უმამულონიც რომ მივათვალოთ, სულ 6153 კომლი ხიზანი იქნება. ამ 6153 კომლიდამ, მანამ ბატონ-ყმობა გაუქმდებოდა, სულ — 4685 კომლი ხიზანი იყო და ბატონ-ყმობის გაუქმების შემდეგ 1468 კომლი ახალი ხიზანი მოემატა. ამ ხიზნებ შორის 3195 კომლი ნაყმევთაგანნი არიან და დანარჩენნი 2958 კომლი თავისუფალნი გლეხნი.
ამ რიცხვიდამ 1577 კომლი ხიზანი გადასახადს ფულად იხდიან. ამათგან არიან: 1. გორის მაზრაში სულ — 717 კომლია და უჭირავთ 156 დღიური სასახლე ადგილი და ვენახები და 8110 დღიური სახნავი და სათიბი მიწა. აქ, მთავრობის გამოკვლევით, თითო დღიურზედ ხიზანს წლის გადასახადი მოსდის შვიდ აბაზ-უზალთუნი, გარდა სახლის ადგილისა და ტყისა და საძოვრისა. სასახლის ადგილზედ დღიურზედ სამი მანეთია, და ტყისა და საძოვრისათვის კომლზედ ხუთი მანეთი ორთა-შუა რიცხვით. 2. დუშეთისაში — 261 კომლია, უჭირავთ 80 დღიური სასახლის ადგილი და 1860 დღიური სახნავ-სათიბი. აქ დღიურს სასახლის ადგილზედ მოსდით სამი მანეთი, ტყისა და საძოვრისათვის კომლზედ ოთხი მანეთი, და დღიურ სახნავ-სათიბზედ ერთი მანეთი, ათი შაური და ცხრა კაპეიკი. 3. თიანეთისაში — 178 კომლია, უჭირავთ სასახლის ადგილი 34 დღიური და 1284 დღიური სახნავ-სათიბი; სასახლის ადგილზედ მოსდით სამი მანეთი დღიურზედ, ტყისა და საძოვრისათვის ოთხი მანეთი კომლზედ, და დღიური სახნავ-სათიბზედ მანეთი და ორ შაურ-ნახევარი. 4. ტფილისისაში — 113 კომლია, უჭირავთ 50 დღიური სასახლის ადგილი და 950 დღიური სახნავ-სათიბი; სასახლის ადგილზედ მოსდით დღიურზედ სამი მანეთი, ტყისა და საძოვრისათვის კომლზედ ხუთი მანეთი, და დღიურ სახნავ-სათიბზედ ერთი მანეთი, სამ აბაზ-უზალთუნი და ორ-კაპეიკ-ნახევარი. 5. ბორჩალოსაში — 308 კომლია, უჭირავთ 140 დღიური სასახლის ადგილი და 5212 დღიური სახნავ-სათიბი. სასახლის ადგილზედ მოსდით დღიურზედ სამი მანეთი, ტყისა და საძოვრისათვის კომლზედ ხუთი მანეთი, დღიურ სახნავ-სათიბზედ ერთი მანეთი და სამი შაური.
ამ სახით, გამოდის, რომ 1577 კომლს, რომელიც მამულის გადასახადს ფულად იხდის, უჭირავს 460 დღიური სახლ-კარის და ვენახების ადგილი, და სახნავ-სათიბი მიწები 17816 დღიური. გადასახადი მოსდით სახლ-კარის დღიურ ადგილზედ სამი მანეთი, ტყისა და საძოვრისათვის 4 – 5 მანეთამდე კომლზედ, და დესეტინა სახნავ-სათიბზედ ორ მანეთ და ხუთ შაურიდამ სამ მანეთ ცხრა შაურამდე. აქ კომლზედ სახნავ-სათიბი მიწა თითქმის 111⁄2 დღიური მოდის, და თითქმის ერთი მესამედი დღიურისა — სახლ-კარისა და ვენახების ადგილი.
დაგვრჩა კიდევ მოსაყვანი ცნობანი იმგვარის ხიზნების თაობაზედ, რომელნიც შერევნილ გადასახადს იხდიან: ტყისა, საძოვრისა და სახლ-კარის ადგილისათვის ფულად, თუ ბეგარითა, სახნავ-სათიბსა და ვენახებისათვის — ღალასა და კულუხსა. ტფილისის გუბერნიას რომ გავათავებთ, შემდეგ მოგვიხდება მოვიყვანოთ ამგვარივე ცნობანი ქუთაისის გუბერნიის შესახებ. ვეცდებით შემდეგს ნომერში ყოველი ეს შევასრულოთ.
XV
უფრო მომეტებული ნაწილი ხიზნებისა ტფილისის გუბერნიაში შერევნილს გადასახადს იხდიან. ამისთანა ხიზნები 4400 კომლია, რომელნიც ტყისა და საძოვრისათვის იხდიან 4 – 5 მანეთამდე კომლზედ, და სახნავ-სათიბ მიწებზედ და ვენახებზედ ღალასა და კულუხსა სხვადასხვა ადგილას სხვადასხვა ზომით. ამგვარნი ხიზნები არიან:
1. გორის მაზრაში 2455 კომლი. ამათ უჭირავთ სახლ-კარის ადგილი 498 დესეტინა, სახნავი 9527 დესეტინა, სათიბი 168 დესეტინა და ვენახები 8 დესეტინა. ამათში 94 კომლი იხდის წინანდებურ ღალასა და კულუხსა ერთს მეექვსედს ნაწილს მოსავლისას; 194 კომლი იხდის ერთს მეხუთედს, და დანარჩენები ან მეოთხედს იძლევიან, ან დღიურზედ ორ კოდნახევრიდამ სამ კოდამდე[5]; აქ თითო კომლზედ მოდის თითქმის ერთი მეხუთედი დღიურისა სახლ-კარის ადგილი და ოთხ-ოთხ დღიურზედ ცოტა მეტი სახნავ-სათიბი. ღალა და კულუხი მოსდით არა ნაკლებ ერთის მეექვსედისა და არა უმეტეს ერთის მეოთხედისა მოსავლიდამ.
2. დუშეთისაში — 651 კომლია. ამათ უჭირავთ 82 დესეტინა სახლ-კარის ადგილი, ვენახები 54 დესეტინა, სახნავ-სათიბი 2340 დესეტინა. ორთა-შუა რიცხვით კომლზედ ექვს-ექვსი დღიური და ცოტა მეტი მიწა მოდის. აქ მარტო 21 კომლი იხდის ღალად მოსავლის ნახევარსა და დანარჩენები არა უმეტეს ერთის მეოთხედისას იხდიან, ბეგარის გარდა.
3. თიანეთისაში 142 კომლია. აქ, ჩვენდა სამწუხაროდ, მთავრობის მიერ შედგენილ სიაში არ არის მოყვანილი, შერევნილ გადასახადის მხდელთ ხიზნებს რაოდენი მიწა უჭირავთ და გადასახადის თაობაზედ-კი დანიშნულია, რომ ღალა ერთს მეოთხედს მოსავლისას არ აღემატებაო და საძოვრისათვის კი გადასახადად ერბოა დაწესებულიო[6].
4. ტფილისისაში 336 კომლია. ამათ უჭირავთ 35 დესეტინამდე სახლ-კარის ადგილი. 12 დესეტინამდე ვენახები და 751 დესეტინა სახნავ-სათიბი მიწა. აქ თითო კომლზედ მოდის თითქმის თითო მეხუთედი სახლ-კარის მიწა და თითქმის ხუთ-ხუთი დღიური სახნავ- სათიბი. ღალად ერთი მეოთხედია მოსავლისა.
5. ბორჩალოსაში 815 კომლია. ამათ უჭირავთ 1041⁄2 დესეტინა სახლ-კარის ადგილი და 3603 დესეტინა სახნავ-სათიბი. აქ კომლზედ მოდის თითქმის ერთი მეოთხედი დღიურისა სახლ- კარის ადგილი და თითქმის რვა-რვა დღიური სახნავ-სათიბი. ღალას ერთ მეათედს მოსავლისას იხდის 79 კომლი, ერთს მეექვსედს ორი კომლი, ერთს მეხუთედს 17 კომლი და დანარჩენები კი ერთს მეოთხედსა.
ამ სახით, მთავრობის მიერ შეკრებილ ცნობებიდამ სჩანს, რომ ტფილისის გუბერნიაში, საცა ღალას ფულად იხდიან, იქ დესეტინაზედ მოდის ორ მანეთ და ხუთ შაურიდამ სამ მანეთ და ცხრა შაურამდე; საცა ხიზნები მოსავლის წილზედ არიან, ეგ წილი ერთი მეათედიდამ ერთ მეოთხედამდე ადის. უფრო ხშირი და გავრცელებული ერთი მეოთხედია და მთელს გუბერნიაში მარტო 21 კომლია ნახევრის მძლეველი, 79 კომლი ერთის მეათედისა, 2 კომლი მეექვსედისა, 17 კომლი მეხუთედისა და დანარჩენი მეოთხედისა. სულ, რაც მამულების მჭერელნი ხიზნები არიან, ფულად მხდელნი თუ შერევნილის გადასახადისა, ტფილისის გუბერნიაში შეადგენენ 5977 კომლსა, ამათ უჭირავთ 1023 დესეტინა სახლ-კარისა და ვენახების ადგილი და სახნავ-სათიბი 25097 დესეტინა. ორთა-შუა რიცხვით კომლსა ჰხვდება 408 ოთხკუთხედი საჟენი სახლ-კარის მიწა (ვენახებსაც შიგ ვანგარიშობთ) და რვა-რვა დღიური და ერთი მეექვსედი სახნავ-სათიბი.
XVI
ქუთაისის გუბერნიაში სულ 2532 კომლი ხიზანი ითვლება. ამათგან არიან: ქუთაისის მაზრაში — 97 კომლი, შორაპნისაში — 261, ოზურგეთისაში — 117, რაჭაში — 19, სენაკისაში — 139, ზუგდიდისაში — 1718, ლეჩხუმისაში — 181 კომლი. თუ სახეში მივიღებთ, რომ ქუთაისის გუბერნიაში 44000 კომლი ნაყმევი ითვლებოდა, გამოვა, რომ ხიზნები აქ 6% ნაყმევთა რიცხვისას შეადგენენ. ამ 2532 კომლს ხიზანში ნაყმევნი არიან 2184 კომლი და 338 კომლი თავისუფალი გლეხი. ბატონ-ყმობის გაუქმებამდე 1169 კომლი ხიზანი ყოფილა, მას მერმეთ დახიზნებულან კიდევ 1025 კომლი.
ქუთაისის გუბერნიის ხიზნებ შორის 919 კომლი იმისთანანი არიან, რომელთაც თავიანთ ნაბატონართაგან საკომლო (надел) მიღებული აქვთ დებულების ოქმითა და გარდა ამისა ხიზნობის წესზედ სხვისი მამულებიც უჭირავთ, და 74 კომლი იმისთანა, რომელთაც ნასყიდი მამულები აქვთ და სხვისი მიწებიც უჭირავთ, და დანარჩენნი 1263 კომლი კი წმინდა ხიზანია. ამ უკანასკნელთაგანი ქუთაისის მაზრაში 63 კომლია, შორაპნისაში — 125, ოზურგეთისაში — 20, რაჭაში — 10, სენაკისაში — 110, ზუგდიდისაში — 892 და ლეჩხუმისაში — 52 კომლი.
რაც შეეხება მას, თუ რაოდენი მიწები უჭირავთ ხიზნებს, ამაზედ მთავრობის წერილი ამბობს, რომ რადგანაც ქუთაისის გუბერნიაში დიდი ვიწროობაა და მამული ძვირად ჰფასობს, ხიზნების საკომლონი დიდები არ არიანო. ორთა-შუა რიცხვით თითო კომლს ხიზანს მოსდის სახლ-კარის ადგილი არა უმეტეს ერთი ქცევისა[7] და სახნავ-სათიბი არა უმეტეს ხუთის ქცევისა. ფულად გადასახდელს ძალიან ცოტანი იხდიან, ისიც მარტო ზუგდიდის მაზრაში და კომლზედ მოდის 20 – 30 მანეთამდე წელიწადში. უფრო მომეტებული ნაწილი ხიზნებისა მიწის მოსავალს იხდიანო, ერთი მეოთხედიდამ ერთ ნახევრამდე მოსავლიდამაო, გარდა ამისა სახლ-კარისათვის ქცევაზედ სამს მანეთს, და ოთხს მანეთს ტყისათვისაო. სამეგრელოში უფრო ხშირია ერთი მესამედი მოსავლისა ღალად და იმერეთში ერთი მეოთხედიო. გარდა ამისა ბეგარას იხდიანო რამდენსამე დღეს წელიწადში.
აი ცნობები, რომელიც თითონ მთავრობამ შეჰკრიბა და, სამწუხაროდ ჩვენდა, არ ვიცით, რა გზით არიან შეკრებილნი ეს ცნობანი; რა აზრი და საბუთი წაუმძღვარებიათ ხიზნების გასარჩევად სხვა მეკომურთაგან; ყველა სხვისა მიწის მხმარებელი მიუღიათ ხიზნად, თუ მარტო იგინი, ვინც ხიზნობის მართალ წესზედ დაბინავებულან სხვის მიწაზედ. ამიტომაც ძნელია თქმა, რამოდენად მართალია იგი რიცხვი ხიზნებისა, რომელიც აღნიშნულია მთავრობის სიაში. ამ რიცხვის სიმართლეზედ ბევრი რამ არის დამოკიდებული, ამას თქმა არ უნდა. მაინცდამაინც ეს კი გულდაჯერებით შეგვიძლიან წარმოვსთქვათ, რომ ხიზნები იმა რიცხვზე შესაძლოა ნაკლები იყოს და არასგზით მეტი კი არ იგულისხმება. ეს აშკარად საფიქრებელია, რადგანაც ხიზანთა შორის იმისთანანიც არიან მოხსენებულნი, მაგალითებრ, ქუთაისის გუბერნიაში, რომელნიც ხიზნად ძნელი ჩასათვლელნი არიან, იმიტომ რომ იქ ხიზნებში მოჰყოლიან ისინიც, ვისაც საკომლო მამული აქვთ ნაბატონართაგან და თავის საკუთარიცა, და ამასთან სხვის მიწასაც ჰხმარობენ სახნავად. რაკი ცნობების შემკრებელთ ერთი და იგივე აზრი არ წაუმძღვარებიათ იმის თაობაზედ თუ, — ვინ არის ხიზანი და ვინ არა, სარწმუნოდ საგულისხმოა, რომ ხიზანთა რიცხვში ზოგმა იმისთანანიც მოაქცია, რომელნიც სხვის მიწას ხმარობენ არა ხიზნობის წესითა, არამედ საღალეთა, იჯარითა და მებრვე სხვა წესითა.