top of page

ისევ კახეთის რკინისგზის საკითხზე

  • Writer: nino otiashvili
    nino otiashvili
  • Jan 1, 2024
  • 5 min read

ტფილისი, 13 თებერვალი, 1893 წელი.


ამ უკანასკნელ ხანებში დიდი ლაპარაკია ჩვენ ქართველთა შორის კახეთის რკინისგზის გამო. ამბობენ, არიან იმისთანანიცა, რომელნიც ყოველ ღონისძიებას ჰხმარობენ, რომ ამ საქმეზე თავად-აზნაურობას გული ააყრევინონ და ხელი ააღებინონ. ამისათვის, ვინ იცის, ხან რა საფრთხუნალს იგონებენ თურმე, ხან რას, — აი დავიღუპებით, აი მამულები დაგეყიდებათ, აი ეს მოგივათ, ის მოგივათ, თუ ამ საქმეს თქვენ მოჰკიდეთ ხელიო.


ამ ენით მითქმა-მოთქმას ზედ დაერთო კალმით მითქმა-მოთქმაცა. არც აქაურმა რუსულმა გაზეთებმა ყური მოუყრუეს ამ საქმეს და ხშირი საუბარი გამართეს. ზოგი უწონებს თავად- აზნაურობას, რომ ძლივს თვალი გამოახილე და შენი ქვეყნისათვის საჭირო საქმეში თაოსნობა გამოიჩინე და გსურს შენი ქვეყნის საქმე შენვე ჩაიგდო ხელშიო. ზოგი-კი სასაცილოდ იგდებს თავად-აზნაურობას, არა, ვინ შენ და ვინ ამისთანა საქმეო; შენ ამისთვის არც ჭკუა გაქვს, არც ცოდნა, არც ფული და რას ეჩრები არამკითხე მიამბესავითაო.


ღმერთმა მშვიდობა მისცეთ ყოველ ამათ. ჩვენ ამისთანა მითქმა-მოთქმას არ უნდა ავყვეთ, ჯერ იმიტომ — რომ უნდა ვიგულისხმოთ, რათა ყოველივე ის, მოწონებაა თუ ძაგება, ჭეშმარიტის გულისტკივილისაგან მოსდით მომწონთაც და თავად-აზნაურთა სასაცილოდ ამგდებთაც; მერმე იმიტომ, რომ ბევრწილად შესანდობარია გულუბრყვილო არ-ცოდნა საქმისა და ჟინი ტყუილ-უბრალო ლაპარაკისა, თუ წერისა. ჩვენი დღევანდელი სურვილი მარტო ის არის, რომ, ჩვენის შეძლებისამებრ, მკითხველს გავაგებინოთ, რა საგანი ექნება განსახილველად ეხლანდელ საგანგებო კრებას ბანკისას, გუბერნიის თავად-აზნაურთა კრებისაგან გამოწვეული.


კარგა მოგეხსენებათ ყველას, რომ დიდი ხანია თავად-აზნაურობა ტფილისის გუბერნიისა შუამდგომლობდა მთავრობის წინაშე, რომ კახეთში რკინისგზა გატარებულიყო. გუბერნიის მარშლის მეცადინეობით შარშან ეს შუამდგომლობა მთავრობისაგან პატივდებულ იქმნა და მთავრობამ საჭიროდ დაინახა კახეთში რკინისგზის გაყვანა. მთავრობამ აუწყა გუბერნიის მარშალს, რომ, თუ სხვათა შორის თავად-აზნაურობაც მოისურვებს ეს საქმე თითონ იკისროს, თითონ გაიყვანოს გზა და თითონ ისარგებლოს ამ გზის შემოსავლითა, თავის დროზე გვაცნობეთ თქვენი აზრი ამაზედა და ზედ დაურთეთ თქვენი პირობებიო, რა სახით და როგორ გინდათ ამ საქმის შესრულებაო.


ამ რკინისგზის საქმისათვის გუბერნიის თავად-აზნაურობას ცალკე კომისია ჰყვანდა ამორჩეული. როცა ხსენებული უწყება მთავრობისაგან მოვიდა, გუბერნიის მარშალმა მოიწვია კომისია, აცნობა განაჩენი მთავრობისა და მოჰკითხა: აბა ეხლა რა გზას დავადგეთო. კომისიას ამასთანავე მოხსენდა მთელი ვითარება ამ საქმისა, ყოველივე ეუწყა, რაც-კი გამოძიებული და გამორკვეული იყო ამ საქმის შესახებ და რამაც დაარწმუნა თითონ მთავრობა, რომ ეს გზა ფრიად საჭიროა და გამოსარჩენიც გამკეთებელისა და პატრონისათვის. კომისიაში გრძელი საუბარი გაიმართა, აქედამაც სინჯეს ეს საქმე, იქიდამაც, და ბოლოს იმაზე დადგნენ, რომ თუ სასურველია დასაბუთებული, წინდახედული და მართებული პასუხი მივცეთ მთავრობას, ყოველთ უწინარეს საჭიროა ვიცოდეთ, რა ადგილებს უნდა მოვახვედროთ ეს გზა, რომ უფრო სასარგებლო იყოს ხალხისათვის. სად და როგორ უნდა გაიაროს გზამ, რა მანძილზე, და რა დაგვიჯდება, ვიდრე ეს და სხვა ამის მსგავსი ცნობები კარგად გამორკვეული და გამოძიებული არ გვექნება, წინათ ვერ ვიტყვით, ვიკისროთ თუ არა ამ გზის საქმე ჩვენაო.


ამიტომაც კომისიამ დაადგინა, მიუხედავად იმისა, ჩვენ გავაკეთებთ ამ გზას თუ სხვა ვინმე, ჯერ ის გადავწყვიტოთ, საჭიროა თუ არა ხსენებული ცნობების შესაკრებად გამოძიება მოვახდინოთო. კომისიამ, შემდეგ დიდი ბაასისა, საჭიროდ დაინახა, ჯერ, მინამ გზის გაკეთების თაობაზე ვიტყოდეთ რასმე, უნდა გამოძიება მოვახდინოთო. ამ გამოძიებას, რასაკვირველია, ხარჯი უნდა. გამოირკვა, რომ ათას ხუთასი თუმანი საკმაო იქნება გამოძიებისათვის. კომისიამ დაადგინა, რომ ეს მისი გადაწყვეტილება საგუბერნიო თავად- აზნაურთა საგანგებო კრებას მოხსენდეს, რათა ამ კრებამ იშუამდგომლოს ბანკის კრების წინაშე, რომ ეს ათას ხუთასი თუმანი ბანკმა გაიღოს.


საგუბერნიო კრებამ ეს განაჩენი კომისიისა შეიწყნარა და დაადგინა, ვთხოვოთ ზედამხედველ კომიტეტს მოიწვიოს საგანგებო კრება ბანკისა, რათა მან ნება დართოს ბანკს ეს ათას ხუთასი თუმანი ხსენებულ საქმისათვის გადადებულ იქმნას. ზედამხედველმა კომიტეტმა ამის შესახები ქაღალდი გუბერნიის მარშლისა გადასცა ბანკის გამგეობას, — თქვენ რას იტყვით ამ საგანზე, თქვენი აზრი გვაუწყეთო.


გამგეობას არ უნდა გასჭირებოდა პასუხის მიცემა, რადგანაც გუბერნიის მარშლის ქაღალდში მოკლედ და მკაფიოდ იყო დაყენებული საქმე: იგი აუწყებდა კომიტეტს, რომ გუბერნიის თავად-აზნაურობა შუამდგომლობს, ათას ხუთასი თუმანი ბანკმა გაიღოს კახეთის რკინისგზის გამოძიებისათვის, და ამისათვის გთხოვთ მოიწვიოთ საგანგებო კრება ბანკისა და ეს შუამდგომლობა წარუდგინოთ. აქედამა სჩანს, რომ საგანი ბ-ნ მარშლის ქაღალდისა ბანკის საგანგებო კრების მოწვევაა და ათას ხუთას თუმნის გაღება. რადგანაც ასევე მოკლედ იყო ქაღალდი თვით ზედამხედველ კომიტეტისაც გამგეობის მიმართ და არ იყო დასახელებული საკუთრივ, რა საგანზედ ითხოვდა კომიტეტი აზრს ბანკის გამგეობისას, ამ უკანასკნელმა მისწერა, რომ ჩვენ ამ საქმეში უსათუოდ ეს გვეკითხებაო: კანონი ნებას გვაძლევს ამნაირ საქმისათვის ფულის გაღებას და, თუ ნებას გვაძლევს, გვაქვს ამისათვის ფული თუ არაო! მარტო ამ ორ საკითხავზე უპასუხა ბანკის გამგეობამ და შეუთვალა, კანონიც ნებას გვაძლევს და ფულიც მოსახერხებელია; სხვა რაც შეეხება თითონ გზის გამოძიებას, ამაზე ბანკის გამგეობა ვერას იტყვისო, რადგანაც არც გუბერნიის მარშალის ქაღალდში, არც ზედამხედველ კომიტეტისაში, ამ საგანზე სიტყვაც არ არის ჩამოგდებულიო.


ზედამხედველმა კომიტეტმა განაჩინა, უარი ეთქვას გუბერნიის თავად-აზნაურობას ათას ხუთას თუმანზეო და ეს ჩვენი აზრი ბ-ნ მარშლის შუამდგომლობასთან ერთად წარედგინოს საგანგებო კრებას ბანკისასაო, რომელიც კომიტეტში მოიწვია ამ 14 თებერვლისათვის.


ამ სახით დღეს საგანგებო კრებამ მარტო ეს უნდა განიხილოს: მიეცეს თუ არა ბანკიდამ ათას ხუთასი თუმანი, რათა გუბერნიის თავად-აზნაურობამ რკინისგზის გასაყვანად კახეთში საჭირო გამოძიება მოახდინოს ამ ფულით, მიუხედავად იმისა, თითონ იკისრებს ამ გზის კეთებას, თუ სხვას ვისმე დაეთმობა. მაშასადამე აქ არაფერი მოსატანია და ყოვლად უადგილოა წინასწარი მითქმა-მოთქმა, რომ გზას ვერ გააკეთებთ, არ შეგიძლიანთო და სხვა ამისთანა. ეგ გამოძიება თავისთავად საჭიროა და აუცილებლად საჭიროა მაშინაც-კი, თუნდ რკინისგზა სხვას დარჩეს გასაყვანად და არა თავად-აზნაურობასა.


საჭიროა, ჯერ იმიტომ, რომ მარტო ეს გამოძიება შეგვატყობინებს, რა გონებრივი და ქონებრივი ძალ-ღონეა საჭირო, რომ თავად-აზნაურობამ ეგ კახეთის რკინისგზა თითონ იკისროს გასაყვანად. მარტო ამ გამოძიების შემწეობით დავინახავთ სიმძიმეს საქმისასაც და იმასაც თუ, რა ღონე უნდა შეეწონოს ამ სიმძიმეს. უამისოდ ყოველი წინასწარი მითქმა- მოთქმა ამ რკინისგზის გაკეთების და მოგება-წაგების შესახებ სიზმარია უსაქმურ კაცისა, ისე, ენის მოსაფხანად გამოსაყენებელი, და სიბრძნეც თავად-აზნაურობისა იმაში გამოჩნდა, რომ ეს საკითხი: იკისროს მაგ რკინისგზის გაყვანა თუ არა, — სამერმისოდ დააგდო და არა ეხლავ, გამოუძიებლად, გამოურკვევლად გადასწყვიტა ასე თუ ისე.


ეს ერთი. მეორე, ეგევე გამოძიება საბუთს მოგვცემს იმისას თუ, რამოდენად გამოსაჩენი იქნება თავად-აზნაურობისათვის, რომ ეგ რკინისგზა გააკეთოს და ამოქმედოს თავისით. ვინ იცის? იქნება ეგ გზა ერთ იმისთანა ულეველ წყაროდ ქონებისად შეექმნას თავად- აზნაურობას, რომ მით თავის საკუთარს და ქვეყნის საზოგადო საჭიროებას ცოტად თუ ბევრად გაუძღვეს და ნუთუ საშვილიშვილოდ სანანური არ გაუხდება, რომ ამისთანა საქმისაგან ხელცარიელი დარჩეს? განა ქალაქელები ეხლა თავში არ იცემენ, ეს კონკა ხელიდამ როგორ გაუშვით და სხვას მიეცით საჭმელადაო. ტფილისელებს რომ ჭკუა ეხმარათ და ამ კონკის საქმის გამოსაძიებლად წინათვე დაეხარჯათ რამე, დღეს თავში საცემად საქმე არ გაუხდებოდათ. რად უნდა მოვეკიდნეთ კახეთის რკინისგზის საქმეს ეგრე ბავშვურად, ეგრე უთავბოლოდ, რომ გამოუძიებლად ავიღოთ, გულზე ხელები დავიკრიფოთ და ვიძახოთ, რა ჩვენი საქმეაო. რაკი თითონ საქმემ ჩვენკენ მოიხედა, რაკი შესაძლოა ეგ საქმე ჩვენ ხელთ ვიგდოთ, ნუთუ სასახელო იქნება ათას ხუთას თუმნის გულისათვის კარზე მომდგარი ბედი უკან გავაბრუნოთ და საშვილიშვილოდ საწყევარად გავიხადოთ თავი? აკი მოგახსენებთ, ეგ იმისთანა საქმეა, რომ შესაძლოა მაგ საქმიდამ ჩვენს სიღარიბეს წამალი რამ დაედოს, და ნუთუ ეს შესაძლოობა გამოუძიებლად, უსაბუთოდ, უნდა უარ-ვყოთ?

გვეტყვიან: ეგ ძალიან კარგი, თუ გამოძიებამ დაგვანახვა, რომ ღონითაც შევწვდებით მაგ საქმეს და გამორჩენაც გვექნება, მაშინ ეგ ათას ხუთასი თუმანი დაკარგული არ იქნება; ხოლო მაშინ რაღას იტყვით, თუ გამოძიება გამოარკვევს, რომ ვერც გზის კეთებას შევწვდებით და ვერც გამორჩენის იმედს ვიქონიებთ, მაშინ ხომ ეგ ფული წყალში გადაყრილი იქნებაო?


რას იტყვის გამოძიება, რა მხრივ დაგვანახვებს საქმეს, — ჩვენ ამაზე წინათვე ვერას ვიტყვით. ვთქვათ კიდეც რომ რკინისგზა ჩვენ ვერ ვიკისრეთ, — მაშინაც, ჩვენის ფიქრით, ეგ ფული დაკარგული არ არის. რაც გინდ იყოს, გამოძიება ხელთ მოგვცემს საკმაოდ სარწმუნო საბუთს ვიშუამდგომლოთ მთავრობის წინაშე, რომ გზა მოახვედრონ იმ ადგილებს, რომელნიც ჩვენთვის სასურველია და ქვეყნისათვის უფრო მომეტებულად სახეირო. იმედია რომ, — სხვას ჩაუვარდება ეგ გზა ხელში, თუ ჩვენ შეგვრჩება, — მთავრობა მაგ დასაბუთებულ შუამდგომლობას უყურადღებოდ არ დასტოვებს. სხვას ყველაფერს თავი დავანებოთ, განა ეს დიდი საქმე არ იქნება მარტო თავისთავად? მაგ ათას ხუთას თუმანით, რომ თუნდ მარტო ეგ სურვილი ავისრულოთ, გზას ქვეყნისათვის სახეირო მიმართულება მივცეთ, ნუთუ ამისათვის დახარჯული ფული დაკარგვაა ფულისა?


ჯერ მარტო ეს რომ მივიღოთ სახეში, მარტო ამ მხრით რომ შევხედოთ თავად-აზნაურობის მეცადინეობას, ეგეც საკმაო ზნეობრივი საბუთია, რომ თავად-აზნაურობმ ეგ ფული შესწიროს ქვეყანასა და ხალხსა. განა ამით თავად-აზნაურობა თავის პატიოსან დანიშნულებას არ აასრულებს ქვეყნის წინაშე? ნუთუ თავად-აზნაურობას ჰგონია, რომ ქვეყნისა და ხალხისათვის გაწირვა რისამე და ამით ხალხის გულის მოგება, ხალხში კეთილად ხსენება, ხალხში აბრუს გაძლიერება მისთვის არაფრის მაქნისია? ყოველივე ეს იგი ღონეა, რომლის მეოხებითაც თავად-აზნაურობა თავის არსებობის მიზეზსაც ნათლად დაანახვებს ხალხს და თავის ბედნიერების, შემძლებლობის ბურჯსაც მკვიდრად ააგებს. ეს ისეთი ფასდაუდებელი განძია, რომ მის მოსაპოებლად ათას ხუთასი თუმანი-კი არა, არაფერი არ უნდა დაზოგოს თავად-აზნაურობამა, რომელმაც სულ ყოველთვის გულში უნდა იქონიოს, რომ მარტო ამ გზით და სხვა არაფრით არ შეუძლიან გაუძლოს ამ წუთისოფლის ბედის ტრიალსა და მრავალგვარ საჭირბოროტოდ ზედმოსევასა.

bottom of page