top of page

„თერგდალეულნი“ და ახალი თაობა

  • Writer: Tata Tibilovi
    Tata Tibilovi
  • May 16, 1888
  • 10 min read

„ივერიის“ წარსულს N-ში დაბეჭდილი იყო ბ-ნ ნ. გ - ლის წერილი, რომელსაც შეუძლებელია ყურადღება არ ვათხოვოთ, რადგანაც ეს წერილი ეხება მრავალს საგულისხმო და თან სავალალო საგანს ჩვენის ცხოვრებისას. ბ-ნი ნ. გ - ლი, რომელსაც კვალდაკვალ თვალი არ უდევნებია ჩვენის ვითარებისათვის, ადარებს ერთმანეთს ორს თაობას, ძველსა და ახალსა, და ორს ხანას ჩვენის მწერლობისას. ერთის სიტყვით, ავტორი ეხება ისეთს საგნებს, რომელთაც შეუძლებელია კაცმა გვერდზე აუაროს, თუ რომ ქვეყნის ავსა და კარგზე ზრუნავს და გული შესტკივა. მართლადაც, განა საინტერესო და საჭირო არ არის ვიცოდეთ, რა მოიღვაწა ძველმა ან ახალმა თაობამ, რამდენი ფეხის ნაბიჯი გადადგა წინ ან უკან ჩვენმა მწერლობამ, ჩვენმა ცნობიერებამ, რამდენად შევიმატეთ თუ შევისუსტეთ გონებითი და ზნეობითი ძალ-ღონე? დიაღ, ყოველივე ეს მეტად საყურადღებოა და ამიტომაც ჩვენ ვუძღვნით ჩვენს შენიშვნას ბ-ნის ნ. გ - ლის წერილს და თან ვისურვებთ, მკითხველმა ყურადრება ათხოვოს აღნიშნულს საგნებს. რა უნახავს, რა შეუნიშნავს ბ-ნს ავტორს წინად და ეხლა სამშობლო ქვეყანაში, რა აზრისა არის ძველსა და ახალს თაობაზე, ძველსა და ახალს მწერლობაზე? იხსენიებს რა ავტორი ძველს თაობას, ეგრედ წოდებულს თერგდალეულებს, ამბობს, რომ თერგდალეული მხნე და მამაცი, კარგად მომზადებული და დროების შესაფერად განვითარებული იყოვო. თერგდალეული აღიზარდა რუსულს მწერლობასა და მეცნიერებაზე და შეითვისა, შეიხორცა ნათელი აზრები რუსეთის განათლებულის საზოგადოებისა და ხელსავსე მოვიდა სამშობლო ქვეყანაშიო. „თერგდალეულმა ენა შეგვინახა, ცოტათი მაინც გაგვიმდიდრა და ქართულს ჭკუას, ზნეობას და მწერლობას ბევრმა სიმდიდრე შეჰმატა“. რა იყო მიზეზი თერგდალეულის გამარჯვებისა? თერგდალეულთა თაობაში „არ მოიპოვებოდა არც ძალიან დიდის, უზარმაზარის ჭკუის პატრონი, არც მეტისმეტად განათლებული კაცი... მაგრამ ძლიერი და გამარჯვებული იმიტომ გამოვიდა, რომ იმ დროის ნათელი აზრები მართლაც შეითვისა და განიხორციელა“. თერგდალეულმა მოგვცა, რისი მოცემა შეეძლო და გზა დაუთმო ახალს თაობას, რომელიც დღეს ჰმოქმედობს მწერლობასა და საზოგადოებაში. აქ იწყება ახალი ხანა ჩვენის ვითარებისა; სამწერლო თუ საზოგადო სარბიელზე გამოვიდა სულით და გულით ფუჭი და უღონო, გონებით გაუხსნელი და დროის შესაფერად მოუმზადებელი თაობა, რომლის შუბლის ბეჭედი „გულგრილობა და გულქვაობაა“. ამ თაობამ კარგად და საფუძვლიანად არა იცის რა, არც უცხო მწერლობა და მეცნიერება და არც საკუთარი ვითარებაო. ერთის სიტყვით, როგორც ხედავს მკითხველი, სურათი ჩვენის მწერლობისა და ცხოვრებისა სრულიად შეიცვალა და ჩვენც სრულიად დავქვევითდით. „განცვიფრებით ვუყურებ ადრინელს თერგდალეულებს და იმათს ნაყოფს - ამ ჟამის ახალ თაობას“, ბრძანებს 2 ავტორი და მართლაც რომ განსაცვიფრებელია ავტორის მიერ ნათლად დასურათებული გარემოება. ეხლა ვიკითხოთ, სად და რა არის მიზეზი ამ სამწუხარო გარემოებისა? თუ ეს ახალი თაობა ნაყოფია თერგდალეულებისა, როგორც ბრძანებს ავტორი, - როგორ მოხდა, რომ ყოველისფერით კარგმა თაობამ, რომელმაც „მართლა შეითვისა და განიხორციელა იმ დროის ნათელი აზრები, თუმცა მეტის-მეტად განათლებული არ იყო“, რომელმაც შემუსრა სიცრუით, სიბნელით და ფარისევლობით სავსე ოჯახი წინა თაობისა, შეარღვია ზღუდე უმეცრებისა, რომელმაც ენაც, ჭკუაც, ზნეობაც და მწერლობაც გაგვიმდიდრა და, სადაც ფეხი გადასდგა, ყოველგან და ყოველს საქმეს დაასვა „პატიოსნების ბეჭედი“, - როგორ მოხდა, რომ იმ თაობამ, რომელმაც თავისს „საყვარელსა უჩვენა საქმენი საგმირონია“, ვერ აღზარდა კარგი, მხნე და გონიერი თაობა, ან, უკეთ ვსთქვათ, აღზარდა ისეთი უშნო და გულსაკლავი თაობა, როგორიც დღევანდელია? ვიმეორებთ, სად არის იმის მიზეზი, რომ დღევანდელი თაობა, რომელსაც აღმზრდელად კარგი თაობა ჰყოლია, რომელსაც თვალწინ ჰქონდა და აქვს მართლა რომ მშვენიერი და მდიდარი, უფრო ადვილად ხელმისაწვდომელი რუსული და სხვა, თუგინდ საფრანგეთისა და გერმანიის, მწერლობა, ასე უძლური და უფერულია და არაფრით არა ჰგავს წინა თაობას? როგორ მოხდა, რომ ჩვენი ახალი თაობა დღემდის ვერ მიმხვდარა, „რას უნდა დაეღაუჭოს ხელით, ფეხით, სულითა და ხორცით“, რომ რუსულის მწერლობისა და ცხოვრების შესწავლა იმისთვის აუცილებლად საჭიროა და ვერა შეუძენია რა ვერც აქ, სამშობლოში, და ვერც უცხო ქვეყნებში. „საფრანგეთსა და გერმანიაში ნამყოფიც ბევრი მოიპოვება ჩვენს ახალგაზრდობაშიო, - ბრძანებს ავტორი, - მაგრამ ამათ ფრანგული და გერმანული რუსულს ენაზე უარესად იციანო. ეგ არის და! როდესაც მთელ ახალს თაობას აზრი არა აქვს, გინდ პეტერბურგში გაგზავნე, გინდ პარიზსა და გინდ ბერლინში, ვერსაიდგან ვერაფერს სარგებლობას ვერ გამოიტანსო...“ მიზეზი ჩვენის უთავბოლო ხეტიალისა ის არის, რომ ჩვენი ახალი თაობა უაზროა, უსაგნოაო...“ როგორც სჩანს ავტორის სიტყვებიდგან, ჩვენს ახალ თაობას საგანი ცხოვრებისა და ნათელი დედააზრი ვერც აქ, სამშობლოში უპოვნია და ვერც უცხო ქვეყნებში. ვგზავნით თვრამეტისა, ცხრამეტისა და ოცის წლის უსაგნო და უაზრო ყმაწვილებს უცხო ქვეყნებში საგნისა და დედააზრის საპოვნელად, მაგრამ სულ ამაოდ. სად უნდა შეიძინოს დედააზრი? რა მიზეზია, რომ აზრი ვერ გვიპოვნია ვერც შინ და ვერც გარეთ? ერთის სიტყვით, რამ დასეტყვა და დანაცრა ჩვენი გრძნობა-გონება, რა მიზეზია, რომ „რისხვით მობრუნდა ბორბალი ჩვენზედა ცისა შვიდისა“ და რა მიუვალი ქაჯეთის ციხე ყოფილა ეს ჩვენი ახალი თაობა, თუ რომ ვერც თერგდალეულების მაგალითმა და მოღვაწეობამ განსწმინდა და გააფაქიზა იმისი გრძნობა და გონება, სული და გული, ზნე და ხასიათი, და ვერც მდიდარმა უცხო მწერლობამ მოხიბლა იმისი თვალი? აი, სხვათა შორის, ის საკითხავი, რომელიც თავში გებადებათ, როცა ბ-ნი ნ. გ - ლის წერილს კითხულობთ. რამ დასეტყვა და დანაცრა ჩვენი ახალი თაობა? - ვიკითხეთ ჩვენ ზევით წერილის დასასრულში. აი, ის რთული საკითხავი, რომლის გამოცნობა მეტად საჭირო და საინტერესოა. ჩვენ აქ ვერ ვიკისრებთ ამ საკითხავის გადაწყვეტას და მხოლოდ გაკვრით აღვნიშნავთ იმ საშუალებას, რომლითაც, ვგონებთ, შესაძლო იქნება ცოტატი მაინც ნათელი მოვფინოთ საგულისხმო საგანს და ასე თუ ისე გადავსწყვიტოთ დადგენილი საკითხავი. წარსულსავე წერილში მოხსენებული იყო, რომ დღევანდელს თაობას, რომელიც სამწერლო თუ საზოგადო სარბიელზე ვარჯიშობს და მოქმედობს, ჰყავდა კარგად გაწვრთნილი და მომზადებული თაობა, თვალწინა ჰქონდა და აქვს გადაშლილი მდიდარი რუსული მწერლობა და ევროპის მწერლობა-მეცნიერება, გზა თავისუფალი ჰქონდა პეტერბურგისაკენ, პარიჟისა და ბერლინისაკენ, მაგრამ აქედგან არა გამოდნა რა, რადგანაც, როგორც ბ-ნი ნ. გ - ლი ბრძანებს, იგი ახალი თაობა უაზრო და უსაგნოა. ბ-ნ ნ. გ - ლთან ერთად ჩვენ აღვნიშნეთ ის ორი უმთავრესი ძალა, სახელდობრ, კარგად მომზადებული, გრძნობა-გონება განწმენდილი და გაფაქიზებული წინა თაობა და სხვადასხვა ერთა მდიდარი მწერლობა-მეცნიერება, რომელიც ჰქმნის ახალს თაობას. ეს ორი ძალა ხომ მართლა ისეთია, როგორადაც იმათ გვიხატავს ბ-ნი ნ. გ - ლი. მართლადაც, განა ვისმე ნება და საბუთი აქვს თერგდალეულების საზოგადო და სამწერლო მნიშვნელობა და უცხო მწერლობათა სიმდიდრე უარჰყოს, ან შეამციროს? დიაღ, ეს ორი ძალა მეტად შესამჩნევად მოქმედებს ყოველს ახალს თაობაზე, მაგრამ, როგორც ავტორის სიტყვებიდგანა სჩანს, ჩვენის ახალის თაობის სულისა და ხასიათის ჯიუტობას კი ვერ შეემკლავა. ახლა ნება გვაქვს ვიკითხოთ, რა იყო იმის მიზეზი, რომ ამ ორმა ძალამ შესაფერი ნაყოფი ვერ გამოისხა? განა შესაძლო არ არის ვიფიქროთ, რომ ჩვენის ახალის თაობის ვითარებაში კიდევ სხვადასხვა ძალა მოქმედებს? თუ ამგვარი ძალა არა ყოფილა, მაშინ საბუთი მოგვეცემა ვიფიქროთ, რომ ჩვენ დედის მუცლიდგან დაგვყოლია „გულქვაობა, გულგრილობა, უაზრობა, უსაგნობა“, ერთის სიტყვით, ყველა ის სენი, რომელიც ბ-ნს ნ. გ-ლს თავის წერილში აღუნიშნავს. მაგრამ ეს საბუთი ხომ ტყუილი საბუთი იქნებოდა, რადგანაც შეუძლებლია წარმოვიდგინოთ, რომ მთელი თაობა ბუნებითგანვე უნიჭო, გულქვა და გულგრილი იყოს; რომ მომიკვდინებელი სენი ბუნებითგანვე სისხლსა და ხორცში შეგვხიზნებოდეს. ჩვენის აზრით, მთელი თაობა შუათანა ნიჭისა, ჭკუისა და ხასიათისა მაინც უნდა იყოს, რადგანაც წარმოსადგენი არ არის, რომ სულსა და ხორცში დაბადებიდანვე დაგვბუდებოდეს ყოველგვარი მძიმე სენი. მაშასადამე, როცა ჩვენს ახალს თაობაზე ვლაპარაკობთ, მხედველობაში უნდა მივიღოთ არა ერთი ან ორი შემომქმედი ძალა, არამედ რამდენიმე, თუ გვინდა, რომ უტყუარი განაჩენი დავსდოთ და შევიგნოთ საკუთარი ვითარება. უნდა აღმოვაჩინოთ ყველა ის ძალა, რომელიც ავად თუ კარგად მოქმედებდა ჩვენს ახალს თაობაზე, ავწონ-დავწონოთ და გავზომოთ თვითოეულის სიღრმე და სიგანე და მხოლოდ მაშინ შევიტყობთ, თუ რამ დასეტყვა და დანაცრა ჩვენი ახალი თაობა ან ააყვავა და ზეციური მადლი შთაბერა სულსა და გულში. მაშინ იმასაც შევიტყობთ, თუ რა ძალა რა ზომისაა და რა მონაწილეობა მიუღია ახლის თაობის აღზრდასა და გაწვრთვნაში. როცა, მაგალითად, ახალს თაობაზე ვლაპარაკობთ, განა მარტო ის ორი ძალა - წინანდელი თაობა და უცხო მწერლობა უნდა ვიქონიოთ მხედველობაში? არა, ეს ყოვლად შეუძლებელია, რადგანაც ცხოვრებაში სხვა მრავალი ძალა მოქმედობს და დროზე არის დამოკიდებული ერთისა ან მეორის ზედმოქმედების სიღრმე და სიგანე. ეს სხვადასხვა ძალა ზოგჯერ თანაბრად მოქმედებენ და ერთი მეორეს ხელს უწყობს, ხან ერთი მეორეს ეწინააღმდეგება და გზაზედ ეღობება და აი სად არის მიზეზი ცხოვრების მოვლენათა რთულობისა და მრავალნაირობისა. ავიღოთ, მაგალითად, რომელიმე კერძო ადამიანი, ან კრებული ადამიანთა, საქმე, ჩავუკვირდეთ თვითოეულის ვითარებას და დავრწმუნდებით, რომ იმათს შექმნაში მოქმედობს მთელი საშინაო და საზოგადო ვითარება. იგივე ითქმის ჩვენს ახალს თაობაზე, რომლის ავი და კარგი დამოკიდებულია რამდენსამე ძალთა კრებულზე და ცხოვრების სხვადასხვა მიმდინარეობაზე. აი, ჩვენის აზრით, ის გზა, რომელიც გაგვიადვილებს ჩვენის ახალის თაობის ვითარების და ავისა და კარგის გამორკვევას; მხოლოდ ამ გზით შეგვიძლიან შევიგნოთ ზოგი რამ, რაიცა ბ-ნს ნ. გ - ლის სრულიად სამართლიანად შეუნიშნავს ჩვენს ახალს თაობაში. ჩვენ აქ არ შევუდგებით ამ ორს წერილში დადგენილის საკითხავის ვრცლად გამორკვევას; მხოლოდ ერთს გარემოებას ჩავუდგებით კვალში, სახელდობრ იმას, თუ რა მონაწილეობა აქვს ჩვენს ძველს თაობას ახალის თაობის შექმნასა და ვითარებაში და დღევანდელის მწერლობის ავკარგიანობაში. მეტისმეტად საინტერესოა გამოვარკვიოთ, თუ როგორ მოქმედობდა ძველი თაობა ახალზე და როგორ დაეტყო ეს ზედმოქმედება. ამისათვის ჩვენ ისევ ბ-ნ ნ. გ - ლის მივყვეთ და განვიხილოთ ზოგიერთი იმისი აზრი და შეხედულობა. ტფილისი, 19 მაისი ჩვენა ვსთქვით, რომ ჩვენის ახალთაობის შექმნაში მოქმედებდა რამდენიმე ძალა, სახელდობრ, მთელი საშინაო და საზოგადო ვითარება, საკუთარი და უცხო მწერლობა. თითოეულის ძალის გამოკვლევას ჩვენ აქ არა ვკისრულობთ. მხოლოდ ერთი ძალა გამოვყოთ იმ ძალათა კრებულიდგან და ამ ერთს ძალას ჩავუდგეთ კვალში. ხოლო ის კი უნდა ვაღიაროთ, რომ ეს რამდენიმე ძალა ზოგჯერ ერთმანეთს ხელს არ უწყობდნენ და თუ ამ აზრს მივიღებთ, მხოლოდ მაშინ შეგვიძლიან გამოვიცნოთ, რამ დასეტყვა და დანაცრა ჩვენი გრძნობა-გონება და რამ მისცა, ჩვენის ფიქრით, საბუთი ბ-ნს ნ. გ-ლს ისეთი გულსაკლავი აზრი შეედგინა ჩვენის ახალის თაობის შესახებ. ძველი თაობა, რომელსაც ეგეთის სიყვარულით და სიამოვნებით იხსენიებს ბ-ნი ნ. გ - ლი, აღზრდილი და განსწავლული იყო რუსულს მწერლობა-მეცნიერებაში და უცხო მწერლობაშიაც, ისიც რუსულის შემწეობით. მაშინ ჩვენი საზოგადოება ხომ გონებით ძალიან დაქვეითებული იყო და საკუთარის ვითარებისა თითქმის არა გაეგებოდა რა. ნასწავლმა თაობამ, გარდა იმისა, რომ მოჰფინა, რამდენადაც შეეძლო, ჩვენს ქვეყანაში საყოველთაო ნათელი აზრები, ხელი მიჰყო საკუთარს ვითარებას. ამ ორს საგანს ერთსა და იმავე დროს ემსახურებოდა და ამ ნათელის აზრების მიხედვით ჩაუკვირდა ჩვენს ცხოვრებას, აღმოაჩინა ზოგი იმისი ღირსება-ნაკლულევანება და ამით აღძრა იმ დროინდელი მიძინებული 5 საზოგადო აზრი. ვინც თვალხილული იყო და ყურთასმენა ჰქონდა, ყველამ შეიგნო, თუ რა იყო მიზეზი ჩვენის დაქვეითებისა, რა იყო ხელჩასაჭიდებელი და საზრუნველი. ასე თუ ისე საზოგადოებამ ცოტათი მაინც იგრძნო, რამდენად საჭიროა საკუთარის ვითარების გამორკვევა და შეგნება. ამის ნაყოფი იყო ისიც, რომ ჩვენმა მწერლობამ ხელი მიჰყო ძველის ვითარებისა და მწერლობის შესწავლასა. საზოგადოების ყურადღება და აზრი მიიპყრო იმანაც, რაიცა იმ დრომდე მივიწყებული და უკუგდებული იყო, და აი მაშინდელმა თაობამ ხელი ჩასჭიდა ამ მივიწყებულსა და საზოგადოებას მისდამი სიყვარული გაუღვიძა. გადაათვალიერეთ საუკეთესო ნაწერები იმ ძველის თაობისა და თქვენ დაინახავთ, რომ ჩვენი აზრი უსაბუთო და ქვიშაზე აშენებული არ არის. მას აქეთ თანდათან ძლიერდება საკუთარის წარსულისა და აწმყოს შესწავლა, რომლის მნიშვნელობა ვერავინ ვერ უარჰყოფს, რადგანაც ის მწერლობა უქმი და მკვდრად შობილია, რომელსაც საძირკვლად საკუთარის ვითარების შესწავლა არ დაუდვია. ეს საქმე მოიმოქმედა იმ ძველმა თაობამ და ეს არის, უმთავრესი იმისი სამსახური. მას აქეთ, როგორც ვსთქვით, დღითი-დღე იზრდება, თუმცა წყნარის ნაბიჯით, ის საძირკველი მწერლობისა და აი სად არის იმის მიზეზი, რომ ჩვენ თავს დავსტრიალებთ ჩვენს ღარიბს, ახლად ფეხადგმულს ლიტერატურას. ჩვენ აქ ვეცადეთ დაგვედგინა, რომ ეხლანდელი მწერლობა შთამომავალია იმ ძველის მწერლობისა და თუ ამ შთამომავალს უსაყვედურებს ბ-ნი ნ. გ - ლი ძველისა და ახალის მწერლობით გატაცებას, არც ის უნდა დაევიწყნა, რომ ეს დანაშაულობა ძველის, თერგდალეულთა თაობის საქმეა, ამიტომაც საბუთი არავისა აქვს სთქვას, ვითომ ახალის თაობის მწერლობას ნათესაობა არა ჰქონდეს ძველს მწერლობასთან. როგორც ჰხედავს მკითხველი, ძველის თაობის მწერლობამ თავისი ფერი დასდო ახალსაც, შესამჩნევი გავლენა იქონია ახალზე და ამ გავლენას ვერასგზით ვერ მივიჩნევთ მავნებელ გარემოებად. სამწუხარო მხოლოდ ის არის, რომ საკუთარის ვითარების საფუძვლიანად შესწავლა ჩვენში ნელის ნაბიჯით მიდის წინ. ამას ბ-ნი ნ. გ-ლიც ჰმოწმობს, როცა ამბობს, რომ რაკი ეხლანდელი თაობა უცხო ენაზე ლაპარაკში ყბას მოიღლის, მხოლოდ მაშინ წაავლებს ხელს ქართულს ენას, ვითარცა მდაბიო და სამასხარაო ენას, თუმცა „სიტყვით ყველგან ჰყვირის, რომ ქართულისთანა ტკბილი, ყურისათვის სასიამოვნო, მდიდარი და ყოვლად შემკობილი ენა მთელს ხმელეთზე არც დაბადებულა და არც დაიბადებაო“. თუ ჩვენ ქართულს ენასაც კი ამრიგად ვეპყრობით, რასაკვირველია, ყველა იმას უნდა ჩაგვჩიჩინებდეს: ისწავლეთ ქართული ენა და მწერლობა, გამოირკვიეთ საკუთარი ვითარება, თორემ უამისოდ მწერლობის წარმატება ყოვლად მოუხერხებელი და შეუძლებელიაო. მართლაც, ბ-ნს ნ. გ-ლს სამართლიანად შეუნიშნავს ქართულის ენისა და საკუთარის ვითარების ნაკლებად ცოდნა ჩვენის ახალთაობისათვის. მხოლოდ ის უნდა ვაღიაროთ, რომ ის ცოდნა ენისა და მწერლობისა, რამდენიც დღესა გვაქვს, უმთავრესად ისევ ძველის მწერლობის საქმეა, რაც გვაკლია, იმას ძველს მწერლობას დანაშაულებად ვერ ჩამოვართმევთ, რადგანაც ეს ნაკლი სხვა გარემოებათა საქმეა და არა ძველის მწერლობისა. ერთის სიტყვით, მწერლობა ყველგან ვერ მისწვდა და ვერ შეემკლავა ზოგიერთს საშინაო და საზოგადო გარემოებასა. აქედგან, ჩვენის აზრით, ცხადია, რომ ჩვენი ახალი თაობა, რომელსაც სჭირს ზოგიერთი სენი, ბ-ნ ნ. გ-ლის მიერ აღნიშნული, დაისეტყვა და დაინაცრა იქ, სადაც მწერლობა ვერა სწვდებოდა. 6 ჩვენთან ერთად ამ გარემოებას ბ-ნი ნ. გ -ლიც ჰმოწმობს, როცა შემდეგს ამბობს: „როდესაც მთელს თაობას აზრი არა აქვს, გინდ პეტერბურგში გაგზავნე, გინდ პარიჟსა და გინდ ბერლინში, ვერსაიდგან ვერაფერს გამოიტანს... მიზეზი უთავბოლო ხეტიალისა ის არის, რომ ჩვენი ახალი თაობა უაზროა, უსაგნოა...“ როგორც წინა წერილში ვსთქვით, სხვა ქვეყნებში უმეტესად ჯერ კიდევ ყმაწვილებს ვგზავნით, რომელთა ავი და კარგი უფრო სხვა ძალაზეა დამოკიდებული, ვიდრე მწერლობაზე. ტფილისი, 20 მაისი ჩვენ, ვგონებთ, საერთოდ ნათლად ვუჩვენეთ მკითხველს, რომ დღევანდელს ჩვენს მწერლობას უნდა ჰქონდეს და კიდევაც აქვს ნათესაობა წარსულ მწერლობასთან; რომ საფუძველი, დედააზრი ძველისა და ახლისა ერთი და იგივეა. ვგონებთ, ისიც ცხადია, რომ საფუძველი თანდათან იზრდება, თუმცა, როგორც წინათვე ვსთქვით, ჯერჯერობით ენა და მწერლობა იმდენად ვერ შეგვიმუშავებია, რამდენადაც საჭირო და სანატრელია. ამას ისიც დავუმატოთ, რომ, როგორც ბ-ნი გ-ლი ამბობს, ჩვენ ნაკლებად გაცნობილი და შეთვისებული გვაქვს, მაგალითად, რუსული მწერლობა და ცხოვრება. ხოლო ბ-ნ ნ. გ-ლის წერილიდგან არა სჩანს, რომლის არცოდნას უფრო სწამებს ავტორი ახალს თაობას, ქართულის მწერლობისას და ცხოვრებისას, თუ უცხოისას. ჩვენის აზრით, მეტად საჭიროა ეს საკითხავიც გამოვიძიოთ. ერთისა და მეორის მეტ-ნაკლებად ცოდნა ძლიერ ჰმოქმედობს ჩვენს ახალს თაობასა და მწერლობაზე. ბ-ნი ნ. გ-ლი ბრძანებს, რომ ახალი თაობა „მარტო ამ ჩვენს ღარიბს, ახლად ფეხადგმულს ლიტერატურას“ ჩასჭიდებია; თანაც გვეკითხება: „სხვები განა ჩვენს ახალ თაობასავით წამდაუწუმ მარტო თავის საკუთარს თხზულებებს დასტრიალებენო“, და ჰკვირობს, რომ ჩვენ უყურადღებოდა ვტოვებთ მდიდარს რუსულს მწერლობას, მაგრამ ამ სიტყვებიდგან მაინც ცხადად არა სჩანს, რა უფრო ნაკლებად ვიცით - ჩვენი საკუთარი მწერლობა და ცხოვრება თუ რუსული. ჩვენის აზრით კი ცხადია, რომ უცხო მწერლობა და ვითარება ბევრად უფრო კარგად ვიცით, ვიდრე საკუთარი. განა თვითეულმა განათლებულმა ქართველმა უცხო მწერლობა საკუთარზე უკეთ არ იცის, რადგანაც სწავლის დაწყებიდგანვე თვით დასრულებამდე უცხოსა სწავლობს და არა საკუთარს? ბევრს შეხვდებით, რომლებსაც გადაკითხული და გაცნობილი აქვსთ მთელი, მაგალითად, რუსული სიტყვაკაზმული ლიტერატურა, მაშინ როდესაც სრულად წაკითხული არა აქვსთ საუკეთესო ნაწერები ქართულის ლიტერატურისა. იგივე ითქმის უცხო და საკუთარს ისტორიასა და ცხოვრებაზედაც. ჩვენ აქ იმას კი არ ვამბობთ, ვითომ ჩვენ იმდენად კარგად ვიცით უცხო მწერლობა, რომ მეტი საჭიროც არ იყოს; პირიქით, ჩვენ იმ აზრისანი ვართ, რომ რუსულის მწერლობის შესწავლა და ცოდნა ჩვენთვის აუცილებლად საჭიროა, რომ რუსეთის ცხოვრება იმდენად საინტერესო და განსაკუთრებულის ხასიათისაა, რომ ორისავე შესწავლა ჩვენთვის აუცილებელს საჭიროებას შეადგენს. მართლაც, რუსეთი ყოველის მხრით იმდენად შესანიშნავია, რომ დაწინაურებული ევროპა, საიდგანაც რუსეთმა გადმონერგა საკუთარს ნიადაგზე სწავლა-მეცნიერება და საიდგანაც დღესაც ეზიდება წყალსა და ჯავარსა განათლებისას, ჰკვირობს რუსულის მწერლობის სიმდიდრეს და თავისებურობას. ჩვენც, რასაკვირველია, ზედმიწევნით უნდა გავიცნოთ რუსული მწერლობა 7 და აგრეთვე უნდა ვსცდილობდეთ, სხვა უცხო მწერლობაც შევისწავლოთ. ჩვენთვის ეს იმდენად აშკარა და ჭეშმარიტია, რომ მეტი ლაპარაკი საჭირო არ არის... ხოლო ჩვენი აზრი ის არის, რომ ყოველს სწავლასა და ცოდნასა საძირკვლად საკუთარის მწერლობისა და ვითარების ცოდნა უნდა დაედოს... ახლად ფეხადგმულმა საზოგადოებამ საკუთარი ვითარება უნდა შეისწავლოს... მაგალითად, თუ დიდმა და პატარამ ქართული ენა საკმარისად არ ვიცით, ცხადია, რომ ამ ენის შესწავლა ჩვენთვის აუცილებელი და უმთავრესი საგანია; თუ ეს ენა კარგად შევითვისეთ, მაშინ აშკარაა, უცხო ენასაც და მწერლობასაც უკეთ შევისწავლით. ჩვენის საუბრიდგან ცხადი უნდა იყოს, რომ ბ-ნი ნ. გ - ლი ტყუილად უსაყვედურებს ჩვენს ახალს თაობას გადაჭარბებულს გატაცებას საკუთარის მწერლობით და უყურადღებობას უცხო მწერლობისადმი, ჩვენის აზრით, არც პირველში გადაგვიჭარბებია იმ ზომამდე, რომ ვინმემ გვისაყვედუროს და არც მეორეში შეუძლიან ვისმე შეგვწამოს, ვითომ საკუთარს ქერქში გამოვხვეულიყოთ და სინათლისა გვეშინოდეს. ჩვენ კი იმ აზრისანი ვართ, რომ ერთისა და მეორის შესწავლა ჩვენთვის აუცილებლად საჭიროა, მხოლოდ იმ პირობით კი, რომ რაც შეიძლება მეტი ძალღონე მოვახმაროთ ჩვენს მწერლობას და საკუთარის ვითარების შესწავლა გავიხადოთ ქვაკუთხედად ყოველისავე ცოდნისა. ჩვენის ფიქრით, თუ ამ გზას დავადგებით, მაშინ, იმედია, შემდეგი თაობა ზოგში მაინც არ იქნება ისე დასეტყვილი და დანაცრული, როგორც დღევანდელია. ბ-ნს ნ. გ-ლს ჩვენს მწერლობაში აღმოუჩენია ერთი მეტად კარგი თვისება, რომელსაც შეუძლიან ბევრი ჩვენი ნაკლულევანება შეისყიდოს. მართლაც რომ დიდი საუნჯეა ადამიანთა ცხოვრებაში სინიდისი და ნამუსი. „მარტო ერთი ძალიან სასიამოვნო და საკვეხური ზნე სჭირს ჩვენს ჟურნალ-გაზეთობას; ეს ის გახლავთ, რომ ყოველგვარს ნაკლულევანებასთან სინდისი და ნამუსი თავის დღეში არ დაუკარგავს. მაგრამ რა გააწყოს ცარიელმა ზნეობითმა მხარემ, როდესაც კაცის ჭკუას, გულს, გრძნობას და თითონ სულს იგი არას ეუბნება (?) “. პირველი ნახევარი ამ წინადადებისა იმდენად მართალია, რომ თვით ბ-ნს ნ. გ-ლს, რომელიც სასოწარკვეთილებაში ჩაუგდია ჩვენს ახალს თაობას და მწერლობასა, შეუნიშნავს იგი სასიამოვნო და საკვეხური ზნე. ხოლო მეორე ნახევარი წინადადებისა კარგად ვერ გაგვიგია, მაგრამ ამას ნუ გამოვეკიდებით. ჩვენ აქ ის უნდა შევნიშნოთ, რომ ავტორი ერთს ადგილას ისეთს რასმე ამბობს, რაიცა პირდაპირ უნდა ეწინააღმდეგებოდეს ზემოთ მოყვანილს ადგილს იმის წერილისას. ბ-ნი ნ. გ - ლი, გვიხატავს რა სურათს ჩვენის ახალის თაობისას, ამბობს: „რაკი ღეჭით ლაპარაკში ყბას მოიღლის (ახალი თაობა)... ქართულს ენას წამოავლებს ხელს, რადგანაც ეს უბედური ქართული ენა უფრო მდაბიო და სამასხარო ენად მიაჩნია; რასაკვირველია, ეს მხოლოდ გულში მიაჩნია, თორემ სიტყვით კი ყველგან ჰყვირის, რომ ქართულისთანა ტკბილი, ყურისათვის სასიამოვნო, მდიდარი და ყოვლად შემკობილი ენა მთელს ხმელეთზედ არ დაბადებულა და არც დაიბადებაო“. ამ სიტყვებიდგანა სჩანს, რომ ავტორს ახალ თაობისათვის სიყალბე შეუმჩნევია და, თუ ამისთანა სიყალბე მართლა სჭირს ჩვენს ახალს თაობას, მაშინ რაღა სახსენებელია სასიამოვნო და საკვეხური ზნე - სინიდისი და ნამუსი. მაგრამ დავარწმუნებთ ბ-ნს ნ. გ -ლს, რომ მის მიერ აღნიშნული გარემოება ქართულის ენის შესახებ სიყალბის ნაყოფი კი არ არის, არამედ სულ სხვა მიზეზისა, რომელიც თვითეულს ჩვენგანს დიდად სამწუხარო გარემოებად მიაჩნია. ტფილისი, 16 მაისი, 1888წ. ტექსტის ციფრული ვერსია მოამზადა: ეკა ქურასბედიანმა, (დუბაი), ივლისი, 2020 წელი

Recent Posts

See All
ჩვენი ხალხი და განათლება

ტფილისი, 2 მაისი, 1886 წელი უმეცრება — აი უმთავრესი სენი, რომელიც ჩვენ ძვალ-რბილში გაგვჯდომია, შეუბრალებლად ჰღრღნის სიცოცხლეს... ეს...

 
 
bottom of page