თბილისის საურთიერთო სამეურნეო კრედიტის საზოგადოება
- nino otiashvili
- Jan 1, 2024
- 3 min read
ტფილისი, 4 ნოემბერი, 1893 წელი.
ჩვენს მკითხველებს უკვე მოეხსენებათ, რომ რამდენმამე მიწისმომქმედმა ტფილისის გუბერნიისამ მთავრობას წარუდგინა დასამტკიცებლად პროექტი ამგვარის სახელწოდებით: „წესდება ტფილისის საურთიერთო სამეურნეო კრედიტის საზოგადოებისა“.
ეჭვი არ არის, რომ ამისთანა საკრედიტო დაწესებულება ფრიად საჭიროა ჩვენში.
აწ არსებულნი საკრედიტო დაწესებულებანი - სახელმწიფო, თუ საზოგადოებისანი, - რომელთაც კი საგნადა აქვთ მოკლევადიან სესხით ხელი გაუმართონ ფულისათვის გაჭირებულთ და ამისათვის ვექსილის ჩამორთმევა, ანუ საქონლის გირაოდ მიღება იკმარონ, თითქმის მარტო იმათ უღებენ კარს კრედიტისას, ვინც ვაჭარია და ვინც სავაჭრო საქმეს და საქარხნო, თუ საფაბრიკო მრეწველობას მისდევს. ამ სახით ვაჭრობას დიდი და ფართო გზა აქვს მიცემული საჭირო ფული იშოვნოს თავის საქმეში სამოქმედოდ და სატრიალებლად.
ვერავინ ვერ იტყვის, რომ ვაჭრობა, როგორც ერთი ძლიერი ღონე ერის ეკონომიურად წარმატებისა, ღირსი არ იყოს შემწეობისა და შველისა. ხოლო არ შეიძლება სახეში არ იქონიოს სახელმწიფომ, თუ საზოგადოებამ, რომ მარტო ვაჭრობა, რაც გინდ ბევრი ფული მიადინოთ, უღონოა სასურველ ზომამდე გაძლიერდეს. თუ მასთან ერთად არ აღორძინდება და არ წარიმატებს სხვა მრეწველობაცა, რომელიც ჰქმნის სიმდიდრეს ერისას და თვით ვაჭრობასაც ჰკვებავს და ასაზრდოებს.
ერთი ამისთანა მრეწველობა არის მიწათმოქმედება, სასოფლო მრეწველობა, რომელზედაც დამყარებულია თითქმის მთელი მეურნეობა და ავლადიდება ერისა რუსეთში საერთოდ და ჩვენში საკუთრივ. აი სწორედ ესგვარი მრეწველობაა დატოვებული ამჟამად უკრედიტოდ. სწორედ სოფლის მეურნეობას არსადა აქვს გზა ფულით ხელი გაიმართოს მოკლე ვადით, რომ მით გაიძლიეროს, მოიმატოს ღონე, წლიდამ წლამდე აწარმოოს საქმე გაუჭირებლივ და საკმაო სიდიდითა.
გვეტყვიან, მაშ საადგილმამულო ბანკები რის მაქნისნი არიან, თუ მეურნეობას არა ჰშველიანო.
სოფლის მეურნეობა ერთი იმისთანა საქმეა, რომელსაც ორი დიდი გაჭირება აქვს თავის გაძლიერებისათვის. ერთია სამუდამოდ განკარგება მამულისა, რომელიც დიდხანს დაბანდებას ფულისას ჰთხოულობს და ამასთან დაბანდებულს ფულს წვრილწვრილად და თანდათანობით აბრუნებს უკან და არა ერთხანად და მთლად. ამ საჭიროებას იმისთანა კრედიტი უნდა, რომელიც ხანგრძლივია და წვრილწვრილად გადასახდელი. აი სწორედ ამისთანა კრედიტს იძლევა საადგილმამულო ბანკი.
ხოლო სოფლის მეურნეობას, მიწათმოქმედებას სხვა მოკლე ვადის საჭიროებაცა აქვს. მაგ., საჭიროების მანძილია მოკლე ხანა მოსავლიდამ მოსავლამდე. ამ მოკლე ხანში მეურნეობას ხშირად უჭირს ხოლმე ხარჯის გასაძღოლად ფული. ხან იმიტომ, რომ წინა წლის მოსავალი თავის დროზე და თავის ფასად ვერ გაუყიდნია, ხან იმიტომ, რომ წინა წლის მოსავალი ნაკლებია და არა სწვდება ხარჯსა. რა ჰქმნას ამ სოფლის მეურნემ? უნდა სადმე იშოვოს ფული ახალ მოსავლამდე. რადგანაც ამ მოსავლიდამ მოსავლამდე ხარჯს ახალი მოსავალი მთლად და ერთხანად უბრუნებს ხოლმე, ამიტომაც მეურნისათვის საშიშარი არ არის სესხის ვადად ახალი მოსავალი დაიდოს და პირობად ერთხანად და მთლად დაბრუნება ნასესხისა. ამ გაჭირებას უნდა სწორედ იმისთანა კრედიტი, რომელიც მოკლევადიანია და ერთხანად მოსაშორებელი.
საადგილმამულო კრედიტი ბუნებითად ხანგრძლივია, რთული, მრავალის აუცილებელ ფორმალობით დატვირთული, და კაცი, მინამ მის მოთხოვნილებას აასრულებს, მოსავლიდამ მოსავლამდე გაჭირებას ვერას უშველის. მოკლევადიანი და ერთხანად მოსაშორებელი კრედიტი-კი სწრაფია და დაუყოვნებელი. მოსავლიდამ მოსავლამდეც ხომ ამისთანა ხანაა, რომ სწრაფს და დაუყოვნებელ მიშველებას თხოულობს. ამგვარი კრედიტი ემყარება მხოლოდ მსესხებელის ან კეთილსინდისიანობას და შეძლებას, ან მის წარდგენილს მოძრავს გირაოს.
აწ მომქმედნი ტფილისში საკრედიტონი, სახელდობრ „ტფილისის საზოგადოება საურთიერთო კრედიტისა“, „ტფილისის საკომერციო ბანკი“ და აგრეთვე „განყოფილება სახელმწიფო ბანკისა“, რომელნიც ამგვარ მოკლევადიან კრედიტს აწარმოებენ ჩვენში, — მარტო სავაჭრო მრეწველობას ხელს უმართავენ და თითქმის მარტო იმათ ჰშველიან, ვინც ვაჭრობაშია.
ამ სახით კრედიტ-გარეთ დარჩენილ არიან მარტო ერთნი მიწათმომქმედნი. მარტო ესენი არიან მოკლებულნი იმ კეთილმომქმედ შემწეობას წესიერად დაყენებულ კრედიტისას, რომელსაც შეუძლიან აწვდინოს გაჭირვებულს შეღავათიანი სესხი მოკლე ხნით, ერთის მოსავლიდამ მეორემდე.
დღევანდელი მოკლევადიან კრედიტის წესი სხვაფრივადაც სჩაგვრენ მიწათმომქმედსა. თვითონ სოფლის მეურნეობის ნაამაგევი ჭირნახული, რაც გინდ ბევრი ჰქონდეს მიწათმომქმედს, მის ხელში უქმი განძია, ვიდრე გაჰყიდის და ფულად აქცევს. არც ერთი ზემოხსენებული საკრედიტო არ დაიგირავებს ხოლმე იმ ჭირნახულს და ამ გზითაც სესხით ხელს არ უმართავს მის პატრონს. ამის გამო იგი სიმდიდრე, რომელსაც ჭირნახული წარმოადგენს, უქმადა ჰდევს როგორც პატრონისათვის, ისეც თვით წარმოებისათვისაც მთელს დროს, მოსავლის დღიდამ გასყიდვამდე. ეს არამც თუ ზარალია ცალკე კაცისათვის, არამედ ქვეყნისათვისაც. ეს ამბავი მით უფრო შეუწყნარებელია, რომ იგივე ჭირნახული, რაკი მომქმედისაგან ვაჭრის ხელში გადავა, შესაძლოა გირაოდ მიღებულ იქმნას სესხის სათავდებოდ.
ესეთი უნუგეშობა მიწათმომქმედისა თვით მთავრობამაც ამ ბოლოს ხანებში დაინახა და საჭიროდ სცნა გაუღოს კარი კრედიტისა მიწათმომქმედს, თუ იგი პურს წარუდგენს გირაოდა. 2 აგვისტოს ამ წლისას გამოვიდა ეგრეთწოდებული „დროებითნი წესნი“, რომელთ საგნადა აქვთ ხსენებულ გაჭირებას მიწათმომქმედისას უშველოს და გაჭირებულს ხელი შეუწყოს.
ჩვენებურნი მიწათმომქმედნი, რომელთაც ხსენებული წესდება წარუდგინეს მთავრობას, იმედოვნებენ, რომ მთავრობა მაგისთანავე სანუგეშო მზრუნველობას და ყურადღებას მიაქცევს ტფილისის გუბერნიის მიწათმომქმედსაც. ამ იმედით შეუდგენიათ წესდება იმისთანა კრედიტისა, რომელსაც საგნადა აქვს ანდონ სესხი ან ვექსილზე, თუ ვექსილის მომცემი კეთილსაიმედოა, ან იმისთანა საქონლის გირაოზე, რომელიც ნამოქმედარია სოფლის მეურნეობისა, მაგალითებრ, პურზე, ღვინოზე, სიმინდზე, ქერზე, მატყლზე, ბამბაზე და აბრეშუმზე.
თვითეული აქ ჩამოთვლილ ქონებისა წარმოადგენს იმისთანა ღირებულ საგანს, რომელიც სესხის მოკლე ვადას გაუძლებს ისე, რომ არ წახდეს, და ამიტომ საკმაოდ უთავდებებს სესხსა მით უფრო, რომ სესხად მიეცემა მარტო ნახევარი ღირებულებისა. ეს ნაწილი ბანკის ოპერაციისა სულ ახალი საქმეა მოკლევადიან საკრედიტოსათვის, თუ არ ვცდებით, და ამიტომაც ბევრი ახალი მუხლი ჩაურთავთ წესდებაში, რაც სხვა წესდებაში არ იყო აქამდე, შესახებ იმისა, თუ როგორ უნდა შემოწმებულ იქმნას გირაოდ მისაღები საქონელი, როგორ, სად და ვისის პასუხისგების ქვეშ უნდა ინახებოდეს გირაო და სხვა ამისთანანი.
სასურველია, რომ მთავრობამ შეიწყნაროს და დაამტკიცოს წარდგენილი წესდება, თუმცა საფიქრებელია, დამტკიცება არ გაძნელდეს, რადგანაც ამ წესდებას შიგ ჩართული აქვს იმისთანა ოპერაცია მიწათმომქმედთა შემწეობისათვის, რომელიც არც ერთს მთავრობისაგან სამაგალითოდ ნაჩვენებ წესდებაში შეტანილი არ არის დღემდე.

