თავად-აზნაურობის გულგრილობა სწავლა-განათლების საქმეში
- nino otiashvili
- Jan 1, 2024
- 6 min read
ტფილისი, 8 აპრილი, 1886 წელი.
I
ჩვენი, ქართველების, ხასიათი მართლა რომ ახირებული და მიუწვდომელი რამ არის. კარგი, მეტად ნიჭიერი, მეტად შორს გამჭვრეტი და გამოცდილებით სახელგანთქმული კალამია საჭირო, რომ გაიკვლიოს გზა ამ ხასიათის საცნობად და გამოსახატავად და ერთი რამ დასკვნა გამოიყვანოს იმ ერთი მეორის საწინააღმდეგო თვისებათაგან, რომელთაგანაც შემდგარია ეს ხასიათი, თითქო ათას-ფერადოვანი ჩუქურთმა არისო. ერთის მხრით ჩვენ მართლა, ხელგაშლილი, გულახდილი, გულწრფელი და სულმაღალი რაინდები ვართ. თუკი რაიმე გრძნობამ გვძლია და გაგვიტაცა, ჩვენ თავმოტაცებულ ცხენსავით შეჩერება არ ვიცით; რაც უნდა საშინელი ბოლო მოსდევდეს ჩვენს გატაცებას და რაც უნდა ცხადად და უტყუარად ვხედავდეთ ამ შედეგს ჩვენის გატაცებისას, ჩვენ მაინც რაღაც გამოუცნობის მორჩილებით ვნებდებით მისს მომხიბლავ ძალას... ამ შემთხვევაში ჩვენი გული სწორედ რომ შინაური ზღვაა, რომელიც ვნებათ-ღელვისა გამო ხშირად სუნთქავს... და, თუმცა ზოგჯერ კიდეც სცდილობს მოიპოვოს როგორმე სანატრელი მყუდროება, მაგრამ მაინც ძალა-უნებურად ნებდება დაუცხრომელ ტალღათა სრბოლას...
ერთის მხრივ ესეა, მეორეს მხრით... ზოგიერთის გრძნობა გარეშე მეთვალყურესათვის წარმოადგენს პაწია მღვრიე და ხავსით მოსილს ტბას, რომლის ადიდება და აგორავება ისე შეუძლებელია, როგორც უბრალო თვალთაგან უხილავის კბილის ჭიის ვეშაპად გარდაქმნა. რაც გინდა მრისხანე ცხოვრების გრიგალი დაჰქროდეს ამ ტბას, მისი ტალღები მაინც მყუდროდ განისვენებენ თავის ბინაზედ და არ ექვემდებარებიან მოძრაობის ქარ-ტეხილსა... ამ შემთხვევაში ზოგიერთი ჩვენგანი - მცხედარს ჰგავს, სულგანაბულად მდებარეს, რომელსაც თითქო არც კი ეხება ის, რაც ხდება საერთო ცხოვრების არემარეზე...
ამ-გვარი სამარეებური უგრძნობლობა, - თავს იჩენს ხოლმე ჩვენში ყოველთვის, როცა საქმე ეხება არა უთავბოლო ფულის ფლანგვას, სმას და ქეიფს, არამედ „იმ-თავ-მომაბეზრებელს“ საგანს, რომელსაც საზოგადო საქმეს ეძახიან...
ეს ყოველისფერი, რაცა ვსთქვით ზემოთ, თვალ-წინ წარმოგვიდგა უნებლიეთ, რაკი წავიკითხეთ დღევანდელი კორესპონდენცია გურჯაანიდამ. ამ წერილის ავტორი სამართლიანი გულის წყრომით გვაუწყებს იმ დაგროვებულს გულგრილობას, რომელიც გამოიჩინა თურმე კამისიამ, სიღნაღის მაზრის თავად-აზნაურობის მიერ ამორჩეულმა, სასკოლო ფულის გასაწერად ერთმანეთ შორის.
მკითხველმა, რასაკვირველია უკვე იცის, რომ ჩვენმა თავად-აზნაურობამ საერთოდ განიზრახა თავისის შვილების აღსაზრდელად ფული შეჰკრიბოს და ამისათვის საჭიროდ სცნო ფულის გაწერა თვისთა წევრთა შორის შეძლებისა გვარად, თითქმის ყველა მაზრის თავად-აზნაურობამ დიდი ხანია გაიწერა ფული და სიები წარადგინა, ხოლო სიღნაღის მაზრის თავად-აზნაურობამ კი ეს საქმე დააგვიანა. ბოლოს როგორც იყო იგიც არ ჩამორჩა უკან სხვა მაზრების თანამოძმეთ და აირჩია კამისია კეთილი საქმის დასაგვირგვინებლად. საუბედუროდ, კამისია ისე მოჰქცევია ზემოაღნიშნულს საგანს, როგორც, ჩვენ ვიმეორებთ, საზოგადოდ ყოველ ამ-გვარ საქმეს მოვექცევით ხოლმე გულგრილად და გულცივად... პატივცემულ წევრთ, თუმცა არ უარ-უყვიათ სრულიად სწავლა-განათლების საჭიროება თავის წოდებისათვის, მაგრამ იმნაირად კი შეუსრულებიათ თავისი მოვალეობა, რომ გარეშე კაცმა აწონ-დაწონოს მათი მოქმედება, იმ დასკვნას გამოიყვანს, ვითომ ხსენებულის მაზრის თავად-აზნაურობა მეტად გულაცრუებული იყოს სწავლა-განათლებაზედ. საკმაოა მივუთითოთ იმ სამართლიან, ყვედრებით სავსე სიტყვებზე, რომელიც წილად ხვდა თურმე კამისიას ზოგიერთ თავად-აზნაურობის წევრთა მიერ... - „ნუ თუ ბატონებო, უთქვამს კრებაზედ, თ. ი. გ. ვაჩნაძეს კამისიის წევრთათვის, - ნუთუ ჩვენი მაზრა ასე გაღატაკებულია, რომ 3100 მან. მეტის შეწირვა ვეღარ მოახერხა ამ სასიქადულო და საშვილიშვილო საქმისათვის. რას ფიქრობდა დალოცვილი კამისია, როცა აყენებდა ამ სიდიდე ჯამს? ნუთუ მას არ ესმის, რომ 3100 მან. ერთი მერვედის ჩვენის შვილებისა არ გაიზრდება რიგიანად? ჩვენს ნაყმევს გლეხებს მარტო თავიანთ სკოლების შენობათათვის შეუწირავსთ 4000მანეთამდე და ჩვენ, კი გვინდა 3100 მანეთით დავაარსოთ და შევინახოთ გიმნაზია!.. თუ რამდენად აუწ-დაუწონია კამისიას მასზე მინდობილი საქმე სჩანს მისგან წარმოდგენილ სიებიდამ. მე, მაგალითად, შეუძლებელთ სიაში მოუწყვდევივარ, თითქო მე არ შემეძლოს ხუთ თუმანზე მეტის გადახდა. ტყუილია! მე შემიძლიან გადავიხადო არა თუ ხუთი თუმანი, - ათიც, ისე როგორც ზოგიერთებს აქ მყოფთ არაფერი არ დააკლდებათ იტვირთონ სამასი და ოთხასი მანეთის შეტანა... მაგრამ, - დააბოლოვა თ. ვაჩნაძემ თავისი სიტყვა, - შეძლებულ პირებს, როგორც ჩანს არა სურთ საყოველთაო სიკეთე. დავფიქრდეთ, ბატონებო, რა სამასხარო საქმეს ჩავიდენთ რომ დავამტკიცოთ კამისიის სიები“.
მარჯვენისა და კაცის მხნეობის კვალობაზე გავაწერეთ სასკოლო ფულიო, ამბობდა თურმე კამისია თავისის თავმჯდომარის პირით თავის-თავის გასამართლებლად. ვერაფერი უღელი გაუთლია პატივცემულ კამისიას სასწორისათვის. თუ ეს მართალია, თქმა არ უნდა, რომ ამ საბუთით ხელმძღვანებულს კამისიას სდომებია მდიდარნი წყლიდამ დაუსველებელნი გაეყვანა და ღარიბნი კი მოემწყვდია. ვინ არ იცის, რომ, თუ სადმე უქმობაა მარჯვენისა და მხნეობა-მოკლებულობა, უფრო მდიდართა შორის არის.
მარტო ღარიბია იძულებული მარჯვენაც ამოქმედოს და დიდი მხნეობაც გამოიჩინოს ამ ცხოვრების ჭიდილისათვის. ამის გამო ღარიბთა შორის უფრო ხშირია მხნე კაცი, ვიდრე მდიდრებ შორის. რაკი ეს უსამართლო საფუძველი აუღია პატივცემულს კამისიას ფულის გაწერის საქმეში, რაღა საკვირველია, რომ სასკოლო ფული ღარიბებს უფრო დასწოლია, ვიდრე მდიდრებსა. წარმოიდგინეთ, პირვანდელი ჯამი ფულისა, სამართლიანად დაწუნებული თ. ი. გ. ვაჩნაძისაგან, გაუდიდებიათ, როგორც კორესპონდენტი იწერება, ისევ ღარიბთა ჯიბიდამ! თ. ი. გ. ვაჩნაძის სამართლიანი სიტყვა, და გულ-მოსახვედრი, გრძნობით სავსე მშვენიერი სიტყვა სულგრძელის ღარიბისა ბ-ნ გომელაურისა, დარჩომილა ხმად მღაღადებლად უდაბნოში.
II
ტფილისი, 30 დეკემბერი, 1887 წ.
ეხლანდელი დრო ისეთია, რომ თუ კაცი თვითონ არ არის, თვითონ არა ჰშველის თავის თავს, თვითონ არ ირჯება თავის სიკეთისა და ბედნიერებისათვის და თავის საკუთარ მხნეობის გარეთ ეძიებს სახსარს ცხოვრების ავ-კარგიანობის გასაძღოლად, - ამისთანა კაცი გადადებულია უფრო სასიკვდილოდ, ვიდრე სასიცოცხლოდ.
სხვის იმედის მქონებელი გლახაა, მთხოვარაა, და გლახა-მთხოვარაობით ცხოვრება პირველი რომ სათაკილოა, თითონ ადამიანის ღონის მომშლელი და დამდუნებელია, და მეორე - არც შემძლებელია, რომ ადამიანი მართლა ფეხზედ დააყენოს, გამოაბრუნოს და ოდესმე თავისით აცხოვროს, თავისით გამოაკეთოს.
გლახა, მთხოვარა, რამოდენადაც წაქეზებულია სხვის გულ-შემატკივრობისაგან, იმოდენად თანდათან უკან მიდის, იმოდენად სული და გული უღონდება, უკვდება და ბოლოს ის გამოდის, რომ მთლად გადაეჩვევა თავის-თავის პატრონობას და მოვლას. ამ გადაჩვევას ხომ უღონობა, დაუძლურება სულისა და ხორცისა მოსდევს, და ეს უღონობა, დაუძლურება - კდომაა, ხრწნაა, აგებულების დაშლა და დარღვევაა.
თუ ეს ითქმის ცალკე კაცზედ, თუ ეს საფიქრებელია და მართალია ცალკე კაცისათვის, უფრო საფიქრებელია და მართალი მაშინ, როდესაც რომელიმე წოდება, ან მთელი საზოგადოება ამისთანა სენით არის დასნეულებული. ამაზედ უარესი სენი ჩვენ არ ვიცით. რომელს წოდებასაც, თუ საზოგადოებას ეს სენი ჩასჯდომია გვამსა და აგებულებაში, ფუტურო ხესავით დღე და დღე იფხვნება და პირქვე დასამხობლად გამზადებულია და გადადებული: თავოსნობას მუხლი ეჭრება, თვითმოქმედებას, გამრჯელობას და მხნეობას - ამ დედაბოძებს წარმატებისას - ძირი ულპებათ და აქ დარღვევისა და წაქცევის მეტს რას უნდა მოელოდეს ადამიანი?
ეს საშინელი სენი უქმობისა, თავის-თავის არ-პატრონობისა, თავის-თავის არ-შველისა ისე არსად არ არის ხელ-აღებით მოკიდებული, როგორც ჩვენს თავად-აზნაურობაში. არ არის არც ერთი იმისთანა გაჭირება, რომელსაც ცხოვრება კარზედ მოგვაყენებს ხოლმე, რომ ჩვენმა თავად-აზნაურობამ მაშინვე თვალი არ გაახილოს, იმისათვის კი არა, რომ თვითონ თავის თაოსნობასა და მხნეობაში მოიპოვოს ღონე ხსნისა, არამედ იმისათვის, რომ თავის გარეთ, ხელ-ფეხ-გაუნძრევლად, გაურჯელად - სამადლოდ ხელი ვისმე გამოაწვდევინოს საშველად. თუ ეს სამადლოდ გამოწვდილი ხელი იპოვა, ხომ რა კარგი, თუ არა-და, დაიკრებს ხოლმე გულზედ ხელებს და წუწუნებს, ვაი რა მეშველებაო, არავინ არა მშველისო.
ამისთანა საკუთარი სულმოკლეობა, მარტო სხვის სულგრძელობაზედ დამყარებული, კარგს არას მოასწავებს. პირიქით, რამოდენადაც დიდს ხანს გასტანს და დიდს მანძილს გაივლის, იმოდენად გაათახსირებს, მოადუნებს, მოაკვდენს თვითარსებობის ძალ-ღონესა. წუთი- სოფლის სუფრა წვეულების სუფრა არ არის: ამ სუფრაზედ ყველამ თავის საკუთარი კერძი თვითონ უნდა მოიტანოს და დაიდგას, თვითონ უნდა მოჰთესოს, მოჰხნას, მოიმკოს, მოზილოს და გამოაცხოს თავისი არსებითი პური. ამაების იქით ხსნა არ არის და ტყუილად ჰფიქრობენ, ვითომც ეხლანდელ დროში სხვისით რჩენა შეიძლებოდეს. წავიდა ის დრო სამუდამოდ და დღეს ვინც თვითონ არის გამრჯელი და მხნე, ბურთი და მოედანი ცხოვრებისა, კეთილისა და ბედნიერებისა იმისია და მარტო იმისი.
შორს რომ არ წავიდეთ, ავიღოთ, მაგალითად, სწავლა-განათლების საქმე. სწავლა-განათლება საჭიროა ყველასათვის და ამ საჭიროებას თავად-აზნაურობა უფრო უნდა დიდის ტკივილითა ჰგრძნობდეს, ვიდრე სხვა ვინმე, იმიტომ - რომ ამისი გემო თავად-აზნაურობას ყველაზედ უწინა აქვს გაღებული. რას ვხედავთ აქ? არც ერთი წოდება ჩვენში ისე გულ-გრილად არ ეკიდება ამ საქმეს, როგორც თავად-აზნაურობა. აქაო და მთავრობას სკოლები და სასწავლებელი აქვსო სხვათა შორის ჩვენთვისაცაო და იმას კი აღარა ჰფიქრობენ, რომ მთავრობა ვერ გასწვდება, ძალიანაც მოწადინებული რომ იყოს, მთელს იმ სიდიდე საჭიროებას, როგორიც ქვეყნის სწავლა-განათლებაა. აქ უეჭველად თვითონ ერის, საზოგადოების თაოსნობა და შველაც უნდა. ეს იგრძნო ჩვენში თითქმის ყველა ცალკე წოდებამა. მოქალაქეებმა თავისი სკოლები აიჩინეს, გლეხობამ თავისი, სამღვდელოებამ თავისი და მარტო თავად-აზნაურობა დარჩა წრეს გარეთ და სხვის იმედზედ.
მართალია, ტფილისისა და ქუთაისის ბანკი ორ სათავად-აზნაურო სკოლას ინახავს; მართალია, ამ ბანკების საწარმოებელი ფული, თავის სასახელოდ, თავად-აზნაურობამ გამოიღო, მაგრამ ყველანი ჰგრძნობენ, რომ მარტო ამ სკოლაზედ არ უნდა შეჩერებულიყო ჩვენი თავად-აზნაურობა, იმიტომ რომ საჭიროება დღეს სახსარს გადამეტებულია. რომ მართლა ამ ნაკლებულობასა ჰგრძნობენ, ამისი ცხადი მაგალითი ის არის, რომ ტფილისის თავად-აზნაურობამ სასკოლო ფულის გაწერვა მოიწადინა, მაგრამ ეს სამაგალითო და მშვენიერი წადილი მარტო წადილადღა დარჩა და არავინ ჰფიქრობენ წადილი საქმედ აქციოს.
ამბობენ, ღარიბნი ვართო და წელი არ მოგვდევს სწავლა-განათლებისათვის გამოვიღოთ რამეო. ჯერ ამას ვიტყვით, რომ ღარიბნი თუ ვართ, სწავლა-განათლების უქონლობის მიზეზია. სწავლა-განათლება თითონ არის სათავე სიმდიდრისა, მაშასადამე, აქ არაფრის დაზოგვა არ უნდა, რომ ამ სათავიდან სიმდიდრის წყარო მოვადინოთ. მერე ერთი ეს ვიკითხოთ: მართლა ისეთი ღარიბნი არიან, რომ ამაზედ შესდგეს ჩვენი ლარი და ხაზი?
გლეხები კი მდიდრები არიან რომ თავის სკოლებს თავისის საკუთარი ჯიბით უძღვებიან? ვთქვათ, აქაც სიტყვას შემოგვიბრუნებენ და გვეტყვიან: გლეხები ბევრნი არიან, იმათ სკოლებსაც ბევრი ხარჯი არა აქვთ და მსუბუქად უძღვებიანო. ჩვენს სამღვდელოებაზე რაღას იტყვით, რომ მარტო ტფილისის გუბერნიაში შვიდს სასწავლებელს ინახავენ თავისის საკუთარის ხარჯით თავისი საკუთარი შვილებისათვის? ნუთუ ჩვენი თავად-აზნაურობა ჩვენს სამღვდელოებაზედ უფრო ღარიბი და შეუძლებელია? თავის დღეში ამას არ დავიჯერებთ და, მაშასადამე, სიღარიბის ხელზედ დახვევა სხვა არა არის-რა, რომ მიზეზს — დოს მარილი აკლიაო.
თუ გული ჰგულობს, ქადა ორი ხელით იჭმევა. საქმე ის არის, რომ გული არა ჰგულობს და ტყვილად ღობე-ღურეს ვედებით. საქმე ის არის, რომ თავად-აზნაურობა აქაც როგორც ბევრში სხვაშიაც, დაჩვეულია სხვისით თავის საქმის გასწორებას და გაძღოლას: სულ მთავრობას შესცქერის - მუქთად გვიზარდოს შვილებიო.
ეს ძველი ჩვეულება, თუ ოდესმე თავად-აზნაურობას ხელს უწყობდა, დღეის იქით ვეღარას გამოადგება. თავად-აზნაურობამ - ბევრია თუ ცოტა - თავის შვილების სწავლა-განათლებას უნდა თავის ჯიბით მიეშველოს. უამისოდ ხსნა არ არის და ეს სახსარი რაც მალე იქნება, მით უფრო ძლიერ და უებარ წამლად დაედება იმ წამწყმედელს ტკივილს, რომელსაც სწავლა- განათლების უქონლობას ეძახიან.
ეს ძველი წელიწადი იმით გავათაოთ, რომ მასთან ერთად გამოვეთხოვოთ ამ ძველს ჩვეულებასაც და ახალს წელიწადს მივეგებეთ იმ ტკბილის იმედით, რომ თავად-აზნაურობა ჩვენი თვალს აახელს და საკუთარი მხნეობით თავის-თავის მორჩენას მოიწადინებს და შეუდგება.