ვისს ნათესსა ვმკით?
- Tata Tibilovi
- Dec 31, 1879
- 6 min read
აი მოსწყდა ერთი წელიწადი კიდევ აწმყოსა და მიერთო იმ ვეშაპს, რომელსაც წარსულს ეძახიან და რომელსაც ამოდენა დრო და ჟამი გადაუყლაპავს და მოუნელებია. წავიდა ძველი წელიწადი და მოვიდა ახალი. რომელი ერთი მოგილოცოთ, მკითხველო: ძველის წასვლა, თუ ახალის მოსვლა? ადამიანთა ცხოვრება საზოგადოდ და ჩვენი საკუთრივ რომ რიგიანად აგებული იყოს და თავისად მიმავალი, ძველს უნდა რაიმე სიკეთე დაეთესა, რომ ახალს ეხეირებინა, რადგანაც წესიერად მოწყობილ ცხოვრებაში დღევანდელი დღე შვილია გუშენდელისა და დედაა ხვალისა. მაშინ, რასაკვირველია, ძველს მადლობით გავისტუმრებდით და ახალს იმედით და ნატვრით მივეგებებოდით. მაგრამ კაცი ბჭობს და ღმერთი კი იცინისო, ნათქვამია. სხვისა არ ვიცით და ჩვენ კი აი ამოდენა ხანია ქვეყანაზედ დავგოგავთ, ამოდენა ხანია ჩვენს თვალ-წინ ერთი წელიწადი მეორესა სცვლის, და ჩვენს ბედს ისე უმუშავნია, რომ არც ერთხელ საბუთი არა გვქონია ან წარსულს ნაღვლით გამოვსალმებოდეთ და ან მომავალს სიხარულით მივგებებოდეთ. ამოდენა წელიწადებს გაუვლია-მეთქი და მათგანი ერთი იმისთანა არ შეგვხვედრია, რომ ნუგეშით გაგვეჩერებიოს მასზედ თვალი და მადლიერის გულით გვეთქვას: „იყავ და განგრძელდიო“. ყოველ ახალის წლის მოსვლასაც ბევრჯელ მივგებებივართ რაღაც იმედითა და ნატვრითა, მაგრამ მოსულა, წასულა ახალი და ფუჭად ჩაუტარებია „იგი ნატვრა, იგი იმედი“. ჟამთა ცვლას ჩვენის ბედის ცვლა არ მოჰყოლია, თითქო დროთა მდინარეობა ჩვენთვის არ არსებობსო, თითქო ყველასათვის მოძრაობსო და მარტო ჩვენთვის კი შემდგარიაო, არც წინ მიდის, არც უკანაო. ამდენმა გაცუდებამ იმედისამ და ნატვრისამ იქამდინ მიგვიყვანა, რომ ჩვენს თვალ-წინ ერთი წელიწადი მეორეზედ მიდის და მოდის და არც ნაღველი გვრჩება წარსულის სიკეთისა და არც ნუგეში მომავალის იმედისა. ამ ყოფამ დაგვიღალა გული, ამოდენმა ტყუილმა ლოდინმა დაგვლია და აი, ამ-ჟამად, როცა დროთა ბრუნვამ ძველსა და ახალის შუა ამართულს ქედზედ დაგვაყენა, საიდამაც წარსულსაც გადავყურებთ და მომავალსაც, — ჩვენ გული არ გვიცემს არც მისთვის, რომ წარსულს გავტიროდეთ, და არც მისთვის, რომ მომავალს შევხაროდეთ. თუმცა ასე აგვიცრუა გული ათასმა მაგალითებმა, ბევრმა უნაყოფოდ ჩავლილმა და მოვლენილმა წელიწადმა, მაგრამ სიმართლე გვაიძულებს ვსთქვათ, რომ ეს უკანასკნელი ოთხი-ხუთი წელიწადი როგორღაც, ცოტად თუ ბევრად, სანუგეშონი იყვნენ. ნამეტნავად ეს ძველი 1879 წელი ღირსშესანიშნავი წელიწადი იყო ჩვენთვის და ქართველმა მემატიანემ რომ ამ წელიწადს მხარი აუქციოს, არ უნდა ეპატივოს. ამ წელიწადმა ცხადის მაგალითებით დაგვიმტკიცა, რომ ქართველობამ, აქამდის ერთმანეთზედ დაშორებულმა, აქამდის ცალ-ცალკედ მოარულმა, იგრძნო, რომ ეგრეთ ყოფნა მწვადსაც სწვავს და შამფურსაცა, თვითოეულს კაცსაც ავნებს და მთელს საზოგადოებასაც; იგრძნო ეს ტკივილი და მალამოც უპოვა. იგრძნო რომ ღონე ერთობაშია, ერთად თავ-მოყრაში, ერთად საერთო უღელის წევაში, ერთმანეთის მხარის მიცემაში. იგრძნო და გაშალა ხელი კიდეც, რომ დაქსაქსული, გაფანტული, ცალ-ცალკედ მოარული ღონე - ქონებითი თუ გონებითი - ერთს კვალში ჩაეყენებინა საერთო და საყოველთაო მოქმედებისათვის. ჩვენ ამ მაგალითებთაგანს ორიოდეს დავასახელებთ, რადგანაც ჩვენთვის ამჟამად საჭიროა ის კი არა, რა გაკეთდა, არამედ ის არის საჭირო, გაკეთებული რამან შეჰქმნა, რამ გააკეთა და საიდამ წარმოსდგა. შესდგა ჯერ თავად-აზნაურთა საზოგადოება ღარიბ მოსწავლეთა შემწეობისათვის. ამ საზოგადოებამ 1879 წ. გამართა ტფილისში ქართული შკოლა, სადაც სწავლა დედა-ენის შემწეობით არის მომართული და სადაც ოთხმოცამდე ყმაწვილნი სწავლობენ და ამათში ოც-დათორმეტს, თუ ცოტა მეტ-ნაკლებს ბინაცა აქვთ აჩენილი. შესდგა საზოგადოება წერა-კითხვის გამავრცელებელი ქართველთა შორის, რომელსაც მინიჭებული აქვს უფლება, რომ სასოფლო და პირველდაწყებითს შკოლებში სწავლა დედა-ენის შემწეობით აწარმოოს. თუმცა ამ საზოგადოებას ჯერ თავი არაფრით გამოუჩენია, მაგრამ ტვირთი მისი მეტად მძიმეა და საგანი მეტად რთული და ამის გამო აქ „სიწყნარე გმობილი სჯობს სიჩქარესა ქებულსა“. ამ საზოგადოების რთულისა და მძიმე საქმის ჯეროვანს კვალში ჩაყენება ეგრე ადვილი არ არის, რომ სამს-ოთხს თვეში თავი გამოეჩინა. ამ საზოგადოებას წინ დიდი მანძილი აქვს გასავლელი. დიდს მანძილს კაცი ჭენებით ვერ გაივლის. დიდს მანძილს ზომიერი და მტკიცე ნაბიჯი უნდა. ამით ჩვენ იმისი თქმა კი არ გვინდა, რომ ფეხის აჩქარება ამ საზოგადოებისათვის მავნებელი იყოს ყოველ შემთხვევაში. თუმცა არ არის სასურველი ეს საზოგადოება ისე აუჩქარდეს თავის საქმეს, რომ ზედ წააკლას არსებითი საგანი, მაგრამ არც ის არის სანატრელი, რომ მეტისმეტმა სიწყნარემ ობი მოჰკიდოს იმ დედააზრს, რომლითაც იგი საზოგადოება უნდა სულდგმულობდეს. — ამავე 1879 წ. შესდგა ქართულის თეატრის დასი, მერე იმისთანა, რომ უკეთესი ნატვრა — ჯერ-ხანად მაინც — მეტისმეტი ხარბობა იქნება ჩვენის მხრით. ჩვენ მარტო ეს სამი მაგალითი ჩამოგითვალეთ არა იმისათვის, რომ მაგის მეტი სანუგეშო არა მომხდარიყოს რა ჩვენს შორის ამ უკანასკნელ დროს. მაგრამ ეგ სამი მაგალითიც საკმაოა მისთვის, რის თქმაც გვინდა. ყოველივე ეს, რაც ზემოთ გაკვრით მოვიხსენიეთ, მით არის შესანიშნავი და ძვირფასი ჩვენთვის, რომ ქართველობის ს ა კ უ თ ა რ ი ს თ ა ო ს ნ ო ბ ი თ, ღ ვ ა წ ლ ი თ, შ ე წ ი რ უ ლ ო ბ ი თ დ ა ხ ე ლ ი თ ა შ ე ნ დ ა დ ა დ ა მ კ ვ ი დ რ დ ა. განა ბევრს წელიწადებს ჩამოგვითვლით ამ უკანასკნელს ოთხმოცის წლის განმავლობაში, რომ რომელიმე მათგანი ამ მხრით თავმოწონებით გვერდთ დაუდგეს წარსულს წელსა? არა მგონია. ეს წელი შესანიშნავია, როგორც დრო, როცა ჩვენმა საკუთარმა თაოსნობამ თითქმის პირველი ფეხი აიდგა; როცა ჩვენმა ქართველობამ პირველ ხმამაღლა სთქვა: კმარა, დროა ჩემს თავს მევე მოვუაროო. რამ გამოაფხიზლა ქართველობა? რამ აუღორძინა თვითმოქმედებითი ძალი? ამის აღსახსნელად პატარა შორიდამ დავიწყებთ ლაპარაკსა, უფრო იმისათვისა, რომ თუ თვალით არა, სუნით მაინც ავიღოთ, რომელი ცხოვრების ძარღვი გვაქვს ჩაწყვეტილი დროთა ბრუნვისაგან. ჩვენი უბედურება მაშინ დაიწყო, როცა ჩვენი ქვეყანა დაირღვა და განაწილდა სამ სამეფოდ და ხუთს სამთავროდ. ამ დარღვევამ არამც თუ მარტო ერთობის კავშირი გასწყვიტა ჩვენის სამეფოისა, არამედ საზოგადოებრივიცა. თვითოეული ჩვენგანი ერთმანეთს დაგვაშორა, ერთმანეთის გულის-ტკივილისათვის გული აგვიცრუა, მოგვიკლა. მას დღეს აქეთ გაითხარა ჩვენის ბედნიერების სამარე, მას დღეს აქეთ თვითოეული დღე თითოს რასმე სიკეთეს ხელიდამ გვაცლიდა. ეს საზარო უბედურება, რომელიც თანდათან უფრო და უფრო გვიჯდებოდა სულსა და ხორცში და გვხრწნიდა თავიდამ ფეხამდე. იგრძნეს მაშინვე ჩვენმა მამა-პაპებმა და მათგან უკეთესებმა ზედ შეაკლეს თავი ჩვენს ქვეყანასა, რომ ერთობა ხელ-ახლად ჩამოეგდოთ. ბევრმა სახელოვანმა მეფემ დალია ამაზედ თავისი სიცოცხლე. ბევრმა თავგამოდებულმა მამულისშვილმა დაანთხია ამისთვის სისხლი, მაგრამ გარედამ მტერმა და შიგნით უკეთურთა ბზარვამ და ლალვამ იმოდენა ჯაფა, სისხლის ღვრა, თავგანწირვა, — ამაოდ ჩაუტარეს დარღვეულობით დაუძლურებულს ქვეყანასა და ერთხელ ზურგ-შემოქცეულს ბედს პირი ჩვენკენ ვეღარ აქნევინეს. ეგ შეერთების ყოვლად-მხსნელი სურვილი თუმცა ვეღარ განახორციელეს, მაგრამ ანდერძად კი მაინც შერჩათ გულში ზოგიერთს ძველთაგან შთომილსა. ხოლო ჩვენი უბედურება ის იყო, რომ მაგ ძველთაგან ცოტანიღა შეგვრჩნენ. დროთა ბრუნვამ, სხვა ნიავქარის ქროლამ, სუსტებს გული შეუცვალა და ჩვენს დროსათვის დარჩა იმ ძველთაგან ძალიან მცირე გუნდი, რომელთაც გული კიდევ უცემდათ ქვეყნისათვის. დრომ ისე იმძლავრა იმათზედაც, რომ ჩუმად, ხმაამოუღებლივ უნდა მიმჯდარიყვნენ თავის უსიხარულო ჭერ-ქვეშ და იქ ეგლოვნათ, იქ ეტირნათ თავისის ქვეყნის პირქვე დამხობა, მერე ისე, რომ ცრემლი თვალზედ არავის შეემჩნია. გულში ჰქონდათმეთქი ის მაცხოვარი წყურვილი შეერთებისა, მაგრამ დრომ ისეთი თავზარი დასცა, რომ შიშობდნენ არამც თუ ემოქმედნათ, რამე, არამედ ერთმანეთის ნახვასაც კი ერიდებოდნენ. ეგრე ეგ უკეთესნიც დაჰშორდნენ ერთმანეთსა და დღე-და-დღე კლებაში შედიოდნენ. კლებულობდნენ იმიტომ, რომ ის ყოვლად-მხსნელი სურვილი მარტო იმათ გულში ტრიალებდა და შიშით თავი გარეთ ვერ გამოეყო, რომ გავრცელებულიყო მათ მომდევართა შორის და მემკვიდრეობით გადასულიყო მომავალთა გულში. ამ სახით, ის სურვილი ცოტად-ღა ბჟუტავდა ზოგიერთა გაცალკევებულს გულში, როცა მოედანზედ გამოვიდა სხვა ახალი მოზარდი თაობა. ახალი თაობა მოესწრო და ის თითქმის განელებული, მილეული სურვილი ერთობისა და საზოგადოებრივის კავშირისა კვლავ გაფუვდა, აღორძინდა ჩვენ დაფუყებულს გულში და აჰა ლამის ნაყოფიც გამოიღოს. ამ ღვაწლს ვერავინ შეეცილება ყმაწვილ-კაცობასა, რომელმაც, რაც კი შეეძლო, თავი არ დაზოგა და პირქვე დასამხობლად მიწურვილი სურვილი კვლავ ფეხზედ წამოაყენა. ბევრს რასმე ემდურებიან ყმაწვილ-კაცობას, ზოგს სამართლიანად, ზოგს უსამართლოდ, მაგრამ აქ მოხსენებულს სამსახურს კი ჩვენის ქვეყნის წინაშე ვერავინ ვერ ჩამოართმევს. ყმაწვილ-კაცობამ ხელი წაავლო პირველ ხანშივე მას, რაზედაც შესწყდა ჩვენი ცხოვრება, მან დააყენა ჩვენში ფეხზედ ქვეყნის სიყვარულიც, მამულის-შვილობაც. ერთსაც და მეორესაც, რაც შეეძლო, გზა გაუკაფა, ფეხი აადგმევინა, ერთის სიტყვით, ჩვენ, ერთმანეთზედ ზურგშექცეულნი, კვლავ ერთმანეთისაკენ მიგვახედა. დიახ, ყმაწვილ-კაცობის მადლობელნი უნდა ვიყვნეთ, რომ ჩვენ საერთო, საყოველთაო სურვილი გაგვიახლა, საერთო გულის-ტკივილი ჩაგვისახა, ჩვენის თავის იმედი მოგვცა და ერთობ გამოგვაღვიძა, გამოგვაფხიზლა. ერთობის მღაღადებელთა არ გაუცუდდათ ღაღადება და აი დღეს იმასა ვმკით, რაც ყმაწვილ-კაცობის უანგარო ღვაწლით წინა წლებში დათესილი იყო. გვეტყვით, სამკალი ჯერ მაგოდენა არა არის რაო, რომ ეგრე თავმოწონებით გამოდიხართ და აზვიადებთო. მართალია, ქართული თეატრი, ქართული შკოლა, წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება და სხვა ამ-გვარი ისეთი დიდი რამ არ არის, რომ ჩვენი ფარ-ხმალი ძირს დავსდოთ, მარტო მაგათ შევაჩერდეთ და მაგაზედ მეტი არა ვინდომოთ-რა. სურვილი ჩვენი ზღვაა და მაგგვარის კოვზით ეგ ზღვა არ დაილევა. მაგრამ ყოველს ამაში ჩვენთვის ძვირფასი ის არის, რომ ერთიც, მეორეც, მესამეც ჩ ვ ე ნ ი ს ს ა კ უ თ ა რ ი ს თ ა ო ს ნ ო ბ ი თ დ ა ღ ვ ა წ ლ ი თ ა რ ი ს მ ო ყ ვ ა ნ ი ლ ი დ ა ე რ თ მ ა ნ ე თ ი ს ა თ ვ ი ს ს ა ე რ თ ო გ უ ლ ი ს-ტ კ ი ვ ი ლ ი თ შ ე მ ზ ა დ ე ბ უ ლ ი. ეს ფრთაშესხმული საკუთარი თაოსნობა, ეს ერთმანეთისათვის გულის-ტკივილი, ეს ფეხადგმული თვითმოქმედებითი ძალი, — ის ნერგია, რომელმაც უნდა ამოხეთქოს ყოველივე, რაც ჩვენთვის სანატრელია. ეს ნერგი დარგულია ჩვენში ჩვენის ყმაწვილ-კაცობის ხელით — წარსულში, და მომავალის დროების მოღვაწეთა იგი უნდა ჰრწყან თავის მხურვალე ოფლითა. წარსულმა ეს უანდერძა მომავალსა, ეს ლარი გაუბა გზის საჩვენებლად. 31 დეკემბერი, 1879 წ.

