top of page

გაზეთ „ივერიის“ მარცხი

  • Writer: Tata Tibilovi
    Tata Tibilovi
  • Apr 2, 1887
  • 2 min read

არა გვგონია სხვაგან სადმე იყოს ისეთი ქვეყანა, საცა ადამიანის პატიოსნება და ნამუსი ისე წინდაუხედავად, ტყუილუბრალოზედ ილახებოდეს, როგორც ჩვენში. ჩვენის ფიქრით კი ადამიანს, კაცია თუ ქალი, პატიოსნების და ნამუსის მეტი სხვა უძვირფასესი არა აქვს-რა გასაფრთხილებელი და წმინდად შესანახავი. ადამიანი ადამიანობს მარტო პატიოსნებით და ნამუსითა და ვინც ეს იცის, იმისათვის შებღალვა ან ერთისა და ან მეორისა ყოველს დანაკლისზედ უმძიმესია, ყოველს მწუხარებაზედ უდიდესი მწუხარებაა. თუმცა ესეა, მაგრამ, ჩვენდა სამწუხაროდ, ჩვენში-კი არაფრად მიაჩნიათ ჩირქის მოცხება და წაწყმედა სხვისის პატიოსნებისა და ნამუსისა. ამისთანა უკადრისს საქციელს არსად არ ვერიდებით, და საცა ამას ვხედავთ, არამც თუ შესაფერის გულიწყრომით აღვიჭურვებით ხოლმე, არამედ მცირეოდენადაც არ შევიხრით წარბსა. პირიქით, ზოგჯერ თითქო საქციელს ვუწონებთო, ვიძახით: უჰ, რა ლაზათიანად გამოგილანძღა ამ კაცმა ის კაციო; ასეთი ყოფა დააწია, რომ შენი მოწონებულიო. ამისთანა საქციელს არ ვერიდებით არც შინა, არც გარეთ, არც საქვეყნოდ და არც კერძოდ, არც საზოგადოებაში, არც ცალკე. როცა ეს ამისთანა უკადრისი საქციელი აშკარაა და პირდაპირ ზედმოსეულია, მაშინ ამის მომქმედს ცოტაოდენი ნიშანწყალი ადამიანობისა კიდევ შეიძლება ვუგულისხმოთ, იმიტომ რომ არ იქნება ისიც არ გამოელოდებოდეს რაიმე განსაცდელსა აშკარად გაუპატიურებულის კაცისაგან. მაშასადამე, იგიც რაიმეს უნდა ჰშიშობდეს და რაკი გაკადნიერდა უკადრისის ქცევისათვის, სჩანს სძლია შიშსა და განსაცდელს გულდაგულ უხვდება. პირდაპირ ზედ მოსეული ავაზაკი იმოდენად საზიზღარი არ არის, რამოდენადაც მხდალი ქურდბაცაცა. იმიტომ რომ ამისთანა ავაზაკი იმოდენად იმეტებს თავის-თავსა, რამოდენადაც გამომეტებული ჰყავს თვისი მოპირდაპირე; აქ მარტო გამარჯვებაა თავდები მისის გადარჩენისა. ქურდბაცაცა-კი მალული მტერია, მისი ანგარიში იმაზეა აგებული, რომ მემარჯვება თუ მემარცხება, მე თვითონ არ დამაკლდება რაო, მე-კი შემიძლიან ვავნო, თუ მემარჯვა, და ის-კი მე ვერას მავნებს, თუ მემარცხაო. ქურდბაცაცაზედ უარესნი არიან ისინი, ვინც იმოდენად ხელს იღებენ თავზედ, რომ ცილისწამებით, ხმების დაყრით ჩუმად და იდუმალად უბღალავენ თვის მოპირისპირეს პატიოსნებას და ნამუსსა. რაკი ჯავრი ვისზედმე ჩაიდეს გულში, მაშინ იმათთვის მოსარიდებელი აღარა არის-რა: კაცია, თუ ქალი, არ მოერიდებიან, რომ ყოველგვარი ლაფი თავს გადაასხან და ერთსაც და მეორესაც სახელი გაუტეხონ, სახელი დაუმხონ. ესეთი საზიზღარი საქციელი მაშინ უფრო საზიზღარია, როცა ნიშნად ამოღებულია დედაკაცი. მამაკაცი ასე თუ ისე შემძლებელია ცილის მწამებელს არ შეუშინდეს და ტყუილს ტყუილის კარამდის ჰსდიოს. რა ჰქმნას ამის არ-შემძლებელმა უღონო დედაკაცმა! უსამართლოდ, ცილისწამებით გაუპატიურებულმა გრძნობამ დედაკაცის ღირსებისამ სად და რაში ეძიოს თვისი მსჯავრი, თვისი კმაყოფილება! აქ ნამუსის მპარავი ყოველ შიშს გარეთ არის, ყოველს განსაცდელს აცილებულია და მით არის იგი უფრო ბილწი და მაშასადამე უფრო საზიზღარი. ყოველივე ეს გვათქმევინა ერთმა შემაძრწმუნებულმა ამბავმა, რომელსაც, ჩვენდა სამწუხაროდ, ჩვენს „ივერიაში“ ადგილი ჰქონია. ჩვენ მოგვივიდა ერთი მოთხრობასავით რაღაცა წერილი, საცა თურმე ჩამოთვლილია ზოგიერთი ამბავი, ერთის ხელნაწერის პასკვილიდამ ამოღებული. ჩვენ ვერ მივუხვდით ამ მოთხრობის აზრსა, და რადგანაც თვითონ მოთხრობა ცოტად თუ ბევრად ღირსად ვცანით დაბეჭდვისა, დავბეჭდეთ, და ამ სახით ერთს საზიზღარს ცოდვაში ჩვენ, ჩვენდა უნებურად, მონაწილეობა მივიღეთ. თუმცა არ-ცოდნა არ-ცოდვაა, მაგარამ მაინც დიდად შემაწუხებელია, რაკი შევიტყეთ, რაზედ არის აშენებული იგი მოთხრობა. ჩვენ, ვიმეორებთ, ვერ მივუხვდით შინაგანს აზრს მოთხრობისას და იქ-კი, საიდამაც გამოგზავნილი იყო იგი მოთხრობა, ყველანი მიმხვდარან, რაც ამბავია: თურმე ნუ იტყვით, სდომებიათ უპატიურად გაეხადნათ ნიშანში ამოღებულნი, ჯავრის ამოსაყრელნი გვამნი — და ამით ხელნაწერად გავრცელებულ პასკვილისათვის გაზეთში გამოტარებულ სიტყვით ცოტად თუ ბევრად გზა გაეხსნათ. „ივერია“ როგორც ჭირს ერიდება ამისთანა საქციელს, ძლიერ ჰფრთხილობს, მაგრამ რას იზამთ, როცა ავზნეობას, უკადრისად ქცევას ამდენი სამალავები აქვს, ამდენი ფარული გზები შემოსაპარავად. რედაქციას სწორედ გულთმისნობა უნდა ჰქონდეს მომადლებული, რომ ამ შემთხვევაში უნებური შეცდომა არ მოუვიდეს და უცოდნელად დანაშაულში არ გაერიოს. გულით ვწუხვართ, რომ ესე მოუხდა „ივერიას“, მაგრამ ესეც-კი ვიცით, რომ ჩვენი მწუხარება უბრალოდ გაუპატიურებულის გულის ცეცხლს ვერ გაანელებს: ეს ცეცხლი მეტად მწვავეა და დიდხანს გაუქრობელი მისთვის, ვინც იცის, რა დიდი საუნჯეა ადამიანისათვის სიფაქიზე პატიოსნებისა და სიწმინდე ნამუსისა. ტფილისი, 2 ივლისი, 1887 წელი.

Recent Posts

See All
ჩვენი ხალხი და განათლება

ტფილისი, 2 მაისი, 1886 წელი უმეცრება — აი უმთავრესი სენი, რომელიც ჩვენ ძვალ-რბილში გაგვჯდომია, შეუბრალებლად ჰღრღნის სიცოცხლეს... ეს...

 
 
bottom of page