top of page

ათონის ქართული სავანის შესახებ

  • Writer: nino otiashvili
    nino otiashvili
  • Dec 27, 2023
  • 5 min read

ტფილისი, 26 ნოემბერი, 1886 წელი

I


საქართველო, როცა კი მოიცლიდა ხოლმე გარეშე მტერთა ზედმოსევისა და მოგერიებისაგან, მაშინვე შეუდგებოდა ხოლმე ქრისტეს აღსარების გამტკიცების და გაძლიერების საქმესა. როცა-კი ქვეყნის მდგომარეობა ნებას აძლევდა, ქართველნი, ცნობილნი სულიერის მოღვაწეობითა და აღტყინებულნი ღვთის მოსაობით და სარწმუნოების გრძნობითა, გამოდიოდნენ გამავრცელებლად და მოსარჩლედ მართლმადიდებელის სარწმუნოებისა აღმოსავლეთში: მცირე აზია, სირია და თვითონ ბალკანეთის ნახევარკუნძული თვისდა ახლო მახლო კუნძულებითა დღესაც ჰმოწმობენ ქართველთა მოღვაწეობას სარწმუნოებისათვის. აქ ყველგან მრავალ გვარი ნაშთია დღესაც უტყვ, მაგრამ უტყუარ მოწამედ იმისა, რომ გულმოდგინებას ქართველებისას სარწმუნოებისათვის შორსაც გაუდგამს ფეხი და ხელი გაუწვდენია. მონასტრები, ქართველთა ხარჯით და ფულით აშენებულნი, არა ერთი და ორი დღესაც ჰღაღადებს ათონის მთაზედ, სინაზედ, სირიაში, იერუსალიმის ახლო-მახლო, რომ ქართველთა თავგამომეტებით და დიდის მხნეობით უღვაწნიათ თავის ქვეყნის გარეთაც სადიდებლად თვისის სარწმუნოებისა. მრავალი მაგალითებია დაშთენილი, მრავალი საბუთები ისტორიული, რომ ამ უცხო ქვეყნების მონასტრებში წინამძღვარობა და ხელთმძღვანელობა ჰქონიათ ქართველთა სულიერთა მამათა, რომელთა ცხოვრება და საქმენი თავმოსაწონად ექმნება ქართველსა ყოველთვის.

საქართველოს მეფენი, ჰგრძნობდნენ რა სიდიდეს წმიდათა მამათა მოღვაწეობისას საქართველოს გარეთ, არა ჰზოგავდნენ არა სახსარს, რომ ქონებით უღონობა და ნაკლებულობა არა ჰქონოდათ მონასტრებსა და ეკლესიებს, ქართველებისას. ამიტომაც ყველაზედ უხვად შემწირველნი მეფენი იყვნენ. დიდძალი მამულები შეჰსწირეს, დიდძალი ყმები, რომ ამ გზით წყარო ცხოვრებისა შეუწყვეტელი ყოფილიყო ქართველთა მოღვაწეთათვის საქართველოს გარეთ სადიდებლად და გასაძლიერებლად ქრისტეს სარწმუნოებისა.


იერუსალიმის პატრიარქის დოსითეოსის სიგელ-გუჯარი, გამოცემული 1706 წელს ივლისის თვესა, ამტკიცებს, რომ მაშინ იერუსალიმს ქართველთა ჰქონიათ ექვსი მონასტერი: წმ. ჯვარისა, წმ. ნიკოლოზისა, წმინდათა თეოდორეთა, წმ. ბასილისა, წმ. ანასი და წმ. გიორგისა. იმ ხანებში, როცა ზემოხსენებული გუჯარი გამოჰსცა პატრიარქმა დოსითეოსმა, საქართველო დაუძლურებული იყო შინაურ და გარეულ მტერთაგან და ხელი შველისა და მფარველობისა ვეღარ მიეწვდინა ამ მონასტრებისათვის. რადგანაც ამ საუბედურო გარემოების გამო იქაურ ქართველთა იმედი მოესპოთ შველისა და მფარველობისა საქართველოდამ და შური და მტრობა ოსმალთა მეტად აწუხებდათ, ერთი სახსარიღა დარჩათ: რომ მონასტრები არ გაუქმებულიყო და როგორმე შეერჩინათ, ვიდრე უკეთესი დღე დაუდგებოდათ, აიღეს და იგი მონასტრები ჩააბარეს თანამორწმუნეთა თვისთა ბერძნებსა საპატრონებლად, მათვე გარდასცეს ყოველი მამული და მამულების შემოსავალი, რაც-კი რამ ქართველთაგან შეწირული იყო გუჯრებითა, ხოლო იმ პირობით კი, რომ როცა უკეთესი დრო დაუბრუნდებათ ქართველთა, ყოველივე ეს უკანვე ჩაებარებინათ შეწყვეტილის მოღვაწეობის განსაგრძობად.


ზემოხსენებულ პატრიარქის დოსითეოსის გუჯარში აღწერილია მიზეზი, რის გამოც ქართველთა მონასტრების გამგეობა მიუღია ბერძენთა სამღვდელოებასა და სხვათაშორის აი რა სწერია:


„ხოლო ოდეს ღმერთი ინებებს და ივერიიდამ მოვა წინა-მძღვარი (იღუმენი), მაშინ იმან უნდა ჩაიბაროს და თვის გამგეობის ქვეშ მიიღოს ყველა მონასტრები უწინდელებრ“.


წინათ დანახულია გუჯარში ის გარემოებაც, რომ შესაძლოა ჩამოვარდეს ლაპარაკი იმ შემოსავალ-გასავლის ანგარიშის გასწორებაზედაც, რომელიც ექმნებოდათ მონასტრებს, ვიდრე იგინი ბერძნების სამღვდელოების ხელში იქმნებოდნენ განსაგებელად და საპატრონებლად. ამ საგანზედ აი რა არის თქმული გუჯარში:

„არცა ჩვენ თვითონ, არცა ჩვენნი შემდგომნი წმინდანი პატრიარქნი წმ. იერუსალამისანი, არც წმინდა მამანი და მთავარნი ყოვლად უწმინდაესის საფლავისა ვერ მოვითხოვთ ივერიელთაგან ფულს, ვერც ბევრს და ვერც ცოტას, არც იმის სამაგიეროს, რაც ჩვენ მიგვიცია ვალებსა და სარგებელში, არც მის სამაგიეროს, რაც ჩვენ შეგვიწირავს მონასტრების განახლებისათვის, რაც ჩვენ დაგვხარჯვია ფირმანებსა, ჰატტიშერიფებსა და სხვა სახარჯოსა რაზედმე; ხოლო იყვნენღა იგი მონასტრები თავისუფალნი ყოველგვარის დავისა, ვალისა და შეწუხებისაგან და იქმნენ-ღა ქრისტეს მოყვარე ივერიელნი მათთა ჭეშმარიტ და სრულ პატრონადა“.


დღეს, როცა საქართველო ძლიერის ხელმწიფის მფარველობის ქვეშ არის, ქართველთა მოღვაწეთა, რომელნიც დღეს საქართველოს გარეთ არიან და კარის ღვთისმშობლის მონასტერი ააშენეს ათონის მთაზედ, დიდი იმედი და სასოება მიეცათ ქართველთა მონასტრების უკანვე დაბრუნებისა. დღეს იგი დღეაო, ამბობენ იგინი, რომელსაც ამოდენა ხანს მოველოდებოდით, რომ ჩვენი დიდი ხნის წყურვილნი აგვესრულებინა და უკანვე დაგვებრუნებინა იგი წმინდა ადგილები, საცა ქართველთა ხელით აშენებულნი ამოდენა სახსოვარნი ჰმოწმობენ საქართველოს შვილთა ჭეშმარიტს სარწმუნოებას, დიდებას მათის სარწმუნოების მოღვაწეობისას, და რომელნიც ამასთანავე თავმდებნი არიანო იმ იმედისა, რომ სიმტკიცე ქრისტიანულის გრძნობისა კვლავ უწინდელებრ გაიშლება სახელოვან სასულიერო საქმეთათვისაო.


იგი განზრახვა, რომლის გამოც ხსენებული ექვსი მონასტერი ქართველებისა იერუსალიმში ჩაჰბარდა ბერძენთა სამღვდელოებას, რათა დრომდე უპატრონონ თვით მონასტრებსა და მისი ქონება შეინახონ ხელუხლებლად მერმისისათვის, როგორც დავალებულია შემწირველთა საქართველოს მეფეთა და ბიზანტიის იმპერატორების ანდერძითა, — იგი განზრახვაო, ამბობენ ათონის ბერ-მონოზანნი ქართველნი, დღეს, სწორედ დღეს ითხოვს, მონასტრები ქართველებისა ისევ ქართველთ დაუბრუნდეს თავის მამულებითაო, თორემ საფიქრებელია, რომ მონასტრებიც დაგვეკარგება და მათი კუთვნილი მამულებიცაო.

ეს შიში უსაბუთო არ არის. არზაში, რომელიც ამ საგანზედ ხსენებულ ბერ-მონაზონთა რუსეთის უმაღლესს მთავრობისათვის მიურთმევიათ, საბუთი იგი ნაჩვენებია ცხადად და თვალსაჩინოდ. ამაზედ ხვალ მოვილაპარაკებთ.


II

ტფილისი, 27 ნოემბერი, 1886 წ.


იმისი შიში, რომ ქართველებს მონასტრები იერუსალემში ხელიდამ გამოეცლებოდათ, და თვითონ მონასტრებსაც წყარო ცხოვრებისა დაუშრება, იქიდამ წარმოსდგა, რომ ბერძნები დღეს აღარ უბრუნებენ მონასტრებს და მის მამულებსა ჰყიდიან. ჯერ მინამ ამის ამბავს გამოვუდგებოდეთ, საჭიროა ვიცოდეთ რა პირობითა აქვთ ამ მონასტრებს შეწირული მამულები. სიგელები და გუჯრები, რომლის ძალითაც მამულები საქართველოში დაჰკუთვნებიათ ხსენებულ მონასტრებს, ცხადად და ნათლად გავაუწყებენ ამ პირობასა. ჯერ ერთი ეს, რომ მამულები შეუწირავთ ქართველთა მონასტერთათვის იერუსალემში, და თუ იგი მონასტრები ქართველთა მონასტრები არ არიან და ბერძნები ჰჩემულობენ, აშკარაა მამულები ბერძნებმა ვერ უნდა დაიკუთვნონ. მეორე ისა, რომ მამულები შეუწირავთ იმ პირობით, რომ მარტო შემოსავლით ისარგებლონ და თვითონ მამულები კი ყოველთვის ძირს დარჩეს მუდმივის და დაუშრეტელის სარგებლობისათვის.


უნეტარესმა პატრიარქმა იერუსალემისამ ნიკოდიმემ კი სულ სხვაფრად განაგო ეს საქმე. 21 ივლისს 1885 წ. გამოსცა ბრძანება ჯეროვანად შემოწმებული არხიმანდრიტის კირ-დამიანის სახელობაზედ და დაჰნიშნა იგი მთავარ ვექილად და პატრიარქის წარმომადგენელად კავკასიაში. მეექვსე მუხლი ამა ბრძანებისა მამა-არხიმანდრიტს ავალებს:


„სამონასტრო გლეხთა კავკასიაში მიჰყიდე ჩვენი მიწები, რომელიც მათ დიდი ხანია უჭირავთ წმინდა საფლავის მამულებში, აგრედვე გაჰყიდე იგი მიწებიც, რომელსაც ჰხმარობენ დიდის ხნიდამვე გლეხნი სხვა უწყებისანი, და საზოგადოდ ყველა ის მიწებიც, რაც სხვა სახელის, წოდების და მდგომარეობის ხალხს უჭირავს“.

ამ მინდობილობის ძალით, ქართველთა მონასტრების კუთვნილი მამულები მამა არხიმანდრიტს კირ-დამიანეს უკვე გაუყიდნია რიცხვით 3284 ქცევა მიწა ქუთაისის გუბერნიაში 47,494 მანათად და თქმა არ უნდა, რომ დანარჩენებსაც გაჰყიდის ამ მოკლე, თუ გძელ ხანში. გლეხთათვის მიყიდვა მამულებისა ურიგო არ არის, მაგრამ საქმე იმაშია, — ფულად განაღდებული მამულები სად მიდის? ეგ ფული ხომ ძირის ფულად უნდა დაიდვას, რადგანაც, თანხმად შემწირველთა სურვილისა, გუჯრებში აშკარად გამოცხადებულია, მონასტრებს ნება მისცემია მხოლოდ შემოსავლის სარგებლობისა და სხვა არარისა. ეგ იმითაც მტკიცდება, რომ ბერ-მონაზონობა საქართველოსი აღმოსავლეთში მესაკუთრე კი არ იყო იქაურ მონასტრებისა და მონასტრებისათვის შეწირულ მამულებისა, არამედ მარტო სამფლობელოდ და სახმარისად ჰქონდა ერთიცა და მეორეცა, როგორც საქართველოს ხელშეუხებელი კუთვნილება. იერუსალიმის პატრიარქმა კარგად იცის, რომ იგინი მთელის საქართველოს საკუთრებანი ყოფილან და არიან და არა იმ ბერ-მონაზონთა, რომელთა ხელშიაც დროთა ვითარება ჩააგდებდა. ეხლა, როცა საქართველო შეადგენს ნაწილს რუსეთის იმპერიისას, იგი მონასტრები თავისის მამულებით უნდა შეადგენდნენ სახელმწიფო კუთვნილებას რუსეთისას კავკასიაში. ამიტომაც გაყიდვა იმ მონასტრების მამულებისა ბერძენთა ბერ-მონაზონთაგან რუსეთის საკუთრების მართლიერების დარღვევად უნდა ჩაითვალოს.


რომ ეს ასეა, და სწორედ ამ თვალით უყურებს ამ საგანს თვით უზენაესი მთავრობა რუსეთისა, აშკარადა და ნათლად სჩანს შემდეგიდამ. 6-ს მარტს 1873 წ. უმაღლესად დამტკიცებულ იქმნა მოხსენება სახელმწიფო კანცლერისა განსვენებულის თ. გარჩაკოვისა, საცა სხვათა შორის ამ საგანზედ ეს არის ნათქვამი:

„ჩვენს მთავრობას ვალად აწევს ზედამხედველობა იქონიოს მასზედ, რომ ქონება წმინდათა ადგილთა (святых мест), რომელთაც უნდა სამარადისოდ აძლიონ მათ სახსარი საზრდოებისა და კეთილმოქმედებისა, უკანონობისაგან არ იქმნას გაარარაებული“.


ამ სახით აშკარაა, რომ თვით უზენაესს მთავრობას ჩვენსას საფუძვლად თავისის ზედამხედველობისა და მოქმედებისა ის დაუდვია, რომ წყარომ საზრდოებისამ ამ მონასტერთათვის სამუდამოდ შეუწყვეტელად იდინოს მამულების შემოსავლიდამა. ეხლა- კი, რაკი ის მამულები ისყიდება და ფული ამ გზით განაღდებული მიაქვთ ბერძნებსა, რა არის თავდები იმისი, რომ იგი ფული არ დაიხარჯება და ამით იგი სამუდამო შემოსავალი სათავეშივე არ მოსწყდება. ჩვენის ფიქრით, ამ სახით განაღდებული ფული ძირის ფულად უნდა დაიდვას, რუსეთის ხაზინამ უნდა ჩაიბაროს და მონასტრებს მხოლოდ მისი სარგებელი აძლიოს. იმას აღარ ვიტყვით, რომ თვით მაგ მამულების გასყიდვის საქმეც რუსეთის სახელმწიფო ქონებათა სამინისტროს საქმე უნდა იყოს და არა ბერძნების ბერ-მონაზონთა. ამ სახით, ფულად ნაქცევი ქონება მონასტრებისა ხელუხლებლად შეენახება მონასტრებს, რომელნიც, დღეს იქნება, თუ ხვალ, თავის ჭეშმარიტს პატრონებს უნდა ჩაჰბარდეს. მაინც და მაინც ბერძნებს დაჰრჩებათ ეს მონასტრები, თუ კვლავ ძლიერის რუსეთის მფარველობით უკან დაუბრუნდება ქართველ ბერ-მონაზნებსა, ქონება მონასტრებისა, თანახმად უზენაესის ნებისა, რომელიც გამოცხადებულია თ. გარჩაკოვის უმაღლესად დამტკიცებულ მოხსენებაში, დაცული და შენახული იქმნება მტაცებლობისაგან.


ამ საგანზედ დღეს ათონის მთის კარის ღვთის-მშობლის ქართველთა ბერ-მონაზონთა არზა მიურთმევიათ, - თუ აპირობენ მირთმევას, კარგად არ ვიცით, - კავკასიის მთავარმართებლისათვის და სთხოვენ თურმე, რომ, თუ მაინც და მაინც არ დაეშლებათ ბერძენთა ბერ-მონაზონებს ჰყიდონ ქართველთა მონასტრების აქაური ქონება, ის განკარგულება მაინც მოახდინოს მთავრობამ, რომ გასყიდულის ფული რუსეთის ხაზინამ ჩაიბაროს, ბერძნებს მხოლოდ მისი სარგებელი აძლიოს, ვიდრე იგი მონასტრები თავის ჭეშმარიტს პატრონს უკუ დაუბრუნდება განსაგებელად და მოსავლელად. დღეს ეს ფრიად საყურადღებო საქმე ამ მდგომარეობაში და ამ გზაზეა. ჩვენის ფიქრით, ამ თხოვნას დიდი სამართალი და ცხადი საბუთი მიუძღვის და არა გვგონია მთავრობამ უყურადღებოდ დასტოვოს და თვისი ძლიერი შემწეობა და მფარველობა არ გაუწიოს მთხოვნელთა. სასურველია, რომ ეს ჩვენი იმედი არ გამტყუვნდეს.

Recent Posts

See All
მაჰმადიანთ გაქრისტიანება

1880 შემოგვიერთდნენ თუ არა ბათომის მაზრის მაჰმადიან ქართველები, ზოგიერთებმა იმთავითვე ქადაგება და დამტკიცება დაიწყეს, რომ ყველაზე...

 
 
bottom of page